თავი მეშვიდე - უმაღლესი სამება
თავი მეშვიდე - უმაღლესი სამება
1. გავეცანით რა პირველი სამი ღვთაებრივი ემანაციის განვითარების მიმოხილვას, ახლა შეგვიძლია უფრო ღრმა წარმოდგენა შევიქმნათ მათ ბუნებასა და მნიშვნელობაზე, რადგანაც შეგვიძლია მათი შესწავლა ერთმანეთთან ურთიერთკავშირში. ეს სეფიროტების შესწავლის ერთადერთი საშუალებაა, რადგანაც ცალკე აღებული სეფირა, არც ისე მდიდარია შინაარსით. სიცოცხლის ხე არსობრივად წარმოადგენს დამოკიდებულებების, აქცენტებისა და ანარეკლების სქემას (დიაგრამა 2)
2. რაბინების წიგნებში სეფიროტები აღინიშნება მრავალი უცნაური სახელით, რომელთა მეშვეობითაც ბევრი რამის წვდომაა შესაძლებელი. რამდენადაც ყოველი სახელი მსგავს წიგნებში დიდ მნიშვნელობას ატარებს, არცერთი არაა შემთხვევით, ან პოეტური ხატოვნებისთვის გამოყენებული; ყოველი მათგანი ზუსტად ისევე ზუსტნი არიან, როგორც მეცნიერული ტერმინები.
3. სიტყვა კეტერის მნიშვნელობას, როგორც უკვე ავღნიშნეთ, გვირგვინი წარმოადგენს. ხოქმა ნიშნავს სიბრძნეს, ხოლო ბინა - გაგებას (understanding). მაგრამ ამ ორ უკანასკნელ სეფიროტთან დაკავშირებულია უცნაური და იდუმალი მესამე სეფიროტი, რომელიც არასოდეს ჩნდება ხის გლიფზე. ესაა უჩინარი სეფიროტი - დაათი, ცოდნა. ქროული ამბობს, რომ დაათი სხვა განზომილებაში იმყოფება სხვა დანარჩენ სეფიროტებთან მიმართებაში, და წარმოქმნის პირამიდის მწვერვალს, რომელშიც კეტერი, ხოქმა და ბინა ძირის კუთხეებია. მე ვთვლი, რომ დაათი რეალიზაციისა და ცნობიერების იდეას წარმოადგენს.
4. ახლა კი შევუდგეთ უმაღლესი სამეულის განხილვას მისტიური კაბალას მეთოდით, რაც გულისხმობს გონების ავსებას შესატყვისობებით და სიმბოლოებით, რომლებიც შესაბამისობებს მიესადაგება, ასევე გონებისთვის მათზე მედიტაციის საშუალების მიცემას.
5. ჩვენ დავინახავთ, რომ ეს სამი სეფიროტი და მათთან დაკავშირებული მეოთხე, იყენებენ თავთან დაკავშირებულ სიმბოლიზმს, რომელიც არქეტიპულ ადამიანში ცნობიერების უმაღლეს დონეს წარმოადგენს. როდესაც რაბინთა წიგნებში სხვა სახელებს ვეძებთ, რომელთა გამოყენებაც განხილვად სეფიროტებთან მიმართებაში შეგვიძლია, აღმოვაჩენთ თავთან კიდევ უფრო მეტად დაკავშირებულ სიმბოლიზმს, რომელიც კეტერს შეესაბამება; მასში შეგვიძლია ჩავრთოთ ორი სხვა უმაღლესი სეფიროტიც, როგორც კეტერის ასპექტები შედარებით დაბალ პლანზე.
6. რაბინები კეტერს სხვა მრავალ სახელთან ერთად არქმევენ სახელებს: არიკ, ანპინ, დიდი სახე, თეთრი თავი, უჩინარი თავი. ქროულის თანახმად კეტერის მაგიურ სიმბოლოს მხცოვანი წვეროსანი მეფის პროფილი წარმოადგენს. მაზერსი ამბობს: „დიდი სახის სიმბოლოს პროფილი წარმოადგენს, ანუ სახის ერთი მხარე, ან როგორც კაბალაში ამბობენ, „მასში ყველაფერი - მარჯვენა მხარეა"“. მარცხენა მხარე გამოუვლენელის სფეროში იმყოფება, ჩვენთვის იგი მთვარის ბნელი მხარის ანალოგიურია.
7. მაგრამ, კეტერი პირველ რიგში გვირგვინია. გვირგვინი არ არის თავი, მაგრამ მასზე იმყოფება. ამიტომ კეტერი ვერ იქნება ცნობიერება, არამედ საწყისი მასალაა ცნობიერებისთვის, როდესაც მას მიკროკოსმოსულ ასპექტში განვიხილავთ, და საწყისი მასალაა მთელი ყოფიერისთვის, როცა მას მაკროკოსმოსულ ასპექტში განვიხილავთ. ამიტომ გამოიყენება ხის აღწერის ორმაგი საშუალება. როგორც უკვე ავღნიშნეთ, იგი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც სამყარო, და როგორც ადამიანის სული. ეს ორი ასპექტი ურთიერთშემავსებელია და ერთმანეთს უფრო მეტ ნათელს ჰფენს. როგორც ჰერმესის ზურმუხტის ფილაზე წერია: „რაც ზემოთაა, მსგავსია იმისა, რაც ქვემოთაა“.
8. სანამ ჩვენს აღქმაში გამოჩნდება, კეტერი ხოქმად და ბინად იყოფა; ეს ორი სახელი დარქმეულია კაბალისტების მიერ აბას - უმაღლესი მამის და ამას - უმაღლესი დედის შესაბამისად. ბინას ასევე ეწოდება დიდი ზღვა, შაბათჰაი, სატურნის სფერო. შემდგომში დავინახავთ, რომ სეფიროტებს თანმიმდევრულად მიეკუთვნება პლანეტათა სფეროების სახელები, და ბინა პირველი ემანაციაა, რომელსაც მსგავსი სახელი მიენიჭა. კეტერს პირველადი ტურბულენტობა ეწოდება, ხოლო ხოქმას - ზოდიაქოს სფერო.
9. შემდეგ, სატურნი ღმერთების მამაა. იგი - უდიდესია უძველეს ღმერთებს შორის, იუპიტერის მორჩილი ოლიმპიელების წინამორბედი. ტაროს კარტების საიდუმლო სახელებში, სატურნის გზა, ქროულის თანახმად, ატარებს სახელწოდებას - "უდიადესი, ღამის განმავლობაში".
10. კეტერი იყოფა აქტიურ მამაკაცურ პოტენციად, ხოქმად, და პასიურ ქალურ პოტენციად, ბინად, რომლებიც გვერდითი სვეტების მწვერვალებში არიან განლაგებულნი. მარცხენა სვეტს, თავისი სეფიროტებიანად, რომელიც ბინას ქვეშაა განლაგებული, სიმკაცრე/სიმძიმე ეწოდება (გებურა); მარჯვენას, ხოქმას ქვეშ - წყალობა (ხესედი). შუა სვეტს, რომელიც კეტერის ქვეშაა, წონასწორობა/ჰარმონია ეწოდება (ტიფარეტი). ორი გვერდითი სვეტი წარმოადგენს კოლონებს, რომლებიც განლაგებულია მეფე სოლომონის ტაძრის შესასვლელში. ისინი მისტერიების ყველა ლოჟაში, ან საიდუმლო რიტუალებში ფიგურირებენ, ამასთან თავად კანდიდატი, რომელიც რიტუალის დროს სვეტებს შორის დგას, განასახიერებს შუა სვეტს - წონასწორობის კოლონას.
11. აქ ჩვენ ვაწყდებით მადამ ბლავატსკაიას მიერ წამოყენებულ იდეას იმის შესახებ, რომ შეუძლებელია გამოვლინება ურთიერთ-საწინააღმდეგო წყვილებად დაყოფის გარეშე. კეტერი იყოფა თავის ორ ასპექტად, ხოქმად და ბინად, და ჩნდება მანიფესტაცია. ახლა უჩინარი თავისგან, მამისგან და დედისგან შემდგარ ამ უმაღლეს სამკუთხედში ჩვენ ვხედავთ კოსმოგონიის ნათელ კონსტრუქციას. ჩვენ მას კვლავ და კვლავ დავუბრუნდებით, სხვადასხვა ასპექტში განვიხილავთ და უფრო მეტ წვდომას მივაღწევთ ყოველი ამ დაბრუნების შემდეგ. პირველ თავებში, გასაგები მიზეზების გამო, არ ვცდილობ გარკვეული საკითხების ამომწურავად განხილვას, რამეთუ მოსწავლეს, რომელიც ამ საგანს არ იცნობს (და ძალიან ცოტაა ისეთი, ვისაც მასზე წარმოდგენა აქვს), ჯერ არ მოუპოვებია აუცილებელი გონებრივი ატრიბუტების ნაკრები, რომელიც საშუალებას მისცემს, შეაფასოს მისი უფრო დაწვრილებითი შესწავლის მთელი მნიშვნელობა. ამ მომენტში ჩვენ ვცდილობთ, ასე ვთქვათ, შევაგროვოთ აუცილებელი ავეჯი; თანდათან მათ სახლში განვალაგებთ და დაწვრილებით შევისწავლით თითოეულ მათგანს.
12. ბინა, უმაღლესი დედა (განსხვავებით მალხუთისგან, უმდაბლესი დედისგან, მიკროპროზოპის პატარძლისგან, ბუნების იზიდასგან, მეათე სეფირასგან), ორასპექტიანია, და ეს ასპექტები განისაზღვრება, როგორც, ამა - ბნელი უნაყოფო დედა, და აიმა - ნათელი ნაყოფიერი დედა. ჩვენ უკვე ავღნიშნეთ, რომ მას ასევე ეწოდება დიდი ზღვა, მარა. იგი აღნიშნავს არა მხოლოდ სიმწარეს, არამედ გვევლინება სიტყვა „მარია“-ს ფუძედაც, და აქ კვლავ ვხვდებით დედის იდეას - თავდაპირველად ქალწულის, შემდეგ კი ბავშვით სულიწმინდასგან.
13. ბინას ზღვასთან შედარება გვახსენებს იმას, რომ პირველად სიცოცხლე წყალში გაჩნდა; წყლიდან გაჩნდა ვენერაც, ქალის არქეტიპი. სატურნი პირველ-საწყის ეპოქასთან ასოცირდება: „მანამ, სანამ ღმერთებმა, რომლებმაც ღმერთები შექმნეს, მანამდე კარგად დალიეს... ხეობის მოქუფრულ სიჩუმეში იჯდა ჭაღარა სატურნი, უძრავი, როგორც ქვა“. მაქს ჰეენდელი ფორმათა მბრძანებელს ევოლუციის ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ ფაზას მიაწერს. ჩემს ბიბლიოთეკაში არის მისი შთამაგონებელი ნაშრომი - „კოსმიური დოქტრინა“, რომელშიც ფორმის მბრძანებლები განიხილებიან, როგორც გეოლოგიის კანონები.
14. თუ კვლავ დავაკვირდებით ხის გვერდითა სვეტებს, დავინახავთ ხოქმას და ბინას, როგორც ძალას და ფორმას, გამოვლინების ორ პირველად ერთეულს.
15. ახლა უსარგებლო იქნებოდა ამ სიმბოლოების უსასრულო გაშლა, რადგანაც ასეთი განხილვა ჩვენს მიერ განხილვადი სამი სეფიროტის სფეროს მიღმა გაგვიყვანს. ამიტომ განვაგრძოთ გაცნობა იდუმალ დაათთან, რომელიც ხეზე არასოდეს ჩნდება, არანაირი ღვთაება ან ანგელოზური არსება არ გააჩნია და არაა აღნიშნული პლანეტის ან ელემენტის კოსმიური ან მიწიერი სიმბოლოთი, განსხვავებით ხის ყველა სხვა შემადგენელი ნაწილისგან.
16. როგორც უკვე აღინიშნა, დაათი ხოქმასა და ბინას გაერთიანებით იქმნება. უმაღლესი მამა, აბა, ქორწინდება უმაღლეს დედაზე, ამაზე, რის შედეგადაც ჩნდება დაათი. სიტყვა დაათი კაბალისტებმა დაარქვეს საგანთა უცნაურ რიგს, რომელთა განხილვასაც კიდევ დავუბრუნდებით.
17. „საიდუმლო მისტერიების წიგნის“ 38-ე ლექსში (თარგმნილია მაზერსის მიერ კრონ ფონ როზენროტის ლათინური თარგმანიდან) ნათქვამია: „მამა და დედა სამუდამოდ არიან შეერთებულნი იესოდში, საფუძველში (მეცხრე სეფირა), მაგრამ მოცულნი არიან დაათის, ანუ ცოდნის საიდუმლოთი“. შემდეგ მე-40 ლექსში დაათზე ვკითხულობთ: „ადამიანი, რომელიც განაცხადებს: „მე - უფლისა ვარ“, დაეცემა... იოდი (Yod) (ივრითული ანბანის მეათე ასო) წარმოადგენს მამის ცოდნის საფუძველს: მაგრამ ყველა საგანს ბიოდო (BYODO) ეწოდება, ანუ ყველა საგანი განეკუთვნება ასო იოდს, რომელზეც აქაა საუბარი. ყველა საგანი თანხმდება ენაში , რომელიც დედაშია დაფარული. ამგვარად, დაათის მეშვეობით სიბრძნე გაგებასთან ერთიანდება, ხოლო მშვენიერების გზა (ტიფარეტი, მეექვსე სეფირა) - მის პატარძალთან, დედოფალთან (მალხუთი, მეათე სეფირა); აი, ის დაფარული იდეა, ანუ სული, რომელიც მთელს ემანაციას განმსჭვალავს. დაათი ისედაც წარმოადგენს მშვენიერ გზას, და გარდა ამისა, ეს ის გზაა, რომელზეც საუბრობდა მოსე; და ეს გზა დაფარულია დედაში და წარმოადგენს შუას მათ შეერთებაში“. თუკი შევნიშნავთ, რომ იოდი ლინგამის იდენტურია ინდუიზმში, და რომ კეტერი, დაათი და ტიფარეტი, მეექვსე სეფირა ერთ ხაზზე იმყოფებიან ხის შუა სვეტზე, რომელიც ადამიანის, ანუ მიკროკოსმოსის ხერხემალს შეესაბამება, რომ კუნდალინი ჩახვეულია იესოდში, რომელიც ასევე შუა სვეტზეა განლაგებული, ჩვენ დავინახავთ, რომ აქ მნიშვნელოვანი გასაღებია მათთვის, ვისაც მისი გამოყენება შეუძლია.
18. დიად წმინდა კრებულში, ლექსში 566 (მაზერსის თარგმანი) ჩვენ ვკითხულობთ მიკროპროზოპის (ბერძ. Microprosopos შემოქმედის „პატარა სახე“) თავის შესახებ, რომლის სხეულიც კოსმოსის გლიფის სახით განიხილება: «მესამე სათავსოდან მომდინარეობს ათასჯერ ათასი საიდუმლო ყრილობები და შეკრებები, სადაც იმყოფება დაათი, ცოდნა. და ამ სათავსოს სიცარიელე იმყოფება ორ სხვა სათავსოს შორის; და ყველა ეს საგანძური ყველა მხრიდან სავსეა; ესაა ის, რაც სოლომონის იგავებში წერია: „და აღვავსებ მე მათ სათავსოებს ცოდნით (დაათი)“. და ეს სამი მთელს სხეულზე ვრცელდება, ყველა მხრიდან მოიცავს მას, და მთელი სხეული მათით მოცული და განმსჭვალული ხდება».
19. თუკი გავიხსენებთ, რომ დაათი განლაგებულია იმ წერტილში, სადაც უფსკრული ორად იყოფა შუა სვეტით, და რომ ზემოთკენ, შუა სვეტის გავლით ისრის გზა გადის, გზა, რომლითაც ცნობიერება მოძრაობს, მაშინ ფსიქიკა (ანუ ადამიანი, რომელიც საკუთარ ფსიქიკურ ან ოკულტურ შესაძლებლობებს ანვითარებს) გარკვეულ დონეებზე მაღლდება, ასევე თუ გავიხსენებთ იმას, რომ აქ იმყოფება კუნდალინი, მაშინ დავინახავთ, რომ დაათი წარმოადგენს როგორც გენერაციის, ასევე რეგენერაციის სექტორს, გასაღებს ყველა საგნის გამოვლენისთვის - ურთიერთსაწინააღმდეგო წყვილებად დაყოფის და მათი მესამეში გაერთიანების გზით.
20. აი, ამგვარად უხსნის ხე თავის საიდუმლოებებს კაბალისტს.
21. მეორე სამკუთხედი სიცოცხლის ხეზე ფორმირებულია სეფიროტების: ხესედის, გებურას და ტიფარეტის მიერ. სეფირა ხესედი წარმოიქმნება ბინას გადავსების შედეგად და განლაგებულია წყალობის მარჯვენა სვეტში, უშუალოდ ხოქმას ქვეშ. ელვის კვალი, რომელიც ხეზე ემანაციების მიმართულებას აღნიშნავს, მიდის მარცხნიდან მარჯვნივ, ბინასგან - სიმკაცრის სვეტის მწვერვალისგან ხესედამდე - წყალობის სვეტის შუა ნაწილამდე. შემდეგ ეს კვალი ბრუნდება და მიდის უკან და ჰორიზონტალურად - სიმკაცრის სვეტისკენ, რომლის შუა ნაწილშიც იმყოფება გებურა. შემდეგ ემანაციური ძალის ეს სიმბოლო ეშვება სეფირ ტიფერეტისკენ, რომელიც ხის შუა-ცენტრშია ჰარმონიის ანუ წონასწორობის სვეტში. ეს სამი სეფიროტი მესამე ფუნქციურ სამკუთხედს ქმნის, რომლებიც აუცილებლად უნდა განვიხილოთ. თუმცა არ ვაპირებ ძალიან ღრმად შევიდე ამ სეფიროტების სიმბოლიზმში მანამ, სანამ მთლიანობაში არ ავღწერ სისტემის სქემას, მაგრამ მაინც საჭიროა გარკვეული ინფორმაცია, რომელიც წარმოდგენას მოგვცემს მათ მნიშვნელობებზე, რომლის საფუძველზეც ისინი განეკუთვნებიან შემოთავაზებული კონცეფციის გარკვეულ განყოფილებას. ეს კონცეფცია იმდენად ფართოა და დეტალთა იმდენად დიდ რაოდენობას შეიცავს, რომ მისი ამომწურავად გადმოცემის მცდელობა მარცხისთვისაა განწირული. მისი მნიშვნელობა მოსწავლეს მხოლოდ თანდათანობით ეხსნება, ერთი ასპექტის მეორით შევსების პროცესში. ხესთან მუშაობის ჩემი მეთოდი შესაძლოა არ იყოს იდეალური სისტემური აზროვნების თვალსაზრისით, მაგრამ ეს ჩემი აზრით სწორედ ისაა, რაც დამწყებებს მოცემული საგნის „დაუფლებაში“ დაეხმარებათ. სწორედ ამ ხეზე მოვიპოვე ჩემი მისტიური გამოცდილება, და აი, ვცხოვრობ, წინ მივიწევ და ვარსებობ ამასთან ერთად უკვე მრავალი წელია. შედეგად საკმაოდ კომპეტენტურად ვთვლი თავს, რათა მის შესახებ პრაქტიკული მისტიციზმის თვალსაზრისით ვისაუბრო, რადგანაც ჩემი საკუთარი გამოცდილებით ვიცი კაბალისტური სისტემის ათვისების სირთულეები, სისტემის, რომელიც რთული, აბსტრაქტული და ფართეა, მაგრამ სრულიად დამაკმაყოფილებელ შედეგებს იძლევა, თუკი მას დავეუფლებით.
22. სანამ მეორე სამკუთხედს, როგორც ცალკე ერთეულს განვიხილავთ, ჯერ მათი შემადგენელი სეფიროტების მნიშვნელობები უნდა გავიგოთ. ხესედი ნიშნავს წყალობას, ან სიყვარულს; მას ასევე ეწოდება გედულა, სიდიადე ან ბრწყინვალება, და მას შეესაბამება პლანეტა იუპიტერის სფერო. გებურა ნიშნავს ძალას; მას ასევე უწოდებენ პეხადს, შიშს: მას შეესაბამება პლანეტა მარსის სფერო. სეფირა ტიფარეტი აღნიშნავს სილამაზესა და ჰარმონიას და შეესაბამება მზის სფერო. თუკი სხვადასხვა წარმართული პანთეონის ღმერთების სახელებს ხის სეფირების დასახელებებთან დავაკავშირებთ, შეგვიძლია აღმოვაჩინოთ, რომ მსხვერპლად შეწირული ღმერთები უცვლელად განეკუთვნებიან ტიფარეტს, ამიტომ მას ქრისტიანულ კაბალაში ქრისტეს ცენტრი ეწოდება.
23. ახლა უკვე საკმარისი მასალა გვაქვს მეორე სამკუთხედის განხილვისთვის. იუპიტერს, მოწყალე მმართველს და კანონმდებელს, უპირისპირდება მარსი-მეომარი, მრისხანე და დამანგრეველი ძალა, და ორივე წონასწორდება ტიფარეტში, გამომხსნელში. უმაღლეს სამებაში ჩვენ ვხედავთ პირველ სეფიროტ კეტერს, რომელიც ემანირდება ურთიერთსაწინააღმდეგო წყვილად, რომელიც მისი ბუნების ორ მხარეს გამოხატავს, ხოქმად - ძალად და ბინად - ფორმად, მამაკაცურ და ქალურ სეფიროტებად. მეორე სამკუთხედშიც ასევე არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო წყვილი, რომელიც ხის შუა სვეტში განლაგებული სეფიროტით (ტიფარეტით) წონასწორდება. აქედან კარგად ჩანს, რომ პირველი სამკუთხედის მნიშვნელობა მის შემდეგ მდგომით განისაზღვრება, ხოლო მეორის მნიშვნელობა პირიქით - პირველით, რომელიც მას საწყისს აძლევს. პირველ სამკუთხედში წარმოდგენილია სამყაროს სუბსტანციის შემოქმედებითი ძალები. მეორეში - სიცოცხლის განვითარების წარმმართველი ძალები. ხესედში წარმოდგენილია ბრძენი და კეთილი მეფე, თავისი ხალხის მამა, რომელიც ზრუნავს თავის სამეფოზე, ანვითარებს მრეწველობას, განათლებას და მოაქვს ცივილიზაციის სიკეთეები. გებურაში წარმოდგენილია მეფე-მეომარი, რომელსაც თავისი ხალხი ბრძოლაში მიჰყავს, მტრებისგან დამცველი, რომელიც სამფლობელოების საზღვრებს დაპყრობების გზით აფართოებს, ბოროტებას სჯის და ბოროტმოქმედებს ანადგურებს. ტიფარეტი წარმოადგენს მხსნელს, რომელიც ჯვარზე სწირავს საკუთარ თავს თავისი ხალხის სახსნელად და ამით გებურა ჰარმონიაში მოჰყავს გედულასთან, ანუ ხესედთან. ესაა ყველა გულმოწყალე მზიური ღმერთის და მკურნალი ღმერთების სფერო. ამგვარად, ჩვენ ვხედავთ, რომ გედულას გულმოწყალება და გებურას სისასტიკე ურთიერთ-კავშირში შედიან ნაციის განკურნების მიზნით.
24. ტიფარეტის ქვემოთ გადაჭიმულია გზა, ტაძრის საბურველი, რომელიც ხეს გადაკვეთს, ანალოგი ქვედა სფეროზე იმ უფსკრულისა, რომელიც უმაღლეს სამებას ხის დანარჩენი ნაწილისგან გამოყოფს. მსგავსად უფსკრულისა, ეს საბურველიც ასახავს უფსკრულს ცნობიერებაში. აზროვნების მეთოდი ამ უფსკრულის ერთი მხრიდან ხარისხობრივად განსხვავდება აზროვნების მეთოდისგან, რომელიც უფსკრულის მეორე მხარეზე ჭარბობს. ტიფარეტი წარმოადგენს უმაღლეს სფეროს, რომლამდეც შეუძლია მიაღწიოს ნორმალურ ცნობიერებას. როდესაც ფილიპემ უთხრა უფალს: „გვაჩვენე მამა“, იესომ უპასუხა: „ვინც მე მიხილა, მამაც იხილა“. ყველაფერი, რაც ადამიანურ გონს შეუძლია, რომ იცოდეს კეტერზე, წარმოადგენს ანარეკლს ტიფარეტში, ქრისტეს ცენტრში, ძის სფეროში. ტიფარეტის ქვეშ გავლებული გზა წარმოადგენს ტაძრის საბურველს, რომელიც შუაზე გაიგლიჯა ქრისტეს ჯვარცმისას.
25. ახლა ჩვენს მოკლე წინასწარ მიმოხილვაში მივუახლოვდით მესამე სამკუთხედს, რომელსაც ქმნიან სეფიროტები: ნეცახი, ჰოდი და იესოდი. ნეცახი წყალობის სვეტის ფუძეში იმყოფება, ჰოდი - სიმკაცრის სვეტის ფუძეში, და იესოდი - ჰარმონიის, წონასწორობის შუა სვეტზე - კეტერისა და ტიფარეტის გასწვრივ. ამგვარად, მესამე სამკუთხედი მეორეს ზუსტი ასლია უფრო დაბალ დონეზე.
26. სიტყვა ნეცახის მნიშვნელობა - გამარჯვებაა. ამ სეფირას პლანეტა ვენერას სფერო შეესაბამება. სიტყვა „ჰოდ“-ის მნიშვნელობა - დიდებაა; ამ სეფირას პლანეტა მერკურის სფერო შეესაბამება. „იესოდი“ ნიშნავს ფორმას, საძირკველს. მას მთვარე შეესაბამება.
27. როდესაც მეორე სამკუთხედს არცთუ უსაფუძვლოდ შეიძლება ეწოდოს ეთიკური, მესამეს თავისუფლად შეიძლება დაერქვას - მაგიური სამკუთხედი. თუკი კეტერს მივაკუთვნებ ერთში სამ სფეროს, განუყოფელ ერთიანობაში, ხოლო ტიფარეტს - მხსნელის ანუ ძის სფეროს, მაშინ შეგვიძლია საფუძვლიანად მივიჩნიოთ იესოდი, როგორც სულიწმინდის, გასხივოსნების სფერო; ქრისტიანული სამების ეს ატრიბუტიკა გაცილებით უფრო თვალსაჩინოა ხეზე, ვიდრე ქრისტიანული სამების უმაღლეს სამებასთან შედარება, როდესაც ძე აღმოჩნდება აბას - მამის ადგილას, ხოლო სულიწმინდა - ამას, დედის ადგილას, რაც აშკარად შეუთავსებელია და ურიცხვ შეუსაბამობას ჰბადებს შესატყვისობებსა და სიმბოლოებში. ამაში ჩვენ ვხედავთ ხის, როგორც ხედვის ჯვარედინი შემოწმების ან მედიტაციის ღირებულების მტკიცებულებას. სიმბოლოების სწორი შესაბამისობა ხის სიმბოლიზმის მრავალ განშტოებაში ლაგდება, ჩვენ ეს დავინახეთ ბინას, როგორც დედის განხილვაში; არაკორექტული სიმბოლიკა მარცხს განიცდის და უცნაურ ასოციაციებამდე მივყავართ შესაბამისობების ჯაჭვის დანახვის მცდელობისას. საოცარია, სწორი შეთანხმების შემთხვევაში რა დონეზე სწორად შეიძლება მივყვეთ შესაბამისობების ჯაჭვის განშტოებებს. ადვილად წარმოსადგენია, რომ მხოლოდ ჩვენი ცოდნის მოცულობა ზღუდავს ლოგიკურად ურთიერთდაკავშირებულ ჯაჭვთა სიგრძეს; მათ შეუძლიათ გაფართოვდნენ და წავიდნენ მეცნიერების, ხელოვნების, მათემატიკის, ისტორიის სფეროებში, ეთიკაში, ფსიქოლოგიასა და ფიზიოლოგიაში. ეს გონების გამოყენების სწორედ ის სპეციალური მეთოდია, რომელმაც საშუალება მისცა ძველ ხალხს, რომ მიეღოთ ისეთი პირველადი ბუნებრივ-მეცნიერული ცოდნა, რომლის დასამტკიცებლადაც მოგვიწია ზუსტი ინსტრუმენტების გამოგონებას დავლოდებოდით. ჩვენ ვღებულობთ ამ მეთოდის გასაღებს სიზმრების ანალიზისას, ანალიტიკური ფსიქოლოგიის მეშვეობით. იგი შეიძლება ავღწეროთ, როგორც სიმბოლოებით მანიპულირების, ქვეცნობიერის უნარის გამოყენება. აი, სასწავლო ექსპერიმენტი: მისცეთ გონებას აბსტრაქტული სიმბოლოების გარკვეული რაოდენობა და დააკვირდეთ, როგორ განლაგდებიან ისინი ხეზე მედიტაციის პროცესში, შემდეგ კი დაუბრუნდეთ ცნობიერებას ასოციაციების გრძელი ჯაჭვების სახით, მსგავსად იმისა, როგორც ეს სიზმრების ანალიზის დროს ხდება.
28. ნეცახი წარმოაადგენს ბუნების ქალღმერთის, ვენერას სფეროს. ჰოდი წარმოადგენს მერკურის სფეროს, რომელიც ეგვიპტური თოთის, ცოდნისა და სწავლების მეუფის ბერძნული ანალოგია. ვაკვირდებით რა მათ ურთიერთდაპირისპირებას, ჩვენ ვეძებთ მათში წარმოდგენილ ორ ასპექტს და შემდეგ მათ გაწონასწორებას მესამე სფეროში, იესოდში, მთვარის სფეროში ვპოულობთ. ახლა ჩვენ ვხედავთ სამკუთხედს, რომელიც შედგენილია ბუნების ქალღმერთის, ცოდნის მეუფისა და ჯადოქრობის მბრძანებლის მიერ; სხვა სიტყვებით, ქვეცნობიერი და ზეცნობიერი ანიმიზმში ერთიანდებიან.
29. ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც პრაქტიკულ მისტიციზმს იცნობს, იცის, რომ არსებობს ზე-ცნობიერების სამი გზა - რელიგიური მისტიციზმი, რომელიც შეესაბამება ტიფარეტს, დიონისური ტიპის ბუნებრივი თრობის ბუნებრივი მისტიციზმი, რომელიც ვენერას სფეროს, სეფირა ნეცახს შეესაბამება, და ოკულტური ტიპის ინტელექტუალური მისტიციზმი, რომელიც ჰოდს - თოთის, მაგიის მეუფის სფეროს, შეესაბამება. ტიფარეტი, როგორც შეგვიძლია დავინახოთ, თუკი ხის სქემას შევხედავთ, მიეკუთვნება უფრო მაღალ სფეროს, ვიდრე მესამე სამკუთხედის ნებისმიერი წევრი; იესოდი, მეორეს მხრივ, ძალიან ახლოსაა დედამიწის სფეროსთან.
30. იესოდს მიეკუთვნება ყველა ღვთაება, რომელთა სიმბოლიზმშიც მთვარე შედის: თავად მთვარე, ჰეკატე, რომელიც შავ მაგიას ფლობს, და დიანა, შვილოსნობის მფარველი ფიზიკური მთვარე, იესოდი ასიას სამყაროში, როგორც კაბალისტები იტყოდნენ, 28 დღე-ღამისგან შემდგარი თავისი ციკლით ქალის რეპროდუქციულ ციკლს შეესაბამება. თუ დავაკვირდებით სიმბოლოებს სხვადასხვა პანთეონებში, შეგვიძლია აღმოვაჩინოთ, რომ მთვარესთან დაკავშირებული ღვთაებები ძირითადად მდედრობითი სქესისანი არიან. აღსანიშნავია ისიც, რომ იესოდი სულიწმინდას შეესაბამება, მაკ-გრეგორ მაზერსის თანახმად კი სულიწმინდა მდედრობითი საწყისის ძალაა. იგი წერს: („მხილებული კაბალა“, გვ. 22): „ჩვეულებრივ ჩვენ გვეუბნებიან, რომ სულიწმინდა მამრობითი სქესისაა. მაგრამ სიტყვა რუახ, სული, - მდედრობითი სქესისაა, როგორც „სეფერ იეცირას“ შემდეგი მონაკვეთიდან ჩანს, „ახატ (მდედრობითი სქესის, და არა ახად - მამრობითის), რუახ ელოჰიმ ხიიმ: ეს ერთიანი არსება იგია (მდედრ), სიცოცხლის ელოჰიმის სული“. როდესაც შუა სვეტს ცნობიერების დონეებთან მიმართებაში განვიხილავთ, მოცემული თვალსაზრისის კიდევ ერთ დადასტურებას ვიპოვნით.
31. დასასრულს განვიხილოთ სეფირა მალხუთი, დედამიწის სამეფო. ეს სეფირა სხვებისგან რამდენიმე ასპექტით განსხვავდება. პირველ რიგში, იგი არ წარმოადგენს რომელიმე გაწონასწორებული სამკუთხედის ნაწილს, მაგრამ ამბობენ, რომ იგი წარმოადგენს ყველა დანარჩენი სეფიროტის ზეგავლენის მემკვიდრეს. მეორეც - ეს დაცემული სეფირაა, რამეთუ მოწყვეტილია ხის დანარჩენი ნაწილებისგან ცოდვით-დაცემით, და დახვეული დრაკონის რგოლები გარსების სამყაროდან აღიმართებიან, გაუწონასწორებელი ძალების სამეფოდან, რითაც და-ძმებისგან გამოყოფს მას. დედოფლის, მიკროპროზოპის (მალხუთის) მხრებს უკან გველი თავის თავს სწევს, და ამბობენ, რომ ეს ყველაზე სასტიკი განაჩენების გამოტანის ადგილია. მალხუთის სფერო ესაზღვრება ამობრუნებული სეფიროტების, ქლიფოტის, ანუ ბოროტების დემონების ჯოჯოხეთს. სწორედ ამ ცის თაღის მეშვეობით გამოყო ზეციურმა ელოჰიმმა ბინას მაღალი წყლები ლევიათანის დაბალი წყლებისგან.
32. ქლიფოტის არსი უფრო დაწვრილებით იქნება განხილული შესაბამის თავში, მაგრამ მალხუთის აღწერისთვის საჭიროა, რომ კიდევ ერთი საკითხი დავამატოთ, რაც განმარტებას უფრო გასაგებს გახდის.
33. ქლიფოტი (მხოლობითი რიცხვი - ქლიფა, ურცხვი ქალი, ანუ მეძავი) – ესენია ბოროტების სეფიროტები, რომელთაგანაც ყოველი წარმოადგენს გაუწონასწორებელი ძალების ემანაციას, რომელიც ხეზე მათ შესაბამის სეფიროტებს შეესაბამება. ეს ემანაციები ევოლუციის კრიტიკულ პერიოდებში ჩნდებიან, როცა სეფიროტები გაუწონასწორებელია. ამის გამო მათ გაუწონასწორებელი ძალის მეფეებს უწოდებენ, ედომის მეფეებს, „რომლებიც ისრაელში მეფის გამოჩენამდე მეფობდნენ“, როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, ასევე „სიფრა ძენიუტა“ (Siphrah Dzenioutha), „საიდუმლო მისტერიის წიგნში“ (მაზერსის თარგმანი): „რამეთუ მანამ, სანამ წონასწორობა დადგებოდა, სახეები ვეღარ ჭვრეტდნენ სახეებს, და ძველი დროის მეფეები დაიღუპნენ, და მათი გვირგვინები გაქრა; და მიწა უდაბურ იქმნა“.
34. ამით ვასრულებთ სიცოცხლის ხის შესავალ მიმოხილვას და მასზე ცხრა სეფიროტის განლაგების განხილვას. ჩვენ მივიღეთ მათთან დაკავშირებული ზოგიერთი მნიშვნელოვანი გზამკვლევი ძაფი, და რამდენიმე ზოგადი მითითება იმის თაობაზე, თუ როგორ მუშაობს გონება, როდესაც ამ კოსმიურ სიმბოლოებს მედიტაციისთვის იყენებს. შესაბამისად, ახლა შეგვიძლია ყოველი ახალი ინფორმაციის ულუფა ჩვენს სქემაზე შესაბამის ადგილს მივაკუთვნოთ; ჩვენ ვაგებთ სურათ-გამოცანას და ვიცით მისი ზოგადი კონტურები. სხვათაშორის, ქროულიმ სიცოცხლის ხე ინდექსირებული ჩანაწერების კარტოთეკას შეადარა, რომელშიც ყოველი სიმბოლო კონვერტს წარმოადგენს. ამ შედარების გაუმჯობესება რთულია. შემდგომი შესწავლის პროცესში ჩვენ დავიწყებთ ამ კარტოთეკის ყუთების შევსებას და ვიპოვით მათი შემადგენელის ინდექსებს, რის საშუალებასაც მოგვცემს ერთი და იგივე სიმბოლოს სხვადასხვა შესატყვისობებში განხილვა.