გზა შინისაკენ - ამერიკელი იოგის მოგზაურობა

რადჰანათჰ სვამი
5
1

ძლივ-ძლივობით გამოვძვერი თუ არა მდინარე ბაჰმატის ყინულივით ცივი წყლიდან, რომელიც ჰიმალაების ყინულებიდან იღებს სათავეს

თავი მეთოთხმეტე

 

თავი მეთოთხმეტე

დეკემბრის ცივ დილას, ვფიქრობდი რა მომავალ მოგზაურობაზე ჰიმალაებში იოგების და ბრძენების საძებნელად, შემთხვევით ვიქტორიანული ეპოქის ძველ შენობაზე დავინახე განცხადება, რომელმაც მაშინვე მიიპყრო ჩემი ყურადღება. განცხადებაში ეწერა, რომ დღეს, დილის 9 საათზე ნიუ-დელიში იხსნება “იოგას საერთაშორისო კონფერენცია”. სასიხარულო მოლოდინით აღვსილი მაშინვე იქ გავემართე. ამ დიდი და პრესტიჟული აქციის ორგანიზატორი იყო ინგლისელი იოგი ქრისტოფერ ჰილზი, რომელიც განთქმული იყო თავისი სიყვარულით ინდოეთისადმი. ოთხდღიანი კონფერენცია იმისთვის ტარდებოდა, რომ ერთად მოეყარა თავი რაც შეიძლება მეტი გურუსთვის, იოგისთვის, ლამასთვის, პანდიტისთვის და ბრძენისთვის, და შესაძლებლობა მიეცათ მათთვის, თავიანთი სიბრძნე ხალხისთვის გაეზიარებინათ. მოწვეულებს შორის ისეთებიც იყვნენ, რომლებმაც რამდენიმე ათწლეული გაატარეს ჯუნგლებში, სრულ მარტოობაში, და ახლა კაცობრიობის წინ წარდგომას აპირებდნენ. დილიდან გვიან საღამომდე ერთდროულად შვიდ ადგილას იყო დაგეგმილი დარშანები, სულიერი შეხვედრები. მოგვიანებით გავიგე, რომ კონფერენციას რვაასამდე იოგი ესწრებოდა. ვერ ვიჯერებდი, როგორ გამიმართლა.
პირველ დღეს დიდ კარავში პირველად შევხვდი იოგას ერთ-ერთ უდიადეს მასწავლებელს – შრი ბ.კ.ს. აიენგარს. ის ძალიან გასაგებად ხსნიდა ჰათჰა-იოგას მეცნიერებას, ამ დროს კი მისი მოსწავლეები სხვადასხვა ასანების დემონსტრირებას ახდენდნენ – პოზების, რომლებიც ჭკუის და სხეულის ჰარმონიის მისაღწევადაა საჭირო. აიენგარის მოსწავლეებიდან ერთ-ერთი კისერზე ფეხებგადადებული იჯდა. მეორე წონასწორობას ინარჩუნებდა, იდგა რა მხოლოდ წინამხარზე, ფეხები უკან გადაეგდო, ტერფები კი თავს ეხებოდა. მესამე გაუნძრევლად იდგა თავზე, მეოთხე კი ზურგგამოზნექილი და მეორე ფეხით თავზე, ერთ ფეხზე ინარჩუნებდა ბალანსს. თერთმეტი წლის ბიჭი ქსოვილის გრძელ ნაჭერს ყლაპავდა, შემდეგ კი უკან ამოჰქონდა, წმენდდა რა ამით კუჭის ღრუს. მეორე ბავშვი ცხვირ-ხახას იწმენდდა წვრილი თოკით, რომელსაც ნესტოებსა და პირის ღრუში აძვრენდა.
გაოცებული ვიყავი, როგორ იოლად აკეთებს ბავშვი ამ ყველაფერს, თუ გამოცდილი მასწავლებელი მცირე ასაკიდან გამოწვრთნის. ჩვენებასთან ერთად შრი აიენგარი თვითოეული პოზის სარგებლობას უხსნიდა მაყურებლებს. ჩემზე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა იმ რწმენამ და თანაგრძნობამ, რომელიც მისი ლაპარაკიდან გამოსჭვიოდა. აშკარად ჩანდა მისი მწველი სურვილი, რომ მსოფლიოსთვის გაეზიარებინა იოგას ძღვენი. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ რამდენიმე წლის შემდეგ შრი აიენგარი ჩემი ახლო მეგობარი და კეთილისმსურველი გახდებოდა.
როცა, კარვიდან გამოვდიოდი, მომიახლოვდა დაბალი გამხდარი ხანშიშესული ადამიანი გადაპარსული თმით, ღია ფორთოხლისფერ ტანსაცმელში. ეს იყო ბუდისტი ბერი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან. მან ფართოდ გამიღიმა და წარმომიდგა, როგორც ბჰიკუ ვივეკანანდა. იგი გააოცა იმან, რომ მე, ახალგაზრდა ამერიკელი, ღმერთს ვეძებდი. ამ მომენტიდან მთელი კონფერენციის განმავლობაში არ დავშორებულვართ ერთმანეთს. თავის სამშობლოში, ტაილანდში, ერთ-ერთ მონასტერში, ბჰიკუ სულიერი მოძღვარი იყო რამდენიმე ათასი ბერისთვის. ამ კონფერენციაზე მოსახვედრად გრძელი გზა გამოიარა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის სამოცი წლის იყო, მოზარდივით სიცოცხლით სავსე და ენერგიული გახლდათ. ლექციებს და კონფერენციის სხვა მოვლენებს შორის შუალედში იგი სასიამოვნო ტაილანდური აქცენტით მიხსნიდა ბუდიზმის ფილოსოფიას.
სწორედ ამ კონფერენციაზე ვნახე პირველად სვამი რამა, რომელმაც მოგვიანებით სახელი გაითქვა, როგორც ჰიმალაის ინსტიტუტის ფუძემდებელმა. ეს იყო მაღალი, ძალიან სუფთა ტანსაცმელში გამოწყობილი კეთილშობილი მამაკაცი სიარულის დიდებული მანერით. მხოლოდ მისი გარეგნობაც კი პატივისცემას იწვევდა ყველაში. შავი ღრმა თვალები ჰქონდა, ჭაღარა თმა კი, რომელიც მხრებამდე სწვდებოდა, უკან გადაევარცხნა. მინდოდა მეტი გამეგო მასზე, ისევე როგორც კონფერენციის სხვა მონაწილეებზე. ამიტომ არა მხოლოდ გამოვკითხე მისი მოსწავლეები, არამედ ყველანაირი მისაწვდომი ინფორმაცია წავიკითხე მის შესახებ.
სვამი რამა დაიბადა 1925 წელს ჰიმალაების ერთ-ერთ სოფელში. ადრეულ ბავშვობაში იგი სახლიდან წავიდა და რიშებთან, წმინდა ადამიანებთან ერთად ჯუნგლებში დაიწყო ცხოვრება. დაბალი ხმით სვამი რამა ჰყვებოდა, როგორ დაავალა მისმა გურუმ, რომ ჰიმალაის ბრძენების უძველესი სიბრძნე დასავლეთში გაეტანა. “ყველაფერი გააკეთე რაც შეგიძლია, - უთხრა თავისმა სულიერმა მოძღვარმა, - მაგრამ თუ პატივმოყვარეობას დაკმაყოფილებას ეცდები და რაიმე ანგარებიანი მოტივები გაგიჩნდება, წარმატებას ვერ მიაღწევ. მე ასეთ კურთხევას გაძლევ: თუ თავგანწირული, მოსიყვარულე და უანგარო იქნები, მაღალი ძალები დაგეხმარებიან, და ყველა შენი წამოწყება წარმატებით დაგვირგვინდება”.
სურდა რა იოგას ძლევამოსილება ეჩვენებინა ყველასთვის, სვამი რამამ რამდენიმე ამერიკელი ექიმი მიიწვია. როცა იოგურ ტრანსში ჩაიძირა, ექიმებმა სხეულზე თანამედროვე დიაგნოსტიკური მოწყობილობები მიუერთეს. სვამი რამამ კერძოდ აჩვენა, რომ შეუძლია 10 გრადუსით ასწიოს ტემპერატურა მარცხენა ხელის გარკვეულ ადგილას, სულ რაღაც 50 წამში შეამციროს პულსი წუთში სამოცდაოთხიდან ორმოცდათორმეტ დარტყმამდე, და ასევე თავისი სურვილით მოახდინოს ტვინის ელექტრო-მაგნიტური ტალღების სხვადასხვა ფორმების გენერირება, გაცნობიერებულად გადააადგილოს ოთახში ფიზიკური საგნები და გულსცემაც კი გააჩეროს. ტრანსიდან გამოსვლის შემდეგ სვამი რამამ ახსნა: “ჭკუა მთელ ჩვენს სხეულს განმსჭვალავს. ჭკუის კონტროლი მატერიაზე ცნობიერების კონტროლის მეშვეობით მიიღწევა. ამისთვის ბევრი ცოდნა არაა საჭირო, მაგრამ რაც იცით, პრაქტიკაში უნდა გამოიყენოთ”. ხელისგულები შეატყუპა და დაამატა: “ეს ყველაფერი იმისთვის არ მიჩვენებია, რომ ჩემი ზე-ადამიანუობა დამემტკიცებინა. უბრალოდ მინდოდა იოგას მეცნიერების შესაძლებლობები წარმომედგინა”. ამის შემდეგ სვამი რამამ ახსნა, რომ იოგას ფესვები ღრმა წარსულში მიდის და იგი უდიადესია ყველა მეცნიერებას შორის. იოგაში ადგილი არა აქვს ცრურწმენას ან სექტანტობას, და მისი მეშვეობით შეგვიძლია მივაღწიოთ შედეგებს, რომლებსაც თანამედროვე მეცნიერები ვერ ახსნიან. “ესაა მეცნიერება, - თქვა მან, რომლის მეშვეობითაც ადამიანი შინაგან გასხივოსნებას აღწევს”.
სვამი რამამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. როცა კურთხევა ვთხოვე, მან დაბალი ხმით წარმოთქვა: “შენთვის მთავარი სულიერ გზაზე – წმინდა ადამიანებთან ურთიერთობაა”. ხელი ასწია და ხელისგული მომაპყრო: “ბრძენების კურთხევა ყველა დაბრკოლების გადალახვაში დაგეხმარება შენს გზაზე”.
ღამე მიწაზე მეძინა, ბანიანის ხის ქვეშ, რომელიც კონფერენც-ცენტრის გვერდით იზრდებოდა. დილით შევარდენი მაღვიძებდა. ჩემს თავზე, ბუდეზე შლიდა ფრთებს და მაღლა ცაში აიჭრებოდა ხოლმე. სანამ ცენტრი გაიხსნებოდა, ბანიანის ხის ქვეშ, სუფთა ჰაერზე ვმედიტირებდი. კონფერენციის დასკვნითი დღე ვიგიან ბჰავანში ჩატარდა – ნიუ-დელის ყველაზე დიდ საკონცერტო დარბაზში. სამი ათასი ადამიანი შეიკრიბა აქ, რათა იოგების დარიგებები და მათი კურთხევა მიეღოთ. ქრისტოფერ ჰილზმა, კონფერენციის ორგანიზატორმა, შეახსენა ხალხს, თუ რაოდენ დიდი წარმატებაა – ამდენი სულიერი მოძღვრის გვერდით ყოფნა. შემდეგ კი მოულოდნელად გამოაცხადა, რომ პროგრამა ზუსტად საღამოს შვიდ საათზე უნდა დასრულებულიყო. (ჩვენ მაშინ არ ვიცოდით, რომ ჰილზი გააფრთხილეს ფანატიკოსების თაობაზე, რომლებიც საღამოს რვა საათზე მას და სხვა სვამებს უნდა დასხმოდნენ თავს). მაგრამ ნუთუ შეიძლება, რომ ამდენი იოგის თანხლებით ჩატარებული ღონისძიება დროზე დამთავრდეს, და მითუმეტეს ინდოეთში?
როცა ცხადი გახდა, რომ ყველა ვერ მოასწრებდა სცენაზე გამოსვლას, ერთ-ერთი იოგი წამოდგა და შეურაცხყოფების კორიანტელი მიაყარა კონფერენციის ორგანიზატორებს. ქრისტოფერი შეკრებილთა დამშვიდებას ლამობდა, მაგრამ დაძაბულობა უფრო და უფრო იზრდებოდა.
დათქმულ დრომდე რამდენიმე წუთით ადრე ქრისტოფერ ჰილზმა ნერვიულად სტაცა ხელი მიკროფონს, პაუზა გააკეთა და გამოცხადა, რომ კონფერენცია დასასრულს მუახლოვდა. ერთ-ერთმა სვამიმ კონფერენციის დახურვისას “ომ” მანტრის გალობა დაიწყო – ღვთაებრივი მარცვლისა, რომელიც ცნობიერების ღმერთთან ჰარმონიაში მოყვანაში გვეხმარება. ასეთმა პუნქტუალობამ აღაშფოთა იოგას ზოგიერთი მასწავლებელი, რომელთათვისაც ნათელი გახდა, რომ უკვე ვეღარ მოასწრებდნენ ხალხის წინ გამოსვლას. “ომ”-მანტრა ისევ ტრიალებდა ჰაერში, როცა რამდენიმე იოგი ერთმანეთს დაეტაკა მიკროფონისთვის ბრძოლაში. ერთ-ერთმა მოახერხა მეორეს ხელიდან მიკროფონის გამოგლეჯა, და მან ანთებული თვალებით აგზნებულმა დაიწყო რაღაცის ლაპარაკი ისე, როგორც პოლიტიკოსმა ამომრჩევლების წინ. დარბაზი გაოგნებული უყურებდა იოგების შეტაკებას სცენაზე. და ეს ადამიანები არიან მოწოდებულნი მსოფლიოს ჰარმონიამდე და თანხმობამდე მიყვანისთვის? არავინ იცოდა რა ეღონა ამ სიტუაციაში.
მე და ბჰიკუ ვივეკანანდა მხოლოდ თავს ვიქნევდით. მიამიტური იმედები გამიცრუვდა. ქრისტოფერ ჰილზმა გმირულად წაართვა მიკროფონი იოგს, სადენი გამოაძრო და კულისებს მიღმა გაუჩინარდა. ასე დამთავრდა კონფერენცია.

* * *
ემოციებით დახუნძლული საკონცერტო დარბაზიდან ცარიელ ვესტიბიულში გამოვედი და შევეჩეხე მაღალ გამხდარ ადამიანს ზაფრანისფერ ტანსაცმელში. გრძელი ჭაღარა თმა და ლამაზი წვერი წმინდა წერილების ფურცლებიდან გადმოსულ ძველ წმინდა ბრძენს ამგვანებდა მას. ეს იყო სვამი სატჩიტანანდა, ცნობილი ჰიმალაელი წმინდანის სვამი შივანანდას მოსწავლე. იგი მხიარული ღიმილით და კეთილგანწყობილი მზერით მომესალმა. სვამი იოგას უძველეს მეცნიერებას ქადაგებდა დასავლეთში, და მთელს მსოფლიოში ჰყავდა მიმდევრები. ძალ-ღონეს არ იშურებდა იმისთვის, რომ სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები “სულის ერთიანობის” საფუძველზე გაეერთიანებინა. პირველივე შეხვედრაზე რომის პაპთან მან მაღალი შეფასება მისცა მის შრომას მთელი მსოფლიოს ქრისტიანების გაერთიანებისთვის და მაშინვე დაამატა: “რატომ არ ეცდებით, რომ მთელი მსოფლიოს გაერთიანება სცადოთ? სულიერი ჰარმონიის მისაღწევად მხოლოდ ქრისტიანები კი არა, მთელი დედამიწის ადამიანები უნდა გაერთიანდნენ”.
ჩამოვიდა რა ლეგენდარულ როკ-ფესტივალზე ვუდსტოკში, სვამი სატჩიტანანდამ ერთ საღამოში გაითქვა სახელი მთელ ქვეყანაში, და მიიღო ტიტული – “ვუდსტოკის გურუ”. ფესტივალის ორგანიზატორებმა სთხოვეს, რომ მისასალმებელი სიტყვით გამოსულიყო ფესტივალის გახსნაზე, და ამით იმედოვნებდნენ, რომ იგი სიმშვიდის ატმოსფეროს შექმნიდა. მოფრინდა რა ფესტივალზე ვერტმფრენით, სვამი ასიათასობით ჰიპის პირისპირ აღმოჩნდა და დაუწყო საუბარი იმის შესახებ, რომ ბგერა წარმართავს სამყაროს, და ამერიკა მიუძღვება წინ მთელ მსოფლიოს. იგი არწმუნებდა ამერიკის ახალგაზრდობას, რომ მუსიკის მეშვეობით მშვიდობა და სიხარული შეექმნათ. “როგორ ვიბრძოლოთ მშვიდობისთვის მთელს მსოფლიოში, - განაგრძობდა იგი, - მოდი ჯერ საკუთარ თავში მოვიპოვოთ ჰარმონია”.
კონფერენციაზე ყურადღებით ვაკვირდებოდი სვამი სატჩიტანანდას, და შთამბეჭდავი იყო, თუ როგორ უშფოთველად და ღირსეულად ეჭირა თავი ზემოთ აღწერილი ინციდენტის დროს. ახლა მან ალერსიანი ხმით მომმართა: “ვწუხვარ, რომ ამ არეულობის მოწმე გახდი. ძალიან გთხოვ, გაიგე ერთი ჭეშმარიტება: სხვადასხვა ადამიანები სულიერი განვითარების სხვადასხვა საფეხურზე დგანან. ძალიან ბევრი მათგან, ვინც იოგათია დაკავებული, არაა სრულყოფილებამდე მისული. მაგრამ თუ ამისთვის გავაკრიტიკებთ, უპატიებელ შეცდომას დავუშვებთ. ყველაზე კარგი, რაც შეიძლება გავაკეთოთ, - უნდა ვენდოთ უნაკლო თვისებების მქონე ადამიანებს და ამავე დროს თავადაც არ უნდა შევწყვიტოთ იოგას პრაქტიკა”.
სვამი ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული იყო, და მისი საუბრის აუჩქარებელი და თავდაჯერებული მანერა ძალიან მხიბლავდა. ამიხსნა, რომ ჩვენ ბედნიერებისთვის, სიყვარულისთვის და სინათლისთვის ვართ შექმნილნი, მაგრამ დავივიწყეთ ეს, რადგანაც ზედმეტად ვაიგივებთ თავს სხეულთან და ჭკუასთან: “თავდაპირველად სრულყოფილნი ვიყავით, მაგრამ დავკარგეთ ჩვენი სრულყოფილება. ასე დავიწყეთ ჩვენი თავის გაიგივება არასრულყოფილ მატერიასთან. იოგას და რელიგიის არსი, - ამბობდა ის, - იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი დავიწყებული სულიერი ბუნება აღვიდგინოთ. იოგა – ესაა განწმენდის მეთოდი სრულყოფილების დასაბრუნებლად”. სვამიმ ხაზი გაუსვა, რომ საკუთარი მარადიული ბუნების შეცნობა მხოლოდ ეგოცენტრიზმისკენ მიდრეკილების დამარცხებით შეიძლება: “ყველა ჩვენს პრობლემას და უსიამოვნებას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს – ეგოიზმი”. საკუთარი სულიერი ბუნების აღდგენის იმ სახეს, რომელსაც იგი ქადაგებდა, ინტეგრალურ იოგას უწოდებდნენ და იგი წარმოადგენდა ექვსი იოგას სკოლის სინთეზს. სვამი სატჩიტანანდა სულიერების შესახებ ძალიან უბრალო, გასაგები ენით საუბრობდა, ხშირად ხუმრობდა, მაგრამ ამასთან იგრძნობოდა, რომ მისი სიტყვების უკან ღრმა გამოცდილება იდგა.
მადლობა გადავუხადე და წასვლა დავაპირე. სვამიმ დიდებული ჟესტი გააკეთა გამხდარი ხელით და წარმოთქვა: “გულწრფელად და დისციპლინით მიჰყევი სულიერ პრაქტიკას. ჭეშმარიტი იოგი უზადო ქცევის მაგალითს უნდა წარმოადგენდეს”. მან თვალები დახუჭა, ღრმად ჩაისუნთქა, ხელისგული გაშალა და დამლოცა: “რიჩარდ, შენ უკვე დიდი გზა გამოიარე. გისურვებ, რომ იპოვო საგანძური შენს გულში!”

* * *

იმავე საღამოს მე და ბჰკუ ვივეკანანდა მსოფლიოში განთქმული მწერლის და ორატორის - ჯიდუ კრიშნამურტის ლექციას დავესწარით. შევედით და მეორე რიგში დავჯექით. პანდალი მალე გაივსო ხალხით, და ჩვენს გვერდით სამოც წლამდე ასაკის მამაკაცი დაჯდა. მას ერქვა დილიპი. "გინდათ დოქტორ კრიშნამურტიზე მოგიყვეთ? - შემოგვთავაზა მან. - ის ჩემი მასწავლებელია".
"რა თქმა უნდა", - ვუპასუხეთ ჩვენ.
დილიპმა ფეხები გადააჯვარედინა, სკამიზ საზურგეს მიეყრდნო და მოყოლა დაიწყო. კრიშნამურტი დაიბადა სამხრეთ ინდოეთში 1895 წელს. როცა ჯერ კიდევ ბავშვი იყო, მას ყურადღება მიაქცია ცნობილმა ნათელმხილველმა ჩარლზ ლედბიტერმა. ლედბიტერმა და ანნა ბეზანტმა, რომელიც იმ დროს თეოსოფიურ საზოგადოებას ხელმძღვანელობდა, განაცხადეს, რომ ეს ბავშვი - "ჭურჭელია" სამყაროს იმავე მასწავლებლისა, რომელიც კაცობრიობას ქრისტეს მეშვეობით მიმართავდა. ანნა ბეზანტი დაეხმარა ყმაწვილს, რომ ინგლისში მიეღო განათლება და მთელს მსოფლიოში თან ატარებდა მას. ათასობით ადამიანმა მიიღო იგი როგორც ახალი მესია და მის გარშემო შექმნილ ვარსკვლავის ორდენში შედიოდნენ. ოცდაშვიდი წლის ასაკში კრიშნამურტიმ ოფიციალურად მიიღო გასხივოსნებული მასწავლებლის ტიტული. იმ დროისთვის მას უკვე სამოციათასზე მეტი ორდენის წევრი ეთაყვანებოდა.
დილიპი ჩვენსკენ გადმოიხარა: "მაგრამ 1929 წელს მან უარი თქვა მასწავლებლის მდგომარეობაზე, დაშალა თავისი რელიგიური მოძრაობა და..."
უეცრად ყველა წამოდგა და სცენაზე ახლადგამოჩენილ კრიშნამურტის მიესალმა. ეს იყო უზადოდ ჩაცმული სამოცდათხუთმეტი წლის მოხუცი, არა მაღალი და გამხდარი. მას ეცვა პიჯაკი ნერუს სტილში და ფართე შარვალი. სუფთად გაპარსულ სახეს მოხუცებულობის ნაოჭები უფარავდა, ხოლო ჭაღარა თმა მეცნიერს ამსგავსებდა. იგი ბრწყინვალე ინგლისურით მიესალმა შეკრებილებს. მისი თვალები ენთუზიაზმს და კეთილგანწყობას ასხივებდა.
მოკლედ, საკმაოდ მალე იგი გადავიდა რევოლუციურ მოწოდებებზე: "ინდოეთში მეტისმეტად ბევრი გურუა. ისინი გვკარნახობენ, რა ვაკეთოთ, რაზე ვიფიქროთ და რით დავკავდეთ. ისინი - დიქტატორები არიან." ხალხი სუნთქვაშეკრული უსმენდა მას. "ჭეშმარიტება - ეს ამოუცნობი ქვეყანაა, ხოლო იოგა, თავისი სუნთქვითი და გიმნასტიკური ვარჯიშებით - მხოლოდ და მხოლოდ ფსიქოსომატური აკრობატიკაა. აშრამები და მონასტრები - საკონცენტრაციო ბანაკებია ჭკუისათვის." მან პაუზა გააკეთა და პირდაპირ მე შემომხედა: "და თუ თქვენ ჩამოგიყალიბდათ მედიტაციის რაღაც სისტემა, ეს უკვე მედიტაცია აღარაა, არამედ სრული უაზრობა და დროის ტყუილად ფლანგვაა."
კრიშნამურტიმ ასეთი იგავი მოყვა. ერთხელ ეშმაკი თავის მეგობართან ერთად სეირნობდა. მათ წინ გზაზე ერთი კაცი მიდიოდა. უცებ ის დაიხარა და გზიდან რაღაც მბრწყინავი საგანი აიღო. მეგობარი მიბრუნდა ეშმაკისკენ და ჰკითხა, თუ რა იყო ეს. ეშმაკმა უპასუხა:
"მან ჭეშმარიტება იპოვა".
"ცუდადაა შენი საქმე!"
"სულაც არა, - მშვიდად უპასუხა ეშმაკმა. - მე დავეხმარები, რომ ამ ჭეშმარიტებას მოწესრიგებული სახე მისცეს."
იმისათვის, რომ ხაზი გაესვა თავისი მომდევნო აზრისთვის, კრიშნამურტიმ თვალები დახუჭა და სპეციალურად ნელა, თვითოეულ სიტყვაზე მახვილით გაიმეორა:
"ჩვენ საკუთარ თავში უნდა მოვახდინოთ ცვლილება. მაგრამ როგორ გავაკეთოთ ეს, როცა ჩვენს ცხოვრებაში ამდენი თავსმოხვეულია? ჩვენ წლობით ვმუშაობთ და უაზროდ, სიცარიელეში ვცხოვრობთ..."
იგი წინ დაიხარა: "ვერც ერთი ორგანიზაცია და ვერც ერთი რელიგია ვერ მოგვიტანენ გასხივოსნებას. თქვენ ვერ მოიპოვებთ მას ვერც რომელიმე დოგმით, ვერც მღვდელმსახურებით ან რიტუალებით, ვერც ფილოსოფიის შესწავლით და ვერც ფსიქოლოგიური პრაქტიკებით. გასხივოსნება საკუთარ ჭკუაში უნდა ვეძებოთ, დავაკვირდეთ რა მის მუშაობას. ეს მოდის ჭვრეტის მეშვეობით და არა ინტელექტუალური ანალიზით ან ლოგიკური ჭკუისმიერი მსჯელობებით."
მე შეძრული ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ შთაბეჭდილებას მოახდენდა ეს ლექცია ჩემს მეგობარ ბჰიკუ ვივეკანანდაზე. ის ხომ გურუ იყო მრავალი ათასი ბერისათვის, რომლებიც მონასტერში ცხოვრობდნენ მკაფიო სტრუქტურით და განრიგით და მედიტაციასა და რიტუალებს სწავლობდნენ მისგან. მე დავიხარე მისკენ და ჩავჩურჩულე: "ბჰიკუ, ის უარყოფს ყველაფერს, რასაც მთელი თქვენი ცხოვრება მიუძღვენით. როგორი მოსასმენია ეს თქვენთვის?"
ბჰიკუს გაუკვირდა ჩემი კითხვა, ფართოდ გაახილა თვალები და თქვა: "ის ყველაფერს სწორად ამბობს!"
მე განცვიფრებულმა შევეკითხე: "და რას აპირებთ ამის შემდეგ ბჰიკუ?"
უცებ ის ძალიან სერიოზული გახდა: "მე კარგად უნდა გავიაზრო მოსმენილი".
შემდგომ დღეებში კრიშნამურტის კიდევ რამდენიმე ლექციას დავესწარით, რომლებზეც იგი გასაოცარი თავდაჯერებულების და რკინის ლოგიკის დემონსტრირებას ახდენდა. იგი სახელი ჰქონდა განთქმული, როგორც ადამიანს, რომელსაც შეუძლია პასუხი გასცეს ნებისმიერ კიტხვას და გააბათილოს ნებისმიერი არგუმენტი, მაგრამ ამასთან ერთად პირად ურთიერთობაში რბილ, კეთილ და ჭკუამახვილობით გამორჩეულ პიროვნებად რჩებოდა. მე ჩავუფიქრდი მის სწავლებას. აღმოსავლეთის წმინდა წერილები სავსეა გასხივოსნებული წმინდანების მაგალითებით, რომლებიც თავისი რელიგიის მცნებებს და თავიანთი გურუების დარიგებებს შეუპოვრად მიჰყვებოდნენ. როგორ შეიძლება ამ ყველაფრის უკუგდება მხოლოდ იმის გამო, რომ კრიშნამურტიმ ასე თქვა? ამასთან ჩემში ცხარე გამოძახილი ჰპოვა მისმა აზრმა იმის შესახებ, რომ სულიერი ცხოვრებისთვის მიუღებელია ზედაპირული დამოკიდებულება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის ასაღებად. და თუკი ზედმეტად გავერთობით სულიერი ცხოვრების გარეგნული მხარით, შეიძლება მისი მთავარი მიზანი - გულის გაწმენდა - დაგვავიწყდეს.
მოგვიანებით, როცა ბჰკუსთან ერთად პიპალის ხის ჩრდილში ვიჯექი, ვკითხე, მიიღო თუ არა გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რას გააკეთებდა მომავალში.
"დიახ, რიჩარდ, - მიპასუხა მან. - მე დავბრუნდები ტაილანდში, ჩემს მონასტერში."
"მართლა? - გამიკვირდა მე - მე კი ვფიქრობდი, რომ კრიშნამურტის მიმდევარი გახდებოდით".
ბჰიკუმ ჩაფიქრებულმა შორს გაიხედა, შემდეგ კი უეცრად თქვა:
"დიახ, მე მივყვები მისტერ კრიშნამურტის დარიგებებს, - მის ტუჩებზე ცელქური, ბავშვური ღიმილი ათამაშდა. - გინდა გითხრა, როგორ?"
"რა თქმა უნდა!"
"მე უარვყოფ იმ მასწავლებლის სწავლებას, რომელიც ყველა მასწავლებლის და მათი სწავლებების უარყოფას მოგვიწოდებს", - ღიმილით, მისთვის დამახასიათებელი სასიამოვნო ტაილანდური აქცენტით მიპასუხა მან.

* * *
იმავე საღამოს დავემშვიდობე ბჰიკუ ვივეკანანდას და ფეხით წავედი კონოტ-პლეისზე, დელის ბიზნეს-ცენტრში. იქ აშოკას ხის ქვეშ დავჯექი და წერილი დავუწერე ჩემს მშობლებს:
სიტყვები არ მყოფნის, რომ აგიხსნათ, თუ როგორ გავლენას ახდენს ჩემზე ინდოეთი. ამით ყველაფერია ნათქვამი. მთელი გულით მიყვარხართ და ვლოცულობ თქვენი კეთილდღეობისთვის.
რიჩარდი, ნიუ-დელი, ინდოეთი,
1970 წლის დეკემბერი.
კონოტ-პლეისი, რომელიც ინგლისური პროექტით იყო ნაშენები, წარმოადგენდა რგოლის ფორმის დიდ ქუჩას, რომლის ცენტრშიც ფართე პარკიგაეშენებინათ. ერთ-ერთ მიმდებარე ქუჩაზე გავლისას ხელით დაწერილი განცხადებაწავიკითხე: “რელიგიური ფერწერა. ს.ს. ბრიჯაბასი და შვილები”. მის ქვეშ ტროტუარზე ელაგა რეპროდუქციები თაბახის ფურცლის ზომით. დამაინტერესა და უფრო ახლოს მივედი. სურათები, რომლებზეც ჩემთვის უცნობი ღვთაებრივი პერსონაჟები იყვნენ გამოსახულნი, უჩვეულოდ, მაგრამ ძალიან ლამაზად გამოიყურებოდნენ. ისინი ფანჯრებს მაგონებდნენ ნათელი ფერების და მისტიკის ჯადოსნურ სამყაროში. მომინდა, რომ რომელიმე რეპროდუქცია შემეძინა მედიტაციისთვის. ჩანთაში ჩავიხედე და აღმოვაჩინე, რომ დარჩენილი ფული ძლივს მყოფნიდა ერთი სურათის საყიდლად. მთელი საათი ვათვალიერებდი მათ. ერთზე გამოსახული იყო ლომზე შემჯდარი ლამაზმანი რვა ხელით, რომლებშიც ხმალი, სეკირა, შუბი და იარაღის სხვა სახეებიეკავა. მეორეზე თაგვზე ამხედრებული ზღაპრული პერსონაჟი გამოესახათ სპილოს თავით და დიდი მუცლით. სურათები გადავათვალიერე და ვიპოვე კიდევ ერთი, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიპყრო. მასზე გამოსახული იყო მრავალთავიან გველზე დაბრძანებული მშვენიერი ყმაწვილი მოლურჯო ფერის სხეულით. ყოველი, მისი ოთხი ხელი, ძვირფასეულობებითიყო მორთული. მომდევნო ნახატზე მშვიდად მჯდარი იოგი ეხატა, რომელიც მედიტაციაში ჩაფლულიყო. მისი ხელები და ფეხები გველებით იყო შემკული, თავს ნახევარმთვარე უმშვენებდა, თმიდან კი წყლის ნაკადი გადმოსდიოდა. შემდეგ ჩემი მზერა გმირმა ყმაწვილმა მიიპყრო, შუბით ხელში და ფარშევანგზე ამხედრებულმა. კიდევ ერთი ნახატი ძლევამოსილ მაიმუნს გამოსახავდა თავზე გვირგვინით და ერთგულებით აღსავსე თვალებით. მაიმუნი ღიმილით მიფრინავდა ცისკენ და ხელით მსუბუქად მიჰქონდამთელი მთა. ვათვალიერებდი მათ ერთი-მეორეს მიყოლებით, სანამ მრავალხელიან და მრავალთავიან გამოსახულებას არ გადავაწყდი, რომელთაგანაც არც ერთი არ ჰგავდა ერთიმეორეს. სახის საშინელი გამომეტყველების მქონე ადამიანები მის დაღებულ ცეცხლოვან ხახებში ცვიოდნენ და უჩინარდებოდნენ. ამ ნახატების სტილი ძალიან უჩვეულო იყო, ხოლო მათზე გამოსახული პერსონაჟები მთლად დაუჯერებლად გამოიყურებოდნენ. საიდან მოვიდნენ? რომელი ზღაპრებიდან და მითებიდან? ეს მე არ ვიცოდი. მაგრამ ცხადი იყო, რომ მხატვარი ამ ყველაფერს ზემოდან შთაგონებით ხატავდა. დავიბენი, არ ვიცოდი რომელი ამერჩია.
და უცებ დავინახე ერთი, რომლის პერსონაჟიც ყველაზე მეტად მომეწონა. მას ცისფერი კანი ჰქონდა, ხოლო გვირგვინს ფარშევანგის ბუმბული უმშვენებდა. მოხდენილად გვერდზე გადახრილი, ტყეში, მდინარის პირას იდგა და ფლეიტაზე უკრავდა, და მას სიყვარულით შესცქეროდა გვერდით მდგარი თეთრი ძროხა. სავსე მთვარე მარგალიტის ფერს ჰფენდა მომაჯადოებელ ტყეს. მოულოდნელად თვალები ცრემლით ამევსო. უცნობი ყმაწვილი, რომელიც ამ ნახატზე იყო გამოსახული, თითქოს ჩემს სულში შემოიჭრა. რა დამემართა? ვგრძნობდი, როგორ მეძახდა. მაგრამ განა ეს შესაძლებელია? ეს ხომ უბრალოდ ნახატია, რომელიც მითიურ გმირს გამოსახავს, და რომელზეც სრულიად არაფერი არ ვიცი. მისი სახელი ქვემოთ ეწერა, ჩემთვის უცნობი უძველესი შრიფტით.
გამყიდველს ჩემი უკანასკნელი ფული მივეცი. ის არასაკმარისი აღმოჩნდა, მაგრამ გამყიდველმა გამიღიმა და გამომიწოდარეპროდუქცია, რომელსაც ჩემი მოგზაურობის ბოლომდე არ განვშორებივარ. ვინაა მასზე გამოსახული? ამ კითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ შორს იყო.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff