გზა შინისაკენ - ამერიკელი იოგის მოგზაურობა

რადჰანათჰ სვამი
5
1

ძლივ-ძლივობით გამოვძვერი თუ არა მდინარე ბაჰმატის ყინულივით ცივი წყლიდან, რომელიც ჰიმალაების ყინულებიდან იღებს სათავეს

თავი მერვე

 

თავი მერვე

როდესაც გამოვჯანმრთელდი, მე რემსიმ და ჯეფმა აღმოსავლეთისკენ მოგზაურობა განვაგრძეთ. იმ დროს მოგზაურთა მთელი სუბკულტურა არსებობდა, რომლებიც ჯიბეში გროშის გარეშე მთელს მოფლიოში მოგზაურობდნენ. უმეტესობა მათგანი თავგადასავლების ჩვეულებრივი მაძიებელი იყო, მაგრამ ისეთებიც გვხვდებოდნენ, რომლებიც ცხოვრების აზრის საძებნელად დადგომოდნენ შორ გზას. ასეთ ადამიანებთან შეხვედრა ყველაზე მოულოდნელ ადგილებში შეიძლებოდა. ერზრუმში რემსი და ჯეფი რამდენიმე ასეთ მოგზაურს გადააწყდნენ, რომლებსაც მანამდე უკვე დაეთანხმებინათ ავტობუსის მძღოლი, თეირანამდე უფასოდ ჩაყვანაზე. ჩვენც გადავწყვიტეთ მათ კომპანიას შევერთებოდით. ავტობუსის სალონის ერთი ნახევარი ტვირთით იყო სავსე, მეორეში კი საკმარისი ადგილი რჩებოდა რამდენიმე მგზავრისთვის. ასე გადავჭერით თანამოძმე-მოგზაურებთან ერთად თურქეთის საზღვარი და აღმოვჩნდით ირანში.
საიმიგრაციო კონტროლის დიდებულ შენობაში შაჰის ფოტო მთელი კედლის ზომაზე იყო გამოფენილი. მაგრამ კიდევ უფრო შტამბეჭდავი იყო მსხვილი შრიფტით დაწერილი გაფრთხილება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა იმის შესახებ, რომ ირანის კანონების თანახმად, ჰაშიშის და სხვა ოპიატების შენახვა, ტრანსპორტირება და გავრცელება სიკვდილით ისჯება. ირანის მთავრობის მიერ ამერიკის მოქალაქის დაპატიმრების შემთხვევაში დეპარტამენტი უძლური იყო რაიმე მოემოქმედა.
მძღოლი საბუთების გაფორმებამ დააყოვნა, ჩვენ კი ავტობუსში დავბრუნდით. საღამო დადგა. მალე ავტობუსს ბავშვების მთელი ბრბო შემოერტყა, რათა შუშებიდან უცხოელები დაენახათ. მიუხედავად დახეული ტანსაცმლისა, ბავშვები ძალიან ლამაზები იყვნენ. მათით ვტკბებოდი, ოთხიოდე წლის ბავშვს გავუღიმე. საპასუხოდ ისეთი სიძულვილით სავსე მზერა მომაპყრო, რომ სუნთქვა შემეკრა. ნუთუ ბავშვს ასეთი სიძულვილი შეუძლია? შემდეგ ეს მზერა კიდევ დიდხანს მდევნიდა ხოლმე ღამ-ღამობით. საშინელებაა ასეთი რამის ნახვა! ოჯახის გავლენამან სიტუაციათა თანხვედრამ შეიძლება ბავშვი სიყვარულზე, შიშზე ან სიძულვილზედააპროგრამოს მანამ, სანამ თვითონ ისწავლიდეს რაიმეს გაგებას.

ჩვენ უძველეს ქალაქ თებრიზში ჩავედით. სანამ ქუჩებში მარტო დავხეტიალობდი და ავტობუსის გასვლას ველოდი, სტუმრად ერთმა კეთილგანწყობილმა ოჯახმა მიმიწვია. ეს ხალხი აგურის მომცრო სახლში ცხოვრობდა, რომელშიც სულ ორი ოთახი იყო. ამ ოჯახში ყველა ქალი უკვე რამდენიმე წელია ხელით ქსოვდა დიდ სპარსულ ხალიჩას. დედა და მისი ქალიშვილები ღარიბული სახლის იატაკზე იჯდნენ და მოთმინებით ქმნიდნენ ხელოვნების შეუდარებელ ნიმუშს. ხალიჩის ულამაზესი ორნამენტები ხელით მოქარგული მრავალი კვანძისგან შედგებოდა. მათი რაოდენობა ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე ასობით დაითვლებოდა. ბეწვის ძაფები, ნატურალური საღებავებით შეღებილნი, ბრწყინავდნენ და შეუდარებელ ფერებში გადადიოდნენ ერთმანეთში. წითელი და ლურჯი, მწვანე და ფორთოხლისფერი, ყვითელი, თეთრი და იისფერი – ეს მხოლოდ მცირე ნაწილია ძაფების იმ მრავალფეროვნებისა, რომლებისგანაც ქალები დიდი რუდუნებით ქარგავდნენ ხალიჩის ორნამენტებს.

მასპინძლები ისეთი სულგრძელნი და სტუმართმოყვარენი იყვნენ, რომ მე მაშინვე მათი ოჯახის წევრად ვიგრძენი თავი. ერთი სიტყვაც კი არ იცოდნენ ინგლისურად, მაგრამ ამას ჩვენთვის ხელი არ შეუშლია. სავახშმოდ გავემზადეთ. მამაკაცები იატაკზე მოთავსდნენ და მთხოვეს მათ გვერდით დავმჯდარიყავი. ტრაპეზის წინ, რომელიც ლავაშისგან და ჩაისგან შედგებოდა, ლამაზი სამადლობელი ლოცვა წაიკითხეს. გახურებულ ვახშმობის დროს ოთახში ამაყი ღიმილით ოჯახის ათი წლის ვაჟი შემოვიდა.მან სასიამოვნო სიურპრიზი – ეზოში დაკრეფილი ფინიკი შემოგვიტანა. მომიახლოვდა და პირდაპირ თეფშზე დამიდო მშვენიერი ფინიკები. ყველას გაეცინა და მომილოცეს.

დღეში ხუთჯერ ოჯახის წევრები ყველა საქმეს ტოვებდნენ, რათა ალლაჰისთვის და წმინდა ქალაქ მექასთვის ლოცვებიაღევლინათ. ჩემზე ღრმად იმოქმედა მათმა მორჩილებამ და ღმერთისადმი გულწრფელმა ერთგულებამ. ღმერთის მადლობელი ვიყავი ასეთ შესანიშნავ ადამიანებთან შეხვედრისთვის და მადლობელი ვიყავი ამ ადამიანების მიმართაც ჩემდამი, შემთხვევითი მოგზაურისადმი გამოვლენილი სიკეთის გამო.

ჩვენმა ავტობუსმა გზა განაგრძო საიდუმლოებებით მოცულ ირანის უძველეს მიწაზე. გარშემო, რამდენადაც თვალი წვდებოდა, სწორი და უნაყოფო უდაბნო გაჭიმულიყო. შეიძლებოდა რამდენიმე საათი გევლო და სიცოცხლის ერთი ნიშანიც კი ვერ შეგემჩნია. ხანდახან შორს ქვიშის ბორცვების ან პატარა ქოხებისგან შემდგარი აულების დანახვა შეიძლებოდა. დღის სიცხეს ვემალებოდით და ძირითადად ღამით ვმოძრაობდით. ერთ-ერთი ასეთი ღამე ახალმთვარეობას დამეთხვა. უზარმაზარი უმთვარეო ცა ჰორიზონტამდე მოჭედილიყო უთვალავი ვარსკვლავით. ამ სანახაობით მოჯადოებულნი ფანჯრებს ავეკარით. თანამგზავრებმა ჰარმონიკაზე დაკვრა მთხოვეს, და მე ისე, რომ თვალი არ მომიცილებია ვარსკვლავთა ოკეანისთვის, ჩემთვისვე მოულოდნელად შევასრულე ღმერთისკენ ჩემი გულწრფელი სწრაფვის შესახებ მელოდია. მთელი ჩემი გული ჩავდეამ მელოდიაში. სიტყვა არავის დაუძრავს, სანამ ჩემი სევდიანი მღერა ისმოდა, ხოლო როცა დავამთავრე, ავტობუსის სალონი ომახიანმა შეძახილებმა შეძრა. როცა უკან მივიხედე, დავინახე, რომ ჩემი მეგობრების თვალები ცრემლებს დაენამა. ჯეფმა ღიმილით მხარზე მომითათუნა ხელი, რემსიმ კი მოწონების ნიშნად აწეული ცერა თითი მაჩვენა. მე შევცბი. მესმოდა რა, რომ სინამდვილეში ჰარმონიკაზე ნორმალურად დაკვრა არც კი ვიცოდი, გონებაში მადლობა გადავუხადე ღმერთს და ჯიმი-დათვს შორეული ოპა ლოკადან.

* * *
სანამ ირანის უდაბნოებში დავდიოდით, უეცრად მღელვარებამ შემიპყრო მშობლების გამო. ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის უკან უნდა დავბრუნებულიყავი სახლში, მაგრამ ათენის შემდეგ წერილიც კი არ გამიგზავნია მათთვის. ალბათ ძალიან განიცდიდნენ ჩემს გამო. რატომ არ მივწერე? სიმართლე ვთქვათ უბრალოდ არ ვიცოდი რა მიმეწერა. საიდან მომეტანა ისეთი სიტყვები, რომ თან გული არ გამეტეხა და თან ამეხსნა ჩემი გადაწყვეტილება ავტოსტოპით ინდოეთში მოგზაურობის შესახებ? მაგრამ რა დამრჩენოდა? სულიერი ძიებები ჩემი ცხოვრების მთავარი აზრი გახდა. მათზე უარის თქმით საკუთარ თავსაც დავკარგავდი.
მამამ და დედამ მთლიანად შვილებს მოგვიძღვნეს თავი. ორივენი საშუალო სიმდიდრის ებრაული ოჯახებიდან იყვნენ. მათმა წინაპრებმა, რწმენის გამო დევნილებმა, ემიგრაცია ამერიკაში განიცადეს ლიტვიდან, რუმინეთიდან, რუსეთიდან და პოლონეთიდან. რამდენადაც ჩვენთვის იყო ცნობილი, ყველა ჩვენი ნათესავი, ვინც იქ დარჩა, ნაცისტების ხელით მოკვდა.

დედაჩემს მძიმე ბავშვობა ჰქონდა. ადრე დაკარგა მამა, მის უფროს დას კი ამ ამბის მერე მალევე, ღამით, ცარიელ ქუჩაში დაესხნენ თავს. ამ თავდასხმის შედეგად მიღებული ტრავმა მთელი ცხოვრება დარჩა. მოზარდობის ასაკში დედას სამუშაოზე მოუხდა მოწყობა, რათა ორი და და ავადმყოფი დედა გამოეკვება. ამასთან იგი სიცოცხლით სავსე და ღმერთის მადლიერი დარჩა ყველაფრისთვის, რაც კი ჰქონდა. მოგვიანებით კი გათხოვდა და მთლიანად მიუძღვნა თავი ქმარს და შვილებს. მაგრამ ქორწინების მერეც კი არ ივიწყებდა თავის ნათესავებს, ეკონომიას აკეთებდა ყველაფერზე, რაზეც შეეძლო, და რეგულარულად ფულს უგზავნიდა მათ.
სამი შვილის გაზრდასთან ერთად დედა იმასაც ახერხებდა, რომ საშინაო მეურნეობასაც გაძღოლოდა. თვითონ ალაგებდა სახლს, თვითონ რეცხავდა და აუთოვებდა თეთრეულს, დადიოდა საყიდლებზე და ყოველ საღამოს სადღესასწაულო ვახშამს ამზადებდა მთელი ოჯახისთვის. დედა სასიამოვნო აღნაგობის, მხიარული და ძლიერი ქალი იყო უნაკლო გემოვნებით. ჩემი მეგობრების მშობლები აღფრთოვანებულნი იყვნენ მისი სილამაზით და დახვეწილობით.
მისი სურვილი სხვების მსახურებისა მხოლოდ ოჯახით არ შემოიფარგლებოდა. რაც თავი მახსოვს, დედა ყოველთვის მზად იყო დახმარებოდა სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებს და განსაკუთრებული სიამოვნებით საქველმოქმედო ცეკვის საღამოებზეგამოდიოდა. მე და ჩემს ძმებს ყოველთვის ყურადღებით ყოფნა გვიხდებოდა, რომ დედას სულიერი სიკეთის გამო ჩვენი სათამაშოები ან ტანსაცმელი გაჭირვებულებისთვის არ დაერიგებინა. ჩვენი აღზრდისას იგი ყოველთვის ხაზს უსვამდა ისეთი სათნოების მნიშვნელობას, როგორიცაა მადლიერების გრძნობა. და როდესაც ჩემს მეგობრებთან ვსადილობდი, დედა ყოველთვის მეკითხებოდა, გადავუხადე თუ არა მადლობა მათ მშობლებს. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველას მადლიერი ვყოფილიყავი, ვინც რაიმე უმნიშვნელო სამსახურიც კი გამიწია. ყველაზე მეტად ჩვენში უმადურობის გამოვლინება აბრაზებდა. ძალიან ეშინოდა ჩვენი განებივრების, ამიტომ არასოდეს ჰყვებოდა ჩვენს კაპრიზებს. ყოველთვის, როცა საჩუქარს ვღებულობდით, დედა შეგვახსენებდა ხოლმე: “ძვირფასია არა საჩუქარი, არამედ ყურადღება”. და ეს უბრალოდ სიტყვები არ იყო. მას ერთნაირად უხაროდა, როცა ჩუქნიდნენ ძვირფას სამკაულს ან უბრალო ყვავილს, და ამბობდა, რომ ბედნიერების წყარო თავად საჩუქრაში კი არა, სიყვარულშია, რომლითაც ეს საჩუქარი მოგვიძღვნეს.

დედა ძალიან ამაყობდა ჩვენი მიღწევებით. თუ ჩვენი მცდელობები გულწრფელი იყო, ეს ბედნიერებას ანიჭებდა, მუხედავად მიღებული შედეგისა. ისევ და ისევ ხშირად გვიჩვენებდა უანგარო და თავგანწირული მსახურების მაგალითებს. იმ დღეს, როცა მხარი ამოვიგდე, მაშინვე ჩემს გვერდით გაჩნდა და საავადმყოფოში წამიყვანა. პირველი, ვინც პალატაში დავინახე ოპერაციის მერე, დედაჩემი იყო. მე ხველება ამიტყდა: “დედა, ცუდად ვარ შენი სიგარეტისგან”. იმ დროის ამერიკელ ქალებში მოდური იყო დღეში ორი კოლოფი სიგარეტის მოწევა, და დედაც თხუთმეტ წელზე მეტია ამას აკეთებდა. მაგრამ თავად აზრიც კი იმის შესახებ, რომ ამით ტანჯვას მაყენებდა, აუტანელი გახდა მისი მოსიყვარულე გულისათვის. სასწრაფოდ ჩააქრო სიგარეტი, და მისი ყავისფერი თვალები ცრემლით აივსო. შეცბუნებული ჩემს საწოლს მოუახლოვდა და ნაზად მომეფერა ლოყაზე: “რიჩი, ძვირფასო, თუ შენ ცუდად ხარ თამბაქოს კვამლისგან, გპირდები, რომ აღარასოდეს გავეკარები სიგარეტს”. და სიცოცხლის ბოლომდე წმინდად ინახავდა ამ აღქმას.

მამას დედასთან ბევრი საერთო ჰქონდა. თხუთმეტი წლის ასაკში მას სკოლის მიტოვება და სამუშაოზე მშობლების დახმარება მოუხდა, რადგანაც საჭმლის ფული არ ჰქონდათ სახლში. ეს მოხდა დიდი დეპრესიის პერიოდში. მოგვიანებით, როცა მამა დაქორწინდა, მას უწევდა არა მხოლოდ საკუთარი ოჯახის, არამედ მოხუცებული მშობლების რჩენაც. უფულობა ფეხდაფეხ სდევდათან. 1958 წელს, როცა შვიდი წლის ვიყავი, მამაჩემმა, ბიძაჩემ ირვინგთან ერთად მთელი თავისი დანაზოგი იმედის მომცემ კომერციულ წამოწყებაში ჩადო. ისინი ჩიკაგოს ყველაზე მსხვილი დილერები გახდნენ ფირმა “ედსელში” – კომპანია “ფორდის” ახალ, დამოუკიდებელ განყოფილებაში. მაგრამ ავტომობილებით მომგებიანად ვაჭრობის იმედები არ გამართლდა და კომპანია გაკოტრდა, რაც ერთ-ერთი უდიდესი კრახი იყო ავტომობილთმშენებლობის ისტორიაში. შედეგად მამამ მთელი თავისი ფული დაკარგა. მე ვხედავდი, თუ რამდენი მუშაობა უხდებოდა ამის შემდეგ, რათა სიღატაკისგან გადავერჩინეთ.

მამა მხოლოდ ჩვენი უზრუნველყოფისთვის არ ზრუნავდა. მას ჩვენთან ერთად სპორტული თამაშების თამაშიცუყვარდა და ხანდახან საფეხბურთო ან ბეისბოლის მატჩებზე დავყავდი. მოგვიანებით საკუთარი ავტოსარემონტო გახსნა და შეუპოვარი შრომის წყალობით გამდიდრდა. მიუხედავად ამისა, მე თხუთმეტი წლის ასაკიდან გამოვიმუშავებდი ფულს სკოლის მეცადინეობების შემდეგ და არდადაგების პერიოდში, რადგანაც არ მინდოდა ტვირთად დავწოლოდი მშობლებს. და ეს მშობლებისგან ვისწავლე, უბრალოდ მათზე დაკვირვებით.
ჩემი სხვა ქალაქში გამგზავრების წინ, სადაც კოლეჯში უნდა ჩამებარებინა, მამა ძალიან აღელვებული ჩანდა.
“რიჩი, - მითხრა მან, - მოდი გავისეირნოთ”.
ჩვენ ჰეილენდ პარკში, შერვუდის ტყის წყნარ ადგილებში ვსეირნობდით. შორიდან მოთამაშე ბავშვების ხმა გვესმოდა.
“მინდა რომ იცოდე შვილო, - დაიწყო მან, - რომ სანამ ცოცხალი ვარ, ყოველთვის შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს”.
მანქანა გააჩერა და ხელზე ხელი მომიჭირა. ხმა აუკანკალდა.
“როგორც შენი მამა, მინდა, რომ ღირსეული ადამიანი გახდე. მაგრამ მიუხედავად იმისა, რას მიაღწევ ცხოვრებაში და როგორ მოიქცევი, ზურგიც რომ მაქციო, ყოველთვის დაგელოდები და მეყვარები. ამ დაპირებას სიცოცხლის ფასადაც კი შევასრულებ. გთხოვ, ყოველთვის გახსოვდეს ეს”.
მე ემოციებმა გადამავსო.ვიცოდი, რომ ის ჰაერზე არ ისროდა სიტყვებს. მამა ყოველთვის ასრულებდა თავის დანაპირებს, თუმცა ის გამოცდა, რომელსაც მე ვუმზადებდი, ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი არ მოელანდებოდა.
ავტობუსი მთის მწვერვალზე გაჩერდა და მოგონებებისგან გამომეღვიძა. იატაკიდან ჩემი სპორტული ჩანთა ავიღე, გავხსენი და კალამი და ირანული ავია-ფოსტის კონვერტი ამოვიღე. დრო იყო შემეტყობინებინა მშობლებისთვის ჩემი გადაწყვეტილების შესახებ.
ჩემო ძვირფასებო,
ჩემსკენ ყველაფერი რიგზეა. ცხოვრების გზაზე ხანდახან სიძნელეები გვხვდება, მაგრამ გზა ხომ სწორედ ამისთვისაა საჭირო. მე ბევრს ვფიქრობდი და მივედი დასკვნამდე, რომ ახლა ყველაზე საუკეთესო დროა, განვახორციელო ის, რისკენაც ამდენი ხანი ვისწრაფვოდი. დაკვირვებით ავწონ დავწონე რა ყველა “კი” და “არა”, მე მივედი დასკვნამდე, რომ სწორი გზა ავირჩიე.
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ადამიანები ცხოვრებას სხვადასხვაგვარად უყურებენ. თითქმის ოცი წელი სამყაროს დასავლეთელი ადამიანის თვალით ვუყურებდი. ვხედავდი და შევისწავლიდი დასავლეთის მაცხოვრებლების კანონებს, ფილოსოფიას, რელიგიებს, ხელოვნებას და ცხოვრების წესს. ახლა კი მინდა გავიგო, თუ როგორ ცხოვრობს აღმოსავლეთი. მაგრამ ამას ვაკეთებ არა უწინდელი ცხოვრებისგან გაქცევის, არამედ სხვა ცხოვრების შესწავლის სურვილით. სკოლაში ამის სწავლა შეუძლებელია, რადგანაც სკოლებში სწავლება მიკერძოებულია. აი რატომ გადავწყვიტე, თავად წავიდე აღმოსავლეთში. სხვაგან სად შეიძლება ცხოვრების ასეთი სკოლის გავლა? არ მინდა ტანჯვა მოგაყენოთ, ამიტომ, ძალიან გთხოვთ, არ იდარდოთ და არ იღელვოთ ჩემს გამო. რეგულარულად ვერ მოგწერთ. ზოგან აქ საერთოდ არაა ფოსტა. ახლა ჰარის გარეშე ვმოგზაურობ. ის ახლა ისრაელშია, მაგრამ მე ყოველთვის მყავს თანამგზავრები. მოკითხვა გადაეცით ჩემს მეგობრებს და ნათესავებს, და უთხარით რომ ყველა მიყვარს.
რიჩარდი

წერილზე უკან გამოსაგზავნი მისამართის გარეშე ირანის საფოსტო შტამპი ერტყა.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff