თავი ოცდამეხუთე
თავი ოცდამეხუთე
დადგა წვიმების სეზონი. იისფერ, ტყვიისფერ და მოშავო ღრუბლებს ელვა გაანათებდა ხოლმე. ცაში ქუხილის ხმა ისმოდა. მიუხედავად იმისა, რომ წვიმების სეზონზე მოგზაურობა უფრო ძნელი იყო, თბილი და ტენიანი ჰაერი სასიხარულო მღელვარების შეგრძნებას მანიჭებდა გულმკერდის მიდამოში. ივლისი ახლოვდებოდა, და მე უნდა გადამეწყვიტა, რომელ ქვეყანაში გავსულიყავი ინდოეთის ვიზის გასაგრძელებლად. ამბობდნენ, რომ ამის გაკეთება ადვილად შეიძლებოდა ნეპალში, და რადგანაც მის საზღვრამდე შორი არ იყო, გადავწყვიტე მეცადა.
ჩრდილო აღმოსავლეთისკენ მიმავალ გზაზე პატნაში აღმოვჩნდი, ბიჰარის შტატის დედაქალაქში, - ხმაურიან, ხალმხრავალ ქალაქში უზარმაზარი ხორბლის საცავებით, მრავალრიცხოვანი კოლეჯებით და სახელმწიფო დაწესებულებებით. განგას ნაპირს მივაღწიე და ღამის გასათევად კოლექტორ-გჰატასთან მოვეწყვე, სადაც დედა განგა ზღვასავით ფართო ჩანს. დილით გამაღვიძა მზის პირველმა სხივებმა და ასეულობით ადამიანის სიმღერამ, რომლებიც განგაში განბანვის მისაღებად მოსულიყვნენ. მე ვიწექი და ფერადი სანახაობით ვტკბებოდი. უცებ ნათლად შევიგრძენი ჩემს გვერდით ვიღაცის ყოფნა.
თვალები ავწიე და დავინახე, რომ ჩემს თავზე აღმართულიყო საოცარი ადამიანი დიდებული გარეგნობით და გრძელი თეთრი თმითა და წვერით. იგი წმინდა წერილების ფურცლებიდან გადმოსულ ბრძენს ჰგავდა. შუბლს სამი ვერტიკალური ხაზისგან შემდგარი ტილაკა უმშვენებდა: ორი თეთრი და ერთი წითელი მათ შორის. გარეგნულად სამოცდაათზე მეტი წლისას ჰგავდა, და ინგლისურადაც არ საუბრობდა. ხელებშეტყუპებულმა მოსალმების ნიშნად თავი დამიხარა და ჟესტებით ტაძარში მიმიწვია, რომელიც იქვე შორიახლოს მდინარის ნაპირას მდებარეობდა. ეს იყო რუხი ქვისგან ნაშენები შენობა, არაუმეტეს ქოხის ზომისა, და ძალიან ძველი. ტაძრის ფასადი მდინარისკენ იყო მიმართული, და როცა შიგნით შევედით, დავინახე ოთხმოცდახუთ წლამდე ასაკის მოხუცი, რომელიც საკურთხევლის წინ იჯდა და ლოცულობდა.
მოხუცი კარგი ინგლისურით მომესალმა: “მე ნარაიან პრასადი მქვია, წარმოშობით პატნიდან ვარ”. მცირე ხნის ფიქრის შემდეგ თავისი ცხოვრების შესახებ მომიყვა: “როცა ჩემი შვილები წამოიზარდნენ, სახელმწიფო სამსახურიდან წამოვედი და ახლა ყოველდღე აქ მოვდივარ, რათა ჩემს გურუს ვემსახურო”. მოხუცმა ხელი ჩამკიდა და იმ ჭაღარა მოხუცთან მიმიყვანა, ვისი წყალობითაც აქ მოვხვდი: “ეს – ჩემი გურუა, რამა სევაკა სვამი, ის – დიადი ბჰაკტი-იოგია”. მე უკვე ვიცოდი, რომ “ბჰაკტი-იოგა” “ღმერთისადმი მინდობას” ნიშნავდა, მაგრამ არავითარი წარმოდგენა არ მქონდა ამ ტრადიციის სიღრმეზე და ჭეშმარიტ არსზე.
სვამიმ შემომთავაზა, რომ მის ტაძარში იმდენ ხანს დავრჩენილიყავი, რამდენ ხანსაც მომინდებოდა. ეს იყო ბჰაკტი-იოგას მიმდევარი პირველი სადჰუ, რომელიც ახლოს გავიცანი. იგი მოსიყვარულე მამასავით საგულდაგულოდ ზრუნავდა ჩემზე. ყოველთვის, როცა შემომხედავდა ხოლმე, ნაზი ღიმილი ანათებდა მის მოხუცებულ სახეს. მიუხედავად იმისა, რომ ოთხჯერ უფროსი იყო ჩემზე, თავისი ხელით მაჭმევდა, ხოლო მოგვიანებით, როცა ავად გავხდი, მცენარეულ წამლებს ამზადებდა ჩემთვის. იგი პატივცემული სვამი გახლდათ, მე კი – პატარა დაკარგული სული, ყმაწვილი დასავლეთიდან, რომელიც საკუთარი გზის პოვნას ცდილობდა.
რამა სევაკა სვამის ერთგულებამ და სიყვარულმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. სწორედ მისგან ვისწავლე, როგორ უნდა იქცეოდეს ჭეშმარიტად წმინდა ადამიანი. უბრალოება და ერთგულება უწყვეტ ნაკადად გადმოედინებოდა მისი გულიდან ყველაფერზე, რაც არ უნდა ეკეთებინა. ყოველ დილას მარტოობაში ატარებდა რამდენიმე საათს, უფალი რამას სახელებს ხის კრიალოსანზე იმეორებდა და დიდი გრძნობით სცემდა თაყვანს საკურთხეველს. ერთხელ თავისი სახელის მნიშვნელობაც ამიხსნა: “რამა სევაკა ნიშნავს “ის ვინც უფალ რამას ემსახურება”, ხოლო რამას საუკეთესო მსახურებაა – დავეხმაროთ სხვებს მის გაცნობასა და შეყვარებაში”. მან ხელი ჩამოისვა თავის რბილ ჭაღარა წვერზე და უფრო მეტი გრძნობით განაგრძო: “მე დიდი მადლობელი ვარ შენი იმისთვის, რომ უფლებას მაძლევ – გემსახურო”. ამ სიტყვების მოსმენამ ისე ააღელვა ნარაიან პრასადი, რომ ცრემლები ყელში გაეჩხირა. მღელვარება ძლივს დაძლია და თავისი გურუს სიტყვები მითარგმნა. რაც შემეხება მე, ეს-ესაა ვიწყებდი გაგებას, თუ რას ნიშნავს ღმერთისადმი ჭეშმარიტი ერთგულება.
ღამით, როცა ტაძრის არათანაბარ ქვის იატაკზე გვეძინა, სისხლმოწყურებული კოღოების წუილი მიწყალებდა გულს. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ცოცხლად მჭამდნენ. მათი ხმისგან კი ყურები მიწუოდა. ასეთ პირობებში დაძინება უბრალოდ შეუძლებელი იყო. სრულიად გატანჯული რამა სევაკა სვამის და ტაძრის კიდევ ერთ სტუმარს ვუყურებდი. მიუხედავად იმისა, რომ კოღოები სწორედ ისევე დასტრიალებდნენ მათაც თავზე და ისევე სწოვდნენ სისხლს, ისინი ქვებზე მშვიდად ძილს აგრძელებდნენ. ეს ორი სადჰუ საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას ხორციელ ტანჯვებს. მე კი მხოლოდ ისღა დამრჩენოდა, მელოცა, რომ ოდესმე მათსავით განჯაჭვული გავმხდარიყავი.
ერთხელ საღამოს ტაძარში სტუმრად მყოფმა სადჰუმ სურვილი გამოთქვა, რომ სადილი მოემზადებინა ჩვენთვის. დილით მოწყალება მოაგროვა ქალაქში და როცა დაბრუნდა კოცონი დაანთო. მასში ძროხის ნაკელის კვერებით ააგიზგიზა ცეცხლი და მასზე თიხის ქვაბით წყალი შემოდგა კიჩრის – ბრინჯის, ბარდასა და კარტოფილის კერძის გასაკეთებლად. სადჰუ შავგვრემანი იყო, აბურდული თმით და წვერით. ტანსაცმლიდან მხოლოდ სითეთრემდე გახუნებული ბარძაყებზე მოსახვევი ჰქონდა. კერძის მომზადებისთანავე საკურთხეველზე წმინდაჰყო იგი, შემდეგ კი ჩვენ დაგვიძახა. მე იატაკზე დავჯექი, ერთ რიგში რამა სევაკთან და კიდევ სხვა სამ სადჰუსთან ერთად. სანამ ჩვენი მზარეული თეფშებზე არიგებდა კიჩრის, ჩვენ ტრაპეზისთვის ვემზადებოდით და უფალი რამას სადიდებელ ლოცვებს ვკითხულობდით. მივირთმევდით როგორც ყოველთვის, ხელებით, ფოთლებისგან გაკეთებული თეფშებიდან. მაგრამ როგორც კი კიჩრი ჩემს ენას შეეხო, მაშIნვე აუტანელი სიმწვავე ვიგრძენი პირის ღრუში. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მზრეულმა კერძი მხოლოდ წითელი წიწაკისგან მოამზადა, და მხოლოდ სილამაზისთვის დაამატა ცოტა ბრინჯი. სახეზე წამოვწითლდი, ცხვირიდან სითხე, თვალებიდან კი ცრემლი წამომივიდა. მეჩვენებოდა, რომ ყურში დარჩენილმა გოგირდმაც კი დნობა დაიწყო. სასოწარკვეთილი ვიყავი, რადგანაც სადჰუებში მიღებულია, რომ საკუთარი პორცია ბოლომდე უნდა შეჭამონ. იმ მომენტში ჩემი ცხოვრების ერთადერთი მიზანი იყო როგორმე შემეჭამა ის, რაც თეფშზე დარჩა. წვა აუტანელი იყო, და შეუკავებელი სლოკინი ამიტყდა. საშინელ ტანჯვებში ვყლაპავდი მწველ ლუკმებს, მაშინ როცა სხვები სიამოვნებით შეექცეოდნენ მას და ჩემს ტანჯვას ვერც კი ამჩნევდნენ. როცა ბოლო ლუკმის გადაყლაპვა მოვახერხე და იმედი მქონდა, რომ ჩემი ტანჯვა დასრულდა, ჩვენმა გულუხვმა მზარეულმა დამატებითი პორციების დარიგება დაიწყო.
ჩემი თეფში ორივე ხელით დავფარე: “პურან, პურან – მაძღარი ვარ, მეტი არაა საჭირო”.
მზარეული კი იღიმოდა და ჩემი თეფშის ზემოთ კიდეებამდე სავსე ჩამჩა ეჭირა: “ტორა, ტორა – კიდევ ცოტა, სულ ცოტა”.
ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩემს წინ განსახიერებული სიკვდილი იდგა და შეწყალებას ვთხოვდი მას.
“პურან, პურან”, - ხელებით ვფარავდი თეფშს.
“ტორა, ტორა”.
უმანკო ღიმილით სადჰუმ საბედისწერო მოქმედება შეასრულა და ჩამჩის შიგთავსი ჩემს თეფშზე აღმოჩნდა. ცოტაღა მაკლდა გონების დაკარგვამდე, ისე შევჭამე დამატებითი პორცია და ცოტა სული მოვითქვი. და ამ დროს დავინახე, რომ სადჰუ მესამე წრეზე მოდიოდა. მივხვდი, რომ მესამე პორციას ვეღარ გავუძლებდი. გაქცევა მინდოდა, მაგრამ ამის უფლებას თავს ვერ მივცემდი. სადჰუებს შორის არსებული ეტიკეტით, არ შეიძლება ადგომა მანამ, სანამ ყველა დანარჩენი არ დაამთავრებს ტრაპეზს. მზარეულმა ჩამჩით ქვაბიდან კიჩრი ამოიღო, რომელშიც წითელი წიწაკის ნაწილაკები მრავლად დაცურავდნენ, და ისევ ჩემი თეფშის ზემოთ აღმართა იგი.
მე ბავშვობაში ძალიან მეშინოდა ვინმეს გაწბილების. ჩვენი მზარეული კი ისეთი გულწრფელობით ცდილობდა ჩვენთვის სიამოვნების მონიჭებას, რომ მე უბრალოდ არ შემეძლო, თუნდაც როგორმე გამომემჟღავნებინა ჩემი უკმაყოფილება. გული გამალებით მიცემდა. რა უნდა მექნა?
სწრაფად გავუწოდე თეფში. სადჰუმ გაიღიმა და შემდეგი თეფშიკენ გადაინაცვლა. გაკვირვებული ვაკვირდებოდი, როგორი სიამოვნებით შტანთქავდნენ დანარჩენები პორციას პორციაზე. მზარეულმა ჩემზე ანიშნა და დაიტრაბახა: “მას ისე მოეწონა ჩემი კიჩრი, რომ მადლიერებისგან ტირის კიდეც”. საკუთარ თავს ვაიძულე გამეღიმა და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, და ვფიქრობდი იმაზე, თუ რამხელა როლს თამაშობდა ამ ადამიანების ცხოვრებაში უანგარო მსახურების ფილოსოფია.
დიახ, მე ვტირი. და სრულიად შესაძლებელია, სწორედ მადლიერების გამო, როგორც ეს სადჰუ თვლის. სხვების დაკმაყოფილება ადვილი არაა, მაგრამ მე მინდა ამის გაკეთება, და ეს ჩემი სიღრმისეული ბუნების ნაწილია. ცხარე კერძისგან მწველი ტკივილის ატანა – მცირე საფასურია იმისთვის, რომ ბედნიერება დავინახო ამ სადჰუს სახეზე.
იმ ღამით კოღოებს თითქმის არ შევუწუხებივარ – ალბათ იმიტომ, რომ მათთვის ჩემი სისხლი ძალიან ცხარე გახდა.
* * *
იმ დროის განმავლობაში, რაც პატნაში გავატარე, მე და ნარაიან პრასადი ძალიან დავახლოვდით. როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე მეგობრებს შორის, მან გადაწყვიტა კიდევ ერთი თავისი მეგობარი გაეცნო ჩემთვის – ექიმი რენტგენოლოგი. ერთხელ ამ ექიმმა თავისთან, კლინიკაში მიგვიწვია.
ჩვენ მის კაბინეტში მოვთავსდით, საწერი მაგიდის წინ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ექიმი წარმომავლობით ინდუსი იყო, მას არ შეეძლო შერიგებოდა ინდუიზმში გავრცელებულ ცუდ დამოკიდებულებას დაბალი კასტების მიმართ. ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ისლამი მიიღო. ახლა მას მუჰამედს ეძახდნენ და იგი ყურანს სწავლობდა. თუმცა მუჰამედი არ უარყოფდა ბჰაგავად-გიტას მოძღვრებას, მას მაინც აღარ უნდოდა იმ რელიგიასთან საკუთარი თავის გაიგივება, რომელიც ხალხის დისკრიმინაციას მათი წარმომავლობის მიხედვით ახდენს. მე შევეწინააღმდეგე: "კი მაგრამ, გიტაში არსად წერია ადამაინთა უფლებების დაკნინებაზე მათი წარმომავლობის საფუძველზე. მრავალი უდიდესი ინდოელი წმინდანი დაბალი კასტიდან იყო წარმომავლობით. ბჰაგავად-გიტა ასწავლის, რომ ჩვენ - უკვდავი სულები ვართ და არა მოკვდავი სხეულები."
ჩვენ ერთად განვიხილავდით რელიგიის ჭეშმარიტ საფუძვლებს და პარალელებს ვავლებდით იმას შორის, რაც ეწერა ბჰაგავად-გიტაში, ბიბლიაში თუ ყურანში. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმეჯერ შევხვდით და რაიმე წინასწარგანწყობის გარეშე ერთმანეთის რწმენის მიმართ, ღმერთზე ვსაუბრობდით. მუჰამედი არ ცდილობდა ჩემს ისლამზე მოქცევას, ხოლო მე მის გადარწმუნებას არ ვცდილობდი. ნაცვლად ამისა, ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენს გაგებას, ისე რომ ღრმა პატივისცემას გამოვხატავდით თანამოსაუბრის შეხედულებების მიმართ. საუბრის დროს ნათლად შევიგრძენი, რომ ღმერთის წყალობა ხალხზე ყველა რელიგიის მეშვეობით, სხვადასხვა წმინდა წერილებით და სხვადასხვა წმინდანებით ვლინდება. უფრო და უფრო ღრმად მესმოდა, რომ რა გზაც არ უნდა აგვერჩია და რა ვიწროც არ უნდა ყოფილიყო იგი, ღმერთისადმი გულწრფელი მინდობა, ამის ყველაზე ზოგადი გაგებით, - ეს ერთადერთი საშუალებაა ამ სამყაროში უთანხმოებების გადასალახად.
მუჰამედთან საუბრის მეორე დღეს, განგის ნაპირას ვიჯექი ნარაიან-პრასადთან ერთად და ვკითხე მას: "როგორაა, რომ ქვეყანაში, სადაც ასეთი მწვავე დამოკიდებულებაა ინდუიზმსა და ისლამს შორის, ასეთ გულთბილ ურთიერთობას ახერხებთ მოპირდაპირე რწმენის ადამიანთან?"
მან თბილად გამიღიმა და მითხრა სიტყვები, რომლებიც მთელი ცხოვრება დამამახსოვრდა: "ძაღლი თავის პატრონს ნებისმიერ ტანსაცმელში იცნობს. პატრონი შეიძლება ხალათში იყოს გამოწყობილი, კოსტუმში და ჰალსტუხში, ან საერთოდ არაფერი ეცვას, მაგრამ ძაღლი ყოველთვის იცნობს მას. თუ ჩვენ არ შეგვიძლია ვიცნოთ ღმერთი, ჩვენი საყვარელი პატრონი, როცა მას სხვა ტანსაცმელი აცვია - სხვა რელიგიის ტანსაცმელი, - მაშინ ჩვენ ძაღლზე უარესები ვართ."
* * *
რამდენადაც რამა სევაკა სვამისთან უფრო მეტხანს დავრჩი, ვიდრე ვვარაუდობდი, საიმიგრაციო კონტროლის სამსახურის კანტორაში პატნაში მომიხდა წასვლა, რათა ვიზის გაგრძელება მეცადა. კანტორა მცირე აგურის შენობას წარმოადგენდა, რომელშიც მაგიდასთან იჯდა ხანშიშესული ინდუსი ინსპექტორი. დოკუმენტების შენახვის სისტემა, როგორც ასეთი, ჩანდა რომ არ ჰქონდათ – ქაღალდები დასტებად ეწყო მაგიდაზე და იატაკზე. თხუთმეტი წუთი ინსპექტორი დოკუმენტების ამ გროვაში იქექებოდა და განცხადების ბლანკს ეძებდა. ბლანკი შევავსე და პასპორტთან ერთად გავუწოდე ინსპექტორს. მან ნაჩქარევად გადახედა პასპორტს, შემდეგ კი გულგრილი ბიუროკრატიული ხმით წარმოთქვა: “თქვენი ვიზა გაგრძელებას არ ექვემდებარება”.
მე მეტყველების უნარი წამერთვა. აზრი იმაზე, რომ ჩემი ახალი სამშობლო უნდა დამეტოვებინა, აუტანელი იყო ჩემთვის. კვლავ და კვლავ ვთხოვდი ინსპექტორს შებრალებას, მაგრამ ის არ აპირებდა წესებიდან გადახვევას. ყველანაირ იმედდაკარგულმა ლოცვა დავიწყე.
და ამ დროს ინსპექტორის უკან, კედელზე უფალი რამას გამოსახულება შევამჩნიე. მორჩილად მივმართე ინსპექტორს: “იცით, სერ, რომ იმ ქვეყანაში, საიდანაც წარმოშობით ვარ, ყველა ჭამს ძროხას?”
მას გაოგნებისგან თვალები გაუფართოვდა და პირი დააღო: “რა? წმინდა ძროხებს კლავენ? რა საშინელებაა!”
“სერ, ჩემს ქვეყანაში ბიჭები და გოგონები ხშირად ერთად ცხოვრობენ ისე, რომ ქორწინებაშიც არ არიან”.
მან უკმაყოფილოდ გააქნია თავი: “რა არაცივილიზებული საქციელია”.
“არ შემიძლია შეძრწუნების გარეშე ვთქვა, მაგრამ, სერ, ჩემს ქვეყანაში არავის გაუგია რამას სახელიც კი”.
იგი საკუთარ ყურებს არ უჯერებდა. მაგიდაზე გადმოიწია, ხელებში ხელები ჩამკიდა და მითხრა: “შენ არ უნდა დაბრუნდე ამ საშინელ ადგილას!”
“მაგრამ თუ ვიზას არ გამიგრძელებთ, მომიწევს იქ დაბრუნება. მე ინდოეთში მოვედი, რათა თქვენი საყვარელი უფალი რამას თავშესაფარი მივიღო”.
ინსპექტორი წამოხტა: “მე – უფალი რამას ერთგული მსახური ვარ. ჩემი ვალია – დაგიცვა”. ამ სიტყვებთან ერთად მან ახალი ვიზა ჩამირტყა პასპორტში.
* * *
დილაობით რამა სევაკა სვამის აშრამში ხუთამდე სადჰუ იკრიბებოდა ხოლმე. ისინი ჰინდიზე კითხულობდნენ რამაიანას – უფალი რამას ცხოვრების ისტორიას. მე მხოლოდ რამდენიმე სიტყვას თუ გავიგებდი ხოლმე, მაგრამ ნარაიან პრასადი შემპირდა, რომ ყოველი კითხვის შემდეგ მომიყვება იმას, რაზეც იმ დილით ილაპარაკეს. სადჰუები სამი საათი გადაბმულად იჯდნენ და გატაცებით ისმენდნენ რამაიანას. ჩანდა, რომ ემოციებმა გადაავსეს მათი გულები – ხან იცინოდნენ, ხან სიხარულისგან ტიროდნენ, ხან მწუხარება მოიცავდათ ხოლმე. ხანდახან კი მოლოდინისგან, შიშისგან ან გაკვირვებისგან გაირინდებოდნენ ხოლმე. ამის შემყურე, გადაულახავი სურვილი მქონდა, რომ ეს ისტორიები მომესმინა.
როცა კითხვა დამთავრდა, ნარაიან პრასადს ვთხოვე: “ძალიან გთხოვთ, მომიყევით ყველაფერი, რაზეც ილაპარაკეს”.
ჩვენ ტაძრიდან გამოვედით, განგის ნაპირას დავჯექით, და ნარაიან პრასადმა დაიწყო მოყოლა: “ერთხელ, როცა უფალი კრიშნა ჯერ კიდევ ჩვილი ბავშვი იყო, იაშოდა ძუძუს აჭმევდა მას. და ამ დროს შეამჩნია, რომ რძე, რომელიც ქურაზე იყო შემომდგარი ასადუღებლად, გადმოდიოდა. მაშინ, პატარა კრიშნა უსაფრთხო ადგილას დააწვინა და გადმოსული რძის გადასარჩენად გაიქცა. კრიშნას არ მოეწონა საკუთარი თავთან ასეთი დამოკიდებულება. უნდოდა რა ეჩვენებინა, რომ ღმერთის მსახურება ყველაზე მაღლა დგას, მან გამოავლინა ერთ-ერთი იმ თვისებათაგანი, რომლებიც ასე იპყრობენ მისი მოსიყვარულე ერთგულების გულებს, - ანცობა: მან გატეხა კარაქით სავსე თიხის ქოთანი და ამ კარაქის ჭამა დაიწყო. შემდეგ, გადაწყვიტა, რომ ეს საკმარისი არ იყო, საკუჭნაოში გავიდა, მაღალ ხის სკამზე აძვრა, იქიდან დიდ კარაქით სავსე ქოთანს მისწვდა, რომელიც თოკებით იყო ჭერზე ჩამოკიდებული. როცა კუჭი კარაქით გამოიტენა, მაიმუნებს აჭამა იგი. იაშოდა კი ამასობაში ყველგან ეძებდა თავის შვილს.
როცა კარაქიანი ნაკვალევით მიაგნო კრიშნას, დაინახა, რომ იგი მაიმუნებს აჭმევდა, და ამასთან შეშინებული აქეთ-იქით იყურებოდა. იაშოდამ გაიღიმა. ჩუმად მიეპარა მას, მაგრამ კრიშნამ შეამჩნია იგი და მაშინვე გაიქცა. დედობრივი სიყვარულით აღვსილი, იაშოდა გაეკიდა, და კრიშნამ, თავისი დედის სიყვარულით კმაყოფილმა, უფლება მისცა, რომ დაეჭირა იგი. დაჭერის შიშით კრიშნა თავისი პატარა სხეულით კანკალებდა. თვალებიდან ცრემლი წამოუვიდა, ტუჩებიდან კი შებრალების თხოვნა აღმოხდა. შეჰპირდა, რომ მეტჯერ აღარ მოიპარავდა კარაქს. დედა იაშოდას ბევრი საქმე ჰქონდა საოჯახო მეურნეობაში, და მის დაუდგრომელ შვილს რომ რამე არ შემთხვეოდა, გადაწყვიტა, რომ ხის როდინზე თოკით მიება. თოკი ორი თითის ზომით მოკლე აღმოჩნდა, ვიდრე საჭირო იყო, და იაშოდას მოუხდა თოკი დაემატებინა. მაგრამ ამ შემთხვევაშიც ორი თითის ზომა დააკლდა. გოპებმა, იაშოდას მეგობრებმა, კიდევ მოიტანეს თოკები, მაგრამ რამდენიც არ უნდა დაეგრძელებინათ თოკი, მაინც ორი თითის ზომა აკლდებოდათ. ამ სასწაულის შემყურე იაშოდა სიყვარულის ღიმილის დაფარვას ცდილობდა. როცა კრიშნამ დაინახა, რომ დედა იაშოდა დაიღალა, სახეზე ოფლმა დაასხა და ყვავილები, რომლებიც თმას უმშვენებდა, ჩამოუცვივდა, ნება მისცა, რომ დაება – არა თოკით, არამედ სიყვარულით. ამ ისტორიით კრიშნა გვაჩვენებს, რომ თუმცა იგი მთელი სამყაროს მფლობელია, მისთვის არ არსებობს უფრო მეტი სიამოვნება, ვიდრე ის, რომ თავისი ერთგულების სიყვარულით იყოს დაბმული”.
ჩემდა გასაკვირად ამ უბრალო ამბავმა ისეთი სიხარული გამოიწვია ჩემში, რომ ნარაიან პრასადს გაგრძელების მოყოლა ვთხოვე.
“მაგრამ სულ ესაა, რაზეც დღეს ილაპარაკეს”, - მიპასუხა მან.
“კი მაგრამ, თქვენ სამ საათზე მეტხანს ლაპარაკობდით, ძალიან გთხოვ, კიდევ მომიყევით”.
“ჩვენ მეტზე არაფერზე გვილაპარაკია”.
მომდევნო დღეს, პატარა კრიშნას ისტორიით და იმ ყურადღებით აღტაცებული, რომლითაც სადჰუები მას ისმენდნენ, მოუთმენლად ველოდი გაგრძელებას. როგორც კი კითხვა დასრულდა, მე და ნარაიან პრასადი კვლავ განგას ნაპირას დავჯექით, და მან კვლავ მომითხრო იგივე ისტორია კრიშნაზე, რომელიც კარაქს იპარავდა. რამდენიც არ ვეხვეწე, სიტყვაც არ დაუმატებია. ყველა ჩემს კითხვაზე მაცდური ღიმილით მპასუხობდა: “სულ ესაა, რაზეც ვილაპარაკეთ”.
მესამე დღეს ემოციები, რომლებსაც სადჰუები განიცდიდნენ, მეც გადმომედო და მეც შემიპყრო ღმერთისადმი იმ სიყვარულმა, რასაც ისინი გრძნობდნენ. განგას ნაპირას, ჩემს თარჯიმანს, ნარაიან პრასადს ხანგრძლივი გამომცდელი მზერა მივაპყარი: “მე უნდა ვიცოდე, რაზე ილაპარაკეთ დღეს”. და მან კვლავ იგივე ისტორია მომიყვა კრიშნაზე, რომელიც უკვე მოვისმინე.
აღშფოთებულმა ვკითხე: “რატომ მექცევით ასე? თქვენ ყოველდღე სამი საათი საუბრობთ, თქვენი მონაყოლი კი ათ წუთს არ აღემატება. რატომ მატყუებთ?”
“მაგრამ მართლა სულ ესაა, რაზეც ვლაპარაკობდით”.
ვგრძნობდი, რომ ჩემი გაღიზიანება იზრდებოდა: “დღეს ძალიან ყურადღებით გისმენდით. თქვენ ერთხელაც კი არ წარმოგითქვამთ სიტყვა “კრიშნა” ან “იაშოდა”. ძალიან გთხოვთ, გემუდარებით, მითხარით სიმართლე!”
ნარაიან პრასადმა უშფოთველად გაიღიმა: “ჩვენ ვსაუბრობდით მხოლოდ იმაზე, როგორ იპარავს პატარა კრიშნა კარაქს”.
თვალები ცრემლებით ამევსო: “ნუთუ არ ვარ იმის ღირსი, რომ გავიგოთ, რაზე ლაპარაკობდით?”
დაინახა რა ჩემი გულწრფელი გამწარება, ნარაიან პრასადი მოლბა. მან სერიოზული გამომეტყველებით შემომხედა თვალებში და წარმოთქვა: “ვხედავ, რომ შენი ცრემლები გულწრფელია, ამიტომ აგიხსნი, რაშია საქმე”. ცოტა ხნის დუმილის შემდეგ განაგრძო: “შენი გამოჩენიდან მეორე ღამეს, რამა სევაკა სვამიმ სიზმარი ნახა. სიზმარში უფალი რამა გამოეცხადა და შენზე უთხრა: “ეს ყმაწვილი – კრიშნას ბჰაკტაა, თუმცა ჯერ ვერც კი ხვდება ამას. არაფერზე ელაპარაკოთ მას, გარდა კრიშნას სიდიადისა. ვრინდავანი გახდება მისი თაყვანისცემის ადგილი, მაგრამ თუ ამის შესახებ ახლა ეტყვი, მაინც არ დაგიჯერებს. მოვა დრო, და თავად მიხვდება ამას”.”
ამ სიტყვებთან ერთად ნარაიან პრასადი გადამეხვია. ჩვენ ვიჯექით და ვუცქერდით, როგორ მიაქანებდა თავის მძლავრ ტალღებს განგა. ნარაიან პრასადი ჩემს დამშვიდებას ცდილობდა, თუმცა თვითონაც ცრემლები ედგა თვალებში: “ჩემმა გურუმ, რამა სევაკა სვამიმ, დამავალა, რომ მხოლოდ კრიშნაზე მესაუბრა შენთან. მე კი ბავშვობიდან რამას ერთგული ვარ, თუმცა რამა და კრიშნა ერთი და იგივე უზენაესი უფალია, რომელმაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახე მიიღო. ერთადერთი ისტორია კრიშნაზე, რომელიც დაწვრილებით ვიცი, - ესაა ისტორია იმაზე, თუ როგორ იპარავდა კარაქს.” ნარაიან პრასადმა ჩანთიდან სურათი ამოიღო, რომელზეც პატარა კრიშნა მალულად ჭამდა კარაქს და მე გამომიწოდა იგი. სურათი ისე მომეწონა, რომ დიდხანს ვერ ვაშორებდი მზერას, მაგრამ ნარაიან პრასადის სიტყვები იმის შესახებ, რომ კრიშნასთვის თაყვანი უნდა მეცა იმ ადგილას, რომელსაც ვრინდავანი ჰქვია, ჩემს გაგებაზე მაღლა იდგა. რადგანაც მაინც ვერაფერს მივხვდი, გადავწყვიტე განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მიმენიჭებინა ამისთვის. ყველაფერი, რაც მაშინ ვიცოდი, - იყო ის, რომ ჰიმალაების გამოქვაბულებში უნდა დავბრუნებულიყავი.
* * *
რამა სევაკა სვამის და მისი მიმდევრების სათნოებით და კეთილგანწყობით მოხიბლულმა რამდენიმე კვირა გავატარე მის აშრამში. ჩემი გამგზავრების დღეს სვამისთან მივედი, თაყვანი ვეცი მას და კურთხევა ვთხოვე. მან გადაწყვიტა რაიმე საჩუქარი გადმოეცა ჩემთვის, მაგრამ რა უნდა მოეცა? სვამიმ ირგვლივ მიმოიხედა და მისი მზერა მისსავე საკუთარ ხელჯოხს მოხვდა. ცრემლიანი ღიმილით გამომიწოდა იგი. მე მადლიერების უდიდესი გრძნობა ვიგრძენი. თუმცა ხელჯოხი უბრალო ხის ჯოხს წარმოადგენდა, ეს იყო სიყვარულის ძღვენი, რომელიც ჩემთვის გაცილებით მეტს ნიშნავდა, ვიდრე მსოფლიოს მთელი სიმდიდრე. რამა სევაკა სვამის სასიხარულოდ, მე აღტაცებულმა მივიღე მისი წმინდა ძღვენი. აღელვებისგან აკანკალებული ხმით მან მითხრა, ნარაიან პრასადმა კი მითარგმნა: “წმინდა წერილებში ნათქვამია, რომ წყალობის ხელჯოხს, რომელსაც უფლის ერთგულისგან ვღებულობთ, შეუძლია უდიდესი საფრთხისგან გვიხსნას”. ამ დღიდან სვამის ნაჩუქარი ხელჯოხი ჩემი განუყრელი თანამგზავრი გახდა.