თავი ოცდამეთვრამეტე
თავი ოცდამეთვრამეტე
საღამო ახლოვდებოდა. მობინდებული ცის ქვეშ მდინარის ნაპირზე კოღოები წუოდნენ. უცებ იმ ქვის ქვეშიდან, რომელზეც ვიჯექი, უხმაუროდ, ენის სისინით გამოძვრა შავი გველი, ძალიან შემეშინდა. როცა საკუთარი თავი დავიჭირე ამაზე, მაშინვე დავფიქრდი. შიში განაგებს ჩვენს ყოფას. დაავადების, წარუმატებლობის, გაკოტრების, სხვების იმედგაცრუების შიში. ჩვენ გვეშინია მტრების, ქურდების, თაღლითების და ცხოვრებისეული გზისადმი ეჭვებისაც კი. როცა ვიგრძენი, როგორ დაეწაფა კოღო ჩემს სისხლს, გავიფიქრე, რომ ნებისმიერ ამ პაწაწინა მწერს შეუძლია მომკლას, იმით რომ მალარიით დამაავადოს. და სად გაქრა ის გველი? რა თქმა უნდა, - ვფიქრობდი მე, - უნდა ვიზრუნო ჩემს უსაფრთხოებაზე, მაგრამ ზედმეტი შიში შესაძლოა ან წინააღმდეგობად იქცეს ჩემს სულიერ გზაზე, ან მწუხარების ქარიშხალში ჩააგდოს ჭკუა. დედის ხელებში ბავშვს ყველანაირი შიში უქრება. მას სჯერა, რომ ამ დროს არაფერი ემუქრება. ერთნი მსგავს რწმენას სამყაროს მეცნიერული შესწავლის ან ფილოსოფიის მეშვეობით ინვითარებენ, სხვებს კი უბრალო გულის გამო სჯერათ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, რწმენას სიმშვიდე და გაწონასწორებულობა მოაქვს. ჭეშმარიტი რწმენა, - განვაგრძობდი ფიქრს, - ჩნდება ან უმაღლეს რეალობასთან შეხებისას, ან მათთან ურთიერთობის შედეგად, ვისაც ასეთი რწმენა უკვე გააჩნია. მალე მორიგი თავგადასავალი მელოდა, რომელმაც დაადასტურა ეს ჭეშმარიტება და მნიშვნელოვანი საყრდენი გახდა ჩემს საკუთარ თავში მოგზაურობისთვის.
ერთ მშვენიერ დღეს კრიშნადას ბაბაჯიმ ბონ მაჰარაჯთან და ასიმთან ერთად რეკომენდაცია მომცა ვარშანაში წასვლაზე. მე მაშინვე განაშიამის თხოვნა გამახსენდა. ჩვეულებრივ განაშიამი არაფერს თხოვდა სხვებს. ეს მის წესებში არ შედიოდა. ამიტომ, როცა განაშიამმა ვარშანას მონახულება მთხოვა, მივხვდი, რომ ამ სახით, იგი დამახასიათებელი დელიკატურობით, უბრალოდ გზას მიჩვენებდა სულიერი ძიების უფრო ღრმა საიდუმლოებებისკენ.
კრიშნადას ბაბაჯიმ მირჩია, რომ ერთ წმინდა ადამიანთან გავჩერებულიყავი, რომელიც განდეგილად ცხოვრობდა ვარშანას გორაკებზე. ვარშანა – მცირე ქალაქია, ვრინდავანიდან ოცდაათი კილომეტრის მოშორებით. ეს ადგილი დაკავშირებულია რადჰას სახელთან, და აქ ყველა მრავალრიცხოვანი ტბა, ბაღი, სასახლე და ტაძარი მისადმია მიძღვნილი. იმისთვის, რომ განდეგილ-სადჰუსთან მოვხვედრილიყავი, თავიდან მომიწია დიდხანს მევლო ფართო კიბეზე, რომელიც მთის გარშემო მიემართებოდა. მწვერვალზე ტაძარი იდგა, მრავალრიცხოვანი გუმბათებით და თაღებით. გზას უფრო შორს მივყავდი, და მე ციცაბო აღმართის შემდეგ ცოტა შევისვენე, შემდეგ ტაძრის ეზო გადავკვეთე და ყვავილებში ჩაფლულ ბაღამდე მივედი. შემდეგ კიდევ ერთი ტაძარი გავიარე, რომელიც სასახლეს უფრო ჰგავდა, და რამდენიმე წუთში აღმოვჩნდი ბილიკზე, რომელიც ტყეზე გადიოდა. ტყეში მაიმუნები დახტოდნენ, მედიდურად დააბიჯებდნენ ფარშევანგები და გალობდნენ ველური ფრინველები.
მე მივდიოდი და წყნარად ვიმეორებდი ჰარე კრიშნა მანტრას. სულიერი მადლით ავსებული ჰაერი, თითქოს მეხვეოდა, და მანტრა ჩემი სხეულის ყოველ უჯრედში ჟღერდა. ნეტარებამ მომიცვა შიგნიდანაც და გარედანაც, და მშვენიერმა, მანამდე უცნობმა გრძნობამ აღავსო ჩემი ცნობიერება. აქ, რადჰას ტყეში, სულიერი სიყვარულის მკაფიო აფეთქებამ პირველად გაანათა ჩემი გული. ვიგრძენი, როგორ იღვრებოდა მთელს სხეულში დამათრობელი ნექტარი. თვალებზე ცრემლი მომადგა. თვალები დავხუჭე და თითქოს დავინახე, როგორ მჩუქნიდნენ რადჰა და კრიშნა თავიანთ სიყვარულს და და შესახვედრად მიხმობდნენ ჩემს გულში. სხეულში აღტაცების ჟრჟოლამ დამიარა. ტყე, რომელშიც ახლა ვიდექი, სხვა სამყაროში იმყოფება, დედამიწისგან მილიარდობით კილომეტრის მოშორებით.
მადლიერებით აღვსილმა, გზა განვაგრძე და ნელა ვიმეორებდი ჰარე კრიშნა მანტრას. ვხვდებოდი, რომ უბრალოდ უფლება მომცეს წამით შემეხედა ღვთაებრივ სამყაროში და რომ ეს ყველაფერი მალე გაქრებოდა. ამ სულიერი განცდის შენარჩუნების და გაძლიერების სურვილმა შემიპყრო. იმ დღეს, რადჰას ტყეში, მე მივხვდი, რომ სულიერი სიყვარულის სურვილმა, მანტრით გაღვიძებულმა, გაცილებით უფრო ღრმა და ნათელი განცდები მომიტანა, ვიდრე ყველაფერმა, რაც აქამდე გამომიცდია.
ბილიკმა, რომელიც ჯადოსნურ ტყეში მიიკლაკნებოდა, ბედნიერებით აღვსილი, საბოლოოდ წმინდა მთამდე მიმიყვანა, რომელზეც სადჰუ ბინადრობდა. საღამო ახლოვდებოდა, და მე დიდხანს ვუყურებდი ჩემს წინ გადაშლილ ციცაბო აღმართს. უკანასკნელი ძალებით ავდიოდი ცუდად გამოკვეთილ ქვის წითელ კიბეებზე განდეგილის სახლამდე, რომელიც მწვერვალზე იყო განლაგებული.
ზემოთ როცა ავედი, მიტოვებული ტაძარი აღმოვაჩინე. რაღაც დროის განმავლობაში ტაძრის შესასვლელთან ვიჯექი, სანამ ცნობისმოყვარეობამ არ მაიძულა, შიგნით შემეხედა. როგორც კი ზღურბლს გადავაბიჯე, ჩემგან რამდენიმე სანტიმეტრში გრძელმა გველმა ჩაისრიალა და კედლის ხვრელში შეძვრა. კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი, რომ ნახევრად-წყვდიადში რამე გამერჩია. როცა თვალები ცოტათი შეეჩვივნენ სიბნელეს, ხის საკურთხეველი დავინახე, რომელზეც გახუნებული ლითოგრაფია იდგა. თიხა კედლებზე თითქმის ჩამოცვენაზე იყო და აგურის მესერს აშიშვლებდა. სადღაც სიბნელიდან უეცრად დაბალი ხმა გაისმა: “შენ აქ შორიდან გულის ძახილმა მოგიყვანა. კეთილი იყოს შენი მობრძანება”.
მე შემოვტრიალდი. ბნელ კუთხეში, ნანგრევებს შორის იჯდა ორმოც წლამდე ასაკის მამაკაცი გადაპარსული თავით და დიდი მრგვალი მუცლით, რომელიც ცუდად მოჩანდა მისი თხელი ხელების და ფეხების ფონზე. მას არანაირი ტანსაცმელი არ ემოსა, გარდა ბარძაყებზე შემოსახვევი ნაჭრისა. განჯაჭვული მზერით, იგი სადღაც შორს იყურებოდა, თითქოს სხვა სამყაროს ჭვრეტდა, ჩვენი მზერისთვის მიუწვდომელს.
მე თავი წარვუდგინე და ვკითხე: “შეგიძლიათ მითხრათ, რა ადგილია ეს?”
მან თვალები დახუჭა და საკუთარი თავის სიღრმეში ჩაიძირა. რამდენიმე წუთში წარმოთქვა: “შენ მან-გარჰზე ამოხვედი, სასიყვარულო რისხვის მთაზე. ამ ტყეში შრი რადჰა თავს აჩვენებს, თითქოს ბრაზობს კრიშნაზე. ასე გამოხატავს თავის განსაკუთრებულ სიყვარულს მისადმი, და კრიშნა მოდის აქ ამ სიყვარულის ძიებაში”. განდეგილის თვალებმა მთლიანად განმჭოლეს. “სიყვარული ატყვევებს უფალს. მას თვითონ, თავისი ნებით სურს, რომ იყოს დატყვევებული. როცა რადჰა კმაყოფილი იქნება ჩვენი გულწრფელობით, მაშინვე ღვთაებრივ სიყვარულს გვიბოძებს”. მტვრიან იატაკზე ხელი დაატყაპუნა და დაჯდომა შემომთავაზა.
იგი უნაკლო ინგლისურით საუბრობდა. “რადჰა ჩარან დას”, - წარმომიდგა ჩემი თანამოსაუბრე. ეს სწორედ ის ბრძენი იყო, რომელსაც ვეძებდი. “მაგრამ ხალხი რამეშ ბაბას მეძახის”, - დაამატა მან. ჩვენ კიდევ ცოტა ვილაპარაკეთ და გარეთ გავედით. მზე ჩადიოდა, და დაისის ცა გორებს და ველებს ოქროსფერ სხივებს ჰფენდა. როცა უღრუბლო ცის თაღზე ვარსკვლავები გამოჩნდნენ, ჰაერი კი გრილი გახდა, ათამდე ბავშვი მოცვივდა მეზობელი სოფლიდან ამ ძველი ტაძრის ნანგრევებზე. პატარები და გამხდრები, გაცვეთილ ტანსაცმელში, ყველა მხრიდან გარს შემოეხვივნენ რამეშ ბაბას, მან კი ფისგარმონია აიღო და მისი აკომპანიმენტის ქვეშ დაიწყო კლასიკური რაგების სიმღერა. ღვთაებრივი ბგერები მოედინებოდნენ მის ბაგეთაგან, ბავშვებიც ჰყვებოდნენ სიმღერაში და თავშეუკავებლად ცეკვავდნენ, ემორჩილებოდნენ რა მუსიკის თანდათან აჩქარებად რიტმს. ერთი ბიჭი ხის ორი ჯოხით ურტყამდა ბარაბნის მსგავს რომელიღაც ხალხურ ინსტრუმენტზე, მეორე ლითონის გონგზე ურტყამდა ხის ჩაქუჩით, სხვები კი ლატუნის თეფშების წკრიალით ჰყვებოდნენ რიტმს. ისინი ვარსკვლავიანი ცის ქვეშ ცეკვავდნენ ამ ცარიელ მთაზე და მაღალი, წკრიალა ხმებით ადიდებდნენ უფალს. როცა მათმა ენთუზიაზმმა უმაღლეს წერტილს მიაღწია, ბაბა თავისი ადგილიდან წამოდგა და თვითონაც გრაციოზულად ცეკვას მისცა თავი. ჩანდა, რომ ტრანსში იყო. მას შემდეგ, რაც კირტანი ფინალს მიუახლოვდა, რამეშ ბაბა დაჯდა და ნელი, სულის გამალხობელი სიმღერა დაიწყო. მისი უკანასკნელი სიბნელეს შეერია, მაგრამ ყველა ჩუმდად იყო, გაშეშებული, რათა წმინდა სიჩუმე არ დაერღვიათ.
შვიდი წლის ბიჭუნამ ხელზე თავისი პაწაწუნა ხელი ჩამკიდა და სახურავზე ამიყვანა, სადაც მას თავის მეგობრებთან ერთად საკუთარი საკურთხეველი მოეწყოთ. შიგნით სურათი იდგა: უფალი კრიშნა ხბოს ეხვეოდა. ბავშვის გუდრონივით შავი თვალები სიხარულისგან ბრწყინავდნენ მთვარის შუქზე. ამაყი ღიმილით, მან აღტაცებისგან აკანკალებული ხმით განმიცხადა: “ეს – ჩემი ღმერთია!” მე გამაოგნა იმან, თუ როგორი თავდაჯერებულობით იყო ეს სიტყვები წარმოთქმული. ხუმრობით მომქაჩა ხელზე და სხვა ბავშვებთან გაიქცა სათამაშოდ, მე კი დიდხანს ვიდექი ასე გაოცებული. ამ ბიჭუნას სიტყვები გულის სიღრმიდან მოდიოდა, და მათში არ იყო ჩრდილიც კი ამპარტავნებისა, ეჭვიანობისა ან მედიდურობისა. იშვიათ სულებსაც კი, რომლებმაც მთელი თავისი ცხოვრება სულიერ პრაქტიკას და წმინდა წერილების შესწავლას მიუძღვნეს, შეუძლიათ მხოლოდ იოცნებონ ასეთ რწმენაზე. მე გამახსენდა იესოს სიტყვები: თუ არ გახდებით როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში. ამ ბავშვის გვერდით საკუთარ თავს საუკეთესო შემთხვევაში აგნოსტიკად ვგრძნობდი. დარცხვენილი, კრიშნას გამოსახულებას ვუცქერდი და ვლოცულობდი: ო, ჩემო უფალო, ვიქნები კი ოდესმე ღირსი ასეთი რწმენის მოპოვებისა?
* * *
საკჰი შარან ბაბა, რამეშ ბაბას ერთადერთი მეზობელი, მისი ცხოვრების შესახებ მიყვებოდა. რამეშ ბაბა ალაჰაბადში დაიბადა, ქალაქში, სადაც კუმბჰა-მელა ტარდება. ჯერ კიდევ ბავშვმა, მან ბრწყინვალედ შეისწავლა სანსკრიტი და ფილოსოფია, თორმეტი წლის ასაკში კი ნაციონალური პრემია მიიღო ინდოეთის საყოველთაო მუსიკალურ კონკურსში, დაიპყრო რა ყველას გულები თავისი ხმით. მაგრამ მიუხედავად ბრწყინვალე პერსპექტივებისა, სულიერებისადმი სწრაფვამ სურვილი აღუძრა, რომ სახლიდან გაქცეულიყო და სადჰუს ცხოვრებით ეცხოვრა. ყოველ ჯერზე, როცა გარბოდა, ნათესავები პოულობდნენ და სახლში აბრუნებდნენ. მოზარდობის ასაკში ისე კარგად იცოდა წმინდა წერილები და ისე საინტერესოდ შეეძლო საუბარი, რომ მისი ქადაგებების მოსასმენად ათასობით ადამიანი მოდიოდა. “მაგრამ მან მიატოვა ყველაფერი, რათა ამ უკაცრიელ ადგილას დასახლებულიყო”, - დაამთავარა თავისი თხრობა საკჰი შარანმა.
ერთ მშვიდ საღამოს, როცა ნავთის ლამპის მოციმციმე შუქთან ვიჯექით, რამეშ ბაბას ვკითხე, რატომ მიატოვა თავისი ოჯახი და მქადაგებლის წარმატებული კარიერა. პასუხად მან მხოლოდ თვალები აღაპყრო ზეცისკენ და მთელი თავისი გამომეტყველებით მაჩვენა, რომ არ აინტერესებდა საკუთარ თავზე ლაპარაკი. “მაგრამ რადგანაც მკითხე, - თქვა მან, - უნდა გიპასუხო”. მან თვალები მოხუჭა: ”ჩემს ქადაგებებს ათასობით ადამიანი ესწრებოდა, მაგრამ ჩემი გული შრი რადჰასადმი სიყვარულს იყო მოწყურებული. ის მეძახდა”. რამეშის სახეზე ლამპის ოქროსფერი ცეცხლის მოციმციმე შუქი ეცემოდა. ცეცხლის ალს დააცქერდა და განაგრძო: “ამიტომ მქადაგებლის კარიერა მივატოვე და ვრინდავანში გავემგზავრე, სადაც გოვარდჰანას მთაზე ჩემი გურუ ვიპოვე. შემდეგ აქ მოვედი. ეს იყო 1950 წელს. მაშინ თექვსმეტი წელი შემისრულდა. იმ დროს აქ ჯუნგლები იყო, ველური მხეცებით დასახლებული, ამ მთის მწვერვალზე კი, სადაც ახლა ვზივართ, მკვლელები და ქურდები იმალებოდნენ. ოცდაერთი წელია აქ ვცხოვრობ და შრი რადჰას სახელზე ვმედიტირებ”.
წლებთან ერთად რამეშ ბაბასთან სახელი და დიდებაც მოვიდა. ხალხი პატივს მიაგებდა, როგორც ერთ-ერთ ყველაზე წმინდა ადამიანს მთელს ვრინდავანში. მისი დედა, დაქვრივების შემდეგ ქოხში გადავიდა საცხოვრებლად, ამ მთის ქვეშ, რათა უფრო ახლოს ყოფილიყო თავის ერთადერთ ვაჟთან. მკაცრი ცხოვრებით ცხოვრობდა და მთელ ცხოვრებას ღმერთისადმი თაყვანისცემას უძღვნიდა.
მთაზე, სადაც რამეშ ბაბა ცხოვრობდა, არ იყო არც ელექტროობა, არც კანალიზაცია, არც წყალგაყვანილობა და არც საჭმელი. წყალს მე და საკჰი შარანა ქვემოთ, წყაროდან ვეზიდებოდით. უკანა გზა სავსე ვედროებით, მცხუნვარე მზის ქვეშ, ციცაბო აღმართზე ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვდა, და ყოველ საფეხურზე ვჩერდებოდით სული რომ მოგვეთქვა. მას შემდეგ, რაც ვედროებს მწვერვალზე ავიტანდით ხოლმე, როგორც წესი მთის მეორე მხარეს ვეშვებოდით ქვემოთ პატარა სოფელ მანპურში, სადაც კარიდან კარზე დავდიოდით და მოწყალებას ვთხოულობდით.
ერთხელ, როდესაც რომელიღაც კარზე დავაკაკუნეთ, ოჯახის დედამ ნიჟარაში ჩაჰბერა და მთელს ოჯახს მოუხმო, რომ დაბრუნებულიყვნენ ყანებიდან, სადაც ისინი შრომობდნენ. მალე მთელი ოჯახი მოგროვდა, და ჩვენდა საპატივცემულოდ ქოროთი შეასრულეს შესანიშნავი კირტანი. მამა ფისგარმონიაზე უკრავდა და კირტანი მიჰყავდა, მისი ათი წლის ვაჟი ოსტატურად უკრავდა დოლაკზე, ორმხრიან ბარაბანზე, მეორე ბავშვი თეფშებზე უკრავდა, ხოლო მთელი ქალთა მხარე ტაშით და მხიარული სიმღერით ჰყვებოდა. ოცი წუთის შემდეგ, როცა კირტანი დასრულდა, მათ ჩემი მეგობრის წინ წმინდა წერილი დადეს და თხოვეს, რომ რაიმე წაეკითხა ამ წიგნიდან. საკჰი შარან ბაბა დაახლოებით თხუთმეტი წუთი ლაპარაკობდა ადგილობრივ დიალექტზე. მთელი ოჯახი ყურადღებით უსმენდა და ყოველ სიტყვას იჭერდა. შემდეგ ოჯახის დედამ ჩვენს მოწყალების შესაგროვებელ თასებში მსხვილი ვრაჯა-როტები ჩააწყო, და ჩვენ მწვერვალზე დავბრუნდით, რათა ტრაპეზი რამეშთან ერთად გაგვეზიარებინა.
მაგრამ სამყარო ისეა მოწყობილი, რომ რაც უფრო მეტად ვუყვარვართ და პატივს გვცემენ ერთნი, მით უფრო ვძულვართ სხვებს. შორიახლოს სასტიკი ბანდიტების ჯგუფი დაბანაკებულიყო, და ზოგიერთმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა, რომლებსაც არ მოსწონდათ რამეშ ბაბას მზარდი პოპულარობა და მისი ხმამაღალი კირტანები, ბანდიტები წააქეზეს მის წინააღმდეგ. ერთ წყნარ ღამეს სახურავზე ვიჯექით, როცა უეცრად დავინახეთ ადამიანები, რომლებიც მთაზე მოიპარებოდნენ. ყველა შეიარაღებული იყო თოფებით და დანებით და პირდაპირ ჩვენსკენ მოემართებოდნენ. მე ვიცოდი, რომ ასეთ უკაცრიელ ადგილებში ადამიანის სიცოცხლე გროშიც კი არ ღირდა, კანონს კი აინუნშიაც არ აგდებდნენ. სიბოროტისგან დამახინჯებული სახეებით ბანდიტებმა ალყა შემოგვარტყეს და არაორაზროვნად გვაგრძნობინეს, რომ მზად იყვნენ ყელები გამოეჭრათ ჩვენთვის. მათი წინამძღოლი წინ გამოვიდა – ბანჯგვლიანი, საშიში გარეგნობის გოლიათი თავზე შემოხვეული შავი შარფით, ხშირი წვერით და დამპალი კბილებით.
“ამ ადგილებში ჩვენ ვართ კანონი, - დაიყვირა მან. – შეწყვიტეთ სიმღერა, ან დაემშვიდობეთ სიცოცხლეს! თქვენი მოკვლა იგივეა, რაც კოღოს გასრესა!”
ბაბა მშვიდად იჯდა და არანაირ ინტერესს არ ამჟღავნებდა მომხდარისადმი, სანამ ბანდიტების ჯგრო უკან არ გაბრუნდა. მეორე დღეს ბაბას ერთ-ერთმა მიმდევარმა მოგვიყვა, რომ ბანდიტები მის ოჯახსაც ემუქრებოდნენ ამოჟლეტით. მე ვიცოდი, რომ ასეთ უღრან ტყეებში მკვლელობა – ეს ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ რამეშ ბაბა არანაირ მღელვარებას არ ამჟღავნებდა. “მე ღმერთის სახელებს ვიმეორებ, კირტანს ვმღერივარ და ამით წმინდანებისა და წმინდა წერილების ნებას ვასრულებ, - მითხრა მან. – მთავარია ღმერთი იყოს ჩემით კმაყოფილი. ისე კი სულ ერთია, რას მიზამენ”. ბაბა, თითქოს აქ არაფერიო, ყოველდღე ჩვეულებისამებრ მღეროდა კირტანებს. მივხვდი, რომ მსგავსი თვითდარწმუნებულობა – ესაა თვისება, რომელიც ჩემში უნდა განვავითარო, რათა ჭურჭელი გავხდე ყველაფერი იმისთვის, რისთვისაც ვლოცულობდი. დიახ, რამეშ ბაბას ჰქონდა იდეალი, რომლისთვისაც ცხოვრობდა და რომლისთვისაც მზად იყო სიცოცხლე შეეწირა.
ჩვენ პირდაპირ ვარსკვლავიანი ცის ქვეშ გვეძინა, ცემენტის მოედანზე, ტაძრის გვერდით. ერთხელ შევნიშნე, რომ რამეში დასაძინებლად დაწვა და გვერდზე მეტრამდე სიგრძის ჯოხი დაიდო. ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი წამოვჯექი და ვკითხე: “ადრე არასოდეს მინახავს, რომ ჯოხთან ერთად დაგეძინოთ, ბაბა. მოხდა რამე?”
მან უშფოთველი ხმით მიპსუხა: “დიახ, სოფლიდან შეგვატყობინეს, რომ შორიახლოს კაციჭამია-ლეოპარდი დაძრწის. მან უკვე რამდენიმე ძროხა და ადგილობრივი მცხოვრები დაგლიჯა”. შემდეგ ცოტა მოიქუფრა და ჯოხი აღმართა. “ამ საღამოს ხალხმა დაინახა, როგორ ამოდიოდა ლეოპარდი ჩვენს მთაზე. ჰოდა ეს ჯოხი თავდაცვისთვის მაქვს მომარჯვებული.” ამ ყველაფერს ისეთი გამომეტყველებით ამბობდა, თითქოს საუბარი ხვალინდელ ამინდის პროგნოზს შეეხებოდა.
კვლავ მოვიდა ჩემი გაკვირვების ჯერი: “და როგორ უნდა დაგიცვათ ველური ლეოპარდისგან ამ პატარა ჯოხმა?”
“ვერანაირად, კრიშნადას. დაცვა მხოლოდ უფალს შეუძლია, - მან ტკბილად დაამთქნარა და უკვე თვალდახუჭულმა და ნახევრადმთვლემარემ დაასრულა თავისი აზრი. – მიუხედავად ამისა ჩვენი მოვალეობაა – ვანახოთ კრიშნას, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული”. მისი რწმენით დამშვიდებულს, ღრმად მეძინა იმ ღამით. და უფალმა მართლაც დაგვიცვა.
მალე მან-გარჰი დავტოვე, თუმცა დროდადრო ვბრუნდებოდი ხოლმე იქ, რათა რამეშ-ბაბასთან ერთად მეცხოვრა. ცხელი ინდური ზაფხულის პერიოდში ჰაერის ტემპერატურა იმ მთაზე, რომელზეც ბაბა ბინადრობდა, ორმოცდაათ გრადუსამდე აღწევდა ცელსიუსით. ზამთარი კი ცივი იყო, ყინვებით. რამეშ ბაბას არ ჰქონდა არც ვენტილიატორი, არც გამათბობელი, მაგრამ ის მშვიდად განაგრძნობდა უფლის წმინდა სახელის გამეორებას, და დღე და ღამე კრიშნაზე მედიტირებდა. მთაზე არანაირი კომფორტი არ იყო, და ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება კი ტყეში წყლით სავსე მცირე რკინის თასით გასეირნებას ითხოვდა. მუხლებზე ჩამჯდარი ვიკმაყოფილებდით ბუნებრივ მოთხოვნილებას, შემდეგ კი მოტანილი წყლით ვიბანდით. მთელი პროცესი ტბაში სრული განბანვით სრულდებოდა. ასე იქცეოდა პრაქტიკულად ყველა სადჰუ, რომელსაც ინდოეთში შევხვედრივარ. უმეტეს შემთხვევაში ადგილობრივი ღორები, სანიტარული სამსახურის ერთგვარი წარმომადგენლები, ხარბად დაეტაკებოდნენ ხოლმე ფეკალიებს და სიამოვნებით შეექცეოდნენ.
შემოდგომის ერთ დღეს, დიზენტერიის შემოტევებისგან დატანჯული, ბუჩქებში ვიყავი ჩაცუცქული, რათა ბუნების სასტიკ მოთხოვნაზე მეპასუხა. ციებ-ცხელება მქონდა, და ავადმყოფობა მთელ ძალებს მართმევდა, და ამ დროს, ამ ყველაფერთან ერთად უზარმაზარი გველი დავინახე, რომელიც ბუჩქებიდან პირდაპირ ჩემსკენ მოდიოდა. გველი – ყვითელი, მწვანე ლაქებით – ორ მეტრამდე სიგრძის და ხუთ სანტიმეტრამდე დიამეტრიც იყო. მისი თავის სამკუთხა ფორმაზე მივხვდი, რომ შხამიანი იყო. რეპტილია დაუხამხამებელი მზერით მომაშტერდა, და ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ თავისი ცივი სხეულით ფეხზე შემომეხვია. დასასვენებლად მოეწყო და ასე გაშეშდა. მეც გავშეშდი. შესუნთქვის მეშინოდა და საკუთარ თავს ვეუბნებოდი: დასასრული შესაძლოა ნებისმიერ მომენტში დადგეს. მაგრამ ნუთუ ასეთი უსახელო სიკვდილით უნდა მოვკვდე? რამეშ ბაბასგან განსხვავებით, რომელიც არ განიცდიდა შიშს სიკვდილის წინაშე, მე მეშინოდა მისი. ცოფიანივით აძგერებულმა გულმა და მოწრიალე ჭკუამ დამანახეს, რამდენად შორს ვარ იმისგან, რომ ნამდვილად მივენდო ღმერთს.
ფიქრებში იმ დღეს დავუბრუნდი, როცა განგას მძლავრი დინება უმოწყალოდ მიმაქანებდა სიკვდილისკენ. ისტორია მეორდებოდა. ძალა მოვიკრიბე და ჩუმდა დავიწყე გამეორება: ჰარე კრიშნა, ჰარე კრიშნა, კრიშნა კრიშნა, ჰარე ჰარე / ჰარე რამა, ჰარე რამა, რამა რამა, ჰარე ჰარე. ლოცვა თავისით იღვრებოდა ჩემი გულიდან. და მაშინ, ისევე როგორც იმ დღეს, როცა განგამ წამიღო, თანდათანობით სიმშვიდის შეგრძნება დავიწყე, რომელიც მანტრას გონებით მიუწვდომელი ძალისგან მოდიოდა, და ჩემს შიგნით განჯაჭვულობამ გაიღვიძა. მე შევძელი, რომ შემეხედა ამ გველისთვის არა როგორც მტერისთვის, არამედ როგორც ძმისთვის. ღმერთის სახელმა ყველა ჩემი შიში გაფანტა. ძალიან გამიხარდა. რამდენიმე წუთი გავიდა. გველმა თვალებში ჩამხედა, შემდეგ კი ნელა გასრიალდა უკან, ბუჩქებისკენ. დარცხვენილმა გავიფიქრე:
დღეს უფალმა მაჩვენა, რომ სულიერი თვალსაზრისით მე პაწაწინა ახალშობილი ვარ. როცა ბავშვი საფრთხეშია, მას მხოლოდ ის შეუძლია, რომ დედას ან მამას მოუხმოს საშველად. დღეს ამ ბავშვის დედა და მამა თავისი წმინდა სახელების სახით მოვიდნენ და გადამარჩინეს.
საღამოს მე და რამეშ ბაბა ფანარის მქრქალ შუქზე ვიჯექით მტვრიან იატაკზე და როტის მივირთმევდით. როგორღაც ერთხელ მკითხა: “რომელ ქალაქში გაიზარდე ამერიკაში?”
“პატარა ქალაქში ჩიკაგოს ქვეშ”, - ვუპასუხე მე.
მან საჭმლის ღეჭვა შეწყვიტა და თვალები თანაგრძნობის ცრემლებით აევსო: “ო, კრიშნადას! ჩიკაგო – ეს ქალაქია, სადაც ძროხებს კლავენ!” ღრმად ჩავისუნთქე, თვალები დავხუჭე და სევდით გავიხსენე ბავშვობის სურათები: მყრალი სუნი და ცხოველების ღმუილი, რომელიც იმ სასაკლაოებიდან მოდიოდა, რომლებსაც მანქანით ჩავუვლიდით ხოლმე. გაუგებარია, როგორ გაიგო ეს რამეშ ბაბამ, რომელიც სრულ იზოლაციაში, თავის მთაზე ცხოვრობდა და მსოფლიოს ყველა მოვლენისგან იყო მოწყვეტილი უკვე რამდენიმე ათეული წელია. მაგრამ ეს სიმართლე იყო. სამოცდაათიანი წლების დასაწყისამდე გაერთიანებული სასაკლაოები (Uნიტედ შტოცკყარდს) ჩიკაგოს სამხრეთში ყველაზე მსხვილ ხორცისგადამამუშავებელ საწარმოებად და ხორცის ყველაზე მსხვილ ამერიკულ მიმწოდებლად რჩებოდნენ მსოფლიოში. რამეშ ბაბას თანაგრძნობა ძროხებისადმი, რომლებიც მისგან ათიათასობით კილომეტრიც მოშორებით იმყოფებოდნენ, სიღრმემდე შეეხო ჩემს გულს.
რამეშ ბაბა მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ჩემს მეგობრად და შთაგონების წყაროდ დარჩა. მისი ქცევები და სიტყვები არასოდეს ეწინააღმდეგებოდნენ იმ იდეალებს, რომლებისაც სჯეროდა, და მისთვის სულ ერთი იყო, რას ფიქრობდა მასზე ხალხი. იგი ისეთივე პირობებში ცხოვრობდა, როგორშიც ჰიმალაელი ბრძენები ცხოვრობენ, მაგრამ ამასთან არასოდეს გადაუკვეთავს ვრინდავანის საზღვრები. ძალიან მხიბლავდა მასში ასკეტურობისა და ძალიან ღრმა განათლების შერწყმა. მთელი თავისი ცხოვრება, იგი მოწყალებას თხოულობდა, როგორც გლახაკი, და გამუდმებით ლოცულობდა, რომ რადჰასა და კრიშნას ღვთაებრივი სიყვარულის ინსტრუმენტი გამხდარიყო. როცა რაგებს მღეროდა ან ღმერთს ემსახურებოდა, ეს სიყვარული ცხადი ხდებოდა. დიახ, - ვფიქრობდი მე, - ბჰაკტის გზა ძალიან ღრმაა. ისეთი მოწყალე სულებს, როგორებიც რამეშ ბაბა და სხვები არიან, უფრო და უფრო ღრმად მივყავარ ჭეშმარიტების ძიებაში, და აღვივებენ ჩემს გულში საკუთარი გურუს პოვნის წყურვილს. ახლა გულწრფელად მჯეროდა, რომ ჩემი მასწავლებელი სწორედ იმ მომენტში გამოჩნდებოდა, როცა მზად ვიქნებოდი.