თავი ოცდამესამე - ჰოდი; მერვე სეფირა
სახელწოდება: ჰოდი, დიდება. (ებრაული დასახელება: ჰე, ვაუ, დალეთ).
მაგიური ხატ-სახე: ჰერმაფროდიტი.
განლაგება სიცოცხლის ხეზე: სიმძიმის სვეტის ძირში.
"სეფერ იეცირას" ტექსტი: მერვე ბილიკს უწოდებენ აბსოლუტურ ან სრულყოფილ ინტელექტს, რადგან იგი იმ პირველყოფილისგან მომდინარეობს, რომელსაც ფესვი არ გააჩნია; მერვე ბილიკის არსი გედულას სეფირასაგან ემანირდება.
ღმერთის სახელი: ელოჰიმ ცაბაოთი.
მთავარანგელოზი: მიქაელი.
ანგელოზთა დასი: ბენი-ელოჰიმები, ღმერთების შვილები.
სამყაროსეული ჩაკრა: კოკაბი, მერკური.
სულიერი გამოცდილება: ბრწყინვალების ხილვა.
სათნოება: ჭეშმარიტება.
მანკიერება: უსინდისობა/არაგულწრფელობა.
შესაბამისობა მიკროკოსმოსში: წელი და ფეხები.
სიმბოლოები: ძალაუფლების სიტყვები და წინსაფარი.
ტაროს სუიტი: ოთხი რვიანი.
კვერთხების რვიანი: სწრაფი ქმედება, ნაჩქარევი გადაწყვეტილება, მნიშვნელოვანი ამბები, მგზავრობა, სიჩქარე, მოძრაობა, წინსვლა, პროგრესი, აღელვება, ბოდვა, კომუნიკაცია, სიახლეები, კარგი ამბავი, შემოქმედებითი შთაგონება, პროდუქტიულობა, ახალი მეგობრები, მოულოდნელობა, ვარჯიში.
თასების რვიანი: გეგმის შეცვლა, ძალისხმევის შეჩერება, უარი, უკეთესის ძიება, მიტოვება, გაურკვევლობისგან თავის დაღწევა, გარდამტეხი მომენტი, უკან დახევა, ინტერესის დაკარგვა წარსული სიტუაციის მიმართ, სასოწარკვეთა, დამოკიდებული ურთიერთობის დასასრული, ყურადღების შინაგან სამყაროში გადატანა, ცხოვრებისეული გზის პოვნა, ენერგიაზე ზრუნვა, შიშების დაძლევა, დამოუკიდებელობა, ახალი ურთიერთობის ძიება, წმინდა გრაალის ძიება, დამშვიდობება.
ხმლების რვიანი: მიჯაჭვულობა, გარეგანი სიტუაციის მიერ კონტროლირებადი, შეზღუდვა, იზოლაცია, თვითდაწესებული შეზღუდვები, პატიმრობა, მჩაგვრელი გარემო, სამართლებრივი უფლებამოსილების ნაკლებობა, ალყა, იძულებითი თავშეკავება, მანკიერი წრე, თვითგამორკვევის ნაკლებობა, უცნობი საგნების შიში, ენერგია დათრგუნულია და არ შეუძლია გადაადგილება, ინტელექტუალური პატიმრობა, კომუნიკაციის პრობლემა, იმედგაცრუება, შიშის ხაფანგში ყოფნა, რთულ სიტუაციაში ჩარჩენა, შფოთვა, მძიმე დრო, უბედური შემთხვევები, დაბნეულობა, ყოყმანი, უარყოფითი ემოციები აფერხებს პროდუქტიულობას.
პენტაკლების რვიანი: მაღალკვალიფიციური მუშაკი ან ხელოსანი, დეტალებისადმი ყურადღება, სიამაყე იმით, რასაც აკეთებთ, შეგირდობა, განათლება, ხარისხი, მონაწილეობა, ნიჭი, ხელოსნობა, სწავლა, კვლევა, თვითგანვითარება, ენთუზიაზმი მუშაობისთვის, ახალი სამუშაო, ნიჭის ეფექტურად გამოყენება, კარიერაში ცვლილება ან წინსვლა, თვითდასაქმება, მომავლისთვის მომზადება, დანაზოგი, გონივრული ინვესტიცია, ისწავლეთ ფინანსების მართვა, სიბრძნე, შრომისმოყვარეობა, თავდადება, შეუპოვრობა, რჩევა, უნარისა და ცოდნის სხვებისთვის გადაცემა.
ფერი აზილუთში: იისფერი.
ბრიაჰში: ნარინჯისფერი.
იეცირაში: მოყავისფრო-წითელი.
ასიაში: მოყვითალო შავი, თეთრი ტონებით.
I
1. სამყაროში არსებული ძალაუფლების ორი ფესვი სიცოცხლის ხეზე წარმოდგენილია ხოქმასა და ბინას, ანუ პოზიტიური და ნეგატიური ძალების სახით. კაბალისტიები თვლიან, რომ ყოველი სეფირა რიცხვითი თანმიმდევრობით არის განლაგებული და ორი უმაღლესი სეფირა სიცოცხლის ხის დაბალ შკალაზე დიაგონალურად აისახება.
2. ბინა განასახიერებს ფორმის მომნიჭებელ სეფირას. ხესედი არის კოსმიური ანაბოლიზმი, რომელსაც შემდგომში ბინა ჩამოყალიბებული ერთეულების რთულად ორგანიზებულ ურთიერთობათა სტრუქტურის სახით აყალიბებს; ჰოდი, რომელიც ხესედის ანარეკლია, თავის მხრივ ფორმაციის სვეტზე განლაგების სახით კოაგულაციის პრინციპს სხვა სფეროში ასახავს,.
3. მეორეს მხრივ, ხოქმა დინამიურ პრინციპს განასახიერებს; იგი თავისთავად აისახება გებურაში, რომელიც კოსმიური კატაბოლიზმის სიმბოლოა და კომპლექსური ფორმაციის დაშლისა და განადგურების ძალას წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც ფორმაში მოქცეულ ლატენტურ ენერგიას ათავისუფლებს; იგივე ასპექტი ისევ და ისევ აისახება ნეცახში, ანუ ბუნების სიცოცლხის ძალაში.
4. ხუთი უკანასკნელი სეფირას გასაგებად აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ევოლუციის ამჟამინდელმა ეტაპმა ადამიანური ცნობიერების გარკვეული განვითარება თითოეულ სფეროში მოიტანა. ტიფარეტი განასახიერებს უმაღლეს ცნობიერებას, სადაც ინდივიდუალობა და პიროვნება ერთიანდება; ეს არის უმაღლესი ინდივიდუალიზმის სფერო, რასაც იუნგი თვითობას უწოდებს; ნეცახი და ჰოდი ასტრალური ცნობიერების ფორმასა და ძალას წარმოადგენენ და შესაბამის ასპექტებს ქმნიან. იმის გამო, რომ ადამიანურმა ცნობიერებამ ამ სფეროებში გარკვეული ხარისხი განავითარა, მათი წმინდა კოსმიური ბუნება მნიშვნელოვნად არის დაფარული ცნობიერების გავლენისაგან; ადამიანის ცნობიერება, რომელიც მალქუთშია განვითარებული, ფიზიკური შეგრძნებების გამოცდილებიდან მიღებული ფორმების ცნობიერებას წარმოადგენს; ცხადია მალქუთის პირობები უკანაც აისახება, თუმცა იშვიათი ფორმითა და გავლენით ჰოდში და ნეცახში, ხოლო კიდევ უფრო იშვიათად და უფრო მცირე ხარისხით ტიფარეტში; სხვა სეფირებთან შედარებით, იესოდი მეტად მკვეთრადაა განპირობებული მალქუთის მზარდი გავლენით.
5. ეს გამოწვეულია იმით, რომ ნებისმიერი არსების გონებას, რომელსაც განვითარების იმდენად საკმარისი ხარისხი აქვს მოპოვებული, რომ დამოუკიდებელ ნებას მიაღწიოს, ობიექტურად მუშაობს საკუთარ გარემოზე, რითაც ცვლის მას. მოდით ეს ნათლად განვიხილოთ ილუსტრაციის დახმარებით: დაბალი განვითარების არსებებს, მაგალითად ცხოვრების მარტივ ფორმებს, რომლებსაც არ გააჩნიათ მოძრავი ძალა, ისევე როგორც ზღვის ანემონებს, შეუძლიათ ძალიან მცირე გავლენა მოახდინონ საკუთარ გარემოზე; მაგრამ უმაღლესი და უფრო გონიერი ტიპის არსებას შეუძლია ბევრი ივარჯიშოს, იშრომოს და აიძულოს მის გარემოს, საკუთარი ენერგიისა და ინტელექტის გავლენით, რომ შეესაბამებოდეს მის ნებას. ადამიანმა, როგორც მატერიის ყველა არსებათა შორის უმაღლესმა არსებამ, ისწავლა გარემომცველ სამყაროზე ღრმა გავლენის მოხდენა, ასე რომ, მატერიალური სამყარო თანდათანობით ექვემდებარება ადამიანს; მთელი სფეროები, ფაქტობრივად, ამ სახით ხდება დაუფლებული.
6. პიროვნებას, საკუთარი ენერგიისა და შესაძლებლობის მიხედვით, შეუძლია გავლენა მოახდინოს გარესამყაროზე; გონება, რომელიც საგნებისგანაა აგებული, შესაბამის გავლენას ანხორციელებს მენტალურ სფეროში.
7. ასტრალურ სფეროსთან ურთიერთობისას, (რომელიც არსებითად ადამიანის გონების უფრო მკვრივი ასპექტების ფუნქციის დონეა), ჩვენ ვაკვირდებით, რომ მოცემული სფეროს ძალები და ფაქტორები, ცნობიერების ადამიანური ტიპის ეთერულ ფორმებს განასახიერებენ; თუ საკითხს ფილოსოფიურად მივუდგებით და არა რწმენით, ვერ ავხსნით, რანაირად ხდება ყოველივე ეს. თუმცა, ინიცირებულებს საკუთარი ახსნები აქვთ. ისინი აცხადებენ, რომ სწორედ ადამიანის გონებამ შექმნა მოცემული ფორმები ამ გონიერი ბუნებრივი ძალების წარმოჩენის გზით, რომლებიც ადამიანური ტიპის ფორმებს წარმოადგენენ; იმ ფაქტის გამო, რომ ინიცირებულები ინდივიდუალიზებულ პიროვნებებს წარმოადგენენ, მათსავე ინდივიდუალობას სიმბოლოთა გამოვლენის იგივე მექანიზმი უნდა გააჩნდეს, რაც თავადვე გააჩნიათ.
8. სიცოცხლის ფორმები, რომლებიც საკუთარ თავზე არიან მინდობილნი, საკუთარ ინკარნაციას ბუნებრივ მოვლენებში განიცდიან, ხოლო მათ სატრანსპოტო საშუალებებს კოორდინაციის ბუნებრივი მოვლენები განაგებენ, როგორიცაა მდინარე, მთები, ქარიშხალი და ასე შემდეგ. ყველგან, სადაც ადამიანი ასტრალთან შეხებაში მოდის, იქნება ეს მისტიკოსი თუ მაგი, იგი ყოველთვის ანთროპომორფიზაციას ახდენს და ქმნის ფორმებს საკუთარი გონების სიმბოლიკიდან, რათა წარმოაჩინოს მიუწვდომელი, დახვეწილი ძალები, როდესაც ის ცდილობს დაუკავშირდეს, გაიგოს და გამოიყენოს საკუთარი ნება/განზრახვა. ჰოდი, დიადი დედის, ბინას ნამდვილი შვილია და ბუნებრივ მიდრეკილებებს ორგანიზებისა და ფორმირებისკენ ატარებს იმის ფარგლებში, რა სფეროებშიც შეუძლია ცნობიერების ამაღლება.
9. ასტრალურ სიბრტყეზე აღქმული ფორმები განასახიერებენ ფორმებს, რომლებიც შექმნილია ადამიანთა წარმოსახვის მიერ, რათა წარმოედგინათ ევოლუციის სხვა ფორმების დახვეწილი ბუნებრივი ძალები. ჩვენს გარდა, ევოლუციის სხვა ფორმების მავალი ინტელექტი არსებობს, ხოლო თუ ისინი კონტაქტის შემთხვევაში ისურვებენ ადამიანურ გამოცდილებასთან შეხებას, შესაძლოა განდობილი დაარწმუნონ, რომ გამოიყენონ თავიანთი ფორმები სხვადასხვა ელემენტში შესასვლელად, ისევე როგორც მყვინთავი იცვამს სპეციალურ ჟილეტს და ოკეანის სიღრმეში ეშვება. მაგიის გარკვეული, ფუნდამენტური სახეობა სწორედ ამგვარი ფორმების შექმნას და მსგავს არსებათა აღქმის ხელოვნებას ეხება.
10. მოდით განვიხილოთ რა ხდება, როდესაც ასეთი პროცესი მიმდინარეობს. პრიმიტიული ადამიანი, რომელიც ბევრად უფრო ფსიქიკურად განვითარებული იყო ვიდრე ცივილიზებული ადამიანი, მისი გონების არც თუ ისე დახვეწილად ორგანიზებული განათლების გამო, ინტუიციურად აცნობიერებდა, რომ ბუნებრივი ძალის ნებისმიერი მაღალორგანიზებული ერთეულის მიღმა არსებობს დახვეწილი ძალა, რომელიც განასხვავებს მას ყველა სხვა ერთეულისგან. ადამიანებმა ქვეცნობიერად იმაზე მეტად იციან, ვიდრე ამას აღიარებენ; ველური ადამიანი, როდესაც ცხოვრების ფენომენების მიღმა ნამდვილ სიცოცხლეს გრძნობდა, ცდილობდა დაკავშირებოდა მას, რათა მოცემულ ძალას შეგუებოდა. პირველყოფილ ადამიანს აშკარად არ ჰქონდა ასეთი ძალის დაპყრობის იმედი, არამედ მასთან თანხმობაში მოსვლის სურვილი ამოძრავებდა. იმისთვის, რომ შეთანხმება მოხდეს, აუცილებელია მოლაპარაკება. არ შეიძლება შეთანხმება იმ ადამიანებთან, რომლებსაც ლაპარაკის სურვილი არ გააჩნიათ. პრიმიტიული ადამიანი ფიქრობს და მსჯელობს ანალოგიის საკუთარი პრიმიტიული მეთოდით, რომ ფენომენების მიღმა მყოფი არსებები ცხოვრობენ ისეთ სამეფოში, რომელიც მისი საკუთარი სიზმრის-ცხოვრების ანალოგიურია. იმის გამო, რომ სიზმრები ახლოსაა უცხო რეალობებთან და აქვთ უპირატესობა, რომ მათი სურვილისამებრ გამოწვევა ან შეცვლა შეიძლება, ადამიანი ცდილობს მიუახლოვდეს სხვა სფეროს და მათში მცხოვრებ არსებებს სიზმრების გზით, და მათ სამეფოებში შესვლით. ანუ, დღის სიზმარში ან ფანტაზიაში, იგი აყალიბებს მიდგომას ღამის ხილვებთან დაკავშრებით და თუ კონცენტრაციის მაღალ ხარისხს მიაღწევს, მას შეუძლია დახუროს მღვიძარე ცნობიერება და ნებაყოფლობით შევიდეს სიზმარხილვის მდგომარეობაში.
11. ამ მიზნის მისაღწევად, ადამიანი საკუთარ წარმოსახვაში აყალიბებს გონებრივ სურათს, რომელიც მიზნად ისახავს წარმოიდგინოს არსება, რომელიც ბუნებრივი ფენომენის ან ელემენტის წამყვანი ქმნილებაა; პიროვნება აღმერთებს ასეთ არსებას, ლოცულობს მასზე და ახდენს მის ინვოკაციას. თუ მისი მოწოდება საკმარისად მხურვალეა, არსებამ, რომელსაც იგი ეძებს, შესაძლოა ტელეპათიურად მოისმინოს ადამიანის მოხმობა და დაინტერესდეს იმით, თუ რისთვის ეძახიან. თაყვანისცემისა და მსხვერპლშეწირვის შესაბამისობის შემთხვევაში, ასეთ არსებებთან თანამშრომლობა შესაძლებელია. თანდათან არსება შეიძლება მოშინაურდეს და მოთვინიერდეს კიდეც; გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია ასეთი არსების მატერიალურ ფორმაში მანიფესტაციაც. ამ ოპერაციაში წარმატება, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეუძლია თაყვანისმცემელს თანაგრძნობის მეშვეობით შეაფასოს იმ არსების ბუნება, რომლის ინვოკაციასაც აპირებს, და მას შეუძლია ამის გაკეთება მხოლოდ იმ პროპორციით, რა პროპორციითაც საკუთარი ტემპერამენტი მონაწილეობს მისსავე ბუნებაში.
12. თუ ეს პროცესი წარმატებულია, მაშინ სახეზე გვაქვს ბუნებრივი ცხოვრების ნაწილის განსახიერების მოშინაურება და გამოყენება. სანამ ასტრალური ფორმის შესაბამისი ასპექტის თაყვანისცემაზე გადავა, არსებობს შესაბამისი ღვთაება, რომელიც ხელმისაწვდომია კონტაქტისათვის. თუ თაყვანისცემა შეწყდება, ღმერთი დატოვებს თავის ადგილს ბუნების წიაღში. შემდგომში კი სხვა თაყვანისმცემლები მოვლენ, რომელთაც ექნებათ საკმარისი ცოდნა, შესაბამისი ფორმის გამოსაძახებლად. საკმარისი ცოდნისა და მომზადების შემთხვევაში, ეს არ არის იმაზე რთული, ვიდრე გაუხედნავი ცხენის მოთვინიერება.
13. შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაფერი ყველაზე ველური სპეკულაცია და მტკნარი დოგმატიზმია. როგორ უნდა გავიგოთ, რომ სწორედ ეს არის გზა, რომლითაც პირველყოფილი ადამიანი მუშაობდა? იქედან, რომ ეს გზა საიდუმლო ინიციაციის ბილიკს ჯერ კიდევ უძველესი ტრადიციების დროიდან წარმოადგენდა და მას იყენებდა ნებისმიერი ადამიანი, ვისაც კონცენტრაციის საჭირო ხარისხი და სიმბოლოთა სწორი განსაზრვრების ცოდნა გააჩნდა. ფორმების აშენების შედეგად, ძველი ღმერთები უკან ბრუნდებიან და საკურთხევლის ცეცხლიც ხელახლა ინთება, შედეგად კი მლოცველთა ცნობიერებაში გარკვეული შედეგები მიიღება; თუ ისინი ისესხებენ სულიერ ტექნიკებს და ხელმისაწვდომობა ექნებათ მატერიალიზების საშუალებებთან, შედეგად ძალიან გარკვეული სახის ფენომენი წარმოიქმნება.
14. ეს სწორედ ის მეთოდია, რომელსაც წირვაზე მლოცველი მღვდლები იყენებენ, რომელთაც საკმარისი ცოდნა აქვთ. რომის კათოლიკურ ეკლესიაში არსებობს მღვდლების ორი ტიპი: კეთილმსახური სამრევლო სასულიერო პირები და მამაკაცები, რომლებიც ეკუთვნიან სამონასტრო ორდენებს და ასრულებენ სამრევლო, განსაკუთრებით კი საშინაო მისიას, როდესაც თავიანთი მსახურების ფარგლებში მუშაობენ. ასეთი ბერები წირვის ჩატარებისას ხშირად ატარებენ ძალიან მაღალვიბრაციულ მაგიურ ძალას, რისი დამტკიცებაც ნებისმიერ ექსტრასენსს შეუძლია. ეს არის ასტრალური ფორმის სულიერი ძალით გაჯერება, რაც ტრანსსუბსტანციაციის რეალური აქტია. კათოლიკური და სამოციქულო ეკლესიის სიძლიერე სწორედ ამ საგნების ცოდნისა და ორგანიზებული ორდენების ფლობაშია, რომლებიც გაწვრთნილნი არიან მათ გამოყენებაში; შინაგანი ცოდნისა და ძალის ნაკლებობის შემთხვევაში სქიზმატური ზიარების რიტუალებს არანაირი ძალა არ გააჩნიათ. იგივე ითქმის ადამიანებზეც, რომლებიც ასეთ საკითხებში მუშაობენ, მაგრამ არ იციან საიდუმლო მექანიზმის შესახებ და არ არიან გაწვრთნილნი ვიზუალიზაციის ტექნიკაში. მე არ ვარ კათოლიკე და არც არასდროს ვიქნები, რადგან არ ვემორჩილები მათ დისციპლინას და არც მჯერა, რომ არსებობს მხოლოდ ერთი სახელი ზეცის ქვეშ, რომლის შეწევნითაც ადამიანები გადარჩებიან, მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს პატივს ვცემ ამ სახელს; მაგრამ მე ვიცი ძალა, ხოლო როდსაც კათოლიციზმში ამ ძალას ვხედავ, მას პატივს ვცემ.
15. რომის ეკლესიის ძალაუფლება არ მდგომარეობს წესდებაში, არამედ ფუნქციაში. ის ძლიერია არა იმიტომ, რომ პეტრემ ინიციაციის გასაღებები მიღო (რაც ალბათ არ მიუღია), არამედ იმიტომ, რომ მან იცის თავისი საქმე. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ანგლიკანური ზიარების მღვდლები არ უნდა მუშაობდნენ მთელი ძალაუფლებით, თუ ისინი გამოიყენებენ იმ პრინციპებს, რომლებიც მე ამ წიგნის გვერდებზე ავხსენი. ოსტატი იესოს გილდიაში, რომელიც ჩემი საკუთარი ორგანიზაციის, "შინაგანი სინათლის საძმოს" ნაწილია, ჩვენ ვმუშაობთ წირვის ძალით, რადგან მოცემულ პრინციპებს ვიყენებთ. როდესაც ჩვენ მისი გამოყენება პირველად დავიწყეთ, სამოციქულო მემკვიდრეობა ჩვენი მომსახურებისთვის შემოგვთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვით, რადგან ვგრძნობდით, რომ სჯობდა გამოგვეყენებინა ჩვენი ცოდნა ხელახალი კონტაქტების დასამყარებლად, ვიდრე სამოციქულო მემკვიდრეობა მიგვეღო წყაროდან, რომელიც არ იყო ეჭვგარეშე; გამოცდილებამ გაამართლა ჩვენი არჩევანი.
II
16. მაგიის ფილოსოფიის სრულად გასაგებად უნდა გვახსოვდეს, რომ სეფიროტები მარტოხელა მდგომარეობაში არასოდეს ფუნქციონირებენ; ფუნქციონირებისთვის მათ უნდა ჰქონდეთ დაბალანსებულ მდგომარეობაში მყოფი საპირისპირო წყვილი, რის შედეგადაც ვლინდება ჰარმონიული მესამე, ანუ ფუნქციონალური სეფირა. საპირისპირო წყვილი, თავისთავად, არ არის ფუნქციონალური, რადგან ისინი ერთმანეთს ანეიტრალებენ; მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი გაერთიანდებიან გაწონასწორებული ძალით, რათა გამოვლინდნენ მესამედ, მამის, დედისა და შვილის სიმბოლიზმის შემდეგ, ისინი აღწევენ დინამიურ აქტივობას, რაც გარეგნულად ვლინდება ფარული ძალისგან, რომელიც სამუდამოდ არის ჩაკეტილი მათში და ელის გამოვლინებას.
17. ქვედა ტრიადის სამება, რიგირც უკვე აღვნიშნეთ, შედგება ნეცახის, ჰოდის და იესოდისგან. ჰოდი და ნეცახი არის ფორმა და ძალა ასტრალურ სიბრტყეზე. იესოდი არის ეთერული ნივთიერების, აკაშას ან ასტრალური სინათლის საფუძველი, როგორც მას უწოდებენ. ჰოდი განსაკუთრებით მაგიის სფეროა, რადგან იგი ფორმის ფორმულირების სფეროს წარმოადგენს და შესაბამისად, ეს არის სფერო, რომელშიც მაგი მუშაობს, რადგან სწორედ მაგის გონება აყალიბებს ფორმებს და მაგის ნებაა, რომელიც აკავშირებს ნეცახის სფეროს ბუნებრვი ძალების ფორმებს ჰოდის სეფირასთან. ნეცახში, რომელიც ემოციების სფეროა, კონტაქტი ხორციელდება სიმპათიისა და განცდის საშუალებით. ცივსისხლიანი, დომინანტური ნებისყოფის მქონე ადამიანი არ შეიძლება იყოს ისეთი კომპეტენტური, რომელიც ძალაუფლებასთან მუშაობს, როგორც ეს შეიძლება იყოს სუფთა ემოციების მქონე, სიმპათიებით სავსე ადამიანი. კონცენტრირებული ნებისყოფის ძალა აუცილებელია იმისთვის, რომ მაგს საშუალება მისცეს შეაკავშიროს საკუთარი სამუშაო, მაგრამ წარმოსახვითი სიმპათიის ძალა აუცილებელია, რათა მან შეძლოს კონტაქტების დამყარება.
18. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბუნების ძალებთან შეხებაში ჩვენივე ტემპერამენტის შესაბამისი ფაქტორების მეშვეობით შევდივართ. სწორედ ვენერას სიმბოლიზმი გვაკავშირებს ნეცახის გავლენასთან. ჩვენი გონების მაგიური შესაძლებლობები კი ჰოდი-მერკური-თოთის სფეროს ძალებთან გვაკავშირებს. თუ ჩვენს ბუნებაში არ არის ვენერას ასპექტი, ესეიგი ჩვენში არ არსებობს სიყვარულის მოწოდებაზე პასუხის გაცემის უნარი; შედეგად, ნეცახის კარები არასოდეს გაიხსნება ჩვენთვის და ვერასოდეს მივიღებთ მის ინიციაციას. თანაბრად, თუ ჩვენ არ გვაქვს მაგიური შესაძლებლობები, რაც ინტელექტუალური წარმოსახვის ნაწილია, ჰოდის სფერო ჩვენთვის დახურულ წიგნად დარჩება. ჩვენ შეგვიძლია ვიმოქმედოთ სფეროში მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოცემული სფეროს ინიციაციას მივიღებთ. მისტერიებზე ტექნიკური მუშაობისას ინიციაციები მატერიალურ სფეროში გადაეცემა რიტუალური ცერემონიების გზით, რომელიც ან ეფექტურია და ან არა. საკითხის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანს არ შეუძლია გააღვიძოს ის საქმიანობა, რაც უკვე არ არის ლატენტური. ცხოვრება თავად არის ინიციცაცია; ცხოვრებისეული გამოცდილება ააქტიურებს შესაძლებლობებს ჩვენი ტემპერამენტების ისეთი ხარისხით, როგორიც ჩვენ გაგვაჩნია. ინიციაციის ცერემონია და სწავლებები, რომლებიც ოკულტურ ორდენებში ისწავლება, უბრალოდ შექმნილია იმისთვის, რათა გაცნობიერდეს აქამდე ქვეცნობიერ დონეზე მყოფი და მოხვდეს უმაღლესი ინტელექტის განზარვის კონტროლის ქვეშ. ესენი არიან შესაძლებლობები, რომლებიც აქამდე მხოლოდ ბრმად რეაგირებდნენ მათ შესაბამის სტიმულებზე.
19. მკაფიოდ უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენი რეაქციის შესაძლებლობები ამოღებულია ემოციური რეფლექსების სფეროდან და რაციონალური კონტროლის ქვეშ არის მოქცეული, ჩვენ შეგვიძლია მათგან მაგიური ძალები წარმოვქმნათ. მხოლოდ მაშინ, როდესაც ადეპტს რომელსაც აქვს უნარი უპასუხოს ვენერას ზარს ყველა სიბრტყეში, და ამავდროულად შეუძლია ადვილად და ძალისხმევის გარეშე თავი შეიკავოს პასუხისგან, იგი შეიძლება გახდეს ნეცახის სფეროს ინიცირებული ადეპტი. ამიტომაც ამბობენ ადეპტზე ცნობილ გამოთქმას, რომ მას შეუძლია ყველაფრის გამოყენება, მაგრამ არაფერზე უნდა იყოს დამოკიდებული.
20. ეს ცნებები დაჩრდილულია მათთვის, ვისაც თვალები ჰოდის სიმბოლიკაზე აქვს მიპყრობილი. "იეცირას" ტექსტი აცხადებს, რომ "ჰოდი არის სრულყოფილი ინტელექტი, რადგან იგი იმ პირველყოფილისგან მომდინარეობს, რომელსაც ფესვი არ გააჩნია".
21. ჰოდის სფეროს დათრგუნული რეაქციისა და კმაყოფილების ცნება გამოიხატება ტაროს სუიტის თასების რვიანში, რომლის საიდუმლო სახელწოდებაა "მიტოვებული წარმატება"; ზოგადად თასების სუიტი ვენერას გავლენის ქვეშ იმყოფება და განასახიერებს სიყვარულის სხვადასხვა ასპექტს და გავლენებს. "მიტოვებულ წარმატებაში" იგულისხმება ინსტინქტური რეაქციების დათრგუნვა, რომელიც კმაყოფილებას გვაძლევდა, - სხვა სიტყვებით, სუბლიმაცია ჰოდის ძალების გასაღებია. მაგრამ გახსოვდეთ, რომ სუბლიმაცია არ არის იგივე, რაც რეპრესია ან აღმოფხვრა, და იგი ეხება როგორც თვითგადარჩენის ინსტინქტს, ასევე რეპროდუქციის ინსტინქტსაც, რომელთანაც ექსკლუზიურად ასოცირდება კოლექტიურ გონებაში.
22. იგივე კონცეფცია კვლავ ჩნდება ხმლების რვიანის საიდუმლო სახელწოდებაში, რომელსაც "შევიწროებული ძალაუფლების მბრძანებელი ეწოდება". ამ სიტყვებით ვიღებთ დინამიური სიმძლავრის დამუხრუჭების ნათელ სურათს, რათა ის კონტროლის ქვეშ მოექცეს.
23. პენტაკლების რვიანში, რომელიც ჰოდის ბუნებას მატერიალურ ასპექტში ასახავს, ჩვენ გვაქვს წინდახედულობისა და რუტინული წინსვლის ენერგია - ისევ და ისევ მაკონტროლებელი და დამთრგუნველი გავლენა. მაგრამ, სამივე რვიანის ნეგატიურ დატვირთვას ანაზღაურებს კვერთხების რვიანი, ანუ ჰოდის მოქმედების რეჟიმი სულიერ სფეროში; კვერთხების რვიანის საიდუმლო დასახელებაა "სისწრაფის მბრძანებელი".
24. მაშასადამე, ჩვენ ვხედავთ, რომ ქვედა სფეროში დათრგუნვისა და თავშეკავების გზით, ხელმისაწვდომი ხდება უმაღლესი სფეროს დინამიური ენერგია. სწორედ ჰოდის სფეროში თრგუნავს რაციონალური გონება სულის დინამიურ, ცხოველურ ბუნებას; აქ ხდება მათი კონდენსაცია, მათი ფორმულირება და მიმართულების განსაზღვრა მათი შეზღუდვით და დიფუზიის თავიდან აცილებით. ეს არის მაგიის მოქმედების პრინციპი, რომელიც სიმბოლოებთან მუშაობს. ჰოდის მეშვეობით თავისუფლად მოძრავი ბუნებრივი ძალები იზღუდება და მიმართულია იმ მიზნებისკენ, რომლებიც ნებადართული და შემუშავებულია. მართებულად არის ნათქვამი, რომ ჰოდი არის ბინას ასახვა ხესდის მეშვეობით.
25. ჰოდის სფეროს ზოგადი პრინციპების გათვალისწინების შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია დეტალურად განვიხილოთ მისი სიმბოლიზმი.
26. ებრაული სიტყვის, "ჰოდ"-ის თარგმანი ნიშნავს "დიდებას", რაც ერთმნიშვნელოვნად მიგვანიშნებს გონების სფეროზე, რომელშიც ფორმები ორგანიზდება და ადამიანის ცნობიერებას პირველყოფილი სინათლის სიკაშკაშის აღქმა შეუძლია. ფიზიკოსები გვეუბნებიან, რომ სინათლე მხოლოდ ცისფერი ცის გავლენის სახით ჩანს ატმოსფეროში, მტვრის ნაწილაკებიდან მისი არეკვლის გამო. აბსოლუტურად მტვრის გარეშე არსებული ატმოსფერო აბსოლუტურად ბნელი ატმოსფეროა. იგივე ხდება სიცოცხლის ხის მეტაფიზიკაშიც; ღვთის დიდებულება გამოვლინდება მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს მისი გამოვლინების ფორმები.
27. ჰოდის მაგიური ხატ-სახე მედიტაციისათვის ძალიან საინტერესო საგანს იძლევა. ვინც გაითავისა წინა გვერდების მნიშვნელობა, დაინახავს, რამდენად კარგად არის შეჯამებული მაგიური მუშაობის ფორმაცია-ძალის ბუნება არსების ამ სიმბოლოში, რომელშიც შერწყმულია მამრობითი და მდედრობითი ელემენტები ჰერმაფროდიტის სახით.
28. ჰოდი, არსებითად ბუნების ძალებით გაჯერებული ფორმების სფეროა და პირიქით, ეს ის სფეროა, რომელშიც ბუნების ძალები ფორმას იღებენ.
29. ჰოდის ღმერთის სახელი არის ელოჰიმ ცაბაოთი, რომეიც შეიცავს ჰერმაფროდიტურ სიმბოლოს ძალიან საინტერესო ასპექტში, რადგან სიტყვა ელოჰიმი არის მდედრობითი სქესის არსებითი სახელი, რომელსაც აქვს მრავლობითი რიცხვითი ფორმა, ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ კაბალისტური წესით, იგი აქტივობის დუალისტურურ ენერგიას განასახიერებს; ეს არის ძალაუფლება, რომელიც ფორმაციის მეშვეობით მოქმედებს. სიტყვა ელოჰიმი სიმძიმის სვეტის ნეგატიურ სფეროებში ღმერთის სახელის სამივე სიბრტყეზე გვხვდება: იეჰოვა ელოჰიმი ბინაში, ელოჰიმ გიბორი გებურაში და ელოჰიმ ცაბაოთი ჰოდში.
30. სიტყვა ცაბაოთი ნიშნავს მასპინძელს ან არმიას; აქ მივიღებთ იდეას ღვთაებრივი ცხოვრების შესახებ, რომელიც ჰოდში ვლინდება; ესაა ძალაუფლებით აღსავსე ფორმები.
31. ძლევამოსილი მთავარანგელოზის, მიქაელის ჰოდის სფეროში დანიშვნა კვლავ გვაძლევს საფიქრალს. იგი ყოველთვის წარმოდგენილია გველეშაპის გათელვის პროცესში, ხელში მახვილით.
32. გველეშაპი, რომელსაც დიადი მთავარანგელოზი თელავს, განასახიერებს პრიმიტიულ ძალას; ეს არის ფროიდისტული, ფალოსური გველი; ეს გლიფი გვასწავლის, რომ ჰოდის შემზღუდველი „გონიერება“, „ამოკლებს“ პირველყოფილ ძალას და ხელს უშლის მას საზღვრების გადალახვაში. ბიბლიური დაცემა წარმოდგენილია შვიდთავიანი გველეშაპის სახით, რომელიც სცდება მისთვის დადგენილ საზღვრებს და გვირგვინოსან თავებს დაათის სეფირამდეც კი სწევს. ძალიან საინტერესოა იმის დაკვირვება, თუ როგორ ერწყმის ყოველი სიმბოლო ერთმანეთს და ინტერპრეტაციას ახდენს ერთმანეთის მნიშვნელობის შესახებ, რაც კიდევ უფრო აძლიერებს კაბალისტური ჭვრეტის ნაყოფს.
33. ჰოდის ანგელოზთა დასს წარმოადგენს ბენი ელოჰიმები, ღმერთების შვილები. საიდუმლო მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონცეფცია შუამავლების მეშვეობით შემოქმედის მუშაობას ეხება. არაინიცირებული და საკითხში გაუთვიცნობიერებელი ადამიანი ღმერთის მუშაობას ისე აღიქვამს, თითქოს იგი აგურს აგურზე ამატებს და ამგვარად ქმნის სამყაროს; მაგრამ, ინიცირებულები საკითხს სხვაგვარად აღიქვამენ; მათთვის ღმერთი სამყაროს უდიდესი არქიტექტორია, რომელიც საკუთარ გეგმებს პირველ რიგში არქეტიპულ სიბრტყეზე ასრულებს; შემდგომში მოდიან უზენაესი ზედამხედველები, ანუ მთავარანგელოზები, რომლებიც თავის მხრივ თავმდაბალ მუშათა ლაშქარს ხელმძრვანელობენ, რომლბიც უზენაესის არქეტპული გეგმის მიხედვით, აგურს აგურზე ამატებენ. როდის მუშაობდა არქიტექტორი შეუიარაღებელი ხელებით, რომელიც შენობას აპროექტებდა? არასოდეს, მაშინაც კი, როცა სამყარო შენდებოდა.
34. სამყაროსეული ჩაკრა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არის მერკური და მისი სიმბოლიკა, როგორც ჰერმესი-თოთი, უკვე განვიხილეთ.
35. ჰოდის სეფირასათვის მინიჭებული სულიერი გამოცდილება არის ბრწყინვალების ხილვა, რომელიც შექმნილ სამყაროში ღმერთის დიდების გაცნობიერებასთან ასოცირდება. ჰოდის სეფირაზე ინიცირებული ადეპტი შექმნილი ნივთების მიღმა იხედება და საგნებს არსს ხედავს. სულიერი ძალების გაცნობიერება, რომლებიც მანიპულირებენ ყველა გამოვლინებასა და მანიფესტაციაზე, არის ჰოდის ძალების გასაღები, რომელიც სინათლის მაგიაში გამოიყენება. სწორედ ამგვარი ძალების არხად გადაქცევის შედეგად, თეთრი მაგიის ოსტატი აწესრიგებს დაუბალანსებელი ძალის სფეროების არეულობას და ქაოსს, და არა მათი პირადი მიზნებისათვის გამოყენების გამო. თეთრი მაგიის ოსტატი დაუბალანსებელი ძალების გამწონასწორებელია და არა მათი თვითნებური მანიპულატორი.
36. ამ სფეროში, რომელიც მერკური-ჰერმესის, მეცნიერებისა და წიგნების ღმერთის სფეროა, ნათლად შეგვიძლია დავინახოთ, რომ უზენაესი სათნოება არის ჭეშმარიტება. ეზოთერული სტანდარტის მიხედვით, თითოეულ სფეროს გააჩნია სწორი და არასწორი სტანდარტი, ფიზიკური სიბრტყის სტანდარტი არის ძალა; ასტრალური სფეროს სტანდარტი სილამაზეა; მენტალური/გონებრივი სფეროს სტანდარტი კი არის ჭეშმარიტება; სულიერი სფეროს სტანდარტი არის სწორი და არასწორი, იმ გაგებით, რომელიც ჩვენ გვესმის; სწორედ ამიტომ, არ არსებობს არანაირი ეთიკა, გარდა სულიერი ღირებულებებისა. იმ სფეროში, რომელიც არსებითად გონების სფეროა, კაბალისტური განმარტებით უზენაეს სათნოებად ჭეშმარიტება ითვლება.
37. მიკროკოსმოსში ჰოდი შეესაბამება წელს და ფეხებს, პლანეტა მერკურის ასტროლოგიური მმართველობის შესაბამისად.
38. ჰოდის სიმბოლოებთან ასოცირებულია ძალაუფლების სიტყვები და წინსაფარი. ძალაუფლების სიტყვები, მაგის მიერ ბენი ელოჰიმების მრავალფორმიანი ძალის ცნობიერებაში ევოკაციასთან ასოცირდება. ეს სახელები არავითარ შემთხვევაში არ არის თვითნებური და ბარბაროსული სიტყვები, ყოველგვარი ეტიმოლოგიისა და მნიშვნელობის გარეშე; ისინი ფილოსოფიურ ფორმულებს განასახიერებენ. ზოგიერთ შემთხვევაში ასეთი სიტყვების ინტერპრეტაცია ეტიმოლოგიურია, ისევე როგორც ეგვიპტური ღვთაებების შემთხვევაში, რომელთა სახელები მათი პოტენციალისა და სიმბოლოების მნიშვნელობიდან არის აღებული. მაგიის ყველა სისტემაში, რომელთა ფესვი კაბალადან მომდინარეობს, მაგიური სახელები აგებულია ნებისმიერი წმინდა ანბანის თანხმოვნის რიცხვითი მნიშვნელობიდან; არსებობს ბერძნული, არაბული და კოპტური კაბალა, რომელთა შორის ყველაზე ცნობილია მეოთხე, ებრაული კაბალა. წმინდა ენების თანხმოვნები, შესაბამისი რიცხვებით ჩანაცვლებისას, იძლევა რიცხვს, რომელიც მათემატიკური და გემატრიული თვალსაზრისით შეიძლება მრავალმხრივ განიხილებოდეს. მოცემული მიმართულება კაბალისტური სწავლების ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია და კომპეტენტური ადამიანის ხელში უაღრესად საინტერესო შედეგებს იძლევა; თუმცა, ამავდროულად იგი საფრთხეს წარმოადგენს გაუფრთხილებელი ან არასწორი გამოყენების შემთხვევაში, რადგან არ არსებობს შეზღუდვა იმისა, რისი მიღწევაც მსგავსი მეთოდის გამოყენებისას შეიძლება, და მხოლოდ პირველადი პრინციპების საფუძვლიანმა ცოდნამ შეიძლება გვითხრას, როდისაა ანალოგები ლეგიტიმური, რათა თავიდან აგვაცილოს დაცემა რწმენის დეგრადაციისა და ცრურწმენისაკენ.
39. მაგალითად, მანტრა არის ხმოვანი ფრაზა, რომელიც მრავალჯერ განმეორების შემთხვევაში ავტოსუგესტიის (თვითშთაგონების) მეშვეობით მოქმედებს გონებაზე; ამ საკითხის ფსიქოლოგიურ ჭრილში განხილვა ძალიან რთული და კომპელქსურია იმისთვის, რომ მოცემულ გვერდებზე ავხსნათ.
40. წინსაფარს უშუალო ასოციაციები აქვს სოლომონ ბრძენის ინიციაციასთან; ეს არის მცირე მისტერიებში ინიცირებულისთვის დამახასიათებელი სამოსი; წინსაფარი ფარავს მთვარის ცენტრს, იესოდს, რომლის შესახებაც შესაბამის ადგილას ვისაუბრებთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, იესოდი არის ასტრალური სიბრტყის საპირისპირო წყვილის ფუნქციური ასპექტი.
41. რაც შეეხება ამ სეფირასთვის მინიჭებულ ტაროს სუიტის ოთხ რვიანს, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ წინა გვერდზე.
42. შეჯამების სახით რომ ვთქვათ, ჰოდში გვაქვს ფორმალური მაგიის სფერო, რომელიც სხვებისგან მარტივი მენტალური ძალებით გამოირჩევა. ფორმაციის ფორმულირების სახეს, რომელსაც ინიცირებული ბუნების ძალებში ანხორციელებს, ასახავენ ბენი ელოჰიმები, ღმერთების შვილები.