თავი მერვე - სიცოცხლის ხის ქარგები


 თავი მერვე - სიცოცხლის ხის ქარგები
 
1. არსებობს სხვადასხვა მეთოდი, რომელთა მეშვეობითაც ათი წმინდა სეფიროტი სიცოცხლის ხეზე ლაგდება. არ შეიძლება თქმა, რომ ზოგი მათგანი კორექტულია, სხვები კი - არა. უბრალოდ ისინი სხვადასხვა მიზნებს ემსახურებიან და კონკრეტული სეფიროტების არსს, მათ ურთიერთკავშირებს და ჰარმონიის პრინციპებს გადმოსცემენ.
 
2. ეს მეთოდები მნიშვნელოვანია ასევე იმიტომ, რომ საშუალებას გვაძლევენ, შევუსაბამოთ ხის ათობითი სისტემა სამობით, ოთხობით და შვიდობით სისტემებთან. 
 
3. ხის საწყისი ფორმა დაკავშირებულია სამ კოლონასთან. დიაგრამებზე შეგვიძლია დავინახოთ, რომ სეფიროტები იოლად ექვემდებარებიან სამობით დაყოფას ვერტიკალებში, რადგანაც ქმნიან სამ სვეტს, რომლებსაც ეწოდებათ წყალობის მარჯვენა სვეტი, სისასტიკის მარცხენა სვეტი და ჰარმონიის, ანუ წონასწორობის შუა სვეტი. 
 
4. სანამ უფრო შორს წავალთ, უნდა ავღნიშნოთ ხის მარჯვენა და მარცხენა ნაწილების მნიშვნელობა. დიაგრამაზე მარცხნივ ვხედავთ ბინას, გებურას და ჰოდს, ხოლო მარჯვნივ - ხოქმას, ხესედს და ნეცახს; ხის განხილვის ეს მეთოდი მაკროკოსმოსის წარმოდგენისთვის გამოიყენება. თუ გვინდა, რომ მიკროკოსმოსი, ანუ ჩვენი საკუთარი ყოფიერება წარმოვიდგინოთ, დიაგრამასთან ზურგით უნდა დავდგეთ - 180 გრადუსით შეტრიალებული. ამასთან შუა კოლონა ხერემალს ემთხვევა, ბინა, გებურა და ხოდი - ჩვენგან მარჯვნივ აღმოჩნდება, ხოლო ხოქმა, ხესედი და ნეცახი - მარცხნივ. ეს სამი კოლონა ასევე შეგვიძლია დავაკავშიროთ სუშუმნასთან, იდასთან და პინგალასთან - იოგების სისტემაში. იმისთვის, რომ შემდგომში არ დავიბნეთ, კარგად უნდა დავიმახსოვროთ ეს ყველაფერი. მისტერ უეიტის „წმინდა კაბალაში“ წიგნის ყდაზე ხე შემობრუნებულია - ავტორის ახირება. როგორც წესი ხე ობიექტურ მდგომარეობაში გამოისახება, თუმცა აურის ძალთა ხაზების აღსანიშნავად საჭიროა სწორედ სუბიექტური ხის გამოყენება, რომელშიც გებურა მარჯვენა ხელთან ასოცირდება. რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში შუა სვეტი უცვლელი რჩება. 
 
5. სისასტიკის (სამართლიანობის) კოლონა ნეგატიურად, ანუ ქალურად ითვლება, ხოლო წყალობის კოლონა - პოზიტიურად, ანუ მამაკაცურად. ერთი შეხედვით შესაძლლოა მოგეჩვენოთ, რომ ამ ატრიბუტებს სიმბოლიზმების შეუსაბამობამდე მივყავართ, მაგრამ სეფიროტების შემდგომი კვლევა გვაჩვენებს, რომ ეს შეუსაბამობა ზედაპირული და მოჩვენებითია, და ამ სიმბოლიზმის უფრო ღრმა აზრი სრულ შეთანხმებას უზრუნველყოფს. 
 
6. პირველ დიაგრამაზე ჩანს, რომ ხაზი, რომელიც სეფიროტების თანმიმდევრულ განვითარებას აღნიშნავს, ზიგზაგებით მიდის, ამიტომაც სრულიად სამართლიანად იწოდება ელვად. იგი თვალსაჩინოდ აჩვენებს, რომ სეფიროტები განვითარების პროცესში თანმიმდევრულად წარმოადგენენ პოზიტიურებს, ნეგატიურებს და გაწონასწორებულებს. ეს ბევრად უფრო წარმატებული სიმბოლიზმია, ვიდრე ქმნილების პროცესის წარმოდგენა ერთ ხაზზე განლაგებული სეფიროტებით, რადგანაც ხაზს უსვამს ღვთაებრივი ემანაციების მრავალფეროვან ბუნებას და მათ ურთიერთკავშირს. როდესაც ხის გლიფს ვჭვრეტთ, ადვილად ვიჭერთ კავშირებს სეფიროტებს შორის და ვხედავთ, როგორ ჯგუფდებიან ისინი, აირაკლავენ ერთმანეთს და ურთიერთქმედებენ ერთმანეთს შორის.
 
7. სისასტიკის სვეტის, ნეგატიური ქალური სვეტის  მწვერვალზე იმყოფება ბინა, დიადი დედა. ბინა დაკავშირებულია სატურნის სფეროსთან, რომელიც ფორმას იძლევა. წყალობის სვეტის მწვერვალზე იმყოფება ხოქმა, უმაღლესი მამა, მამაკაცური პოტენცია. ამგვარად, ჩვენ ვხედავთ, რომ აქ გაერთიანებულია ფორმა და ძალა. 
 
8. მეორე სამეულში ვხედავთ ხესედს (იუპიტერს) და გებურას (მარსს). კვლავ ჩნდებიან წინააღმდეგობრივი წყვილები: შემოქმედება იუპიტერში, კანონმდებელ და მოწყალე მმართველში, და განადგურება მარსში, მეომარში და ბოროტების დამმარცხებელში. შესაძლოა გაჩნდეს კითხვა, რატომაა, რომ ასეთი ჭეშმარიტად მამაკაცური პოტენცია, როგორიცაა გებურა, ქალურ სვეტში იმყოფება? უნდა გვახსოვდეს, რომ მარსი წარმოადგენს დამანგრეველ პოტენციას, ერთ-ერთ არასასიკეთოს ასტროლოგიაში. თუ პოზიტიური პოტენციაბი ქმნიან, ნეგატიურები - ანგრევენ; პოზიტიური - კინეტიკური ენერგიაა, ნეგატიური - სტატიკური. 
 
9. იგივე ხდება ნეცახთან - წყალობის სვეტის ფუძესთან - და ჰოდთან - სისასტიკის სვეტის ფუძესთან. ნეცახი - წარმოადგენს ვენერას, ბუნების მწვანე სხივს, ბუნების ძალას, ემოციის გამოვლინებას. ხოდი წარმოადგენს მერკურის, ცოდნის გამოვლინებას. ნეცახი - ინსტინქტი და ემოციაა, კინეტიკური ძალაა; ჰოდი - ინტელექტი, კონკრეტული აზრი, ფორმირებული ინტუიტიური ცოდნა. 
 
10. უნდა დავიმახსოვროთ, რომ ყოველი სეფირა ერთდროულადაა ნეგატიური, ქალური, მის წინამდებარე ემანაციასთან და ღვთაებრივი ზეგავლენის წყაროსთან მიმართებაში, და პოზიტიური, მამაკაცური, ანუ მასტიმულირებელი მის მემკვიდრესთან მიმართებაში, რომელსაც იგი ღვთაებრივ ზეგავლენას გადასცემს. ამიტომ ყოველი სეფირა ორსქესიანია, ანუ მაგნიტს ჰგავს, რომელსაც ერთი პოლუსი უცილობლად ნეგატიური აქვს, მეორე კი - პოზიტიური. შეგვიძლია დამატებით მოვფინოთ შუქი ამ საკითხს ასტროლოგიასთან ანალოგიით, თუკი ავღნიშნავთ, რომ სეფირა ქალურ სვეტში კეთილგანწყობილია, როდესაც თავის ქალურ ასპექტში ფუნქციონირებს, და არაკეთილგანწყობილია, როდესაც პოზიტიურად ფუნქციონირებს. მამაკაცურ სვეტში კი სეფიროტების მოქმედება შესაბამისად იცვლება. ამგვარად, ბინა, სატურნი, სტაბილურობას და სიმშვიდეს ამჯობინებს, მაგრამ მეტისმეტი წინააღმდეგობისას არაკეთილგანწყობილია, აგრესიულია და ყოველთვის თავისას აღწევს. მეორე მხრივ, სეფირა ხესედი, გულმოწყალება, კეთილგანწყობილია საყოველთაო ჰარმონიისადმი, მაგრამ ეწინააღმდეგება გულმოწყალების სენტიმენტალობად ქცევას. ასეთ შემთხვევაში იგი უზურპირებას უკეთებს სატურნის სფეროს, ცდილობს რა გაანეიტრალოს მარსის მრისხანე ენერგიის ზეგავლენა. 
 
11. ამგვარად, განხილული ორი სვეტი ბუნების პოზიტიურ და ნეგატიურ ძალებს წარმოადგენენ: აქტიურს და პასიურს, კონსტრუქციულს და დესტრუქციულს, გაყინულ ფორმას და თავისუფლად გამოვლინებად ძალას. 
 
12. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ სეფიროტები შუა სვეტზე წარმოადგენენ ცნობიერების დონეებს და იმ განზომილებებს, რომლებშიც ისინი მოქმედებენ. მალხუთი - გრძნობითი აღქმაა; იესოდი - ასტრალური ფსიქიკაა; ტიფარეტი - გასხივოსნებული ცნობიერებაა, პიროვნული განვითარების უმაღლესი დონე, რაც ინდივიდისთვის ხელმისაწვდომია. უკანასკნელი მდგომარეობა - საკუთრივ ხელდასხმა, საკუთარი უმაღლესი მე-ს გაცნობიერება. ეს უმაღლესი ცნობიერების სხივია, რომელიც ტიფარეტის ქვედა გზის ფარდის მიღმიდან მოდის. სწორედ ამ მიზეზით აკუთვნებენ ხის სიმბოლიზმში ტიფარეტს მესიებს და კაცობრიობის მხსნელებს, რომლებსაც სინათლე ჩამოაქვთ ზეციდან, და რომლებიც ტრადიციულად მიწიერ სიცოცხლეს მსხვერპლად იღებენ კაცობრიობისთვის. ასე კვდება ყოველ ჩვენგანში დაბალი მე, რათა შემდეგ მაღალ მე-დ აღდგეს - ქრისტეს მსგავსად.
 
13. შუა სვეტი გაივლის დაათის, უჩინარი სეფიროტის მიღმა, რომელიც, როგორც უკვე ავღნიშნეთ, რაბინების წარმოდგენით, ცოდნას წარმოადგენს, ხოლო ფსიქოლოგთა ტერმინებით - ცნობიერ გაგებას ან აღქმას. ამ სვეტის მწვერვალზე კეტერია, გვირგვინი, ყველაფერი ყოფიერის წყარო. შემდეგ ცნობიერება გადაინაცვლებს კეტერის სულიერი არსიდან დაათის მეშვეობით უფსკრულზე გავლით ტიფარეტის სრულყოფილ ცნობიერებაში, ქრისტეს მსხვერპლის წყალობით, რომელმაც ფარდა ჩამოხსნა, შემდეგ კი უფრო ქვემოთ, იესოდის, მთვარის სფეროს ემოციურ დონეზე, და აქედან - ტვინის გრძნობით აღქმაზე - მალხუთის აღქმაზე. 
 
14. ასე ეშვება ქვემოთ ცნობიერება თავისი ინვოლუციის პროცესში, რომლის ქვეშაც გებულობენ ევოლუციის ფაზას - ქვემოთ მიმავალს, პირველი გამოვლინებიდან, ყოფიერების ნატიფი დონეების გავლით, მყარი მატერიისკენ. ეზოთერიკოსმა ტერმინი „ევოლუცია“ უნდა გამოიყენოს მხოლოდ მატერიიდან სულისკენ აღმასვლისკენ აღწერის დროს. ცხადია: ვერ განიცდის ევოლუციას ის, რასაც მანამდე ინვოლუცია არ განუცდია. ევოლუცია-ინვოლუციის მიმართულება ელვის, ანუ ცეცხლოვანი მახვილის გზას მიჰყვება, კეტერიდან მალხუთამდე, სეფიროტების ადრე აღწერილი რიგით. მაგრამ ცნობიერება დონიდან დონეზე გადადის და ვლინდება მხოლოდ მაშინ, როდესაც პოლარიზებული სეფიროტები წონასწორობაში არიან. ამიტომ, თუ ცნობიერების ფორმები დაკავშირებულნი არიან გამაწონასწორებელ სეფიროტებთან შუა სვეტში, მაგიური ძალები ურთიერთქმედებენ ურთიერთსაწინააღმდეგო სეფიროტებთან.
 
15. განდობის გზა სიბრძნის გველის მიხვევ-მოხვევებს მიჰყვება ხეზე; მაგრამ გასხივოსნების გზა ისრის გზას ემთხვევა, ისრის, რომელიც გაიტყორცნება იმედის მშვილდისგან, კეშეტისგან, ცისარტყელას მშვილდისგან, რომელიც ყველა ასტრალურ ფერს მოიცავს და იესოდის საზღვრებს ორეოლის მსგავსად სცდება. ეს - მისტიკოსის გზაა. განსხვავებით ოკულტისტის გზისგან, იგი სწრაფია, პირდაპირი და თავისუფალი დაუბალანსებელი ძალების გამოყენების სახიფათო ცდუნებებისგან, რომელთან შეხვედრაც ნებისმიერ სვეტში შეიძლება. თუმცაღა ეს გზა არ იძლევა არანაირ მაგიურ უნარებს, რომლებიც სჭირდებათ მათ, ვინც ტიფარეტში ეწირება მსხვერპლად, ან ფსიქიკოსებს იესოდში. 
 
16. ჩვენ უკვე ვახსენეთ ხის სამი სამება. უკეთესი გააზრებისთვის მოკლედ შევაჯამოთ ისინი. მაზერსი პირველ სამებას (რომელიც მოიცავს კეტერს, ხოქმას და ბინას) - ინტელექტუალურ სამყაროს უწოდებს, მეორე სამებას (ხესედი, გებურა და ტიფარეტი) - მორალურ სამყაროს და მესამე სამებას (ნეცახი, ჰოდ და იესოდ) - მატერიალურ სამყაროს. ჩემი აზრით ამ ტერმინოლოგიას შეცდომაში შევყავართ, რადგანაც ზემოთმოყვანილი სიტყვები ჩვენს ცნობიერებაში ყოველვის არ ასოცირდება იმასთან, რაც ამ სამყაროების ქვეშ სინამდვილეში მოიაზრება. ინტელექტი, არსობრივად, წარმოადგენს ინტუიციისა და აღქმის ერთგვარ შეკუმშულ ცნებას, და არ არის შესაფერისი ტერმინი უმაღლესი სამების სამყაროსთვის. ტერმინს - „მორალური სამყარო“ - ვეთანხმები, იგი იდენტურია ჩემს ტერმინთან - „ეთიკური სამება“. ტერმინს - „მატერიალური სამყარო“, სამებისთვის: ნეცახი, ჰოდი და იესოდი - მე კატეგორიულად არ ვეთანხმები, რადგანაც ეს სახელწოდება ცალსახად მხოლოდ მალხუთს განეკუთვნება. ეს სამი სეფიროტი ასტრალურია და არა მატერიალური, და ამ სამებისთვის მე გთავაზობთ ტერმინს - „ასტრალური“, ან „მაგიური სამყარო“. საეჭვოა სიტყვების გამოყენება იმ მნიშვნელობებით, რომლებიც ლექსიკონში მოყვანილებისგან განსხვავდებიან, მაშინაც კი, თუკი თავად განსაზღვრავს მათ გამოყენებას. სხვათაშორის ამით სცოდავდა მაზერსი. 
 
17. ინტელექტუალური სფერო არა იმდენად დონეა, რამდენადაც სვეტი, რადგან ინტელექტი, წარმოადგენს რა ცნობიერების შემადგენელს, თავისი არსით სინთეზურია. ეს ტერმინები, უეჭველია, რომ იმ ებრაული სახელების არასწორი თარგმნის შედეგად გაჩნდნენ, რომლებადაც კაბალისტები ჰყოფენ ყოფიერებას. 
 
18. ეს სამი დონე სეფიროტების კიდევ ერთ დაჯგუფებას იძლევა. მათგან უმაღლესს წარმოადგენს აზილუთი, არქეტიპული სამყარო, რომელიც კეტერისგან შედგება. მეორე - ბრია, რომელსაც შემოქმედებით სამყაროს უწოდებენ - იგი ხოქმასგან და ბინასგან შედგება, უმაღლესი აბასგან და ამასგან, მამისგან და დედისგან. მესამე - იეცირა, ფორმების წარმოქმნის სამყარო - ექვსი ცენტრალური სეფიროტისგან შედგება. ესენია: ხესედი, გებურა, ტიფარეტი, ნეცახი, ჰოდი და იესოდი. მეოთხეს წარმოადგენს ასია - მატერიალური სამყარო, რომელსაც მალხუთი წარმოადგენს. 
 
19. ათი სეფიროტი წარმოქმნის ასევე შვიდ სასახლეს. პირველ სასახლეში იმყოფება პირველი სამება, მეშვიდეში - იესოდი და მალხუთი. ყოველი დანარჩენი სეფიროტი შესაბამის სასახლეს შეესაბამება. მსგავსი განლაგება საინტერესოა იმით, რომ ხსნის იესოდისა და მალხუთის შინაგან დამოკიდებულებას და საშუალებას გვაძლევს - დავაკავშიროთ კაბალას ათობითი შკალა თეოსოფიის შვიდობით შკალასთან.
 
20. არსებობს ასევე სეფიროტების დაყოფა კაბალას სიმბოლიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვან სამეულად. ამ სისტემაში კეტერს ენიჭება სახელი - არიკ ანპინი, დიდი სახე. იგი ვლინდება, როგორც აბა - უმაღლესი მამა, ხოქმა, და ამა - უმაღლესი დედა, ბინა, რომლებიც წარმოადგენენ პოზიტიურ და ნეგატიურ ასპექტებს. ეს ორი სხვადასხვა ასპექტი, გაერთიანებისას, როგორც მაზერსი ამბობს, ელოჰიმად გარდაიქმნება. ელოჰიმი - საკმაოდ უცნაური ღვთაებრივი სახელია, რადგანაც იგი წარმოადგენს მამრობითი სქესის არსებით სახელს მდედრობითი სქესის მრავლობით რიცხვში. ეს კავშირი ხორციელდება დაათში - უჩინარ სეფიროტში.
 
21. შემდეგი ექვსი სეფიროტი წარმოქმნის ზეირ ანპინს, პატარა სახეს, ანუ მიკროპროზოპს, რომლის განსაკუთრებულ სეფიროტსაც ტიფარეტი წარმოადგენს. დარჩენილი სეფიროტი - მალხუთი, მიკროპროზოპის პატარძლად იწოდება.  
 
22. მიკროპროზოპს ხშირად ასევე უწოდებენ მეფეს, ხოლო მალხუთს - დედოფალს. მას ასევე უწოდებენ პატარა დედას, ან მიწიერ ევას, განსხვავებით ბინასგან - უმაღლესი დედისგან. 
 
23. სეფიროტების განხილული კლასიფიკაციათა მეთოდები არ წარმოქმნიან ერთმანეთში კონკურირებად სისტემებს. ისინი შექმნილია კაბალას ათობითი სისტემის სხვა სისტემებთან შესათანხმებლად, მაგალითად ქრისტიანობასთან, რომელიც სამობით სისტემას იყენებს, ან უკვე ნახსენებ თეოსოფიასთან, რომელშიც შვიდობითი სისტემა გამოიყენება. სხვადასხვა კლასიფიკაციები სასარგებლოა ასევე თავად სეფიროტებს შორის ფუნქციური კავშირების გამოსავლენად. 
 
24. კლასიფიკაციის ბოლო სისტემას, რომელიც უნდა ავღნიშნოთ, მართავს ივრითული ანბანის სამი ასო: ალეფ, მემ და შინ. ამ სამეულს, ივრითული ატრიბუტიკის თანახმად, წიგნ - „სეფირ იეცირას“ მიხედვით, შეესაბამება სამი სტიქია - ჰაერი, წყალი და ცეცხლი. ალეფი მართავს კეტერის ჰაეროვან ტრიადას, რომელშიც იმყოფება ჰაერის წყარო, და რომელიც ქვემოთ, ტიფარეტის მეშვეობით მზის ცეცხლად ირეკლება, ხოლო იესოდში - მთვარის ნათებად. ბინაში იმყოფება წყლის წყარო (მარა, დიადი ზღვა), რომელიც ხესედში და ჰოდში ირეკლება მემის, წყლის დედის მეშვეობით. ხოქმაში იმყოფება ცეცხლის წყარო, რომელიც ქვემოთ გებურასა და ნეცახში ირეკლება შინის, ცეცხლის დედის მეშვეობით. 
 
25. სასურველია, რომ ჩამოთვლილი კლასიფიკაციები დაიმახსოვროთ, რადგანაც ისინი ძალიან მნიშვნელოვანნი არიან თვითოეული კონკრეტული სეფიროტის გასაგებად, რამეთუ, როგორც უკვე ავღნიშნე, სეფიროტის გაგება ყველაზე კარგად მისი ურთიერთკავშირების მეშვეობით ხდება.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff