თავი ოცდამეთორმეტე
თავი ოცდამეთორმეტე
მსოფლიოს მეორე ბოლოში მყოფი, ვგრძნობდი, თუ როგორ ღელავდნენ ჩემი მშობლები. წელიწადნახევარი მოგზაურობაში გავატარე, ჩემს მშობლებს კი მოწერაც არ შეეძლოთ, რადგანაც ერთ ადგილას არ ვყოვნდებოდი საკმარისად დიდხანს იმისთვის, რომ წერილები გამეგზავნა უკან გამოსაგზავნი მისამართით. მთელი ამ ხნის განმავლობაში მათგან ერთი სიტყვაც არ გამიგია. მაგრამ ჩემს უკანასკნელ წერილში ვრინდავანის შესახებ მოვუყევი მათ და კონვერტზე მისამართიც მივუთითე. მხოლოდ ისღა დამრჩენოდა, პასუხს დავლოდებოდი.
ერთ მშვენიერ დღეს ასიმ კრიშნამ ერთდროულად სამი კონვერტი გადმომცა. წინასწარ ვგრძნობდი, რაც ეწერებოდა იქ, ამიტომ იამუნას ნაპირას წავედი. პირველი წერილი მამისგან იყო. ზოგიერთი სიტყვა და მთელი ფრაზებიც კი ცრემლებისგან იყო გადადღაბნილი. მის ტკივილს ვგრძნობდი უბრალოდ იმით, რომ ეს ფურცელი მეკავა ხელში. როგორ მოვექეცი ჩემს მშობლებს, რომლებმაც მთელი ცხოვრება ჩემზე ზრუნვას შეალიეს? ყოველ სტრიქონში მამა მემუდარებოდა, რომ სახლში დავბრუნებულიყავი. “ყოველდღე, - წერდა იგი, - დანაშაულის გრძნობა მაწუხებს და ადგილს ვერ ვპოულობ დარდისგან. დღე მარადისობასავით იწელება. რა დაგიშავე ასეთი, რომ უარი თქვი ჩემზე?” და შემდეგ: “როგორ უნდა ვიცხოვრო, როცა ვიცი, რომ ჩემი შვილი გამოქვაბულებში და ჯუნგლებში ცხოვრობს, სულ მარტო და უფულოდ?” და ქვემოთ ხელმოწერა: “შენი უბედური მამა”. იამუნას აუჩქარებელ დინებას ვუმზერდი და ისევე უბედურად ვიგრძენი თავი, როგორც მამაჩემი იყო.
მეორე კონვერტი გავხსენი – წერილი დედასგან. ის კითხვების ნაკადს მაყრიდა: “რატომ ხარ ამდენ ხანს საზღვარგარეთ? ნუთუ ჯერ კიდევ ვერ იპოვე რასაც ეძებდი? რა გაცვია და რითი იკვებები? როგორ გრძნობ თავს?” ყოველი სიტყვით იგი თავის სიყვარულს გამოხატავდა.
მესამე წერილი ლარისგან იყო, ჩემი უმცროსი ძმისგან, რომელთანაც ყოველთვის ვმეგობრობდი. ლარი ყოველთვის გამოირჩეოდა სამართლიანობით და პირდაპირობით, ამიტომაც ვიცოდი, რომ მისი ყოველი სიტყვა – სიმართლეა. იგი აღწერდა ულევ მწუხარებას, რომელსაც ჩემს გამო მთელი ჩემი ოჯახი განიცდიდა. დედაზე იგი წერდა: “შენ რა, დედობრივი სიყვარული არ იცი რა არის? დედა ჭკუიდანაა შეშლილი. დღისითაც და ღამითაც შიშობს, რომ რაიმე ცუდი არ დაგემართოს”. შემდეგ მამის მდგომარეობას აღწერდა: მამა თვალსა დ ახელს შუა ჭაღარავდება. ძალიან მობერდა მას შემდეგ, რაც მიგვატოვე. მთელი დღე-ღამეები ზის და თავის დარდშია ჩაფლული, კედელს უაზროდ მიშტერებული. იხსენებს, რომ შენ მარტო ცხოვრობ ჯუნგლებში და გამოქვაბულებში, და ტირის. გინდა საკუთარი მამა მოკლა? ასე გესმის რელიგია? იქნებ შენთვის სულ ერთიცაა, ცოცხალია თუ არა, მაგრამ ჩვენ გვიყვარს იგი. თუ არ დაბრუნდები, მისი სიკვდილი შენს სინდისზე იქნება”.
გული გამიჩერდა. ჩურჩულით დავიწყე ლოცვა და განგებას ვთხოვდი, რომ გზა ეჩვენებინა. იამუნას წყნარ დინებას ვუმზერდი, და მთელმა ჩემმა ცხოვრებამ თვალწინ ჩამიარა. მხურვალედ ვუხდიდი მადლობას ჩემს ახლობლებს მათი სიყვარულისთვის და ვგმობდი საკუთარ თავს იმის გამო, რომ ტკივილი მივაყენე მათ, თუმცაღა ღვთაებრივი სიყვარულის მოპოვების დაუოკებელი წყურვილი ყველაფერს ჩრდილავდა ჩემს გულში. არ ვვარაუდობდი, რომ გამიგებდნენ. გავიხსენე ისტორიები დიად წმინდანებზე, რომლებმაც ღმერთს მიუძღვნეს თავი. მათი ახლობლების გულებიც ასევე გატეხილი იყო, რაც ყველაზე აუტანელ ტკივილს ანიჭებდა მათ, მაგრამ მედგრად იტანდნენ ყველა ამ ტანჯვას. როცა უფლის ხმა გაიგო, აბრაამი მზად იყო მსხვერპლად შეეწირა თავისი საყვარელი შვილი – ისააკი. იესო, დაემორჩილა თავის ბედს, რომელიც გეთსიმანიის ბაღში გაეხსნა, და ჯვარცმის სასიკვდილი ტანჯვა მიიღო, ხოლო დედა მარიამი ჯვრის ქვეშ უნუგეშოდ დასტიროდა მას. იგივე დაემართათ მის მოციქულებსაც, რომლებმაც ყველაფერი მიატოვეს და თავიანთ მასწავლებელს გაჰყვნენ. პრინცმა სიდჰართჰა გაუტამამ, როცა იგივე შინაგანი ხმა გაიგო, მტირალი ახლობლები მიატოვა და ტყეში განმარტოვდა, რათა თავისი გზა გაევლო და ბუდა გამხდარიყო. როცა შინაგანმა ხმამ უხმო შანკარაჩარიას – ვედანტას უდიადეს მქადაგებელს, – ისიც სახლიდან წავიდა და გული გაუტეხა თავის საწყალ დედას. და უფალმა ჩაიტანიამაც ჩვენი ხსნისთვის თავისი დაქვრივებული დედა მიატოვა, რომელსაც თავისი სიცოცხლის ბოლომდე ცრემლების ნიაღვარი სდიოდა თვალთაგან.
ეს წმინდანები და ავატარები – უდიდესი პიროვნებები არიან, მე კი ვინ ვარ? და მაინც, არ შემეძლო შევწინააღმდეგებოდი ამ ხმას, ღვთაებრივისადმი წყურვილს და სევდას, რომელიც გულს მიღრღნიდა. მთელი დღე იამუნას ნაპირზე გავატარე ჩემი ოჯახისთვის ლოცვაში და ღმერთს ვთხოვდი, რომ მიმართულება მოეცა ჩემთვის.
მეორე დილით, ტაძრის ეზოში, ბონ მაჰარაჯის ტერფებთან მოვკალათდი და წერილები ვაჩვენე მას. სანამ კითხულობდა, თვალებზე ცრემლი მოადგა. დიდხანს დუმდა და ჩაფიქრებული სადღაც შორს იყურებოდა. შემდეგ შემომხედა და მითხრა: “დიდი ხნის წინ, როცა დაახლოებით შენი ასაკის ვიყავი, გადავწყვიტე სამყაროს განვდგომოდი, რამაც აუტანელი ტკივილი მიაყენა ჩემს მშობლებს. ეს სერიოზული გამოცდა იყო. ჩვენთვის ძვირფას ადამიანების გატეხილი გულები – ასეთია ხშირად საფასური, რომელიც უნდა გადავიხადოთ ღმერთისადმი ნამდვილი ერთგულების მოპოვებისთვის. მაგრამ გავა დრო, და შენ ნახავ, რომ ისინი გაიგებენ და დააფასებენ შენს არჩევანს. ისინი იამაყებენ შენით. ამასთან, იცოდე, რომ სადჰუსთვის არ არის აკრძალული საკუთარ მამასთან ან დედასთან შეხვედრა. გააკეთე ის, რასაც გულ გიკარნახებს”.
მამას ასეთი წერილი მივწერე:
ჩემო ძვირფასო მამა,
მივიღე 1971 წლის 14 სექტემბრის შენი წერილი, და გული ტკივილისაგან შემეკუმშა. მოისმინე ჩემი პასუხი, მაგრამ არა ყურებით, არამედ შენი მოსიყვარულე გულით. ის, რისიც სჯერა, ადამიანმა ყველაზე წმინდად უნდა აქციოს ცხოვრებაში და ამ გზას მისდიოს. თუ ადამიანი არ მიჰყვება იმას, რისაც მართლა სჯერა, მისი სიცოცხლე ფუჭად ჩაივლის. მე მთელი გულით და სულით მჯერა, რომ ცხოვრების უმაღლესი მიზანია – მივუძვნათ თავი ერთიან ღმერთს, რომელიც სიყვარულით გვხელმძღვანელობს ჩვენ ყველას. ყველანი ჩვენ – ერთი და იგივე უფლის მსახურები ვართ. მე ვთვლი, რომ ყველა კამათი და უბედურება მხოლოდ იმის გამოა, რომ ადამიანებს ავიწყდებათ ეს უდიდესი ჭეშმარიტება.
უხსოვარი დროიდან ამ სამყაროში არ ყოფილა პოლიტიკოსების, საქმოსნებისა და ომების უკმარისობა, მაგრამ მათთან ერთად ყოველთვის იყვნენ ისინიც, რომელიც ჭეშმარიტების გზით დადიოდა და სულიერ ცხოვრებას ეწეოდა. თუმცაღა დღესდღეობით ხალხი იმდენადაა ჩაფლული საკუთარი მატერიალური შიმშილის დაკმაყოფილებაში, რომ სრულიად დაივიწყეს ღმერთი.
ნუთუ მართალი არაა, რომ ყველაზე კეთილშობილ ადამიანად ის ითვლება, ვინც მოკრძალებული, პატიოსანი, კეთილი და ყველასადმი პატივისცემით განწყობილია? სწორედ ესაა რელიგიური ცხოვრება მისი ჭეშმარიტი არსით. მე მჯერა, რომ სწორედ ასეთი ცხოვრებით უნდა ვიცხოვრო. ძალიან გთხოვ, დამიჯერე: ყველაფერი, რაც მინდა, - ესაა ვეცადო ბოროტებისგან თავისუფალ ცხოვრებას. ჩემნაირი ხასიათის ადამიანისთვის ბიზნესით დაკავება ცარიელ და უსიხარულოდ დროის ფლანგვად აქცევს ჩემს ცხოვრებას. ის, ვინც თრგუნავს თავის შინაგან ბუნებას, თავად საკუთარ თავს ანგრევს. ჯერ საბოლოოდ არ ჩამოვყალიბებულვარ.
ძალიან გთხოვ – მომეცი დრო, რომ ჩემი შეხედულებების სიმართლეში დავრწმუნდე. და მაშინ აუცილებლად შევხვდებით კვლავ.
მე მოგწერთ ხოლმე. ამერიკაში ახლა მრავალი მშობელი იტანჯება შვილთან განშორების გამო. შვილი ორი, ან შეიძლება ოთხი წელიც კი მსახურობდეს ჯარში, და ის შეუძლიათ ნებისმიერ მომენტშI მოკლან, მხოლოდ იმის გამო, რომ ერთ ხალხს მეორე ხალხი სძულს. ერთადერთი, რასაც უმორჩილესად გთხოვ, - დამიჯერე: ის, რასაც ვეძებ, ყველასთვის სასიკეთოდ შემოატრიალებს ყველაფერს.
დაე, უფალმა დაგლოცოს, ჩემო ძვირფასო მამა, და სიმშვიდემ დაისადგუროს შენს კეთილ გულში!
მალე მოგიყვები ჩემი გეგმების შესახებ, ძალიან მალე.
რიჩარდი,
ვრინდავანი, ინდოეთი,
30 სექტემბერი 1971 წელი
დედას მივწერე, თუ რითი ვიკვებებოდი და რა ტანსაცმელს ვატარებდი. ასევე ვარწმუნებდი მას, რომ მშვენივრად ვგრძნობ თავს, და ავუხსენი ცხოვრების აზრის ძიების შესახებ. მადლობას ვუხდიდი სიყვარულისთვის და ვთხოვდი, არ ენერვიულა ჩემზე.
ვიცოდი, რომ ვერ გაიგებდნენ, თუ რა მამოძრავებდა. ჩემი მიამიტი სიტყვები ალბათ უფრო ატკენდა გულს. მაგრამ მჯეროდა, რომ ღმერთმა იცის ჩემი ზრახვები და აუცილებლად გაუწვდის მათ დახმარების ხელს.