თავი ოცდამეოთხე - იესოდი; მეცხრე სეფირა

სახელწოდება: იესოდი, საძირკველი. (ებრაული დასახელება: იოდ, სამეხ, ვაუ, დალეთ).

მაგიური ხატ-სახე: ძალიან ძლიერი, სიმპათიური შიშველი მამაკაცი.

განლაგება სიცოცხლის ხეზე: წონასწორობის სვეტის ფუძეში.

"სეფერ იეცირას" ტექსტი: მეცხრე ბილიკს ეწოდება სუფთა ინტელექტი, რადგან იგი ემანაციებს წმინდავს. ბილიკი განამტკიცებს და ასწორებს მათი განსახიერებების დიზაინს და განკარგავს ერთიანობას, რომელშიც ისინი გაყოფისა და დანაწევრების გარეშე თანაარსებობენ.

ღმერთის სახელი: შადდაი ელ ხაი. ყოვლისშემძლე ცოცხალი ღმერთი.

მთავარანგელოზი: გაბრიელი.

ანგელოზთა დასი: ქერუბიმები, ძალნი.

სამყაროსეული ჩაკრა: ლევანა, მთვარე.

სულიერი გამოცდილება: სამყაროს მექანიზმის ხილვა.

სათნოება: დამოუკიდებლობა.

მანკიერება: უსაქმურობა, სიზარმაცე.

შესაბამისობა მიკროკოსმოსში: რეპროდუქციული ორგანოები.

სიმბოლოები: სუნამოები და სანდლები.

ტაროს სუიტი: ოთხი ცხრიანი.

კვერთხების ცხრიანი: დიდებული ძალა, გამოწვევებს შორის შეჩერება დასვენებისა და მედიტაციისათვის, ნებისყოფის მოწოდება ბრძოლის გაგრძელებისთვის, იმედი, გამბედაობა, შეუპოვრობა, რწმენა, გამძლეობა, იბრძოლო საკუთარი თავისთვის, ძველი ჭრილობების შეხვევა, დაცვა, ტერიტორიული მთლიანობა, საბოლოო გამოწვევის გადალახვა, სიფრთხილე,  ფიზიკური ძალა, ავადმყოფობისგან გამოჯანმრთელების უნარი, ჯანსაღი იმუნური სისტემა, დაავადება ან ინფექციური დაავადებები, გამოვლენილი კონფლიქტი, ინდივიდუალური უფლებების დაცვა, შინაგანი ძალა, მიმართულების განსაზღვრა, აუცილებელი შეფერხება, საბოლოო გაჩერება ბოლო აქტივობის დაწყებამდე.

თასების ცხრიანი: მატერიალური ბედნიერება, კეთილდღეობა, გადაჭარბებული სიხარული, კმაყოფილება, ჯილდო, კომფორტი, ჯანმრთელობა, სიუხვე, ქედმაღლობა, კარგი ფინანსები, სურვილის ახდენა, ბედნიერი ქორწინება.

ხმლების ცხრიანი: სასოწარკვეთილება, სისასტიკე, წუხილი, შიში, ტკივილი, უიმედობა, დეპრესია, კოშმარები, შფოთვა, იმედგაცრუება, სევდა, უძილო ღამეები, უკიდურესი სტრესი, ცუდი განცდა, მუქარა, ცოდვები, წამება, უსარგებლო ან გადატვირთული გრძნობები, მოუსვენრობა, თავდაჯერებულობის ნაკლებობა, ფსიქიკური ტკივილი, უბედურება, სიძულვილი, ცილისწამება, წყევლა, საკუთარი თავის სიძულვილი, თვითგვემა, სინდისის დარტყმა, ავადმყოფობა, ქირურგია, უსაფუძვლო შიში, გინეკოლოგიური დაავადება, სიკვდილის შესაძლებლობა.

პენტაკლების ცხრიანი: მატერიალური მოგება, მდიდარი და დამოუკიდებელი ქალი, შინაური ცხოველების სიყვარული, მადლიერება, ფუფუნება, თვითკმარობა, უმაღლესი წარმატება, თვითკონტროლი, სიმდიდრე, კომფორტი, თავისუფალი დრო, ელეგანტურობა, კეთილდღეობა, რომელიც მოდის წინა ძალისხმევების შედეგად, უძრავი ქონების უპირატესობები, მემკვიდრეობა, ზეციური მანანა, განახლება, მატერიალური უსაფრთხოება, დამატებითი შემოსავალი, დაკმაყოფილება, ნიჭის და პოტენციალის გონივრულად გამოყენება, იზრუნეთ საკუთარი თავისთვის, მებაღეობა, გარემოზე ზრუნვა, განმარტოება.

ფერი აზილუთში: ინდიგო.

ბრიაჰში: იისფერი.

იეცირაში: ძალიან მუქი მეწამული.

ასიაში: ციტრინისფერი, ცისფერი ტონებით.

 

I

1. იესოდის სიმბოლიკის შესწავლა ორ აშკარად შეუთავსებელ სიმბოლოთა ნაკრებს ავლენს; ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს იესოდის კონცეფცია, როგორც სამყაროს საძირკველი, რომელიც ძალაუფლებაშია დამკვიდრებული; ამაზე მიუთითებს იესოდის მაგური ხატ-სახე, ძალიან ძლიერი, სიმპათიური შიშველი მამაკაცი. იგივე ასპექტს ავლენს იესოდის ღმერთის სახელი, შადდაი ელ ხაი, რაც თარგმანში ყოვლისშემძლე ცოცხალ ღმერთს ნიშნავს; ამის კიდევ ერთი დადასტურებაა იესოდის ანგელოზთა დასი, ქერუბიმები, ანუ ძალნი, და ტაროს სუიტში იესოდთან დაკავშირებული კვერთხების ცხრიანი, რომლის საიდუმლო ოკულტური სახელწოდებაა "დიადი ძალაუფლების მბრძანებელი". მაგრამ, მეორეს მხრივ იესოდში ჩვენ გვაქვს მთვარის სიმბოლიზმი, რომელიც ძალიან ფლუიდურია, იგი მუდმივი ნაკადისა და რეფლუქსის მდგომარეობაში იმყოფება და წყლის ელემენტის მთავარანგელოზის, გაბრიელის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.

 2. როგორ შევაკავშიროთ ეს ურთიერთგამომრიცხავი ცნებები? პასუხს "სეფერ იეცირას" ტექსტში ვპოულობთ, რომელიც ამბობს, რომ "იგი ემანაციებს წმინდავს. ბილიკი განამტკიცებს და ასწორებს მათი განსახიერებების დიზაინს და განკარგავს ერთიანობას, რომელშიც ისინი გაყოფისა და დანაწევრების გარეშე თანაარსებობენ". ეს კონცეფცია კიდევ უფრო ნათელია იესოდისთვის მინიჭებული სულიერი გამოცდილების ბუნებით, რომელიც აღწერილია, როგორც „სამყაროს მექანიზმის ხილვა."

 3. ჩვენ ვღებულობთ კონცეფციას ჰოდის სეფირაში არსებული ქაოსის თხევადი წყლების შესახებ, რაც საბოლოოდ შეკრებილი და ორგანიზებული ხდება. "იეცირას" ფინალური წინადადება, "რომელშიც ისინი გაყოფისა და დანაწევრების გარეშე თანაარსებობენ", აღნიშნავს ხილვას, რომელიც სეფირას სულიერი გამოცდილების საზრისს განსაზღვრავს. იესოდი შეიძლება შეფასდეს, როგორც სამყაროს მექანიზმის სეფირა; თუკი დედამიწას ოკეანეში მცურავ გემს შევადარებთ, იესოდი გემის ძრავის ოთახი იქნება.

4. იესოდი თავისებური სუბსტანციის სფეროა, სადაც როგორც მენტალური, ასევე მატერიალური ბუნების ასპექტები მონაწილეობენ; ამ სუბსტანციას აკაშას პრინციპს ან ასტრალურ სინათლეს უწოდებენ. ეს სუბსტანცია არ არის იგივე, რაც ფიზიკოსების მიერ ხშირად მოხსენიებული ეთერი, რომელიც უბრალოდ მალქუთის სფეროს ცეცხლის ელემენტის განსახიერებაა. ჩვენს მიერ მოხსენიებული ეთერი უფრო მკვრივ მატერიას ეხება; ის, ფაქტობრივად იმგვარი ფენომენების საფუძველია, რომელსაც ფიზიკოსები ემპირიულ ეთერს მიაწერენ. აკაშას პრინციპს ან ასტრალურ სინათლეს, თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ფიზიკის ეთერის ფესვები.

 5. მატერიალისტისთვის მატერიალური სამყარო ამოუხსნელი ამოცანაა, რადგან იგი დაჟინებით ცდილობს სამყარო მხოლოდ საკუთარი სფეროს თვალსაზრისით ახსნას. სამყაროს ახსნა ისეთი რამაა, რაც ვერასდროს მოხდება აზროვნებისა და გონების სფეროში. ვერასდროს ვერაფერი აიხსნება თავად ტერმინების გამოყენებით, არამედ მხოლოდ უფრო ფართომასშტაბიან მთლიანობაში დანახვით. ანტიკურ ხალხთა ოთხი ელემენტი საკუთარ ახსნას მეხუთე ელემენტში პოულობს, რომელიც ინიცირებულთათვის ეთერს წარმოადგენს. ეს არის ეზოთერული ფილოსოფიის დოქტრინის ერთ-ერთი ასპექტი; ნებისმიერ ოთხ ხილულ მდგომარეობას ფესვი ყოველთვის მეხუთეში აქვს, რომელიც უხილავია. ასე მაგალითად, კაბალისტების ოთხ სამყაროს თავისი ფესვები არამანიფესტირებული ფარდების მიღმა აქვს. ასე რომ, იესოდში ჩვენ მალქუთის ოთხი ელემენტის არამანიფესტირებულ, მეხუთე ელემენტს ვპოულბთ.

 6. იესოდი უნდა ჩაითვალოს, როგორც მალქუთის ფიზიკურ სიბრტყეში ემანაციების ერთადერთი გადამცემი საშუალება. როგორც "იეცირა" ამბობს, იესოდში ემანაციები იწმინდება და მტკიცდება. შესაბამისად, იესოდში სრულდება ყველა ოპერაცია, რომელიც საჭიროა მკვრივი მატერიის სფეროს გამოსასწორებლად; მაშასადამე, იესოდი არის ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო ნებისმიერი მაგიისთვის, რომლის მიზანსაც ფიზიკურ სამყაროში ეფექტის მოხდენა წარმოადგენს.

 7. უნდა აღინიშნოს, რომ ყოველი სფერო მუშაობს თავისი ბუნების შესაბამისად და ეს ბუნება არ შეიძლება რამენაირად შეცვლილ იქნეს ნებისმიერი სახის მაგიური ან სასწაულებრივი გავლენის მეშვეობით, რამდენად ძლიერიც არ უნდა იყოს იგი; ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ "შევასწოროთ" გამოსახულებები, თუმცა განსახიერებული საგნები იგივედ რჩება. ამრიგად, მატერიალური სამყაროს პირობები არ შეიძლება თვითნებურად იქნეს განკარგული, რადგან ისინი უმაღლესი სულიერი ძალების მიერ არიან განპირობებულნი; ლოცვისას ადამიანი სწორედ ღვთაებას მოუწოდებს, რათა ჩაერიოს ამა თუ იმ ცხოვრებისეულ მოვლენაში და განკურნოს დაავადებები ან სულაც, წვიმა მოავლინოს დედამიწაზე; მატერიაზე არ შეიძლება გავლენა იქონიოს უძლიერესმა მაგმაც კი, რომელიც საოცარ შელოცვებს იყენებს. მე არ ვამბობ, რომ მაგს გავლენის მოხდენა არ შეუძლია, მე ვამბობ რომ არ შეიძლება. მალქუთთან დაკავშირებით ერთადერთი მიდგომა შესაძლებელია იესოდის მეშვეობით, ხოლო თავად იესოდთან მიახლოება ჰოდის გავლითაა შესაძლებელი. მოდით ერთხელ და სამუდამოდ ყველამ გამოვრეცხოთ ჩვენი გონება იმ იდეისგან, რომ სულს შეუძლია უშუალოდ მატერიის გავლით იმოქმედოს; იგი ასე არასოდეს იქცევა. სული მუშაობს გონების მეშვეობით, ხოლო გონება ეთერის გავლენით. ეთერი, რომელიც მატერიის ჩარჩოს და სასიცოცხლო ძალების მექანიზმს წარმოადგენს, შესაძლებელია მანიპულირდეს მისი ბუნების ფარგლებში, რომელიც სულაც არ არის უმნიშვნელო რამ. ყველა სახის სასწაული და ზებუნებრივი მოვლენა ეთერის ბუნების გავლენით ხორციელდება. ჩვენ აღარ უნდა მივაწეროთ მსგავსი მოვლენები ღმერთის პირდაპირ ჩარევას ან გარდაცვლილთა სულების მოქმედებებს; ეს ყველაფერი ისევე რეალურია, როგორც დღეს-დღეისობით აღმოჩენილი წვის ფენომენი, რომელსაც ფლოგისტონის მოქმედება ეწოდება. (ფლოგისტონის თეორია (ძვ. ბერძ. φλογιστόν (ფლოგისტონ)–წვა , φλόξ phlóx-დან "ცეცხლი") – თეორია, რომლის თანახმად ყოველი წვადი ნივთიერება (ხე, ზეთი) და არაკეთილშობილი ლითონები (რკინა, ტყვია, სპილენძი) შედგება ნაცრისა(“ხენჯი”, “კირი”) და ფლოგისტონისგან.იგი პირველად წარმოადგინა იოჰან ოაკიმ ბეხერმა 1667 წელს. თეორია იყო ერთგვარი ცდა აღეწერა წვა და მეტალთა ჟანგვა, თანამედროვე ამ პროცესებს ხსნის წვის ჟანგბადოვანი თეორიით. მიუხედავად თეორიის სიმცდარისა, წარმოდგენებმა ფლოგისტონის შესახებ დიდი როლი შეასრულა ქიმიის, როგორც მეცნიერების ჩამოყალიბებაში. ამ თეორიის სიმცდარე დაამტკიცა ანტუან ლავუაზიემ XVIII საუკუნის დასასრულს (წყარო: ვიკიპედია). დადგება დღე, როდესაც ადამიანები ფსიქიკურ მოვლენებს და "სულიერ" განკურნებას ისევე შეხედავენ, როგორც ჩვენ ვუყურებთ დღეს ფლოგისტონს.

 8. ჩვენი ცოდნის დღევანდელი მდგომარეობით შეუძლებელია რათა სრულიად აღვწეროთ იესოდური ეთერის ბუნება, თუმცა შეგვიძლია დავაფიქსიროთ გარკვეული საკითხები, რაც გამოცდილების შედეგად არის ნასწავლი. ბევრი რამ ისწავლეს ექტოპლაზმასთან ექსპერიმანტალური მუშაობისას, რომელიც ბუნებით მასთან ძალიან ახლოს იმყოფება; ფაქტობრივად, შეიძლება იგი აღვწეროთ, როგორც ორგანული ეთერი - ფიზიკის ეთერისგან განსხვავებით, რომელიც არაორგანულია.

 9. თუმცა, ჩვენ ასტრალური ეთერის საბოლოო ბუნებაზე იმაზე მეტი არ ვიცით, ვიდრე ელექტროენერგიის შესახებ არის ცნობილი. თუმცა დაკვირვების შედეგად ვიცით, რომ ის ფლობს გარკვეულ თვისებებს. პრაქტიკული ოკულტისტის მუშაობისთვის ამ თვისებებიდან კონკრეტულად ორი თვისება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც, ფაქტობრივად, საფუძველს უქმნის მთელს სისტემას.

 10. ამ თვისებებიდან პირველი არის ასტრალური ეთერის შესაძლებლობა, რომელიც გონებრივ ფორმებად უნდა ჩამოყალიბდეს; მეორე თვისება არის  ასტრალური ეთერის უნარი, შეინარჩუნოს მკვრივი მატერიის მოლეკულები მისი ბადისებრი დაძაბულობის ხაზებში. შეიძლება კითხვა დაისვას, საიდან ვიცით, რომ ეთერი ფლობს მოცემულ თვისებებს, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი მაგიური ჰიპოთეზისთვის? ჩვენ ვპასუხობთ, რომ ამ თვისებების არსებობა ერთადერთი ახსნაა ცოცხალი მატერიისა და ცნობიერი გონების თვისებათა მიმართ. ჩვენ არ შეგვიძლია გონებისა და მატერიის ახსნა მხოლოდ თავიანთი მოცემულობის ფარგლებში.

 

 II

  11. მაგიის თვალსაზრისით, იესოდი ყველაზე მნიშვნელოვანი სეფირაა, ისევე როგორც ტიფარეტია მისტიციზმის ფუნქციონალური სეფირა, რომელიც ზეციერ სამყარსთან ტრანსცენდენტური კავშირით გამოირჩევა. როდესაც სიცოცხლის ხე მთლიანობაში განიხილება, აღმოვაჩენთ, რომ იგი ტრიადების მეშვეობით ფუნქციონირებს. პრაქტიკაში გამოცდილმა ყველა კაბალისტმა იცის, რომ ჩვენი ინკარნაციის მიზანს ტიფარეტამდე მიღწევა წარმოადგენს, რადგან ტიფარეტი ჩვენთვის იგივე კეტერია; ამის მიზეზი ისაა, რომ არავის შეუძლია ღმერთის დანახვა ინკარნაციაში ყოფნისას; "ვერ შეძლებ ჩემი სახის ხილვას, რადგან ისე ვერ მიხილავს ადამიანი, რომ ცოცხალი დარჩეს". (გამოსვლა 33:20). ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ მხოლოდ ძეში ასახული მამა, ანუ ტიფარეტი, რომელიც მისი გავლით მამას გვიჩვენებს.

 12. ნეცახი, ჰოდი და იესოდი ქმნიან ქვედა ტრიადას, რომელიც დაჩრდილულია ტიფარეტის მიერ, ისევე როგორც "უმაღლესი მე" ჩრდილავს "დაბალ მეს". შეიძლება ითქვას, რომ ოთხი დაბალი სეფიროტი ქმნის დაბალ პიროვნებას, ანუ ინკარნაციის ერთეულს. ხესედის, გებურასა და ტიფარეტის უმაღლესი ტრიადა კი ინდივიდუალობას, "უმაღლეს მეს" ქმნის; ხოლო სამი უზენაესი სეფირა ღვთაებრივ ნაპერწკალს შეესაბამება.

 13. მიუხედავად იმისა, რომ სეფირა ყოველთვის განიხილება, როგოც წინა სეფირას მემკვიდრე, მათი შესწავლილას შეინიშნება, რომ ორი ურთიერთსაპირისპირო სეფირა წარმოქმნის წონასწორობის სეფირას, რომელიც ორივე მათგანს აბალანსებს; მაშასადამე, ნეცახი და ჰოდი იესოდში არიან დაბალანსებულნი, რომელიც მათ ემანაციებს გასცემს და ღებულობს. მაგრამ, იესოდი ემანაციებს ტიფარეტისგანაც ღებულობს, რაც თავის მხრივ კეტერის ფუნქციონალური სეფირაა; წონასწორობის სვეტზე ყველა სეფირას აქვს ეთმანეთთან კავშირი. ამიტომ, კაბალისტების ენაზე იესოდს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს "ემანაციების ჭურჭელი" და სწორედ იესოდიდან ღებულობს მალქუთი ღვთაებრივი ძალების შემოდინებებს.

 14. იესოდი უაღრესად მნიშვნელოვანი სეფირაა პრაქტიკოსი ოკულტისტისთვის, რადგან ეს არის პირველი სეფირა, როდესაც ოკულტისტი ასტრალურ სფეროს ეცნობა და "სფეროთა ამაღლების" ოპერაციას იწყებს ცნობიერების მალქუთის ზემოთ აწევის მიზნით. ტანჯვის ოცდამეთორმეტე ბილიკის, ანუ სატურნის ბილიკის გავლის შემდეგ, ადეპტი შედის იესოდის სფეროში, რომელიც მაიას (ილუზიის) სფეროა. იესოდი უდავოდ ილუზიების სფეროა, რადგან იგი მხოლოდ ირეკლავს; მალქუთის სფეროში იესოდი შეესაბამება ფსიქოლოგების მიერ განმარტებულ არაცნობიერს, რომელიც სავსეა უძველესი და მივიწყებული საგნებით, რისი სათავეც ჯერ კიდევ ღრმა ბავშვბიდან ან რასობრივი ბავშვობიდან იწყება. გასაღებები, რომლებიც იესოდის კარებს ხსნიან, მოიპოვება ჰოდში, მაგიის სფეროში. მისტერიებში ჭეშმარიტად ნათქვამია, რომ განდობის არც ერთი გრადუსი არ გახდება ფუნქციონალური, სანამ ერთი მეორეს არ გააღებს. ვინც შეეცდება იესოდში ადეპტის ფუნქცია შეასრულოს, მალევე გაიგებს თავის შეცდომებს, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ მასში არსებული გამოსახულებების აღქმა უკვე შეუძლია, მას არ აქვს ძალაუფლების სიტყვა, რომლითაც მათ უნდა უბრძანოს. დასავლური ინიციციაციის ბილიკის დასაწყისშივე, (მე ვერ გიპასუხებთ აღმოსავლურზე, რადგან არ ვიცი) მცირე საიდუმლოებების ქულები პირდაპირ ტიფარეტამდე ადის და არ მოძრაობს ელვისებურად; როგორც ადრე აღვნიშნეთ, ცნობიერების ამაღლება წონასწორობის სვეტზე ხორციელდება. ტიფარეტში ადეპტი ინიციცაციის პირველ ხარისხს ღებულობს; ადეპტის სურვილის შემთხვევაში, მას შეუძლია შეისწავლოს მაგიური ტექნიკები სიცოცხლის ხეზე, ანუ ინკარნაციის მაკროკოსმოსური ერთეულები; თუ მას ამის სურვილი არ გააჩნია, მაგრამ უნდა რომ დაბადებისა და სიკვდილის ბორბლისაგან განთავისუფლდეს, იგი განაგრძობს საკუთარ გზას ცენტრალურ სვეტზე, რომელსაც კაბალისტები "ისრის ბილიკს" უწოდებენ, და ადეპტი დაათის უფსკრულის გავლით კეტერს მიუახლოვდება. ის, ვინც სინათლეში შეაბიჯებს, უკან აღარ ბრუნდება.

 15. იესოდი არის ასევე მთვარის სფერო. ამიტომ, მისი მნიშვნელობის გასაგებად რაღაც უნდა ვიცოდეთ იმის შესახებ, თუ როგორ განიხილება ოკულტიზმში მთვარე. ინიცირებულები ამბობენ, რომ მკვრივი მატერიის ჩამოყალიბებისა და ეთერული ფაზის მონაკვეთში მთვარე დედამიწას გამოეყო. მაშასადამე, მთვარეს აქვს რაღაც მატერიალური შემადგენლობის მსგავსი; აქედან გამომდინარე, სწორედ ესაა მანათობელი გლობუსი, რომელსაც მისი სახით ვხედავთ ხოლმე ცაში; მაგრამ, მთვარის მართლაც მნიშვნელოვანი ნაწილის კომპოზიცია თავისი არსით ეთერულია, რადგან იგი ასახულია ევოლუციის ფაზაში; როდესაც სიცოცხლე ეთერულ ფორმას ავითარებდა, მთვარეს თავისი აყვავების პერიოდი ჰქონდა და სწორედ ამიტომ ამ ფაზას ზოგიერთი ოკულტისტი მთვარის ევოლუციის ფაზად მოიხსენიებს. თუ გსურთ მეტი იცოდეთ ამ საკითხის შესახებ, წაიკითხეთ მაქს ჰეინდელის წიგნი "the Rosicrucian Cosmo-conception" და მადამ ბლავატსკაიას "საიდუმლო დოქტრინა". ოკულტისტისთვის საკმარისია დოგმატურად გარკვეული ფაქტების მიწოდება და იმის მითითება, თუ სად შეუძლია მას შემდგომი ინფორმაციის პოვნა, თუ ამის სურვილი ამოძრავებს.

  16. ოკულტური თეორიის მიხედვით, მთვარე და დედამიწა ერთსა და იგივე ეთერულ ორეულს/დუბლს იზიარებენ, თუმცა მათი ფიზიკური სხეულები ერთმანეთისგან განცალკევებულნი არიან; მთვარე ამ შემთხვევაში ერთგვარად დედამიწის პარტნიორის როლს ასრულებს; ეთერულ საკითხებში მთვარე არის ბატარეის დადებითი პოლუსი, ხოლო დედამიწა უარყოფითი პოლუსი. როგორც უკვე ვიცით, იესოდი ასახავს ტიფარეტის მზეს, რომელიც თავის  მხრივ თავად კეტერია, ყოფიერების ქვედა შკალაზე. ასტრონომები უკვე დიდი ხანია გვეუბნებიან, რომ მთვარე მზის მიერ ნასესხები შუქის მეშვეობით ანათებს, მაგრამ ისინი მხოლოდ ახლაღა იწყებენ მინიშნებების დანახვას, რომ თავად მზე ამ მანათობელ ცეცხლოვან ენერგიას შეიძლება კოსმოსიდან იღებდეს. კაბალისტური ტერმინოლოგიის მიხედვით, კოსმიური სივრცე სწორედ ის "დიადი არამანიფესტირებულია", რომელშიც ზოგადად კეტერის სეფირას მოიხსენიებენ. კაბალისტებისთვის მოცემული დოქტრინა ჯერ კიდევ იმ დროიდან იყო ცნობილი, როცა ენოქი დედამიწაზე დადიოდა; "დადიოდა ღმერთთან ენოქი და აღარ იყო, რადგან წაიყვანა იგი ღმერთმა". (დაბადება 5:24). -  აქ იგულისხმება, რომ ენოქმა კეტერის ინიციაცია მიიღო.

 17. ზემოაღნიშნულიდან ჩანს, რომ იესოდ-ლუნა მუდმივად ფლუქსის და რეფლუსის ფაზაში იმყოფება; იგი ირეკლავს მზის შუქის ენერგიას და ოცდარვადღიანი ციკლის განმავლობაში მისი ენერგიის ზრდასა და კლებადობას განიცდის. ანალოგიურად, მალქუთ-დედამიწას აქვს სამას სამოცდახუთდღიანი ციკლი, რომლის ფაზებიც ბუნიობისა და მზებუდობის ციკლებითაა განსაზღვრული. (გაზაფხულის ბუნიობა: 20 ან 21 მარტი; შემოდგომის ბუნიობა: 23 სექტემბერი; ზაფხულის მზებუდობა: 21 ან 22 ივნისი; ზამთრის მზებუდობა: 21 ან 22 დეკემბერი). ამ ენერგეტიკული ტალღების ურთიერთქმედება ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკული ოკულტიზმისთვის, რადგან ოპერაციების დიდი ნაწილი სწორედ ამ ფაზებზეა დამოკიდებული. მსგავსი ტალღების სქემები ყოველთვის საიდუმლოდ ინახებოდა, ზოგიერთი მათგანი კი გამოსათვლელად მეტად რთულია. მსგავსი ფაზების შესახებ ცოდნა საიდუმლო ოპერაციებს და ნამდვილ, ლეგიტიმურ ოკულტიზმს ეხება, რომლის წვდომაც მხოლოდ ინიციაციის საფეხურების დაწყების შემდეგაა შესაძლებელი, ამიტომ, არ შემიძლია მსგავსი საკითხები მოცემულ გვერდებზე უფრო დეტალურად განვიხილო. ოკულტიზმის სტუდენტები, რომლებიც მუშაობას საჭირო სქემების გარეშე ცდილობენ, დროს ფუჭად ხარჯავენ.

 18. მთვარის ფაზები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც მცენარეული, ასევე ფიზიოლოგიური არსებების ცხოვრებაშიც. მცენარეულად მთვარის ფაზებზეა დამოკიდებული მათი ზრდა და გაღვივება, ხოლო ფიზიოლოგიურ ასპექტში ეს არის რეპროდუქციული ციკლი, რაც ქალის სექსუალურ ციკლშიც აღინიშნება. მამაკაცს სექსუალური ციკლი მზის წელიწადის მიხედვით აქვს; ხელოვნურად განათებულ და გამთბარ ცივილიზებულ ხალხებში ასეთი ციკლი არც ისე გამოკვეთილია. თუმცა ერთმა პოეტმა ჩვენი ყურადღება მსგავს ციკლზე მაინც გაამავხილა, როცა დაწერა: "გაზაფხულზე ახალგაზრდა მამაკაცის ფანტაზია მსუბუქად გადადის სასიყვარულო აზრებზე".

 19. სწორედ მთვარის შუქია მასტიმულირებელი ფაქტორი ყველანაირი სახის ეთერულ აქტივობებში და ყველა ეთერული აქტივობა ყველაზე აქტიური მაშინაა, როდესაც მთვარე სავსეა. ანალოგიურად, მთვარის დაბნელების ფაზაში ეთერული ენერგია ყველაზე დაბალია და არაორგანიზებულ ძალებს სწორედ ასეთ მომენტებში აქვთ მიდრეკილება, რათა აღდგნენ და უბედურებები გამოიწვიონ. ასეთ დროს ქლიფოთის დრაკონი საკუთარ მრავალ თავს წამოწევს. ძალიან გამოცდილი ოკულტისტების გარდა, ასეთ დროს პრაქტიკული ოკულტიზმის სამუშაოები მიზანშეწონილი არ არის, რომ არაფერი ვთქვათ დამწყებ ადეპტებზე. მთვარის სიბნელის ფაზაში სასიცოცხლო ძალები შედარებით სუსტები არიან, ხოლო გაუწონასწორებელი ძალები შედარებით ძლიერები; გამოუცდელი ადამიანის ხელში კი შედეგად დგება ქაოსი.

 20. ყველა ექსტრასენსი და მედიუმი გრძნობს კოსმიური ტალღების სიმძლავრეს; ისინიც კი, რომელთაც საკმარისი სენსიტიურობა არ გააჩნიათ მსგავსი ენერგიების შეგრძნებისათვის, იმაზე მეტად ექცევიან ასეთი ენერგიების გავლენის ქვეშ, ვიდრე ამას აცნობიერებენ, განსაკუთრებით ავადმყოფობის დროს, როდესაც ფიზიკური ენერგია ისედაც დაბალია.

 21. იესოდზე ბევრი რამის თქმა არ შემიძლია, რადგან მასში მაგიური სამუშაოების გასაღებები იმალება. ამიტომ, ამჯერად დავკმაყოფილდეთ მისი სიმბოლიზმის განხილვით, ხოლო თუ ვინმეს პრაქტიკულ ასპექტში მითითებების გამოყენება სურს, ვეტყოდი, რომ ვისაც ყური აქვს, ისმინოს.

 22. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ ნეცახის და ჰოდის დუალისტური ბუნება; ჰოდის მაგიური ხატ-სახე ჰერმაფროდიტია, ხოლო ვენერა-აფროდიტე ზოგჯერ წარმოდგენილია როგორც ულამაზესი შიშველი ქალი. იესოდში ისევ ვხვდებით ამ ორმაგ სიმბოლიზმს, რომელსაც მალქუთშიც შევხვდებით. ეს ნათლად მიუთითებს, რომ დაბალ შკალაზე აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ იესოდში და მალქუთში არსებული ფორმაციისა და ძალაუფლების ასპექტები. ისინი ნათლად ვლინდებიან ორივე სეფიროტში, რომელთაც ღმერთები და ქალღმერთები მიეკუთვნებიან.

 23. იესოდი არსებითად მთვარის სფეროა, ამიტომ ბერძნულ პანთეონში იგი მთვარის ქალღმერთის, დიანას მმართველობის ქვეშ იმყოფება. ეგვიპტურ პანთეონში იგივე როლს ასრულებს ქალღმერთი ისისი.

 24. მთვარეს ჰყავს სამი ქალღმერთი: დიანა, სელენა (ან ლუნა) და ჰეკატე. ეს უკანასკნელი, ასევე ჯადოქრობისა და შელოცვების ქალღმერთია, რომელიც ბავშვის დაბადების ქალღმერთადაც ითვლება.

 25. ეგვიპტურ პანთეონში არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი მთვარის ღმერთი, სახელად ხონსუ, რომელიც საკმაოდ განსხვავდება თოთისგან, რომელიც მაგიის ღმერთია. ასე რომ, როდესაც ჰეკატეს საბერძნეთში ვპოულობთ, ხოლო ხონსუს ეგვიპტეში, შეუძლებელია არ ვაღიაროთ მთვარის სფეროს მნიშვნელობა ზოგადად მაგიის სფეროში. რა არის მაგიური მთვაროს გასაღები, როდესაც მის პანთეონში ხან ქალწულ ქალღმერთს ვხვდებით, ხანაც ნაყოფიერების ქალღმერთს?

 26. პასუხი არც ისე შორსაა; მთვარის რიტმული ბუნება ფემინურ ასპექტში სექსუალური ხასიათისაა.

 27. მთვარის ციკლურ რიტმთან ურთიერთობისას საქმე გვაქვს ეთერულ და არა ფიზიკურ პირობებთან. ცოცხალი არსებების მაგნეტიზმი გარკვეული ხარისხით იკლებს და მატულობს. ამაზე დაკვირვება ძნელი არ არის, თუ იცით, რას და როგორ დააკვირდეთ. თავისთავად მაგნეტიზმის მოძრაობა საკუთარ თავს ყველაზე მკაფიოდ იმ ადამიანებს შორის ურთიერთობაში ავლენს, რომლებშიც მაგნეტიზმი საკმაოდ კარგადაა დაბალანსებული; ხან ერთი იქნება აღმავალ ტალღებში, ხან - მეორე.

 28. შეიძლება გაჩნდეს კითხვა, თუკი იესოდი ეთერული სფეროა, რატომ ენიჭება მას მიკროკოსმოსურ ასოციაციაში რეპროდუქციული ორგანოები? ამ კითხვაზე პასუხი სექსის ასპექტების ცოდნაში მდგომარეობს, რომლის შესახებ ცოდნაც სავსებით დაიკარგა დასავლურ სამყაროში. მოცემულ გვერდებზე ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალურად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ საკმარისი იქნება აღვნიშნო, რომ სექსის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი სწორედ ეთერულ და მაგნიტურ ურთიერთქმედებაში იმალება. ფიზიკური სექსი შეგვიძლია შევადაროთ აიზბერგის ზედაპირს, რომლის ენერგეტიკული ფაქტორის ოთხმოცი პროცენტიც აისბერგის ზედა ნაწილის ქვემოთ ტივტივებს. ჩვენს მიერ სწორედ ასეთი საკითხების უგულებელყოფის გამოა, რომ უთვალავი ქორწინება ვერ ასრულებს ორი ნახევრის სრულყოფილ მთლიანობად გადაქცევის ამოცანას.

 29. იესოდის სიმბოლიზმში გვაქვს სუნამოები და სანდლები, რომლებიც მაგიურ ოპერაციებში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. სანდლები ერთგვარი რბილი ფლოსტების ნაირსახეობაა, რომელიც მაგიურ წრეში დგომის დროს გამოიყენება. „უთხრა უფალმა მოსეს: გაიძრე სანდლები, რადგან ადგილი სადაც შენ დგახარ, წმინდა მიწაა“. (გამოსვლა 3:5).

30. ტაროს სუიტში იესოდთან დაკავშირებული არკანებია ოთხი ცხრიანი. კვერთხების ცხრიანი არის დიდებული ძალა, რადგან ადამიანი მატერიალურ სფეროში კურთხევას ღებულობს. თასების ცხრიანი განასახიერებს მატერიალურ ბედნიერებას, რაც ასევე კურთხევაა, რადგან კურთხევის გარეშე შეუძლებელია მატერიალური ბედნიერება. კურთხევის არარსებობის შემთხვევაში ადამიანის ნერვულ სისტემაში სიმშვიდე არ არსებობს, ამიტომ, იესოდის უარყოფითი მხარეა სასოწარკვეთილებისა და სისასტიკის სიღრმეები, რასაც ხმლების ცხრიანი განასახიერებს.  დედამიწის კონტაქტებთან სწორი და ადეკვატური ურთიერთქმედებით ჩვენამდე მოდის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, რომელსაც პენტაკლების ცხრიანი განაგებს.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff