გზა შინისაკენ - ამერიკელი იოგის მოგზაურობა

რადჰანათჰ სვამი
5
1

ძლივ-ძლივობით გამოვძვერი თუ არა მდინარე ბაჰმატის ყინულივით ცივი წყლიდან, რომელიც ჰიმალაების ყინულებიდან იღებს სათავეს

თავი მეოთხე

 

თავი მეოთხე

პომპეიდან საპორტო ქალაქ ბრინძინიში ჩავედით, იქიდან კი უკანასკნელი ფულით ბერძნულ კუნძულ კორფუმდე (კერკირუმდე) ჩავაღწიეთ, რომელიც ჰომეროსს თავის “ოდისეაში” აქვს მოხსენიებული. კორფუზე ყოველდღე მარტო დავხეტიალობდი ზეთისხილებს შორის, რომლებიც ზღვის თავზე, მთის ფერდობებზე ხარობდნენ. ბროწეულის ხის ქვეშ დამჯდარი ზღვას გავცქეროდი “ცვლილებების წიგნით”, “ბჰაგავად-გიტათი” ან ბიბლიით ხელში, და ვცდილობდი, რომ რაც შეიძლება მეტი ცოდნა მიმეღო სხვადასხვა მასწავლებლებისგან. ზღვის საღი ქარი ფილოსოფიურ განწყობაზე მაყენებდა და ფიქრებში ჩაძირვაში მეხმარებოდა.
შემდგომ მატერიკზე გადავინაცვლეთ და ავტოსტოპით ათენისკენ გავემგზავრეთ. გზაში ისევ და ისევ მხიბლავდა ევროპის ბუნების, ასევე მისი მაცხოვრებლების ენათა და ჩვეულებათა მრავალფეროვნება. ჩემთვის, ამერიკის შუა დასავლეთის წარმომადგენლისთვის, ეს ყველაფერი სიახლე იყო. გამუდმებით ცვალებადი პეიზაჟი ფანჯრებს მიღმა ფიქრის განწყობაზე მაყენებდა. ბავშვობიდან მივეჩვიე ყველაფრის იმ კულტურის თვალთახედვით შეფასებას, სადაც თავად ვიყავი აღზრდილი. საინტერესოა, საიდანაა ჩვენში, ადამიანებში, ეს ღრმად ფესვგადგმული მიდრეკილება, ვიგრძნოთ ჩვენი უპირატესობა გარშემომყოფებზე – ნაციონალური, რასობრივი, რელიგიური ან სოციალური? საკუთარ თავს ნორმალურებად ვთვლით, ხოლო დანარჩენ ადამიანებს უცნაურებად, ან ჩვენზე ჩამორჩენილებად. ეს ზიზღნარევი დამოკიდებულება სხვებისადმი, მათზე უპირატესობის შეგრძნება, წარმოშობს ფანატიზმს და აუტანლობას და ხდება მიზეზი სიძულვილისა, შიშისა, ექსპლუატაციისა და ომებისა. მე შევთხოვდი ღმერთს, რომ ჩემს მოგზაურობას დაენახვებინა ჩემთვის, თუ როგორ განსხვავებულად აღიქვამენ სხვადასხვა კულტურის ადამიანები გარესამყაროს და ღმერთს, და საშუალება მოეცა, რომ სიმპათიით განვსმჭვალულიყავი სამყაროს ასეთი ხედვისადმი. ათენიდან წერილი გავაგზავნე სახლში. მასში ვყვებოდი იმაზე, თუ სად ვიმყოფებოდი, თუ რამდენი რამ მომცა ამ მოგზაურობამ და როგორ მომენატრნენ ჩემი ოჯახის წევრები. სითამამე არ მყოფნიდა მეღიარებინა, რომ კოლეჯში სწავლის დაწყების დროისთვის ვერ დავბრუნდებოდი, და საერთოდ არ ვიცოდი როდის დავბრუნდებოდი.

ათენში მე და ჰარი განსაკუთრებით იმან გაგვაოცა, რომ ქუჩებში ავტომატიანი პოლიციელებიპატრულირებდნენ. ჩანდა, რომ ამ სიტუაციაში ჯობდა სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში გაგვეთენებინა და არა ღია ცის ქვეშ, მაგრამ სამწუხაროდ ფული არ გვქონდა. ამიტომ გადავწყვიტეთ ცოტა ფული გვეშოვა და სახელმწიფო დონორულ პუნქტში სისხლი ჩავაბარეთ. ჩვენისთანა მოგზაურები ხშირად იყენებდნენ ფულის შოვნის ასეთ შესაძლებლობას. იმ დროს სისხლის ასაღებად პრიმიტიულ და მტკივნეულ მეთოდს იყენებდნენ: დონორს ქამრებით აბამდნენ საწოლზე და სისხლს დიდი შპრიცით უღებდნენ ვენიდან. როცა ეს გაგვიკეთეს, კინაღამ გონება დავკარგეთ. სისხლის ჩაბარების შემდეგ დონორი ერთ ჭიქა ფორთოხლის წვენს იღებდა და კიდევ ნახევარ საათს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ატარებდა. და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ექიმი დონორის დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში დარწმუნდებოდა, მას ფულს უხდიდნენ. ჰოდა მე და ჰარიც ველოდებოდით ექიმის დასკვნას და ხელის ტკივილისგან ვიტანჯებოდით. ტანჯვის გამომხატველი გრიმასით ჰარიმ ძლივს ამოილუღლუღა:

“მოდი სხვა დროს ფულის შოვნის სხვა წყარო ვიპოვოთ”.

გავიხედ-გამოვიხედეთ და დავინახეთ ფრანგი, ფუტლიარში გიტარით, რომელიც ჩვენსავით ტკივილისგან იმანჭებოდა. ცოტა მოშორებით შვეიცარიელი ბიჭი იჯდა ვიოლინოთი, რომელიც ასევე ფუტლიარში იდო. ისიც მტკივნეულ ხელს იზელდა. მე კი როგორც ყოველთვის შარვლის ქამარზე ჰარმონიკა მქონდა დამაგრებული. ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა და უსიტყვოდ წავიკითხეთ ერთმანეთის აზრები.

გაირკვა, რომ შვეიცარიელი ბავშვობიდან სწავლობდა კლასიკურ ვიოლინოზე დაკვრას, მაგრამ მოზარდობის ასაკში როკმა და ბლუზმა გაიტაცა. ფრანგი თავიდან კლასიკურ ფლამენგოს სწავლობდა, შემდეგ კი ფოლკზე გადავდა. ფული ავიღეთ და ერთად გავედით ქუჩაში. ანსამბლი მზად იყო და იქვე დავიწყეთ ველური ბლუზ-იმპროვიზაციები “რვა მერვედზე”. მუსიკამ მაშინვე მოიზიდა გამვლელები და მალე გარსმთელი ბრბოშემოგვერტყა. ჰარიმ ერთ-ერთ გამვლელს ქუდი სთხოვა, რამდენიმე მონეტა ჩააგდო და რიტმულად ააჟღრიალა. ხალხს ისე მოეწონა ჩვენი გამოსვლა, რომ დრაჰმები (ბერძნული მონეტები) ერთი-მეორის მიყოლებით ცვიოდა ქუდში. წარმატებით ფრთაშესხმულები, პროცესიით გავემართეთ ქუჩაში და ერთ გრძელ სიმღერას ვუკრავდით. ხალხი ცეკვით მოგვყვებოდა. როცა გზაჯვარედინზე გავჩერდით, მონეტები ქუდში აღარ ეტეოდა.

ერთმანეთში გავიყავით ჩვენი პირველი მონაპოვარი და საერთო საცხოვრებელშიმოვთავსდით. მეორე დღეს პუპულარულებმა გავიღვიძეთ. სადაც არ უნდა წავსულიყავით, მაშინვე გარს შემოგვეხვეოდნენ ხოლმე მომღიმარი და ხელებგაშლილი ბერძნები. მათ მთელი გულით შეგვიყვარეს. ჩვენ ვუკრავდით და ვუკრავდით, და არ გვჯეროდა, რომ ასეთი რამეც ხდებოდა. რომელიმე მოედანზე გავჩერდებოდით ხოლმე და სხვადასხვა კომპოზიციებს ვასრულებდით. მოხუცები ტაშს უკრავდნენ, მოზარდები ცეკვავდნენ, უფრო პატარები ხტუნაობდნენ, ხოლო დედები მუსიკის ტაქტს აყოლილნი თავიანთ ჩვილ ბავშვებსაქანავებდნენ. ყველა იღიმებოდა ამ მზიან დღეს, ქუდი კვლავ ივსებოდა დრაჰმებით, და უცებ ბრბო გაიფანტა ჩვენ კი სახეში ავტომატების ლულები მოგვიშვირეს. მუსიკა შეწყდა და პოლიციელების კონვოის თანხლებით განყოფილებაში წაგვიყვანეს. იქ მთელი ფული წაგვართვეს, რაც ქუდში იყო, და გაგვაფრთხილეს, რომ აღარასოდეს დაგვერღვია კანონი. ასე, თითქმის არ დაწყებული, დამთავრდა ჩვენი პროფესიონალური მუსიკოსების კარიერა.

ჩვენ შევძელით პოლიციისგან გადაგვემალა გარკვეული თანხა, და სულიერი პრაქტიკისთვის შედარებით წყნარი ადგილის ძიებაში კრეტაზე გამგზავრება გადავწყვიტეთ. სახელგანთქმულ კუნძულზე ბორანით გადავედით. ირაკლიონის პორტიდან კუნძულის სამხრეთ კიდემდე ავტობუსით ჩავედით. იქ ვიპოვეთ ადგილი, რომელმაც გაგვაოცა თავისი მკაცრი და ველური სილამაზით. კლდოვანი სანაპირო, გემებისთვის მიუდგომელი, სავსე იყო ჩქარი ნაკადულებით, ღრმა ხეობებით და ქვიშის სანაპიროებით. მთიან ფერდობებზე მცხუნვარე მზის ქვეშ თხები დახეტიალობდნენ. აქამდე არასოდეს მენახა ამდენი გამოქვაბული. ერთ-ერთ მათგანში, რომლიდანაც ხმელთაშუა ზღვის ხედი იშლებოდა, დავბანაკდით. ეს სამოთხისმაგვარი ადგილი იდეალური გახლდათ მედიტაციისთვის, ლოცვისთვის და მარხვისთვის. ყოველ დილას, განთიადამდე მთაზეავდიოდი, სადაც ვმედიტირებდი და ვლოცულობდი, და ასე გრძელდებოდა საღამომდე. ქვემოთ, გამჭვირვალე ზღვის წყალს ვუყურებდი, და ჩემი მიზანი გასხივოსნების მოპოვებისა – კიდევ უფრო ძლიერი და მტკიცე ხდებოდა. ჰარიც მედიტირებდა – ოღონდ ქვემოთ, ზღვასთან. საღამოს გამოქვებულში ვბრუნდებოდით და პურის ნატეხით გამოვდიოდით მთელი დღის მარხვიდან. გამოქვაბულის ქვის იატაკზე ვიწექით და დღის განმავლობაში მიღებულ გამოცდილებებს ვუზიარებდით ერთმანეთს.

ასე ჭვრეტაში გადიოდა კვირები. ამასობაში მედიტაციამ და ლოცვებმა ჩემი სულიერი მისწრაფებების ნაპერწკალი მოგიზგიზე ცეცხლად აქცია. ვიჯექი მთის წვერზე და ვაკვირდებოდი, როგორ იწვებოდა ამ ცეცხლში ჩემი წარსული. მეჩვენებოდა, რომ ღმერთისადმი სწრაფვა შიგნიდან მწვავდა და შეპყრობილად მაქცევდა.
ბედს უნდოდა, რომ კვლავ გაურკვევლობაში აღმოვჩენილიყავი. შემეძლო იმად დავრჩენილიყავი, ვინც ვიყავი, - ამერიკელ ბიჭად შეძლებული ოჯახიდან, რომელსაც კოლეჯი უნდა დაემთავრებინა და დიპლომი აეღო, მაგრამ ამის ნაცვლად კონტრკულტურამ გაიტაცა, - და შეეძლო სხვა გზა აერჩია, რომელსაც გაურკვევლობისკენ მიჰყავდა და დიდ ცვლილებებს უქადდა.

მე მეშინოდა. მესმოდა, რომ ვაკეთებდი არჩევანს, რომელიც მთლიანად შეცვლიდა ჩემს ცხოვრებას, მაგრამ ჩემი შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო. აზრზე არ ვიყავი, საით მივყავდი ბედს, მაგრამ მტკიცედ მჯეროდა: თუკი მუდამ წინ ვივლიდი, სულ სხვა ცხოვრებას მოვიპოვებდი და სულ სხვა ადამიანად ვიქცეოდი. ამისათვის კი ყველაფერი უნდა მიმეტოვებინა, რაც წარსულთან მაკავშირებდა.
დღე მთავრდებოდა. მზის წითელი დისკო ზღვაში ეშვებოდა და ლალისფერ სხივებს ჰფენდა მოცეკვავე ტალღებს. მთები ოქროსავით ბრწყინავდნენ, და ცაც მოყვითალო, ვარდისფერ, ფორთოხლისფერ და ლურჯ საღებავებში იცვლიდა ფერებს. უცებ ჩემი გულის სიღრმეში ხმა გაისმა, რბილი, მაგრამ ძალიან დამაჯერებელი:

“გაემგზავრე ინდოეთში!”

რატომ ინდოეთში? – ვიფიქრე მე. – ის ხომ ძალიან შორსაა აქედან. მე ხომ თითქმის არაფერი ვიცი ინდოეთის შესახებ. თანაც ფული არ მქონდა და ვერც კი წარმოვიდგენდი რა შემემთხვეოდა ასეთი მოგზაურობის დროს. არადა დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ხმა გულიდან, ღმერთს ეკუთვნოდა. ადრეც მქონია სიტუაციები, როცა ღმერთის ახლოს ყოფნას ვგრძნობდი ან სინდისის ქენჯნას განვიცდიდი, თუკი ჩემი ქცევები მისგან მაშორებდა. მაგრამ რაც ახლა შემემთხვა, სულ სხვა იყო. მე ჩემი გულიდან უხმო ხმა გავიგე; ეს არ იყო ჩემი ჭკუის ხმა. მე მივხვდი, რომ ღმერთმა მიპასუხა ლოცვებზე, რომლებშიც ვთხოვდი, გზა ეჩვენებინა.
მწუხრის ჟამი დადგა. ფიქრებში ჩაძირული მთიდან ვეშვებოდი და მეჩვენებოდა, რომ ყოველი ჩემი ნაბიჯი სანუკვარ ოცნებასთან მაახლოებდა. გამოქვაბულში ჰარი დამხვდა, რომელიც იჯდა და მედიტირებდა. სანთელი ყვითელ შუქს ჰფენდა ჩვენი თავშესაფარის კედლებს და ჭერს.
გამოქვაბულის შესასვლელთან დავჯექი და ცას შევცქეროდი. რამდენიმე წუთში სიჩუმე დავარღვიე:

“ჰარი, დღეს რაღაც არაჩვეულებრივი შემემთხვა”.

ჰარიმ გაოცებულმა გაახილა თვალები და წამოიძახა:
“მართლა? მეც”.
“მომიყვები?”
ცაზე პირველი ვარსკვლავები აკიაფდა. ჰარი მათ შეხედა და თან თქვა:
“მზის ჩასვლისას ხმა გავიგე”.
“დაუჯერებელია! და რა გითხრა ხმამ?”
“მან მითხრა, - თქვა ჰარიმ ხმადაბლა, - “გაემგზავრე ისრაელში””.
მე პირიც კი დავაღე გაკვირვებისგან:
“რა? – აღფრთოვანებისაგან აკანკალებული ჰარის მივუახლოვდი. მოსმენილს ჩემი გონება ვერ იაზრებდა. “გაემგზავრე სად?!”
“ისრაელში. შენ რა, არ გჯერა ჩემი?”
ვეცადე თავი ხელში ამეყვანა.
“საქმე იმაშია, რომ მზის ჩასვლისას მეც გავიგე ხმა”.
ჰარიმ სიხარულით წამოიძახა:
“რა მაგარია! ანუ ერთად წავალთ ისრაელში!”
“არა ჰარი, - წავიჩურჩულე მე, - ხმამ მითხრა: “გაემგზავრე ინდოეთში””.
“ინდოეთში?!” –იყვირა ჰარიმ.
სიჩუმე ჩამოწვა. არც ერთს არ შეგვეძლო სიტყვის წარმოთქმა. ვარსკვლავიან ცას შევცქეროდით.
ბოლოს ხმადაბლა ვთქვი: “მე მზად ვარ”.
გამოქვაბულში ძალიან ჩამობნელდა. მხოლოდ სანთლის ალი ციმციმებდა. მე ჩემს საუკეთესო მეგობარს მივუბრუნდი:
“ხვალ მივემგზავრები. შეიძლება სამუდამოდ ვშორდებით.”
დიდხანს ვიჯექით ჩუმად. შემდეგ ჰარიმ დაარღვია სიჩუმე:
“აქედან ინდოეთამდე ათასობით კილომეტრია, და გზა ახლო აღმოსავლეთის უდაბნოზე გადის”.
კედელზე სანთლის ალის მოუსვენარი ჩრდილები თამაშობდნენ.
“ძალიან სახიფათო გზაა. ეს არაა სახუმარო. თან არაფერი გაქვს, მანქ. ეს უკვე ცხოვრების აზრის ძიება აღარაა – ეს თვითმკვლელობაა. ძალიან გთხოვ, არ იჩქარო. მოდი ჯერ ისრაელში წავიდეთ, ფული ვიშოვოთ, შემდეგ კი ერთად წავიდეთ ინდოეთში”.
წუთები იწელებოდა. ჰარის სიტყვებზე დავფიქრდი, მაგრამ შინაგანი ძახილი არ სუსტდებოდა.
“ჰარი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთი მეძახის. არ შემიძლია მოცდა”.
მის თვალებში მღელვარებამ გაიელვა.
“და როგორ ჩააღწევ იქამდე, მანქ?”
“თუ ავტოსტოპით სულ აღმოსავლეთისკენ ვივლი, მაშინ როცა იქნება ჩავაღწევ იმ ქვეყანამდე, სადაც ჩემს ლოცვებზე პასუხს მივიღებ”.
ჰარის ესმოდა, რაც ხდებოდა ჩემს გულში. ცრემლი ჩამოუგორდა ყვრიმალზე და წვერებში მიიმალა.
“შენს დანიშნულებას უნდა მიჰყვე, - ჩაიჩურჩულა მან. – მე ვილოცებ შენთვის”.

სანთელი ჩაიწვა და იატაკზე დავწექი. მღელვარებისგან დიდხანს ვერ ვიძინებდი. მხოლოდ ვარსკვლავებს ვუმზერდი და ვფიქრობდი, თუ რას მიქადდა მომავალი.
განთიადის დადგომისთანავე გამგზავრებისთვის მომზადება დავიწყე. ჰარიმ ავტობუსის გაჩერებამდე მიმაცილა. მოსალოდნელი განშორებისგან დამწუხრებულნი ვიდექით რამდენიმე გლეხთან ერთად და ავტობუსს ველოდით. ბავშვობიდან მე და ჰარი ისეთ ძმურ სიყვარულს განვიცდიდით ერთმანეთისადმი, რომელიც ძალზე იშვიათად გვხვდება თვით საუკეთესო მეგობრებს შორისაც კი. ერთად გავიარეთ მისტიური ცვლილებები, რომლებიც ცხოვრებამ მოგვიმზადა, ერთად ვტკბებოდით ვარსკვლავებით ჰეილენდ პარკში, კალიფორნიის ჰიპების ბანაკებში, ჩვენს კოლეჯში ფლორიდაში და სხვა მრავალ ადგილას ევროპაში. ერთად ვმსჯელობდით, თუ რატომ სძულთ ადამიანებს ერთმანეთი, რატომ ხოცავენ ერთმანეთს, და ერთად გამოვდიოდით პროტესტით ვიეტნამის ომისა და შავკანიანთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ. ვოცნებობდით სამართლიანობაზე და მსოფლიოზე, რომელიც სიძულვილისგან თავისუფალი და მუსიკით სავსე იქნებოდა. ჩვენი მოგზაურობის დროს, უფრო მეტად გავხდით ერთმანეთზე დამოკიდებულნი. მაგრამ ახლა გარდამტეხი მომენტი დადგა. როცა ძველი ავტობუსი ჯანჯღარით მოგვიახლოვდა, მომინდა, რომ ჰარისთვის რაიმე ძვირფასი მეჩუქებინა. არ ვიცოდი რა მექნა და ამ დროს გონება გამინათდა: ჩემი ძველი შავი ჟილეტი გავიხადე და ჰარის გავუწოდე. უკანასკნელი რამდენიმე წელი ეს ჟილეტი ჩემგან განუყრელი იყო. ჩემს ნაცნობებს ჩემი წარმოდგენაც კი არ შეეძლოთ ამ ჟილეტის გარეშე. ის ჩემი გაგრძელება იყო და ყველაზე ძვირფასი რამ მათ შორის, რაც გამაჩნდა.

“შენი ჟილეტი!” – წამოიძახა ჰარიმ.

იმ მომენტში ქარის მიერ ატაცებულ ორ ფოთოლად ვგრძნობდით თავს, და არ ვიცოდით საით მივყავდით ქარს. ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, შემდეგ კი გამომშვიდობების ნიშნად გადავეხვიეთ. საკუთარ თავს ვებრძოდი, რომ მოწოლილი გრძნობებისგან არ ავტირებულიყავი და ვთქვი:

“ვინ იცის, იქნებ ღმერთმა ინებოს და კიდევ შევხვდეთ”.

მე ავტობუსში ჩავჯექი. როცა იგი დაიძრა, შემოვბრუნდი. ჰარი მარტო იდგა და მზერით მაცილებდა. ვიცოდი, რომ მისთვის ჩემი ჟილეტის დატოვება წარსულის და აწმყოს დატოვებასაც ნიშნავდა. ახალი ცხოვრება იწყებოდა. ამ დღიდან გადავწყვიტე უარი მეთქვა ჩემს მეტსახელ “მანქ”-ზე და წარვდგენილიყავი სახელით, რომელიც დაბადებისას მივიღე – რიჩარდი. წინათგრძნობა მქონდა, რომ მოგზაურობა იდუმალ ინდოეთში ჩემი ჭეშმარიტი “მე”- სკენ მოგზაურობა იქნებოდა.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff