გზა შინისაკენ - ამერიკელი იოგის მოგზაურობა

რადჰანათჰ სვამი
5
1

ძლივ-ძლივობით გამოვძვერი თუ არა მდინარე ბაჰმატის ყინულივით ცივი წყლიდან, რომელიც ჰიმალაების ყინულებიდან იღებს სათავეს

თავი მეექვსე

 

თავი მეექვსე

ჩვენ მესაზღვრეს ვკითხეთ, როგორ მიგვეღწია სტამბულამდე, და მან უკაცრიელ სოფლის გზაზე მიგვითითა, რომელიც ორ ბორცვს შორის სიბნელეში იკარგებოდა. გავუყევითამ გზას, რომელიც აღმოსავლეთ ფრაკიის ნაყოფიერ მიწებზე იყო გაჭიმული, და მალე ქვის მეჩეთი და მინარეთი შევამჩნიე. ეს იყო პირველი მეჩეთი, რომელიც ცხოვრებაში მენახა. მისი გუმბათის სილამაზით მოხიბლული, სიხარულით სავსე მღელვარებას ვგრძნობდი ღმერთის ტაძართან შეხვედრის წინ.
გზაზე არც ერთი ავტომობილი არ ჩანდა, ჩვენ კი თითქმის ორასორმოცდაათი კილომეტრი გვქონდა გასავლელი. რა უნდა გვექნა? სანამ ვფიქრობდით, თუ როგორ ჩაგვეღწია სტამბულამდე, ძველი მოჯაყჯაყე სატვირთო ავტომობილი გამოჩნდა. როცა მოგვიახლოვდა, გაჩერდა. ჩვენდა გასაკვირად ძარაზე ხის სკამები იდგა, და მათზე ათიოდეპირქუში პოლიციელი იჯდა გაცვეთილი მუნდირებით. მანქანაზე ავძვერით და მათთან ერთად მოვთავსდით. პოლიციელები ხმას არ იღებდნენ. და მხოლოდ ერთმა, სამოქალაქო ტანსაცმელში, ყურში ჩამჩურჩულა:
მე ჰაშიშის ყიდვა მინდა თქვენგან. მომყიდი? ნუ გეშინია, არ ვარ პოლიციელი”.
“მე არ მაქვს ჰაშიში”, - ვუპასუხე მე, მაგრამ მაინც არ მეშვებოდა. მოგვიანებით სატვირთოდან ჩახტა , პოლიციელის ფორმა ჩაიცვა და მედიდური სახით წავიდა.
სტამბულში შუაღამეს ჩავაღწიეთ. როცა პოლიციის ქვეგანაყოფის მეთაურმა გვკითხა, თუ სად გვინდოდა გაჩერება, რემსიმ უპასუხა, რომ ჩვენ იაფფასიანი ღამის გასათევი გვჭირდებოდა. მეთაურმა სათვალის ზემოდან გადმოგვხედა, შემდეგ გვერდზე გავიდა და თავის თანაშემწეს რაღაცაზე მოეთათბირა. ბოლოს დაბრუნდა და გვითხრა რომ მის თანაშემწეს გავყოლოდით.
თანაშემწეს, რომელსაც დახეული და გახუნებული მუნდირი ეცვა, სრულიად შეუვალი სახე ჰქონდა. სიტყვაც არ უთქვამს და არც კი გამოუხედავს ჩვენს მხარეს. უკან მივყვებოდით სტამბულის ცარიელ ქუჩებში, და ყოველ მომდევნო კვარტალთან ერთად სიღარიბე უფრო მეტად გვხვდებოდა თვალში. როგორც იქნა მივხვდით, რომ თანაშემწეს სტამბულის ყველაზე მივარდნილ და მიყრუებულ ადგილებში მივყავდით, სადაც ქოლერა მძვინვარებდა. სიღატაკის და ეპიდემიის დანახულმა სურათებმა ძალიან დამთრგუნველად იმოქმედა ჩვენზე.
ხმის კანკალით ჯეფმა წარმოთქვა:
“დიდი შეცდომა დავუშვით. “არავის მიწაზე” უფრო უსაფრთხო იყო ყოფნა, ვიდრე აქ”.
რემსიმაც კი მძიმედ ამოიოხრა:
“ბიჭებო, ჩემი მოგზაურობების წლებში ჯერ არასდროს შემხვედრია ასეთი საშინელი ადგილი”.
მე ვცდილობდი მელოცა, მაგრამ ვერაფრით შევძელი დაწყნარება. სად მივყავდით?
საშიშ ღამის სიბნელეში მომაკვდავების ოხვრა და კვნესა ისმოდა. ამ ბინძურ ადგილებში ეპიდემია დიდ ხარკს იღბდა. მე სუნთქვისაც კი მეშინოდა. ქოლერის აკიდება ძალიან ადვილი იყო. შემდეგ იწყება ნაწლავური კოლიკები და ადამიანი საშინელი ტანჯვით კვდება. ჩვენ შეშინებულები და მარტოები ვიყავით, მაგრამ უკან მობრუნებასაც ვერ ვბედავდით.
უცებ ჩვენს წინ შუასაუკუნეების ქვის შენობა გამოჩნდა. გამოიყურებოდა იგი საკმაოდ ავისმომასწავებლად. ცუდმა წინათგრძნობამ შემიპყრო. ინტუიცია მკარნახობდა, რომ სანამ დრო იყო, აქედან უნდა გავქცეულიყავით. მაგრამ ჩვენმა გამცილებელმა ვიღაცას გაუღიმა და შიგნით შეგვიყვანა. ჩვენ სუსტად განათებულ ოთახში შევედით, რომელიც საბილიარდოს ფუნქციას ასრულებდა. მასში ათამდე ადამიანი იმყოფებოდა. სიგარეტს აბოლებდნენ და თან ბილიარდს თამაშობდნენ. ისე გამოიყურებოდნენ, როგორც ყველაზე მრისხანე განგსტერები. ისეთი ყინულივით მზერით გადმოგვხედეს, რომ კანკალმა შემიპყრო. თავში თავისთავად მოვიდა აზრი, რომ ეს ადამიანები ნებისმიერს მოკლავდნენ “თავანის” გულისთვის. მათი მეთაური, დაბალი, მაგრამ ძლიერი აღნაგობის მამაკაცი, კედელს იყო მიყუდებული. გასაშლელი დანით ფრჩხილებიდან ჭუჭყს იფხეკდა. მჭიდროდ შემოტმასნული მაისურის ქვეშ კარგად მოუჩანდა დაბერილი კუნთები. ჩვენი გამცილებლის დანახვისთანავე ჯიბეში ჩაიდო დანა, მასთან მივიდა და ლაპარაკიდაუწყო.
რაღაცაზე შეთანხმდნენ, ჟესტით გვანიშნეს, გავყოლოდით საბილიარდოს მეორე ბოლომდე საიდანაც მეორე სართულზე ჩაბნელებული კიბე ადიოდა. კიბის ერთ მხარეს კედელი იყო, მეორე მხარე კი ცარიელი იყო, და საფეხურები ღრმა სარდაფში ეშვებოდნენ. კიბეზე სრული წყვდიადი იდგა. იგი იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ ასვლისას ქშენა დავიწყეთ. მეორე სართულზე, რომელიც ასევე ჩაბნელებული იყო, მიგვიყვანეს ოთახამდე, სადაც ღამე უნდა გაგვეთია.
არავითარ გულითად მიღებაზე მინიშნებაც კი არ იყო. უფრო მეტიც, პატრონები მოითხოვდნენ, რომ ღამის გასათევად საფასური წინასწარ გადაგვეხადა. დავინახეთ რა მათი დაუფარავი მტრული განწყობა, როგორც იქნა მივხვდით, რომ უპატიებელი შეცდომა დავუშვით. ჩიხში აღმოვჩნდით. იაფ ღამისგასათევს ვეძებდით, მაგრამ ბანდიტების ბუნაგში აღმოჩენას არ ვგეგმავდით. რემსიმ პატრონებს განუცხადა, რომ თურქული ლირები არ გვქონდა, და დაინტერესდა, რა კურსით მიიღებდნენ დოლარებს.
“ამის შემდეგ ჩვენ მზად ვართ ნომერის ღირებულება განვიხილოთ, მხოლოდ ერთი ღამით”.
ჩვენ გავშეშდით, როდესაც ორჯერ უფრო ნაკლები კურსი შემოგვთავაზეს, ვიდრე ეს ოფიციალური ბანკის კურსი იყო. რემსიმ უარი უთხრა და ცდილობდა ზრდილობიანად შევაჭრებოდა უფრო მომგებიანი ფასისთვის, მაგრამ მათმა მეთაურმა იცოდა, რომ სხვა არჩევანი არ გვქონდა და ჩვენი მოსმენაც კი არ უნდოდა. სიბრაზისგან ალმოდებული სახით ანთებული სიგარეტი კედელს ესროლა და გასაშლელი დანამოგვიღერა. მეთაური დაბალი იყო, მაგრამ მისგან მომავალი ულმობელი სისასტიკე შიშს ბადებდა ჩვენში. მისი შავი თვალების გამჭოლი მზერა რისხვით ანთებულიყო. ტუჩები უთრთოდა და შეშლილივით ყვიროდა. ის თავად რისხვის განსახიერება იყო, მისი მეგობრები კი უშფოთველად უყურებდნენ მიმდინარე მოვლენებს. ვერავის იმედი ვერ გვექნებოდა. ჩვენი გამცილებელი პოლიციელიც კი გაფითრებულიყო შიშისაგან. ბანდიტებმა ფული გამოგვართვეს და წავიდნენ. მარტონი დავრჩით ოთახში, რომელიც ციხის საკანს უფრო წააგავდა.
რა მოხდებოდა, ბანდიტები რომ დაბრუნებულიყვნენ ჩვენს გასაქურდად ან მოსაკლავად? ოთახიდან სხვა გასასვლელის ძებნა დავიწყეთ, მაგრამ ვერაფერი ვიპოვეთ. კარის გარდა რჩებოდა მხოლოდ ფანჯარა, რომელიც ძალიან მაღალზე იყო იმისთვის, რომ მისით გვესარგებლა. ხაფანგში ვიყავით.
“ჯეფ, კარი დაკეტე, - თქვა რემსიმ – შენ კი, მანქ, მომეხმარე, რომ კარი ამ ორადგილიანი საწოლით ჩავკეტოთ. ბანდიტები ვერ მოახერხებენ ოთახში შემოსვლას, სანამ გვეძინება.”
ყველაზე ნაკლებად რაზეც ვფიქრობდით ამ სიტუაციაში, ეს ძილი იყო. მიუხედავად ამისა რემსის აზრი საღად გვეჩვენა – როგორმე ხომ უნდა დაგვეცვა თავი. ხმაურის გარეშე მივაყუდეთ საწოლი კარებზე, შემდეგ კი მეტი თავდაჯერებულობისთვის საწოლის ლითონის საზურგე ბაწრით მივამაგრეთ კარის სახელურს. რემსი და ჯეფი ამ საწოლზე დაწვნენ, მე კი კედელთან მოვეწყვე ტახტზე. ჩვენი ოთახი სანაგვეს უფრო ჰგავდა, ვიდრე სასტუმრო ოთახს. ძალიან ნესტიანი და ცივი იყო. სინათლის ერთადერთი წყარო სუსტად მბჟუტავი ელექტრო ნათურა იყო, რომელიც ჭერზე პირდაპირ სადენზე კონწიალობდა. მწვანე საღებავი კედლებზე აცლილი იყო. კუთხეებში ობობას ქსელები ეკიდა, ოთახში მდგარი მყრალი სუნი კი გულისრევის შეგრძნებას იწვევდა. გადავწყვიტე ოთახი გამენიავებინა. დიდხანს ვეწვალე უზარმაზარ ფანჯარას, ძლივს გავაღე და ისევ წამოვწექი, მაგრამ ახლა უკვე რწყილებმა დამიწყეს კბენა. ამ ყველაფრის შემდეგ ძილზე ოცნებას აზრი არ ჰქონდა. ჩვენ უბრალოდ სიბნელეში ვიწექით და ველოდით.
დაახლოებით ერთ საათში გავიგონეთ, როგორ დატრიალდა კლიტეში გასაღები. კარი უხმაუროდ გაიღო და საწოლს მიებჯინა. თავიდან დაუპატიჟებელმა სტუმრებმა ძლიერად მოარტყეს კარებს. არ იცოდნენ, რომ სამივენი საწოლის მეორე ბოლოს მთელი ძალით ვაწვებოდით. შემდეგ ბანდიტები უფრო ძლიერად მოაწვნენ. როცა მიხვდნენ, რომ ბარიკადები გვქონდა მოწყობილი, ღრიალით დაიწყეს კარის შემომტვრევა. კარი თითქმის გაიღო, მაგრამ ჩვენც ჩვენი მხრიდან მივაწყდით საწოლს და კარი ისევ დაიკეტა. ამ სასიკვდილო შეტაკების ყველა მონაწილე სიგიჟემ შეიპყრო. როგორც კი საწოლზე ავხტი, რომ ისევ მიმემაგრებინა მისი საზურგე კარის სახელურისთვის, მაშინვე რომელიღაც თავდამსხმელმა კარის ღრიჭოდან სცადა დანა გაერჭო ჩემთვის. ჩემი ჭკუა ისტერიკამ მოიცვა: “ჩვენი მოკვლა უნდათ!”
შეტაკება გრძელდებოდა. თავდამსხმელები ერთი-მეორეს მიყოლებით ცდილობდნენ კარის შემონგრევას. მუქარებს გვესროდნენ და გვწყევლიდნენ, ჩვენ კი მთელი ძალით ვაკავებდით საწოლს. კარს რომ ვერ მოერივნენ, ბანდიტები უეცრად მიჩუმდნენ. ავისმომასწავებელი სიჩუმე ჩამოწვა.
მე რწყილებით სავსე ტახტზე წამოვწექი, რომ მომდევნო შეტაკებამდე ძალები აღმედგინა. თავში ერთი-მეორეზე უარესი აზრები მიტრიალებდა. რას ვაკეთებ აქ, ქოლერით შეპყრობილ სტამბულის ჯურღმულში, ბანდიტებისგან დევნილი?
ტახტზე ვწრიალებდი და მახსენდებოდა ცხოვრება, რომელიც ჰეილენდ პარკში დავტოვე.
მე – ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, რომელსაც მოსიყვარულე ოჯახი და მეგობრები ჰყავს. რატომ მივატოვე მშობლიური კერა, სადაც ასე კარგად და მშვიდად ვიყავი? ახლა უმწეო და მარტოსული ვარ. აქ ცხოვრების აზრის ძიებამ მომიყვანა; მაგრამ ნუთუ იმისათვის, რომ ღმერთს მივანდო საკუთარი თავი, აუცილებელია ამ განსაცდელების გავლა? – ვლოცულობდი მე.
მაგრამ პასუხი თითქოს თავისთავად მოვიდა. რაც იქნება იქნება. ე.ი ესეა საჭირო. ყველა შემთხვევაში ამ სიტუაციიდან მხოლოდ ღმერთს შეუძლია ჩვენი ხსნა.
ჩემი ლოცვა ძლიერმა ზათქმა დაარღვია. კარი საწოლს მოეჯახუნა. შტურმის მეორე მცდელობა დაიწყო. ჩვენს სისხლს მოწყურებული ბანდიტები მძვინვარედ ღმუოდნენ და კარის შემონგრევას ცდილობდნენ. მცირე უყურადღებობაც კი ჩვენი მხრიდან დაღუპვას გვიქადდა. მიუხედავად საშინელი სიცივისა, ყველანი ოფლში ვცურავდით.
ვიხუთებოდით და ფეხქვეშ მიწა გვეცლებოდა. ხელებში ძალა აღარ გვქონდა. თავდამსხმელები კი თითქოს საერთოდ ვერ გრძნობდნენ დაღლას. მათი ყვირილი თავზარს გვცემდა. ამასობაში ჩემი შარდის ბუშტი გაივსო და მეჩვენებოდა, რომ სადაცაა უნდა გამსკდარიყო, მაგრამ ერთადერთი საპირფარეშო კარს იქით, კორიდორში იყო. ერთდროულად სამ ფრონტზე მიხდებოდა ბრძოლა: არ უნდა შემომეშვა ბანდიტები, უნდა შემეკავებინა შარდის ბუშტის მოთხოვნილება და მიმდინარე მოვლენები უნდა გამეაზრებინა.
ბოლოს ვეღარ გავუძელი, რემსი და ჯეფი მივატოვე, ფანჯრის რაფაზე ავძვერი და პირდაპირ ქუჩაში დავიწყე შარდვა. უცებ ქალის კივილი გაისმა, თანაც ისეთი ხმამაღალი, რომ ყურებმა წუილი დამიწყო. სახლებს შორის მანძილი ხუთ მეტრს არ აღემატებოდა და ჩემიმოპირდაპირე სახლის ფანჯრიდან ბებერი მუსულმანი ქალი მიყურებდა შავი ფარანჯით. სასოწარკვეთილმა ვერ შევნიშნე იგი, მიუხედავად იმისა, რომ დაჟინებით მიყურებდა. ჩემი უადგილო ქცევით შეურაცხყოფილი ქალი ზიზღით გაჰკიოდა. ეს უკვე მეტისმეტი იყო. აღარ ვიცოდი რა მექნა, ფანჯრის რაფაზე შარვალჩახდილი ვიდექი, მოხუც ქალთან სახით პირისპირ, და მის წინაშე ბოდიშების მოხდით, შარდვას ვაგრძელებდი.
მოხუცმა სახეში ფეხსაცმელი მესროლა და თან წყევლა მომაყოლა. ნასროლი ზუსტი აღმოჩნდა. რაფიდან ჩამოვხტი და ფანჯარა დავკეტე. თან გატეხილი ცხვირიდან და ტუჩიდან სისხლს ვიწმენდდი. მაგრამ ჯერ კიდევ არ მქონდა დამთავრებული: ჩემი შარდის ბუშტი კვლავინდებურად სავსე იყო. ამ დროს რემსის განწირული ყვირილი მომესმა:
“მანქ, ჩქარა მოდი აქ! აღარ შეგვიძლია ამათი შეკავება!”
სამივე ბრძოლას ვაგებდი. ეს აუტანელია! – ღმერთს შევევედრე, - ღმერთო მიშველე! და უცებ გონება გამინათდა: მოხუცის ფეხსაცმელში განვაგრძე შარდვა, მერე მაგიდის ყუთში დავმალე იგი და კვლავ შეტაკებაში ჩავერთე. მთელი ძალით მივაწექით საწოლს და მორიგი თავდასხმა მოვიგერიეთ.
რაც არ უნდა ყოფილიყო საჭმელ-სასმელის გარეშე დიდხანს ვერ გავძლებდით. ჩვენი კაპიტულაცია მხოლოდ დროის საკითხი იყო. უკვე განთიადი დგებოდა და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ერთადერთი საშველი – ეს იყო კარიდან შეუმჩნევლად გაძრომა შემოტევებს შორის შუალედში.
ჩვენი სიცოცხლე სასწორზე შევაგდეთ გადარჩენის მოჩვენებითი შანსის გამო. არ ვიცოდით, იდგა თუ არა ვინმე კარს უკან. თუ იდგა, მაშინ უეჭველი სიკვდილი გველოდა. მაგრამ ეს ჩვენი ერთადერთი შანსი იყო. ვცდილობდით არ გვეხმაურა და ნელა გავაღეთ კარი. კორიდორში ისეთი სიბნელე იდგა, რომ საკუთარ ხელსაც კი ვერ ვარჩევდი. ფეხისწვერებზე მივიპარებოდით, იატაკი კი ხმამაღლა ჭრიალებდა და ჩვენს გაცემას ცდილობდა. რომელიმე ბანდიტს ხომ არ შევეჩეხებით სიბნელეში? გული საშინლად მიცემდა. როგორც იქნა კიბეს მივადექით. კედელს გავყევით და ფრთხილად ჩავედით უსწორმასწორო საფეხურებზე. სუსტად განათებულ ოთახში საბილიარდო მაგიდაზე ჩვენს ყარაულ ბანდიტს ეძინა. სუნთქვაშეკრულებმა გავიარეთ მთელი ოთახი და კარს მივადექით.
კარი დაკეტილი აღმოჩნდა, საკეტი კი არაფრით არ გვნებდებოდა. ადრე არასოდეს გვენახა ასეთი კონსტრუქციის საკეტი და რიგრიგობით სასოწარკვეთილნი ვცდილობდით მის გაღებას. საბოლოოდ ჩვენმა ხმაურმა ბანდიტი გააღვიძა, და მან თავის ამფსონებს მოუხმო. ოთახის მეორე მხარეს ფეხის ნაბიჟების ზრიალი გაისმა.
“ო ღმერთო! – ვიყვირე მე. – გააღე რემსი! ჩქარა გააღე!”
“ვცდილობ, ვცდილობ!”
ყველანაირად ატრიალებდა საკეტს, მაგრამ უშედეგოდ. ჩვენი მადევრების ფეხის ხმაზე ცუდად ვხდებოდი. როცა მოგვიახლოვდნენ, საკეტი დაგვნებდა, და მყისვე ქუჩაში გავცვდივდით. ზურგჩანთებით და სხვა ნივთებით ისე გავრბოდით, როგორც არასოდეს აქამდე. უკანმოუხედავად ვირბინეთ, სანამ ტაქსი არ დავინახეთ. სტამბულში მხოლოდ ერთი ადგილის დასახელება ვიცოდით.
“ცისფერი მეჩეთი, ცისფერი მეჩეთი!” - ერთად დავუყვირეთ მძღოლს.
მაგრამ მან სარკეში ბანდიტები შეამჩნია და ავტომობილის დაძვრას არც კი ფიქრობდა. მიხვდა, რომ მსუყე ლუკმის მოპოვების შანსი მიეცა.
“ორასი დოლარი” – მოითხოვა მძღოლმა.
“რა? ორასი დოლარი?” – წამოიყვირა ჯეფმა.
მძღოლმაც ხმამაღლა იყვირა:
“ორასი დოლარი! ორასი დოლარი!”
ჩვენ სწრაფად დავთანხმდით:
“კარგი, ორასი დოლარი, ორასი დოლარი”.
მანქანა მკვეთრად მოწყდა ადგილს. მაგრამ ნუთუ მართლა გადავრჩით?
ჯეფი, ჩვენი ხაზინადარი, შეწუხებული ჩანდა.
“ვერ მივცემთ ორას დოლარს, - გვიჩურჩულა მან. – როგორ ფიქრბთ, მოგვკლავს ფული რომ არ მივცეთ?”
ამის გარკვევა არ გვინდოდა და პირველივე შუქნიშანზე გადმოვხტით მანქანიდან.
“ორასი დოლარი! ორასი დოლარი!” – მოგვაყოლა უკნიდან მძღოლმა, მაგრამ ჩვენი კვალის ნასახიც კი აღარ ჩანდა.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff