თავი მეჩვიდმეტე - ბინა; მესამე სეფირა

სახელწოდება: ბინა, გაგება. (ებრაული დასახელება: ბეთ, იოდ, ნუნ, ჰე).

მაგიური ხატ-სახე: ზრდასრული ქალბატონი. მატრონი.

განლაგება სიცოცხლის ხეზე: სიმძიმის სვეტის სათავეში.

"სეფერ იეცირას" ტექსტი: მესამე ინტელექტს ეწოდება განმწმენდი ინტელექტი, პირველყოფილი სიბრძნის საფუძველი; მას აგრეთვე უწოდებენ რწმენის შემოქმედს და მისი ფესვები "ამინ"-შია. ეს არის რწმენის მშობელი, რადგან რწმენა მისგან ემანირდება.

აღწერილობითი დასახელებები: ამა, ბნელი სტერილური დედა. აიმა, ნათელი ნაყოფიერი დედა. ხორსია, ტახტი. მარაბ, დიდებული ზღვა.

ღმერთის სახელი: იეჰოვა ელოჰიმი.

მთავარანგელოზი: ცაპკიელი.

ანგელოზთა დასი: არალიმები, ტახტები.

სამყაროსეული ჩაკრა: შაბბათჰაი, სატურნი.

სულიერი გამოცდილება: მწუხარების ხილვა.

სათნოება: მდუმარება.

მანკიერება: სიძუნწე.

შესაბამისობა მიკროკოსმოსში: სახის მარჯვენა მხარე.

სიმბოლოები: იონი. კეისი. ვესიკა პისცის. ჭიქა ან თასი. გარეგანი დაფარული სამოსი.

ტაროს სუიტი: ოთხი სამიანი.

კვერთხების სამიანი: ჩამოყალიბებული ძლიერება. მოგზაურობა. საზღვარგარეთ წასვლა. უცხო მიწა. წინდახედულობა. საკუთარი თავის რწმენა. თავისუფლება. წარმატება. არჩევანით/შედეგით კმაყოფილება. შრომისმოყვარეობის დაფასება. თავგადასავალი. ბედი მამაცების მხარესაა.

თასების სამიანი: სიუხვე. გაერთიანება. დღესასწაული. სოციალიზაცია. ქორწილი. ნიშნობის წვეულება. ბედნიერი დროება.

ხმლების სამიანი: მწუხარება. ღალატი. მარტოობა. განშორება. დეპრესია. უბედურება. არეულობა. გაუცხოება. დაბნეულობა. დაკარგვა. ავადმყოფობა. იმედგაცრუება. კონფლიქტი. ტრავმა. სერიოზული გაუგებრობა. ცრემლები.

პენტაკლების სამიანი: მატერიალური სამუშაო. სწავლა. შემოქმედება. შრომისმოყვარეობა. ვალდებულება. გუნდური მუშაობა. დეტალებისადმი ყურადღება. მიღწევა. ჯილდო. ძალისხმევა. მოტივაცია.

ფერი აზილუთში: ჟოლოსფერი.

ბრიაჰში: შავი.

იეცირაში: მუქი ყავისფერი.

ასიაში: ნაცრისფერნარევი ვარდისფერი.

I

1. სეფირა ბინა, უმაღლესი სამების მესამე წარმომადგენელია და მის გასაგებად ჩვენი ამოცანის მიზანია ერთდროულად გავშალოთ და გავამარტივოთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, რადგან მას სეფირა ხოქმას ფონზე შევისწავლით, რომელიც აბალანსებს ბინას ენერგიებს საპირისპირო სვეტზე. სეფირას გაგება შეუძლებელია მისი მდებარეობის გათვალისწინების გარეშე, რადგან სიცოცხლის ხეზე მისი ადგილი კოსმიურ ურთიერთობებზე მიუთითებს; სწორედ ადგილმდებარეობის მიხედვით ვაკვირდებით სეფირას პერსპექტივას და იმას, თუ საიდან მოდის და საით მიდის კონკრეტული სეფირა; ასევე, რა გავლენას ანხორციელებს იგი სამყაროში და როგორ გამოიყურება მთლიანი სქემის თვალსაზრისით მისი ძალაუფლება.

2. ბინა განასახიერებს სამყაროს ფემინურ პოტენციალს, ისევე როგორც ხოქმა განასახიერებს სამყაროს მასკულინურ პოტენციალს. ხოქმა წარმოადგენს პოზიტივს, ხოლო ბინა ნეგატივს; ხოქმა არის ძალა, ბინა კი ფორმა. ორივე მათგანი სიცოცხლის ხეზე სვეტების ხელმძღვანელებად გვევლინებიან: ხოქმა წყალობის სვეტის სათავეში მდებარეობს, ხოლო ბინა სიმძიმის სვეტის სათავეშია დაბრძანებული. შესაძლოა ვიფიქროთ, რომ ასეთი განაწილება არაბუნებრივია; თითქოს ღვთაებრივი დედა უნდა განაგებდეს წყალობის სვეტს და ღვთაებრივი მამა უნდა განაგებდეს სიმძიმის სვეტს. მაგრამ, მოდით ნუ მოვახდენთ ასეთი საკითხების სენტიმენტალიზებას. აქ საქმე გვაქვს კოსმიურ პრინციპებთან და არა კონკრეტულ პიროვნებებთან; სიმბოლოები, რომლებსაც ისინი გვაძლევენ, ცხადად დანახვის საშუალებას გვთავაზობენ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანახვისათვის თვალები გაგვაჩნია. ფროიდი არ გამოთქვამდა პრეტენზიებს ბინას სიმძიმის სვეტის სათავეში მყოფობის შესახებ, რადგან მას უამრავი საბუთი გააჩნდა იმის დასამტკიცებლად, რომ ბინა, საშინელი და სასტიკი დედაა.

3. პირველი სეფირა, კეტერი, ეჰეიეჰ, - მე ვარ, რომელიცა ვარ, - ყოვლისმომცველი და საკუთარ თავში ყოველგვარი პოტენციალის დამტევია, მაგრამ იგი არააქტიურია; როდესაც მისგან ნებისმიერი სახის აქტივობა გაედინება, ჩვენ ამას მეორე სეფირას, ანუ ხოქმას ვუწოდებთ; ეს არის სუფთა აქტივობის დაღმავალი ნაკადი, რომელიც სამყაროს დინამიურ ძალას წარმოადგენს და ნებისმიერი დინამიური ძალა მოცემულ კატეგორიას ეკუთვნის.

4. უნდა გვახსოვდეს, რომ სეფიროტები განასახიერებენ ყოფიერების მდგომარეობებს და არა კონკრეტულ ადგილებს. სადაც არ უნდა იყოს საუბარი უმაღლეს და უპიროვნო არსებაზე, რომელსაც ნაწილები ან/და აქტივობები არ გააჩნია, ჩათვალეთ, რომ კეტერი იგულისხმება. ყველგან, სადაც სუფთა ენერგიის ფუნქციონირებას ვხედავთ, ვიცით, რომ მოქმედი ძალა ხოქმას გავლენით ხორციელდება; ეს საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ერთი ენერგიის იდენტობა ნებისმიერი სახის ფენომენში, რომლებიც ერთი შეხედვით ერთმანეთთან სრულიად დაუკავშირებლად გამოიყურებიან; კაბალისტური მეთოდი, სხვადასხვა სეფიროტების მეშვეობით ერთმანეთთან დაკავშირებული ასოციაციებისა და მონათესავე იდეების დანახვას გვასწავლის. ეს არის ქვეცნობიერის გონების მეთოდი, რომელსაც იგი ავტომატურად მიჰყვება; ოკულტისტი საკუთარ ცნობიერ გონებას იგივე მეთოდის გამოსაყენებლად ავარჯიშებს. როდესაც ადამიანი პირდაპირ საკუთარი ქვეცნობიერიდან მუშაობს, რომელიც შემოქმედებით გენიოსებში, ფსიქიკურად შეშლილებში, სიზმრებში ან/და ტრანსში აისახება, - სწორედ ამ მეთოდის გამოყენებას აქვს ადგილი.

5. მკითხველს შესაძლოა უცნაურად მოეჩვენოს, რომ ხოქმასთან დაკავშირებით მსგავს გადახვევას ვაკეთებთ ბინასადმი მიძღვნილ თავში, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, - სეფირას გაგება, მხოლოდ პოლარული მეწყვილის გათვალისწინებითაა შესაძლებელი; მაშასადამე, ჩვენ კიდევ ბევრ საკითხს დავამატებთ ხოქმას ახსნა-განმარტების საკითხში, სანამ ბინას შესწავლის პროცესში ვიქნებით. თითოეული მათგანი ნათელს ჰფენს ერთმანეთს და სავსებით გაუგებარია მოპირდაპირე სეფირას გააზრების გარეშე.

6. მოდით, დავუბრუნდეთ ბინას. კაბალისტები ამბობენ, რომ იგი ხოქმას მიერ არის წარმოქმნილი. ნება მოგვეცით "გადავთარგმნოთ" მოცემული თეზისი სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში. ეს არის ოკულტური მაქსიმა, რომელიც ჩემი აზრით, აინშტაინის კვლევებმა დაადასტურა, თუმცა, მე არ მაქვს საკმარისი ცოდნა რათა მისი მიგნებები ეზოთერულ დოქტრინებს შევუსაბამო, მაგრამ მოცემული იდეა ამტკიცებს, რომ ძალა არასოდეს მოძრაობს სწორხაზოვნად, არამედ მრუდე მიმართულებით, და საბოლოოდ იქ ბრუნდება, საიდანაც წარმოიქმნება; საწყის წერტილთან დაბრუნებისას ძალა მოქმედებას უფრო მაღალი საფეხურიდან აგრძელებს, რადგან სამყარო შექმნის დღიდანვე პროგრესულად და უწყვეტად ვითარდება. ასეთი ძალა მუდმივად მოძრაობს, იყოფა, ერთიანდება, ხელახლა იყოფა, საბოლოოდ უახლოვდება ურთიერთდაკავშირებულ ასპექტებს და სტაბილურობის გარკვეულ მდგომარეობას აღწევს; ეს სტაბილურობა დროთა განმავლობაში გადაჭარბებას განიცდის, რადგან მისივე არსებიდან ახალი ძალები წარმოიქმნება, რომელიც მანიფესტაციაში ახალ ფაქტორებს წარმოქმნის, რომელთა კორექტირებაც აუცილებლად უნდა განხორციელდეს.

7. ეს არის სტაბილურობის მდგომარეობა, სადაც მოქმედი ძალები ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ და რეაგირებენ, რაც ფორმის საფუძველს წარმოადგენს; მისი ერთ-ერთი მაგალითი არის ატომი, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, ელექტრონების თანავასრკვლავედია და ისინი გამუდმებულ მოძრაობაში არიან. ასეთი სახით მიღწეულ სტაბილურობას კაბალისტები ბინას, ანუ მესამე სეფირას უწოდებენ. სადაც არ უნდა იყოს დაძაბული ურთიერთქმედების მდგომარეობა, რომელიც სტაბილურობის მდგომარეობას აღწევს, კაბალისტები ამას ბინასთან აკავშირებენ. მაგალითად, ატომი, რომელიც ნებისმიერი პრაქტიკული მიზნისთვის ფიზიკურ სფეროში სტაბილურ ერთეულს წარმოადგენს, ბინას ძალაუფლების ტიპის გამოვლინებაა. ყველა სოციალური ორგანიზაცია, რომელიც არაპროგრესულობის მკვდარ ხელს მძიმედ იწვნევდა, - როგორიცაა ჩინური ცივილიზაცია რევოლუციამდე ან ჩვენი ძველი უნივერსიტეტები, - ბინას გავლენისადმი დაქვემდებარებულ ორგანიზაციებს წარმოადგენენ. ბერძნულ პანთეონში ბინას მიეწერება ღმერთი კრონოსი, დროის ღმერთი; რომაულ პანთეონში იგივე ღმერთს სატურნის სახელით მოიხსენიებენ. შეინიშნება, რომ ბინას მნიშვნელობა დროის ასპექტზეა მიბმული; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ასაკზე; ნაცრისფერი თმა მხცოვან გამოცდილებასთან ასოცირდება; მხოლოდ უნარი მცირედს იწონის. ანუ, მხოლოდ მას, ვინც კეთილგანწყობილია კრონოსის მიმართ, შეუძლია წარმატებას მიაღწიოს ასეთ გარემოში.

8. ბინას, დიად/უმაღლეს დედას, ხანდახან მოიხსენიებენ, როგორც მარაბ (ან მარაჰ), რაც დიდებულ ზღვას ნიშნავს; ცხადია, იგი ყველა ცოცხალი არსების დედაა. ის არის არქეტიპული საშვილოსნო, რომლის მეშვეობითაც მანიფესტაციაში სიცოცხლე შემოდის. ის, რაც იძლევა ფორმას, რათა სიცოცხლეს ემსახურებოდეს, ბინას ეკუთვნის. უნდა გვახსოვდეს, - ცხოვრება ფორმით შემოიფარგლება, რადგან სწორედ მისი მეშვეობით არის შესაძლებელი ორგანიზება და განვითარება, მაგრამ, ამასთან ერთად, იგი ნაკლებად თავისუფალია შეუზღუდავ (თუმცა ასევე არაორგანიზებულ) სფეროსთან მიმართებაში. ფორმაში რამენაირად ჩართულობა სიცოცხლის სიკვდილის დასაწყისია. ეს არის შემაფერხებელი და შემზღუდველი ფაქტორი; ფორმა ხელს უშლის სიცოცხლეს და ამავდროულად მაინც აძლევს ორგანიზებისა და განვითარების საშუალებას. თავისუფლად მოძრავი ძალის გადმოსახედიდან, ფორმაში მოქცეული პატიმრობა გადაშენებისა და განადგურების მანიშნებელია. ფორმა, ძალაუფლებას უმოწყალო სიმძიმით ზღუდავს.

9. უსხეულო სული უკვდავია; მასში არაფერია ისეთი, რაც შეიძლება დაბერდეს ან მოკვდეს. მაგრამ, ხორცშესხმული სული ყოველთვის ხედავს სიკვდილს ჰორიზონტზე, რამდენჯერაც კი მისი დღე თენდება. ჩვენ ვხედავთ, თუ რამდენად საშინელია დიადი დედა, როდესაც თავისუფლად მოძრავ ძალას ფორმის დისციპლინაში ზღუდავს. ეს არის ხოქმას დინამიური აქტივობის სიკვდილი; ხოქმას ძალაუფლება კვდება, როდესაც ბინაში ეშვება. ფორმა, ძალაუფლების დისციპლინას წარმოადგენს; სწორედ ამიტომ იმყოფება ბინა სიმძიმის სვეტის სათავეში.

10. ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ პირველი კოსმიური ღამე ან/და მანიფესტაციის პირველადი დასვენება დაიწყო მაშინ, როდესაც ზეციერმა სამებამ იპოვა სტაბილურობა და ძალაუფლების წონასწორობა, სეფირა ბინაში ორგანიზებისა და ემანაციის შედეგად. აქამდე ყველაფერი დინამიური იყო; ყველაფერი ემსახურებოდა გამოვლინებასა და გაფართოებას; მაგრამ, ძალაუფლების ბინას ასპექტში გამოვლინების შედეგად მისი სტაბილიზაცია ხორციელდება და დინამიური ნაკადი წინანდებურად თავისუფალი აღარ არის.

11. ასეთი ურთიერთდაკავშირება და შემდგომი სტაბილიზაცია გარდაუვალია ისეთ სამყაროში, რომელშიც მოქმედი ძალები მუდმივად მოძრაობაში არიან და ორგანიზაციის საშუალებებს ეძებენ. თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ბინას მდგომარეობა, ხოქმას ემანაციის გარდაუვალი შედეგია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი მონაცვლეობა ეპოქათა განმავლობაში დროის გასწვრივ მოძრაობს, რომლებშიც ან ხოქმა ჭარბობს, ან ბინა. ხოქმას დინამიზმი შეუზღუდავია; ბინა და ხოქმა ერთმანეთთან პოლარულ წონასწორობას ინარჩუნებენ, რომლებიც სიცოცხლის ხეზე პირველ საპირისპირო წყვილს წარმოადგენენ. ბინას სტაბილურობა ურყევია, მაგრამ კეტერი, დიადი ემანატორი, გამუდმებით აგრძელებს სამყაროში არამანიფესტირებულის გამოვლინებას; ძალა მოედინება სამყაროში და ამით ძალის რაოდენობა მუდმივად იზრდება. სწორედ ეს შემომავალი ძალა აჭარბებს იმ წონასწორობას, რომელიც ბინასა და ხოქმას შორის არსებობს, რის გამოც დროის გარკვეულ მონაკვეთში ბალანსი ირღვევა; ამის შემდეგ, მოქმედება და რეაქცია კვლავ იწყება ხოქმაში, რომელშიც დინამიური ძალა დომინირებს, შემდგომში კი იგი ემორჩილება სტატიკურ ძალას, რომელსაც ბინა წარმოადგენს, და ციკლი თავიდან იწყება; საპირისპირო წყვილებს შორის წონასწორობა მიიღწევა უფრო კომპლექსური/რთული ფორმით, - უფრი მაღალ შკალაზე, რომელიც ევოლუციური თვალსაზრისით უნდა გავიგოთ. მუდმივად მანიფესტირებადი კეტერი, კინეტიკური პრინციპის სასარგებლოდ იწვევს ბალანსის დარღვევას, სტატიკური პრინციპისაგან განსხვავებით.

12. კეტერი, მთელი ყოფიერების წყარო, თავისი არსით ჩაფიქრებულია როგორც უმაღლესი სიკეთე. კეტერის ბუნება კინეტიკურია და მისი გავლენა სამუდამოდ მიდრეკილია ხოქმასკენ, ხოლო ხოქმა თავის მხრივ მიდრეკილია ბინასკენ, რიმელიც დინამიური იმპულსის მუდმივი მოწინააღმდეგეა; იგი ღმერთის მტრად და ბოროტ მოცემულობად ითვლება. ამიტომ ჰგავს ერთმანეთს სიტყვები - სატურნი და სატანა; ეს არის დრო-სიკვდილი-ეშმაკი. ისეთ ასკეტურ რელიგიებში, როგორებიცაა ქრისტიანობა და ბუდიზმი, ქალი ყოველგვარი ბოროტების ფესვად მიიჩნევა, რადგან ის არის მთავარი გავლენა, რომელიც ადამიანებს ფორმაციული ცხოვრებისაკენ და სურვილებისკენ უბიძგებს. მათთვის მატერია განიხილება როგორც მარადიული სულის ანტინომია, გადაუჭრელი დუალიზმის განსახიერება. ქრისტიანობა საკმარისად მზად არის საკუთარი რწმენის ერეტიკული ბუნების გასაგებად, რადგან მისი ხედვა ერთთავად ანტინომიურია, როდესაც მატერიას სულის მტრად მიიჩნევს და მის გაუქმებასა და დაძლევას ცდილობს. ამ უსიხარულო რწმენამ უამრავი ადამიანის ტანჯვა გამოიწვია ქრისტიანულ ქვეყნებში, რომელიც ხშირად ომისა და დაავადებების სახით ვლინდებოდა.

13. კაბალა უფრო ბრძნულ დოქტრინას გვასწავლის. მისთვის ყოველი სეფიროტი წმინდაა; მალქუთიც ისეთივე წმინდაა, როგორც კეტერი, და გებურაც ისეთივე პატივსაცემია, როგორც ხესედი. კაბალა აღიარებს, რომ სწორედ მათი მოქმედების რიტმი წარმოადგენს სიცოცხლის საფუძველს. ეს საკითხი რომ უკეთ გვესმოდეს, რამდენი ტანჯვისგან დავიხსნიდით საკუთარ თავს, როცა გვეცოდინებოდა, რომ ხოქმასა და ბინას ფაზები მონაცვლეობით მიჰყვება ერთმანეთს როგორც კოლექტიურად, ასევე საკუთარ ცხოვრებაშიც; ჩვენ მივხვდებოდით შექსპირის სიტყვების ღრმა მნიშვნელობას, როდესაც ის ამბობს: "ადამიანთა ქმედებები ტალღაა, რომელსაც წყალდიდობის დროს ბედისწერამდე მივყავართ".

14. ბინა წარმოადგენს მატერიის პირველად ფესვს, მაგრამ მატერიის სრული განვითარება არ ვლინდება იქამდე, სანამ არ მივალთ მალქუთის სეფირამდე, რომელიც მატერიალური სამყაროა. ჩვენი კვლევების მსვლელობისას არსერთხელ ვნახავთ, რომ უმაღლესი სამების სეფიროტებს ქვედა სეფირებთან მიმართებაში განსაკუთრებული მნიშვნელობები გააჩნიათ, რომლებიც ღრმა დატვირთვას ატარებენ. ბინასა და მალქუთს შორის არსებული კავშირი ხის ფესვისა და ნაყოფის კავშირს გვაგონებს. "სეფერ იეცირას" ტექსტში ამასთან დაკავშირებით პირდაპირი მითითებაა მოცემული: "მალქუთი ზის ბინას ტახტზე". სწორედ ამ მიზეზით, საკმაოდ რთულია სხვადასხვა პანთეონის ღმერთების სეფიროტებთან დაკავშირება; მაგალითად: ისისის ასპექტები ერთდროულად გვხვდება ბინაში, ნეცახში, იესოდში და მალქუთში. ოსირისის ასპექტები გვხვდება ხოქმაში, ხესედსა და ტიფარეტში. ბერძნულ მითოლოგიაში მსგავსი ასოციაციის დაჭერა ბევრად მარტივია, რადგან ღმერთებს აღწერილობითი ტიტულები გააჩნიათ. აშკარაა, რომ დიანა არის მთვარის ქალღმერთი, ხოლო ქალღმერთი ვენერა ნეცახის სეფირას ეკუთვნის. ეს ასპექტები რამდენიმე მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას გვასწავლის. პირველ რიგში, ისინი გვასწავლიან, რომ მოვიძიოთ პრინციპები მრავალფორმიანი გამოვლინებების უკან და გავაცნობიეროთ, რომ სხვადასხვა დონეზე ყოველი მათგანი სხვადასხვა ფორმას ღებულობს. ცხოვრება არც ისე მარტივია, როგორც მას არაინფორმირებული ადამიანი აღიქვამს.

II

15. მეორე და მესამე სეფირას ებრაული დასახელება თარგმანში ჟღერს, როგორც სიბრძნე და გაგება; ორივე მათგანი ერთმანეთის მიმართ ცნობისმოყვარეობით აღსავსე ბალანსში იმყოფებიან. სიბრძნე, ჩვენი გონების მეხსიერებაში დაგროვებული სურათების უსასრულო სერიების ცოდნას განასახიერებს; მაგრამ, გაგება აღნიშნავს მათი მნიშვნელობის არსში შეღწევას, რომელიც სულაც არ არის ნაგულისხმევი სიბრძნეში.

16. ესენი წარმოადგენენ გონების მუშაობის დახვეწილ გზებს და არაინიცირებულს შესაძლოა სისულელედ მოეჩვენოს მსგავსი ასოციაციები, როდესაც მისი გონება მოცემული მეთოდების გამოყენებაში მიჩვეული არ არის; ფსიქოანალიტიკოსი ნათლად აფასებს მათ მნიშვნელობას; იგივე ხდება პოეტის შემთხვევაშიც, როდესაც იგი გონებაში წარმოსახვით კოშკებს აშენებს.

17. "იეცირას" ტექსტი ხაზს უსვამს რწმენის იდეას, რომელიც გაგებას ემყარება, რადგან ორივე მათგანის მშობელი სეფირა ბინაა. ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც რწმენას შეუძლია რომ სამართლიანად დაისვენოს. რწმენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმარტება შემდეგნაირად ყალიბდება: რწმენა არის იმის დაჯერების ძალა, რომ რაც ვიცით, ჭეშმარტებას არ წარმოადგენს; ეს საკმაოდ ზუსტი განმარტებაა ისეთი რწმენის მანიფესტაციისთვის, რომელსაც ადგილი აქვს გაუნათლებელი გონების მიერ წარმოქმნილ შეხედულებებში ან მისტიურ ცნობიერებაში გამოუცდელ მიმდინარეობებში. მაგრამ, ცნობიერების ფონზე, რომელშიც ახლა რწმენას განვიხილავთ, მისი განსაზღვრება შეგვიძლია, როგორც ზეცნობიერი გამოცდილების ცნობიერი შედეგი, რომელიც ტვინის-ცნობიერებისათვის არ "ითარგმნება" და შესაბამისად, ჩვეულებრივმა ადამიანმა ამის შესახებ არაფერი არ იცის; თუმცა, შესაძლოა იგი რაღაცას გრძნობდეს, თანაც საკმაოდ დიდი ინტენსიურობით, რის შედეგადაც მისი ემოციური რეაქციები ფუნდამენტურად და მუდმივად იცვლება.

18. ამ განმარტების ფონზე ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, თუ როგორ შეიძლება რწმენის ფესვები ბინას სეფირაზე, ცნობიერების სინთეზურ პრინციპზე დამკვიდრდეს. არსებობს ცნობიერების ფორმირებული ასპექტი, ისევე როგორც სუბსტანციის ფორმირებული ასპექტი; ამ საკითხს დეტალურად განვიხილავთ, როდესაც სეფირა ჰოდის განხილვამდე მივალთ.

19. "იეცირას" სიტყვები, რომ ბინას ფესვები "ამინ"-შია, მის კეტერთან კავშირზე მიუთითებს, რადგან "ამინ", კეტერის ერთ-ერთი დასახელებაა. მიუხედავად იმისა, რომ ბინა ხოქმადან ემანირდება, მისი საწყისის ძიებისას ჩვენ მხოლოდ ხოქმადე არ უნდა შევჩერდეთ; ყველაფრის საწყისი იმ წყაროდან მოედინება, რომელიც ყოფიერების ნეგატიური ფარდების მიღმა მყოფი არამანიფესტირებული არსების მდგომარეობაა. ეს კონცეფცია ძალიან ნათლად არის ახსნილი "სეფერ იეცრიას" ხესედისადმი მიძღვნილ აღწერილობაში, სადაც ვკითხულობთ: "ისინი ერთმანეთისგან წარმოიქმნება პირველყოფილი ემანაციის, უმაღლესი გვირგვინის, კეტერის მიერ".

20. ასევე, არ უნდა დაგვაბნიოს გებურასადმი მიძღვნილმა "იეცირას" ტექსტმა, სადაც ნათქვამია, რომ სეფირა ბინა, ხოქმას პირველყოფილი სიღრმიდან ემანირდება. ბინაც ისევე იმყოფება კეტერში, როგორც ხოქმა, მაგრამ განსხვავებული მანერით. წმინდა ყოფიერების მდგომარეობა, რომელშიც აბსოლუტურ უფორმობას და განაწილების არარსებობას აქვს ადგილი, ერთდროულად შეიცავს ძალისა და ფორმის შესაძლებლობას; რადგან იქ, სადაც პოზიტიური პოლუსი არსებობს, აუცილებლად იქნება ნეგატიური პოლუსიც. კეტერი არის სამუდამო ემანაციის პროცესი. ებრაელი კაბალისტები კეტერის ღმერთს "ეჰეიეჰ"-ის სახელით მოიხსენიებენ, რაც თარგმანში ნიშნავს: "მე ვარ, რომელიცა ვარ". ეს მდგომარეობა არ შეიძლება იყოს სტატიკური, იგი მუდმივად უნდა გაიზარდოს და განვითარდეს აქტიურ მოქმედებაში; ხოლო მსგავსი აქტივობა შეუსაბამო და დაუბალანსებელ მდგომარეობაში დიდხანს არ უნდა დარჩეს. მას აუცილებლად სჭირდება კანონი, რომელიც მოქმედ ძალებს რეგულირების ფარგლებში დაადგენს. ამრიგად, ხოქმას და ბინას არსებობა კეტერში თავისთავად იგულისხმება. ისევ შეგახსენებთ, რომ წმინდა სეფიროტები არ წარმოადგენენ კონკრეტულ ადგილებს, არამედ ისინი ყოფიერების მდგომარეობების სხვადასხვა საფეხურებს ასახავენ და თითოეული მათგანი ერთმანეთთან კავშირში იმყოფება როგორც გარესამყაროში, ასევე ადამიანურ არსებაშიც. როდესაც სიცოცხლის ხის გლიფი ცნობიერებაში მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხდება, გონება ავტომატურად იყენებს სიმბოლოთა მოცემულ ნაკრებს და შედეგად ობიექტური არსებობის რთული ფენომენები ჩვენი გაგებისათვის იხსნება. სწორედ ამ მიზეზით, ოკულტიზმის შემსწავლელი ადეპტები, რომლებიც ინიციაციურ სკოლებში სწავლობენ, ზეპირად იმახსოვრებენ სეფიროტების ასოციაციებსა და ინტერპრეტაციებს, ნაცვლად იმისა, რომ საცნობარო ცხრილებს უკირკიტონ. ხშირად აპროტესტებდნენ, რომ ცხრილებთან მუშაობა დროისა და ენერგიის უაზრო ხარჯვაა, მიუხედავად იმისა, რომ ქროულის "777", საკმაოდ კარგია. გამოცდილება აჩვენებს, რომ ეს ასე არ არის, რადგან ყოველდღიურ დისციპლინურ პრაქტიკაში ჩართულ ეზოთერიკოსს ნამდვილად მოეთხოვება ასოციაციურ და სიმბოლურ მნიშვნელობათა ბაზის გამდიდრება, რომელთანაც გონება შემდგომში ავტომატურად მუშაობს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სიცოცხლის ხის პრაქტიკული გამოყენება არ არის მხოლოდ ინტელექტუალური ვარჯიში; ეს არის შემოქმედებითი ხელოვნება, ამ სიტყვის სრული გაგებით, და ამ მიზეზის გამო, გონებრივი უნარები აუცილებლად უნდა განვითარდეს, ისევე როგორც მოქანდაკე ან/და მუსიკოსი ანვითარებს საკუთარ უნარებს.

21. "იეცირას" ტექსტი ბინას მოიხსენიებს, როგორც "განმწმენდ ინტელექტს". განწმენდა გადმოსცემს იდეას იმის შესახებ, რაც არის წმინდა და ყველასგან გამოყოფილი. მარიამ ღვთისმშობელი მჭიდრო კავშირშია სეფირა ბინასთან; ეს არის მდგომარეობა, რომელიც ყველაფერს ბადებს, მაგრამ თავად ყოველთვის ქალწულად რჩება; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შემოქმედებითობა არ არის ჩაძირული საკუთარ ქმნილებაში, არამედ ცალკე მდგომ და ფარდებს მიღმა მყოფ მანიფესტაციის საფუძველს წარმოადგენს; ესაა ძირეული სუბსტანცია, საიდანაც მატერია წარმოიქმნება. ბინა, პირველყოფილი ფორმაციული გავლენა, ყოველი ფორმის მშობელი, მანიფესტირებული სამყაროს მიღმა იმყოფება; ანუ, იგი მარად-ქალწულია.

22. წმინდა სამების წყვილს, ხოქმასა და ბინას, ხშირად მოიხსენიებენ მამისა და დედის სახელით; ესაა აბბა და ამა, წვეროსანი მამაკაცი და ზრდასრული ქალი; ისინი არ განასახიერებენ ნეცახისა და იესოდის სექსუალურ მიზიდულობას, არამედ ასახავენ მოწიფულ მდგომარეობას, რომლებიც შეწყვილებულნი და გამრავლებულნი არიან. ჩვენ ყოველთვის უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან სექსის მაგნიტური მიზიდულობა და რეპროდუქცია; ეს ორი, არ არის ერთი და იგივე; ხშირად, იდენტური საკითხები განსხვავებულ ასპექტებს ან/და დონეებს განასახიერებენ. აქ იმალება მნიშვნელოვანი ოკულტური ჭეშმარიტება, რომელსაც დეტალურად განვიხილავთ სწავლების ფარგლებში.

23. მაშასადსმე, ხოქმა და ბინა, თავიანთ არსში მასკულინურ და ფემინურ შემოქმედებით ასპექტებს განასახიერებენ. ისინი არ წარმოადგენენ ფალოსურ ილუზიებს, არამედ მთელი ცხოვრებისეული ძალის ფესვებად გვევლინებიან. ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ ეზოთერიის ღრმა ასპექტებს, სანამ არ მივხვდებით რას ნიშნავს ფალიციზმი. ეს არ ნიშნავს აფროდიტეს ტაძრებში ჩატარებულ ორგიებს, რომელმაც წინაპრების წარმართული სარწმუნოება სრულებით შეარცხვინა და საბოლოოდ დაცემამდე მიიყვანა; ფალიციზმი ნიშნავს, რომ ყველაფერი ეყრდნობა სტიმულირების ინერტულ პრინციპს, რომელშიც ჩართულია ყოვლისმომცველი პოტენციალის დინამიური პრინციპი, საიდანაც იგი უშუალოდ ღებულობს მთელი ენერგიის წყაროს. ამ კონცეფციაში ცოდნის უზარმაზარი გასაღები დევს; იგი მისტერიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პუნქტად ითვლება. აშკარაა, რომ სექსი მოცემული ასპექტის ერთ-ერთ ფაქტორს წარმოადგენს; ასევე თანაბრად აშკარაა, რომ არსებობს ამ კონცეფციის გამოყენების მრავალი სხვა ფაქტორი, რომელიც სექსუალურ საკითხთან კავშირში არ იმყოფება. იმან, რომელმაც აქ მოყვანილი მისტერიის პრინციპი ამოხსნა, დაწერა შემდეგი სიტყვები: "შეიცან თავი შენი".

24. ასეთი ცოდნა არ იწვევს უწმინდურებას, რადგან უწმინდურება გულისხმობს კონტროლის დაკარგვას და მოქმედი ძალების მიერ იმ საზღვრების გადალახვას, რომელიც მათ ბუნებამ დაუწესა. ვისაც არ გააჩნია საკუთარი ინსტინქტებისა და ვნებების კონტროლი, არაფრითაა იმაზე უკეთესი, ვინც აფერხებს და ახშობს მათ. ოკულტიზმში არსებული მისტერიები განდობილს არ მოუწოდებენ ასკეტიზმისკენ და ცელიბატისკენ, რადგან ეზოთერიკა სულსა და მატერიას არ განიხილავს ანტინომების შეუთავსებელ წყვილად; მისთვის სული და მატერია არის ერთი და იგივე მოცემულობის განსხვავებული ასპექტი. სიწმინდე არ მდგომარეობს დაქვეითებაში, არამედ სხვადასხვა ძალების სათანადო საფეხურზე და სათანადო ადგილზე შენარჩუნებაში, როდესაც არც ერთ მათგანს არ ეძლევა ერთმანეთის დარღვევის უფლება. მისტერიები გვასწავლის, რომ ფრიგიდულობა და იმპოტენცია ისეთივე არასრულყოფილების ფორმაა, როგორც უკონტროლო ვნება, რომელიც ანადგურებს და ამცირებს ინდივიდს.

25. სამყაროში მანიფესტირებული ნებისმიერი ურთიერთობა საკუთარ თავში მოიცავს ხოქმასა და ბინას პრინციპებს; იმ ფაქტის გამო, რომ სექსი მათი ფუნქციონირებს სრულყოფილ ილუსტრაციას ასახავს, ანტიკურ დროში იგი მნიშვნელოვნად გამოიყენებოდა იმდროინდელი ხალხების მიერ, რომელთაც საერთოდ არ აწუხებდათ ჩვენი გაუბედაობა მოცემული საკითხის მიმართ და თავისუფლად ღებულობდნენ რეპროდუქციულ მეტაფორებს სექსისგან, ისევე როგორც ჩვენ ვიღებთ მეტაფორებს ბიბლიიდან. მათთვის რეპროდუქცია წმინდა პროცესი გახლდათ და უნზეობის ნაცვლად, ღრმა პატივისცემითა და მოკრძალებით ეპყრობოდნენ. თუ ჩვენ მათი სწავლების გაგების სურვილი გაგვაჩნია, უნდა ვეცადოთ ჩავწვდეთ მოცემულ სწავლებებსა და სიცოცხლის წყაროს საგნებს ისეთივე სულისკვეთებით, როგორი სულისკვეთებითაც ანტიკურ დროში იყვნენ განწყობილნი. როდესაც ადეპტის თვალები ცრურწმენებითა და გადაუჭრელი პრობლემების აჩრდილით არ არის დაბრმავებული, იგი მივხდება, რომ, ცხოვრების მიმართ დამოკიდებულება უფრო საღი და ტკბილი იქნებოდა წარმართული აზრისა და მათი გამჭრიახობის ფონზე.

26. მასკულინური და ფემინური პრინციპები ხოქმასა და ბინაში რაღაც უფრი მეტს წარმოადგენენ, ვიდრე უბრალოდ პოზიტივი და ნეგატივი, აქტიურობა და პასიურობა. ხოქმა არის ყოვლისმომცველი, პირველყოფილი ძალაუფლების პრინციპი, რომელიც კეტერის უშუალო მანიფესტაციაა. ფაქტოვრივად, ხოქმა არის მოქმედებაში მყოფი კეტერი; განსხვავებული სეფიროტები არ წარმოადგენენ განსხვავებულ საკითხებს, არამედ ერთი და იგივე საკითხის განსხვავებულ ფუნქციებს. ხოქმა არის ძალა, რომლის ენერგიაც კოსმოსში დასხივდება და უმისამართოდ დაიკარგება, თუ არაფერი იარსებებს მისი იმპულსის მისაღებად და გამოსაყენებლად.

27. ბინაც, ასევე არის ყოვლისმომცველი, მაგრამ ამავდროულად ინერტულიც. ხოქმა დაუღალავი და უსაზღვრო, სუფთა ენერგიაა, რომელიც ვერაფერს აკეთებს კოსმოსში გამოსხივების გარდა, თუ იგი საჭირო მეწყვილის გარეშე დარჩება. მაგრამ როდესაც ხოქმა ბინას მიმართ მუშაობს, მისი ენერგია დაგროვებას და ფუნქციონირებას იწყებს. როდესაც ბინა ხოქმას იმპულსებს ღებულობს, მისი ყველა ლატენტური შესაძლებლობა ენერგიით იმუხტება. მოკლედ რომ ვთქვათ, ხოქმა გადასცემს ენერგიას, ხოლო ბინა გადასცემს მექანიზმს.

III

28. ახლა განვიხილოთ, თუ როგორ აისახება ეს უმაღლესი საპირისპირო წყვილი რეპროდუქციის აქტში. მამრობით სპერმატოზოიდებს ძალიან ხანმოკლე სიცოცხლე გააჩნიათ; ისინი ენერგიის უმარტივესი შესაძლო ერთეულის განსახიერებები არიან; როდესაც ერთხელ ეს ენერგია იხარჯება, ისინი დაშლას იწყებენ; მაგრამ ქალის რეპროდუქციულ მექანიზმს, საშვილოსნოს, რომელიც მთელს ორგანიზმს და მკერდს კვებავს, შეუძლია მამაკაცური სპერმატოზოიდის ცოცხალ მდგომარეობაში მოყვანა; ქალის რეპროდუქციული მექანიზმი ყოვლისმომცველია, მაგრამ ინერტული; მამაკაცის რეპროდუქციული მექანიზმიც ასევე ყოვლისმომცველია, მაგრამ დაბადება არ შეუძლია.

29. ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს, რომ მამრობითი და მდედრობითი სქესის პოლარობა მხოლოდ მატერიალურ სიბრტყეში არსებობს, რაც არასწორია. მსგავსი პოლარობის მუდმივი მონაცვლეობა ყოფიერების ყველა სფეროში არსებობს. პოლარობის უწყვეტი ურთიერთქმედების შესახებ არსებული ცოდნა, მისტერიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საიდუმლოა. ამაში არანაირად არ იგულისხმება ჰომოსექსუალიზმი, რომელიც სექსუალური და პოლარული კანონის დარღვევით გამოწვეული პათოლოგიური გარყვნილების მდგომარეობაა.

30. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურ სფეროში ადამიანის რეპროდუქციული რეჟიმი თითოეული ადამიანისათვის უკვე განსაზღვრულია, მისი სულიერი რეაქციები არ არის ამდენად ფიქსირებული, რადგან სული საკუთარი არსებით ჰერმაფროდიტია; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ურთიერთობაში ხანდახან ჩვენ ვართ პოზიტიური, ხანდახან კი ნეგატიური; გააჩნია, გარემოებებია ჩვენზე ძლიერი თუ ჩვენ ვართ გარემოებებზე ძლიერნი. ეს ნათლად განმარტავს ანდაზას: "ნაცრისფერი ვირი, ზოგჯერ უკეთესი ცხენია". მოცემულობა ნათლად ვლინდება ფაქტში, რომ ნეცახი (ვენერა-აფროდიტეს სფერო), ხოქმას სვეტის ბაზალური სეფირაა. ამგვარად, ჩვენ ვგებულობთ, რომ ფემინური ბუნება სხვადასხვა დონეზე განსხვავებულ პოლარობას აჩვენებს, რადგან ნეცახში იგი პოზიტიური და დინამიურია, ხოლო ბინაში ნეგატიური და სტატიკური.

31. რაბინები ამბობენ, რომ თითოეული სეფირა ნეგატიურია მის მაღლა მყოფ სეფირასთან მიმართებაში, რომლისგანაც თავად წარმოიქმნება და პოზიტიურია ქვემდგომ სეფირასთან მიმართებაში, რომელსაც თავად წარმოქმნის. ეს გვაძლევს გასაღებს; ჩვენ ურთიერთობაში ნეგატიურნი ვართ იმასთან, ვინც ჩვენზე მაღალ პოტენციალზე იმყოფება, ხოლო პოზიტიურნი ვართ ჩვენზე დაბალი პოტენციალის მქონე ურთიერთობებთან მიმართებაში. ეს არის მდგომარეობა, რომელიც მუდმივი მიმოცვლის პოზიციაში იმყოფება და ცვალებადობას განიცდის ყოველ ცალკეულ წერტილში, როდესაც ჩვენს გარემოსთან უამრავი სახის კონტაქტს ვამყარებთ.

32. უმეტესწილად, მამაკაცსა და ქალს შორის არსებული ურთიერთობა არ არის მთლიანად დამაკმაყოფილებელი რომელიმე მხარისთვის, ამიტომ, ისინი ან უნდა შეეგუონ კმაყოფილების ნაკლებობასა და არასრულფასოვნებას, ან სიახლეების ამოწურვის შემდეგ სხვაგან ეძებონ დანაკლისის შევსება. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ პირობებში მხოლოდ სექსუალურ კმაყოფილებას სჭირდება ყველაზე დიდი განახლება; სექსუალური განახლების ძიება კი ურთიერთობაში დამღპველი შედეგებით სრულდება.

33. უბედურება ის არის, რომ ფიზიკური სტიმულისას, რომელსაც მამაკაცი რეპროდუქციის მიზნით განიცდის, იგი ვერ აცნობიერებს, რომ ასეთ დროს მთლიანად ქალის მიერ გაჩენილი სტიმულის ემოციურ სისრულეზეა დამოკიდებული. იგი მთლიანად ქალზეა დამოკიდებული ემოციური განაყოფიერების მიზნით, რომელიც ნათლად ჩანს ნებისმიერი უაღრესად შემოქმედებითი გენიების შემთხვევაში, როგორებიცაა ვაგნერი ან შელი.

34. ქორწინება არ არის ორი ნახევრის გაერთიანება, არამედ ოთხი ნაწილის გაწონასწორებისა და ნაყოფიერების ჰარმონიაა. ბინა და ხოქმა წონასწორობას ჰოდში და ნეცახში აღწევენ. აქ არიან ქალღმერთები და ღმერთები, რომლებსაც ადამიანი თაყვანს სცემს. რელიგია ქალღმერთის გარეშე, ათეიზმისკენ მიმავალ ბილიკს წარმოადგენს. სიტყვა "ელოჰიმ"-ში ჩვენ ჭეშმარიტ გასაღებს ვპოულობთ. ელოჰიმი ნიშმავს "ღმერთს", წმინდა წერილების როგორც ავტორიზებულ, ასევე შესწორებულ ვერსიებშიც. სინამდვილეში ელოჰიმი ნიშნავს ერთდროულად "ღმერთსა და ქალღმერთს", რადგან ეს არის მდედრობითი სქესის არსებითი სახელი, მამრობითი სქესის აფექსით. მოცემული თარგმანი უდავო ფაქტია. ბიბლიის ავტორებმა იცოდნენ ამ სიტყვის მნიშვნელობა და მოცემული ტერმინი შემთხვევით არ გამოუყენებიათ. თუ ჩვენ გვსურს წონასწორობა, ნაცვლად უთანასწორო და პრობლემატური პირობებისა, უნდა ვეთაყვანოთ ელოჰიმს და არა იეჰოვას.

35. პრაქტიკული ოკულტური სამუშაო ყოველთვის მოითხოვს ერთზე მეტი სფეროს გამოყენებას, როგორც ევოკაციაში, ასევე ინვოკაციაში. როდესაც ფსიქიკური მუშაობის შემდეგ ცნობიერების დონეებს ვასწორებთ, ნეგატიურ ფაქტორებს ყოველთვის უნდა ჰქონდეს თავისი ადგილი ჩვენს საქმიანობაში, როგორც სუბიექტურად, ასევე ობიექტურად.

36. ეს თემა, მოცემული საკითხის ახალ ასპექტს გვიხსნის; რამდენი ადამიანი აცნობიერებს, რომ მათი სული ჰერმაფროდიტია და სხვადასხვა საფეხურზე ცნობიერება როგორც მამაკაცურ, ასევე ფემინურ ასპექტში მოქმედებს?

37. ფროიდმა განაცხადა, რომ სექსუალური ცხოვრება მთელი ცხოვრების ხასიათს განსაზღვრავს. ფუნდამენტურად, მთელი ცხოვრება განსაზღვრავს სექსუალურ ცხოვრებას; მაგრამ, პრაქტიკული თვალსაზრისით ფროიდის დებულება სწორია; როდესაც ადგილი აქვს ჩახლართულ და არეულ სექსუალურ ცხოვრებას, შედეგად შესაძლოა ვერავითარი სიმდიდრე ან ადეკვატური კომპენსაცია ცხოვრებისაგან ვეღარ მივიღოთ, რისი გამოსწორებაც გარკვეული დროის განმავლობაში სქესობრივი ცხოვრების გათიშვით არის შესაძლებელი. ეს პრაქტიკული გამოცდილების საკითხია და არ საჭიროებს საფუძვლიან დასაბუთებას. წინაპრები, სწორედ ამ მიზეზის გამო რიტუალებში მნიშვნელოვან ნაწილს უთმობდნენ ფალიციზმის გამოყენებას. სინამდვილეში, ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს თანამედროვე თაყვანისცემისთვისაც, მაგრამ ტრადიციულად გამოყენებული სიმბოლოების გამოყენება თანამედროვე ცნობიერებისათვის რეპრესირებულია.

38. ფროიდისტული ფსიქოლოგია ფალიციზმის გასაღებს გვაწვდის და მისტერიებისკენ გზას გვიხსნის. პრაქტიკულ ოკულტიზმში ამ ფაქტისგან თავის დაღწევა შეუძლებელია, რაც არ უნდა უსიამოვნო იყოს იგი ბევრისთვის.

39. ეს საკითხები, მისტერიების უაღრესად მწირედ ცნობილი საიდუმლოებებია, რომელთა გასაღებებიც თანამედროვეებმა დავკარგეთ; მაგრამ, ახალი ფსიქოლოგიის გამოცდილებამ და მისმა მონათესავე ფსიქიატრიამ უხვად დაამტკიცა იმ საფუძვლის სიმტკიცე, რომელსაც ძველები აშენებდნენ თავიანთ რელიგიურ ცხოვრებაში. ეს არის დადასტურებული გამოცდილება, - ადამიანი, რომელმაც საკუთარი სექსუალური შეგრძნებები ცნობიერებისაგან გამოყო, ვერასოდეს აითვისებს ცხოვრებას მის ნებისმიერ დონეზე. ეს ფაქტი თანამედროვე ფსიქოთერაპიის საფუძველია. ოკულტურ პრაქტიკებში, დათრგუნული და რეპრესირებული ადამიანი მიდრეკილია მედიუმიზმის გაუწონასწორებელი გამოყენებისკენ, რის გამოც სრულიად გამოუსადეგარია მაგიური სამუშაოსთვის, სადაც ყოველი ძალა და ქმედება განზრახვისაკენ უნდა იყოს მიმართული. ეს ნიშნავს, რომ როდესაც ადამიანის ბუნებრივი არხი ჩაკეტილ მდგომარეობაში იმყიფება, არსებობს უფსკრული, რის გამოც შეუძლებელია უმაღლესი ძალების ჩამოყვანა ფიზიკური მანიფესტაციის დონემდე.

40. ეჭვგარეშეა, რომ ამ საკითხებში ჩემი გულწრფელობის გამო შეურაცხყოფას მომაყენებენ; მაგრამ, თუ არავინ გამოვა და სიმართლის თქმისათვის გაკიცხვას არ აიტანს, მაშინ როგორ იპოვის მისტერიებში მომავალი ადამიანი სწორ მიმართულებას? თუმცა, ვფიქრობ, ნებისმიერი რამ, რისი თქმაც ამ საკითხთან დაკავშირებით შემიძლია, მცირედის მომცემი იქნება, რადგან შეუძლებელია თანამშრომლობა ისეთ ადამიანთან, რომელიც უბრალო საუბრის გამოც პანიკაში ვარდება. არ იფიქროთ, რომ ვინმეს ორგიულ რიტუალებში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევ; დარწმუნებული ვარ იმასაც იტყვიან, რომ ამას თავადაც ვაკეთებ. მე უბრალოდ აღვნიშნავ, რომ ადამიანი, რომელიც ვერ ამჩნევს ფალოსური თაყვამისცემის მნიშვნელობას ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, არ გააჩნია საკმარისი მისტერიის საიდუმლოებების გამოსაყენებლად.

IV

41. მე მნიშვნელოვანი ადგილი დავუთმე ბინას პრინციპის ფუნქციონირების გარკვევას ხოქმასთან პოლარობაში, რადგან სხვაგვარად შეუძლებელია მისი გაგება სწორედ იმ მიზეზით, რომ იგი პოლარობის პრინციპით ფუნქციონირებს; ახლა შეგვიძლია განვიხილოთ სიმბოლოთა მნიშვნელობა, რომელიც მესამე სეფირას ენიჭება. სიმბოლოთა ასოციაცია ორ ასპექტად იყოფა: დიადი დედის ასპექტი და სატურნის ასპექტი; ორივე მათგანი სეფირა ბინას ასახავს. დიადი დედა, ყველა ცოცხალი არსების ძლევამოსილი მშობელია და იგი ამავდროულად სიკვდილის პრინციპსაც განასახიერებს. სიცოცხლის ფორმის მომცემთან ერთად, იგი სიკვდილის მომნიჭებელიცაა, რადგან ყოველი ფორმა უნდა მოკვდეს. დაბადება და სიკვდილი, ერთი მონეტის ორი მხარეა.

42. ბინას დედობრივი ასპექტი მოცემულია „მარაბ“-ში, რომელიც ზღვას ნიშნავს. საიბტერესო ფაქტია, რომ ვენერა-აფროდიტე, ზღვის ქაფისგან დაბადებულად გამოისახება ხოლმე, ხოლო ღვთისმშობელს კათოლიკეები „სტელა მანს“, ზღვის ვარსკვლავს ეძახიან. სიტყვა მარაბ, რომელიც მარიამის სახელის ფუძეა, ასევე ნიშნავს სიმწარეს; ბინას სულიერი გამოცდილება არის მწუხარების ხილვა. ჯვარცმის ქვეშ მტირალი ღვთისმშობელი ამ მწუხარების განსახიერებაა. ასოციაციას ვპოულობთ ბუდას სწავლების ამოსავალ წერტილშიც, რომლის მიხედვითაც ცხოვრება აროს ტანჯვა და მწუხარება. მწუხარებისადმი და სიკვდილისადმი მოწყვლადობა თავისთავად იგულისხმება სიცოცხლის ფორმაციულ ასპექტში დაქვეითებისას.

43. მალქუთისადმი მიძღვნილი იეცირას ტექსტი საუბრობს ბინას ტახტის შესახებ. ბინას ერთ-ერთი აღწერილობითი დასახელება არის ხორსია, ტახტი. ბინას ანგელოზები არიან არალიმები, რომელიც ასევე ტახტს ნიშნავს. ტახტი არსებითად გვთავაზობს იდეას მყარი საფუძვლის, სტაბილური საძირკველის შესახებ, რომელზედაც მოქმედი ძალაუფლება საკუთარ ადგილს იკავებს და მისი გადაადგილება შეუძლებელია. სეფირა ბინა, ხშირად ბოროტებასთან ასოცირდება. ეს ძალიამ ნათლად ჩანს იდეაში, როდესაც ბინას სატურნი-კრონოსის შესაბამისობით განვიხილავთ. არის რაღაც საშიში სატურნთან დაკავშირებით. ასტროლოგები კრთებიან, როდესაც ნათალურ რუქაში სატურნის კვადრატს აღმოაჩენენ, ასეთი კონფიგურაცია მძიმე ტანჯვად ითვლება. სატურნი არის წინააღმდეგობა, მაგრამ ამასთან ერთად, ის არის სტაბილიზატორი და შემმოწმებელი, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას ვენდოთ იმ წონას, რისი ტარების ძალაც არ შეგვწევს. მალქუთიდან იესოდამდე გავლებულ ბილიკს სატურნის ბილიკი ეწოდება, რადგან მასთან პირდაპირ კავშირში იმყოფება. ის არის მატერიის უძლეველი და უძველესი ფორმის ღმერთი. ანუ ღმერთები, რომლებმაც შექმნეს ღმერთები. სატურნი გახლდათ იუპიტერი-ზევსის მამა, რომელიც დედის მზაკვრულმა ხერხმა იხსნა, რადგან სატურნს ჰქონდა არასასიამოვნო ჩვევა; იგი საკუთარ შვილებს ჭამდა; ამ მითში ისევ იხსნება იდეა სიცოცხლის მომნიჭებელთან ერთად სიკვდილის მომნიჭებლის შესახებ.

44. თითოეულ პლანეტას ენიჭება სათნოება და მანკიერება; ასტროლოგიური ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, თითოეული ოლანეტა შეიძლება იყოს კარგად ან ცუდად ასპექტირებული. ყველა ადამიანს აქვს საკუთარი დადებითი და მანკიერი მხარე. უკიდურესობამდე მიყვანილი სათნოებები, მანკიერებებად გადაიქცევა ხოლმე. იგივე ხდება სეფიროტის შვიდი პლანეტის შემთხვევაშიც. როდესაც სეფირას ძალები გაუწონასწორებელია, ჩვენ განვიცდით მის ბოროტ გავლენებს. მაგაკითად, სატურნმა საკუთარი შვილები შეჭამა! სიკვდილმა მანამდე დაიწყო სიცოცხლის განადგურება, სანამ იგი საკუთარ ფუნქციას შეასრულებდა. თუმცა, არც ერთი სეფირა არ არის მთლიანად და მაინცდამაინც ბოროტი - თავად გებურაც კი, რომელიც განადგურების განსახიერებაა.

45. ნათქვამია, რომ ბინას სათნოება არის მდუმარება, ხოლო მანკიერება სიძუნწე. აქ კვლავ ვხედავთ სატურნის გავლენას. სატურნი მართლაც უძველესი ღმერთია და იგი დედამიწის მინერალურ ასპექტს ეხება. იგი უძველეს კლდეებზე დგას, სადაც მცენარეები არ იზრდება.

46. სწორედ ეს დუმილი ითვლებოდა ქალების განსაკუთრებულ ღირსებად. ენა ყველაზე საშიში იარაღია, ხოლო მდუმარება მიმღებლობასთან ასოცირდება. თუ ჩვენ მდუმარებაში ვიმყოფებით, შეგვიძლია მოვუსმინოთ და ასე ვისწავლოთ. მაგრამ, თუ ლაპარაკში ვართ ჩართული, გონებაში შესასვლელი კარები დაკეტილია. სწორედ ეს არის ბინას წინააღმდეგობა და მიმღებლობა, რომელიც მისი უმთავრესი უფლებამოსილებაა.

47. ბინას სიმბოლოები არის იონი და გარეგანი დაფარული სამოსი. პირველი მათგანი არის ინდური, ხოლო მეორე გნოსტიკური ტერმინი, რომელიც ქალის სასქესო ორგანოს აღნიშნავს.

48. ნაყოფიერების იდეა ბინას მთავარი მოტივია; სწორედ მისი მეშვეობით ვლინდება ასია, ანუ მატერიალური სამყარო; ნაყოფიერება, ბალანსი, დრო, სიკვდილი და შეზღუდვა, ბინას ასპექტებია.

49. ტაროს დასტაში ოთხი სამიანი ბინას შეესაბამება; ყოველი მათგანი მჭიდრო კავშირშია მატერიაში მანიფესტაციის იდეასთან. დაპირისპირებული ძალები თვითგამიხატვას სამიანში პოულობენ, რომელიც მათ წინამორბედთან შედარებით დაბალ დონეზე ვლინდება; სატურნი არის სატურნის ერთ-ერთი სიმბოლო. ცერემონიულ მაგიაში ეს სიმბოლო ძალიან ხშირად გამოიყენება. მანიფესტაციის სხვა რეჟიმების გამოსაყენებლად წრეს იყენენ.

50. კვერთხების სამიანს ეწოდება ჩამოყალიბებული ძლიერების მბრძანებელი; აქაც გვაქვს წონასწორობაში მყოფი ძალაუფლების იდეა, რომელიც ბინასთვის არის დამახასიათებელი. როგორც გვახსოვს, კვერთხები წარმოადგენს ტეტრაგრამატონის იოდის ძალას; როდესაც იგი ბინაში ხვდება, წყვეტს დინამიურობას და კონსოლიდირებული ხდება.

51. თასები არსებითად ფემინური ძალის განსახიერებაა. თავად თასი, ბინას ერთ-ერთი სიმბოლოა და ეზოთერული სიმბოლიზმიდან მჭიდროს არის იონთან კავშირში. თასების სამიანი წარმოადგენს სიუხვისა და ნაყოფიერების სიმბოლოს.

52. ხმლების სამიანს ეწოდება მწუხარების მბრძანებელი და ტაროს დასტაში მისი სიმბოლოა სამი ხმლით განგმირული გული. მსგავსი გამომხატველობა მარიამ ღვთისმშობელის კათოლიკურ სიმბოლიზმთან არის კავშირში.

53. ხმლები, რა თქმა უნდა, გებურას წარმომადგენლები არიან, რომელიც ბინას დესტრუქციული ასპექტის სიმბოლოა; ინდუიზმში ეს არის კალი, შივას გამანადგურებელი მეუღლე.

54. პენტაკლები მატერიალური არკანებია, რომელიც მჭიდრო კავშირშია ბინასთან, რადგან ბინა თავისთავად ფორმას განაგებს. მას ეწოდება მატერიალური სამუშაოს მბრძანებელი, ანუ აქტიურობა ფორმაციის სიბრტყეზე.

55. ბინას შესახებ საკმაოდ ბევრი დავწერე, რადგან აქ სრულდება უმაღლესი სამება, პირველი საპირისპირო წყვილიდან. ბინა არამარტო საკუთარ თავს განასახიერებს, არამედ მოქმედ პარტნიორებსაც, რადგან შეუძლებელია ბინას განხილვა გამაწონასწორებელი სეფირას განხილვის გარეშე. ხოქმა წარმოუდგენელია ბინას გარეშე და ბინა წარმოუდგენელია ხოქმას გარეშე, რადგან ისინი ფუნქციურ წყვილებს განასახიერებენ და არა დამოუკიდებელ ერთეულებს.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff