თავი მეათე - ბილიკები სიცოცხლის ხეზე
თავი მეათე - ბილიკები სიცოცხლის ხეზე
1. "სეფერ იეცირა" (ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კაბალისტური გრიმუარი) ეხება ათი სეფიროტის და სეფიროტებთან დამაკავშირებელი ბილიკების განხილვას, რადგან ისინი თანაბრად წარმოადგენენ ღვთაებრივი გავლენის არხებს. პრაქტიკულ მუშაობაში, სეფიროტებს შორის დამაკავშირებელ ხაზებს ბილიკები ან გზები ეწოდებათ, ხოლო თავად სეფიროტებს კაბალისტური სფეროებით მოიხსენიებენ. ეს არის ერთ-ერთი ხრიკი და გაუგებრობა, რომელიც კაბალისტურ სისტემაში უნდა მოვძებნოთ, რადგან "სეფერ იეცირაში" ნახსენებ ოცდათორმეტ ბილიკს ვერ გავაიგივებთ ებრაული ანბანის ოცდაორ ასოსთან, რომლებიც რიცხვითი მნიშვნელობითა და შესაბამისობებით, ბილიკების გასაღებს ქმნიან.
2. ორ სეფიროტს შორის არსებული ყოველი ბილიკი განასახიერებს სეფიროტების აბსოლიტურ წონასწორობას, რომელთაც თავად უკავშირდება; ეს ბილიკები, დამაკავშირებელი სეფიროტების შესახებ ჩვენი ცოდნის ფონზე უნდა შევისწავლოთ, თუ გვსურს კარგად გავიგოთ მათი მნიშვნელობა. თითოეულ ბილიკს საკუთარი სიმბოლო აქვს მინიჭებული. ეს სიმბოლოებია; ებრაული ანბანის ოცდაორი ასოდან ერთ-ერთი, ზოდიაქალური ნიშნები, პლანეტები და ელემენტები. ჩვენ გვაქვს ზოდიაქოს თორმეტი ნიშანი, შვიდი პლანეტა და ოთხი ელემენტი, რომელიც ჯამში ოცდასამი გამოდის; როგორ უნდა განთავსდეს იგი სიცოცხლის ხის ოცდაორ ბილიკზე? ესეც კიდევ ერთი კაბალისტური თავსატეხი, რომელიც არაინიცირებულს გაუგებრობაში აგდებს. პასუხი სკამაოდ მარტივია, თუ ვიცით რა არის პასუხი. ჩვენი ცნობიერების დედამიწის სფეროში ყოფნისას, ჩვენ არ გვჭირდება პლანეტარულ კალკულაციაში ჩავთვალოთ ჩვენი პლანეტა, როდესაც უხილავთან ვცდილობთ კონტაქტის დამყარებას; ასე რომ, როდესაც დედამიწას გამოვტოვებთ, ხელში სწორი კორესპონდენციის კომპლექტი შეგვრჩება. მეათე სეფირა მალქუთი, არის მთელი დედამიწა, რომელიც პრაქტიკული მიზნებისათვის გვჭირდება.
3. სიმბოლიზმის მესამე ნაკრები, რომელიც სიცოცხლის ხის ბილიკებს უკავშირდება, არის ტაროს ოცდაორი მაღალი არკანი. სიმბოლოთა ამ ნაკრებით, ჩვენი მთავარი მითითებები ამ ეტაპზე დასრულებულია. შედარებით მცირე სიმბოლოები შედგება უთვალავი განშტოებისგან, ყველა სისტემაში და სფეროში.
4. სიცოცხლის ხე, ასტროლოგია და ტარო, არ წარმოადგენენ ერთმანეთისგან განსხვავებულ მისტიურ სისტემებს; ისინი ერთი სისტემის სამ ასპექტს ასახავენ და ცალკე აღებული თითოეული მათგანი სავსებით გაუგებარია დანარჩენების შესწავლის გარეშე. ასეთი თანხვედრა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც ასტროლოგიას შევისწავლით სიცოცხლის ხის საფუძველზე და ამავდროულად გაგვაჩნია ფილოსოფიური სისტემაც. საკითხი იდენტურად ეხება ტაროს მკითხაობის სისტემასაც; იგი თავისი ყოვლისმომცველი ინტერპრეტაციებით გასაღებს აძლევს სეფიროტის ხეს, ისევე როგორც ადამიანურ სიცოცხლეს.
5. ასტროლოგია ძალიან მიუწვდომელია, რადგან არაინიცირებული ასტროლოგი მხოლოდ ერთ სფეროში მუშაობს; ინიცირებული ასტროლოგი ინტერპრეტაციას ახდენს ოთხივე სამყაროში. ასე მაგალითად: სატურნის ეფექტი, იგივე სეფირა ბინა, ღვთებრივი დედა, ძალიან განსხვავებულია აზილუთში, ასიას სამყაროსგან განსხვავებით.
6. მკითხაობისა და პრაქტიკული მაგიის ყველა სისტემა, საკუთარ პრინციპებს ხეზე დაფუძნებული ფილოსოფიის მეშვეობით ღებულობს. ის, ვინც მკითხაობისა და პრაქტიკული მაგიის გამოყენებას გასაღების გარეშე აპირებს, ჰგავს უგუნურ ადამიანს, რომელსაც პატენტური მედიკამენტების ფარმაცევტული კომპანია აქვს და საკუთარი თავისთვის და მეგობრებისთვის წამლის დოზებს ფურცელზე მოცემული აღწერილობის მიხედვით ღებულობს. ინიცირებული ადეპტი, რომელიც სიცოცხლის ხეს იცნობს, ჰგავს მეცნიერ ექიმს, რომელსაც ზედმიწევნით ესმის ფიზიოლოგიისა და წამლების ქიმიური ეფექტები, ხოლო მკურნალობასაც შესაბამისად განსაზღვრავს.
7. ტაროს კარტებთან დაკავშირებული სხვადასხვა მეთოდი ტრადიციულად მუშაობს სხვადასხვა წყაროებთან. არტურ ედვარდ უეიტის პატარა წიგნში, "ტაროს გასაღებში", უეიტი მთავარ ასპექტებს ასახელებს, მაგრამ თავს იკავებს იმის მითითებისგან, თუ რომელია მისივე აზრით შედარებით უფრო ზუსტი. ალისტერ ქროულის ძალიან ღირებულ, ეზოთერული სიმბოლიზმის ცხრილში, "777"-ში, (ქროულის მიხედვით, "კანონთა წიგნის" შემდეგ, მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები არის "777", რომელშიც უამრავი საიდუმლო კოდი და მითითება განათავსა) ქროული არ ამჟღავნებს ამგვარ თავშეკავებას და იძლევა ისეთ სისტემას, რომელიც ინიცირებულთათვის არის ცნობილი. სწორედ ამ მეთოდის მიყოლას ვაპირებ მომდევნო გვერდებში, რადგან მიმაჩნია, რომ მოცემული მეთოდი სწორია. ამ მეთოდში შესაბამისობები მუშაობს განსხვავებების გარეშე, რაც არც ერთ სხვა სისტემაში არ გვხვდება.
8. მოცემული სისტემის მიხედვით, ტაროს ოთხი სუიტი კაბალისტების ოთხ სამყაროს და ალქიმიკოსების ოთხ ელემენტს შეესაბამება. კვერთხების სუიტი არის აზილუთის სამყარო და ცეცხლის ელემენტი. თასების სუიტი არის ბრიაჰის სამყარო და წყლის ელემენტი; ხმლების სუიტი არის იეცირა და ჰაერი, ხოლო პენტაკლების სუიტი არის ასია და მიწა.
9. ოთხი ტუზი ეკუთვნის კეტერს, პირველ სეფირას. ოთხი ორიანი არის ხოქმა, მეორე სეფირა, და ასე შემდეგ მალქუთამდე, რომელსაც ოთხი ათიანი შეესაბამება. ამგვარად, ჩვენ დავინახავთ, რომ ტაროს დასტის ოთხი სუიტი წარმოადგენს ღვთაებრივი ძალების მოქმედებას თითოეულ სფეროში და ბუნების თითოეულ დონეზე. თუ ჩვენ ტაროს არკანების მნიშვნელობა გვესმის, ეს ნიშნავს, რომ მივაღწევთ საგრძნობ წინსვლას თითოეული ბილიკისა და სფეროს ბუნების გაგებაში, რომელთაც ისინი შეესაბამებიან. ორივე სისტემა, ტაროც და სიცოცხლის ხეც, არის უძველესი და ანტიკური სისტემა, რომელთა წარმოშობის საწყისი საუკუნეებს მიღმაა დაკარგული; თითოეული მათგანის ირგვლივ, სიმბოლოთა უზარმაზარი მონაცემებია დაგროვებული. ყოველი პრაქტიკული ოკულტისტი რომელიც ოდესმე ხესთან მუშაობდა, ასოციაციების მარაგს საკუთარ სიმბოლოებს უმატებდა, რომელთაც ასტრალში ანიჭებდა სიცოცხლეს, შესრულებული ოპერაციების შესაბამისად. სიცოცხლის ხე და მისი გასაღებები, უსასრულოა მისივე ადაპტაციის უნარში.
10. ტაროს დასტის თითოეულ სუიტში გვხვდება ოთხი ფიგურული კარტი: მეფე, დედოფალი, პრინცი და პრინცესა (ან პაჟი). ქროულმა მათი სიმბოლიზმი მეტ-ნაკლებად შეცვალა; მეფე მიუთითებს ღვთაებრივი სახელის, "იოდ"-ის სწრაფ მოქმედებას ტეტრაგრამატონიდან. პრინცი არის "ვაუ", ხოლო პრინცესა შეესაბამება "ჰეს", წმინდა სახელის ფინალურ ასოს.
11. ტაროს ოცდაორი მაღალი არკანი სხვადასხვა ავტორის მიერ განსხვავებულად არის მოწყობილი სიცოცხლის ხეზე, მაგრამ ჩვენ ქროულის მიერ მოცემულ მითითებებს გავყვებით, უკვე განხილული მიზეზების გამო.
12. მომდევნო თავებში მკითხველს ვთავაზობ სიცოცხლის ხის ფილოსოფიურ გაგებას და საკმარის პრაქტიკულ ინსტრუქციებს, რათა გარკვეული დონის ცოდნა თქვენთვის ხელმისაწვდომი იყოს პრაქტიკული მედიტაციის მიზნებისათვის; მაგრამ, მე ვერ შემოგთავაზებთ პრაქტიკულ კაბალას, რომელიც მაგიური მიზნებისათვის გამოიყენება. ასეთი ცოდნის შესწავლა და მისი უსაფრთხოდ გამოყენება მხოლოდ მისტიურ ორდენებსა და ტაძრებშია შესაძლებელი. პრაქტიკული კაბალას გარკვეულ მითითებებს ამ წიგნში უცილობლად აღმოაჩენთ, რადგან ზოგიერთი კონცეფციის გადმოსაცემად ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება აუცილებელია, მაგრამ მათ, ვინც სამართლიანად ფლობს პრაქტიკული კაბალას გასაღებს, არ უნდა ეშინოდეთ, რომ მომდევნო გვერდებში გარკვეული ცოდნა არაინიცირებულთათვის ხელმისაწვდომი გახდება; მე საკმაოდ კარგად ვაცნობიერებ ყოველივეს შედეგს, რასაც ვაკეთებ.
13. თუ აქ მოცემული ინფორმაციისა და აღწერილი მეთოდების გატარების შედეგად ნებისმიერს შეუძლია თავად შეიმუშაოს პრაქტიკული კაბალას გასაღები, ვინ იდავებს, რომ მას არ აქვს ამის უფლებამოსილება?
14. სიცოცხლის ხე უაღრესად ღირებულია როგორც მედიტაციის გლიფი, და იგი საკმაოდ განსხვავდება მაგიურ ასპექტში მისი გამოყენებისაგან. მედიტაციის გზით, - რომლის პირადი გამოცდილების მცირე დეტალიც წინა თავში აღვწერე - საკუთარ არსებაში შესაძლებელია საპირისპირო ელემენტების ჰარმონიულ წონასწორობაში მოყვანა. ამ გზით ასევე შესაძლებელია ბუნების განსხვავებულ ასპექტებთან შეხება, რომელსაც ეს სიმბოლოები მაკროკოსმოსთან მიმართებაში წარმოადგენენ, მაშინაც კი, თუ ამ ძალებს არ ეძლევათ გარკვეული ფორმირება თილისმების მაგიაში. საკუთარი ჰოროსკოპის შესწავლის შედეგად მიღებული ინფორმაცია პასიურ ასპექტში არ უნდა აღვიქვათ, როგორც გარდაუვალი ბედისწერა, რომლის გასაჩივრებაც შეუძლებელია. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ თილისმების მაგია და სიცოცხლის ხეზე მედიტაციის ნაკლებად კონცენტრირებული მეთოდი, პირველ რიგში უნდა გამოვიყენოთ პირადი ჰოროსკოპის ყველა გაუწონასწორებელი ძალის კომპენსაციისათვის და ყოველი მათგანის წონასწორობაში მოსაყვანად. თილისმების მაგია, ასტროლოგიისთვის ისეთივეა, როგორც სამედიცინო მკურნალობა - დასმული დიაგნოზისთვის.
15. ამ წიგნში, პრაქტიკული მაგიის ფორმულების მოწოდება შეუძლებელია; ასეთი ფორმულების მისაღებად, აუცილებელია ინიციაციის შესაბამის გრადუსზე ვიმყოფებოდეთ (ინიციაციის საფეხურებს "გრადუსებით" მოიხსენიებენ), და ჩვენი ხარისხის შესაბამისად, გრადუსისადმი მინიჭებული პრაქტიკული მაგიის ფორმულა ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდება. ამგვარი ხელდასხმის საფეხურების გავლის გარეშე, ადამიანი არაფრით არ განსხვავდება იმისგან, ვინც სამკურნალო დიაგნოზის დადგენას მხოლოდ სამედიცინო სახელმძღვანელოს წაკითხვის შედეგად ცდილობს.
16. დასავლური ეზოთერული ტრადიციის დიდი საიდუმლოებების რიტუალური ინიციაცია, სიცოცხლის ხის პრინციპებზეა დაფუძნებული. ინიციაციის თითოეული გრადუსი კონკრეტულ სეფირას შეესაბამება. ანალოგიურად, ინიციაციის გზაზე დასაუფლებელია ბილიკები, რომელთაც მოცემულ სეფიროტებამდე მივყავართ. მაგალითად, განდობილები ამბობენ, რომ ინიციაციის გზაზე შემდგარი ადეპტი ოცდამეთორმეტე ბილიკის მბრძანებელი ხდება მაშინ, როდესაც სეფირა იესოდთან დაკავშირებულ ინიციაციას გაივლის; ხოლო ოცდამეოთხე, ოცდამეხუთე და ოცდამეექვსე ბილიკის მბრძანებლად იწოდება მაშინ, როცა სეფირა ტიფარეტამდე მიაღწევს. ამ საფეხურის მიღმა, განდობის უმაღლესი დონეები იწყება.
17. დიდი საიდუმლოებების შეცნობის საფეხურეობრივი ინიციაციის მიზანია ადეპტს გააცნოს თითოეული სეფირა, რომელიც ქვემოდან ზევით იწყება, ანუ მალქუთიდან კეტერისაკენ. სხვადასხვა გრადუსებზე მოცემული ინსტუქციები ეხება იმავე სფეროს სიმბოლიზმსა და ძალებს, რომელსაც სეფირა განეკუთვნება; იგივე ეხება ბილიკს, რომელიც სეფირებს ერთმანეთთან აკავშირებს და სრულ წონასწორობაში ამყოფებს. შესაბამისი ნიშანი და სიტყვა გამოიყენება სულიერი ხედვის ან ასტრალურ სფეროში პროექციის პროცესში. ადეპტს შეუძლია მთელი სიზუსტით და დარწმუნებულობით გადავიდეს ნებისმიერ უხილავ სფეროში და შეხვდეს ყველა არსებას, რომელიც მოცემულ სფეროს შეესაბამება; განდობილმა იცის, რა ფერები არსებობს ბილიკთა ოთხივე სამყაროში და სწორედ ამის მიხედვით ამოწმებს საკუთარ მიმართულებას; მაგალითად, სატურნის ოცდამეთორმეტე გზის ფერი არის ინდიგო, მუქი ლურჯი და შავი; აქედან გამომდინარე, თუ მედიტაციის პროცესში რაიმე სახის ალისფერი ფიგურა გამოჩნდება, ეს ნიშნავს, რომ ან მოჩვენებით წარმოსახვას აქვს ადგილი, ან ადეპტმა თავად გადაუხვია ბილიკიდან.
18. ბილიკების გავლის პროცესში, ასტრალური სხეულის პროექცია აუცილებელია მრავალი მიზეზის გამო, რათა შევინარჩუნოთ ინიციაციის გრადუსი, რომელსაც გავდივართ; ამ მიზეზთაგან მთავარს წარმოადგენს შემდეგი: ადეპტი, რომელსაც ინიციაციის გრადუსი მიღებული არ აქვს, ბილიკის მფარველი არსებებისთვის სრულიად უცნობი იქნება, რის შედეგადაც მფარველები მეგობრული დამოკიდებულების ნაცვლად მტრობას გამოამჟღავნებენ და ყველანაირად ეცდებიან მოგზაურის უკან დაბრუნებას. მეორეც, თუ ვინმე მოახერხებს მფარველისათვის გვერდის ავლას, მას არ ექნება საკმარისი ცოდნა, იმყოფება თუ არა ისევ ბილიკზე, ხოლო ქვედა სფეროში უამრავი არსებაა, რომლებიც მზად არიან თავხედურად ისარგებლონ ადეპტის უცოდინრობით.
19. თუმცა, ასეთმა გაფრთხილებებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგიკარგოთ ბილიკებისა და სფეროების კვლევის სურვილი იმ სახით, რიმელიც მე აღვწერე; მედიტაციის მსვლელობისას შესაძლებელია ბილიკის მფარველთან შეხვედრა და მასთან მისალმება. შესაძლოა მან თავად წარმოაჩინოს საკუთარი თავი და არავის აქვს უფლება, უარყოს მისი თანმყოფობის უფლებამოსილება.
20. ინიციაციური თვალსაზრისით, სიცოცხლის ხე წარმოადგენს მიკროკოსმოსის (ადამიანის) და მაკროკოსმოსის (სამყაროში მანიფესტირებული ღმერთის) დამაკავშირებელ სიმბოლოს. ინიციაციური რიტუალის აქტი ახდენს მიკროკოსმოსური სეფირას, ანუ ჩაკრის დაკავშირებას - მაკროკოსმოსის სეფირასთან; ასეთ დროს სფეროში ახალმოსული შემოჰყავს იმას, ვინც უკვე იქ იმყოფება. რიტუალის პროცესში, ფიზიკურ სფეროში ტაძარი მოწყობილია შესაბამისი სფეროს სიმბოლური მანიფესტაციით; ხოლო კონცენტრირებული წარმოსახვის მეშვეობით, მისი ასტრალური ასლიც შენდება, და ინვოკაციის დახმარებით ტაძარში იწვევენ იმ სეფირას ძალებს, რომლებზეც მუშაობენ.
21. გამოხმობილი ძალები ასტიმულირებენ განდობილის ჩაკრას და აღვივებენ მის აქტიურობას ადეპტის აურაში. ჩემს მიერ აღწერილ მედიტაციურ პრაქტიკაში, თვითშემეცნების პროცესი შედარებით ნელია - რიტუალური პროცესისაგან განსხვავებით, მაგრამ შესაფერისი ადამიანის ხელში საკმაოდ ეფექტურიც; თუმცა, მედუზას, კანარის თესლებით გამოკვებით, სიმღერას ვერ შევასწავლით.