თავი მეორე
თავი მეორე
ჩემი გამგზავრების დღეც დადგა. თვითმფრინავში სავარძლის რიგებს შორის ვიკვალავდი გზას და ვცდილობდი თავში არავის მოხვედროდა ჩემი სპორტული ჩანთა.
“მაპატიეთ, მემ, - მივმართე ქალბატონს სქელი და ფუმფულა ვარცხნილობით, ნება მიბოძეთ გავიარო, ჩემი ადგილი ილუმინატორთანაა”.
მან ამომხედა და ჩემი გრძელი თმის დანახვაზე აიმრიზა. სახეზე მკაფიოდ ეწერა: “სხვა ადგილი მოძებნე”. ასეც მოვიქცეოდი, მაგრამ სხვა თავისუფალი ადგილი ახლო-მახლო არსად იყო, უკან კი სხვა მგზავრები მედგნენ, რომლებიც თავისი ადგილების პოვნას მოუთმენლად ლამობდნენ. მე ფრთხილად გავიარე ქალის გვერდზე, ჩემს სავარძელში ჩავჯექი და დემონსტრაციულად მივაშტერდი ილუმინატორს.
რამდენიმე წუთში მალულად შევხედე ჩემს მეზობელს, მაგრამ კვლავაც მის მტრულად განწყობილ სახეს გადავაწყდი და ისევ შემოვბრუნდი. აფრენა ყოვნდებოდა. მოგვიანებით კიდევ გავიხედე ქალბატონისკენ, მაგრამ ჩემდა გასაკვირად მის ადგილას ახალგაზრდა კაცი იჯდა შავი ჯინსებით, შავი უსახელო მაისურით და შავი ჩექმებით. ვერცხლისფერი სამაჯურები მის ნატიფ და დახვეწილ ხელებსფარავდა. გრძელი და სწორი თმა თოვლივით თეთრი ჰქონდა, და ასეთივე თეთრი იყო მისი კანიც. თვალები მოვარდისფრო ჰქონდა, რაც ხშირად გვხვდება ალბინოსებში, ხოლო ტუჩებზე ანცი ღიმილი უთამაშებდა, რამელმაც ჩემი გული მაშინვე გაამხიარულა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თანამგზავრი ძალზე უჩვეულოდ გამოიყურებოდა, იყო მასში რაღაც ნაცნობი. სადღაც უკვე მენახა იგი. და მაშინვე გამახსენდა: ეს ხომ ჯონი ვინტერია, ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მუსიკოსი, როკ-ენ-როლის ლეგენდარული ვარსკვლავი!
“გაუმარჯოს, მეგობარო! მე ჯონი მქვია”.
“მე კი მეგობრები პატარა მანქს მეძახიან”.
ჯონიმ ხელი ისე ჩამომართვა, თითქოს მისი საუკეთესო მეგობარი ვყოფილიყავი.
“როგორ აღმოჩნდი აქ? – ვკითხე მე. – ერთი წუთის წინ აქ ვიღაც ქალი იჯდა”.
ჯონიმ გაიცინა და სიტყვების გაწელვით, დამახასიათებელი ტეხასური აქცენტით მიპასუხა:
“შენ იმ დეიდაზე ამბობ, რომელსაც ასე არ მოეწონა შენსსაზოგადოებაში ყოფნა? ის წამოხტა აქედან, სტიუარდესა მოძებნა და ისტერიკა მოუწყო. სხვა ადგილას მოითხოვა გადაჯდომა! არ მოვწონვართ და მოკალი თუ გინდა. მაგრამ ეს უკეთესიცაა. სტიუარდესამ აქ გადმომსვა, და ახლა ერთად ვიმგზავრებთ, ძამიკო!”
ჩვენ საკმაო დრო გვქონდა სასაუბროდ. მე ჩემი სულიერი ძიების შესახებ მოვუყევი, მან კი რამდენიმე ისტორია მომიყვა თავისი ცხოვრებიდან. მე ვახსენე საუბარში, რომ მის გრანდიოზულ შოუს დავესწარი ფლორიდაში, სადაც იგი ჯენის ჯოპლინთან ერთად გამოდიოდა.
როგორც კი მისი სახელი ვახსენე, ჯონის ნაფოტივით გამხდარი სხეული სიცილმა შეძრა:
“ჯერ არასოდეს მისისიპის ნაპირებზე ასეთი ფსიქოპატკა არ ყოფილა!”
ჯონიმ მომიყვა, რომ ჯენისი – გაუწონასწორებელი, აღვირახსნილი, მუდამ მთვრალი, მაგრამ ძალიან კეთილი გოგო იყო. დასავით უყვარდა და განიცდიდა მის გამო:
“პატარა ჯენისი უაზროდ ფლანგავს თავის სიცოცხლეს. სანთელს ჰგავს, რომელსაც ორივე ბოლოში ცეცხლი უკიდია. არ ვიცი რამდენ ხანს გასტანს ასე.”
ჯონი უცებ სერიოზული გახდა და დაჟინებულად შემომხედა.
“იცი მანქ, ფულმა და სახელმა შეიძლება ნებისმიერი დაღუპოს. როგორმე ილოცე ჯენისისთვის”.
ძრავებმა დაიბღუვლეს, თვითმფრინავმა საფრენ ბილიკზე სიჩქარე აკრიფა და ღრუბლებს ზემოთ აიჭრა. მე და ჯონი ჩიკაგოელ და მისისიპელ ბლუზის ლეგენდებზე ვსაუბრობდით, და თითქოს ჩვენი გულებიც ცაში ლივლივებდნენ. მასზე უკეთეს თანამოსაუბრეს ვერსად ვიპოვიდი.
“ძამიკო, მზად ვარ მთელი მარადისობა გელაპარაკო. არ მეწყინება, თუ ეს ბებერი თვითმფრინავი საერთოდ არ დაეშვება მიწაზე”. როგორც კი ღვედზე ჩემი ჰარმონიკა შეამჩნია, ჯონიმ წამოიძახა:
“მოდი ერთად დავუკრათ! – და თავისი ჰარმონიკაც დააძრო. – აირჩიე სიმღერა”.
“იცი ჯუნიორ პარკერის Mother in law Blues?” – ვკითხე მე.
“კარგი არჩევანია!” – მოწონების ნიშნად ცერა თითი მაჩვენა.
და აი, მიწიდან ათიათასამდე მეტრით მაღლა, ჩემდა მოულოდნელად, სახელგანთქმულმა ჯონი ვინტერმა დუეტი შეასრულა ჩემთან ერთად. უფროსი თაობის მგზავრები გამკიცხავად გვიყურებდნენ, ახალგაზრდები კი მხიარულად იღიმოდნენ. ახალგაზრდა სტიუარდესა გასასვლელში შეყოვნდა უფასო კონცერტის მოსასმენად და მუსიკის ტაქტს აყვა. მე და ჯონი კი მუსიკით გართულები აღარავის ვაქცევდით ყურადღებას.
თვითმფრინავი კენედის სახელობის ნიუ-იორკის აეროპორტში დაეშვა, და მე და ჯონი აეროპორტის შენობისკენ გავემართეთ. გასასვლელთან ჯონის მისი მეგობარი გოგო ელოდა – ეფექტური დანიელი მოდელი. გარშემომყოფები დაუფარავი ინტერესით აკვირდებოდნენ მათ. ფრენკი და ჰარი, გაოგნებულნი იმით, რომ ჯონი ვინტერთან ერთად მხედავდნენ, ვერ მალავდნენ გაკვირვებას ჩემი წარმატების გამო. ჰარის ულვაშებში ეღიმებოდა და ტალღოვან წვერზე ხელს ისვამდა.
“მისმინე, მანქ, - ჯონის მეგობარ გოგონაზე მიმანიშნა, - აღიარე, გერჩივნა ჩვენს ნაცვლად ის დაგხვედროდა, არა?”
“დღეს საღამოს, - ხელი ჩამოვართვი და ვუპასუხე მეგობრებს, - ჩვენი სულიერი თავგადასავლები იწყება. ვფიქრობ, თქვენი საზოგადოება უფრო გამომადგება ამისთვის, მეგობრებო”.
***
ჩვენი პირველი ევროპული ღამე ლუქსემბურგში, კარვების ქალაქში გავატარეთ. ერთადგილიან ვიწრო კარავში, საძილე ტომრებში გვეძინა და ვფიქრობდით იმაზე, თუ რას გვიმზადებდა მომავალი დღე. როგორც იქნა, მამლის ყივილმა განთიადის დადგომა გვამცნო. კარვიდან დილის სუფთა ჰაერზე გამოვედით, მე და ჰარი გავიზმორეთ, აყვავილებული ხეებისა და ბალახების არომატი შევისუნთქეთ და ბედს მადლობა გადავუხადეთ. უცებ წუწუნი გაისმა:
“არა! ოღონდ ეს არა!”
კარვიდან ფრენკი გამოძვრა, მკვდარივით გაფითრებული.
“გაგვქურდეს! მთელი ფული დაიკარგა!”
მე და ჰარი კარავში შევვარდით და ყველაფერი გადავაქოთეთ.
“აზრი არა აქვს, - ამოიოხრა ფრენკმა. – უკვე ყველგან დავძებნე”.
ჰარიმ ფრენკს მხარზე ხელი დაადო და უთხრა:
“გამაგრდი, შენთან ვართ”.
“რაც დაგვრჩა ყველაფერს გაგიზიარებთ, - ვცდილობდი ფრენკის დაწყნარებას. – დაივიწყე ფული. მთავარია ერთად ვართ”.
ფრენკმა თავი გაიქნია და თქვა, რომ დარჩენილი ფული ყველას არ გვეყოფოდა. ამიტომ სახლში ბრუნდებოდა, თანაც სასწრაფოდ.
“მოდიხართ ბიჭებო?”
ჩემი ფული ოც დოლარამდე მქონდა. მე და ჰარიმ ერთმანეთს გადავხედეთ და ის მიხვდა, რომ დარჩენას ვაპირებდი. ჰარიმ თანხმობის ნიშნათ თავი დამიქნია, და ჩვენ გულისტკივილით დავემშვიდობეთ ფრენკს, რომელმაც ევროპაში მხოლოდ ერთი ღამე გაატარა. მან მხარზე გადაიგდო თავისი ზურგჩანთა და უკანა გზას გაუდგა, ჩვენ კი მიმავალ ფრენკს გავცქეროდით და ვფიქრობდით, რა გველოდა წინ.
მოგვიანებით, იმავე დღეს ნაკადულს მივადექით და მის ნაპირთან დასვენება გადავწყვიტეთ. ქარი არხევდა ხის ფოთლებს, ქვემოთ კი წყალი მირაკრაკებდა. ფრენკის წასვლასთან ერთად თითქმის საარსებო სახსრების გარეშე დავრჩი. უცნაურია, მაგრამ ამასთან ერთად სრულ თავისუფლებას ვგრძნობდი.
მე და ჰარიმ ჰოლანდიელ ჰიპებთან ერთად ვისაუზმეთ, რომლებსაც კოსმოსი და ჩუჩი ერქვათ. “მიუსლით” გაგვიმასპინძლდნენ და მათთან ერთად ჰოლანდიაში წასვლა შემოგვთავაზეს თავიანთი ძველი “ფოლკსვაგენით”. მალე დონოვანის, ბიტლების და როლინგ სთოუნზის სიმღერების თანხლებით ვმგზავრობდით ბელგიასა და ჰოლანდიაში, და თან ტიტების უსაზღვრო მდელოების ცქერით ვტკბებოდით. წითლები და ყვითლები, თეთრები, ვარდისფერები და იისფერები, აკურატული და სწორი რიგებით გაზრდილიყვნენ და თვალს ახარებდნენ.
იდილიურ ადგილას, ებკაუდში გაჩერების შემდეგ, სადაც ერთ-ერთი ჩვენი ახალი მეგობარი ცხოვრობდა, ამსტერდამში ჩავედით. იქ მიტოვებულ საცავში მიგვიყვანეს, სადაც რამდენიმე ათეული ჰიპი იატაკზე იწვა და მარიხუანას ეწეოდა. მქრქალი ნათურები ძლივს ანათებდნენ. აქა-იქ ვირთხები გაირბენდნენ ხოლმე. რძის ყუთებზე დადგმული ფანერებისგან შეკოწიწებულ იმპროვიზირებულ სცენაზე გაბურძგნული მუსიკოსები უკრავდნენ.
ჰაშიშის ყალიონით ხელში და არაამქვეყნიური ღიმილით ჩუჩმა წარმოთქვა:
“ღმერთმა ინებოს ჰეიტ-ეშბერში შევხვდეთ – ჰიპების მექაში”. გამომოსამშვიდობებლად ხელი დაგვიქნია და კვამლის ბოლქვებში გაუჩინარდა.
მე და ჰარიმ თითქმის უფულოდ არსებობა ვისწავლეთ. დილით ადრე რამდენიმე ცენტად ახლადგამომცხვარი ცხელი პურის “ბუხანკას” ვყიდულობდით, ხის ქვეშ ვჯდებოდით, პურს შუაზე ვჭრიდით და მადიანად ვილუკმებოდით. სადაც არ უნდა ვყოფილიყავით, ეს ჩვენთვის ყოველდღიურ ტრაპეზს წარმოადგენდა.
განსაკუთრებულ შემთხვევებში ყველის ნაჭრის ყიდვის უფლებასაც ვაძლევდით საკუთარ თავს. ჩვეულებრივ ახალ ნაცნობებთან ვათენებდით ღამეს, ხანდახან კი ხეების ქვეშ, მიტოვებულ სახლებში, ან ღამის გასათევებში. ვცდილობდით შეძლებისდაგვარად გამოგვეზოგა დარჩენილი ფული.
ევროპული კონტრკულტურის დედაქალაქად იმ დროს ამსტერდამი ითვლებოდა. საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრს ამსტერდამში დამის მოედანი წარმოადგენდა. ასობით თავგადასავლების მაძიებელი გასართობად და მუსიკის მოსასმენად მიემართებოდა ისეთ კლუბებში, როგორებიცაა “ფანტაზიო”, “პარადიზიო” და “მელკვეგი”. კიდევ ერთი პოპულარული ადგილი იყო “სულიერი ღამის კლუბი “კოსმოსი””. ერთ საღამოს იქ შევხვდი მაღალ ამერიკელს, თეთრი ტანსაცმლით, თავგადაპარსულს და თმის მცირე ბღუჯით თხემის მიდამოში.
“გინდა სულიერი საკვები გასინჯო?” – შემომთავაზა მან.
მე მორცხვად დავუქნიე თავი.
“მაშინ ხელები მომიშვირე”.
მე ხელები გავუწოდე და ჩემს ხელისგულებზე ხილის სალათის მთელი გუნდა აღმოჩნდა. მე დაბნეული ვიდექი, იოგურტი კი თითებს შორის ჟონავდა.
“რა ვუყო ამას?” – ვკითხე მე.
“ჭამე!” – გაიცინა ამერიკელმა და წავიდა.
რავიცოდი მაშინ, რომ ბედი კიდევ შემახვედრებდა მას– აქედან ათასობით კილომეტრის მოშორებით, სიტუაციაში, რომელსაც ვერც კი წარმოვიდგენდი!
მე და ჰარიმ მსოფლიოს ყველა კუთხიდან გავიჩინეთ მეგობრები. ყველაფერი მომწონდა, მაგრამ ჩემი გული მაინც ვერ პოულობდა სიმშვიდეს. შინაგანი ხმა მესმოდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი ვისი ხმა იყო და საით მიხმობდა. ბევრ დროს ვატარებდი მუზეუმებში, ვათვალიერებდი რა რელიგიური ხასიათის ნახატებს, და ვონდელ-პარკში, სადაც ვმედიტირებდი და სულიერ წიგნებს შევისწავლიდი. მაგრამ ყველაზე მეტად განმარტოებულ ადგილას, არხის პირას ჯდომა მიყვარდა. ნებისმიერი დიდი ქალაქის ატმოსფერო ძალაუფლების, სიმდიდრის და სიამოვნებების წყურვილითაა გაჟღენთილი; დიდ ქალაქში მოდა ისევე სწრაფად იცვლება, როგორც წელიწადის დროები, მაგრამ არხები, დაუმორჩილებელნი ქალაქის გავლენისადმი, თავის ცივ წყალს მთელი ქალაქის გავლით დაატარებდნენ და სიმშვიდეს ჰფენდნენ. მე საათობით ვიჯექი არხის ნაპირთან, წყლის ცქერით ვტკბებოდი და ვფიქრობდი იმაზე, თუ საით მივყავდი ჩემი ბედის ტალღებს.
ჩვენი მოგზაურობა გრძელდებოდა. გზად მიმავალი მანქანებით ჰოლანდიის ერთ-ერთ პორტამდე ჩავაღწიეთ და დარჩენილი ფულით დიდი ბრიტანეთისკენ მიმავალ ბორანზე ავიღეთ ბილეთები. ცას ტყვიისფერი ღრუბლები ფარავდნენ. წვიმა ცრიდა. ტალღების ნებას აყოლილი ბორანი ხან მაღლა იწეოდა, ხან დაბლა. ვაკვირდებოდი, როგორ მიარღვევდა დინებას და ვფიქრობდი, თავად საით მქონდა გეზი აღებული. მე ჩემი ცხრამეტი წლის ასაკში უკვე კარიერით უნდა დავინტერესებულიყავი, მაგრამ კარიერა საერთოდ არ მაინტერესებდა. რას ვეძებ? რატომ არ შემიძლია კონცენტრირება არაფერზე, გარდა იდეალებისა, რომლებითაც ჩემი თავია გამოტენილი? და თუ სულიერებაზე ცოტა წარმოდგენა მაინც მქონდა, ჩემი საკუთარი მომავალი შვიდი ბოქლომის მიღმა არსებულ საიდუმლოდ რჩებოდა ჩემთვის.ჩემმა მზერამ ბორტზე გამოფენილი სამაშველო ჟილეტები დააფიქსირა და ლოცვა დავიწყე, რათა გადავრჩენილიყავი ამ გაურკვევლობის ოკეანეში. თუ ადამიანს არა აქვს იდეალი, რომლისთვისაც მზადაა მოკვდეს, - გამახსენდა მე, - ეს ნიშნავს, რომ მის ცხოვრებას აზრი არა აქვს. მე სამშობლო მივატოვე ასეთი იდეალის საძებნელად და ახლა ბედის ქარი გაურკვეველი მიმართულებით მიმაფრიალებდა, როგორც შემოდგომის ფოთლს.
როგორც იქნა ბურუსში დუვრის თეთრი კლდეები გამოიკვეთა. ბორანი ბრიტანეთის ნაპირს მიადგა და მგზავრები რიგში დადგნენ საპასპორტე პუნქტის გასავლელად. საიმიგრაციო ჩინოვნიკები ეჭვის თვალით გვიცქერდნენ. ჰარი დაბალი და გამხდარი იყო. გრძელი წაბლისფერი თმით, წვერით და გამომხატველი სახით ქრისტეს წააგავდა. ლურჯ ჯინსები და მწვანე მაისური ეცვა. ზურგზე ამერიკული ზურგჩანთა ეკიდა, მასზე მიმაგრებული საძილე ტომრით. რაც შემეხება მე, მიუხედავად გრძელი თმისა, ჩემს ყმაწვილურ სახეზე წვერის ნასახიც კი არ იყო. მეცვა რუხი ჯინსები, რუხი პერანგი და შავი ჟილეტი. მათთვის, ვინც მიცნობდა, ეს უბრალო შავი ჟილეტი ჩემი სავიზიტო ბარათი იყო – უკვე წელიწადზე მეტია ყოველდღე ვატარებდი. ფეხზე მოკასინები მემოსა, ხოლო ჩემს ეკიპირებას ყავისფერი სპორტული ჩანთა და საძილე ტომარა ასრულებდა.
აშკარად ვამჩნევდით საიმიგრაციო ინსპექტორების არაკეთილ მზერას ჩვენი მისამართით. როცა ჩვენი ამერიკული პასპორტები წარვადგინეთ, გვთხოვეს, რომ რომელიღაც ოთახში გავყოლოდით. რამდენიმე წუთში ორი საიმიგრაციო ინსპექტორი გამოჩნდა პოლიციელის თანხლებით. უფროსმა ინსპექტორმა თავის თანაშემწეს უბრძანა:
“ნარკოტიკები უნახე”.
თანაშემწემ ჩემი ჩანთა ამოატრიალა, მაგრამ გადმოყრილ ნივთებში ვერაფერი იპოვა გარდა მწვანე მაისურისა, საცვლებისა, კბილის ჯაგრისისა, სავარცხელისა და საპნის ნაჭრისა, ასევე ბიბლიისა და პატარა ბროშურისა როკ-ფესტივალიდან.
ინსპექტორი დაიჯღანა:
“სულ ესაა?”
მე მორჩილად ვუპასუხე:
“დიახ სერ, თუ არ ჩავთვლით ჰარმონიკას”. და ჰარმონიკა გავუწოდე.
ჰარიც გაჩხრიკეს. შემდეგ პროვოკაციული კითხვა დაგვისვეს:
“ფული რამდენი გაქვთ?” როცა ჩვენი მწირი დანაზოგი ვუჩვენეთ, მათი გაღიზიანება რისხვაში გადაიზარდა. უფროს ინსპექტორს ბრაზისგან სახე აუწითლდა:
“ჩვენ არ გვჭირდება თქვენისთანა მაწანწალები და მათხოვრები, - დაგვიყვირა მან, - ახლავე შეგაჭრით მაგ გაბურძგნულ თმას და ციხეში ჩაგსვამთ!”
პოლიციელს მიუბრუნდა და უბრძანა:
“მაკრატელი იპოვე და ბოლომდე გადაპარსე!”
ყველა ტანსაცმელი წაგვართვეს და გულდასმით გაჩხრიკეს. დაგვიწყეს ხანგრძლივი დაკითხვა, რომელმაც მთლიანად გამოგვფიტა და ბოლოს ვეღარც ვაზროვნებდით. შემდეგ დიდი უსიამოვნებებით დაგვემუქრნენ და ოთახი დატოვეს.
შიშისგან მე და ჰარი ხმას ვერ ვიღებდით. ჩაკეტილში ვიჯექით და ჩვენს ხვედრს ველოდით. ერთი საათის შემდეგ კარი გაიღო და ორმა პოლიციელმა კორიდორის გავლით საკონტროლო პუნქტთან წაგვიყვანა. იქ ჩვენს პასპორტებში ბეჭდები დაარტყეს და მუქარით: “ერთი არასწორი მოძრაობა – და ციხეში ხართ!” გაგვანთავისუფლეს.
ჯერ კიდევ შთაბეჭდილებების ქვეშ მყოფნი ვიდექით გზის პირას, მადლიერებით ვუცქერდით იდილიურ ინგლისურ პეიზაჟს და ავტომობილის გაჩერებას ვცდილობდით. როგორც იქნა ერთ-ერთმა დაამუხრუჭა. საჭესთან მჯდომმა გოგონამ და მისმა მეგობარმა ბიჭმა კეთილად გაგვიღიმეს, ხოლო მათი სკოჩ-ტერიერი სიხარულით შემოგვახტა მუხლებზე.
“საით გაგიწევიათ?” – გვკითხა გოგონამ.
“ჩვენ თვითონაც არ ვიცით”, - უპასუხა ჰარიმ.
ბიჭმა ლუდის ბოთლი მიიტანა ტუჩებთან და შემოგვთავაზა:
“ჩვენ როკ ფესტივალზე მივდივართ კუნძულ უაიტზე. კარგად გავერთობით. წამოხვალთ ჩვენთან ერთად?”
მე და ჰარი სიხარულით დავთანხმდით. ასე გავემგზავრეთ როკ-ფესტივალზე ახალგზარდა წყვილთან და მხიარულად მყეფარე ტერიერთან ერთად, რომელიც გამუდმებით ცდილობდა ჩვენი სახეები აელოკა. კუნძულზე ბორანით გადავედით და ახალგაზრდების მღელვარე ბრბოს შევუერთდით. ფესტივალის ადგილი ყველა მხრიდან მწვანე ბორცვებით და ტყით იყო შემოსაზღვრული. შემოღობილს იქით მრისხანე პოლიციელები იდგნენ ძაღლებთან ერთად და უბილეთოებს გარეთ ყრიდნენ. სამ დღიანი ფესტივალი გახურების პიკს აღწევდა. ჰაერში მარიხუანას კვამლი იდგა. ბევრი “მჟავასაც” იღებდა. ქალები და მამაკაცები როგორც შეეძლოთ ისე ერთობოდნენ – ჩახუტებულები და ნახევრად შიშვლები მაღლობებიდან ტალახზე სრიალით ეშვებოდნენ.
ფესტივალის უკანასკნელ დღეს კოკისპირულმა წვიმამ დაუშვა. მე და ჰარი სცენასთან ახლოს ვიდექით, როცა ექსტრავაგანტულად გამოწყობილი ჯიმი ჰენდრიქსი გამოვიდა – ნარინჯისფერ ვილვეტის კოსტუმში ფოჩებიანი სახელოებით. მაგრამ მიუხედავად ნათელი მორთულობისა, ჯიმი მოწყენილად გამოიყურებოდა. ის ნაკლებად ჰგავდა იმ შოუმენს, რომელიც ადრე მინახავს და რომელსაც შოკში მოჰყავდა ხალხი თავისი საკუთარი გიტარის დაწვით. იმ საღამოს, როგორც არასდროს, სერიოზული და თავის მუსიკაზე კონცენტრირებული იყო.
ჯიმი The Star Spangled Banner -ს უკრავდა – აშშ-ს ჰიმნის ფსიქოდელიურ ინსტრუმენტალურ ვერსიას. ჰენდრიქსი ჩვენი თაობის ერთ-ერთი დიდი კუმირი იყო, კონტრკულტურის წინასწარმეტყველი. ის თვითგამოხატვის თავისუფლებას და “ისთებლიშმენტისადმი” პროტესტს ქადაგებდა. ჩემთვის მისი გზავნილი იმაში მდგომარეობდა, რომ გულის ხმას გავყოლოდით მიუხედავად გარშემომყოფების აზრისა.
ისე ჩანდა, თითქოს სცენიდან წამოსული დამაყრუებელი მუსიკა მთებს აზანზარებდა, ზღვას აღელვებდა და ღრუბლებს ფანტავდა. მაგრამ უსიტყვო ხმა ჩემს შიგნით, რომელიც არ ვიცოდი ვის ეკუთვნოდა, კიდევ უფრო ხმამაღლა ჟღერდა.
კონცერტის შემდეგ მე და ჰარი ლონდონისკენ მიმავალმა ფურგონმა გაგვიყოლა, რომელიც თავქარიანი ახალგაზრდებით იყო გატენილი. თავის მომაბეზრებელი თანამგზავრებისგან რომ დამეცვა თავი, ჩანთაში მოვიჩხრიკე და უცნაური ბერის მიერ როკ-ფესტივალზე ნაჩუქარი ბროძურა მოვძებნე. ბროშურის უკანა ყდაზე ხის ქვეშ მჯდარი ხანშიშესული კაცის ფოტო იყო გამოსახული. მისი დიდი მენდალისებური თვალები სულიერ ექსტაზს ასხივებდა. მიუხედავად ხანდაზმული ასაკისა, მისი სახე ახალშობილივით უცოდველს ჰგავდა და მის ბაგეებზე მშვიდი ღიმილი თამაშობდა. არ ვიცოდი ვინ იყო და საიდან იყო, მაგრამ მისმა გამოხედვამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. თუკი არის ვინმე მსოფლიოში, ვინც სულიერი ნეტარება გამოსცადა, - გავიფიქრე მე, - ასეთი სწორედ ესაა.
ჩვენ მომცრო ბინაში გავჩერდით ლონდონის გარეუბანში ორ ძმასთან, რომლებიც კუნძულ უაიტზე გავიცანით. რამდენიმე დღის შემდეგ ერთ-ერთი ძმა, გაზეთის კითხვისას, გაფითრდა და მძიმედ დაიკვნესა.
“რა მოხდა?” – ვიკითხეთ ჩვენ.
“თქვენთვის ცუდი ამბავი მაქვს ბიჭებო. ჯიმი ჰენდრიქსი მოკვდა”.
“შეუძლებელია! როგორ?”
გაზეთი ნელა გადადო გვერდზე და წარმოთქვა:
“აქ წერია, რომ გასულ ღამეს ის დამაძინებლის გადაჭარბებული დოზის გამო დაიღუპა – საკუთარმა ამოღებინებულმა მასამ დაახრჩო”.
ჰარიმ თავი ხელებში ჩარგო, მე კი მღერვალებისგან სუნთქვა შემეკრა.
თავში ერთადერთი აზრი მიტრიალებდა: რა გაკვეთილი უნდა გამოვიტანო აქედან? ჯიმი ჰენდრიქსი ახალგაზრდა იყო და ჰქონდა ყველაფერი, რაზე ოცნებაც შეეძლო, - სიმდიდრე, სახელი და საოცარი ნიჭი. მაგრამ ამ ყველაფერმა ვერ მოუტანა ბედნიერება. ჩვენი კუმირი თავისივე ზედმეტი გამონაყოფის მსხვერპლი გახდა. ათასობით ადამიანი დარწმუნებული იყო, რომ სექსი, ნარკოტიკები და როკ-ენ-როლი – ერთადერთი ჭეშმარიტი გზაა ცხოვრებაში. ასეთი ხალხისთვის თავისუფლება უმაღლესი ღირებულება იყო, მაგრამ იყვნენ კი მართლა თავისუფლები? მე გავიხსენე ჩემი ნაცნობები კონტრკულტურის მომხრეებიდან. უმეტესობა თავისებურად ლამაზი იყო, მაგრამ მათ შორის უკულტურო, უმადური ადამიანებიც იყვნენ. მე ვგრძნობდი დიდ მადლიერებას მშობლებისადმი იმის გამო, რომ მე და ჩემს ძმებს ყველაზე ღირებული – მადლიერების გრძნობა გვაჩუქეს. ნამდვილად მინდა კონტრკულტურის ნაწილი ვიყო? სრულიად ნათელია, რომ ვერ ვეთვისებოდიიმ გარემოს, რომელსაც ჩემი მშობლების თაობა ეკუთვნოდა. მაგრამ სად მეპოვა ისეთი ადამიანები, ვისთანაც საკუთარ ადგილზე ვიგრძნობდი თავს? ღმერთო, მომეცი გონიერება! – ასეთი ფიქრებით ჯიმისთვის ლოცვა დავიწყე.
ამ შემთხვევამდეც უკვე ვგრძნობდი იმედგაცრუებას კონტრკულტურის მიმართ. იმისთვის, რომ მისი ნაწილი ვყოფილიყავი, მსხვერპლად გავიღე ჩემი ოჯახის წეს-ჩვეულებები. ადრე ვიმედოვნებდი, რომ კონტრკულტურა ნათელ მსოფლიოს შექმნიდა. მაგრამ ახლა ვხედავდი, რომ კონტრკულტურაში დესტრუქციული იდეები ჭარბობდა, ისეთები, როგორიცაა “ბუნტი ბუნტისათვის” ან “იცხოვრე საკუთარი სიამოვნებისთვის”. ჯიმი ჰენდრიქსის უაზრო და ტრაგიკულმა სიკვდილმა უკანასკნელი იმედი ჩაკლა ჩემში. და მაინც, ხავსს მოჭიდებული დამახრჩვალის განწირულობით, მზად ვიყავი თავით გადავშვებულიყავი იმ უკიდურესობებში, რომლებიც ჩემს თაობას ახასიათებდა.
ლონდონში მე და ჰარის პიკადილის მოედანზე გვიყვარდა სეირნობა გამომწვევად ჩაცმულ პაციფისტებს, “კისლოტნიკებსა” და მარიხუანას მწეველებს შორის. ჰიპები მღეროდნენ, ბარიგები ნარკოტიკებს სთავაზობდნენ, მეძავები კლიენტების გამოჭერაზე იყვნენ, სკინჰედები კი გამვლელებს ეუხეშებოდნენ. პოლიციელები ყურადღებით ადევნებდნენ თვალ-ყურს ყველა ზემოთჩამოთვლილს, ხოლო ტურისტები სიამოვნებით იღებდნენ მიმდინარე მოვლენებისფოტოებს.
ლამბეტ როუდზე, ტემზას ნაპირზე, ზუსტად პარლამენტის შენობის პირდაპირ კათოლიკური ეკლესია იდგა. მისი წინამძღვარი სიმპათიით იყო განწყობილი ახალგაზრდა მოგზაურებისადმი. ყოველ საღამოს ცხრა საათზე აღებდა ეკლესიის სარდაფს და უფასო ღამის გასათევს სთავაზობდა ახალგაზრდებს. სარდაფში ცივი იატაკის გარდა არაფერი იყო, მაგრამ ჩვენ ამითაც ძალიან კმაყოფილები ვიყავით, მითუმეტეს, რომ ყველა მოგზაურს საძილე ტომარა ჰქონდა თან. ყოველ საღამოს თავისუფალი ადგილის ძიებაში გავძვრებოდი ხოლმე მწოლიარეებს შორის. ჰაერში ჰაშიშის და დაუბანელი სხეულების სუნი იდგა. როცა შუქი ქრებოდა, სხვადასხვა მხრიდან ისმოდა წყვილების ოხვრა და კვნესა. რამდენჯერმე დავინახე, როგორ იჩხირავდნენ ნარკომანები სარდაფის კუთხეში ჰეროინს.
გარშემომყოფების გავლენის გამო გაცილებით უფრო ხშირად დავიწყე ჰაშიშის და მარიხუანის მოწევა. ამის გამო გარეგნულად თითქმის არ გამოვირჩეოდი სხვებისგან. მაგრამ თუ სხვები აქტიურად ურთიერთობდნენ ერთმანეთთან, მე პირიქით, უფრო და უფრო ვიკეტებოდი საკუთარ თავში. ისევ და ისევ ვეკითხებოდი საკუთარ თავს: რატომ ვიღებ ნარკოტიკებს? ხანდახან, საღამოობით, სანამ ჰარის დაბრუნებას ველოდებოდი, ტემზას ნაპირზე საათობით ვსეირნობდი. წყლის მძლავრი დინება ჰიპნოტურად მოქმედებდა ჩემზე, და მე ცხოვრებაზე ვფიქრობდი. ვუყურებდი რა უმოწყალოდ მოძრავ “ბიგ ბენის” ისრებს, საკუთარ თავს ვეკითხებოდი, იქნებ ტყუილად ვფლანგავ დროს?
ამასთან ერთად ძალიან მინდოდა საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ შემეძლო მორცხვობის გადალახვა და ყველას მსგავსად ცხოვრებით ტკბობა. ცხრამეტი წლისას ჯერ კიდევ არ მყავდა მეგობარი გოგო. ზედმეტი სიმორცხვის გამოარ დავდიოდი პაემნებზე და ამის ნაცვლად მუსიკას ვუსმენდი სახლში, ან მეგობრებთან ერთად დავეხეტებოდი. ბევრი გოგო იჩენდა ჩემდამი ინტერესს, მაგრამ გავურბოდი მათთან ურთიერთობას, რადგანაც თავისუფლების დაკარგვის, ან რაც უარესია, ვინმეს გულის გატეხვის მეშინოდა. ჩემი მეგობრები მუდამ ტრაბახობდნენ სასიყვარულო თავგადასავლებით, და მე ვიტანჯებოდი იმის შეგრძნებით, რომ ისეთი არ ვიყავი, როგორც ყველა. მე დავიწყე გოგოებთან შეხვედრა და ვცდილობდი სერიოზული ურთიერთობა მქონოდა მათთან, მაგრამ ყველაფერი ამაო იყო. რაღაც ძალა ხელს მიშლიდა. ამ ძალასთან ბრძოლაში, ვცდილობდი საზოგადოებისთვის მიუღებელი შეუზღუდავი სიამოვნებები მიმეღო. ვის ვებრძოდი საკუთარ გულში? იქნებ თავად ღმერთს? გამარჯვება აღარც ისე შორსაა, - შთავაგონებდი საკუთარ თავს, მაგრამ საღამოს, ვბრუნდებოდი მდინარესთან, ვუცქერდი მის დინებას და სინდისი მქენჯნიდა. ბრძოლას ბრძოლაზევიგებდი, მაგრამ საკუთარ თავს ვკარგავდი.
ერთ საღამოს თვალდახუჭული ვიჯექი ტრაფალგარის მოედანზე და უსიტყვო მედიტაციაში ვიყავი ჩაძირული. ჩემს გარშემო საქმიანად დადიოდნენ მტრედები, ყვიროდნენ ბავშვები, ერთმანეთში საუბრობდნენ ტურისტები და საყვირის ხმას გამოსცემდნენ ავტომობილები. უეცრად ვიგრძენი, რომ ჩემი კავშირი ჩემს შინაგან სამყაროსთან ბევრად უფრო ძლიერი იყო, ვიდრე იმ სამყაროსთან, რომელიც ჩემს გარშემოა. ღრმად ჩავისუნთქე და გავიღიმე. რაღაც მომენტში აღარ ვაიგივებდი საკუთარ თავს სხეულთან და შევიგრძენი, როგორ იძირებოდა ჩემი ჭკუა სიმშვიდის ოკეანეში. ამ შეგრძნებასთან შედარებით ყველა ჩემი სიამოვნებით ტკბობის მცდელობა და შინაგანი ბრძოლა, რომ საკუთარი თავი გამუდმებული თვითანალიზისგან გადამეჩვია, უბადრუკი აღმოჩნდა. თვალი გავახილე და უცებ დავინახე, რომ მარმარილოს ლომები, ნელსონის ძეგლი, მტრედები, ტურისტები, მათხოვრები, ვაჭრები და მყიდველები – ერთი დიდი ოჯახია, მჭიდრო ნათესაური კავშირით შეკრული. მოედნის მეორე მხარეზე გადავედი ეკლესიის საქველმოქმედო სასადილოსთან. იქ სუფით სავსე თეფში მომცეს პურის ნაჭერთან ერთად და მადიანად მივირთვი სხვა უსახლკაროების კომპანიაში. შემდეგ გულწრფელი მოწიწებით შევაბიჯე წმინდა მარტინის სახელობის ეკლესიაში, ხის სკამზე დავჯექი და ბიბლიის კითხვაში ჩავიძირე. ჩემი მზერა ფრაზას გადააწყდა, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიპყო. იესო თავის მოსწავლეებს მოძღვრავდა: “და ამიტომ გამოეყავით მათ და იყავითცალკე.” ამ ფრაზაზე ვფიქრობდი: რატომ უნდა დავხარჯო ჩემი ცხოვრება იმაზე, რომ თანატოლებს მივბაძო? რატომ ვერ უნდა ვიცხოვრო საკუთარი კანონებით? და იქნებ ოდესმე – ღმერთის კანონებით?
***
ბორანით ლა-მანში გადავცურეთ და ფრანგულ პორტში, კალეში ჩამოვედით. მზიანი დღე იყო. მსუბუქი ქარი არხევდა მწვანე ბალახს. ჩვენ თავისუფლებით ვტკბებოდით. ახლა შეგვეძლო სადაც გვინდოდა იქ წავსულიყავით.
“ახლა საით, მანქ? მე მზად ვარ ნებისმიერი შენი სურვილი შევასრულო! – მე და ჰარი საფრანგეთის დასავლეთში, გზის პირას ვიდექით. ჩემს მეგობარს ახალი თავგადასავლების მოლოდინში მწვანე თვალები უბრწყინავდა. – მთელი მსოფლიო შენს განკარგულებაშია”.
ჰარიმ ჯინსებიდან ევროპის გაცვეთილი რუქა დააძრო და შემომთავაზა:
“მაროკო, ესპანეთი, პარიზი, რომი, შვეიცარია, გერმანია. საით?”
“შენ თვითონ საით გირჩევნია, ჰარი?”
“ყველგან! საკითხავია, რა თანმიმდევრობით?”
მე უცებ ნაკადულები გამახსენდა, რომელთა ცქერაც ასე ძალიან მიყვარდა. ხელები ზემოთ აღვაპყრე და ვუპასუხე:
“ჩვენი ბედი ღმერთს უნდა მივანდოთ”.
ჰარიმ გაიცინა, ზურგიდან ჩათა მოიხსნა და მასზევე დაჯდა. ჩემს ჟესტს გაცინა და მკითხა:
“ეგ როგორ?”
“და შენ როგორ გინდოდა?”
ჰარიმ დამცინავად შეატყუპა ხელისგულები, თითქოს ლოცვას აპირებდა.
“სანამ მე ვერთობი, შენ მთელი დღეები წმინდა წერილებს კითხულობ და მედიტირებ, - ჰარიმ კვლავ აღაპყრო ხელები ცისკენ და ირონიით დაამატა: - ჰოდა შენ უნდა გადაწყვიტო, როგორ მივანდობთ ღმერთს ჩვენს ბედს”.
მე ყვითელი მინდვრის ყვავილი მოვწყვიტე და მივუგე:
“როგორც ეს ყვავილი”.
“შენ რა, გინდა რომ ამ ყვავილივით აქ დავრჩეთ მთელი ცხოვრება?!”
“შეხედე ჰარი. პატარა თესლიდან, რომელიც მიწაში ჩავარდა, მშვენიერი ყვავილი გაიზარდა. როგორ შეიძლება ასეთი რამ მომხდარიყო? მხოლოდ იმიტომ, რომ
ღმერთს მიანდო თავისი ბედი”.
“კარგი, ჩათვალე, რომ დამითანხმე. მაგრამ როგორ გადმოვიტანოთ შენი პოეტური ენა ავტოსტოპის მკაცრ პროზაზე?”
მე ყვავილი დავყნოსე და უცებ თავში გამინათდა:
“როცა მანქანა გვიჩერებს, პირველად რას გვეკითხებიან? მოდი შენ მძღოლი იყავი, მე კი ჩვენს თავს განვასახიერებ”.
ჰარიმ მხრები აიჩეჩა:
“გამარჯობა! საით გაგიწევიათ?”
“თქვენ სად მიდიხართ?”
“კასაბლანკაში”, - მიპასუხა ჰარიმ, და თითქოს საჭეს ატრიალებდა.
მა ტაში შემოვკარი:
“შესანიშნავია! ჩვენც სწორედ მანდ გვინდოდა”.
ჰარის ყვავილი მივაწოდე და ვკითხე:
“რას იტყვი ჰარი? ახლა ნებისმიერი მანქანა, რომელიც გაგვიჩერებს, ჩვენი ბედის საიდუმლოს გასაღები იქნება”.
ჰარი წამოხტა და ზურგზე მომითათუნა ხელი.
“ზუსტად! სადაც ისინი წავლენ, იქით იქნება ჩვენი გზაც!” – და მოწყვეტილი ყვავილი ქარს გაატანა.
რამდენიმე დღეში რამდენიმე ქალაქი და მრავალი სოფელი მოვიტოვეთ უკან და პარიზის შემოგარენს მივუახლოვდით. ამ ქალაქთან მიახლოებასთან ერთად მისი ნახვის სიხარულის მოლოდინიცგვიძლიერდებოდა. ლუვრი, ეიფელის კოშკი, სახელგანთქმული ძეგლები, სასახლეები და კაფეები – ამ ყველაფრისგან კილომეტრებიღა გვაშორებდა. მაგრამ ბედმა სხვაგვარად გადაწყვიტა. შემდეგი გზად მიმავალი მანქანა შვეიცარიაში მიდიოდა. რამდენიმე საათში მშვიდი და ნახევარმთვარისებური ფორმის ჟენევის ტბასთან ვმედიტირებდით.
ჩვენს გარდა ახალგაზრდულ საერთო საცხოვრებელში კიდევ ოცდახუთი ადამიანი იყო. ჩვენს ოთახში ცხოვრობდა ბიჭი სახელად ჯიმი, ამერიკის არმიიდან ცოტა ხნის წინ დემობილიზებული. ჯიმი აღმოსავლეთის მისტიკით იყო გატაცებული, და ჩვენ საათობით ვსაუბრობდით ამ თემაზე. იგი გამხდარი და ძლიერი იყო. რამდენიმეწლიანი ერთფეროვანი სამხედრო სამსახურის შემდეგ თავგადასავლებს იყო მოწყურებული. ერთხელ, უბრალოდ ცნობისმოყვარეობის გამო, მკითხა:
“მისმინე მანქ, როგორ შეძელი არმიიდან თავის დაძვრენა გახურებული ვიეტნამის ომის პერიოდში?”
მე მოვუყევი, რომ გამწვევ კომისიას შეეშალა და შემთხვევით არასწორად ჩაწერა ჩემი დაბადების თარიღი. შემდეგ დაიწყო მთელი ქვეყნის მასშტაბით ჯარში გასაწვევი ლატარეა. მთელი ქვეყანა გულისფანცქვალით ადევნებდა თვალყურს, თუ როგორ ამოდიოდა გასაწვევების დაბადების თარიღები. ჩემი ნამდვილი დაბადების თარიღი ერთ-ერთი პირველი ამოვიდა, მაგრამ გამწვევი კომისიის შეცდომის გამო სიის ბოლოში მოვექეცი, ასე რომ რიგმა აღარც მომიწია.
ჯიმმა ფიქრიანად ახედა ცას, ნიკაპი მოიფხანა და მითხრა:
“იქნებ ეს არ იყო შეცდომა? იქნებ ღმერთს შენთან დაკავშირებით სულ სხვა გეგმები აქვს?”
ჯიმი მაროკოში მიემგზავრებოდა და მე და ჰარის იტალიამდე ჩაყვანა შემოგვთავაზა. ჯერ გენუაში გავჩერდით – ქრისტეფორე კოლუმბის მშობლიურ მხარეში. იქ ჯიმის
“ფოლკსვაგენში” მის მიერ ჯარში მსახურების დროს მოგროვილი ღირებული ნივთები ჩავტვირთეთ, ასევე ელექტრონიკა, რომლის გაყიდვასაც სარფიანად აპირებდა აშშ-ში. საქმეს მოვრჩით და გზა განვაგრძეთ. მალე მთები და ბორცვები, რომლებიც ტერასასავით ეშვებოდა ხმელთაშუა ზღვისკენ, შუაზე გაიყვნენ და ჩვენს თვალწინ მუქი ლურჯი ზღვის ხედი გადაიშალა, რომელზეც საღამოს მზის სინათლე თამაშობდა. გადავწყვიტეთ გავჩერებულიყავით და გვებანავა, ხოლო როცა მანქანასთან დავბრუნდით, ჯიმის მთელი ავლა-დიდება მოპარული დაგვხვდა.
ჩვენ პოლიციის განყოფილებისკენ გავემართეთ, რათა განცხადება დაგვეწერა გაქურდვის თაობაზე, მაგრამ ჯობდა ასე არ მოვქცეულიყავით. ჩვენდა გასაკვირად, პოლიციელებმა გვიყვირეს, ხელები გვიშალეს და გისოსებში ჩაგვსვეს. მძიმე ლითონის კარი ხმაურით დაიხურა და ზურგში უსიამოვნო სიცივემ დამიარა.
რამდენიმე ხნის შემდეგ ჩვენთან პოლიციის განყოფილების უფროსი მოვიდა.
“მე გთავაზობთ არჩევანს, - ხმამაღლა გვითხრა მან. – ან სამუდამოდ წაეთრევით ჩვენი ქალაქიდან, ან ციხეში იჯდებით!”
ბუნებრივია, პირველი ავირჩიეთ. ღამის სიბნელეში პოლიციის ესკორტის თანხლებით დავტოვეთ ქალაქის საზღვარი. ასე დამთავრდა ჩვენი პირველი დღე იტალიაში.
გაუჩერებლად ვიარეთ დილამდე, სანამ ტელეგრაფამდე არ მივაღწიეთ. ჯიმი თავის მეგობრებს დაუკავშირდა გერმანიაში და მათ ტელეგრამით გამოგვიგზავნეს ფული, რათა ჯიმი თავის სამხედრო ბაზაში დაბრუნებულიყო.
ასე დავრჩით მე და ჰარი ისევ მარტონი. გზის პირას ვიდექით და ვცდილობდით გამოგვეცნო, რა გველოდა მომავალში.
“მისმინე, მანქ, რატომ არ გვიმართლებს ასე? ჯერ ფრენკი გაქურდეს, ახლა კი – ჯიმი. ნებისმიერი, ვინც ჩვენს დახმარებას ცდილობს, თვითონ კარგავს ყველაფერს”.
“არც კი ვიცი რა გითხრა ჰარი. ალბათ ამ ყველაფერსაც აქვს თავისი ახსნა”.
ჰარი შებრუნდა და უკან მორჩენილი გზის ნაწილს მოავლო თვალი.
“შენ მართლა ფიქრობ, რომ შემთხვევით არაფერი ხდება?”
“კი. მე ვთვლი, რომ ყველაფრის უკან, რაც გვემართება, რაღაც მშვენიერი ჩანაფიქრი დგას”.
ჰარიმ კვერი დამიკრა:
“მეც ასე ვფიქრობ”.
ჩვენ ხელები გავიწოდეთ მიმავალი მანქანების გასაჩერებლად და ველოდებოდით, კიდევ რას გვიმზადებდა ბედი.