თავი მეორმოცე
თავი მეორმოცე
1971 წლის 26 ნოემბერი. მე გზის პირას ვიდექი, როცა ინდური წარმოების ავტობუსი ხმაურით შემოვიდა ვრინდავანში და გაჩერდა. კარი გაიღო, და კიბეებზე დაეშვა არამაღალი ხანშიშესული ადამიანი ზაფრანისფერ ტანსაცმელში, ხელში ხის ხელჯოხით. ეს იყო შრილა პრაბჰუპადა, ვრინდავანის ელჩი მთელს მსოფლიოში. ყველა მხრიდან მასთან მიცვივდნენ მოხუცები და ახალგაზრდები. როცა კვლავ დავინახე ეს ადამიანი, რომელიც ოდესღაც ასე კეთილად მომექცა, ვიგრძენი, როგორ დნებოდა ჩემი გული სიხარულით.
იმან, რაც შემდეგ მოხდა, კიდევ უფრო მეტი აღტაცება გამოიწვია ადგილობრივ მაცხოვრებლებში. იმავე ავტობუსიდან გადმოვიდა ორმოცი ადამიანი, კრიშნას ერთგულები – სრულიად სხვადასხვა ეროვნებისა და რასის ქალები და მამაკაცები: ევროპელები, ამერიკელები, ლათინოამერიკელები, აფრიკელები, აზიატები, ინდოელები. პირველად, ვრინდავანის ისტორიაში, აქ უცხოელების ამხელა ჯგუფი ჩამოვიდა. როცა ავტობუსიდან გადმოდიოდნენ, ტაძრის მსახურები და მწირები აღტაცებულნი აქნევდნენ თავებს, ბავშვები აღტკინებულნი იღიმებოდნენ, ხოლო უბრალო გლეხები გაკვირვებით უცქერდნენ ამ ყოველივეს.
ასეულობით მილიონი ინდოელი ეთაყვანება კრიშნას და ვრინდავანს ყველაზე წმინდა ადგილად თვლის დედამიწაზე. ხედავდნენ რა, რომ ყველაზე განსხვავებული ეროვნების ხალხი იზიარებდა მათ რწმენას, ვრინდავანის მცხოვრებლები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გაიბერნენ სიამაყისგან. დაიწყო ცერემონია, რომლის დროსაც მაღალჩინოსანმა სახეებმა მერის, სახელმწიფო ჩინოვნიკების, მღვდელმსახურებისა და რელიგიური თემების მეთაურთა ჩათვლით შრილა პრაბჰუპადას სახლში დაბრუნებას მისალმებითა და ზეიმით შეხვდნენ. ოდესღაც ეს ხანშიშესული სადჰუ, თავისი ოცნებით წარმართული, ვრინდავანიდან გაემგზავრა ისე, რომ გროშიც კი არ ჰქონდა ჯიბეში. ახლა კი მსოფლიოში სახელგანთქმულ მასწავლებლად დაბრუნდა სახლში.
შრილა პრაბჰუპადა დაიბადა 1896 წელს კალკუტაში. მას აბჰაი-ჩარანი დაარქვეს. მისი მშობლები ღრმადმორწმუნე ადამიანები იყვნენ. 1922 წელს ახალგაზრდა აბჰაი შრილა ბჰაკტისიდჰანტა სარასვატის შეხვდა, რომელიც მისი გურუ გახდა. ამის შესახებ ჯერ კიდევ ბომბეიში წავიკითხე. მათი პირველი საუბრის დროს შრილა ბჰაკტისიდჰანტამ თქვა: “შენ განათლებული ახალგაზრდა ხარ. რატომ არ უნდა გაავრცელო მთელ მსოფლიოში უფალი ჩაიტანიას მოძღვრება?”
აბჰაიმ იფიქრა, რომ მოესმა ეს ყველაფერი. ისინი თითქმის არ იცნობდნენ ერთმანეთს და სადჰუმ კი მთელი ცხოვრების მისია დაავალა! იმ დროს აბჰაი აქტიურ მონაწილეობას იღებდა მაჰატმა განდის მოძრაობაში ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის. “ვინ მოგვისმენს ჩვენ? – შეეპასუხა აბჰაი. – როგორ გავავრცელებთ ინდურ კულტურას, თუ თავად ჩვენ თვითონ ინგლისელები გვმართავენ?”
შრილა ბჰაკტისიდჰანტამ უპასუხა: “ყველანაირი ძალაუფლება დროებითია. მარადიული ჭეშმარიტება მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო სახელწოდებებთან, რომლებსაც ჩვენი სხეულები ატარებენ. ჩვენ – მარადიული სულები ვართ, ნეტარებით აღვსილნი. თუ გვინდა, რომ კაცობრიობას, საზოგადოებას ან ქვეყანას სიკეთე მოვუტანოთ, უნდა დავეხმაროთ ადამიანებს, რომ მათი მარადიული ურთიერთობები აღადგინონ უმაღლეს რეალობასთან – უფალ კრიშნასთან”.
ბჰაკტისიდჰანტას სიტყვები ლოგიკური და ამასთან ერთად თანაგრძნობით იყო სავსე. როცა მოისმინა, თუ როგორ ხსნიდა იგი წმინდა წერილებს, აბჰაიმ დამარცხებულად აღიარა თავი. მთელი გულით მიიღო მან ბჰაკტისიდჰანტა სარასვატი სულიერ მოძღვრად და მისი სურვილის შესრულებას მთელი ცხოვრება მიუძღვნა.
“მეგობარო!” – მომესმა უეცრად. გვერდზე მივიხედე და დავინახე მომღიმარი ბრგე ახალგაზრდა თეთრ ტანსაცმელში, რომელიც ხელებგაშლილი მოიჩქაროდა ჩემსკენ. ეს გურუდასი იყო. სწორედ მან, ცხრა თვის წინ ბომბეიში მიმიყვანა სცენასთან, სადაც პირველად ვნახე ახლოდან შრილა პრაბჰუპადა. იგი აღტაცებისგან აკვესებდა თავის მწვანე თვალებს. გადამეხვია და მითხრა: “ჩვენ კვლკავ შევხვდით, და თანაც ასეთ წმინდა ადგილას!” მოგვიანებით, იმავე დღეს ვიწრო ქუჩებით წამიყვანა სადღაც. ჭიშკარი გავიარეთ და შუასაუკუნეების დროინდელ ტაძართან მივედით. იქ, ვიწრო გვერდითა ოთახში მან მომიყვა შრილა პრაბჰუპადას ცხოვრების შესახებ.
“1945 წელს შრილა პრაბჰუპადა მოსწყდა თავის საქმეებს და ვრინდავანში დაფუძნდა. სწორედ ამ პატარა ოთახში, სადაც ახლა ვზივართ, მან გაატარა ექვსი წელი, ემზადებოდა რა თავისი მისიისთვის”. ქვის იატაკზე ვიჯექი და ყურადღებით ვათვალიერებდი პაწაწინა ნაგებობას. მწვანე ხვლიკი, რომელიც სწრაფად იქნევდა გრძელ კუდს, ცოტა ხნით შეყოვნდა და სწრაფად მიირბინა თიხით გალესილ აგურის კედელთან. დაბალი მაგიდა და საწოლის ხის რამა გადაჯვარედინებული თოკით მატრასისთვის, ერთადერთი ავეჯი იყო ოთახში. “ზუსტად აქ, - თქვა გურუდასმა, - იგი სანსკრიტიდან ინგლისურად თარგმნიდა წმინდა წერილებს”.
მე თავი დავუქნიე და ამით თხრობის მოსმენის გაგრძელების სურვილი დავუდასტურე.
“1959 წელს მან სანიასობა მიიღო, სვამი გახდა. მას მიანიჭეს ტიტული “ბჰაკტივედანტა სვამი”, - თქვა გურუდასმა. – ხოლო 1965 წელს, სამოცდაცხრა წლის ასაკში, მან დატოვა თავისი სახლი ვრინდავანში, რათა თავისი ცხოვრების მისია აღესრულებინა. მიიღო რა უფასო ბილეთი, იგი სატვირთო გემით, სახელწოდებით “ჯალადუტა” ამერიკის ნაპირებისკენ გაემართა. ჯიბეში დაახლოებით შვიდი დოლარი ჰქონდა ინდურ ვალუტაში. გემი არაერთხელ მოჰყვა ქარიშხალში, და გზაში მან ორი გულის შეტევა გადაიტანა. თავის სამოცდამეატე დაბადების დღეს ღია ზღვაში შეხვდა. პირველი პორტი, რომელსაც “ჯალადუტა” მიადგა, ბოსტონი იყო, რომლის შემდეგაც გემი ნიუ-იორკთან მიცურდა”.
ოთახში ზამთრის ქარის ცივი ნაკადი შემოიჭრა. ტაძარში მსახურება იწყებოდა: ზარებმა დარეკეს, და მღვდელმსახურებმა სპილენძის გონგს შემოჰკრეს ხის ჩაქუჩებით: ბომ-ბომ, ბომ-ბომ, ბომ-ბომ. სანამ ადამიანთა ნაკადები ტაძრის ეზოს ავსებდნენ მსახურების დაწყების მოლოდინში, გურუდასი თხრობას აგრძელებდა: “შრილა პრაბჰუპადა ნიუ-იორკის პორტში ჩამოვიდა. იქ ერთ ადამიანსაც კი არ იცნობდა, და თავიდან მარტოკას უხდებოდა ბრძოლა. იგი მიყრუებულ რაიონში დასახლდა ბაუერი-სტრიტზე, შემდეგ კი ქვემო ისტ-საიდში. ნელ-ნელა მისი საოცარი თვისებები და ღრმა განსწავლულობა გულწრფელ მაძიებლებს იზიდავდა მისკენ ჰიპებს შორის. მან მრავალი ახალგაზრდა ამერიკელისა და ევროპელის გული შეცვალა. მე 1967 წელს, სან-ფრანცისკოში გავხდი მისი მოსწავლე. ჩვენ სიყვარულით ვეძახით მას შრილა პრაბჰუპადას, რაც ნიშნავს “ვის ტერფებთანაც ზიან უდიადესი მასწავლებლები”. გაატარა რა ინდოეთის გარეთ სულ რაღაც რამდენიმე წელი, მან დააფუძნა მსოფლიო მოძრაობა და ახლა პირველად ჩამოიყვანა თავის მოსწავლეთა ჯგუფი თავის მშობლიურ სახლში – ვრინდავანში”.
გაკვირვებულმა თავი გავიქნიე. მეც გავიარე მარტოკამ მრავალი ქვეყანა – ფულისა და ნაცნობობის გარეშე. მაგრამ მე ახალგაზრდა და ჯანმრთელი ცხრამეტი წლის ყმაწვილი ვიყავი. მან კი თავისი მოგზაურობა სამოცდაათ წლის ასაკში დაიწყო და უცხო ქვეყანაში ისე ჩავიდა, რომ არც საარსებო საშუალება გააჩნდა, არც ნაცნობები ჰყავდა, და ყველაფერი ეს მხოლოდ იმისთვის, რომ ღმერთის თანაგრძნობის ინსტრუმენტი გამხდარიყო.
* * *
საღამოს იმავე ტაძარში დავბრუნდი, რათა შრილა პრაბჰუპადას ლექცია მომესმინა. იატაკზე დავჯექი გადავსებულ დარბაზში, რომელშიც ჭერის ქვეშ ვენტილიატორები ტრიალებდნენ. შეკრებილებმა რელიგიური სიმღერების გალობა დაიწყეს, ხოლო ფანჯრებს მიღმა ჩიტები ჟღურტულებდნენ. როგორც კი შრილა პრაბჰუპადა გამოჩნდა, მაშინვე სიჩუმე ჩამოწვა. მოსწავლეებმა მოწიწებით თაყვანი სცეს, ძველი მეგობრები გადაეხვივნენ, ხოლო დანარჩენი სტუმრები პატივისცემის ნიშნად გაშეშდნენ. მას ეცვა ბერის ზაფრანისფერი სამოსი – უნაკლოდ სუფთა, აკურატული ნაკეცებით. იგი დარბაზის შორეულ ბოლოში, წითელი ქსოვილით გაწყობილ შემაღლებულზე დაჯდა ფეხებგადაჯვარედინებული. მრავალრიცხოვან ფანჯრებს მიღმა ჩამავალი მზე რბილი სხივებით ანათებდა მის მუქ-ოქროსფერ სახეს. მან სიყვარულით მოათვალიერა დარბაზი თავისი ყავისფერი თვალებით – ბრძნულით, მაგრამ ამავე დროს უმანკოთი, როგორც ახალშობილს აქვს. ის მაღალი არ იყო. მეტრი და სამოცდაათზე მეტი არ იქნებოდა, მაგრამ მისგან უჩვეულო ძალა მოდიოდა. თავი დახარა, შეტყუპებული ხელები მკერდთან მიიდო ყველასადმი მისალმების ნიშნად, შემდეგ კი ჩაახველა და ღრმა ხმით დაიწყო მიკროფონში ლაპარაკი.
“ცხოვრების მთავარ კანონს ვინმეს სიყვარულის საჭიროება წარმოადგენს, - დაიწყო მან. – შეუძლებელია ცხოვრება ისე, რომ არავინ გვიყვარდეს. ეს მოთხოვნილება ყველა ცოცხალ არსებაშია. მაგრამ არის ერთი უზუსტობა: ჩვენ არ ვიცით, ვისზე უნდა იქნეს მიმართული ჩვენი სიყვარული, რათა მან ყველა მოიცვას და ყველას მოუტანოს ბედნიერება”. იგი გაჩუმდა და სერიოზული მზერით შეხედა მსმენელებს: “ჩვენს დროში საზოგადოება ასწავლის ადამიანს სამშობლოს, ოჯახის და საკუთარი თავის სიყვარულს, მაგრამ არავინ იცის, საით უნდა იყოს წარმართული სიყვარულის ჩვენი მოთხოვნილება ისე, რომ ყველა ბედნიერი გახდეს”.
მოწოლილი გრძნობებისგან ხმა ოდნავ აუკანკალდა. ეს მხოლოდ დარიგება არ იყო. იგი თითქოს გვემუდარებოდა ყველა იქ მყოფს, რომ გაგვეცნობიერებინა იმ ყველაფრის დიდი მნიშვნელობა, რისი მოტანაც ჩვენამდე უნდოდა. დახმარების მისი სურვილი იმდენად აშკარა იყო, რომ ყველა ხარბად იჭერდა მის თითოეულ სიტყვას: “ჩვენ მარცხი განვიცადეთ ჩვენს მცდელობებში, რომ შეგვექმნა მშვიდობიანი და ჰარმონიული საზოგადოება. ვერც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, ვერც ეკონომიკურმა განვითარებამ, ვერც მეცნიერულმა პროგრესმა ვერ მოგვიტანა ადამიანებს მშვიდობა და ბედნიერება – და ყველაფერი იმის გამო, რომ მხედველობიდან ყველაზე მთავარი გავუშვით”. ამას ისე ამბობდა, თითქოს მთელი ქვეყნიერების ტანჯვას განიცდიდა. დანამული თვალები დახუჭა და თითქოს ტრანსის მდგომარეობაში განაგრძო: “ეს დანაკლისი შეგვიძლია შევავსოთY, თუკი ჩვენს გულებში კრიშნასადმი თავდაპირველ სიყვარულს გავაღვიძებთ. თუკი კრიშნას სიყვარულს ვისწავლით, მაშინ ყველა ცოცხალ არსებას შევიყვარებთ. კრიშნას სიყვარული – იგივეა რაც ხის ფესვების მორწყვა; ამით ხის დანარჩენი ნაწილებიც მიიღებენ კვებას. საჭმლის კუჭში გაგზავნით, სხეულის ყველა ორგანოს ვკვებავთ. თუკი მტკიცედ გავითავისებთ ამ გაკვეთილს, ჩვენი ცხოვრება ნეტარებით აივსება”.
ამ დროისთვის ჩემი სულიერი ძიებები იმდენად ინტენსიური გახდა, რომ მისმა სიტყვებმა ღმერთისადმი ოდესღაც დაკარგული სიყვარულის აღდგენის სასწრაფო აუცილებლობაზე სულის სიღრმემდე შემძრა.
პრაბჰუპადას მოსწავლეებმა მათთან დაბინავება შემომთავაზეს, მაგრამ მე თავაზიანად ვუთხარი უარი. ისევ იამუნას ნაპირას, ხის ქვეშ ძილი ვამჯობინე. თუმცაღა ყოველ დილით, განბანვისა და მედიტაციის შემდეგ, მისი ლექციის მოსასმენად მივდიოდი. უნდა ვაღიარო, პრაბჰუპადას მოსწავლეებმა არც თუ ისე კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ჩემზე. მრავალ მათგანს ჰქონდა ფოტოაპარატი და მაგნიტოფონი – საგნები, რომლებიც არასოდეს მინახავს, რომ სადჰუს ჰქონოდეს. მაგრამ ამავე დროს უფრო და უფრო მხიბლავდა შრილა პრაბჰუპადას განსწავლულობის სიღრმე და საოცარი ადამიანური თვისებები. საოცარი იყო, რა უბრალოდ და მსუბუქად ხსნიდა ყველაზე რთულ ფილოსოფიურ ჭეშმარიტებებს. ყოველ დილით, ლექციის შემდეგ შრილა პრაბჰუპადას თავად დავყავდით ვრინდავანში. ვნახულობდით იმ ადგილებს, სადაც უკვე ბევრჯერ ვყოფილვარ, მაგრამ მისი თანდასწრებით სულ სხვა გრძნობები და ფიქრები მიჩნდებოდა, თითქოს იგი რეალობის უფრო ღრმა პლასტს მიხსნიდა. როცა ამა თუ იმ ადგილის ისტორიას ყვებოდა, მე თითქოს ვხედავდი, რასაც ამბობდა. სადილის შემდეგ, როგორც წესი მის ოთახში რამდენიმე საათს ვატარებდი და ვისმენდი, როგორ ძალდაუტანებლად საუბრობდა სხვადასხვა თემებზე თავის სტუმრებთან. მე ძალიან მორცხვად ვიყავი მისი თანდასწრებით და არანაირ კითხვას არ ვუსვამდი, მაგრამ სიხარულით ვუსმენდი ყველაფერს, რაზეც თავის სტუმრებთან საუბრობდა.
ერთხელ, როცა ოთახში ვიჯექი, შრილა პრაბჰუპადას ერთ-ერთი ძველი მოსწავლე შემოვიდა და მკაცრი მზერით გამოემართა ჩემსკენ. “აქ ყოფნის უფლება მხოლოდ სტუმრებს აქვთ, - თქვა მან. – გთხოვთ გარეთ გაბრძანდით. ახლა ყველა ერთგული რაიმე მსახურებითაა დაკავებული. გეყო უსაქმურობა”. მიუხედავად იმისა, რომ პრაბჰუპადას სხვა მოსწავლეებისგან განსხვავებით გრძელ თმას ვატარებდი, ერთადერთი დასავლეთელი ადამიანი აღმოვჩნდი ოთახში. ცხადი იყო, რომ თავისიანად მიმიღეს.
ჩემი გრძელი თმა ვანახე და ვუთხარი: “შეხედე, რანაირი ერთგული ვარ?”
უარით აღშფოთებულმა, მოსწავლემ შრილა პრაბჰუპადას შეხედა და ელოდა, რომ ის მოგვარიგებდა. მე ძალიან მინდოდა დარჩენა და აღელვებული ველოდი გადაწყვეტილებას. შრილა პრაბჰუპადამ წარბები ასწია და ღიმილით შემომხედა, შემდეგ კი გაეცინა: “დაე დარჩეს. ის არაა ერთგული”. მოსწავლე გაკვირვებული წავიდა, ხოლო შრილა პრაბჰუპადამ ძალიან სერიოზულად და გულში ჩამწვდომად მითხრა: “მე მომწონს შენი მწველი სურვილი, რომ მოისმინო”. იგი თითქოს შეთქმულებაში შემოვიდა ჩემთან, და მისი თბილი სიტყვებისგან გული გამილღვა.
მეორე დღეს შემთხვევით შევხვდი ქუჩაში კრიშნადას ბაბაჯის. “ჰარე კრიშნა!” – მიყვირა მან. მეც მივესალმე და შრილა პრაბჰუპადას ჩამოსვლის შესახებ შევატყობინე. მას თვალები გაუბრწყინდა: “ნუთუ მართლა! ძალიან გთხოვ, წამიყვანე შენთან ერთად. მინდა ვნახო ჩემი ძვირფასი სულიერი ძმა”. ერთად გავუყევით გზას ვრინდავანის ვიწრო ქუჩებში. კიბით მეორე სართულზე ავედით, სადაც შრილა პრაბჰუპადა ცხოვრობდა. იგი იატაკზე იჯდა, დაბალ მაგიდასთან და ათიოდე სტუმარს ესაუბრებოდა. ორი დიადი სულის თვალები ერთმანეთს შეხვდნენ, და სახეები ბედნიერებისგან გაუბრწყინდათ. კრიშნადას ბაბაჯი ღიმილად დადნა და დაიყვირა: “ჰარე კრიშნა!” შრილა პრაბჰუპადას სახე ისეთი ნეტარებითა და აღტაცებით განათდა, რომელიც ჯერ არც ერთი ადამიანის სახეზე არ მინახავს. ფართე ღიმილით, თვალზე ცრემლებით მანაც დაიყვირა: “ჰარე კრიშნა!” – და თავისი ადგილიდან წამოხტა, რათა ბაბაჯის შეგებებოდა. ერთმანეთს მოეხვივნენ, და თვალებიდან ორივეს სიხარულის ცრემლები მოსდიოდათ. შემდეგ შრილა პრაბჰუპადამ ბალიშებთან მიიყვანა ბაბაჯი, რომლებზეც თავად იჯდა და გვერდზე მოისვა იგი. მომდევნო საათის განმავლობაში ისინი მშობლიურ ბენგალიურზე იცინოდნენ და საუბრობდნენ, თითქოს ოთახში მათ გარდა არავინ იყო. მე სულ რაღაც რამდენიმე მეტრში ვიჯექი მათგან და აღტაცებული ვუცქერდი ამ სანახაობას. რა საოცარი სულიერი ურთიერთობები აკავშირებდა ამ ორ ადამიანს! ცხოვრებაში ჯერ არასოდეს მენახა ისეთი სიყვარული და ისეთი პატივისცემა, როგორსაც ეს ორი ადამიანი ავლენდა ერთმანეთის მიმართ. რაღაც მომენტში მომეჩვენა, რომ სულიერ სამყაროს ვუმზერდი.
* * *
ერთი კვირაც არ გასულა, როცა შრილა პრაბჰუპადას ზოგიერთმა მოსწავლემ დაჟინებით მთხოვა, რომ გავრკვეულიყავი ჩემს არჩევანში. “ეს არაა სწორი, რომ ვრინდავანში ცხოვრობ, - ამბობდნენ ისინი. – ჩვენს მოძრაობას უნდა შემოუერთდე და ჩვენთან ერთად იმოგზაურო”. თუმცა არაერთხელ გამომივლია მსგავსი დამოკიდებულება, მათმა ძალდატანებამ გამამწარა. თუკი ჩემი გული ოდესმე აირჩევს მასწავლებელს, რომელსაც მთლიანად მივუძღვნი საკუთარ თავს, ჩემი გადაწყვეტილება ნაკარნახები იქნება ღრმა რწმენითა და შთაგონებით, და არა ვინმეს ზეწოლით.
ერთხელ, დღისით, ბაღისკენ მივიჩქაროდი, სადაც შრილა პრაბჰუპადას უნდა ელაპარაკა. მაგრამ დავაგვიანე. ძროხების ნახირი მშვიდად ძოვდა ბალახს, ხშირ ფოთლებს მიღმა ტკბილად გალობდნენ ჩიტები, და რამდენიმე ასეული ვრაჯაბასი, მკრთალი ზამთრის მზის ქვეშ რიგებად დაწყობილნი, შრილა პრაბჰუპადას აცილებდნენ. ხალხი მოწიწებით ეთაყვანებოდა მას, და მეც ვეცი თაყვანი, ისე რომ შუბლით მტვრიან მიწას შევეხე. როცა თავი ავწიე, ჩემგან რამდენიმე სანტიმეტრში მისი ტერფები დავინახე, უბრალო შლოპანცებით მოსილი. მუხლებზე მდგარმა ზემოთ ავიხედე და მის სერიოზულ მზერას შევხვდი.
“რამდენი ხანია, რაც ვრინდავანში ცხოვრობ?” – მკითხა მან.
“მე ყველაფერი გამიცივდა შიგნით: შემეშინდა, რომ ისიც გამლანძღავდა იმის გამო, რომ აქ ვცხოვრობ. ვუპასუხე: “თითქმის ნახევარი წელია, შრილა პრაბჰუპადა”.
მისი დიდი მუქი თვალები დიდხანს დაჟინებით უყურებდნენ ჩემსას. მეჩვენებოდა, რომ გარშემო არაფერი იყო გარდა ამ მზერისა. უცებ მივხვდი, რომ ჩემზე ყველაფერი იცოდა. ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეები, ღირსებები და ნაკლოვანებები, ყველაფერი, რისკენაც ვისწრაფვოდი და ყველაფერი, რისგან განთავისუფლებასაც ღმერთს შევთხოვდი. ჩუმად ვიყავი. ასე გავიდა, ალბათ ერთი წუთი. მოულოდნელად მისი სახე სულგრძელი ღიმილით განათდა. “ძალიან კარგი, - თქვა მან, და ნაზად გადამისვა თავზე ხელი. – ვრინდავანი – შესანიშნავი ადგილია”.
მის მზერაში და მის მოკლე რეპლიკაში მარადიული მეგობრის სიყვარული ვიგრძენი, მზრუნველი მშობლის სიყვარული, სიყვარული თავად ღმერთისა. იგი ნელა შეტრიალდა და წავიდა, ყოველ ნაბიჯზე მიწაზე აბჯენდა თავის ხის ხელჯოხს, მე კი თვალები დავხუჭე და ფიქრებს მივეცი თავი.
ის დაკავებული ადამიანია: ათიათასობით ადამიანი მთელს მსოფლიოში ელის, როდის დაუთმობს იგი ყურადღების თუნდაც ერთ წუთს. რატომ გაჩერდა ჩემთან სასაუბროდ? მე არაფერი მაქვს, რომ შევთავაზო, მე ღატაკი მაწანწალა ვარ, რომელიც ხის ქვეშ ათენებს ღამეებს.
ამ მცირე ყურადღებამ მისი მხრიდან ძალიან იმოქმედა ჩემზე – გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე მრავალმა იმ სასწაულთაგან, რომლებიც მანამდე მინახავს. არც მესმოდა და ვერც ვხსნიდი ჩემს შეგრძნებებს. შესაძლოა, - ვფიქრობდი მე, - სიკეთის მატარებლების მსახურებაა სწორედ ყველაზე დიდი სასწაული სასწაულთა შორის.
* * *
დიდი ხნის განმავლობაში მოსვენებას არ მაძლევდა ერთი ფილოსოფიური კითხვა: წარმოადგენს საბოლოო ჯამში ღმერთი პიროვნებას, თუ უპიროვნოა? ზოგიერთი იოგი და ფილოსოფოსი ამტკიცებდა, რომ თავის უმაღლეს გამოვლინებაში ღმერთი უპიროვნოა, რომ მას არ აქვს ფორმა, თუმცა მოდის რა მატერიალურ სამყაროში როგორც ავატარი, იგი დროებით ღებულობს მატერიალურ ფორმას. თავისი მისიის შესრულების შემდეგ, იგი კვლავ ითქვიფება თავის უფორმო ყოფიერებაში. ფორმა და ინდივიდუალობა, იმპერსონალისტებს სწავლების თანახმად, მატერიალური ილუზიის დროებით გამოვლინებას წარმოადგენს. თავის უმაღლეს მდგომარეობაში განთავისუფლებული სული თავისუფლდება ამ ილუზიისგან, ღმერთს ერწყმება და ყოვლისგამჭოლ სულიერ ყოფიერებაში იძირება.
სხვა იოგები და ფილოსოფოსები ამტკიცებდნენ, რომ ღმერთი – ეს უზენაესი პიროვნებაა და რომ მისი სულიერი ფორმა მარადიულია, და ცოდნითა და ნეტარებით სავსეა. განთავისუფლების შემდეგ სული ღმერთის სასუფეველში შედის, სადაც მარადიულად სიყვარულით ემსახურება ყოვლისმიმზიდველ უფალს.
მე ხშირად ვფიქრობდი ამ წინააღმდეგობაზე. ამ ორიდან ერთ-ერთი შეხედულება მცდარი უნდა ყოფილიყო. ღმერთი შეიძლება იყოს ან პიროვნება, ან უპიროვნო ყოფიერება. მე ყველა ჩემს მასწვალებელს პატივს ვცემდი, და არ მინდოდა, რომელიმე მათგანი არასწორად ჩამეთვალა. ზოგიერთი შეურიგებბლად იცავდა თავის შეხედულებას, სხვები, პირიქით, თავს იკავებდნენ კამათისგან და ბურუსით მოცული ფრაზებით შემოიფარგლებოდნენ. აღმოვაჩინე, რომ მრავალი სულიერი მოძღვარი ინდოეთში არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან მანამ, სანამ ეს საკითხი არ აღიძვრებოდა.
რომელი მიზნისკენ უნდა ვისწრაფო? – ვფიქრობდი მე. უნდა ავმაღლდე ორმაგობაზე, რათა უპიროვნო და უფორმო ღმერთს შევერწყა, თუ საკუთარი გული უნდა გავწმინდო, რატა უპირობო სიყვარულით ვემსახურო ღმერთ-პიროვნებას მის მარადიულ სასუფეველში?
ერთხელ, რომელიღაც სტუმარმა სწორედ ეს კითხვა დაუსვა შრილა პრაბჰუპადას: ”უფორმო და უპიროვნოა ღმერთი, თუ მას აქვს ფორმა და ინდივიდუალობა?” ჩიტების ხმა, მაიმუნების ყვირილი და რიკშების საყვირის ხმა ფანჯრებს მიღმა – ყველაფერი ერთბაშად მიჩუმდა ჩემს ცნობიერებაში. მთლიანად სმენად ვიქეცი და პასუხს ველოდი. შრილა პრაბჰუპადა იატაკზე იჯდა ფეხებგადაჯვარედინებული. მის წინ დაბალი მაგიდა იდგა, რომელსაც იდაყვებით ეყრდნობოდა და ნიკაპი გადაჭდობილ ხელებში ჰქონდა ჩარგული. როცა კითხვა მოისმინა, ცოტა წინ წამოიწია; მისი სახე, ძირს დაწეული ტუჩის კუთხეებით, აბსოლუტურ სიმშვიდეს ასხივებდა. სერიოზული გამომეტყველებით, მან ციტატა მოიყვანა ვედებიდან და შემდეგ ახსნა: “უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიგოთ, რომ ღმერთის ბუნება მიუწვდომელია. უზენაესი უფალი თავის თავში მოიცავს პიროვნების თვისებებსაც და უპიროვნო ყოფიერებისაც. მარადიული ჭეშმარიტება მდგომარეობს იმაში, რომ მას არა აქვს ხატ-სახე და ფორმა და ამავე დროს მას გააჩნია მარადიული ყოვლადნეტარი ფორმა”.
ჩემს მკერდში თბილი სიმშვიდე ჩაიღვარა. შრილა პრაბჰუპადამ საჩვენებელი თითი ასწია და განაგრძო: “ღმერთის უპიროვნო ყველგანმყოფ ენერგიეს ბრაჰმანი ეწოდება. ხოლო მისი პიროვნული ფორმა – ეს ბჰაგავანია, ყველა ენერგიეს წყარო, რომელიც თავად არასოდეს ექცევა ილუზიის გავლენის ქვეშ. მაგალითად ავიღოთ მზე. მზე პლანეტის სახით და უფორმო მზის ნათება არ განსხვავდბიან ერთმანეთისაგან – ისინი ერთდროულად არსებობენ. ერთიც და მეორეც – ერთი და იგივე მზის ასპექტებს წარმოადგენენ. სწორედ ასევე, არსებობს ტრანსცენდენტალისტების ორი სკოლა. ისინი ერთი და იმავე ჭეშმარიტების სხვადასხვა ასპექტებზე ახდენენ კონცენტრაციას. იმპერსონალისტები ისწრაფვიან უპიროვნო განთავისუფლებისკენ უფლის უფორმო ნათებაში, ხოლო პერსონალისტებს კი სურთ, რომ მარადიულად და სიყვარულით ემსახურონ ღმერთის ყოვლადმიმზიდველ ფორმას. აქ არავითარი წინააღმდეგობა არაა. ამის მსგავსად, სული უფლის განუყოფელ ნაწილაკს წარმოადგენს, ერთდროულად მისი მსგავსია და თან განსხვავდება მისგან. ხარისხობრივად ჩვენ ერთიანი ვართ ღმერთთან: ვართ მარადიულები, ცოდნითა და ნეტარებით სავსენი, ისევე როგორც იგი. მაგრამ რაოდენობრივად ჩვენ – მხოლოდ მისი ნაწილაკები ვართ, მსგავსად მზის სხივისა, რომელიც სინათლის მხოლოდ პაწაწინა კორპუსკულას წარმოადგენს, თუმცა კი იგივე თვისეებს ატარებს, რასაც მზე. ჩვენ ერთდროულად ერთიანნი ვართ ღმერთთან და ამავე დროს განვსხვავდებით მისგან. ღმერთი – დამოუკიდებელი უფალია, მაგრამ როცა სული ბოროტად იყენებს ღმერთის მიერ ბოძებულ თავისუფლებას, მას ავიწყდება თავისი მარადიული ურთიერთობები ღმერთთან და ექცევა ილუზიის გავლენის ქვეშ, რომელიც ტანჯვაში აგდებს მას”.
იგი კედელს მიეყუდა, თავი ოდნავ დახარა და პირდაპირ მე შემომხედა თვალებში: “ეს ორი სკოლა – პერსონალისტებისა და იმპერსონალისტებისა – ერთი და იმავე ღმერთის სხვადასხვა ასპექტებს აღწერენ”. იგი აგრძელებდა ახსნას, რომ კრიშნა, მისი ფორმა, თვისებები, პიროვნება და სამყოფელი – უსაზღვროა, რომ მსოფლიოს ყველა ჭეშმარიტი რელიგია ერთი და იმავე ერთიან ღმერთს ეთაყვანება და რომ ღმერთი უბრალოდ სხვადასხვაგვარად ეხსნება სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა დროში.
რა ლამაზი პასუხია!~ რამდენიმე უბრალო, მაგრამ ბრძნული სიტყვით შრილა პრაბჰუპადამ შეარიგა ორი, ერთი შეხედვით ურთიერთსაწინააღმდეგო თვალსაზრისი. ვუსმენდი და თვალებიდან მადლიერების ცრემლები მომდიოდა. დიახ, ახლა ყველაფერი გასაგებია. ეჭვები, რომლებიც ჩემს გზაზე იდგნენ, უკანმოუხედავად წავიდნენ. ბედიერი ვიყავი და სიხარულით გავიღიმე, და შრილა პრაბჰუპადამაც გაიღიმა საპასუხოდ – ბრძნენივით და უდრტვინველად.
სტუმართაგან ვიღაცამ ჰკითხა: “მართალია, რომ თქვენ მთელი მსოფლიოს გურუ ხართ?”
შრილა პრაბჰუპადა იატაკს დააცქერდა და უპასუხა. “მე – ყველას მსახური ვარ. უბრალოდ მსახური”.
განცვიფრებული ვიყავი. ამ სიტყვებში, და საერთოდ ყველაფერში, რასაც ამბობდა და აკეთებდა შრილა პრაბჰუპადა, სიყალბის ნატამალიც კი არ იყო. იგი ყოველთვის ძალდაუტანებელი და ბუნებრივი რჩებოდა. გამახსენდა მორჩილება ჩემი ძვირფასი განაშიამისა, რომელიც ორმოცდაათი წლის განმავლობაში კორიდორში ცხოვრობდა, საკუჭნაოს გვერდით. შრილა პრაბჰუპადა ღრმად განათლაბული მეცნიერი იყო, ბრწყინვალე ორატორი და ძლევამოსილი იოგი; მან დააარსა მსოფლიო მოძრაობა ათასობით მიმდევარით, და ყოველდღე მის თაყვანსაცემად მრავალი მაღალჩინოსანი ადამიანი მოდიოდა. მიუხედავად ამისა, იგი სწორედ ისეთივე არაყალბ მორჩილებას ფლობდა: “მე – არავინ ვარ. ღმერთი – ყველაფერია”. ყველაზე საოცარი იმაში მდგომარეობდა, რომ ეს მორჩილება უსაზღვრო თავდაჯერებულობას და სიმტკიცეს ანიჭებდა მას.
შეხვედრის შემდეგ შრილა პრაბჰუპადასთან მივედი და ვარდი გავუწოდე. მან დაყნოსა და მადლობის ნიშნად თავი დახარა. ქუჩაში გავედი და იამუნასკენ გავემართე. პრაბჰუპადას უბრალო სიტყვებმა გადაწყვიტა თავსატეხი, და ჩემს გონებაში შეარიგა პერსონალიზმი და იმპერსონალიზმი. უფრო და უფრო აღფრთოვანებული ვიყავი მისი თვისებებით და საქციელებით. საინტერესოა, ვინაა ეს საოცარი ადამიანი? – ვფიქრობდი მე. – როგორია იგი ყოველდღიურ ცხოვრებაში?