თავი ოცდამეჩვიდმეტე
თავი ოცდამეჩვიდმეტე
უზარმაზარი გაავებული მაიმუნების ჯოგი ღრენითა და ყიჟინით შემოეხვა გარს ახალდაბადებულ ხბოს. პატარა არსება კანკალებდა, ტიროდა, და უმწეო ბღავილით უხმობდა თავის დედას. გვერდზე გავიარე და ამ სცენის მოწმე გავხდი. სანამ მაგარ ჯოხს ვეძებდი, რათა მივშველებოდი, დედა – ძროხა გამოჩნდა. ხმამაღალი ღმუილით, იგი შემთხვევის ადგილისკენ გამოქანდა. სიყვარულით შეპყრობილმა უშიშრად დაიწყო მაიმუნების რქებით მოგერიება და მალევე გააქცია ისინი. ამის შემდეგ, თვალებგაბრწყინებულმა და სინაზით სავსე ძროხამ თავის შვილს ლოკვა დაუწყო, სანამ იგი ბოლოს და ბოლოს არ დაწყნარდა და დედის ჯიქნიდან რძის წოვა არ დაიწყო.
როცა მათ ვაკვირდებოდი, გამახსენდა უფალი ჩაიტანიას სიტყვები. ის ასწავლიდა, რომ ღმერთის სახელი უნდა გავიმეოროთ ჭკუის მორჩილ მდგომარეობაში, და ისე მოვუხმოთ მას, როგორც ბავშვი ეძახის დედას. ჩემთვის, იმ საზოგადოებაში გაზრდილისთვის, სადაც მორჩილება როგორც წესი სისუსტედ ითვლებოდა, ძნელი იყო იმის გაგება, თუ რა არის ნამდვილი მორჩილება და როგორ იქცევა ჭეშმარიტად მორჩილი ადამიანი. ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ძალიან მალე მივიღებდი გაკვეთილს ამ თემაში, და იგი მთელი ცხოვრება დამამახსოვრდებოდა.
ერთხელ შრიპად ბაბამ მე და ასიმი წითელი ქვიშისგან ნაშენებ რომელიღაც ძველ ტაძარში მიგვიყვანა. როცა შიგნით შევიხედეთ, დავინახეთ ცარიელი, გამოქვაბულისმაგვარი დარბაზი, მაღალი გუმბათისებური ჭერით. ზემოთ, ამ დიდი ხნის მიტოვებული ტაძრის გუმბათზე, თავით ქვემოთ ეკიდნენ უზარმაზარი შავი ღამურები. ქვის იატაკზე მათი ექსკრემენტები მოჩანდა. აქვე, ნახევრად-წყვდიადში მაიმუნებს ეძინათ. ჩვენ ტაძარს შემოუარეთ და ძველ საცალფეხო ბილიკს გავუყევით. უცებ გზა მკვეთრად შეწყდა და ღია საკანალიზაციო არხის წინ აღმოვჩნდით. შრიპად ბაბამ სიცილით გვიბიძგა: “მიდით-მიდით, მინდა განსაკუთრებული ტაძარი გაჩვენოთ”. ქვის მეშვეობით, რომელიც არხის შუაში იყო, მეორე მხარეს გადავედით და მალე უბრალო, არაფრით გამორჩეულ სახლში აღმოვჩნდით. მთელს სახლში დარბოდნენ და დახტოდნენ ბავშვები, მათი დედა კი, მუხლებზე მჯდარი, სადილს ამზადებდა. ეს რანაირი ტაძარია? – მიკვირდა მე.
როგორი იყო ჩემი გაოცება, როდესაც ამ სახლის ჩვეულებრივ საკუჭნაოში დავინახე საკურთხეველი, რომელზეც დაბრძანებულნი იყვნენ დიდი, სამოც სანტიმეტრამდე სიმაღლის კრიშნას და რადჰას ღვთაებები. კრიშნას ქანდაკება შავი ქვისგან იყო, რადჰასი კი – მბრწყინავი ბრინჯაოსგან. ღვთაებები, როგორც ჩანდა ძველნი იყვნენ. უცნაურია, მაგრამ ოჯახი, როგორც მე მომეჩვენა ყურადღებას არ აქცევდა თავის სხივმფენ სტუმრებს. როცა ახლოს მივედით, სამოცდაათ წლამდე ასაკის არამაღალი გამხდარი მოხუცი დავინახეთ. იგი ჩამარით უნიავებდა ღვთაებებს და მის უბრალო თვალებში სიყვარულის ცრემლები იდგა. თავი და პირისახე გაპარსული ჰქონდა, თვითონ კი უჩვეულოდ გამხდარი იყო. როგორც კი დაგვინახა, მაშინვე შესახვედრად გამოვარდა და ყოველი ჩვენგანის წინაშე დაიწყო ქედის მოხრა. ისე, რომ მუხლებიდან არ დგებოდა, კვლავ და კვლავ გვესალმებოდა მადლიერების ცრემლებით.
“მე თქვენი მორჩილი მსაური ვარ, - დარცხვენილი ამბობდა იგი. – გთხოვთ, მაკურთხეთ”. მან ჟესტით მიუთითა ღვთაებებზე: “ძალიან გთხოვთ, მიდით რადჰასთან და კრიშნასთან. კრიშნამ დღეს აქ დაგიძახათ, იმიტომ რომ მისი საუკეთესო მეგობრები ხართ. მე კი მისი უსუსური მსახური ვარ. მხოლოდ ერთი ბედნიერება მაქვს ცხოვრებაში – მსახურება. გთხოვთ, მომეცით ნება, რომ გემსახუროთ”. ასე შევხვდი პირველად განაშიამს.
შრიპად ბაბამ მოუყვა მას, თუ რა შორიდან მოვედით ვრინდავანში, და განაშიამი აღტაცებული დარჩა ამით: “კრიშნამ შორეული ქვეყნიდან გიხმოთ, და თქვენ გამოეხმაურეთ რა მის ძახილს, ოკეანეები და კონტინენტები გადმოლახეთ. ის ისე დიდხანს გელოდათ, და აი ახლა თქვენ მოხვედით”. განაშიამს ხმა აუკანკალდა. “დიახ, თქვენ უკვე მოხვედით”. მისი ხმელი, ბებრული სახე უბრალოებით ბრწყინავდა, ხოლო მისი პატარა, ბურუსით მოცული თვალები, მომრგვალებული ცხვირი, თხელი ტუჩები და ნაოჭების ბადე სევდიან გამომეტყველებას აძლევდნენ მის სახეს. მის დაბალ ხმაშიც კი სევდა გამოსჭვიოდა. მაგრამ გული და სული ექსტატიური სიყვარულით ჰქონდა სავსე, რომელსაც ყველა გრძნობდა, ვინც კი მასთან ერთად იმყოფებოდა. ჩვენ მოწიწებით ვიდექით მისი ღვთაებების წინაშე. მხოლოდ ესეც კი საკმარისი იყო იმისთვის, რომ აღტაცებაში მოეყვანა განაშიამი.
იმ დღის შემდეგ დიდ დროს ვატარებდი ამ წმინდა ადამიანთან. ყოველ დილით ცხრა საათზე ვუხვევდი ნაცნობი ბილიკისკენ და მასთან მივდიოდი საკუჭნაოში, რომელიც ტაძრად ქცეულიყო. იგი მაგნიტივით მიზიდავდა. ყოველ ჯერზე სიხარულით მხვდებოდა ერთი და იგივე ფრაზით: “მე – შენი მორჩილი მსახური ვარ”. და ეს არ იყო უბრალოდ სიტყვები. იგი მზად იყო სიხარულით მოეცა უკანასკნელი რაც გააჩნდა, და საპასუხოდ არაფერს ითხოვდა. როგორ მინდოდა მისი მსგავსი ვყოფილიყავი!
ერთხელ, დილით, როცა მე და განაშიამი განმარტოებით ვიჯექით, ვკითხე მას, თუ როგორ მოხვდა პირველად ვრინდავანში. მან თავი დახარა და წარმოთქვა: “რა აზრი აქვს ჩემი ცხოვრების ისტორიების მოსმენას?” მაგრამ მაშინვე გაუნათდა სახე: “თუმცა ალბათ ღირს იმის მოსმენა, როგორ გამოავლინა კრიშნამ თავის წყალობა ამ ცოდვილზე”. თავისი ჩუმი ხმით მან დაიწყო მოყოლა, თუ როგორ იზრდებოდა მდიდარ ოჯახში. “როცა ყმაწვილი ვიყავი, ჩვენმა ოჯახმა მწირობა შეასრულა ვრინდავანში. აქ ჩემი გული ღმერთის წყალობის ბადეში გაეხვა. ვეღარ შევძელი აქედან წასვლა”. თავის თავზე თხრობისას განაშიამი დარცხვენილი იკუმშებოდა. მან მომითხრო, თუ როგორ იყო მისი მთელი ოჯახი გაოგნებული მისი მტკიცე გადაწყვეტილებით, რომ უარს ამბობდა იმედისმომცემ კარიერაზე და ვრინდავანში რჩებოდა. “ისინი მემუქრებოდნენ, რომ მემკვიდრეობის გარეშე დამტოვებდნენ, მაგრამ ჩემთვის სულ ერთი იყო. კრიშნამ უკვე მოიტაცა ჩემი გული”, - ამბობდა განაშიამი. მას შიშველ მიწაზე ეძინა, გამომშრალ პურის კვერებს ჭამდა, რომლითაც ვრაჯაბასები უმასპინძლდებოდნენ, და ერთხელაც კი არ მოსვლია თავში, რომ თავისი დაკარგული სიმდიდრის გამო ენანა. “მე მადლობელი ვიყავი, რომ კრიშნას მსახურება შემეძლო მისსავე სახლში”.
ამ სიტყვებით განაშიამმა, შეცბუნებულმა გვერდზე გასწია თავისი მუქი თვალები, როგორც ამას მორცხვი ბავშვები აკეთებენ: “დიდი ხანი ვოცნებობდი, რომ ღვთაებისთვის მეცა თაყვანი. და აი, მოვიდა დღე, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. აქედან არც თუ ისე შორს, ხის ქვეშ ვიჯექი ბაღში, და თითით ქვიშაზე დავწერე შრი რადჰას სახელი. მთელი დღე ვეთაყვანებოდი მიწაზე გამოსახულ მის სახელს; ჩემი ძღვენი ყვავილები, სიმღერები და ლოცვები იყო. ბოლოს, დაისის ჟამს, ხელისგულით წავშალე მისი სახელი”.
განაშიამი გაჩუმდა. შეყვარებული თვალებით უცქერდა ღვთაებებს და ცდილობდა გრძნობებს მორეოდა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მან კვლავ განაგრძო: “როცა ასოებს ვშლიდი, დავინახე, რომ სწორედ იმ ადგილას, სადაც რადჰას სახელი ეწერა, რაღაც ოქროსფერმა გაიბრწყინა. მე დამაინტერესა. “რა შეიძლება ეს იყოს? – გავიფიქრე მე. – მოდი მაშინ დავბრუნდები, როცა გარშემო არავინ იქნება”. მეორე დღეს, დილით ადრე დავიწყე მიწის თხრა იმ ადგილას, სადაც რადჰა მოვიდა თავისი წმინდა სახელის სახით”.
განაშიამი დანებდა: უკვე აღარ შეეძლო თავის შეკავება – ცრემლები წამოცვივდა თვალებიდან და ხმა უკანკალებდა, სანამ თავისი სიყვარულის ისტორიას ჰყვებოდა. “ოქროს საგანი, რომელიც მიწის ქვეშ გამოჩნდა, ჩემი რადჰას თავის თხემი აღმოჩნდა. ასე მომევლინა მისი ღვთაება. ხოლო მის გვერდით, იქვე მიწაში, შავი ღვთაება – კრიშნა იმყოფებოდა. მის პოსტამენტზე ეწერა: “გოპიჯანა ვალაბჰა” – “მწყემსების შეყვარებული””.
ხმა ჩაუწყდა: “მაგრამ მე არაფერი არ მქონდა, საერთოდ არაფერი. რა უნდა გამეკეთებინა მათთვის?” განაშიამმა სიყვარულით შეხედა ღვთაებებს და სუსტი ხმით განაგრძო: “არ ვიცი რატომ, მაგრამ მათ მომანდეს თავიანთი თავი, რომ მეზრუნა მათზე. დღე და ღამე ვემსახურებოდი. თავიდან გამვლელები ცოტა საჭმელს მაძლევდნენ, რათა ღვთაებების გამოკვება შემძლებოდა. დიდი ხანი ხის ქვეშ ვეთაყვანებოდი მათ. მაგრამ ისე მოხდა, რომ ამ ოჯახის წინაპრები თანაგრძნობით განეწყვნენ უსახლკარო რადჰასა და გოპიჯანა-ვალაბჰას წინაშე და საკუჭნაო შემომთავაზეს თავიანთ სახლში, სადაც ვეთაყვანები მათ უკვე ორმოცდაათ წელზე მეტია”.
კვირები ერთი-მეორეს მიყოლებით გადიოდნენ, მე კი უფრო და უფრო აღტაცებული ვიყავი განაშიამით. “მე – შენი მორჩილი მსახური ვარ, მე – შენი მორჩილი მსახური ვარ”, - ყოველ ჯერზე იმეორებდა იგი და ცდილობდა მოეცა ყველაფერი, რაც კი გააჩნდა. ჩვენ ერთად ვმღეროდით გოპიჯანა ვალაბჰასთვის ან ფარშევანგის ბუმბულებიანი მარაოთი ვუნიავებდით ღვთაებებს. ყოველდღე იგი დაჟინებით მთხოვდა, რომ უფლის პრასადი მეჭამა – სამი უბრალო პურის კვერი, ვრაჯა-როტი. ეს ყველაზე გავრცელებული საჭმელია ვრინდავანის მკვიდრთათვის. თუმცა, ჩვეულებრივი თვალთახედვით, ვრაჯა-როტი – ეს უბრალოდ უხეში ფქვილისგან დამზადებული გამხმარი კვერებია, მათთვის, ვისაც რწმენა აქვს, ისინი შეუფასებელი წყალობა ხდება. გაკეთებულნი ხორბლისგან, რომელიც ვრინდავანის წმინდა მიწაზე მოდის, გამომცხვარნი და შეთავაზებულნი კრიშნასადმი ერთგულის მიერ, ვრაჯა-როტი ადგილობრივ მაცხოვრებლებში ერთგვარ წმინდა ზიარებად ითვლება, და მე მადლიერებით მივირთმევდი ყველა ვრაჯა-როტის, რომლითაც განაშიამი მიმასპინძლდებოდა.
ერთხელ, დღისით, როცა მდინარეში ვბანაობდი, ნაპირს ერთი ჩემი ნაცნობი სადჰუ მოუახლოვდა. ჩვეულებრივ ეს ბაბა კურთხევას მაძლევდა ხოლმე, ამიტომ მისგან მოსალმების ნაცვლად ლანძღვის მოსმენამ დამზაფრა. “შენს გამო, - მიყვიროდა იგი ნაპირიდან, - განაშიამი შიმშილობს!”
“რაზე ამბობთ? ვერ ვხვდები!” – ვუყვირე პასუხად.
იგი თავისი მზერით ჩამაფრინდა: “ყოველდღე ვრაჯაბასებს სამი როტი მიაქვთ მისთვის. ესაა მისი მთელი საჭმელი. შენ კი მის ყველა კვერს ჭამ. როგორ არ გრცხვენია!”
მეორე დღეს განაშიამმა, როგორც ყოველთვის თავისი უბრალო საცხოვრებლის იატაკზე მომათავსა, წინ ფოთლების თეფში დამიდგა და სიყვარულით დამიდო მასზე სამი ვრაჯა-როტი. მე თეფში გვერდზე გავწიე: “გმადლობ, არ მშია. დღეს არ შევჭამ”.
ჯობდა ეს არ მეთქვა. განაშიამი გაფითრდა: “შენ უნდა ჭამო. ეს გოპიჯანა ვალაბჰას საჭმელია. მან ის სპეციალურად დატოვა შენთვის”. მე უარი ვთქვი. მაშინ ხელებშეტყუპებულმა შემომღაღადა: “ჩემი ცოდვების გამოა, რომ ჩემს მსახურებას არ ღებულობ. ძალიან გთხოვ, შეჭამე ჩემი როტები!”
მე გული მისკდებოდა. შევეცადე გადამერწმუნებინა: “განაშიამ, შენ შიმშილობ იმის გამო, რომ სამივე როტის გიჭამ. მე შემიძლია სადაც მინდა იქ ვჭამო როტი, შენ კი არასოდეს გადიხარ აქედან!”
“მაგრამ მე ბევრი როტი მაქვს! – წამოიძახა განაშიამმა. – საიდან მოიტანე, რომ ვშიმშილობ?” და კვლავ მომიწია თეფში: “ძალიან გთხოვ, გემუდარები, მიირთვი!”
მე კვლავ გავწიე თეფში და ვთქვი: “კარგი, თუ შენ ბევრი როტი გაქვს – მანახე ისინი”.
“რატომ? რად გინდა ეს? – წამოიძახა მაღალი, აკანკალებული და სასოწარკვეთილი ხმით. – ისინი იქაა, სხვა ოთახში”.
“მე უარს ვამბობ შენი ერთადერთი საჭმლის ჭამაზე, სანამ არ მაჩვენებ, რომ კიდევ გაქვს”.
პასუხად კიდევ უფრო ხმამაღლა გაიმეორა: “რად გინდა? რად გინდა ეს?”
მე წამოვხტი და ოთახი დავათვალიერე, მაგრამ რა თქმა უნდა ვერაფერი ვიპოვე. “განაშიამ, არ არის აქ არანაირი როტი. ჩემს გამო შენ შიმშილობ. ძალიან გთხოვ, თვითონ შეჭამე ეს როტები!”
განაშიამს თვალებიდან ცრემლები წამოსცვივდა: “შენ – გოპიჯანავალაბჰას მეგობარი ხარ, მე კი – მხოლოდ და მხოლოდ მისი მსახურების მსახური ვარ. ჩემი ცხოვრების ერთადერთი ბედნიერება – ერთგულების მსახურებაა. გემუდარები – შეჭამე ეს როტები! გთხოვ, არ დამაკარგვინო ერთადერთი ბედნიერება, რაც გამაჩნია”. მისი უანგარო სიყვარულით და მადლიერი გულით გაოგნებულმა, ტირილი დავიწყე. იმისთვის, რომ გამეხარებინა ჩემი ძვირფასი განაშიამი, მისი ყველა როტი შევჭამე.
მეორე დღეს ჩვეულებრივზე რამდენიმე საათით გვიან მივედი იმის იმედად, რომ ამ დროისთვის უკვე შეჭმული ექნებოდა თავისი როტი. განაშიამი სიხარულისგან გადაირია: “კრიშნადას, რადჰინ კრიშნადას, როგორც იქნა მოხვედი! გოპიჯანა ვალაბჰა დაიღალა შენი ლოდინით”. ჩემ თვალებს ვერ ვუჯერებდი: როტები ჯერ ისევ საკურთხეველზე იდო. განაშიამმა ამიხსნა: “ჩემი უფალი არ ღებულობს ჩემგან ძღვენს, სანამ მისი მეგობარი არ მოვა. კრიშნამ სპეციალურად შენთვის დატოვა ეს როტები!” ამ სიტყვებით თეფში პირდაპირ ჩემს წინ დადგა. “შრი რადჰა მხოლოდ მაშინ მაღიარებს თავის მსახურად, როცა შენ ჭამ”. მე კვლავ დამარცხებული ვიყავი.
ერთხელ ვიღაც კეთილისმყოფელმა ახალი ტანსაცმელი აჩუქა განაშიამს. მან მორცხვად გასწია გვერდზე თვალები და აღიარა: “ეს სხეული მხოლოდ ერთგულების ნაცვამ ძველ ტანსაცმელს ღებულობს”. განაშიამი უძვირფასესად თვლიდა ძველ ტანსაცმელს, რადგანაც მანამდე მას რომელიმე სადჰუ ატარებდა.
ერთ საღამოს იმ დროს მივუსწარი, როცა ღვთაებრივ რაგებს მღეროდა პატარა ფისგარმონიის აკომპანიმენტით. ღმერთზე ფიქრებში ჩაძირულმა ვერც კი შეამჩნია როგორ შევედი. სიმღერის სიტყვები არ მესმოდა, მაგრამ ყველაფერი ისედაც ნათელი იყო. ყოველ ნოტში მისი სიყვარული და ერთგულება ჟღერდა. მისი ხმა ხან მაღლა ადიოდა სიხარულისგან, ხან კი გამოუთქმელი სევდით ივსებოდა თავის შეყვარებულთან განშორების გამო. გამახსენდა, რომ მიყვებოდნან, თითქოს ახალგაზრდობაში განაშიამი კარის მუსიკოსი იყო. საათი გავიდა, ვიდრე სიმღერაში ჩანთქმული განაშიამი ჩემს იქ ყოფნას შეამჩნევდა. როცა დამინახა, სიხარულისგან განათდა: “კრიშნადას, შენ მოხვედი!” მკითხა, ხომ არ მინდოდა დავხმარებოდი. ორმოცდაათი წლის განმავლობაში ყოველ საღამოს მოსასვენებლად ამზადებდა ღვთაებებს, მაგრამ რაც მოხუცდა, ძალიან დასუსტდა იმისთვის, რომ დამოუკიდებლად აეწია ისინი. მე სიხარულით დავთანხმდი და დიდ პატივად ჩავთვალე მისი დახმარება.
როცა უკვე წასვლა გადავწყვიტე, მან მკითხა: “კრიშნადას, სად უნდა გაათენო ეს ღამე?”
“იამუნას ნაპირზე, როგორც ყოველთვის”.
მან ხელზე ხელი მომკიდა და მზრუნველი მამასავით თავზე გადამისვა ხელი:
“უკვე ცივა. ზამთარი კარზეა მომდგარი. დღეს აქ უნდა გაათენო”.
“კი მაგრამ, განაშიამ, მე ყოველ ღამე ასე მძინავს”.
“დღეს ჩემთან დაიძინე. გთხოვ”.
ჩვენ ვიწრო კორიდორში შევედით. განაშიამი იქ პირდაპირ იატაკზე იწვა, და სახლის პატრონები, როცა გავლა სჭირდებოდათ, გადააბიჯებდნენ ხოლმე მას. როგორც კი დავწექი, განაშიამმა თავისი ერთადერთი ზეწარი გადამაფარა.
ესღა მაკლდა! ძველი ზეწარი მოვიძვრე და განაშიამს დავუბრუნე სიტყვებით: “ეს შენი ზეწარია. შენ თვითონ უნდა დაიფარო იგი”.
“რატომ? არ გინდა! არ გინდა!” – ხმამაღლა გააპროტესტა მან და უარი თქვა ზეწრის უკან მიღებაზე.
“შენ – მოხუცი ხარ, მე კი ახალგაზრდა. შენ უნდა დაიფარო”, - და კვლავ შევეცადე, რომ ზეწარი დამებრუნებინა.
იგი გვერდზე გაიწია: “არ გინდა. არ გინდა”.
კამათი გაჩაღდა. იგი აგრძელებდა დაჟინებით თხოვნას, და მე ბოლოს და ბოლოს დავემუქრე, რომ იამუნას ნაპირზე დავიძინებდი. ზეწარი გვერდზე გადავაგდე და მიზანმიმართულად გავეშურე კარებისკენ.
“არ გინდა! არ გინდა! – დამმორჩილდა იგი და ზეწარი აიღო. – კარგი, მე თვითონ დავიფარებ”.
მე მის გვერდით მოვთავსდი და მოხრილმა დავიძინე, რომ ზამთრის ცივ ღამეს სითბო შემენარჩუნებინა. რაღაც დროის შემდეგ უცნაურმა შეგრძნებამ გამაღვიძა: თბილად ვიყავი. განაშიამს შევხედე:მ იგი მთელი სხეულით კანკალებდა, როგორც ვერხვის ფოთოლი ქარში. ზეწარი არ ეფარა. მაშინ მივხვდი, რომ ზეწრის ქვეშ მე ვიწექი. ის დაელოდა, სანამ დავიძინები, და შეუმჩნევლად გადამაფარა ზეწარი. ვეცადე რომ არ მეხმაურა, ისე გადავაფარე იგი ისევ განაშიამს.
მაგრამ როგორც კი ზეწარი შეეხო, ფეხზე წამოხტა და დაიყვირა: “არ გინდა! არ გინდა! შენ კრიშნას მეგობარი ხარ. კარგად უნდა გამოიძინო”.
“გასაგებია. იამუნაზე მივდივარ!” – ვიყვირე მე და კარებისკენ გავვარდი.
და იგი კვლავ დამთანხმდა თავისი ზეწრის გადაფარებაზე, მაგრამ რაღაც დროის მერე კვლავ გამეღვიძა სითბოს და სიმყუდროვის შეგრძნებით, ჩემი ძვირფასი განაშიამი კი მთელი თავისი გამხდარი სხეულით კანკალებდა სიცივისგან. და კვლავ შევეცადე გადამეფარებინა მისთვის, რომ კვლავ მომესმინა მისგან: “არ გინდა! არ გინდა!”
განაშიამს უყვარდა ყველას მსახურება, ვინც არ უნდა მისულიყო მასთან. მთელი ორმოცდაათი წლის მანძილზე იგი თავისი პატარა ტაძრიდან მხოლოდ იმისთვის გადიოდა, რომ წყალი მოეტანა თავისი უფლისთვის. იგი ფიქრებშიც კი ვერ დაუშვებდა, რომ სადმე წასულიყო თავისი ღვთაებებისგან, რომელთა მსახურებასაც მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა.
ერთხელ, ადრიანი დილით, მდინარიდან ვბრუნდებოდი და ერთ მოსახვევში განაშიამის მოხრილი ფიგურა შევნიშნე. ის ბორძიკობდა და ეცემოდა, უკანასკნელი ძალებით მოჰქონდა რა იამუნადან წყლიანი ვედრო ღვთაებებისთვის. ყოველ რამდენიმე ნაბიჯში დაქანცული ჩერდებოდა და ისვენებდა. მაშინვე დასახმარებლად მივვარდი.
“განაშიამ, გთხოვ, მომეცი უფლება, რომ წყალი წამოვიღო!”
მან მკაცრად შემომხედა და მიპასუხა: “არ გინდა! არ გინდა!”
ჩემთვის აუტანელი იყო იმის ნახვა, თუ როგორ იტანჯებოდა. “ძალიან გთხოვ, მე ხომ ახალგაზრდა ვარ. ჩემთვის სულაც არაა ძნელი წყლის შენს ტაძარში წამოღება – ეს ხუთი წუთის საქმეა. შენ კი უკვე მოხუცებული და სუსტი ხარ. ამისთვის ნახევარ საათზე ნაკლები არ გეყოფა. ძალიან გთხოვ, წამაღებინე ვედრო”.
პასუხად პატარა მოხუცებულმა განაშიამმა ახალშობილის სხივმფენი ღიმილით დამაჯილდოვა. “შენ – გოპიჯანა ვალაბჰას ახალგაზრდა მეგობარი ხარ, - თქვა მან. – შენ უნდა ისიამოვნო. მე კი მისი მოხუცი მსახური ვარ. ჩემი ცხოვრება – მისი მსახურებაა. წადი და დატკბი ვრინდავანით. ამით გამხდი ბედნიერს”.
მისმა მორჩილებამ ერთდროულად თან გაალღო ჩემი გული და ააფორიაქა ჭკუა: “გთხოვ, ძალიან გამიხარდება, თუ ამ ვედროს წამოვიღებ”. მე ვედროს სახელურს ვტაცე ხელი და ჩემსკენ მივიზიდე იგი, მაგრამ საპასუხოდ განაშიამი მთელი სხეულით დაიჭიმა და გახევებული ხელებით მთელი ძალით ჩააფრინდა სახელურს. იგი ეჭიდებოდა მას, როგორც კლდიდან მოწყვეტილი ალპინისტი ეჭიდება მაშველ თოკს.
სასოწარკვეთილმა თვალებში ჩამხედა და მითხრა: “მე – საწყალი მოხუცი ვარ. ჩემი ერთადერთი სიმდიდრე – მსახურებაა”. თვალები ცრემლებისგან გაუწითლდა: “თუკი წამართმევ ჩემს მსახურებას, ამით სიცოცხლესაც წამართმევ. გთხოვ, მომეცი ნება, რომ ვიცოცხლო. ძალიან გთხოვ”.
გული ჩამიწყდა. არაფერი დამრჩენოდა გარდა იმისა, რომ ვედროსთან ერთად სიცოცხლე დამებრუნებინა მისთვის. მაგრამ როცა შეამჩნია, რომ გავნაწყენდი, სულგრძელად შემომთავაზა, რომ ერთად გვეტარებინა ვედრო, და სანამ სახლისკენ მივდიოდით, ყოველ წუთში მეკითხებოდა, მძიმე ხომ არ იყო ვედრო ჩემთვის.
ერთ საღამოს განაშიამმა მირჩია, რომ მეზობელი სოფელი ვარშანა მომენახულებინა, რადჰას სამყოფელი. მან ჩუმად მითხრა: “კრიშნადას, მას შემდეგ რაც ვარშანას ატმოსფეროს შეიგრძნობ, შენი ცხოვრება შეიცვლება”. როცა ჩემს თვალებში ანთებული ცეცხლი შეამჩნია, მორცხვად დაამატა: “როცა იქ მიხვალ, გთხოვ, გადაეცი შრი რადჰას, რომ მის უსუსურ მსახურს ძალიან უნდა მისი ნახვა”.
ეს პატარა მოხუცებული ადამიანი, რომელიც უსახელოდ ცხოვრობდა, ღრმად შეეხო ჩემს გულს. იგი არ იყო წმინდა წერილების დიადი მცოდნე, ცნობილი გურუ ან მისტიკოსი-იოგი. მაგრამ ეს ოდნავაც ვერ აკნინებდა მის სიწმინდეს – მისი არაყალბი სიყვარული ღმერთისადმი ვლინდებოდა მის უკიდურეს მორჩილებასა და უბრალოებაში.
იყო დრო, როცა მე, სხვა დასავლეთელი ადამიანების მსგავსად, ვთვლიდი, რომ მორჩილება – ეს საკუთარი თავის დაკნინების აქტია, სისუსტე, რომელიც არასაკმარის თავდაჯერებულობაზე და საკუთარი თავის უპატივცემულობაზე მიუთითებს, ან ავადმყოფურ თვითუარყოფაზე, რომელსაც არასრულფასოვნების კომპლექსამდე და დეპრესიამდე მივყავართ. მაგრამ ისეთი ადამიანების გვერდით, როგორიც განაშიამი იყო, მე მივხვდი, რომ ნამდვილ მორჩილებას არაფერი აქვს ამ ყველაფერთან საერთო. ჭეშმარიტი მორჩილება – ესაა თვისება, რომელიც წყალობის ულევ წყაროსთან გვაკავშირებს, რომლისგანაც შეგვიძლია მივიღოთ ძალები, და ეს ძალები ყველა ჩვენს შესაძლებლობას აღემატება. ჭეშმარიტი მორჩილება – ესაა სიამაყე ღმერთის სიდიადის გამო და შესაძლებლობა, რომ ნამდვილად დავაფასოთ სხვისი ღირსებები.
მე თანდათანობით ვხვდებოდი, რომ მორჩილება არ წარმოადგენს რეალური ცხოვრებისგან ლაჩრულად გაქცევას. პირიქით, ნამდვილი მორჩილება მეხმარება ყველა ჩემი ძალის მობილიზებაში იმისათვის, რომ გადავლახო ნებისმიერი სირთულე, და უარი არ ვთქვა ჩემს იდეალებზე, არ დავკარგო პატივისცემა, მადლიერება და სიყვარული, და ამგვარად, რამდენადაც ეს შესაძლებელია ღვთაებრივი ნების ინსტრუმენტი გავხდე.
ნამდვილ მორჩილებაში გაცილებით მეტი სიდიადეა, ვიდრე ჩვენს საცოდავ მოთხოვნილებაში, რომ სხვებზე მაღლა დავაყენოთ თავი. მორჩილება გვიფარავს სიამაყისგან და დამამცირებელი დამოკიდებულებისგან მათდამი, ვისაც ჩვენზე მდაბლებად ვთვლით. ისვე გვიცავს შურისგან მათდამი, ვინც რაღაცით აღგვემატება. მორჩილი ადამიანი არ მიაწერს საკუთარ თავს არანაირ დამსახურებას – ყველა მიღწევისთვის ღმერთს უხდის მადლობას, და მათ, ვისგანაც თანადგომა მიიღო. მორჩილი გული საშუალებას გვაძლევს იოლად ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები და ახლის მიღებისთვის აღებს გულს. ჩვენში მორჩილების გაზრდით, ჩვენ არ ვანადგურებთ ჩვენს “მეს”, არამედ პირიქით, ვანთავისუფლებთ ჩვენს ჭეშმარიტ “მეს”, რომელიც მარადიულად ასხივებს სიყვარულს ღმერთისადმი და ყველაფერი არსებულისადმი.
მე გამეხსნა ერთ-ერთი ყველაზე ღრმა საიდუმლო: რაც უფრო მეტად ანვითარებს ადამიანი საკუთარ თავში ამ ამაღლებულ თვისებებს, მით უფრო ნათლად შეიგრძნობს იგი თავს ღმერთის პაწაწინა ნაწილაკად, ყველას და ყველაფრის მსახურად. განაშიამის ერთადერთი სიხარული სხვების უანგაროდ მსახურება იყო. განაშიამ ბაბა ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი და მდიდარი ადამიანი იყო მათგან, რომლებიც ჩემს გზაზე შემხვედრია, - უბრალო ადამიანი, რომელსაც უბრალოდ უყვარდა ღმერთი.