თავი ორმოცდამეორე
თავი ორმოცდამეორე
უძვირფასეს წყნარ წუთებში განთიადის დადგომამდე, იამუნას ნაპირზე, მეჩვენებოდა, რომ ღმერთი სადღაც ძალიან ახლოსაა. წამოვდექი და დილის ლექციაზე წავედი.
“ყველაფერი ჩვენს გარშემო შესაძლებელია განსულიერებულ იქნას, - დაიწყო შრილა პრაბჰუპადამ, თითქოს გაღვიძებისას ჩემთან მოსული ფიქრები გამოიცნოო. – ყველაფერი ღმერთის ენერგიაა. მაგრამ როდესაც გვავიწყდება კავშირი, რომელიმე ობიექტისა ღმერთთან – ამას ეწოდება მატერიალური ცნობიერება. ხოლო როცა ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაფერი ღმერთთანაა დაკავშირებული, და ყველაფერს მისი მსახურებისთვის ვიყენებთ – ასეთ ცნობიერებას სულიერი ეწოდება”. თავისი სიტყვების ილუსტრაციისთვის შრილა პრაბჰუპადამ მიკროფონზე დააკაკუნა: “მაგალითად ავიღოთ ეს მიკროფონი. თუ მას ვიყენებთ მიწიერი სიყვარულის შესახებ სიმღერებისთვის, იგი მატერიალურია. მაგრამ თუ ღმერთის სადიდებლად გამოვიყენებთ მას, იგი განსულიერდება. ეს ცნობიერების საკითხია. ჩვენ გვინდა გარშემო ყველაფერი სულიერი მიზნებისთვის გამოვიყენოთ. ბჰაკტი-იოგა – ესაა მატერიალური ენერგიის სულიერად გარდაქმნის ხელოვნება. ბჰაკტი, ღმერთისადმი ერთგულება, სულად აქცევს მატერიას”.
პრაბჰუპადას სიტყვებმა სიღრმემდე შეძრა ჩემი სამყარო. მომეჩვენა, რომ ფეხქვეშ მიწა მეცლებოდა. ეს ნამდვილი რევოლუციაა, - გავოცდი მე. – საგნებზე ასეთი შეხედულება უკუაგდებს ჩემთვის ჩვეულ შეხედულებას მიწიერისგან გამდგომაზე. მე ვვარაუდობდი, რომ მიწიერისგან განდგომა ნიშნავდა – ყველაფერზე უარის თქმას და მხოლოდ ყველაზე აუცილებლით დაკმაყოფილებას, რათა სული შევინარჩუნოთ სხეულში. მაგრამ როცა გულწრფელად ჩავიხედე ჩემს გულში, იძულებული ვიყავი მეღიარებინა, რომ იქ შეუმჩნევლად სიამაყემ დაისადგურა. მე ვამაყობდი იმით, თუ როგორ ვცხოვრობდი მთელი ამ ხნის განმავლობაში ინდოეთში, და იდუმალად საკუთარი ცხოვრების წესს იმაზე უკეთესად ვთვლიდი, ვიდრე იმას, როგორც დასავლეთში ცხოვრობდა ხალხი. ნუთუ მთელი ჩემი განდეგილობა სამყაროსგან სხვა არაფერი იყო, თუ არა ეგოიზმის მორიგი გამოვლინება, რომელიც აიძულებს ადამიანს, რომ საკუთარი თავი მოატყუოს, და ეხმარება, რომ სხვებზე უპირატესობა შეიგრძნოს? მე თითქოს ნიადაგი გამომაცალეს ფეხქვეშ. რა თქმა უნდა ადვილია სულიერად ჩავთვალოთ ვრინდავანის ლამაზი ბუნება, ან ტაძრები ღვთაებებით. მაგრამ მიკროფონი? გამახსენდა, როგორ განვიკითხავდი პრაბჰუპადას დასავლეთელ მოსწავლეებს იმის გამო, რომ ისინი ფოტოაპარატებს და მაგნიტოფონებს იყენებდნენ.
რა სიბრიყვე იყო ჩემი მხრიდან მათზე ზემოდან ყურება და საკუთარი თავის უკეთესად ჩათვლა მხოლოდ იმის გამო, რომ ცხოვრების ასკეტურ წესს ვეწეოდი. ახლა მესმის, რომ სამყაროსგან განდგომა ბუნებრივია მხოლოდ იმ დონით, რა დონითაც იგი მორჩილებას, პატივისცემასა და სიყვარულს აღვივებს ადამიანში.
სულ რაღაც რამდენიმე სიტყვით შრილა პრაბჰუპადამ დაანგრია ჩემი ილუზია. ჩემი ეგო მხილებულ იქნა, მაგრამ მე მადლიერებას ვგრძნობდი.
ნათქვამია, რომ წმინდა ადამიანს შეუძლია ვარდზე ნაზი და მეხზე მკაცრი იყოს. იმ დილით ერთ-ერთმა სტუმარმა თავის გამართლება დაიწყო, იცავდა რა საკუთარ უპრინციპობას და სულიერ სისუსტეს. შრილა პრაბჰუპადა დიდხანს უსმენდა, შემდეგ ხმას აუწია და ელვასავით დაიჭექა: “თუ სუსტი ხარ, გახდი ძლიერი! ადამიანი სიმტკიცის გარეშე ჩვარს ემსგავსება. მაშინ რა აზრი აქვს, რომ ადამიანი გერქვას?” სტუმარი საჰაერო ბუშტივით დაიჩუტა, თითქოს უჩხვლიტესო. ქედი მოიხარა პრაბჰუპადას წინაშე და შეჰპირდა, რომ მომავალში აღარ გააკეთებდა სისულელეებს. შრილა პრაბჰუპადას შეეძლო ძალიან მკვეთრი და უხეში ყოფილიყო, რათა შთაეგონებინა ადამიანისთვის გამოსწორების სასწრაფო აუცილებლობა. მისი სიტყვები, ბასრი, როგორც სკალპელი გამოცდილი ქირურგის ხელში, ჭრიდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ განეკურნათ. თვითონ ამის შესახებ ასე ამბობდა: “სულიერ მოძღვარს უნდა ჰქონდეს ბრიტანელი გენერლის გამბედაობა და ბენგალელი დედის გული”.
შრილა პრაბჰუპადამ განაგრძო ყველასადმი მიმართვა, და მის ხმაში მუდარა ჟღერდა: “ციდან ჩამოვარდნილი წვეთი გამჭვირვალეა. მაგრამ ჭუჭყთან შეხებისას, ის კარგავს თავის გამჭვირვალობას. წყლისთვის თავისი პირვანდელი სისუფთავის დაბრუნება შესაძლებელია, თუკი ჭუჭყს გავფილტრავთ მისგან. ამის ანალოგიურად, ჩვენი ცნობიერება თავდაპირველი ბუნებით სუფთაა, მაგრამ მატერიალურ ენერგიასთან შეხებისას, მან დაკარგა თავისი გამჭვირვალობა. ღმერთის სახელების გამეორებით ჩვენ შეგვიძლია აღვიდგინოთ ჩვენი ბუნებრივი, ნეტარი მდგომარეობა”. მან ახსნა, რომ უარი უნდა ვთქვათ სექტანტურ შეხედულებებზე და გავიგოთ, რომ ღმერთს მრავალი სახელი აქვს, და ყოველ მათგანში მან თავისი ღვთაებრივი ენერგიები ჩადო. “სახელი კრიშნა ნიშნავს “ყოვლის-მიმზიდველს”. ის ყოვლისმიმზიდველია, იმიტომ რომ ის თავდაპირველი წყაროა ყველანაირი სილამაზისა, ცოდნისა, ძალისა, სიმდიდრისა, სახელისა და განდეგილობისა. თუ ადამიანს პაწაწინა ნამცეცი მაინც აქვს ამ ყველა თვისებიდან, მას დიდებულად თვლიან. ღმერთი – დიდებულია, რადგან იგი – ყველა ამ ნიჭის წყაროა და უსაზღვრო დონით ფლობს ყოველ მათგანს. აი რას ნიშნავს, იყო ღმერთის უზენაესი პიროვნება”.
შემდეგ მან ახსნა, რომ ეს ძალიან ბუნებრივი მეთოდია. რაც მეტს ვისმენთ კრიშნაზე, მით უფრო მეტად იღვიძებს ჩვენში მისადმი მიძინებული სწრაფვა. ბჰაკტის პრაქტიკის საფუძველს კრიშნას შესახებ საუბრების მოსმენა და მისი წმინდა სახელების გალობა წარმოადგენს. რა დონითაც იღვიძებს ჩვენში სიყვარული, იმავე დონით ჩნდება მსახურების სურვილი. მე ხშირად მესმოდა სიტყვები: “ღმერთი დიადია”, - მაგრამ ახსნამ, რომელიც შრილა პრაბჰუპადამ მოგვცა, იმდენად გამაოგნა, რომ მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა.
* * *
საღამოს იმ გორაზე ვიჯექი, სადაც მადანა-მოჰანას უძველესი ტაძარი დგას. ზემოდან იამუნას დავცქეროდი და ვკითხულობდი ლოცვას, რომელიც შრილა პრაბჰუპადამ დაწერა იმ დღეს, როცა სატვირთო გემით ამერიკის ნაპირებს მიადგა. იგი თითქმის სამოცდაათი წლის იყო, და გემზე რამდენიმე მძიმე გულის შეტევა გადაიტანა. თან მხოლოდ შვიდი დოლარი ჰქონდა ინდურ ვალუტაში, და მანამდე არასოდეს გადაუკვეთავს ინდოეთის საზღვრები. ოცდაათი დღის შემდეგ გემი ბოსტონის პორტს მიადგა, და იქ, ბოსტონის ჰავანში, შრილა პრაბჰუპადამ დაწერა წერილი, მიმართული უფალი კრიშნასადმი. რამდენიმე წლის შემდეგ მისმა მოსწავლეებმა შემთხვევით იპოვეს ეს ჩანაწერები ძველ ჩემოდანში.
გორის თავზე, სადაც ვიჯექი, სიწყნარე იყო. ხეების ფოთლებს ქარი აშრიალებდა, შორიდან მენავეების გადაძახილი მოისმოდა, სადღაც ძროხები ბღაოდნენ. ღრმა კონცენტრაციით ვმედიტირებდი იმ რამდენიმე სტროფზე ლოცვიდან, რომელიც ახლა ცნობილია, როგორც ლოცვა “ჯალადუტაზე”:
ჩემო ძვირფასო უფალო კრიშნა, შენ არაჩვეულებრივად კეთილი ხარ ამ უვარგისი სულისადმი, მაგრამ არ ვიცი, რატომ მომიყვანე აქ. ახლა შეგიძლია ის გამიკეთო, რაც გსურს.
თუმცა მე ვხვდები, რომ აქ რაღაც საქმე გაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში რატომ მომიყვანდი ამ ადგილას?
ასეა თუ ისე, უფალო, შენ მომიყვანე აქ, რათა ხალხს მოვუთხრო შენს შესახებ. და ახლა, ჩემო უფალო, მხოლოდ შენზეა დამოკიდებული, რით დასრულდება ეს მცდელობა – წარმატებით თუ წარუმატებლობით. ყველაფერი შენი ნებაა.
ო, ყველა სამყაროს სულიერო მოძღვარო! მე შემიძლია მხოლოდ გავიმეორო შენი სიტყვები. ჰქმენ, თუ ეს გსურს ისე, რომ მათ გამიგონ.
მხოლოდ შენი უმიზეზო წყალობით მოიპოვებენ ჩემი სიტყვები სიწმინდეს. დარწმუნებული ვარ, რომ შეაღწევს რა ადამიანების გულებში, ეს ცოდნა სიხარულით აღავსებს მათ და ყველა ტანჯვისგან იხსნის.
ო, უფალო, მე – მარიონეტი ვარ შენს ხელებში. და რადგანაც მომიყვანე აქ საცეკვაოდ, მაშ მაიძულე, მაიძულე ვიცეკვო, ო უფალო, მაიძულე ვიცეკვო ისე, როგორც ეს შენ გინდა.
მე არ მაქვს არც ერთგულება, არც ცოდნა, მაგრამ მტკიცედ მჯერა კრიშნას წმინდა სახელის. მე ბჰაკტივედანტა დამარქვეს, და ახლა, თუკი შენი ნება იქნება, შეგიძლია გაამართლო ამ სახელის ჭეშმარიტი არსი.
ყველაზე უვარგისი და უმწეო გლახაკი, ა.ჩ. ბჰაკტივედანტა სვამი,
გემის - “ჯალადუტას” ბორტი,
ბოსტონი, მასაჩუსეტსის შტატი, აშშ.
1965 წლის 18 სექტემბერი.
გორაკის მწვერვალიდან ვაკვირდებოდი, როგორ მიჰქონდა იამუნას თავის წყლები დაბლობზე. შრილა პრაბჰუპადას სიტყვებზე ვფიქრობდი და უნებურად პარალელების გავლება დავიწყე მე არც თუ ადვილი გზა გამოვიარე ამერიკიდან ინდოეთამდე, მასწავლებლების ძიებაში, რომლებიც ღმერთის შესახებ ცოდნას გამიხსნიდნენ, ხოლო შრილა პრაბჰუპადამ ინდოეთიდან ამერიკამდე გადმოცურა – მოსწავლეების ძიებაში იმისთვის, რომ ღმერთის შესახებ ცოდნა გადაეცა მათთვის.
როგორც ჩანს, - ვფიქრობდი მე, - ღმერთი მსოფლიოს ჭეშმარიტ სიყვარულს მათი მეშვეობით უხსნის, ვისაც უყვარს იგი. პრაბჰუპადას ლოცვაში მორჩილება გამოსჭვიოდა, და ეს მორჩილება მოდიოდა იმ ადამიანის გულიდან, რომელმაც ყველაფერი მიატოვა სხვათა სულიერი კეთილდღეობისთვის. მოხუცებული ადამიანი, გადატანილი ინფარქტებით, ფულის გარეშე, მარტო, უცხო ქვეყანაში – იგი ღმერთს მხოლოდ ერთ კურთხევას ევედრებოდა: ყოფილიყო მისი თანაგრძნობის ინსტრუმენტი.
* * *
მომდევნო დღის ადრიან დილას, შორეული ტაძრის ზარების გადაძახილით გაღვიძებული, დიდხანს ვიწექი მდინარის ნაპირზე, ცისკრის ვარსკვლავს ვუმზერდი და წინა საღამოს წაკითხულ წერილს ვიხსენებდი. დღეს დადგა მერვე – და ბოლო – დღე ვრინდავანში შრილა პრაბჰუპადას ყოფნისა. ჩვეულებისამებრ შევედი ყინულივით ცივ წყალში მხრებამდე და ლოცვები აღვავლინე. მთვარის რბილ შუქზე შორეული ტაძრების მწვერვალების სილუეტები მოჩანდა. ცა ღრმა მდუმარებას ინარჩუნებდა. მარტოობა ჩემი ერთადერთი მეგზური იყო ამ დროს. სიცივისაგან აკანკალებულმა ხელები შევატყუპე და შევთხოვე შრი რადჰას და კრიშნას, რომ დამხმარებოდნენ. შემდეგ ნაპირზე გამოვედი, ტანსაცმელი გავწურე და აკანკალებულმა კვლავ ჩავიცვი ისინი. დავჯექი დ ახის კრიალოსანზე უფლის წმინდა სახელების გამეორება დავიწყე. თან შრილა პრაბჰუპადას ვრინდავანიდან გამგზავრება მედგა თვალწინ.
საათით გვიან ვრინდავანის ბნელ ქუჩებს მივუყვებოდი მწველი სურვილით, რომ შრილა პრაბჰუპადას უკანასკნელი ლექცია მომესმინა. გარშემო ყველგან ზარები რეკავდნენ და სადჰუები გალობდნენ. ნახევრადმძინარე ვაჭრები მაღაზიებს აღებდნენ. ადგილზე მივედი და იატაკზე დავჯექი. დარბაზი სავსე იყო მოსწავლეებით და სტუმრებით, რომლებიც ხმადაბლა მღეროდნენ მაჰა-მანტრას თიხის ბარაბნების და ხელის თეფშების აკომპანიმენტის ქვეშ. ზოგიერთი ბექვის ქუდით და სვიტერით იყო შემოსილი ან პლედი ჰქონდათ შემოსხმული, სხვები სიცივისგან კანკალებდნენ. შენობაში ტკბილი სანდალის კეთილსურნელების სუნი იდგა, მაგრამ მის სიტკბოს არ შეეძლო ჰაერში მდგარი განშორების სიმწარის გადაფარვა: არავის არ უნდოდა, რომ შრილა პრაბჰუპადა ვრინდავანიდან წასულიყო.
როცა შრილა პრაბჰუპადა დარბაზში შემოვიდა, კირტანი უფრო ხმამაღლა და სწრაფად აჟღერდა, მაგრამ მაშინვე მიჩუმდა, როგორც კი ის თავის ადგილზე დაჯდა. ამომავალი მზის სხივები ფანჯრებში აღწევდნენ და რბილი შუქით ანათებდნენ მის ფიგურას. გარეთ თუთიყუშები მღეროდნენ, და ჩიტების ამ სიმფონიას დაემატა მცირე ლატუნის თეფშების ჟღერა, რომლითაც შრილა პრაბჰუპადა რიტმს ქმნიდა. თვალდახუჭულმა, ლამაზი გალობა შეასრულა: “ჯაია რადჰა მადჰავა კუნჯაბიჰარი, გოპიჯანა-ვალაბჰა გირივარა-დჰარი”. იგი მღეროდა უფალსა და მის ერთგულებს შორის არსებული სიყვარულის შესახებ, მე კი ჩემი გულის ხმას ვუგდებდი ყურს. შრილა პრაბჰუპადას სიყვარული ღმერთისადმი იმარჯვებდა ჩემზე.
შრილა პრაბჰუპადას ხმა ჩემს ყურებში შედიოდა და გულის სიღრმემდე აღწევდა. უცებ მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრების ყველა მოვლენა დღევანდელი დღის ჩათვლით მხოლოდ იმისთვის იყო გამიზნული, რომ ამ მომენტამდე მივეყვანე. ცნობიერების სიღრმეში თავდაჯერებულობა განმტკიცდა: დიახ, ღმერთმა როგორც იქნა მაჩვენა ჩემი გურუ. ვგრძნობდი, როგორ იწეოდა და ტრიალებდა ჩემი სული რწმენის უზარმაზარ ტალღაზე, შემდეგ კი მსწრაფლად ეშვებოდა მადლიერების ოკეანეში. ასეთი რამ აქამდე არასოდეს განმიცდია. სიხარულმა დატბორა მთელი ჩემი გული.
გამახსენდა ჩემი პირველი შეხვედრა შრილა პრაბჰუპადასთან ბომბეიში. უკვე მაშინ შინაგანი ხმა ჩამჩურჩულებდა: “ეს შენი გურუა!” მაგრამ იმ მომენტში ჯერ კიდევ არ მქონდა თავდაჯერებულობა და მზაობა, რომ ამ ხმას დავმორჩილებოდი. ამიტომ, სანამ ჭკუა გულს ებრძოდა, განვაგდე ჩემგან ეს გრძნობა და განვაგრძე ძიება. ამ ძიებამ ვრინდავანში მომიყვანა, კრიშნასთან. და ახლა ძალამ, რომელიც უსაზღვროდ აღემატებოდა ჩემი ჭკუისა და გულის ძალას, ერთიც და მეორეც ჰარმონიაში მოიყვანა. კი, კი, - ხმამაღლა მიცემდა გული. ჩემმა ძიებებმა, დაწყებულმა მსოფლიოს მეორე კუთხეში – ჰეილენდ პარკში, ბოლოს და ბოლოს მომიყვანეს ჩემი გურუს ტერფებთან. ამ მომენტში მე მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში არ შეიძლებოდა ყოფილიყო სხვა მიზანი, გარდა შრილა პრაბჰუპადას დახმარების სურვილისა ღმერთისადმი სიყვარულის მთელს მსოფლიოში გავრცელებაში. მომინდა გავმხდარიყავი თუნდაც ყველაზე უსუსური, მაგრამ ინსტრუმენტი თანაგრძნობით სავსე ამ მისიისა.
გონებაში ჩემი ცხოვრების სხვა მოვლენები ამოტივტივდა. გამახსენდა ეგვიპტელი მისტიკოსი ჰიმალაებში, რომელმაც მიწინასწარმეტყველა: “მოთმინებით განაგრძე ძიება. მაღალი ძალები დაგეხმარებიან იმის ცნობაში, ვისაც ეძებ. დამიჯერე. ეს ბედია. შენი მასწავლებელი აუცილებლად მოვა შენთან”. ახლა მისი წინასწარმეტყველება აღსრულდა.
ღმერთმა ჩემი მასწავლებლისადმი რწმენის მარცვალი ჩადო ჩემში, და თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ნეტარების ტალღებში ვცურავდი. მაგრამ რაღაც მომენტში მომიწია, რომ მიწაზე დავბრუნებულიყავი და ალალად შემეხედა თვალებში სინამდვილისთვის.
შევძლებ, რომ ჩემი გურუს სწავლების ერთგული დავრჩე? მსოფლიოში – ცდუნებების უსაზღვრო რაოდენობაა. საკუთარი მასწავლებლის შერცხვენა შავი უმადურობის აქტი იქნებოდა. ამას გარდა მე ისე ცოტა მაქვს საერთო მის დასავლეთელ მოსწავლეებთან, თუმცა კი დავიწყე მათდამი პატივისცემით მოპყრობა. შევძლებ მათთან ერთად ცხოვრებას? მე ძლიერი რწმენა მაქვს შრილა პრაბჰუპადას მიმართ, მაგრამ საკუთარი თავის მცირედ მჯერა. შემიძლია, მთელი გულწრფელობით ვთქვა, რომ ღირსი ვარ მისი მოსწავლეობისა?
თვალებზე ცრემლები მომადგა, ფეხები დამიბუჟდა, ხოლო გული მღელვარებით ამიძგერდა. მივხვდი, რომ არ ვიმსახურებდი ამას, მაგრამ გადავწყვიტე, რომ რადაც არ უნდა დამჯდომოდა დროთა განმავლობაში შემეძინა აუცილებელი თვისებები.
* * *
მზემ დილის სუსხი განდევნა და ხალხის უზარმაზარი ბრბო გაანათა, რომლებიც ისევე როგორც მე, შრილა პრაბჰუპადას და მისი მოსწავლეების გასაცილებლად შეკრებილიყვნენ. უეცრად ბრბომ გამიტაცა და თან წამიყოლა. გამორკვევაც კი ვერ მოვასწარი, რომ შრილა პრაბჰუპადას პირისპირ აღმოვჩნდი. მე მის უძირო ყავისფერ თვალებს ვუმზერდი, ის კი – ჩემსას. იდუმალი შეგრძნება მომაწვა – მომეჩვენა, რომ თავად უფალი, შრილა პრაბჰუპადას გზით ჩემს სულში იხედებოდა. გარშემო ყველაფერი გაქრა. შრილა პრაბჰუპადა მშვიდად იდგა და ელოდა, როდის დავილაპარაკებდი. სუნთქვა შემეკრა და თავბრუ დამეხვა ემოციებისგან და მადლიერების გრძნობისგან. შეცბუნებულმა წარმოვთქვი: “შრილა პრაბჰუპადა, მინდა მთელი ჩემი სიცოცხლე მოგიძღვნათ”.
დამდგარ სიჩუმეში დრო გაჩერდა. წამები საუკუნეებივით იწელებოდა. როგორც იქნა მსუბუქი მოძრაობით იგი თითის წვერებით ჩემს შეტყუპებულ ხელებს შეეხო და რბილად გამიღიმა. მისი თვალები, ცრემლებისგან დანამულნი, იყვნენ თვალები მამისა, რომელიც უძღები შვილის დაბრუნებას ეღირსა განშორების ხანგრძლივი წლების შემდეგ. მის მზერაში დავინახე სიბრძნის უსაზღვრო ოკეანე, რომელიც დროს არ ემორჩილებოდა. სიყვარული ვიგრძენი – უძირო, მაგრამ ძალიან პიროვნული, რის გამოც მანამდე განუცდელი სიმყუდროვის შეგრძნება გამიჩნდა. თავი ოდნავ დამიქნია და წარმოთქვა: “დიახ, შენ სახლში დაბრუნდი”.
მადლიერების მოწოლილი ტალღა ცრემლების სახით გადმოიღვარა ჩემი თვალებიდან, მთელი ძალით ვცდილობდი თავი შემეკავებინა თავს დამტყდარი გრძნობებისგან და თაყვანი ვეცი. შრილა პრაბჰუპადამ თავისი ხელჯოხი ჩემს მეგობარს, შიამასუნდარას გადასცა, დაიხარა და ავტომობილში ჩაჯდა. ის იღიმებოდა და თავს უქნევდა თავის მეგობრებსა და თაყვანისმცემლებს, და ყველამ ტირილი, ხელების ქნევა და ხმამაღლა ყვირილი დაიწყო. ასე ვიდექით, სანამ ავტომობილი, რომლითაც შრილა პრაბჰუპადა მიდიოდა, წერტილად არ იქცა ჰორიზონტზე.
უძრავად ვიდექი და მოწმენდილ ცისფერ ცას ვუყურებდი. დღეს, ვგრძნობდი მე, ჩემი ჭკუის ბნელი ღრუბლებიდან რწმენის მზემ გამოანათა. და ეს მზე, ვიმედოვნებდი, რომ აღარასოდეს ჩავიდოდა.
მადლიერების ტალღები იღვრებოდა ჩემი გულიდან. ამ კურთხევის გულისთვის გადავიტანე მთელი ეს სირთულეები და განსაცდელები ჩემს გზაზე. სწორედ ამ საგანძურისთვის იყო გამიზნული ჩემი მოგზაურობა. ამ ჯადოსნური წამისთვის ტიროდა ჩემი სული. ღმერთმა ჩემი გზა გამიხსნა. ეჭვებისა და შიშის ბურუსი გაიფანტა, და აი, სულიერი მოძღვრის პირისპირ აღმოვჩნდი – ნამდვილი გასხივოსნებული გურუს წინაშე, რომელსაც შემიძლია მთელი სიცოცხლე მივუძღვნა. მოხდა ის, რისთვისაც ათასჯერ მილოცია და რისთვისაც ცრემლები მიღვრია. სასწაული, რომელსაც ასე ველოდი, აღსრულდა!
ჩემი სიხარული საზღვრებს ვერ პოულობდა. შრილა პრაბჰუპადას პიროვნება განასახიერებდა ყველა ტრადიციის მცნებას, რომელიც მოგზაურობის მანძილზე შევისწავლე. მისი სიტყვები წმინდანთა მთელი დასის უსასრულო სიყვარულსა და სიბრძნეს მიხსნიდა და ყველა ჩემს ეჭვს ანადგურებდა. მან მოიტანა სწავლება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ინახებოდა და სათუთად გადაეცემოდა მასწავლებლების უწყვეტი ჯაჭვით, სწავლება იმის შესახებ, თუ როგორ განვივითაროთ ურთიერთობა ყოვლისმიმზიდველ შეყვარებულთან. ჩემს გულში აინთო რწმენა იმისა, რომ ამ მოკრძალებულ წმინდა ადამიანს, არამაღალს და გამხდარს, მართლა უყვარს კრიშნა, და კრიშნასაც, უზენაეს უფალსაც უყვარს იგი.
* * *
ჩემი მოგზაურობების განმავლობაში არასოდეს შემიდარებია ერთმანეთისთვის ჩემი მასწავლებლები და არ ჩამითვლია, რომ მათგან რომელიმე სხვაზე უკეთესია. მე უბრალოდ ღრუბელივით ვიწოვდი ყველა მათ დარიგებას და მათთან ურთიერთობის გამოცდილებას, და მჯეროდა, რომ ღმერთი მიჩვენებდა ჩემს გზას და ჩემს გურუს. ბომბეიში შრილა პრაბჰუპადამ ჩვენი სულიერი ურთიერთობების მარცვალი ჩადო ჩემს გულში. ის პირველი შეხვედრა რაღაცით ჩემს სულიერ ჩასახვას ჰგავდა. მის მიერ დათესილი თესლი იზრდებოდა და ყველასთვის შეუმჩნეველი იყო მანამდე, სანამ კრიშნას მიწაზე არ მოვედი, ვრინდავანში, რომელიც ჩემი სახლი გახდა. ახლა კი, ჩემი სულიერი ჩასახვიდან ცხრა თვის შემდეგ, ჩვენი ურთიერთობების ნაყოფი წმინდა მიწაზე დაიბადა. უკან ვიხედებოდი წარსულისკენ და ვხედავდი, როგორ მატარებდა მთელი ამ დროის განმავლობაში უფლის უჩინარი ხელი.
ჩემი ცხოვრების ყოველი საფეხური სასწაულებრივ კურთხევად იქცა ჩემთვის. ვიხსენებდი ყველა განცდილ სიხარულს და სევდას, გამარჯვებას და მარცხს, და მესმოდა, რომ ეს ყველაფერი წინ მიბიძგებდა სულიერ გზაზე. მახსენდებოდა ისინი, ვინც სიყვარულით და ზრუნვით მეპყრობოდა, როგორც კაილაშ ბაბა, და ისინი, ვისაც ვძულდი და ჩემი მოკვლა უნდოდა, როგორც სტამბულის ყაჩაღებს. ყველამ ითამაშა როლი უჩინარი შემოქმედის მიერ დაწერილ საოცარ დრამაში. როგორც მდინარის წყლები საბოლოოდ ოკეანეს ერწყმიან, ასევე მიმიყვანა შინაგანმა ძახილმა ჩემი კრიშნას და ჩემი ძვირფასი გურუს ტერფებთან. მადლიერების ცრემლებით ვტიროდი, თითქოს მესმოდა, როგორ მეუბნებოდა ღმერთი: “მე აქ ვარ, ეს მე მოგიყვანე აქამდე, და შენს წინ – ისაა, ვისაც ეკუთვნი!”
ფიქრებში ჩაძირული გავემართე იმ პატარა ოთახისკენ ძველ ტაძარში, სადაც ექვსი წლის განმავლობაში განდეგილად ცხოვრობდა შრილა პრაბჰუპადა. იატაკზე დავჯექი იმ ადგილას, სადაც პრაბჰუპადა საჭმელს ამზადებდა, ფანჯარაში გავიხედე და საკუთარ თვალებს არ დავუჯერე. სულ რაღაც რამდენიმე მეტრში შრილა პრაბჰუპადას საცხოვრებელი ადგილიდან რუპა გოსვამის განსასვენებელი იდგა, რომელთან მდგარსაც ადრე გამოცხადება მქონდა და ჩემი სულიერი გზა გამეხსნა.
ჩემს ნავთსაყუდელს დავუბრუნდი მდინარის ნაპირას, იმ ყველაფრით აღსავსე, რაც იმ დაუვიწყარ დღეს განვიცადე. უკვე შუაღამე იდგა. მთვარის შუქით განათებული ღამის სიჩუმეში, დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რატომ მიზიდავდა მთელი ჩემი მოგზაურობის მანძილზე მდინარის ნაპირები. ყოველი მათგანი თავისი სიბრძნით მკვებავდა და თავშესაფარს მაძლევდა. შინაგანი მზერით იამუნას წყალს ვუცქერდი და მასში გეტისბურგის წყარო, ამსტერდამის არხები, ლუქსემბურგის მდინარე, ლონდონის ტემზა, რომის ტიბროსი და ძლევამოსილი განგა დავინახე. ყოველი ამ მდინარის ჩურჩული მეხმარეობდა ხოლმე, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიმეღო და საჭიროების შემთხვევაში საშველად მოდიოდა.
ახლა იამუნას მშვიდ დინებას ვუმზერდი და წარმოვიდგინე, როგორ იწყებდა იგი თავის ხანგრძლივ გზას ჰიმალაების მწვერვალებიდან, წმენდდა იოგების და ბრძენების სამყოფელ ადგილებს ტყეებში, და ბოლოს და ბოლოს, ემორჩილებოდა რა უჩინარ ძალას, ვრინდავანში მოდიოდა. და მეც, ინდოეთში ჩამოსვლისას ჩემი მოგზაურობა ჰიმალაებიდან დავიწყე, საიდანაც ჩემი ბედის მდინარემ ამიტაცა და იოგების და ბრძენების სამყოფელი ადგილების გავლით ვრინდავანში მომიყვანა – ბჰაკტის მიწაზე, ჩემი გურუს ტერფებთან.
მთვარით განათებულ მდინარეს ვუცქერდი და მის ზედაპირზე საკუთარი სილუეტი შევნიშნე. უფალს უნდოდა, რომ ჩემივე ცხოვრების საკუთარი ანარეკლი ეჩვენებინა ჩემთვის. ქვიშიან ნაპირზე ვიწექი და ვიხსენებდი, როგორ ვლოცულობდი ღმერთისადმი ჩემს საძინებელში, ჰეილენბდ პარკში, და ღიმილით ხმადაბლა წარმოვთქვი: “დიახ, მთელი ამ დროის განმავლობაში შენ გესმოდა ჩემი”.