გზა შინისაკენ - ამერიკელი იოგის მოგზაურობა

რადჰანათჰ სვამი
5
1

ძლივ-ძლივობით გამოვძვერი თუ არა მდინარე ბაჰმატის ყინულივით ცივი წყლიდან, რომელიც ჰიმალაების ყინულებიდან იღებს სათავეს

თავი ოცდამეთექვსმეტე

 

თავი ოცდამეთექვსმეტე

ჩემთვის ვრინდავანი სასწაულებით იყო სავსე – დიდი და პატარა სასწაულებით. ერთხელ, დღისით, როცა მარტო დავხეტიალებდი ტყის ბილიკებზე, პირდაპირ ჩემს წინ გიგანტური გააფთრებული ხარი დავინახე. მისი მასიური ტორსის გარშემო მტვერი ტრიალებდა, ნესტოებიდან კი ნაკადად მოდიოდა თეთრი ქაფი. გაცოფებულმა შემომხედა თვალებში, ფართოდ დააღო პირი და საშინელი ღრიალი ამოუშვა. მოუთმენლად თხრიდა მიწას ჩლიქებით და ჩემს გასათელად ემზადებოდა. სანამ რაიმეს მოვიმოქმედებდი, ხარი გაშეშდა, თავი დახარა, უეცრად დამეტაკა და რქა პირდაპირ მუცელში გამიყარა: თავის ერთი მოძრაობით ჰაერში ამტყორცნა, ისე რომ მის სხეულს გადავაფრინდი და მიწაზე დავენარცხე. სუნთქვა შემეკრა. ტკივილისგან ვიკლაკნებოდი და უკვე სიცოცხლესაც გამოვემშვიდობე გონებაში, ის კი ისევ აგრძელებდა მოუთმენლად ჩლიქებით მიწის თხრას, ქშინავდა და მორიგი შეტევისთვის ემზადებოდა.
ამ დროს ბილიკზე გამხდარი აკურატული მოხუცი გამოჩნდა, ა-ლა ნერუს პილოტკაში. მან ადგლობრივ დიალექტზე რამედნიმე სიტყვა დაიყვირა, რის შემდეგაც ხარმა მორჩილად დახარა თავი და იქაურობას მოცილდა. უჩვეულო ადამიანი წამოდგომაში დამეხმარა და მკითხა: “ყველაფერი რიგზე გაქვს? ხარი ფრიად გაღიზიანებული ჩანდა”.
დავმშვიდდი და საკუთარი თავი შევათვალიერე. ჩემდა გასაკვირად საღ-სალამათი ვიყავი, ტკივილსაც კი გაევლო. მაგრამ პირველივე ნაბიჯთან ერთად წამოვიყვირე: ფეხში ღრმად შემერჭო რაღაც ეკალი, და ეს ბევრად უფრო უსიამოვნო აღმოჩნდა, ვიდრე ხარის რქის დარტყმა. დავიხარე, რომ ეკალი ამომეძრო, და გავიფიქრე, რომ თავისი სიკეთის გამო კრიშნამ ხარის რქა ამ ეკლით შეცვალა. “ყველაფერი რიგზეა, - ვუპასუხე მე. – მადლობელი ვარ. თქვენ სიცოცხლე გადამირჩინეთ”.
ეს მე არა, - გაიღიმა ხანშიშესულმა ბატონმა. – კრიშნამ გიხსნა. მე უბრალოდ ინსტრუმენტი ვიყავი მის ხელში”. მღელვარებისგან ხმა აუკანკალდა: “სიყვარული – სულ ესაა, რასაც საპასუხოდ მოითხოვს ჩვენგან კრიშნა”. მოხუცმა ყველა მხრიდან შემათვალიერა, შეამოწმა დაჭრილი ხომ არ ვიყავი და ტანსაცმლიდან მტვერი გამფერთხა. “საიდან ხარ და აქ როგორ აღმოჩნდი?” – მკითხა მან. მე მოვუყევი, მოხუცმა მზეს შეხედა და განაცხადა: “მე შეხვედრაზე ვაგვიანებ. თუ გინდა ჩემთან ერთად წამოდი”.
ტყის ქვიშიან ბილიკს გავუყევით. მოხუცმა აკურატულად დავარცხნილი ჭაღარა თმიდან პილოტკა მოიხსნა და თქვა: “მე ერთ უიშვიათეს წმინდანთან მიმყავხარ, წმინდა წერილების დიდ მცოდნესთან. იგი უცნობია ფართო პუბლიკისთვის, მაგრამ ყველა სულიერად ამაღლებული ადამიანი ამ ადგილას ძალიან დიდ პატივს სცემს მას. გავბედავ ვივარაუდო, რომ ინგლისურად თქვენ “წმინდანს წმინდანთა შორის” უწოდებდით მას.
ჩვენ მივუახლოვდით ბრტყელ ქვას, რომელიც ხიდის ფუნქციას ასრულებდა ღია კანალიზაციაზე. გამონაყოფების სქელი შავი მასა ჩვენს ქვემოთYბუყბუყებდა და ბუშტებს გამოჰყოფა. საშინელი სუნისგან შეხუთული, ფრთხილად გადავედი მეორე მხარეს. სწორედ ამ დროს ღორების ოჯახი ზათქით ჩახტა არხში. ისინი სიხარულით ღრუტუნებდნენ, ხარბად თქვლეფდნენ შავ ნექტარს და ჭკუაზე არ იყვნენ ბედნიერებისგან. მათ დინგებზე ფეკალიები მოწურწურებდა, და სიამოვნებისგან აწკლაპუნებდნენ პირებს.
სულ რაღაც რამდენიმე წუთში სამოთხეში აღმოვჩნდით – მწვანე ხეებს, სურნელოვან ყვავილებს, მოზუზუნე ფუტკრებსა და ტკბილხმოვან ჩიტებს შორის. კიდევ ცოტა გავიარეთ და რომელიღაც ეზოში შევუხვიეთ, სადაც პატარა კუტირი იდგა – ადგილი თაყვანისცემისთვის. “გთხოვ, შემოდი”, - მითხრა ჩემმა გამცილებელმა და ხელი ჩამკიდა. შიგნით, ხის დასაჯდომზე სადჰუ იჯდა. თავი და სახე სუფთად ჰქონდა გაპარსული. ამ დროისთვის მე უკვე ვიცოდი, რომ გადაპარსული თავი ანგარებიანი სურვილებისგან თავისუფალი ცხოვრებისადმი სწრაფვის სიმბოლოს განასახიერებდა. თხემის მიდამოში თმის პატარა ბღუჯა ჰქონდა დატოვებული – ღმერთისადმი ერთგულების და მორჩილების ნიშანი. როგორც მითხრეს, ოთხმოც წელს იყო გადაცილებული. რბილად გაიღიმა, შეტყუპებული ხელისგულები შუბლთან მიიტანა და მოსალმების ნიშნად თავი დამიხარა: “კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენს ოჯახში”. ეს იყო ვიშაკჰა შარან ბაბა.
მის ტერფებთან ხუთი მოხუცი იჯდა, რომლებიც ხარბად უსმენდნენ მის სიტყვებს. ვიშაკჰა შარან ბაბამ ყურადღებით შემომხედა, და ჩემსკენ მომართვით, რამდენიმე სიტყვა წარმოთქვა. ჩემმა გამცილებელმა, რომელმაც ყველამ პანდიტ-ჯი უწოდა, ჰინდიდან ინგლისურად მითარგმნიდა: “თუკი ვინმე ღმერთის სიყვარულისთვის ლოცულობს ისევე, როგორც მშიერი ლოცულობს საჭმლისთვის, მაშინ უფალი უბოძებს ადამიანს ამ უიშვიათეს განძს”. მან ხელზე ხელი მომკიდა: “ნება მიბოძეთ, გაგიმასპინძლდეთ”.
ძალიან მომეწონა მისი საზოგადოება, და ყოველდღე ოთხ საათზე დავიწყე მის კუტირში სიარული. ყოველ ჯერზე ვიშაკჰა შარან ბაბა თავად გამომიწოდებდა ხოლმე თივის დასაფენს და შინაური კვერებით, როტით, გურას – ლერწმის შაქრის ნაჭრებით მიმასპინძლდებოდა. ეს იყო სტანდარტული საკვები ღარიბი ხალხისთვის ვრინდავანში. ვიშაკჰა შარანას მიმდევრები, მისი მსახურების სურვილით ცდილობდნენ სხვადასხვა კერძი მოემზადებინათ მისთვის, მაგრამ იგი ყოველთვის უარს ამბობდა. ზრდიდა რა მორჩილებას საკუთარ თავში, იგი თავის მოხუცებულ ასაკშიც კი მოწყალებას თხოულობდა კარიდან კარზე. და ყველაფერს, რასაც აგროვებდა – როგორც წესი ეს იყო მშრალი როტი და გური, - სიხარულით მიზიარებდა ხოლმე. ეს “წმინდანი წმინდანთა შორის”, წმინდა წერილების აღიარებული მცოდნე, რომელიც ასაკით ოთხჯერ აღმემატებოდა, ისეთი თანაგრძნობით მეპყრობოდა, რომ არ ვიცოდი, რით გადამეხადა მადლობა.
ვიშაკჰა შარან ბაბა პირველად 1918 წელს ჩამოვიდა ვრინდავანში, როგორც მოხეტიალე სადჰუ და მას შემდეგ მთელი ცხოვრება დარჩა აქ. მისი წარსულის შესახებ ცოტა რამ იყო ცნობილი, და თავადაც იშვიათად საუბრობდა საკუთარ თავზე. ჰიმალაებში მე ისეთ განდეგილებს შორის ვცხოვრობდი, რომლებიც მკაცრ ასკეზებს იცავდნენ და საკუთარი თვალებით მინახავს მათი ზებუნებრივი შესაძლებლობები, მაგრამ ვიშაკჰა შარან ბაბა არასოდეს აჩვენებდა არანაირ სასწაულს და არ ტანჯავდა საკუთარ თავს. იგი უბრალოდ სიყვარულით ემსახურებოდა ღმერთს. როცა შრი რადჰას სიყვარულზე და უფალი კრიშნას მარადიულ გართობებზე საუბრობდა, იგი უმანკო ბავშვს ემგვანებოდა, და ავიწყდებოდა, რომ იმაზე არანაკლებ გავლენას და ავტორიტეტს ფლობდა, ვიდრე ეს მეფეებს ჰქონდათ. იყო რა ძალიან მორცხვი, იგი საგულდაგულოდ მალავდა თავის სულიერ ემოციებს და უბრალოდ ემსახურებოდა ყველას გარშემო. თუმცაღა მის გვერდით მყოფი, მე ჩემს გულში უჩვეულო და ყველანაირად აუხსნელ სიყვარულს ვგრძნობდი.
ერთხელ თხოვნით მივმართე მას: “ძალიან გთხოვთ, მომეცით დარიგებები, რომლებიც თქვენი შეხედულებით აუცილებლად უნდა მოვისმინო”.
მან თვალები დახუჭა და ტრანსის მდგომარეობაში შევიდა. მის ბაგეთაგან უწყვეტ დინებად გადმოიღვარა სიტყვები, რომლებიც ყველა ჩემს ეჭვს, დაუსმელ კითხვას და კრიშნასთან მიახლოების მწველ სურვილს პასუხობდნენ. პანდიტ-ჯიმაც დახუჭა თვალები და თან მითარგმნიდა, მე კი ვიჯექი და ვუსმენდი.
“უფალი კრიშნას სხეული აბსოლუტურად სულიერია. მისი ხატ-სახე მარადიულია, ცოდნითა და ნეტარებითაა სავსე. ვედური წერილები და ურიცხვი წმინდანები ერთნაირად აღწერენ მის სახეს, რომლითაც სულიერი სამყაროს ბინადართა წინაშე წარდგება ხოლმე. თუმცა მისი სილამაზის აღწერა შეუძლებელია სიტყვებით, რომლებიც ჩვენს მატერიალურ გამოცდილებას ეყრდნობა, წმინდა წერილებში მოყვანილია მისი სახის ის აღწერილობა, რომელიც ადამიანის გონებისთვისაა მისაწვდომი. რა უნდა ვთქვა მასზე? იგი – ყველაფერი ლამაზის თავდაპირველი წყაროა.
სხეული მისი ფერით საავდრო ღრუბელს ჰგავს, ხოლო ხელისგულები და ტერფები ვარდისფერია, როგორც ლოტოსი. მისი ყველაფრისმხედველი თვალები გაშლილი ლოტოსის ფურცლებს ჰგავს. მისი ცხვირი ნაზი და დახვეწილია, როგორც კუნჟუტის ყვავილი, ხოლო მოწითალო ტუჩები, ბიმბის ნაყოფს მოგაგონებენ. კბილები – მარგალიტების რიგია, ლოყები და შუბლი კი სავსე მთვარის სილამაზეს ჩრდილავენ. მისი ყოვლისმსმენელი ყურები ზვიგენის ფორმის ძვირფასი საყურეებითაა მორთული. თმის კულულები – თითქოს მბრწყინავი შავი აბრეშუმი; პაწაწინა ყვავილების და ძვირფასი ქვების გირლიანდებით მორთულნი და ფარშევანგის ბუმბულით დამშვენებული, ისინი მის მთვარისდარ სახეს ამშვენებენ. ხაზები მის ყელზე – ზღვის ნიჟარის ხვეულებს ჰგავს, და მისი სხეულის ყოველი ნაწილი უფრო რბილია, ვიდრე ახლადგაქნილი კარაქი. თუმცა ხანდახან შეუძლია გაჭრას, როგორც მეხის დარტყმამ.
იგი უსაზღვრო და აბსოლუტურად დამოუკიდებელია. ყველა მატერიალური და სულიერი სამყაროები – მისი ენერგიებია, და თავად შედის ყოველი ცოცხალი არსების გულში და გამუდმებით იმყოფება იქ, როგორც ჩვენი მუდმივი კეთილისმყოფელი და ჩვენი ყველა ქმედების მოწმე.
იგი აკვირდება მატერიალურ ქმნილებას და ხანდახან მკაცრი მამაა. მაგრამ სულიერი სამყაროს უზენაეს სასუფეველში კრიშნა – უზენაესი განმცხრომელია. იქ, თავისი საოცარი თამაშებით, ხუმარა სიტყვებით და ონავრობებით იგი ყველას უზიარებს თავის ნეტარებას. როცა ფეხზე დგას, სამ ადგილას დახვეწილად გადახრილი და უკრავს ფლეიტაზე, იგი ჩვენს გულებს აჯადოებს და თავისი მოუგერიებელი სიყვარულის ძალას გვიგზავნის”.
ვიშაკჰა შარან ბაბა უფრო და უფრო მეტი შთაგონებით აგრძელებდა თავის მონათხრობს, მე კი სუნთქვაშეკრული ვუსმენდი მას:
“შრი რადჰა – უფლის ქალური იპოსტასი – ანათებს, როგორც გამდნარი ოქრო. მოწყალე დედა ყოველივე არსებულისა, იგი თავისი სილამაზით თავად კრიშნას ატყვევებს. მე უღირსი ვარ იმისთვის, რომ მის სილამაზეზე ლაპარაკიც კი დავიწყო. მისი სიყვარული – ეს ყოვლისმომცველი რეალობაა, რომელიც სულიერ სამყაროს უსასრულო ნეტარებით აღავსებს”.
მე ვუსმენდი და მეშინოდა, რომ ერთი სიტყვა მაინც გამომრჩენოდა, ის კი ამასობაში ღმერთის ყველაზე დაფარული გამოვლინებების აღწერის დეტალური ფილოსოფიური საფუძვლების ანალიზს შეუდგა, და ამით ბალზამს ასხამდა ჩემს რაციონალიზმით დაავადებულ დასავლურ გულზე: “ზოგიერთი ღმერთის ამგვარ აღწერას ანთროპომორფიზმად თვლის, მცდელობად, რომ ღმერთს ადამიანური თვისებები მივანიჭოთ. მაგრამ ყველაფერი ზუსტად პირიქითაა: ეს ადამიანები არიან უსუსური დონით დაჯილდოებულნი იმ თვისებებით, რომლებიც ღმერთისგან მომდინარეობს. როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, ადამიანი ღმერთის სახედ და ხატად არის შექმნილი”.
ერთიანი ღმერთის მისი ხედვა უმაღლეს დონით პიროვნული გახლდათ. მის აღწერილობებში ღმერთი-პიროვნება უბრალოდ ალეგორიას ან სიმბოლოს კი არ წარმოადგენდა, არამედ სულიერ ჭეშმარიტებას, რომელიც ჩვენი გრძნობისმიერი ან ინტელექტუალური აღქმისთვის მიუწვდომელია. იგი ხსნიდა, რომ ღმერთთან მიახლოება მხოლოდ არაყალბი ერთგულებითაა შესაძლებელი. მისი მოსმენისას უფრო ღრმად ჩავწვდი მიზეზს, რის გამოც ყველა ეს ადამიანი იმეორებდა ღმერთის სახელებს, მორჩილად ემსახურებოდა ერთმანეთს და ტაძრებში ლოცვებს აღუვლენდა ღვთაებებს.
ერთხელ ვიშაკჰა შარანა ბაბას და სხვა სტარცებს იმ დროს მივუსწარი, როცა ისინი რადიომიმღების გარშემო შემოკრებილიყვნენ. ეს იყო 30-იანი წლების აპარატი ნახევრად მრგვალი ზემო ნაწილით, მეტალის გადამრთველებით და ამოსაწევი ანტენით. დინამიკებიდან ხარვეზების ფონზე დიქტორის ხმა ისმოდა, და ჩემმა მეგობარმა, რომელმაც ხარისგან მიხსნა, ახალი ამბები მითარგმნა: “ინდოეთსა და პაკისტანს შორის ომი დაიწყო”. იგი მოიქუფრა. “არმიებმა შეტაკება წამოიწყეს, მტრის თვითმფრინავები ინდოეთის ქალაქებს ბომბავენ. მრავალი ათასი ადამიანი უკვე ჩართულია ბრძოლაში. ვერც ერთი ადგილი ვერ ჩაითვლება უსაფრთხოდ. სახელმწიფო მოუწოდებს ყველას, რომ დააბნელოთ ფანჯრები. მოსახლეობის დაბომბვისგან თავდაცვის მიზნით ღამით ელექტროენერგია გამოირთვება”. იგი კვლავ განაგრძობდა რადიომიმღების ხრინწიანი ხმების მოსმენას: “ამერიკა ურჩევს თავის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ინდოეთის ტერიტორია”.
რაღაც პერიოდს აქეთაა, ინდოელ სადჰუდ უფრო ვგრძნობდი თავს, ვიდრე ამერიკელად, ამიტომ უცებ ვერ მივხვდი, რომ ეს გაფრთხილება მე მეხებოდა. თუმცა ომის შესახებ ცნობას შესაძლოა ჩემი მშობლები აეღელვებინა. მათ დასამშვიდებლად წერილი დავწერე. წერილზე თარიღად 1971 წლის 7 დეკემბერი ეწერა – ჩემი ოცდამეერთე დაბადების დღე.
ჩემი ძვირფასებო,
ყველა ომი დედამიწაზე – ადამიანის ჭკუაში მიმდინარე ბრძოლის გამოხატულებაა.
ჩვენ იმ დროს ვერთვებით ომში, როცა ღმერთი გვავიწყდება.
ომი მიდის ვიეტნამში, ისრაელში, და აი ახლა ომი დაიწყო ინდოეთსა და პაკისტანს შორისაც.
სანამ ჩვენი ჭკუის ვნებების ტყვეებად ვრჩებით, ყოველთვის ბრძოლების ველებზე ვიქნებით.
მაგრამ ჩემზე არ იდარდოთ – მე უსაფრთხოდ ვარ.
დამლოცეთ,
თქვენი რიჩარდი
მსოფლიოს ერთ მხარეში ვიეტნამის ომი ანადგურებდა ჩემს თანატოლებს. თავიდან ავიცილე რა იგი, მოულოდნელად შეიარაღებული კონფლიქტის სხვა ზონაში აღმოვჩნდი. რატომ გაჩაღდა ეს ომი? 1947 წელს ინდოეთი რამდენიმე სახელმწიფოდ დაიშალა. მის ორივე მხარეს ჩამოყალიბდა დასავლეთ და აღმოსავლეთ პაკისტანი. 1971 წლის 3 დეკემბერს დასავლეთ-პაკისტანის სამხედრო თვითმფრნავები ინდოეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ. ეს იყო დასავლეთ პაკისტანის ქმედება დახმარების პასუხად, რომელიც ინდოეთმა აღმოსავლეთ პაკისტანის განცალკევების მხარდამჭერ პოლიტიკურ ძალებს აღმოუჩინა. ასე დაიწყო ინდოეთსა და დასავლეთ პაკსტანს შორის სრულმასშტაბიანი ომი. სასტიკი შეტაკებები მიმდინარეობდა მიწაზე, ჰაერში და ზღვაში, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი დაიღუპა, ათიათასები კი დასახიჩრდნენ. განუწყვეტელი ბრძოლების ორი კვირის შემდეგ დასავლეთ პაკისტანმა კაპიტულაცია გამოაცხადა, ხოლო აღმოსავლეთ პაკისტანი დამოუკიდებელ ქვეყანად – ბანგლადეშად იქცა.
ვიშაკჰა შარან ბაბა სხვა სტარეცებთან ერთად საღამოობით რადიოს შემოუსხდებოდნენ ხოლმე და როცა გაიგებდნენ ახალი სისხლისღვრის შესახებ, ტიროდნენ. ახალი ამბების დამთავრებისას რადიომიმღებს გამორთავდნენ ხოლმე და ისევ ღმერთის შესახებ საუბრებში იძირებოდნენ. გადიოდა 2-3 წუთი და ისინი კვლავინდებურად ბრწყინავდნენ სიხარულისგან. საოცარია: დასტიროდნენ რა ადამიანების ტანჯვას ამ ქვეყნად, მათ ამავე დროს შეეძლოთ განეცადათ იმ სულიერი რეალობის ნეტარება, რომელიც დაბადებისა და სიკვდილს მიღმა იმყოფება.
ეს იყო გაკვეთილი სულიერი წონასწორობისა – ხელოვნებისა, რომელშიც მთავარ როლებს სიმწიფე და მდიდარი სულიერი გამოცდილება თამაშობენ. ვიშაკჰა შარანა ბაბას და მის მიმდევრებს ვაკვირდებოდი და ერთ მნიშვნელოვან რამეს მივხვდი: შესაძლებელია ნატიფი რეაგირება მოვახდინოთ მსოფლიოს პრობლემებზე და ადამიანთა ტანჯვებზე, და ამავე დროს არ დაგვავიწყდეს სულიერი რეალობა. ამ აღმოჩენამ გამაოგნა. საკუთარი თვალით დავინახე, როგორ დააჯილდოვა ღმერთისადმი სიყვარულმა ეს ადამიანები საუკეთესო ადამიანური თვისებებით და როგორ გააღვიძა მათ გულებში ყველა ცოცხალი არსებისადმი თანაგრძნობა.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff