გზა შინისაკენ - ამერიკელი იოგის მოგზაურობა

რადჰანათჰ სვამი
5
1

ძლივ-ძლივობით გამოვძვერი თუ არა მდინარე ბაჰმატის ყინულივით ცივი წყლიდან, რომელიც ჰიმალაების ყინულებიდან იღებს სათავეს

თავი მეცხრამეტე

 

თავი მეცხრამეტე

ვარანასში დელის გავლით წავედი. ვაგონის ფანჯრდან ჩემს თვალწინ გადაჭიმული ინდოეთის დაბლობებით ვტკბებოდი. პეიზაჟი თანდათანობით იცვლებოდა. ჩავუარე უკიდეგანო ველებს, რომლებიც სოფლებით შეიცვალა, სოფლები კი ქალაქის შემოგარენით, და როგორც იქნა ნიუ-დელიში შევედით. ყველგან ავტომობილების ბღუილი ისმოდა. გადამზიდველები ხმამაღლა ყვიროდნენ, ბავშვები იცინოდნენ, ქუჩის გადამყიდველები კი კლიენტების მიზიდვას ცდილობდნენ. ჰიმალაის ტყეები უკან დარჩა და მე შეხუთულ და ჭუჭყიან მრავალმილიონიან ქალაქში აღმოვჩნდი.
კონოტ-პლეისზე შადრევანის ირგვლივ ვსეირნობდი, როცა უკნიდან ვიღაცამ დამიძახა: “მანქ! ნუთუ ეს შენ ხარ?” და მაშინვე ხელზე ხელი მტაცა ღია ფერის თმიანმა მოგზაურმა, პატარა კანადური დროშით ზურგჩანთაზე. ეს შონი იყო, რომელიც ჰიპების ბრბოში გავიცანი პიკადილის მოედანზე, ლონდონში. ჩემთვის სასიამოვნო იყო მისი ნახვა, მაგრამ ეს-ესაა დავბრუნდი სრულიად განსხვავებული სამყაროდან და მზად არ ვიყავი ასეთი შეხვედრისათვის. შონის მეტყველება, მისი მანერები და თავად საუბრის თემა ვულგარულად მეჩვენებოდა. რა დამემართა? ზრდილობის გამო მოთმინებით ვისმენდი უკანასკნელ ცნობებს ჩვენი საერთო ნაცნობების შესახებ, შონის შეხედულებების შესახებ თანამედროვე პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, იმის შესახებ, თუ სად რომელი ნარკოტიკი მიიღო, როგორ გადაიტანა დიზენტერია, და როგორ გადიოდა კუჭზე ამ დროს. ჩემი თავი დავიჭირე იმ აზრზე, რომ ძალიან მინდოდა სადმე გავქცეულიყავი. არადა სულ რაღაც ერთი წლის წინ მასთან ურთიერთობა სიამოვნებას მანიჭებდა. მაშ რატომ შეიცვალა ყველაფერი? იქნებ ის შეიცვალა? ღრმად ჩავისუნთქე და უცებ მივხვდი: შონი კი არა, მე შევიცვალე. მასთან შეხვედრამდე ვერც კი ვხვდებოდი, რამდენად ღრმა იყო ის ცვლილებები, რომლებიც განვიცადე. მაგრამ შონის საზოგადოებაში აღმოჩენისთანავე, სრულიად განსხვავებულ ადამიანად აღვიქვი თავი. ამ აღმოჩენამ სულის სიღრმემდე შემძრა. რამდენიმე წამი დამჭირდა გონს მოსასვლელად. თავბრუ დამეხვა და სხეუში კანკალმა დამიარა. მივხვდი, რომ დიდი სიფრთხილით უნდა შევსულიყავი კონტაქტში იმ სამყაროსთან, რომელიც ცოტა ხნის წინ ასე ახლობელი იყო ჩემთვის, ახლა კი სრულიად უცხო გახდა.
შონი თავის ლაყბობას აგრძელებდა, მე კი დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რა ძლიერად ვართ დამოკიდებულნი ჩვენი ურთიერთობების წრეზე და გარემოზე, და როგორ გავლენას ახდენს ეს ყველაფერი ჩვენს ცხოვრებისეულ ღირებულებებზე. ჩვენს გვერდით მძლავრი შადრევანი იყო, რომელიც უწყვეტად მაღლა ისროდა წყლის ნაკადს. ზემოთ ნაკადი მცირე შხეფებად იშლებოდა და ხმაურით ეშვებოდა აუზში. შადრევანს ვუყურებდი და ვლოცულობდი, რომ ამ შხეფებივით არ ჩამოვვარდნილიყავი – განკითხვამდე არ დავცემულიყავი. რადგანაც ისე არ ვცხოვრობდი, როგორც ყველა, კარგად ვიცოდი, თუ რას ნიშნავს იყო განკითხვის ობიექტი, და ვერასოდეს ვაპატიებდი საკუთარ თავს სხვებისადმი მსგავს დამოკიდებულებას. და მითუმეტეს მესმოდა, რომ სულის სიღრმეში შონს განვიკითხავდი. დიახ, უკვე აღარ ვიზიარებდი მის რწმენებს და ინტერესებს, მაგრამ რა მიშლიდა ხელს, რომ პატივი მეცა მისთვის, როგორც სულისთვის, რომელსაც ისეთივე ღვთაებრივი საწყისი აქვს, როგორიც მე, მაგრამ ამავე დროს თავად ისე მეცხოვრა, როგორც თავად ვთვლიდი სწორად? ასეთი ფიქრები დარბოდნენ ჩემს გონებაში, სანამ შონს ველაპარაკებოდი. შონმა ერთად სადილობა შემომთავაზა, მაგრამ მე ზრდილობიანად ვუთხარი უარი.
“რა კარგია, რომ შევხვდით, მანქ”, - მითხრა მან, და ენერგიულად ჩამომართვა ხელი.
“დიახ, შენთან შეხვედრამ ბევრი მომცა, შონ”.
ამ დღიდან ნიუ-დელიში ყოველი ჩემი ჩასვლის დროს, ღამეს სხვა სადჰუებთან ერთად, ხანუმანის ტაძარში, კონოტ-პლეისთან ახლოს ვატარებდი.
მომდევნო დღეს ვარანასში განვაგრძე ჩემი მოგზაურობა. მესამე კლასით მგზავრობის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ მატარებლიდან ჩამოსვლა ნებისმიერ გაჩერებაზე შეგიძლია, შემდეგ კი ასევე შეგიძლია იმავე მიმართულებით მიმავალ სხვა მატარებელში შეხტე. ამიტომ, როცა აგრაში გავჩერდით, სადაც შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთიი – ტაჯ-მაჰალი მდებარეობს, ნუთუ შემეძლო მეჩვიდმეტე საუკუნის ამ მავზოლეუმის ნახვის შესაძლებლობა გამეშვა ხელიდან? მასიური ალაყაფი გავიარე და წყალსატევების რიგი და კვიპაროსის ალეიები დავინახე. მათგან ორივე მხარეს გაშლილიყო ყვავილების ბაღი სპარსულ სტილში. ხეივნების შორეულ ბოლოში, ცისფერი ცისა და მდინარე იამუნას ფონზე, აღმართულიყო ტაჯ-მაჰალი. ახლოს მივედი და აღტაცებული ვათვალიერებდი თოვლივით თეთრი მარმარილოთი ნაშენებ ამ უმშვენიერეს ნაგებობას.
ბაღში ჩამოვჯექი და ბროშურა წავიკითხე ტაჯ-მაჰალის ისტორიაზე. შაჰმა, მმართველი მოგოლების დინასტიიდან, ეს ნაგებობა აღმართა თავისი განსვენებული ცოლის საპატივცემულოდ, რომელიც ძალიან უყვარდა. ტაჯ-მაჰალი ჩაფიქრებული იყო როგორც მისი განსასვენებელი. მშენებლობა 1653 წელს დასრულდა. ოციათასი ოსტატი და მუშა აგებდა ამ დიდებულ შენობას ოცდაორი წლის განმავლობაში. ლეგენდა ამბობდა, რომ როცა მავზოლეუმის აშენება დასრულდა, ყველაზე ნიჭიერ ოსტატებს ხელები მოჰკვეთეს, რათა ვეღარასოდეს აეგოთ მსგავსი შედევრი. შემდგომ ხელისუფლება შაჰის ერთ-ერთმა შვილმა ჩაიგდო ხელთ. მან საპყრობილეში ჩააგდო საკუთარი მამა, ზოგიერთი ძმა გადაასახლა, სხვები კი დახოცა. ბროშურას თვალი მოვწყვიტე და ამ ისტორიაზე დავფიქრდი. ააშენა რა შესანიშნავი სასახლეები, ციხე-სიმაგრები, მეჩეთები და თავად ტაჯ-მაჰალი, ამ შაჰმა საკუთარი შვილისგან განიცადა მარცხი და დარჩენილი ცხოვრება დილეგში გაატარა. და სანამ ტუსაღობისგან იტანჯებოდა, მისი ოჯახის წევრები ერთმანეთს უმოწყალოდ ხოცავდნენ.
აი როგორ ტრაგიკულ შედეგებამდე მივყავართ ძალაუფლების დაუოკებელ წყურვილს. სიყვარულის მშვენიერი ყვავილი ვერ გაიხარებს იმ გულში, რომელიც სიხარბისა და ანგარების სარეველებითაა სავსე. აი რატომაა სიყვარულის ჭეშმარიტი ძეგლი – საკუთარ გულში შურზე, ავხორცობაზე და სიხარბეზე გამარჯვება.

* * *
ჩემი მოგზაურობა გავაგრძელე უძველეს ქალაქ ვარანასში, რომელსაც ინგლისელებმა თავის დროზე ბენარესი გადაარქვეს. ინდოეთის წმინდა წერილებში სახელ კაშიდ განთქმული და მილიონობით მიერ ინდუსის მიერ ყველაზე წმინდა ქალაქად აღიარებული, იგი განსაკუთრებით ძვირფასი იყო მათთვის, ვინც ღმერთს შივას სახით ეთაყვანებოდა. ვარანასში ჩასვლისთანავე პირველ რიგში განგასკენ გავემართე. მდინარეზე მზე ამოდიოდა. წყლისკენ მიმავალი ქვის საფეხურები თვალმიუწვდენელ მანძილზე გადაჭიმულიყო.
ათიათასობით ადამიანი შეკრებილიყო ნაპირზე რიტუალური განბანვის მისაღებად. ყველგან კეთილსურნელების სუნი იდგა, და მისი არომატული კვამლი ცაში იჭრებოდა. გაისმოდა ბრინჯაოს წინწილებისა და ზარების, საყვირისა და ბარაბნების ხმა. ფლეიტები ნაზ მელოდიებს გამოსცემდნენ, სიმებიანი ინსტრუმენტები კი წმინდა რაგებს უკრავდნენ. ხალხი ყვავილებისა და გირლიანდების აურაცხელ რაოდენობას სთავაზობდა მდინარეს. სიმღერების, ჰიმნების და მანტრების ხმები ყველა მხრიდან მოდიოდა, ერთმანეთს ერწყმოდა და ღმერთამდე აღწევდა.
განგასადმი პატივისცემის ნიშნად ქალები საზეიმო სარებში მორთულიყვნენ, მამაკაცებს კი მკაფიო და ნათელი ფერების ტიურბანები ამშვენებდათ. მზისგან დიდი ქოლგებს თავშეფარებულ ვაჭრებს კიბის საფეხურებზე ფერადი ფხვნილების მთები გამოეფინათ – წითლები, მწვანეები, ნარინჯისფერები და ლურჯები.
თაყვანისმცემლები მდინარეს კეთილსურნელოვან ჩხირებსა და ლამპადებს უძღვნიდნენ, ნიჟარებში ჰბერავდნენ და მარაოებით უნიავებდნენ. წელამდე წყალში მდგარი ადამიანების ბრბო ლოცვებს აღუვლენდა განგას და ასევე სხვა რიტუალებსაც ასრულებდნენ. მდინარეში ყველა იღებდა განბანვას – ქალებიც, კაცებიც, ბავშვებიც, ძროხები და კამეჩებიც, თხებიც, მაიმუნებიც და სპილოებიც კი. ზოგიერთ ადგილას უფასოდ არიგებდნენ ნაკურთხ საჭმელს. ვაჭრები ურიკებით სხვადსხვა ნივთს და რელიგიურ ატრიბუტებს ჰყიდდნენ. ეს ნამდვილი დღესასწაული იყო – ერთგულების და რელიგიური გრძნობების დღესასწაული. სხვების ენთუზიაზმი გადმომედო და მეც მივიღე დილის განბანვა.
განბანვის შემდეგ ვარანასის ცენტრში, კაში ვიშვანათჰას უძველესი ტაძრისკენ გავემართე. როგორც წმინდა წერილები ამბობენ, ოდესღაც ამ ადგილას უფალი შივა ცხოვრობდა თავის ღვთაებრივ მეუღლე პარვატისთან ერთად. საუკუნეების განმავლობაში ტაძარი მწირობის ადგილს წარმოადგენდა წმინდანებისთვის, მეფეებისთვის და უბრალო ადამიანებისთვის. რაღაც მომენტში ტაძრის პოპულარობამ ისეთ მრისხანებაში მოიყვანა მოგოლთა იმპერატორი, რომ მან მთლიანად დაანგრია იგი და მის ადგილას მეჩეთი აღმართა. საბედნიეროდ ინდუსებმა მოახრერხეს შივას ღვთაების გადამალვა და შემდგომში ახალ ტაძარში დადგეს იგი. მას შემდეგ ძველებურად ათიათასობით მორწმუნე დადიოდა მის სანახავად.
ვარანასში სეირნობისას, უცებ ქალების მოთქმა-გოდება გავიგონე. ვიწრო ქუჩით მდინარისკენ დამკრძალავი პროცესია მიდიოდა. მიცვალებულის სხეული ყვავილებით გაწყობილ ბამბუკის საკაცეზე იდო, რომელიც მის ახლოლებს შემოედოთ მხრებზე და ისე მოჰქონდათ. მამაკაცებს თავი შედარებით ხელში ეჭირათ, ქალები კი მთელი ძალით მოთქვამდნენ. მათი ტანჯვა ვერავის ვერ დატოვებდა გულგრილს. მე თანაგრძნობით განმსჭვალული შევუერთდი პროცესიას, რათა მენახა, თუ როგორ ტარდებოდა კრემაციის რიტუალი. დასავლეთში მსგავსი არაფერი მინახავს. აქ, განსასვენებელ გჰატასთან, ვარანასში, სიკვდილის იმ საიდუმლოს ვუჭვრეტდი, რომლის შეცნობასაც ფილოსოფოსები უკვე მრავალი ათასი წელია უშედეგოდ ცდილობენ. ვლოცულობდი, რომ ოდნავ მაინც ახდილიყო ჩემთვის ამ საიდუმლოს ფარდა, და გადავწყვიტე, რომ აისიდან დაისამდე აქ, მანიკარნიკა-გჰატასთან ვიდგებოდი და გარდუვალ სიკვდილზე ვიმედიტირებდი.
მრავალი ინდუსი დიდ წარმატებად თვლიდა ვარანასში, განგას ნაპირას სიკვდილს, რადგანაც აქ თავად უფალი შივა მოდის მომაკვდავთან და ყურში ჩასჩურჩულებს ხოლმე რამას – უზენაესი უფლის, მარადიული ნეტარების წყაროს სახელს, ეს კი გაუთავებელი დაბადებების და სიკვდილების ჯაჭვისგან ანთავისუფლებსსულს. აი, რატომ ჩამოდის ვარანასში მრავალი მოხუცებული მწირი, რომლებიც აქ თავის სიკვდილთან შეხვედრას იმედოვნებენ. ისეთ ადგილას მოვეწყვე, საიდანაც კარგად მოჩანდა, როგორ წვავდნენ მკვდარ სხეულს, და ვაკვირდებოდი იმ გარდაცვლილის ახლობლებს და ნათესავებს, რომელიც თავისი ნების საწინააღმდეგოდ, სიკვდილის პირისპირ აღმოჩნდა. როდესაც პროცესია კრემაციის ადგილთან მივიდა, სხეული ხის მორებზე დააწვინეს, და ლოცვების, მანტრებისა და წმინდა წერილების კითხვის თანხლებით წმინდა ატრიბუტებით მორთეს იგი. გარდაცვლილის უფროსმა შვილმა, ან იქნებ უახლოესმა ნათესავმა, გარშემო შემოუარა გვამს, განგის წყალი აპკურა, შემდეგ კი ანთებული ჩირაღდანი კოცონის შეშასთანმიიტანა. მკვდარი სხეულის კრემაცია სულის გამონთავისუფლების სიმბოლოს წარმოადგენს, ცეცხლი კი შემოქმედ – ბრაჰმას განასახიერებს. კოცონი მალე აგიზგიზდა და ცეცხლის ალი მაღლა და მაღლა მიიწევდა. ამის შემდეგ მომტირალე ნათესავებმა დასამშვიდობებელი ლოცვა აღავლინეს, მდინარეში მიიღეს განბანვა და დაიშალნენ, მე კი დავრჩი და ყურადღებით ვაკვირდებოდი მკვდარი სხეულის არსებობის უკანასკნელ წამებს. პირველად ცეცხლმა თმა აქცია ფერფლად. შემდეგ კანი შეიჭმუხნა, იწვოდა შინაგანი ორგანოები და იმსხვრეოდა ძვლები. თანდათანობით ცეცხლის ალმა მთელი სხეული შთანთქა, და მისგან აღარაფერი დარჩა, გარდა ფერფლის გროვისა. შემდეგ ეს ფერფლი გულდასმით შეაგროვეს და განგაში ჩაუშვეს – მიცვალებულის უკანასკნელ ნავსაყუდელში.
ასეთი იყო ადამიანური ცხოვრების ფინალი. და ეს ყველაფერი დედა განგას ტკბილი სიმღერის ბგერების ქვეშ ხდებოდა, რომელიც უკან, მარადიული რეალობის სამყაროში უხმობდა სულს. ხანდახან ამ სიმღერაში ჰარე კრიშნა მანტრაც ჩამესმოდა ხოლმე, ვიმეორებდი მას, და სიკვდილზე ვფიქრობდი. ადრე თუ გვიან ყოველი ჩვენგანის სხეული მიწას ან ცეცხლს მიბარდება. მაგრამ თუ სხეული – ჩვენი ახლობლების და ნათესავების სიყვარულის ჭეშმარიტი ობიექტია, მაშ რატომ წვავენ მას?
არა, ადამიანებს სხეული კი არა, სული უყვართ. სხეული – მხოლოდ დროებითი გარსია სულისა. მის გარეშე სხეული ავტომობილს ჰგავს, საიდანაც მძღოლი გადმოვიდა. სამყაროს თვალების მეშვეობით ვუმზერ, სუნს ცხვირის მეშვეობით შევიგრძნობ, გემოს ენით ვგრძნობ, ყურებით მესმის, შეხებას კანით აღვიქვამ, ტვინით ვაზროვნებ და გულით მიყვარს, მაგრამ ვინ არის ეს “მე”? ვინ მართავს ჩემს სხეულს, ისე რომ ამავდროულად ყველა მისი ქმედების მოწმეა და ტკბობას ან ტანჯვას განიცდის ამ ქმედებებისგან?
ვცდილობდი პასუხი მეპოვა ამ კითხვაზე, და ვაკვირდებოდი, როგორ ხდებოდა ერთი-მეორეს მიყოლებით გვამების კრემაცია და მათი ფერფლის განგის წმინდა წყლისადმი მიბარება. ოდესმე ჩვენც წაგვიღებს დროის მდინარე. მიუხედავად რასისა და სქესისა, ეროვნებისა და განათლებისა, სიმდიდრისა და აღმსარებლობისა – ყველანი თანაბარნი ვართ სიკვდილის წინაშე.

* * *
ღამეებს მდინარის ნაპირას ან ხის ქვეშ ვათენებდი, დღისით კი მოწყალებას ვითხოვდი – ჩვეულებრივ ეს ბრინჯის ფანტელებიიყო. ასეთი ცხოვრების სახე ავირჩიე. ჯანმრთელობას არ ვუჩიოდი, თუ არ ჩავთვლით დიზენტერიის რამდენიმე შემთხვევას. ტანსაცმელი, რომელიც რიშიკეშში მივიღე, უწინდებურად მეცვა, მიუხედავად იმისა, რომ აღარაფრად ვარგოდა. თმა კიდევ უფრო გამეზარდა. ფეხები გამიუხეშდა და ნახეთქებით დაიფარა ჯუნგლებში და მინდვრებზე, სოფლებში და ქალაქებში ფეხშიშველი სიარულისგან. ჩემს ავლადიდებას შეადგენდა თასი მოწყალებისთვის, ჯოხი და ჩანთა, რომელშიც იდო წიგნები და უკანასკნელი ფულით ნაყიდი რეპროდუქცია. მიუხედავად იმისა, რომ არაფერი გამაჩნდა, გული სიმსუბუქით სიხარულით მქონდა სავსე – მე ხომ მიზანი მქონდა, რომელიც წმინდა იყო ჩემთვის და ბოლომდე მჯეროდა მისი. ცხოვრებამ ახალი და ახალი გაკვეთილები მომცა, და მე ვცდილობდი ბეჯითი მოსწავლე ვყოფილიყავი. რაღაც ძალა გამუდმებით მიბიძგებდა წინისაკენ. მე მივდიოდი, ანთებული რაც შეიძლება მეტის ნახვის და მეტის სწავლის სურვილით. რაღაც მაიძულებდა, რომ ახალ-ახალი ნაცნობები გამეჩინა და ერთ ადგილზე დიდხანს არ შევჩერებულიყავი. რა, ან უფრო ზუსტად, ვინ იყო ეს?
მჯეროდა, რომ თავად ღმერთი მიბიძგებდა წინ, რომლის არსებობასაც გამუდმებით ვგრძნობდი ადრეული ბავშვობიდან; ის, ვისაც ჯერ კიდევ ბავშვობაში აღვუვლენდი ლოცვას; ის, ვინც ასე შორს იყო, და ამავე დროს ასე ახლოს; ის, ვისაც მრავალჯერ ვუღალატე მოზარდობის პერიოდში, და ვისი შეცნობა და შეყვარებაც ახლა მინდოდა.
ვარანასში გავიგე, რომ არსებობს კიდევ ერთი წმინდა ადგილი, დაკავშირებული უფალ შივასთან – პაშუპატინათჰი. მითხრეს, რომ წელიწადში ერთხელ იქ განსაკუთრებულ ღამეს აღნიშნავენ, რომელშიც არც ერთი ლოცვა, შივასადმი მიმართული, უპასუხოდ არ რჩება. ძალიან შთამაგონა როგორც თავად კურთხევამ, ასევე იმ თავგადასავლის პერსპექტივამ, რომელსაც მომავალი მოგზაურობა მიქადდა.
მატარებლით და ავტოსტოპით თითქმის ოთხასი კილომეტრი გადავლახე და კატმანდუს ველში, ნეპალში ჩავედი, სადაც პაშუპატინათჰის ტაძარი მდებარეობს. ტაძართან ათასობით მოგზაური მიდიოდა, მაგრამ მე, როგორც უცხოელი, არ შემიშვეს. ამხელა გზა იმისთვის არ გამივლია, რომ გაწბილებული ამ ტაძრის ნახვის გარეშე დავრჩენილიყავი. რაც არ უნდა დამჯდომოდა, უნდა მელოცა ამ ტაძარში, რომ ღვთაებრივი სიყვარულისკენ მიმავალი ჩემი გზა მეპოვა. ამიტომ დიდი რისკის ფასად, წმინდა კოცონის ფერფლი წავისვი ტანზე და როგორღაც მაინც შევაღწიე ტაძარში. ამ შემთხვევამ [რომელიც პროლოგშია აღწერილი] უზარმაზარი გავლენა მოახდინა ჩემზე და მაიძულა ბევრი რამისთვის გადამეხედა ჩემს გონებაში.
მომდევნო დილით უკან, ინდოეთისკენ დავბრუნდი. სამასამდე კილომეტრი უნდა გამევლო პაშუპატინათჰიდან სამხრეთით – ბოდჰ-გაიში, რომელიც მდებარეობს ბიჰარის შტატში და ყველაზე წმინდა ადგილია მთელი მსოფლიოს ბუდისტებისთვის. ორიათასხუთასი წლის წინ პრინცმა სიდჰართჰა გაუტამამ თავისი უძვირფასესი სასახლე მიატოვა, რათა მოეპოვებინა განთავისუფლება დაბადების, სიბერის, ავადმყოფობებისა და სიკვდილის ტანჯვებისგან. ექვსი წელი განდეგილად ცხოვრობდა და თვითგვემას ეწეოდა იმით, რომ შიმშილობდა, მიწაზე იწვა და სხვა ასკეზებს ასრულებდა. გააცნობიერა რა, თავისი მცდელობების ამაოება, დიდი ხნის მოგზაურობის შემდეგ გაუტამა გაიში ჩავიდა, პიპალის ხის ქვეშ ლოტოსის პოზაში დაჯდა და აღთქმა დადო, რომ ადგილიდან არ ადგებოდა, სანამ გასხივოსნებას არ მიაღწევდა. ისევე, როგორც ეშმაკი აცდუნებდა იესოს უდაბნოში, ილუზორული ენერგია, მაია, ცდილობდა ყველანაირი სიამოვნებებით შეეცდინა სიდჰართჰა, მაგრამ იგი ურყევი დარჩა. პიპალის წმინდა ხის ქვეშ, ბოდჰ-გაიში, იგი გახდა ბუდა – გასხივოსნებული. მას შემდეგ ამ ხეს ეთაყვანებიან როგორც ბოდჰის ხეს, ანუ გასხივოსნების ხეს.
ბოდჰის ხის ქვეშ ვსწავლობდი წიგნებს უფალი ბუდას სწავლებაზე და მადლიერების გრძნობით სავსე მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდევმედიტირებდი. ბოდჰის ხის ქვეშ ვიჯექი და ვგრძნობდი, თუ როგორ მივყავდი ენერგიის მძლავრ ნაკადს სხეულისა და ჭკუის საზღვრებს მიღმა, შორეულ კოსმოსში.
1960-იან წლებში ძენ ბუდიზმი ძალიან პოპულარული გახდა დასავლეთში ისეთი ავტორების წყალობით, როგორებიცაა ტეიტარო სუძუკი და ალან უოტსი. მე გაცნობილი ვიყავი ზოგიერთ მათ ნაშრომს, და მომწონდა ამ სწავლების უბრალოება და პირდაპირობა. ძალიან გამიხარდა, როცა შევიტყვე, რომ ამ დროს ბოდჰ-გაიში იმყოფებოდა ძენ-ბუდიზმის მასწავლებელი იაპონიიდან, გადავწყვიტე გამომეყენებინა ეს შესაძლებლობა და მისი ლექციები მომესმინა. სამედიტაციო ოთახში თხუთმეტამდე ადამიანი შეკრებილიყო და მოუთმენლად ელოდა მასწავლებელთან შეხვედრას. მათგან ნახევარი ინდუსი იყო, ნახევარი კი – ამერიკელი და ევროპელი. გაისმა ზარის ხმა და ოთახში შემოვიდა პატივსაცემი გარეგნობის იაპონელი ფრიალა შავ ტანსაცმელში. თავი სუფთად ჰქონდა გადაპარსული, ხელში კი ბამბუკის ჯოხი ეჭირა. მასწავლებელი აუჩქარებლად დაჯდა იატაკზე და ზურგი გამართა. მან ლაპარაკი დაიწყო და ამ დროს მზის სხივმა გააშუქა მისი შთამბეჭდავი ფიგურა:
“მე თქვენი მასწავლებელი ვიქნები. თქვენი მასწავლებელი ძენის საწყის პრაქტიკას გასწავლით, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა”. მისი რიტმული ლაპარაკი დამაჰიპნოზებელ ზეგავლენას ახდენდა მსმენელზე. “ყველანაირი ტანჯვის ფესვები სურვილებში იმალება, - დაიწყო მან ახსნა. – სურვილები კი ჭკუის გრძნობებთან მიჯაჭვულობის გამო აღმოცენდება. თავისუფლება მდგომარეობს იმაში, რომ დავაცარიელოთ ჭკუა და განვდევნოთ მისგან ყველა აზრი. აზრებისგან განთავისუფლება, ანუ ჭკუაზე გამარჯვება – ნიშნავს სატორის, განთავისუფლების მოპოვებას”. მასწავლებელმა მაგრად დახუჭა თვალები და კონცენტრირებულმა ახსნა, რომ ძენი – ეს ცხოვრების აზრის უშუალო შეცნობაა. იგი არაა გადატვირთული ლოგიკით და ჭეშმარიტების ფილოსოფიური ძიებებით, რომლებიც მხოლოდ გვაცდენენ მედიტაციიდან. “ყოველი თქვენგანი – ბუდაა, - თქვა მან, - მაგრამ ეს ჭეშმარიტება თავად უნდა აღმოაჩინოთ. ყველა ცოცხალი არსება ბუდაა, ისევე, როგორც ყინული სხვა არაფერია, თუ არა წყალი”. შემდეგ მან ძენ-ბუდიზმის ცნობილი გამოთქმის ციტირება მოახდინა: “დიადი ტეიტარო სუძუკი წერდა, რომ ძენის პრაქტიკა –ესაა ცხოვრება, რომელიც სავსეა მორჩილებით და შრომით, მსახურებით და ლოცვით, მადლიერებით და მედიტაციით”.
შემდეგ დაიწყო მოყოლა სწავლების თავისი მეთოდის შესახებ: “თქვენი მასწავლებელი მკაცრი იქნება თქვენთან. მის ყოველ სიტყვას უნდა დაემორჩილოთ და ყოველთვის შეინარჩუნოთ მდუმარება. თანახმა ხართ?” ყველამ თავი დაუქნია. შემდეგ მასწავლებელმა ქცევის წესები ახსნა: “თქვენ უნდა მოახდინოთ გრძნობათა მოთხოვნილებების იგნორირება: არავითარი სექსი, არავითარი ნარკოტიკი, არავითარი აზარტული თამაში და არავითარი მუსიკა. შეჭამთ მაშინ, როცა მასწავლებელი მოგცემთ ამის ნებას, და მხოლოდ იმას, რასაც მოგცემთ”. ახალბედები შეაცბუნა ამ სიტყვებმა, მაგრამ ძველმა მოსწავლეებმა გაამხნევეს ისინი. იაპონელი აგრძელებდა: “თქვენი მასწავლებელი კოანების მეშვეობით გასწავლით – იგავი-გამოცანებით, რომლებიც რაციონალური აზროვნებისგან გაგანთავისუფლებენ. თქვენი მასწავლებელი შეგასწავლით კინჰინს – მედიტაციას სიარულის დროს, და ძაძენს – მედიტაციას მჯდომარე მდგომარეობაში. ყოველდღე გვექნება სამი ჯგუფური მეცადინეობა ძაძენში, ერთი-ორი საათის ხანგრძლივობით. თქვენ აბსოლუტურად გაუნძრევლად უნდა იჯდეთ. უმნიშვნელო მოძრაობისთვისაც კი მასწავლებელი ბამბუკის ჯოხითდაგსჯით”.
შემდეგ ხელები მუხლებზე დაიწყო და ჭკუის ყველანაირი ფიქრისგან განთავისუფლების ტექნიკა გვაჩვენა. ამისთვის საჭირო იყო დაჯდომა და ყურადღების კონცენტრაცია ხაზზე, რომელსაც იატაკისა და კედლის გადაკვეთა ქმნის, ისე რომ ყურადღება სხვაზე არაფერზე გადაგვეტანა. “როცა მასწავლებელი ზარს დააწკარუნებს, მედიტაციას დაიწყებთ და მხოლოდ განმეორებითი ზარის შემდეგ დაასრულებთ”.
პირველივე საღამოს მეცადინეობაზე ბეჭი დამეჭიმა და ოდნავ შევარხიე იგი. და მაშინვე ჩემს ბეჭზე ბამბუკის ჯოხი დაეშვა. ეს იყო პირველი და უკანასკნელი, როცა მედიტაციის დროს გავინძერი. ნებისმიერს, რომელიც ამ წესს არღვევდა, მაშინვე სჯიდნენ. ხოლო რადგანაც დიდხანს ჯდომისგან ბევრს უბუჟდებოდა და ეღლებოდა ხელ-ფეხი, და ამასთან მოსვენებას კოღოებიც არ გვაძლევდნენ, სხეულზე ჯოხის ბათქა-ბუთქი რეგულარულად ისმოდა. როგორც იქნა მასწავლებელმა ზარი დარეკა და ჩვენი ტანჯვა-წამება დასრულდა.
ყველა მოსწავლე დათანხმდა თმის გადაპარსვაზე, ჩემს გარდა. სხვებისგან განსხვავებით, მე არ ვაპირებდი ჩემი ცხოვრების ბუდიზმის პრაქტიკისთვის მიძღვნას. ამისთვის სიმტკიცე და რწმენა არ მყოფნიდა. გავიარე რა ორკვირიანი კურსი, მადლობა გადავუხადე მასწავლებელს და ჩემი ძიება განვაგრძე. მე ვთვლიდი, რომ ცხოვრების დარეგულირებულმა წესმა, რომელსაც ჩვენგან მასწავლებელი მოითხოვდა, და გამუდმებულმა მეცადინეობებმამედიტაციაში, გარკვეული სარგებლობა მომიტანეს. მაგრამ რაღაც, ამ პრაქტიკაში, სიფრთხილისკენ მიბიძგებდა, თუმცა ვერ ვხვდებოდი, კონკრეტულად რა იყო ეს.
რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ბოდჰის ხის ქვეშ მედიტაციას მოვრჩი, ორ ახალგაზრდა ამერიკელს შევხვდი – იაპონელი მასწავლებლის ერთგულ მიმდევრებს. როცა დავინტერესდი, თუ როგორ მიდიოდა მათი საქმეები, ქალმა მოულოდნელად ტირილი დაიწყო. “შენ ვერც კი დაიჯერებ, რა მოხდა აშრამში შენი წასვლის შემდეგ”, - თქვა მან.
“და რა მოხდა?” – ვკითხე დიდი ინტერესით.
ქალმა ღრმად ამოიხვნეშა, გვერდით ჩამომიჯდა და მოყოლა დაიწყო:
“გვიან ღამით ჯონათანი ქუჩაში გავიდა, ტუალეტში. შემთხვევით ძალიან უცნაური რამ შეამჩნია, - მან პაუზა გააკეთა, რომ თავი ხელში აეყვანა, და თვალებიდან ცრემლები მოიწმინდა. – გახსოვს პემი, მასწავლებლის ამერიკელი მიმდევარი?”
მე თავი დავუქნიე.
“ჰოდა, ის მასწავლებლის საძინებელში შევიდა და რამდენიმე საათშიძალიან შეშინებული გამოვიდა იქიდან. მომდევნო რამდენიმე ღამე ჯონათანმა ბანანის ხეების ქვეშ გაატარა და იქიდან უთვალთვალებდა მასწავლებლის ოთახს. ყოველ ღამე ერთი და იგივე მეორდებოდა. როცა ეს შევიტყვე, გადავწყვიტე პემს პირდაპირ დავლაპარაკებოდი, და მან ყველაფერი აღიარა. მასწავლებელი ყოველ ღამე სექსუალურ ურთიერთობაში შედიოდა მასთან”.
ქალმა ცხვირსახოცით ცხვირი მოიწმინდა, შემდეგ კი მე შემომხედა: “მან გვიღალატა”.
მოსმენილისგან შიგნით ყველაფერი გამიცივდა.
ჩემი ნაცნობი თავის მონათხრობს აგრძელებდა, და აღწერდა, თუ როგორ გადაწყვიტეს მასწავლებლის შემოწმება იმით, რომ ჩაიში ლსდ ჩაუყარეს. ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მან მთლიანად გამოავლინა თავი. “არც კი დაიჯერებ რას ლაპარაკობდა! ყოველმხრივ ადიდებდა საკუთარ თავს!” მან ხმა დაიბოხა და ცხვირწინ თითის ქნევა დამიწყო, ამით მასწავლებელს ბაძავდა: “თქვენ მე უნდა დამემორჩილოთ, მხოლოდ მე! მე გასხივოსნებას მივაღწიე. ყველა დანარჩენი – მატყუარაა. ნებისმიერი, ვინც ჩემ სიტყვებში ან ქმედებებში დაეჭვდება, განწირულია”.
თხრობის დასასრულს ჩემმა ნაცნობმა გამანდო, რომ მასწავლებლისგან ყველა მისი მოსწავლე წამოვიდა.
ჩემთვის მტკივნეული იყო იმის მოსმენა, რაც ჩემს ერთ-ერთ მასწავლებელს დაემართა. ამერიკელ ნაცნობებს დავემშვიდობე და ვცდილობდი მომხდარი გამეაზრებინა. ძენის მასწავლებელი ძალიან მკაცრი იყო მოსწავლეების მიმართ, მაგრამ, როგორც გაირკვა, არა საკუთარი თავის მიმართ. მან დაამახინჯა უძველესი ტრადიცია და ჩრდილი მიაყენა მათ, ვინც ასწავლიდა ან გულწრფელად სწავლობდა მას. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, მსოფლიოს ვერც ერთმა რელიგიამ ვერ დააღწია თავი ამ ხვედრს – ფარისევლები და მატყუარები ყველგან იყვნენ.
უპასუხისმგებლო სულიერ მოძღვარს შეუძლია გული გაუტეხოს თავის მიმდევრებს და რწმენა შეურყიოს მათ, რის შემდეგაც ისინი ეჭვით შეხედავენ ჭეშმარიტების ნამდვილ მასწავლებლებსაც კი. როგორი ტკივილი მიაყენა ძენის მასწავლებლის ფარისევლობამ იმათ, ვინც ოდესღაც ენდობოდა, და როგორი ზიანი მიაყენა ამით საკუთარ თავსაც! არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე საკუთარი იდეალებისადმი ერთგულების შენარჩუნება და თავადვე იმის მიყოლა, რასაც ქადაგებ.
* * *
ბოდჰ-გაის მშვენიერ შემოგარენში განლაგებული იყო მრავალრიცხოვანი ტაძრები, რომლებიც ბუდისტებმა ააშენეს აზიის სხვადასხვა ქვეყნებიდან. ერთი-მეორეს მიყოლებით ვათვალიერებდი მათ, და ბირმის ვიჰარის (ტაძრის) მშვიდ გარემოში გავიცანი მასწავლებელი, სახელად სატია ნარაიანა გოენკა. ეს მასწავლებელი ბირმიდან, უკვე წელიწადზე მეტია აქ ცხოვრობდა და ყველა მსურველს ასწავლიდა მედიტაციის უძველეს ტექნიკას. მან ათდღიან კურსეზე მიმიპატიჟა, რომელიც მომდევნო დღეს იწყებოდა. მისი გულწრფელობით მოხიბლული, შევუერთდი ჯგუფს, რომელიც ათეულობით მოსწავლისგან შედგებოდა. გოენკაჯი, როგორც მას ვეძახდით, მშობელი მამასავით ზრუნავდა ჩვენზე. მისი ოდნავ შეჭაღარავებული თმა აკურატულად იყო შუაზე გაყოფილი, სუფთად გაპარსული სახე კი სიმშვიდეს ასხივებდა. ტანზე გრძელი ლურჯი ფერის ლუნგი და თეთრი ღილებიანი პერანგიემოსა.
გოენკაჯი იატაკზე იჯდა გადაჯვარედინებული ფეხებით და თავის თავზე გვიყვებოდა. იგი დაიბადა 1924 წელს ინდოელების ოჯახში, რომლებიც ბირმაში გადასახლდნენ და იქ თავიანთი ბიზნესი წამოიწყეს. მიუხედავად სიმდიდრისა და საზოგადოებრივი მდგომარეობისა, გოენკაჯი არ იყო ბედნიერი. განსაკუთრებულ ტანჯვას რეგულარული თავის ტკივილები და სხვადასხვა უსიამოვნებები ანიჭებდნენ. “1955 წელს გავიცანი ჩემი პატივცემული მასწავლებელი საიაჯი უ ბა კჰინი, - თქვა გოენკაჯიმ. – ამ შეხვედრამ მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა, და მომდევნო თოთხმეტი წელი მისი ხელმძღვანელობით ვსწავლობდი. ტრადიცია, რომელსაც იგი წარმოადგენს, თავად ბუდადან მოდის. ბუდას სწავლება არ ყოფილა სექტანტური. იგი დჰამას, ანუ დჰარმას ქადაგებდა, - განთავისუფლების გზას”. გოენკამ აგვიხსნა, რომ ვიპასანა (“საგნების ჭვრეტა მათ ჭეშმარიტ შუქში”) – ეს ერთ-ერთი უძველესი მედიტაციის ტექნიკაა ინდოეთში. “გაუტამა ბუდამ ხელახლა აღმოაჩინა იგი ორიათასხუთასზე მეტი ხნის წინ და ასწავლიდა მას, როგორც ყველა პრობლემისგან განთავისუფლების უნივერსალურ საშუალებას”. გოენკაჯიმ დიდი მადლიერებით გაიხსენა თავისი მასწავლებელი: “მიუხედავად იმისა, რომ უ ბა კჰინი მეოჯახე ადამიანი იყო, და არა ბერი, მან სრულყოფილად შეიცნო ვიპასანა და სხვებსაც ასწავლიდა მას. რადგანაც მისი ნატვრა იყო ვიპასანას დაბრუნება მის სამშობლოში, ინდოეთში, მან კურთხევა მომცა ამ მისიაზე”.
გოენკაჯი ძალიან პატიოსანი და მოწესრიგებული პიროვნება იყო, რომელსაც შეგეძლო თვალდახუჭული მინდობოდი. მისი სწავლება უბრალო და ქმედითი იყო. დღეში სამჯერ ჯგუფურ მედიტაციას ვატარებდით, საღამოობით კი გოენკაჯი ლექციებს კითხულობდა. “ამ მედიტაციის მეშვეობით, - ამბობდა იგი, - თქვენ ისწავლით ცხოვრების დანახვას თქვენში და თქვენს გარეთ. განზე მდგარნი დააკვირდებით მას, და განთავისუფლდებით წარმოდგენებისგან სიამოვნებასა და ტკივილზე, გამარჯვებასა და მარცხზე, ბედნიერებასა და უბედურებაზე. ამგვარად, თქვენი ჭკუა გაწონასწორებულობის უფრო და უფრო ნატიფ მდგომარეობებს მიაღწევს, ხოლო გაწონასწორებულობისგან წარმოიშვება თანაგრძნობა”.
ყოველ დილით პირისპირ ვესაუბრებოდი გოენკაჯის, და ჩვენ ძალიან დავახლოვდით. იგი გულწრფელ ზრუნვას ავლენდა ყოველი ჩვენთაგანის მიმართ და არაფერს ითხოვდა სანაცვლოდ. მისი სულიერი ძალის და თავდაჯერებულობის წყალობით ჩვენი პატარა ჯგუფი ძალიან დაცულად გრძნობდა თავს. როცა კურსები დასრულდა, გოენკაჯიმ სწავლების ახალ ციკლზე მიმიწვია, რომელიც ბომბეიში იყო დაგეგმილი, და ჩვენ შევთანხმდით რომ იქ შევხვდებოდით. რამდენიმე დღე აისიდან დაისამდე ვატარებდი ვიპასანას მედიტაციას ბოდჰის წმინდა ხის ქვეშ, შემდეგ კი ტაძარში მივდიოდი და ბუდას ოქროსფერი ქანდაკების წინ ვლოცულობდი, ვთხოვდი რა კურთხევას.
ბოდჰ-გაიდან ჩრდილო დასავლეთით გავემართე, სარნათჰში, სადაც “ირმების პარკში” ბუდამ თავისი მქადაგებლური მისია წამოიწყო. იქ შევისწავლე ბოდჰისატვას ფიცი. ადამიანი, რომელიც ამ ფიცს დებს, მიჰყვება რა ბუდას ნაკვალევს, თავის სიცოცხლეს ყველა ცოცხალი არსების ილუზიით გამოწვეული ტანჯვებისაგან გადარჩენისთვის სწირავს. გადავწყვიტე სარნათჰადან კალკუტაში გავმგზავრებულიყავი, რათა კურთხევა მეთხოვა წმინდანისთვის, რომლის უანგარობაზეც ამდენი მსმენია, - დედა ტერეზასთვის.
მატარებლიდან ჰოვრას სადგურზე ჩამოვედი, კალკუტაში, ძლივს გავაღწიე ხალხმრავალ ბრბოში და განგას ნაპირისკენ, კალი-გჰატასკენ წავედი. ადრიანი დილა იყო. მივედი რა კალის ტაძართან – ქალღმერთისა, რომელიც უფალი შივას თანაგრძნობას განასახიერებს და ბოროტებას ანადგურებს, - შესასვლელთან დიდი რიგი დამხვდა. ტაძართან ახლოს, დახლებზე, კალის გამოსახულებები იყიდებოდა, რომელზეც იგი ენაგამოყოფილი და ხელში მახვილით იდგა. ვაჭრები ხმამაღლა ყვიროდნენ: “ჯაბა მალა!”, - და მუშტარს ჰიბისკუსის სისხლისფერ-წითელი ყვავილების გირლიანდების ყიდვას სთავაზობდნენ. რომლებიც, როგორც თვლიან განსაკუთრებით მოსწონს ქალღმერთს. ზარის ფორმის ამ ყვავილებს ხუთი გვირგვინის ფურცელი და გრძელი ბუტკო აქვთ, რომლებიც კალის გრძელი ენასავით არიან დაკიდებულნი ყვავილის ცენტრიდან. დახლებზე გამოფენილი იყო ასევე კეთილსურნელოვანი ჩხირები და ბიჟუტერიის მთები. ვაჭრები ერთმანეთს ასწრებდნენ კლიენტების მიზიდვას და დაჟინებით სთავაზობდნენ მათ რძის ტკბილეულის, ყვავილების, ქოქოსის კაკლების და კინოვარის წითელი ფხვნილის ყიდვას ტაძარში კალის ღვთაებისადმი შესათავაზებლად. ეს იყო მწირების, ვაჭრებისა და ღატაკების დიდი თავშეყრის ადგილი. დინამიკებიდან მუსიკის დამაყრუებელი ხმა ისმოდა. ტაძრის შესასვლელთან რიგებად ისხდნენ კეთროვნები, ინვალიდები და ქვრივები. ისინი ხელებგაწვდილნი მოწყალებას სთხოვდნენ მწირ მოგზაურებს. მინდოდა რაღაცით მაინც შემემსუბუქებინა მათი ტანჯვა, მაგრამ შესათავაზებელი არაფერი მქონდა, გარდა პატიებისმთხოვნელი ღიმილისა და ლოცვისა. ჭიშკრის გავლით ორივე მხარეს ხალხის გაუთავებელი ნაკადიმიედინებოდა. მწირები ერთმანეთს აწვებოდნენ და რაღაცას გადაულაპარაკებდნენ ხოლმე ერთმანეთს. მე შიგნით შევედი და მივხვდი, რომ სრულიად არ ვიყავი მზად იმ სანახაობისათვის, რომელიც ჩემს მზერას წარმოუდგა.
კალის ღვთაების პირდაპირ რამდენიმე სამსხვერპლო საკურთხეველი იდგა, სისხლით მოსვრილი. ფეხებით დაკიდებული შავი თხა განწირული კიკინებდა. მისი თავი გასისხლიანებულ მარყუჟში იყო მოქცეული. წელსზემოთ შიშველმა ქურუმმა მანტრები წარმოთქვა, დიდი სისხლიანი დანა მოიქნია და ერთი მოქნევით მოაჭრა თავი უბედურ ცხოველს. თხის ყელიდან სისხლმა იჩქეფა. უსიცოცხლო და არფრისმხედველი თვალებით მომზირალი თავი საზარელი ბრაგვანით დაენარცხა იატაკს. მსახურებმა იმ წამსვე ხელი მოკიდეს სხეულს და სამზარეულოში გაიტანეს, რათა საჭმელი მოემზადებინათ ღატაკთათვის დასარიგებლად.
ღებინების შემოტევას ვებრძოდი და განგას ნაპირისკენ გავიქეცი, რათა დანახული გამეანალიზებინა. რით განსხვავდება ეს სისხლიანი სანახაობა იმ ყველაფრისგან, რასაც გაწონასწორებულ ბრძენებთან ცხოვრებისას ვხედავდი, - ვფიქრობდი მე, - მაგრამ ბრძენებიც ხომ ინდუიზმის მიმდევრები არიან. ამ თვალნათლივმა წინააღმდეგობამ ჩიხში შემიყვანა. ნაპირზე ხანშიშესულ სადჰუს შევხვდი, რომელიც წიგნს კითხულობდა. მე სადჰუს ჩემი ეჭვები გავუზიარე, და აი რა მიპასუხა მან: “ოდესღაც მეც ქურუმი ვიყავი ერთ-ერთ ასეთ ტაძარში. სამსხვერპლო მახვილით ვაჭრიდი თავს ცხოველების აურაცხელ რაოდენობას. მაგრამ რაღაც მომენტის შემდეგ, ღამ-ღამობით ერთი და იგივე კოშმარი მაწუხებდა”.
“და რა გესიზმრებოდათ?” – ვკითხე მე.
“სიზმარში ჩემს მიერ მოკლული თხები მევლინებოდნენ. თავიდან ისინი საწყალობლად კიკინებდნენ, შემდეგ კი მიყურებდნენ რა სიძულვილით სავსე თვალებით, თავისი რქებით და კბილებით ნაკუწ-ნაკუწ ფლეთდნენ ჩემს სხეულს. ბოლოს გამოჩნდებოდა ხოლმე საზარელი ქურუმი ადამიანის სხეულით და თხის თავით. ის საკურთხეველზე მადებინებდა თავს და ჩემივე მახვილით მაჭრიდა მას”. მოხუცმა წიგნი დახურა და ხეს მიეყრდნო. “აღარ შემეძლო ამის ატანა, მივატოვე ქურუმის მოვალეობები და სადჰუს ცხოვრება დავიწყე”. მე ფართოდ გახელილი თვალებით ვუსმენდი მოხუცს. “ნებისმიერ რელიგიაში, - თქვა მან, - მორწმუნეები თვითნებურად განმარტავენ წმინდა წერილებს და ამა თუ იმ სულიერ პრაქტიკას თავისი შეხედულების შესაბამისად მიჰყვებიან. მათთვის, ვინც სულიერი ცოდნის მწვერვალებისკენ ისწრაფვის, განკუთვნილია მედიტაციისა და ღმერთისადმი უანგარო მსახურების მეთოდი. მათთვის, ვინც შედარებით ნატიფი მატერიალური სიამოვნებებისკენ და ცოდვების გამოსყიდვისკენ ისწრაფვის, რეკომენდებულია სათნოება აღზარდონ საკუთარ თავში. ხოლო მათთვის, ვისაც თავისი მატერიალური სურვილების ასრულება სწადია, არსებობს მეთოდთა მთელი არსენალი, მსხვერპლშეწირვების ჩათვლით, რომელთაგან ერთ-ერთიც თავად იხილე. ნათქვამია, რომ ვედები ნატვრის ხეს ჰგავს – მასში შესაძლებელია ნებისმიერი მიზნის მისაღწევი გზა იპოვო. ქალღმერთი კალი – ეს მატერიალური ბუნების ყოვლადმოწყალე განსახიერებაა. სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვანაირად ეთაყვანება მას, მაგრამ რაც არ უნდა ხდებოდეს მის ტაძრებში, თავად კალი მხოლოდ ვეგეტარიანულ საკვებს იღებს”.
მე ვიჯექი და ჩემს წინ მდორედ მიმავალ მდინარეს ვაკვირდებოდი. დასავლეთში, ვფიქრობდი მე, ასევე კლავენ მილიონობით ცხოველს, მაგრამ ამას ისე აკეთებენ, რომ ვერავინ დაინახოს. აქ კი, ხორცის მოყვარულებს, სხვა თუ არაფერი შეუძლიათ დაინახონ, თუ საიდან მოდის იგი და რა საფასურს იხდიან უდანაშაულო ცხოველები ადამიანთა დიეტური მოთხოვნილებებისთვის.
ამ დღემდე ვფიქრობდი, რომ რაც უფრო მეტ რელიგიურ გზას შევისწავლიდი, მით უფრო ფართო გახდებოდა სულიერების ჩემეული გაგება. მაგრამ დღევანდელმა შემთხვევამ მაჩვენა, რომ გამოცდილი მეგზურის გარეშე მე თვითონ ვერ შევძლებდი გადამეწყვიტა მოჩვენებითი წინააღმდეგობანი სხვადასხვა რელიგიურ ტრადიციებში და კიდევ უფრო ჩავიხლართებოდი.

* * *
კალკუტას ხმაურიან ქუჩებში მივაბიჯებდი და გული მითრთოდა ბედის მომავალი პერიპეტიების მოლოდინში. გვერდით ბღილით ჩამიქროლებდნენ ხოლმე სატვირთო ავტომობილები. მსუბუქი ავტომობილების მძღოლები კი გაუთავებლად უსიგნალებდნენ ერთმანეთს, და არ უნდოდათ ერთმანეთისთვის გზის დათმობა. ველოსიპედების წუილი მოტოროლერების ხმას ერწყმოდა – ერთიც და მეორეც ასეულობით დადიოდა ქუჩაში. ფეხშიშველ რიქშებს, ოფლში გაწურულებს, მთელი ოჯახები გადაჰყავდათ. ყველგან დასეირნობდნენ ძაღლები და ძროხები, კამეჩები და ცხვრები, მათ შOრის კი იაბიჯებდნენ ფეხითმოსიარულეები, რომლებიც თავის სქმეზე მიიჩქაროდნენ.

როგორც იქნა მივაღწიე დედათა მონასტერს, სადაც დედა ტერეზა მსახურობდა. მონასტერს ერთსართულიანი უბრალო შენობა წარმოადგენდა. კარებთან მოკრძალებული ღიმილით შემხვდა კათოლიკე მონაზონი: "მოგესალმებათ მოწყალების ორდენი. რით შემიძლია გემსახუროთ?"
ხელისგულები ერთმანეთს მივადე და ვთხოვე: "შემიძლია დედა ტერეზა ვნახო?"
"გამომყევით. გავიგებ, მიგიღებთ თუ არა."
მონაზონმა ერთ-ერთ ოთახში წამიყვანა: "ეს ჩვენი სამლოცველო ოთახია. აქ დედა ტერეზასთან ერთად ღვთისმსახურებას ვატარებთ." მე მუხლებზე დავიჩოქე და ლოცვა წარმოვთქვი. როცა წამოვდექი, მონაზონმა კორიდორის გავლით წამიყვანა. უეცრად ღია კართან გაჩერდა: "აი დედაოც! ის ახლა დაკავებულია."
მე შევიხედე სუსტად განათებულ ოთახში და დავინახე დედა ტერეზა, რომელიც დიდ ქვაბს ხეხავდა. ამ სურათმა სულის სიღრმემდე შემძრა.
"დედაო, - მიმართა ჩემმა მეგზურმა, - ეს რიჩარდია, სადჰუ ამერიკიდან. მას თქვენთან ლაპარაკი უნდა."
დედა ტერეზა შეტყუპებული ხელისგულებით მომესალმა: "ნებას მომცემთ, ჯერ ჩემი მსახურება დავამთავრო? უმორჩილესად გთხოვთ, მაპატიეთ, რომ გალოდინებთ."
"რა თქმა უნდა დედაო", - მივუგე მე.
მონაზონმა ერთ პატარა ოთახში წამიყვანა და მთხოვა, რომ აქ დავლოდებოდი დედა ტერეზას. რამდენიმე წუთში იგი შემოვიდა და შორიახლოს სკამზე დაჯდა. მიუხედავად ხანდაზმული ასაკისა და სუსტი აღნაგობისა, მასში სულის უდრეკი ძალა იგრძნობოდა. განსაცდელებით სავსე ცხოვრებამ ღრმა ნაოჭები დაამჩნია მის სახეს, მაგრამ ამასთან ერთად თვალები ისეთი სუფთა და უმანკო ჰქონდა, როგორც ბავშვს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებული იყო, დრო გამონახა ისეთი უმნიშვნელო მნახველისათვის, როგორიც მე ვიყავი. მისი ხმა დაბალი იყო, მაგრამ გულიდან მოდიოდა: "ყველაზე დიდი პრობლემა მსოფლიოში შიმშილია. არა ხორცის შიმშილი, არამედ გულის შიმშილი. ამით ყველა იტანჯება - ღარიბიც და მდიდარიც. ყველას ერთნაირად სწყურია სიყვარული". მისმა გამჭოლმა მზერამ ჩემი გულის კარი გააღო და მისი სიტყვები ჩემი ცნობიერების ყველაზე მეტ სიღრმეში შევიდა.
"მხოლოდ ღმერთის სიყვარულს შეუძლია დააცხროს გულის შიმშილი. სხვა საშუალება არ არსებობს. მშიერთა დაპურება სულაც არაა ძნელი, - მან გააკეთა ჟესტი, რომლითაც თითქოს ყველა თავის დამსახურებას ხაზი გადაუსვა ამ მხრივ. - გაცილებით უფრო ძნელია ღმერთისადმი სიყვარულით მშიერი გულების დაპურება. სირთულე იმაშია, რომ სხვებისათვის ამ სიყვარულის მიცემა მხოლოდ იმას შეუძლია, ვისაც თავად აქვს სუფთა გული."
დედა ტერეზამ ბოლომდე მიუძღვნა თავი იესო ქრისტეს საქმეს. მისი ერთგულება ღრმა იყო, როგორც ოკეანე, და ყოველი სიტყვა, რომელიც მის ბაგეს სწყდებოდა, ტალღას ჰგავდა მისი ერთგულების ოკეანეში. ის აგრძელებდა: "სიღარიბე - ეს მხოლოდ ტანსაცმლის უკმარისობა არაა, ეს ასევე ადამიანური ღირსებისა და სისუფთავის ნაკლებობაცაა. ნამდვილი სიღარიბე იქ სუფევს, სადაც ადამიანებმა ერთმანეთისადმი პატივისცემა დაკარგეს." ხელები გულთან მიიდო და ღრმად ჩაისუნთქა: "როცა კალკუტელი ღატაკები ჩემს ხელებში კვდებიან, მათ თვალებში იმედის სხივს ვხედავ. მაგრამ ვერ ვხედავ ამ იმედს დასავლეთის ბევრი მდიდარი და გავლენიანი მცხოვრების თვალებში. ჭეშმარიტი სიმდიდრის პოვნა მხოლოდ მათ გულებში შეიძლება, ვისაც სჯერა, რომ ღმერთს ვუყვარვართ. და მსოფლიოს უცილობლად სჭირდება ის, ვისაც ამ სიმდიდრის გაზიარება შეუძლია და იმედის მიცემა შეუძლია ხალხისთვის, ვინც გულით ღატაკია."
ამ დროს ოთახში სხვა მნახველებიც შემოვიდნენ. ერთმა ინგლისელმა ქალმა გაკვირვებულმა ჰკითხა დედა ტერეზას: "თავად რატომ რეცხავთ ქვაბებს? ნუთუ სხვას არ შეუძლია ამის გაკეთება?"
დედა ტერეზამ ლმობიერად შეხედა ქალს და უთხრა: "ღმერთისა და კაცობრიობის მსახურება - ეს პრივილეგიაა და არა სასჯელი. ღმერთის ნებისმიერი მსახურება - ეს წყალობაა. არ არსებობს საპატიო ან დაბალხარისხოვანი მსახურება."
"კი მაგრამ, დედაო, - საუბარში ჩაერთო ამ ქალის ქმარი, - საიდან იღებთ ამდენ ძალას?"
დედა ტერეზამ თავისი კრიალოსანი აჩვენა. შემდეგ კი წარმოთქვა სიტყვები, რომლებიც უკვე არაერთხელ გამიგია სხვადასხვა რელიგიური ტრადიციის წმინდა ადამიანებისგან: "მე ღმერთის წმინდა სახელისგან ვიღებ ძალას".
ის ჩემსკენ შემობრუნდა და მითხრა: "მორჩილს ვერ შეეხება ვერც ქება და ვერც ძაგება, რადგანაც მორჩილმა იცის, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში. ღმერთი ყველაფერს ხედავს. არასოდეს ჩავარდე სასოწარკვეთილებაში, როცა წარუმატებლობა შეგემთხვევა, თუკი იცი, რომ ყველაფერი გააკეთე, რაც შეგეძლო". მისი სიტყვები ჩემს გულს ეხმიანებოდა.
ინგლისელმა ქალმა წასვლის წინ ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა, რასაც აკეთებს. "ყველაფერს ღმერთი აკეთებს, - შეეწინააღმდეგა დედა ტერეზა, - მე მხოლოდ უბადრუკი იარაღი ვარ მის ხელში." შემდეგ ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ქვაბების რეცხვა უნდა დაემთავრებინა...
დედა ტერეზა დაიბადა 1910 წელს მაკედონიაში, ალბანელების ოჯახში. ჩვიდმეტი წლის ასაკში მონაზვნების ორდენშI შევიდა და მალე მარიამ ღვთისმშობლის სკოლაში გაგზავნეს კალკუტაში, მასწავლებლად. შემდეგ იგი ამ სკოლის დირექტორი გახდა. 1948 წელს მის ცხოვრებაშI მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: მან იპოვა თავისი მოწოდება, დაიწყო რა ღატაკების მოვლა კალკუტას უღარიბეს უბნებში. 1950 წელს სულ რაღაც თორმეტ დამხმარესთან ერთად დედა ტერეზამ დააარსა მონაზვნური კონგრეგაცია "სიყვარულის მისიონერის დის" სახელწოდებით. შემდგომ წლებში მისმა უანგარო მსახურებამ ათასობით ადამიანის ყურადღება მიიპყრო, რომლებსაც სურვილი გაუჩნდათ დახმარებოდნენ ღმერთის ამ მისიის განხორციელებაში.
მონაზონს ვთხოვე, ავადმყოფთა და მომაკვდავთა თავშესაფრამდე მივეცილებინე. ვგრძნობდი რა, რომ უძლური ვიყავი როგორმე დავხმარებოდი მათ, ყველაზე უბრალო მსახურებას ვითხოვე - იატაკი მოვწმინდე და ჭურჭელი დავარიგე. მალე თავშესაფარში დედა ტერეზა მოვიდა. მისმა ყოფნამ ტანჯვის და სიკვდილის ეს მძიმე ადგილსამყოფელი სიხარულის და იმედის სინათლით აავსო. მან ხელში აიღო ავადმყოფობით გატანჯული ქალის ხელი და ნაზად გაუღიმა. ქალი მაშინვე შეიცვალა. თვალები სიხარულით გაუბრწყინდა და საპასუხოდ გაუღიმა.
შემდეგ დედა ტერეზა ერთი საწოლიდან მეორესთან მიდიოდა, ამასთან ჩანდა, რომ ამ ყველაფერს აკეთებდა არა მოვალეობის გამო, არამედ გულწრფელი სიყვარულით. ერთ საწოლზე ძალიან გამოფიტული მამაკაცი იწვა. იგი სისხლით ახველებდა, და ჩანდა, რომ დიდხანს სიცოცხლე აღარ ეწერა. როცა დედა ტერეზამ თავზე გადაუსვა ხელი, მან ისე შეხედა, თითქოს ანგელოზი იყო, მასთან ციდან ყველაზე საჭირო მომენტში მოვლენილი. თავი მოაბრუნა და გაუღიმა მას. "ღმერთს უყვარხარ, - ხმადაბლა წარმოთქვა დედა ტერეზამ. - მადლიერებით გაიხსენე იგი." სანუგეშო სიტყვები სხვა მომაკვდავი ქალისთვისაც გამონახა, რომელიც ყველა ახლობელმა და ნათესავმა მიატოვა: "თუ გინდა, რომ მართლა შეიყვარო ღმერთი, პატიება უნდა ისწავლო." ჩანდა, როგორ მოხსნა ამ უბრალო სიტყვებმა მძიმე ტვირთი, რომელიც გულზე ჰქონდა ამ ქალს. დედა ტერეზა იმედს და სიყვარულს აძლევდა ყველას, ვისაც ეხებოდა. ყველას, ინდოელი იქნებოდა იგი, მუსულმანი, იუდეველი თუ ქრისტიანი, ერთნაირი სიყვარულით და სინაზით ეპყრობოდა. რაღაც მომენტში ჩემსკენ შემობრუნდა და მითხრა: "მე ჩემ საყვარელ იესოს ყველა ამ ტანჯულ სულში ვხედავ. და უფალი მოწყალედ იღებს ჩემს სიყვარულს მათი მეშვეობით."
"დედაო, - დაბნეულმა ვკითხე მე, - ისინი ხედავენ, თუ როგორ ვლინდება თქვენი მეშვეობით იესოს სიყვარული."
დედა ტერეზამ ფართოდ გაიღიმა: "რა არის ეს, თუ არა სასწაული ღვთაებრივი სიყვარულისა?

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff