გზა შინისაკენ - ამერიკელი იოგის მოგზაურობა

რადჰანათჰ სვამი
5
1

ძლივ-ძლივობით გამოვძვერი თუ არა მდინარე ბაჰმატის ყინულივით ცივი წყლიდან, რომელიც ჰიმალაების ყინულებიდან იღებს სათავეს

თავი მეთხუთმეტე

 

თავი მეთხუთმეტე

1970 წელი დასასრულს უახლოვდებოდა. ეს-ესაა ოცი წელი შემისრულდა და ჰიმალაებზე ოცნებები ჩრდილოეთისკენ მექაჩებოდნენ. ჰიმალაების შესახებ არაფერი ვიცოდი გარდა იმისა, რომ იქ მრავალი დიადი ბრძენი და წმინდანი ცხოვრობდა. მოუთმენლად ველოდი მათთან შეხვედრას და მათი ხელმძღვანელობით სულიერი მეცნიერების შესწავლას. ისეთი აღტაცებული ვიყავი ინდოეთში, უდიდესი აღმოჩენების ზღვარზე ყოფნით, რომ ჩემი ახლობლების მოსანატრებლადაც კი არ მეცალა. არ იცოდნენ სად მოეწერათ ჩემთვის, ამიტომ ინდოეთში ჯერ კიდევ ვერ ვღებულობდი მათგან წერილებს. და მაინც, სანამ ჰიმალაებისკენ გავემგზავრებოდი, სახლში, შორეულ ამერიკაში წერილი გავგზავნე:
ჩემო ძვირფასებო!
დღეს დელიდან მთებში მივემგზავრები, რათა სულიერი მეცნიერებებიშევისწავლო. არ ვიცი, მექნება თუ არა იქიდან ხშირად მოწერის შესაძლებლობა. ძალიან გთხოვთ, არ ინერვიულოთ, თუ ჩემგან რაღაც დროის განმავლობაში წერილი არ მოგივათ. ნუთუ შესაძლებელია რამე დამემართოს, როცა ჩემთან თავად ღმერთია?
მიყვარხართ და მახსოვხართ,
რიჩარდი
მესამე კლასის ვაგონით უფასოდ ჩავედი ჰარიდვარამდე, საიდანაც რიშიკეშში ვაპირებდი გამგზავრებას, ჰიმალაების წმინდა ქალაქში, რომელიც თავისი მრავალრიცხოვანი აშრამებით იყო სახელგანთქმული. სანამ მატარებელი ჩაქჩაქებდა და უკან იტოვებდა დელის, ვაგონის ფანჯრიდან ამომავალ მზეს ვუმზერდი და ვლოცულობდი, რომ ჰიმალაებში მწირობას ახალი გვერდი გადაეფურცლა ჩემს სულიერ ძიებებში.
რამდენიმე საათში ჰარიდვარში ჩავედი, განგის პირას მდებარე წმინდა ქალაქში, რომელიც დაახლოებით ორასორმოცდაათ კილომეტრში იყო ნიუ-დელიდან, ჩრდილო-დასავლეთ მხარეს. დარჩენილი ოცდაათი კილომეტრი რიშიკეშამდე ფეხით გავიარე. მთელი ამ დროის განმავლობაში უკვე შევისრუტე რამდენიმე წიგნი, რომლებიც ჰიმალაების სიდიადეს აღწერდნენ, და განსაკუთრებულად ვოცნებობდი იქ მოხვედრაზე. ახლა როგორც იქნა ჩემი ოცნება ასრულდა.
პირველმა შეხვედრამ ჰიმალაის მთებთან სულის სიღრმემდე ამაღელვა. მთების ფერდობი ხშირი ტყით იწყებოდა, და მეჩვენებოდა რომ თვითოეული ხე სიმშვიდეს ასხივებდა. მარტო მივდიოდი ტყის ბილიკებზე და მოლოდინის სიხარულს განვიცდიდი. და უცებ გამოჩნდა მდინარე, რომლის მხოლოდ დანახვამაც კი ემოციების მთელი ქარბუქი გამოიწვია ჩემში. ეს განგა იყო. მისკენ გავიქეცი და ხელები ჩავყავი მის ცივ, ცისფერ წყალში. მთელი ჩემი სხეული აღტაცებისგან თრთოდა.

პირველმა შეხვედრამ ჰიმალაის მთებთან სულის სიღრმემდე ამაღელვა. მთების ფერდობი ხშირი ტყით იწყებოდა, და მეჩვენებოდა რომ თვითოეული ხე სიმშვიდეს ასხივებდა. მარტო მივდიოდი ტყის ბილიკებზე და მოლოდინის სიხარულს განვიცდიდი. და უცებ გამოჩნდა მდინარე, რომლის მხოლოდ დანახვამაც კი ემოციების მთელი ქარბუქი გამოიწვია ჩემში. ეს განგა იყო. მისკენ გავიქეცი და ხელები ჩავყავი მის ცივ, ცისფერ წყალში. მთელი ჩემი სხეული აღტაცებისგან თრთოდა.
თითქმის ერთი საათი დავყავი განგის ნაპირას, შემდეგ კი სანაპიროს ავუყევი და “ღვთაებრივი ცხოვრების მისიასთან” – ცნობილი ჰიმალაელი წმინდანის სვამი შივანანდას აშრამს მივადექი. ეს აშრამი მისი შტაბ-ბინა და მედიტაციის ადგილი იყო. სვამი შივანანდა სვამი სატჩიტანანდას სულიერი მოძღვარი გახლდათ, სწორედ იმ “ვუდსტოკელი გურუსი”, რომელსაც დელის კონფერენციაზე შევხვდი. შივანანდას მრავალრიცხოვანმა წიგნებმა, მისი ჰუმანიტარულმა საქმიანობამ და უზადო პირადმა მაგალითმა ფართოდ ცნობილი გახადეს იგი. მე უკვე მოვასწარი მისი რამდენიმე ნაშრომის წაკითხვა და ამიტომ მოხარული ვიყავი, რომ მის აშრამში აღმოვჩნდი. როცა აშრამში შევედი და სვამი შივანანდას მიმდევრებს გავესაუბრე, გავიგე, რომ მან, სანამ სხეულს დატოვებდა, 1963 წელს თავის მემკვიდრედ სვამი ჩიტანანდა სარასვატი დატოვა, მისი ერთ-ერთი გამოჩენილი მოსწავლე. მოცემულ მომენტში იგი აშრამში იმყოფებოდა. აქ რამდენიმე დღე დავყავი და ამ დროის განმავლობაში აქაური სიმშვიდის ატმოსფეროთი გავიჟღინთე. მომიყვნენ, რომ “ღვთაებრივი ცხოვრების მისიას” მთელი ინდოეთის მასშტაბით ჰქონდა აშრამები და მათ მისიის წევრი კომერსანტები და ბიზნესმენები ინახავდნენ. აშრამში ყოფნის მეოთხე დღეს სვამი ჩიტანანდასთან შეხვედრა ვითხოვე, და მასთან მიმიყვანეს. მისი ოთახი ძალიან უბრალო იყო, თავად სვამი კი არაჩვეულებრივად მეგობრული, მოკრძალებული და უბრალო პიროვნება აღმოჩნდა. მან თავისთან ერთად იატაკზე დაჯდომა შემომთავაზა.
სვამი ჩიტანანდა, როგორც მისმა მოსწავლემ მომიყვა, დაიბადა 1916 წელს სამხრეთ ინდოეთში. იგი ძალიან მდიდარი მიწათმფლობელის შვილი გახლდათ. ოცი წლის ასაკში სვამიმ განდეგილობის მოთხოვნილება იგრძნო და ღმერთის მსახურების გამო უარი თქვა მატერიალურ კომფორტზე. იგი ეხმარებოდა კეთროვანებს: თავად უვლიდა მათ და ქოხებს უშენებდა საკუთარი სამფლობელოს ფართე ველებზე. 1943 წელს მამის სახლი დატოვა და სვამი შივანანდას აშრამში დაბინავდა, რიშიკეშში, სადაც მალე გაითქვა სახელი, როგორც ბრწყინვალე ორატორმა.

მის ლექციებს ყოველ დილით ვესწრებოდი. სვამი ძალიან გამხდარი იყო, თავი გადაპარსული ჰქონდა და ზაფრანისფერ ტანისამოსს ატარებდა. იგი დიდი პატივისცემით სარგებლობდა არა მხოლოდ ჰიმალაელ ასკეტთა, არამედ დასავლეთიდან მოსულ ჭეშმარიტების მაძიებელთა შორისაც. იჯდა რა იოგურ პოზაში, სვამი კარგი ინგლისურით და გამომხატველი ჟესტებით კითხულობდა ლექციას. “ცხოვრების მიზანი ღმერთის შეცნობაა, - ხაზს უსვამდა იგი. – თუკი მოკვდებით ისე, რომ ღმერთს ვერ შეიცნობთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენმა ცხოვრებამ ამაოდ ჩაიარა, და თქვენ არასწორად განკარგეთ ღმერთის მიერ მოცემული ადამიანური ცხოვრების შეუფასებელი ძღვენი”.
იგი შეეხო გავრცელებულ პრობლემას, რომელსაც სხვადასხვა სულიერი პრაქტიკის მიმდევარი ადამიანები აწყდებიან: ისინი მედიტირებენ დილას და საღამოს, მაგრამ დღისით – თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში – ძალიან ეგოისტურად და მეწვრილმანედ იქცევიან. სვამი დარწმუნებით ამბობდა, რომ ეს მათი მრავალსაათიანი მედიტაციების ყველა შედეგს აქარწყლებს.
განსაკუთრებულად უსვამდა ხაზს სასიკეთო თვისებების განვითარების მნიშვნელობას, როგორც სულიერი განვითარების საფუძველს. სვამის ასეთი შედარება მოჰყავდა: იმისათვის, რომ ნიადაგი ნაყოფიერი გავხადოთ, სარეველების, ქვებისა და ეკალ-ბარდების მოშორებაა საჭირო. იგი გვასწავლიდა, რომ დღის განმავლობაში სხვებისთვის უნდა მიგვეძღვნა თავი. მორალი და ეთიკა – აი ესაა იოგას ხის ფესვები.
იგი ასევე ხაზს უსვამდა, თუ როგორი მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის ურყევი რწმენა იმისა, რომ ღმერთის შეცნობა ამ საუკუნეში მხოლოდ ჯაპით – ღმერთის წმინდა სახელების გამეორებითაა შესაძლებელი. “თქვენ რეგულარულად უნდა იმეოროთ ღმერთის სახელი, სანამ ისეთ მდგომარეობას არ მიაღწევთ, როცა ჯაპა თქვენს ჭკუაში უწყვეტი გახდება, მიუხედავად იმისა, ზიხართ თუ დგახართ, ჭამთ თუ სვამთ, სეირნობთ თუ მუშაობთ, გძინავთ თუ გღვიძავთ”.
მე არ ვიცოდი, როგორ უნდა გამემეორებინა ღმერთის სახელები, მაგრამ სვამი ჩიტანანდას სიტყვები გულში ჩამივარდა. საღამოს, როცა მე და ის სანთლით სუსტად განათებულ ოთახში, იატაკზე ვიჯექით. სვამიმ უეცრად ჩემი მოგზაურობის წვრილმანების აღწერა დამიწყო. იგი გასაოცარი სიზუსტით აკეთებდა ამას და ჩემი ყველაზე იდუმალი ფიქრებიც კი გააჟღერა. მომიყვა, როგორ დავტოვე მშობლიური კერა და როგორ ვიგრძენი ინდოეთში მოხვედრის გადაულახავი სურვილი, როგორ ვრისკავდი გზაში სიცოცხლით, რომ ამ ადგილებამდე მომეღწია. მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს არაფერი მომიყოლია მისთვის, მან ისედაც იცოდა ეს ყველაფერი. იგი უხვად მაძლევდა კურთხევებს, მე კი უბრალოდ ვიჯექი და ხმის ამოღებაც არ შემეძლო. მესმოდა, რომ ძალიან იშვიათად შეიძლება შეხვდე ადამიანს, რომელიც ასეთ ძლევამოსილებას და სახელს ფლობს, მაგრამ ამავე დროს ასეთი უბრალო და გულითადია.
ვიგრძენი რა მარტო ყოფნის და საკუთარი თავის განწმენდის მოთხოვნილება, მე მადლობა გადავუხადე სვამის და აშრამი დავტოვე.
მომდევნო დილით, განგის ნაპირას მჯდომმა და დედას ასეთი წერილი მივწერე:
ჩემო საყვარელო დედა!
ახლა რიშიკეშიდან გწერ, წმინდა ქალაქიდან განგის ნაპირას. მეჩვენება, რომ აქ არსებული მშვიდი და გაწონასწორებული ატმოსფეროდან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. აქ იმას ვაკეთებ, რაც წმინდა ადგილს შეშვენის, თუმცა გამიჭირდება იმის ახსნა, თუ რას ვაკეთებდი მთელი ამ ხნის განმავლობაში. აქ როგორც ტურისტი ან ექსკურსანტი არ ჩამოვსულვარ. ამ ადგილებში საკუთარ სულს ვეძებ. აღმოსავლეთში ცხოვრება მკვეთრად განსხვავდება იმ ყველაფრისგან, რასაც ამერიკის და ევროპის მაცხოვრებლები არიან მიჩვეულნი. აქ ყველაფერი სულ სხვაა. ჯერ არ ვიცი, როდის დავბრუნდები, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: ძალიან მენატრებით ყველანი თქვენ და ჩემი მეგობრები და მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას. მაგრამ უნდა გამიგო, რომ ჯერ უნდა აღვასრულო ის, რისთვისაც აღმოსავლეთში ჩამოვედი, - ცხოვრების ნამდვილ არსს ჩავწვდე.
შენი მოსიყვარულე შვილი,
რიჩარდი
ინდოეთი, ჰიმალაები, რიშიკეში, იანვარი 1971 წ.
სავსე ნავში ჩავჯექი, რომელსაც მგზავრები განგის აღმოსავლეთ ნაპირას გადაჰყავდა. ნავის გვერდით, მზის შუქზე აბრჭყვიალებულ მდინარის დინებაში, მრავალი მსხვილი თევზი დაცურავდა. გრილი ქარი სახეში მიბერავდა. ღრმა ყლუპებით ვყლაპავდი ჰაერს, და თან ნაპირიდან მომავალ მაჰიპნოზებელ რეჩიტატივს ვუსმენდი – მოსწავლეები აშრამებში ვედური წმინდა ჰიმნების დეკლამირებას ახდენდნენ. აღმოვჩნდი რა მეორე ნაპირას, მარტომ ვიარე სანაპიროზე, სამხრეთის მხარეს, მყუდრო ადგილის ძებნაში. შესაფერისი ადგილი ვიპოვე და მედიტაციისთვის დავჯექი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს არა უბრალოდ სხვა ქვეყანაშიაღმოვჩნდი, არამედ მილიონობით კილომეტრის მოშორებით იმ სამყაროდან, რომელსაც მანამდე ვიცნობდი. რამდენიმე საათში მედიტაციიდან ვიღაცის ნაბიჯის ხმამ გამომიყვანა. თვალები გავახილე. ჩემსკენ კონცენტრირებული მზერით ნელა მოდიოდა წმინდა ადამიანი. მის კანს ოქროსფერი დაჰკრავდა, ჭაღარა წვერი ჰქონდა და თმა მხრებამდე სწვდებოდა. ტანსაცმელს ქარი უფრიალებდა და თვითონ სიმშვიდეს ასხივებდა.
ავდექი და მივესალმე მას. დიდი და კეთილი თვალებით შემომხედა და მითხრა:
“შენ მე არ მიცნობ, მაგრამ მე ვიცი ვინ ხარ. დავინახე, თუ როგორი დიდია შენი სიმტკიცე. ახლა განგას აჩუქე შენი ტანსაცმელი, მე კი სადჰუს ტანსაცმელს გადმოგცემ”.
“რა არის სადჰუ?” – ვკითხე მე.
“სადჰუ – ეს მოხეტიალე განდეგილია, რომელმაც უარი თქვა მიწიერ მიჯაჭვულობებზე ღვთაებრივი ცხოვრების გამო. სხვა სიტყვებით, სადჰუ – ეს ბერია”.
წმინდა მდინარის ნაპირას მან გადმომცა თხელი თეთრი ქსოვილის ორი ნაჭერი და მაჩვენა, თუ როგორ უნდა მომეხვია იგი თეძოების (მას ერქვა ლუნგი) და ტორსის (მას ერქვა ჩადარი) გარშემო.
ასევე მან მომცა ბარძაყებზე შემოსახვევი, ანუ კაუპინა, რომელიც ქსოვილის ორი ნაჭრისგან შედგებოდა. ამ ძღვენით მოხიბლულმა, ჩემი დასავლური ტანსაცმელი მდინარის სწრაფ დინებას გავატანე და ღმერთისადმი ლოცვა აღვავლინე.
გამომშვიდობებისას წმინდანმა ყურში მიჩურჩულა ფრაზა, რომელმაც გამაოგნა: “დღეიდან შენი დედა განგა იქნება. თავის დროზე თვითონ გაჩვენებს ამას”. იმის გათვალისწინებით, რომ ახლახანს დედას მივწერე წერილი, მისმა სიტყვებმა ჯადოსნური პასუხივით გაიჟღერა.
* * *
რამდენიმე დღის შემდეგ ვედა ნიკეტანში მივედი – განმარტოებულ მცირე ერთსართულიან აშრამში მრავალი უბრალო და მოკრძალებული ოთახით. აშრამის ბინადრები, ისევე როგორც მრავალი მათგან, ვისაც იმ ხანად ვხვდებოდი ხოლმე, კუმბჰა-მელასთვის, ინდოეთის ყველაზე დიდი რელიგიური დღესასწაულისთვის, ემზადებოდნენ. როცა გავიგე, რომ დღესასწაულზე ოც მილიონამდე ადამიანს ელოდნენ, გადავწყვიტე არ მიმეღო ამაში მონაწილეობა. ტყეში, ვედა ნიკეტანიდან შორიახლოს, გამოქვაბული ვიპოვე და იქ შევსახლდი. ყოველ დილით, განთიადისას, განგის ნაპირას ვჯდებოდი და მის მსწრაფლმავალ დინებას ვაკვირდებოდი. მდინარის სიგანე ამ ადგილას ასეულობით მეტრს აღწევდა.ნაპირი რბილი მოვერცხლისფრო ქვიშით იყო მოფენილი, რომელზეც გლუვი ქვები მიმოფანტულიყო. ყველანაირი ზომის ქვები სხვადასხვა ფერებში გადადიოდნენ და ზღაპრულ ძვირფას მორთულობას მაგონებდნენ. მესმოდა რა, რომ არ ვიმსახურებდი იმ საგანძურს, რომლისკენაც ვილტვოდი, განწმენდის მწვავე მოთხოვნილებას ვგრძნობდი. ამიტომ გადავწყვიტე ყოველდღე, ერთი თვის განმავლობაში, აისიდან დაისამდე მელოცა და მდუმარების აღთქმა შემენახა. ვილოცე, რომ ღმერთს ამისთვის შესაფერისი ადგილი ეჩვენებინა და უცებ, პირდაპირ ჩემს წინ, მდინარეში, ქვების რიგი შევნიშნე, რომელიც ხელთუქმნელ ხიდს ქმნიდა დიდ ბრტყელ ლოდამდე, რომელიც მდინარეში, ნაპირიდან ათ მეტრში იდგა. სწორედ ეს ქვა გახდა ჩემი მედიტაციის ადგილი. განგის მძლავრი დინებებით გარშემორტყმული, მთელი დღე ამ ქვაზე ვიჯექი ხოლმე. ეს საოცარი სანახაობა საკუთარი უსუსურობის შეგრძნებაში მეხმარეობდა. მწუხრის ჟამს, გამოქვაბულისკენ გზაზე, ჩავივლიდი ხოლმე მოხუცის გვერდით, რომელიც მიწაზე იჯდა და ძველი ტომრის ნაჭერზე დალაგებულ პატარა სტაფილოებს ჰყიდდა. ჩემი დანახვისთანავე მოხუცი ერთ სტაფილოს გამომიწოდებდა ხოლმე. მე აღთქმა დავდე, რომ განგის წყალი და დღეში ერთი სტაფილო იქნებოდა ჩემი ერთადერთი საკვები უახლოესი ოცდაათი დღის განმავლობაში.
დღე-ღამის მთელ ნათელ დროს სრულ მარტოობაში, ქვაზე, პირი-სახით დინების შემხვედრი მიმართულებით შებრუნებული ვატარებდი. მოპირდაპირე ნაპირას, ჩემგან მარცხნივ, ხანდახან რომელიმე იოგს ვხედავდი ხოლმე მედიტაციურ პოზაში. მარჯვნივ ჰიმალაების ულამაზესი მთები გადაჭიმულიყვნენ. უახლოესი მთის მწვერვალი შემოსაზღვრულობით გულს მაგონებდა. ჩემთვის იგი ღმერთის გულთან ასოცირდებოდა. საათობით ვუყურებდი და ვფიქრობდი იმაზე, თუ რა უსაზღვროა ღმერთის გული, რომელიც ყველა ცოცხალ არსებას აძლევს თავშესაფარს, და თუ როგორი დიდებული და მშვენიერია იგი. მთაზე ასვლისას დაბლობს უკან ვიტოვებთ, და სწორედ ასევე თუკი ღმერთის გულისკენ აღმასვლა გვინდა, უკან უნდა მოვიტოვოთ ის მიწიური მიჯაჭვულობები, რომლებიც ხელს გვიშლიან. გულწრფელი სულიერი პრაქტიკა – ესაა მთაზე აღმასვლა, და რა სიძნელეებიც არ უნდა შეგვხვდეს ამ გზაზე, შეუპოვრად უნდა ვიაროთ და იმედი არ უნდა დავკარგოთ. მთა თავად იცავს მას, ვინც მასზე ადის. ასევე ღმერთი, თუ გულწრფელები ვართ, უცილობლად დაგვეხმარება მის მოსიყვარულე გულამდე მიღწევაში.
ჩემს გარშემო ყველა მხრიდან გადაშლილიყო განგა მბრწყინავი ტალღებისგან შემდგარითავისი ზამთრის სამოსით. მისი ტალღები მაღლა იწეოდნენ და ბზრიალებდნენ, თითქოს თავისივე სილამაზით დამთვრალნი. ვერც ერთი მხატვარი ვერ დახატავს ამ უსაზღვრო მშვენიერების თუნდაც ერთი გაელვების მთელ სილამაზეს. მდინარე შედევრს შედევრზე ქმნიდა და მაშინათვე ანადგურებდა მათ. აქედან მნიშვნელოვანი გაკვეთილი მივიღე: ამ სამყაროს ყველა მშვენიერი მოვლენა წარმავალია. აქ არაფერია მარადიული. ყოველ წამში გარშემომყოფი ბუნება ცვლილებას განიცდის. დედა განგა, ისევე როგორც მთლიანად ბუნება, მარადიულია, მაგრამ მისი ქმნილებათა ჟამი მარადიული არაა. სწორედ ასევე შეუბრალებლად ნადგურდება ყველაფერი ის, რასაც ასე ვეპოტინებით ამ სამყაროში. ვერაფერს ვერ შევინარჩუნებთ სამუდამოდ. მაგრამ თუკი შევძლებთ, რომ ჭეშმარიტების სიღრმისეული დინების მშვენიერება დავაფასოთ, მაშინ ზედაპირზე მჩქეფარე სიხარულისა და მწუხარების ტალღების ქვეშ სრულიად სხვა რეალობა გაგვეხსნება. მე მდინარეში ვიჯექი, როგორც მისი დამჯერი მოსწავლე. განგა მაღლა, ჰიმალაებიდან იღებს სათავეს და შეუპოვრად მიისწრაფვის ოკეანისაკენ. გზაზე უამრავი დაბრკოლება ხვდება – წაქცეული ხეები, უზარმაზარი ქვები და კლდეებიც კი, მაგრამ არაფერს ძალუძს მისი დინების შეჩერება. ის იოლად გადალახავს ხოლმე ყველა დაბრკოლებას, შემოუვლის რა მათ ზემოდან, ქვემოდან ან გვერდიდან. დედა განგა გვასწავლის, რომ თუ წარმატების მიღწევა გვინდა, ასევე შეუპოვრად უნდა ვისწრაფვოთ დასახული მიზნისკენ, მიუხედავად გარდაუვალი წინააღმდეგობებისა, რომლებიც ქვებივით გადაგვიღობავენ ცხოვრების დინების გზას. ჩვენ უნდა შემოვუაროთ მათ და არასოდეს დავნებდეთ. ღმერთი ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსვლაში დაგვეხმარება.
ქვაზე ვიჯექი და წარმომედგინა, რომ თვალწინ ვხედავდი არა უბრალოდ მდინარის დინებას, არამედ ცხოვრების მდინარეს. როცა მორევში ხარ, ძნელია მისი გავლენისგან თავის დაღწევა, მაგრამ თუ ნაპირას ჯდები, მაშინ დინების გვერდიდან დანახვააშესაძლებელი. ასე დამანახა დედა განგამ, რომ თუ ჩვენი ეგოსგან, მოუსვენარი ჭკუისგან, გრძნობებისგან და გარესამყაროსგან გვერდზე განდგომას და ცხოვრების დინებაზე დაკვირვებას ვისწავლით, შეგვიძლია ჭეშმარიტი სიბრძნე მოვიპოვოთ. მზის ჩასვლისას გამოქვაბულში ვბრუნდებოდი და ვფიქრობდი იმ აღმოჩენებზე, რაც ამ დღემ მაჩუქა.
ერთხელ ამ ადგილების ისტორიაზე დავფიქრდი, რომელიც მრავალ მილიონ წელს ითვლიდა. ოდესღაც აქ არიელების სულიერი ცივილიზაცია ყვაოდა. შემდეგ ეს მიწები ცოტა ხნით ალექსანდრე მაკედონელმა დაიპყრო. მის შემდეგ ჩრდილოეთ ინდოეთში მუსულმანი დამპყრობლები შემოვიდნენ და რამდენიმე ასწლეული მართავდნენ მას, სანამ ისინი ინგლისელებმა არ განდევნეს. ეს უკანასკბნელნ კი, თავის მხრივ ინდოეთიდან განდევნა ნაციონალურ-განმანთავისუფლებელმა მოძრაობამ მაჰატმა განდის და სუბჰაშ ჩანდრა ბოსის მეთაურობით. თავისუფლება და მონობა, ომი და მშვიდობა, პოლიტიკური გამარჯვება და მარცხი ერთმანეთს ცვლიდნენ, როგორც წელიწადის დროები. მაგრამ დროისთვის მოუხელთებელ დედა განგას უშფოთველად მიჰქონდა თავისი წყლები ოკეანისკენ. ჭეშმარიტებაც ყოველთვის უცვლელი რჩება. როგორი დრამატული მოვლენებიც არ უნდა განვითარდეს ამ სამყაროში, ვერაფერი ვერ დაარღვევს ჭეშმარიტების დინებას.
დინებას ჩემს გვერდით ფოთლები, ყვავილები, ფესვებიანად მოთხრილი ხეები და ადამიანთა და ცხოველთა გვამებიც კი მიჰქონდა ხოლმე. ნებისმიერ ამ საგანს, ვფიქრობდი მე, შეუძლია ოკეანეს მიაღწიოს, თუკი დინებას გაჰყვება. მაგრამ დროთა განმავლობაში ამ საგანთაგან მრავალს დინება ნაპირზე გარიყავს, და მათი წინსვლა შეჩერდება. სულიერი გზა და სულიერი მოძღვარი შეგვიძლია განგის დინებას შევადაროთ, ხოლო მასში მოცურავე საგნები, მოსწავლეებს. თუ მოსწავლე რწმენით მიჰყვება სულიერი სწავლების დინებას, მისი ტალღები სულიერი ჭეშმარიტების ოკეანემდე მიიყვანენ მას. თუმცაღა მდინარის ნაპირებზე მოსწავლეს მრავალრიცხოვანი ცდუნებები ელოდება. კომფორტის და ბედნიერების ძიებაში ზოგიერთი მათგანი დინებიდან გამოდის. ყველა მაძიებელი ნამდვილად არ რჩება ბოლომდე თავისი გზის ერთგული, მაგრამ ისინი, ვისაც წილად ხვდა დინებაში დარჩენა, საბოლოოდ გასხივოსნების ოკეანეს აღწევენ. კვლავ და კვლავ ვსვამდი კითხვას: ვინ არიან ჩემი მასწავლებლები? შევძლებ კი, რომ ჭეშმარიტებას ვუერთგულო?
დილით ადრე, განთიადამდე რამდენიმე წუთით ადრე, განგას ვუმზერდი, რომელსაც დაუღალავად მიჰქონდა თავისი წყლები, და აზრობრივად ვხატავდი მის მთელ გზას სათავიდან ოკეანემდე. ოკეანე უხმობდა, და წყლის ყოველი წვეთი დინებაში შეუპოვრად მიიწევდა მისკენ, თავისი საბოლოო მიზნისკენ, რომელიც ჯერ კიდევ ასე შორს იმყოფებოდა. დედა განგა მოთმინებას და შეუპოვრობას მასწავლის, რომლებიც აუცილებელია ჩემთვის, რათა ყოველთვის მივყვე გულის ხმას.
არც ერთი წამით არ შემიწყვეტია ფიქრიიმაზე, თუ რამ მაიძულა პერსპექტიულ მომავალზე უარის თქმა და მარტოობაში მკაცრი მარხვის დაცვით მდინარეში ქვაზე მედიტირება. რა საჭირო იყო ეს უკიდურესობანი, რომლებიც მხოლოდ გიჟს თუ ახასიათებს? მაგრამ უკვე იმ დროს გახდა ცხადი, რომ მე თვითონ არ ვაკეთებდი ამ არჩევანს. ამ ყველაფერში ბედის იდუმალ ხელს ვგრძნობდი, რომელიც უჩინრად მიბიძგებდა წინისაკენ.

ზამთრის ერთ ცივ დღეს, როცა ვმედიტირებდი, ჩემს გონებაში ტუჩის ჰარმონიკის ნაზმა მელოდიამ გაიჟღერა და ყველაფერი დანარჩენი უკანა პლანზე გადასწია. ჩემი ყურადღება ბოლომდე გადაერთო ამ წარმოსახვით მუსიკაზე. ჩემი ჭკუის სცენაზე კონცერტი ცონცერტს მოჰყვებოდა. უცებ სევდამ შემიპყრო და ძალიან მომენატრა ჩემი საყვარელი ჰარმონიკა, რომელზეც ინდოეთში ჩამოსვლის მერე აღარ დამიკრავს. ყოველ დღეს, მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე, ჩემს საყვარელ ქვაზე ვატარებდი. მაგრამ დღეს ყველაფერი სხვაგვარად იყო. გადაულახავ მოთხოვნილებას დავემორჩილე და გამოქვაბულში წავედი, რათა ჰარმონიკაზე დამეკრა.
როგორც კი ტუჩებთან მივიტანე იგი, რაღაც უცნაური დამემართა. უჩინარმა ძალამ ისევ მდინარესთან მისვლა მაიძულა. ამასთან ჩემს საყვარელ ინსტრუმენტზე დაკვრის სურვილი ყოველ ნაბიჯთან ერთად იზრდებოდა. განგის მჩქეფარე ტალღები გადავლახე, კვლავ ჩემს საყვარელ ქვაზე ავძვერი და უწინდებურად მის ცივ და ხორკლიან ზედაპირზე დავჯექი. მაგრამ დღეს ხელში ჰარმონიკა მეჭირა, და ჩემი გული სიყვარულის ისეთმა ძლიერმა გრძნობამ აავსო, რომ მთელი სხეული მითრთოდა. ნუთუ შეუძლია ჩვეულებრივ, მეტალისგან და ხისგან გაკეთებულ მუსიკალურ ინსტრუმენტს ასეთი გრძნობების გამოწვევა? ეს ჰარმონიკა ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, მას ვანდობდი ჩემს ყველაზე იდუმალ გრძნობებს. ჩვენ ისე ახლოს ვიყავით ერთმანეთთან, რომ ისეთ საიდუმლოებებსაც კი ჩავჩურჩულებდი, რომლის შესახებაც ჩემს გარდა მხოლოდ ღმერთმა იცოდა. ჰარმონიკას კი ჩემი სიხარული, სევდა და ოცნებები ტკბილი მელოდიების ნოტებზე გადაჰქონდა. დროთა განმავლობაში ისე შევეწყვეთ ერთმანეთს, რომ ჩვენი დუეტი შემსრულებლის და ინსტრუმენტის განუმეორებელი დუეტივით ჟღერდა. ბევრ რამეში შეყვარებულებს ვგავდით.
და ახლა, თითქოს ეჭვიანობდა, ჰარმონიკა ყურადღებას მოითხოვდა ჩემგან. მე დავფიქრდი. ნუთუ ეს მინდა ჩემი ცხოვრებისგან? შორეულ მწვერვალებს შევხედე და ჩუმი სევდა შეეხო ჩემს გულს. მივხვდი, რომ ერთგული თანამგზავრი დაბრკოლება გახდა ჩემს გზაზე. ქვაზე ვიჯექი და დიდხანს ჩავცქეროდი განგის წყლის ლურჯ სიღრმეს. შემდეგ მზერა ჰარმონიკაზე გადავიტანე და მივხვდი, რომ მეორეს ასეთს ვეღარსად ვიპოვიდი. გრძნობამორეულმა მივმართე ჩემს თანამგზავრს, ამჯერად ამ სიტყვებით:

“ჩემო ძვირფასო, გმადლობ იმისთვის, რომ მთელი ეს დრო ჩემთან ერთად გაატარე. როცა მტკიოდა და მარტო ვიყავი, შენში ვპოულობდი სიმშივდეს და ნუგეშს. როგორი მოთმინებით ისმენდი ჩემს გამოცხადებებს და იმ სიტყვებისგან, რომლის გამოთქმაც არ შემეძლო, ამაღელვებელ მელოდიებს ქმნიდი”. ამ სიტყვებმა ამატირა.
შემდეგ კვლავ შევხედე წმინდა მდინარეს და შევთხოვე: “ო, დედა განგა, იმას გაძლევ, რაც ყველაზე ძვირფასია ჩემთვის, და ამით მინდა ღმერთს მივუძღვნა ჩემი უღირსი გული. გთხოვ, მიიღე ჩემი ძღვენი”.
ორივე ხელით გულზე მივიკარი ჰარმონიკა, შემდეგ ძლიერად მოვიქნიე და წყალში მოვისროლე. ჰაერში ოვალი მოხაზა, და თითქოს შენელებული კადრით მდინარეში ჩავარდა. განშორებისგან გული შემეკუმშა – ჩემი ერთგული თანამგზავრი სამუდამუდ გაქრა განგის წყლებში.

* * *
ყველაზე ღირებულ საჩუქრებს ცხოვრება ხშირად ფრიად მოულოდნელი სახით გვიძღვნის ხოლმე. ერთნი შემთხვევითობას უწოდებენ ამას, მეორენი – კარმას, ან ბედს, მესამენი კი ფიქრობენ, რომ ეს თავად ღმერთის ჩარევის შედეგია. ერთ დღეს, როცა განგის დინების ხმამ მედიტაციას მომწყვიტა, უეცრად მომეჩვენა, რომ მისი მძლავრი და ამავე დროს ნაზი ტალღები სიბრძნის და სიყვარულის ჰიმნს მღეროდნენ. ამ ტკბილი სიმღერით მოჯადოებული ვიჯექი და ყურადღებით ვისმენდი მას. ამის შემდეგ, დილიდან საღამომდე, უბრალოდ ვიჯექი ხოლმე და მდინარის სიმღერას ვუსმენდი. ეს ჩემი ყოველდღიური მედიტაცია გახდა.
რამდენიმე დღის შემდეგ ზამთრის ქარში ვიჯექი და ჰიმალაების ცას შევცქეროდი. საფირონისფერ ცის თაღზე ბამბის ქულებივით თეთრი-რძისფერი ღრუბლები დაცურავდნენ. ჩემს ქვეშ კი მდინარის დინება ჩქეფდა და ქაფდა. მდინარის ხმა სიმფონიად ჟღერდა და ჩემი ფიქრების ტყვეობისგან მანთავისუფლებდა. მდინარის სიმღერაში ათასობით ღვთაებრივი ხმა ისმოდა, რომლებიც უნისონში მღეროდნენ წმინდა მარცვალს – “ომ”. ამ ბგერამ დამატყვევა.
მომდევნო დღის დაისის ჟამს ოქროსფერ ზამთრის ღრუბლებს ვაკვირდებოდი, რომლებიც ლურჯ ცაზე დაცურავდნენ. მთების თოვლიანი მწვერვალები ცოცხლებს ჰგავდნენ, და შემეძლო დამეფიცა, რომ სუნთქავდნენ. თეთრი წეროები, მწვანე თუთიყუშები და ფრინველები კაშკაშა-ლურჯი, წითელი და ფორთოხლისფერი ფრთებით ცაში ლივლივებდნენ, და ყოველი მათგანი თავის განუმეორებელ ტკბილ სიმღერას გალობდა. თუ არ ჩავთვლით ფრინველების ხმებს, იმ საღამოს განგა რაღაც უჩვეულო, მისტიკურ მდუმარებაში იყო ჩაძირული. ვფიქრობდი, რა მცირე გამომართვა ღმერთმა და რა ბევრი მომცა სანაცვლოდ. მივხვდი, რომ რაც უფრო უღირსად თვლის თავს ადამიანი ღმერთის წყალობისადმი, მით უფრო მეტ მადლიერებას გრძნობს, როცა ამ წყალობას ღებულობს. სწორედ მადლიერების გრძნობა ამზადებს ჩვენს გულს ღმერთის წყალობის მიღებისთვის. თვალდახუჭული კვლავ ჩავიძირე მდინარის სიმღერის სმენაში – მარცვალი “ომ”-ის უსაზღვრო ჟღერაში. ეს ჯადოსნური შეგრძნება იყო. მივხვდი, რომ მალე რაღაც არაჩვეულებრივი უნდა მომხდარიყო. და ამ დროს გავიგე ბგერები, რომლებიც მეჩვენებოდა, რომ დედა განგას შიგ გულიდან მოდიოდა. ღვთაებრივი ქმნილებების მრავალათასიანი ქორო ნელ და მომაჯადოებელ სიმღერას გალობდა, და მისი ექო მთელ არე-მარეს ედებოდა:
ჰარე კრიშნა, ჰარე კრიშნა, კრიშნა კრიშნა, ჰარე ჰარე,
ჰარე რამა, ჰარე რამა, რამა რამა, ჰარე ჰარე.
ვგრძნობდი, რომ მდინარის ხმის მეშვეობით თავად ღმერთმა ჩამჩურჩულა ყურში ეს ჯადოსნური მანტრა. ეს ნათლობის რაღაც საიდუმლო რიტუალს მაგონებდა, რომელმაც ამამაღლა და მიზანთან მიმაახლოვა. გული მადლიერებით ამევსო, და მე ხმამაღლა ავიტაცე ეს სიტყვები მდინარესთან ერთად, რითაც უნებლიედ ჩემს მიერ დადებული მდუმარების აღთქმა დავარღვიე. ვერანაირი მიწიერი სიამოვნება ვერ შეედრებოდა იმას, რაც მაშინ განვიცადე. ვერ ვხვდებოდი ამ სიმღერის აზრს, მაგრამ მან უკვე დაიპყრო ჩემი გული. რას ნიშნავს იგი? მე დავასკვენი, რომ როგორც ლურჯკანიანი ყმაწვილის გამოსახულების შემთხვევაში, ეს საიდუმლოც საჭირო დროსთავისით გამეხსნებოდა. შევწირე რა ჩემი ჰარმონიკის სიმღერა, სანაცვლოდ განგას სიმღერა მივიღე.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff