თავი მეთხუთმეტე - კეტერი; პირველი სეფირა

კეტერი - პირველი სეფირა

სახელწოდება: კეტერი, გვირგვინი. (ებრაული დასახელება: კაფ, ტაუ, რეშ).

მაგიური ხატ-სახე: პროფილით მომზირალი ანტიკური წვეროსანი მეფე.

განლაგება სიცოცხლის ხეზე: წონასწორობის სვეტის უმაღლეს წერტილში; უმაღლესი სამების ცენტრში.

"სეფერ იეცირას" ტექსტი: პირველ ბილიკს ეწოდება პატივცემული და დაფარული ინტელექტი, რადგან იგია სინათლე, რომელიც პირველადი პრინციპის გააზრების ძალას იძლევა. ამ პრინციპს დასაბამი არ გააჩნია. ესაა პირველყოფილი დიდებულება, რამეთუ არც ერთ განსხეულებულ ქმნილებას არ ძალუძს მასთან მიახლოება.

აღწერილობითი დასახელებები: არსთა არსი. დაფარულთა დაფარული. პირველყოფილთა პირველყოფილი. შეუცნობელთა შეუცნობელი. ძველთაძველი. წერტილი წრეში. უზენაესი. თეთრი თავი. თავი, რომელიც არ არის. ამინ. ლუქს ოკულტა. ლუქს ინტერნა. ჰე.

ღმერთის სახელი: ეჰეიეჰ. (მე ვარ, რომელიცა ვარ).

მთავარანგელოზი: მეტატრონი.

ანგელოზთა დასი: წმინდა ცოცხალი არსებები. ჩაიოთ ჰა ქადეშ.

სამყაროსეული ჩაკრა: რაშით ჰა გილგალიმი. პრიმუმ მობილე. პირველადი მორევები.

სულიერი გამოცდილება: ღმერთთან ერთობა. განღმრთოება.

სათნოება: დიადი სამუშაოს დასრულება.

მანკიერება: არ გააჩნია.

შესაბამისობა მიკროკოსმოსში: ჩონჩხი. ღვთაებრივი ნაპერწკალი. ათასფურცლოვანი ლოტოსი.

სიმბოლოები: წერტილი. გვირგვინი. სვასტიკა.

ტაროს სუიტი: ოთხი ტუზი.

კვერთხების ტუზი - ცეცხლის ძალაუფლების ფესვი. ახალი წამოწყება. კარგი ამბები. შემოქმედებითი პოტენციალი. გამოწვევის მიღება. ნიჭი. მოგზაურობა. გართობა. ნაყოფიერება. ახალი სიცოცხლე.

თასების ტუზი - წყლის ძალაუფლების ფესვი. ახალი ურთიერთობა. ახალი რომანი/სიყვარული. ბედნიერება. ფეხმძიმობა. დღესასწაული. სოციალიზაცია.

ხმლების ტუზი - ჰაერის ძალაუფლების ფესვი. ახალი იდეა. ახალი გეგმები. ინტელექტუალური გამჭრიახობა. ცხადად აზროვნება. კონცენტრაციის უნარი. სიმართლის გაცნობიერება. სამართლიანობა. თავდაჯერებულობა. სწორი გადაწყვეტილების მიღება.

პენტაკლების ტუზი - მიწის ძალაუფლების ფესვი. ახალი ფინანსური წამოწყება. ახალი ბიზნესი. ფინანსები. ინვესტიცია. მანიფესტაცია. კეთილდღეობა. სტაბილურობა. უსაფრთხოება. სიუხვე.

ფერი აზილუთში: ბრწყინვალება. ბრილიანტისფერი.

ბრიაჰში: სპეტაკი თეთრი.

იეცირაში: სპეტაკი თეთრი.

ასიაში: თეთრი. ბრჭყვიალა ოქროსფერი.

I

1. სეფირა კეტერი, გვირგვინი, მდებარეობს წონასწორობის სვეტის სათავეში და იგი უკუღმაა დაკიდებული ყოფიერების ნეგატიურ ფარდებზე. მე უკვე ვისაუბრე ნეგატიური ასპექტების შესახებ, ამიტომ აღარ განვმეორდები; უბრალოდ მკითხველს შევახსენებ, რომ კეტერი წარმოადგენს პირველადი მანიფესტაციის კრისტალიზაციას, რომელიც მანამდე გამოვლენილი არ ყოფილა, ამიტომ, გამოუვლენელი ჩვენთვის სრულიად უცნობია. ჩვენ არაფერი ვიცით იმ ფესვის შესახებ, საიდანაც კეტერი ვლინდება. ჩვენი განვითარების ამჟამინდელ ეტაპზე იგი გაგების მხრივ აბსოლუტურად ამოუცნობია, მაგრამ მთლიანად შეუცნობელიც არ არის. ოკულტური განვითარების უმაღლეს საფეხურზე მყოფ მაგს შეუძლია შეესაბამებოდეს კეტერის ხედვას. ჩემი საკუთარი გამოცდილებით განხორციელებული ოპერაციის, "სფეროთა ამაღლების" მეშვეობით - რომელიც წონასწორობის სვეტზე ცნობიერების ამაღლებას ემსახურება - როდესაც კეტერს შევეხე, ჩემს წინაშე გამოჩნდა დამაბრმავებელი თეთრი სინათლე, რომელშიც ყოველი ფიქრი და აზრი მომენტალურად, აბსოლუტურად გაქრა.

2. კეტერში არ არსებობს ფორმა, არამედ მხოლოდ წმინდა არსება, როგორიც არ უნდა იყოს იგი. მანიფესტირებულ სამყაროში, კეტერიდან ორი ურთიერთსაპირისპირო წყვილი წარმოიქმნება, მაგრამ, უშუალოდ კეტერში არავითარი დაყოფა არ არსებობს; ასეთ დროს, გამოსავლენი ქმნილება უბრალოდ უნდა დაელოდოს მანიფესტაციას, სანამ ხოქმაში და ბინაში ემანირდება.

3. მაშასადამე, კეტერი არის ის ერთადერთი, რომელიც მანამდე არსებობდა, სანამ რაიმე სახის მანიფესტაცია აისახებოდა სამყაროში. უნდა გვჯეროდეს, რომ კეტერი ყოველი მანიფესტაციის კანონებს მიღმა იმყოფება და არსებობს აბსოლუტურად განცალკევებულად, ყოველგვარი რეაქციის გარეშე. მაგრამ, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც კეტერზე ვსაუბრობთ, კონკრეტულ პიროვნებას კი არ ვგულისხმობთ, არამედ ყოფიერების მდგომარეობას; ამ ყოფიერების მდგომარეობაში ყველაფერი სრულიად ინერტულია; ესაა წმინდა არსება ნებისმიერი აქტივობის გარეშე, სანამ იგი არ მოვა მოქმედებაში, რაც შედეგად სეფირა ხოქმაში ემანირდება.

4. ადამიანურმა გონებამ, ფორმისა და მოქმედების გარდა სხვა არსებობის მდგომარეობა არ იცის; სწორედ ამიტომ, პასიურ მდგომარეობაში ყოვლად უფორმო მდგომარეობიდან რაიმე ადეკვატური კონცეფციის მოპოვება ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ამ კონცეფციის გასაგებად ჩვენი ძალისხმევა მაინც უნდა მივმართოთ, თუკი გვსურს რომ კოსმიური ფილოსოფია მის საფუძვლებში გავიგოთ. ჩვენ არ უნდა დავხატოთ ნეგატიური ყოფიერების ფარდები კეტერის წინაშე და არც საკუთარი თავი უნდა დავგმოთ, ჩვენში არსებული მუდმივი და გადაუჭრელი დუალიზმის გამო. ღმერთი და ეშმაკი სამარადჟამოდ იომებენ კოსმოსში; მათი კონფლიქტი არასოდეს დასრულდება. ჩვენ უნდა გავავარჯიშოთ საკუთარი გონება, რათა წარმოვიდგინოთ წმინდა ყოფიერების მდგომარეობა, ყოველგვარი ატრიბუტებისა და აქტივობების გარეშე; შეგვიძლია წარმოვიდგინოთ თეთრი, დამაბრმავებელი შუქი, რომელსაც სხივები და პრიზმა არ გააჩნია; ან შეგვიძლია წარმოვიდგინოთ სიბნელე ვარსკვლავთშორის სივრცეში, რომელიც არაფერია, და ამავდროულად ყველაფრის შესაძლებლობას შეიცავს. ეს არის ორი სიმბოლო, რომელსაც შინაგანი თვალი უნდა მივაპყროთ; ამგვარი მიდგომა ბევრად უფრო შედეგიანია კეტერის გასაგებად, ვიდრე კეტერის ნებისმიერი ფილოსოფიური განსაზღვრება. ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ კეტერს; ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მივუთითოთ მის არსებობაზე.

5. არაჩვეულებრივი შესაბამისობებისა და მითითებების აღმოჩენა, - როდესაც გონება ერთი კონცეფციიდან მეორე კონცეფციაზე გადადის, - მუდმივი სიურპრიზისა და ილუმინაციის წყაროს წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ პირველ სეფირას ჰქვია გვირგვინი და არა თავი. გვირგვინი არის რაღაც, რაც თავზე მაღლა დგას; იგი გვაძლევს ნათელ მინიშნებას, რომ კეტერი არის მთელი ჩვენი კოსმოსი, მაგრამ ამავდროულად კეტერი კოსმოსის შიგნით არ იმყოფება. შესაბამისობათა ნაკრებში აღმოვაჩინეთ მისი მიკროკოსმოსური კავშირი ათასფურცლოვან ლოტოსთან, იგივე საჰრასრარა ჩაკრასთან, რომელიც ადამიანურ აურაში, უშუალოდ თავის ზემოთ მდებარეობს. ვფიქრობ, ასეთი შესაბამისობა ნათლად გვასწავლის, რომ ნებისმიერი გამოვლინების სულიერი არსი, - იქნება ეს ადამიანი თუ მთლიანად სამყარო - არასოდეს აისახება უშუალო მანიფესტაციაში, არამედ იგი ფარდებს მიღმა მდგომ საფუძველს წარმოადგენს; ეს არის ფესვი, საიდანაც ყველა წყარო, ყოველი განზომილება და არსება იფურჩქნება. კეტერი, ყოფიერების განსხვავებული არსებობის კონცეფიცას წარმოადგენს, რომელიც ფუნდამენტური წერტილია ეზოთერული ფილოსოფიისათვის და მოცემული ასპექტი ყოველთვის უნდა ახსოვდეს მაგს, რომელიც უხილავ სამყაროებზე საუბრობს ან პრაქტიკულ ოკულტისტს, რომელიც რიტუალურ სამუშაოებს ატარებს.

6. ვედურ ფილოსოფიაში კეტერი უდაოდ გაიგივებულია პარაბრაჰმანთან, ხოქმა ასახავს ბრაჰმანს, ხოლო ბინა - მულაპრაკრიტს. სხვა მნიშვნელოვან სისტემებში კეტერი შეესაბამება ძირითად კონცეფციას, რომელიც აღიარებულია როგორც ღმერთების მამა. თუ მათთვის სამყარო სივრცეში წარმოიქმნა, კეტერი ცის ღმერთი იქნება. თუ სამყარო წყალში წარმოიქმნა, კეტერი პირველყოფილი ოკეანე იქნება. ყოველთვის და ყველგან, კეტერს ვპოულობთ უფორმობისა და უდროობის შეგრძნებით. კეტერის ღმერთები საშინელი და შემზარავი ღმერთები არიან, რომლებიც საკუთარ შვილებს ჭამენ, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ კეტერი ყოველი ქმნილების მშობელია, იგი ხელახლა შთანთქავს მთელს სამყაროს, როდესაც ევოლუციის პროცესი სრულდება.

7. კეტერი არის უფსკრული, საიდანაც ყველაფერი წარმოიქმნება და საბოლოოდ ისევ უკანვე უბრუნდება, ეპოქის დასასრულს. მაშასადამე, კეტერთან დაკავშირებულ ეგზოთერულ (და არა ეზოთერულ) მითებში ჩვენ მის კონცეფციას ვპოულობთ, როგორც რაღაც არარსებულს. ეზოთერულ ცნებებში ვგებულობთ, რომ მსგავსი კონცეფცია არასწორია. კეტერი ყოფიერების ყველაზე ინტენსიური ფორმაა, იგია წმინდა არსება, რომელსაც შეუზღუდავი ფორმა და რეაქცია გააჩნია; მაგრამ, ეს იმისგან ძალიან განსხვავებული ყოფიერების მდგომარეობაა, ვიდრე ჩვენ აღვიქვამთ, და შესაბამისად, იგი უბრალოდ გვეჩვენება როგორც არარაობა; კეტერი არ შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და ყოფიერების არსებობისადმი იმდაგვარ დამოკიდებულებასა და ფიქრს, როგორსაც ჩვენი გონებაა მიჩვეული. ყოფიერების სხვადასხვა რეჟიმების არსებობის განხილვისას, ეს კონცეფცია ყოველთვის ნაგულისხმევად უნდა ჩავთვალოთ ჩვენს ფილოსოფიაში, რადგან იგი კეტერის გასაღებია, ხოლო კეტერი სიცოცხლის ხის გასაღებია.

8. "სეფერ იეცირაში" კეტერისადმი მიძღვნილი აღწერილობა, ისევე როგორც "იეცირას" ნებისმიერი წინადადება, დაფარულ მნიშვნელობას ატარებს. ტექსტში კეტერი მოხსენიებულია, როგორც „დაფარული ინტელექტი“, და მოცემული სახელწოდება დადასტურებულია კეტერისადმი მინიჭებულ რამდენიმე სხვა სათაურში, - კაბალისტური ლიტერატურის სხვა შრომებიდან. ტექსტებში ნახსენებია, რომ კეტერი არის დაფარულთა დაფარული, შეუცნიბელი სიმაღლე, თავი, რომელიც არ არის. აქ კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ გვირგვინი, ღვთიური ადამიანის, ადამ კადმონის თავზე დგას. სწორედ იგი დგას მანიფესტაციის უკან და არ "შეიწოვება" მასში, არამედ უფრო მეტად ავლენს და აპროექტებს სამყაროს. როგორც ჩვენ გამოვხატავთ საკუთარ თავს ჩვენს მიერ შექმნილ ნამუშევრებში, ასევე კეტერიც გამოხატავს საკუთარ თავს სხვადასხვა გამოვლინებებში. ადამიანის ნამუშევარი არ წარმოადგენს მის პიროვნებას; შემოქმედება პიროვნების ბუნებრივი აქტივობის გამოხატულებაა. იგივე ითქმის კეტერზეც; იგი არ არის გამოვლენილი სამყარო, მაგრამ ყოველი გამოვლინების მიზეზს წარმოადგენს.

II

9. აქამდე ჩვენ კეტერს განვიხილავდით აზილუთში, ანუ მის პირველად და უმთავრეს ასპექტში. ახლა, კეტერი კაბალისტების მიერ დაყოფილ სამ დანარჩენ სამყაროშიც უნდა განვიხილოთ.

10. თითოეულ სამეფოსა და სფეროს საკუთარი პირველადი ფორმა გააჩნია. მაგალითად, მატერია უპირველეს ყოვლისა ელექტრულია, რომელიც ეზოთერიკოსთა მიერ ეთერული ქვესიბრტყის სახით გამოიხატება; ეს სიბრტყე ოთხივე ელემენტალური სფეროს, ცეცხლის, ჰაერის, წყლის და მიწის ელემენტების უკან მდებარეობს. სხვა სიტყვებით, მკვრივი მატერიის ოთხი მდგომარეობაა: მყარი, აირისებრი, თხევადი და ეთერული.

11. კაბალისტები თვლიან, რომ სიცოცხლის ხე აზილუთში არსებობს, როგორც წმინდა სული; ბრიაჰში როგორც არქეტიპული გონება; იეცირაში როგორც ასტრალური სურათი-ცნობიერება; ხოლო ასიაში, როგორც მატერიალური სამყარო, მთელი თავისი მკვრივი და დახვეწილი ასპექტებით. თითოეულ სეფირაში არსებული ძალების მოქმედებები კაბალისტურ სამყაროებში ღვთაებრივი ზედამხედველობის სახელით ან ძალაუფლების სიტყვებით არის წარმოდგენილი; ეს სიტყვები ოკულტურ სფეროებში პრაქტიკული ოპერაციების გასაღებებს იძლევა. ღმერთის სახელი სეფირას მოქმედებას აზილუთის სამყაროში ასახავს; როდესაც ოკულტისტი სეფირას ძალებს ღმერთის სახელით მოუწოდებს, ეს ნიშნავს, რომ მას სურს დაუკავშირდეს სეფიროტის ყველაზე აბსტრაქტულ არსს, სულიერი პრინციპის იმ წახნაგს, რომელიც მანიფესტაციის კონკრეტული მონაკვეთის გამოვლინების მიზეზია. თეთრი ოკულტიზმის მაქსიმუმს, ყოველი ოპერაციისას იმ სეფირას ღმერთის სახელის გამოხმობა წარმოადგენს, რომელშიც რიტუალი ხორციელდება. ეს უზრუნველყოფს, რომ ოპერაცია კოსმიურ კანონებთან ჰარმონიაში ჩატარდეს. ბუნებრივი ძალების ბალანსის მნიშვნელობა, არასოდეს არის გადაჭარბებული. მაგის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, რომ ოპერაცია კოსმიურ კანონებთან შესაბამისობაში განახორციელოს; სწორედ ამიტომ, მან უნდა ეძებოს სულიერი პრინციპის გაგება ყველა პრობლემაში და ისინი აუცილებლად უნდა გადაჭრას. აუცილებელია, რომ ყოველი ოპერაცია გაერთიანდეს და გადაწყდეს ეჰეიეჰში, რომელიც აზილუთის სამყაროში კეტერის ღმერთის სახელია.

12. ეჰეიეჰის სახელის ქვეშ ღვთაების ინვოკაცია, ყოველგვარი მაგიური სამუშაოს ძირითად ფორმულას წარმოადგენს. ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც გონება გამსჭვალულია ამ უსასრულო და უცვლელი არსების რეალიზებით; ასეთი რეალიზაციის დროს ჩვენ შეგვიძლია გავაცნობიეროთ მისი უსაზღვრო ძალა. ნებისმიერი სხვა წყაროდან მიღებული ენერგია გარკვეულწილად შეზღუდულია და მთლიანი ენერგიის მხოლოდ ნაწილობრივ ასპექტს ასახავს. მხოლოდ კეტერში არსებობს წმინდა ენერგიის უსასრულო და ამოუწურავი მარაგი. მაგის ოპერაციები, რომლებიც მიზნად ენერგიის კონცენტრაციას ისახავს, (და ყველა სხვა დანარჩენი ოპერაციებიც), ყოველთვის უნდა დაიწყოს კეტერიდან, რადგან ჩვენ აქ ვეხებით დიადი არამანიფესტირებულის უმაღლეს ძალას, რომელიც ძალაუფლების უსაზღვრო რეზერვუარია. სწორედ კეტერია, საიდანაც ყოფიერების ნეგატიური ფარდების მიღმიდან ყოველივე ვლინდება. როდესაც ძალას ბუნების რომელიმე სპეციალიზებული სფეროდან ვღებულობთ, ეს ნიშნავს, რომ ვძარცვავთ პეტრეს, რათა პავლეს გადავუხადოთ. ძალა, რომელიც საიდანღაც მოდის და შემდგომ სადღაც მიდის, მხოლოდ საბოლოო გაანგარიშებისას უნდა იქნეს აღრიცხული. სწორედ ამ მიზეზით ითვლებოდა, რომ მაგი ტანჯვით იხდიდა იმას, რასაც მაგიურად მოიპოვებდა. ეს განცხადება ჭეშმარიტია, როდესაც ოპერაცია შესრულებულია ბუნების რომელიმე ქვედა სფეროში; მაგრამ თუ ოპერაცია აზილუთის კეტერიდან იწყება, იგი არამანიფესტირებულ ძალას მანიფესტაციაში გამოავლენს; ასეთ დროს სამყაროში შემოდის რესურსები და პირობები, რომლებიც სხვადასხვა ძალებს წონასწორობაში ამყოფებს; ამავდროულად, მაგიური ძალის გამოყენებისათვის არ არსებობს ტანჯვისა და გამოსყიდვის საჭიროება.

13. ეს არის უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე წერტილი. ადეპტებს ასწავლიან, რომ უმაღლეს სამებასთან, კეტერთან, ხოქმასთან და ბინასთან მუშაობა პრაქტიკული მუშაობის ფარგლებს იქამდე სცილდება, სანამ ინკარნაციაში ვიმყოფებით. მართალია, ისინი ძალიან სცილდებიან ტვინის ცნობიერების დიაპაზონს, მაგრამ ნებისმიერი მაგიური გამოთვლისათვის არსებით საფუძველს წარმოადგენენ; თუ ჩვენ არ ვმუშაობთ ამის საფუძველზე, ეს ნიშნავს, რომ არ გაგვაჩნია კოსმიური საძირკველი, არამედ მოქცეულნი ვართ სამოთხისა და დედამიწის შუაში და ვერ ვპოულობთ უსაფრთხოებასა და მოსასვენებელ ადგილს.

14. დიდი განსხვავება ქრისტიანულ მეცნიერებასა და ახალი აზროვნების უხეშ ფორმებს შორის არის ის, რომ ქრისტიანული მეცნიერება ყოველ მოქმედებას ღვთაებრივ სიცოცხლეში იწყებს. რაც უნდა ირაციონალური იყოს მისი ფილოსოფიის სისტემის მცდელობა, მეთოდები მაინც ემპირიულად ჟღერს. ოკულტისტი და განსაკუთრებით ცერემონიული მაგიის პრაქტიკოსი, თუ საკუთარ დისციპლინაში ინსტრუქციათა ნაკრებს არ იყენებს, მიდრეკილი იქნება ოპერაციები შესრულდეს ყოველგვარი კანონისა და სულიერი პრინციპის დაცვის გარეშე; შესაბამისად, ასტრალური გამოსახულებები, რომელთაც ადეპტი აყალიბებს, ჰგავს ღვთაებრივი ადამიანის უცხო სხეულებს, ან მაკროკოსმოსს, და ბუნების ძალებს, რომლებიც სპონტანურად მიემართებიან უცხო ნივთიერებათა აღმოფხვრისაკენ და წონასწორობის აღდგენისაკენ. ბუნება ებრძვის მაგს, როგორც კბილი - კბილის წილ; შესაბამისად, ის, ვინც არაწმინდა მაგიას მიმართავს, არასოდეს უნდა დადოს თავისი მახვილი, არამედ გამუდმებით თავდაცვით მდგომარეიბაში უნდა იმყოფებოდეს, რათა შეინარჩუნოს ის, რაც მან მოიგო. მაგრამ, ადეპტი, რომელიც მოღვაწეობას აზილუთის კეტერში იწყებს, მუშაობს პირველად სულიერ პრინციპთან, რომელიც ყოველგვარი ფორმის გამოხატვამდე არსებული სიბრტყეა; განდობილი იყენებს არამანიფესტირებულ ძალას იმ მიზნით, რათა ოპერაცია კოსმიური პროცესის ნაწილად იქცეს, ანუ ბუნება მის გვერდით იმყოფებოდეს და არა მის წინააღმდეგ.

15. ჩვენ არ გვაქვს იმის იმედი, რომ კეტერის ბუნებას აზილუთში გავიგებთ, მაგრამ შეგვიძლია ჩვენივე ცნობიერება მის გავლენას გავუხსნათ; კეტერის გავლენა უძლიერესია, და უცნაურ შეგრძნებას იძლევა, რომელსაც მარადისობისა და უკვდავების განცდით აღვიქვამთ. უნდა ვიცოდეთ, რომ ეჰეიეჰის ინვოკაცია წარმატებით განხორციელდა მაშინ, როდესაც აბსოლუტური დარწმუნებულობით გავაცნობიერებთ ყველა სიბრტყის განუყოფელობასა და უმნიშვნელობას და ერთი ცხოვრების უზენაეს მნიშვნელობას, რომელშიც ყოველი ფორმა ისე ყალიბდება, როგორც თიხა ოსტატის ხელებში.

16. კეტერზე მედიტაცია გვაძლევს ინტუიციურ გაცნობიერებას, რომ ოპერაციის შესრულებას მნიშვნელობა არ აქვს. "დაე, ჭუჭყმა ითამაშოს ჭუჭყთან, თუ ეს ჭუჭყს სიამოვნებს". როგორც კი ეს რეალიზაცია მიღწეულია, ჩვენ უკვე ვბატონიბთ ასტრალურ ხატ-სახეებზე; შეგვიძლია ისინი იმად გადავაქციოთ, რადაც გვსურს. ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ადეპტს სრულებით არ აინტერესებს ოპერაციის შედეგი მატერიალურ სფეროში; ასეთ დროს პრაქტიკოსი ასტრალურ გამოსახულებებზე სრულყოფილ ბატონობას აღწევს. ადეპტს მხოლოდ ძალების დამუშავება და მათი მანიფესტაციაში გამოვლინება აინტერესებს; მაგრამ მას არ აინტერესებს რა ფორმა შეიძლება მიიღონ ძალებმა საბოლოოდ, - ამის გადაწყვეტას იგი თავად ძალებს უტოვებს. ისინი იმგვარ ფორმებს მიიღებენ, რომლებიც საკუთარ ბუნებასთან შესაბამისობაში მოდიან. ეს არის ყველა მაგიური მოქმედების ნამდვილი გასაღები; შესაძლოა ჩვენ არ მოვარგოთ სამყარო პირად ახირებებს, მაგრამ მსგავსი ასპექტები მხოლოდ მაგიური მუშაობისას ბალანსირდება, როდესაც განვითარებადი ცხოვრების ვრცელ სპექტრში ვმუშაობთ, საკუთარი არსების სისრულეში მოყვანის მიზნით, - როგორიც არ უნდა იყოს ეს გამოცდილება ან გამოვლინება, რომელიც შეგვხვდება. "ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ", (იოანე 10:10) ამბობს ჩვენი უფალი და იგია ჭეშმარიტი მაგის სიტყვები. სიცოცხლე და მხოლოდ სიცოცხლეა ამ სიტყვის რეალიზაცია და არა მისი ერთი რომელიმე გამოვლინება, როგორიცაა სიბრძნე, ძალა და არც სიყვარული.

17. მათ, ვინც ყურადღებით ადევნებდა წინა პუნქტებში მოყვანილ ინფორმაციას, შეუძლიათ გარკვეული მნიშვნელობა გამოიტანონ კეტერისადმი მიძღვნილი "იეცირას" ტექსტიდან. "დაფარული ინტელექტი" გადმოსცემს მინიშნებას კეტერის არამანიფესტირებული ბუნების შესახებ, რომელსაც ადასტურებს კიდევ ერთი განცხადება - "არც ერთ განსხეულებულ ქმნილებას არ ძალუძს მასთან მიახლოება"; ანუ, არც ერთი ქმნილება, რომელიც ცნობიერების მექანიზმს იყენებს ან მანიფესტირებული ფორმა გააჩნია, კეტერამდე ვერ მიაღწევს. თუმცა, როდესაც ცნობიერება იქამდე მაღლდება, სადაც აზროვნების ფუნქციას სცდება, იგი "პირველყოფილი დიდებულებიდან" პირველადი პრინციპის გააზრების ძალას ღებულობს. სხვა სიტყვებით: "რადგანაც ახლა ბუნდოვნად ვხედავთ, როგორც სარკეში, მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ; ახლა ნაწილობრივ ვიცი, ხოლო მაშინ შევიცნობ, როგორც თავად შევიმეცნები". (კორინთელთა 13:12).

III

18. ეჰეიეჰ - მე ვარ, რომელიცა ვარ - წმინდა ქმნილება, არის ღმერთის სახელი კეტერში. მისი მაგიური ხატ-სახე წარმოადგენს პროფილით მომზირალ ატიკურ წვეროსან მეფეს. ზოჰარი ამ ანტიკურ წვეროსან მეფეზე ამბობს, რომ იგი ყოველმხრივია; ჩვენ ვერ ვხედავთ წვეროსან მეფეს სრული სახით, იგი პროფილში იყურება, ამიტომ მხოლოდ ნაწილობრივ აღვიქვამთ. ეს ნიშნავს, რომ არსებობს ასპექტები, რომლებიც ჩვენგან დაფარულად უნდა დარჩეს, როგორც მთვარის ბნელი მხარე. სწორედ კეტერის დაფარული მხარეა ის არამანიფესტირებული, რომელზეც ვსაუბრობთ. მის გასაგებად ხელს გვიშლის ჩვენი მანიფესტირებული ცნობიერება, და ამის გამო, კეტერის დაფარული მხარე ჩვენთვის ყოველთვის დალუქულ წიგნად დარჩება; შეგვიძლია მივიღოთ მოცემული შეზღუდვა და დავაკვირდეთ წვეროსანი მეფის იმ ასპექტს, რომელიც ხილულია; იგი მთელს მანიფესტირებულ სამყაროს წარმოადგენს.

19. ეს მეფე უძველესია, პირველყოფილთა პირველყოფილია, რადგან იგი ყოველივეს დასაწყისია. იგი მეფეა, რადგან ყველაფერს მართავს თავისი უზენაესი და უდავო ნების მიხედვით. მეფე წვერებით იმიტომ გამოისახება, რომ რაბინების ცნობისმოყვარე სიმბოლიზმში, წვერში არსებული ყოველი თმა საკუთარ მნიშვნელობას ატარებს.

20. კეტერის ძალის გამოვლინებას ბრიაჰში, არქეტიპული გონების სამყაროში, განასახიერებს მთავარანგელოზი მეტატრონი, სახეთა პრინცი, რომელიც მოსეს მასწავლებელი გახლდათ. "სეფერ იეცირა" მეათე ბილიკის, მალქუთის შესახებ ამბობს: "გავლენა ხორციელდება სახეთა პრინცის მეშვეობით, რომელიც კეტერის მთავარანგელოზია. იგია სამყაროს ყოველი მნათობი და მასხივებელი სინათლე". ამ განცხადებით ჩვენ ვგებულობთ, რომ სული არა მხოლოდ მატერიაში ვლინდება, არამედ მატერიაც საკუთარი ენერგიით მიმართულია სულისკენ, რაც მნიშვნელოვანი წერტილია პრაქტიკული მაგიისათვის. ოკულტისტი გამართლებულია საკუთარ საქმიანობაში; ადამიანს არ მოეთხოვება, რომ დაელოდოს უფლის სიტყვას, რადგან მას შეუძლია მოუწოდოს ღმერთს და ღმერთმა მოუსმინოს ადამიანს.

21. კეტერის ანგელოზები - რომლებიც იეცირაში მოქმედებენ - არიან წმინდა ცოცხალი არსებები, ჩაიოთ ჰა ქადეშ. ეს არსება დეტალურად აღწერილია ეზეკიელ წინასწარმეტყველის ხილვაში. ის ფაქტი, რომ ტაროს ოთხი ტუზი კეტერთან ასოცირდება, რომელიც დედამიწაზე არსებული ოთხი ელემენტის განსახიერებაა, კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ ასოციაციას. კეტერი შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც ელემენტების შადრევანი. მოცემული კონცეფცია ნათელს ჰფენს ბევრ ოკულტურ და მეტაფიზიკურ სირთულეებს, რომლებიც მაშინათვე გამოჩნდებიან, თუ საკუთარ თვალსაწიერს ელემენტების ასტრალურ სამყაროში მოქმედებით შევზღუდავთ; ტრანსცენდენტური აზროვნების ზოგიერთ სკოლას მიაჩნდა, რომ ელემენტალური არსებები ეშმაკეულებზე ცოტათი უკეთესები იყვნენ.

22. ანგელოზებთან, არქონებთან და ელემენტალებთან დაკავშირებული საკითხები ძალიან შემაწუხებელი და ძალიან მნიშვნელოვანია ოკულტიზმში, რადგან პრაქტიკულ მაგიაში მათი გამოყენება მყისიერად ხდება. ქრისტიანულ აზროვნებას, ძალისხმევის მეშვეობით შეუძლია მიიღოს იდეა მთავარანგელოზების შესახებ, მაგრამ მსახური სულები, მაცნეები, იგივე ცეცხლის ალები და ზეციერი მშენებლები, მისთვის სრულიად უცხო ხილს წარმოადგენენ. ღმერთმა სრულიად მარტომ და მყისიერად შექმნა ცა და დედამიწა; იგია სამყაროს უდიდესი არქიტექტორი. ეზოთერულ მეცნიერებაში, ყველაფერი მთავარანგელოზებითა და ღმერთებით არ შემოიფარგლება. ინიცირებული ეცნობა სულიერ არსებათა ლეგიონებს, რომლებიც ღვთის ნების აღმასრულებლებად და შემოქმედებითი აქტივობის მექანიზმებად გვევლინებიან. ყოველი მათგანი მმართველი მთავარანგელოზის გავლენით მოქმედებს. მთავარანგელოზზე გავლენის მოხდენა, მაგალითად, მასზე შელოცვა შეუძლებელია, რაც არ უნდა ძლიერი იყოს ეს შელოცვა. როდესაც კონკრეტული სფეროს ფარგლებში ვმუშაობთ, მთავარანგელოზი თავისი მისიის შესასრულებლად ჩვენი გავლით მოქმედებს. მაშასადამე, მაგის ხელოვნება მდგომარეობს საკუთარი თავის კოსმიური ძალით აღგზნებაში, რათა შესასრულებელი ოპერაცია კოსმიური აქტივობის მუშაობის ნაწილად განხორციელდეს. თუ განდობილი ჭეშმარიტად განწმენდილი და თავდადებულია, ეს ყოველ ქმედებაში აისახება. თუ განდობილი არ არის განწმენდილი და თავდადებული, მას არ ეწოდება განდობილი, და მისი სიტყვა არ არის ძალაუფლების სიტყვა.

23. აღსანიშნავად საინტერესოა, რომ ასიას სამყაროში კეტერის სფეროს ტიტული არის რაშით ჰა გილგალიმი, პირველადი მორევები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რაბინებმა "ნისლეულის თეორიის" შესახებ იქამდე იცოდნენ, სანამ ტელესკოპს გამოიგონებდნენ. ძველმა რაბინებმა, კოსმოგონიის ძირითადი ფაქტები წმინდა ინტუიციური საშუალბებით და შესაბამისობათა სპექტრის ერთმანეთთან დაკავშირებით აღმოაჩინეს. ეს ხდებოდა ზუსტი ინსტრუმენტების გამოგონებამდე საუკუნეებით ადრე, რამაც თავისთავად გამოიწვია ინსტრუმენტების დახვეწა; ხოლო თანამედრივე ადამიანმა იგივე აღმოჩენებს სხვა კუთხით და სხვა ინტრუმენტების გამოყენებით მიაგნო, რაც მუდმივი გაოცების საგანია ყველასთვის, ვინც მიუკერძოებლად მოხეტიალობს ტრადიციულ ფილოსოფიაში.

24. რაც ზემოთ, ის ქვემოთ. მიკროკოსმოსი შეესაბამება მაკროკოსმოსს, ამიტომ, ჩვენ უნდა ვიპოვოთ კეტერი ადამიანზე, რომელიც წმინდა თეთრი ბრწყინვალებით ანათებს ზეციერი ადამიანის, ადამ კადმონის თავზე. რაბინები მას ღვთაებრივ ნაპერწკალს, ეგვიპტელები საბს, ხოლო ინდუსები ათასფურცლოვან ლოტოსს უწოდებენ. ყველა ამ სახელწოდების ქვეშ გვაქვს ერთი და იგივე იდეა-ბირთვი.

25. ნათქვამია, რომ ინკარნაციაში ყოფნისას, აზილუთის კეტერამდე ცნობიერების ამაღლებას ვერ შევძლებთ და ფიზიკურ სხეულს ხელშეუხებლად ვერ შევინარჩუნებთ. ენოქი, რომელიც ღმერთამდე მივიდა, უეცრად გაქრა. კეტერის აღქმა ადამიანისთვის იქამდეა გამრუდებული, სანამ ინკარნაციას აქვს ადგილი. ის, თუ რატომ ხდება ასე, ადვილად გასაგებია, როდესაც გაგვახსენდება, რომ ცნობიერების რეჟიმი თავისთავად ვერ განვითარდება ადამიანში, მიზანმიმართული ძალისხმევის გარეშე, ისევე როგორც მუსიკა ვერ აღძრავს ვერანაირ შეგრძნებას, თუ მასთან ერთად გულიც არ მღერის. როდესაც ვცდილობთ საკუთარ თავში ისეთი ყოფიერების მდგომარეობის აღმოჩენას, რომელსაც არც ფორმა გააჩნია და არც ქმედება, მაშინ ჩვენ თავად უნდა განვთავისუფლდეთ ფორმისა და აქტივობებისაგან. თუ ამას მოვახერხებთ, ცნობიერების რეჟიმი დაიშლება და საკუთარ ელემენტებს დაუბრუნდება. ცნობიერების დაშლის შემდეგ, მისი ხელახლა აღდგენა და დაბრუნება შეუძლებელია. ამიტომ, ის, ვინც აზილუთის კეტერამდე მიაღწევს, მზად უნდა იყოს აბსოლუტურ სინათლეში შესასვლელად, რომლიდანაც უკან აღარ დაბრუნდება.

26. ეს არ ნიშნავს, რომ ნირვანა არის განადგურება, როგორც აღმოსავლური ფილოსოფიის უმეცარი გადმოცემები ასწავლიდა ევროპულ აზროვნებას; თუმცა, იგი ყოფიერებისა და განზომილების აბსოლუტურ ცვლილებას გულისხმობს. როგორ ვიქნებით როცა საკუთარ თავს წმინდა ცოცხალი არსებების დონემდე ავიყვანთ? ჩვენ ეს არ ვიცით და არც არავინ დაბრუნებულა ჩვენთვის ამის სათქმელად, ვინც აზილუთის კეტერამდე ავიდა. ტრადიცია ამტკიცებს, რომ ადამიანურ რასაში არსებობენ ადამიანები, რომელთაც ამ საფეხურამდე ასვლა შეძლეს და ისინი ძლიერ არიან დაინტერესებულნი კაცობრიობის ევოლუციით; ისინი იმ "სუპერადამიანების" პროტოტიპები არიან, რომლებიც ყველა ტრადიციაში გვხვდება; ეს ტრადიციები უკანასკნელ წლებში ძალიან გაუფასურდა დაკნინებული ფსევდოოკულტური სწავლებების გამო. როგორიც არ უნდა იყვნენ ასეთი არსებები, ჩვენ შეგვიძლია იმის თქმა, რომ მათ არც ასტრალური ფორმა და არც ადამიანური ინდივიდუალობა არ გააჩნიათ, არამედ არიან როგორც ცეცხლის ალები, რომელიც თავად ღმერთია.

27. სულიერი გამოცდილება, რომელიც კეტერთან ასოცირდება, არის ღმერთთან ერთობა. ეს არის მთელი მისტიკური გამოცდილების დასასრული და მიზანი, ხოლო თუ ჩვენ რაიმე სხვა მიზანს ვეძებთ, ვგავართ ადამიანს, რომელიც სახლის აშენებას ილუზიების სამყაროში ცდილობს. ყველაფერს, რაც ამ მიზნისკენ ხელის შემშლელ ფაქტორს წარმოადგენს, მისტიკოსი ადვილად გრძნობს, იგი ცდილობს იმ ყველაფრის მოშორებას, რაც ცნობიერებას აყალიბებს და იშორებს ყველა სურვილს, გარდა ერთი სურვილისა, რომელიც არის ღმერთთან ერთობა.

28. მაგრამ, ეს არ წარმოადგენს ერთადერთ გამოცდას, რომელსაც მისტიკოსი უნდა შეხვდეს; მისგან მოითხოვება, რომ შეასრულოს ფორმათა სიბრტყის მოთხოვნილებები, სანამ განთავისუფლდება და ყოველგვარი ფორმისგან თავს დააღწევს. არსებობს ე.წ. მარცხენა ხელის ბილიკი, რომელსაც ქლიფოთის კეტერამდე მივყავართ; იგი აბსოლუტური ქაოსის განსახიერებაა. მისტიკოსი, რომელიც ნაადრევად გაუყვება ამ ბილიკს, სინათლის სამეფოს ნაცვლად თავს სწორედ აქ ამოყოფს. ადამიანი, რომელიც ბუნებრივად ეკუთვნის მისტიკურ გზას, ყველაზე დახვეწილ ცდუნებებსაც კი იშორებს ევოლუციის პროცესში; იგი ბრუნდება ფორმათა სამყაროში იქამდე, სანამ ბოლომდე არ შეისწავლის ფორმის გაკვეთილებს. ფორმა არის მატრიცა, რომელშიც ფლუიდ-ცნობიერება სრული დაშლის მომენტის დადგომამდე ნარჩუნდება; იქამდე, სანამ იგი არ გახდება ინდივიდუალობის ბირთვი, რომელიც წმინდა არსების ამორფული ზღვიდან ამოდის. თუკი მატრიცა ძალიან ადრე გატყდება, სანამ ფლუიდ-ცნობიერება ორგანიზებულ სისტემად ჩამოყალიბებას მოასწრებს, ცნობიერება უფორმო მასად იქცევა, როგორც თიხა უბრუნდება ტალახს, როდესაც ყალიბის შეზღუდვისაგან თავისუფლდება. მისტიკოსისთვის, რომელიც ამქვეყნიური უუნარობით და ცნობიერების ფორმის დისოციაციით არის დაკავებული, ყალიბი ძალიან ადრე დაირღვევა და მას აუცილებლად მოუწევს ფორმის სამყაროში დაბრუნება გაკვეთილების ბოლომდე გათავისების მიზნით, სანამ ცნობიერება თანმიმდევრულად არ მიაღწევს განვითარების ბოლო საფეხურს, რომლისთვისაც ხელის შეშლა თვით ნირვანასაც კი არ შეუძლია. თუ მას სურს, დაე დაჩეხოს შეშა და წყალი მიიტანის ტაძარში, მაგრამ თავისი პათოლოგიებითა და უმწიფრობით ნუ შეურაცხყოფს წმინდა ადგილებს.

29. კეტერისთვის მინიჭებული სათნოება არის დიადი სამუშაოს დასრულება. ეს ტერმინი ალქიმიკოსებისგან გვაქვს ნასესხები. დასრულების გარეშე შეუძლებელია რაიმეს მიღწევა და მიღწევის გარეშე შეუძლებელია რაიმეს დასრულება. დაიმახსოვრეთ, კეთილი განზრახვა, კოსმიური სამართლის მასშტაბით უხვად სინათლეს იწონის. სწორედ ჩვენი დასრულებული საქმეებით ვართ ცნობილნი. სრულყოფილ სამართლიანობაში არ არსებობს სხვა წყალობა, გარდა ხელახლა ცდის უფლებისა.

30. კეტერი, ფორმის თვალსაზრისით, დავიწყების/გაუცნობიერებლობის სამეფოს გვირგვინს წარმოადგენს. თუ ჩვენ არ გვექნება წარმოდგენა წმინდა თეთრი სინათლის სიცოცხლის ბუნების შესახებ, ძალიან მცირე სურვილი გვექნება ვისწრაფოდეთ გვირგვინისაკენ, რაც საერთოდ არ არის საკმარისი; ხოლო თუ გაგვაჩნია ამის რეალიზება, მაშინ განვთავისუფლდებით მანიფესტაციის მონობისაგან და შეგვეძლება ვისაუბროთ ყველა ფორმასთან, მაგრამ უკვე ძალაუფლების გადმოსახედიდან.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff