თავი მეხუთე
თავი მეხუთე
ირაკლიონში, კრეტას ჩრდილოეთ პორტში, მე ვიპოვე მეთევზე, რომელიც ათენში წაყვანაზედამთანხმდა. როცა ნავი ნაპირს მოსწყდა, მეთევზისგან მოშორებით მოვეწყვე და ტალღების ცქერა დავიწყე. ჩემი ჭკუა ბობოქრობდა, როგორც ზღვა შტურმის დროს. აზრზე არ ვიყავი წინ რა მელოდა. ცხრამეტი წლის ვიყავი და არასოდეს შევხვედრილვარ ინდოელებს. გაგონილი მქონდა, რომ ინდოეთი სადღაც აღმოსავლეთით მდებარეობდა, მაგრამ კონკრეტულად სად და რამდენად შორს – მიახლოებითაც კი არ ვიცოდი. არანაირი რუქა თან არ მქონდა. სკოლაში სწავლის პერიოდში ინდოეთი წარმომედგინა გველების მომთვინიერებლების ქვეყანად, სადაც სიღატაკე, ავადმყოფობები და ჭარბი დასახლებულობა ბატონობენ. მოგვიანებით, როცა ცხოვრების ყველაზე დიდი საიდუმლოებების გასაღებების ძიება დავიწყე, გავიგე, რომ ინდოეთი რელიგიის, იოგების და უდიდესი წმინდანების სამშობლოდ ითვლებოდა. მზად ვიყავი ამ წმინდანებთან შესახვედრად? ამასთან, არა როგორც ტურისტი ან ექსკურსანტი, არამედ როგორც უმაღლესი ჭეშმარიტების მაძიებელი?
ათენში შემაშინებელი ინფორმაციის ნიაღვარი დამეტაკა. აღმოჩნდა, რომ ინდოეთში მოსახვედრად თურქეთის გადაკვეთაა აუცილებელი. თურქეთში ნამყოფი მოგზაურები კი მაფრთხილებდნენ: “სტამბულის შავ ბაზარზე დონორულ სისხლზე ნადირობენ. კარგ საფასურს დაგპირდებიან სისხლის ჩაბარების სანაცვლოდ, შემდეგ კი დაგაბამენ, მთელ სისხლს გამოგწოვენ, გვამს კი შავ ზღვაში გადააგდებენ”.
სხვები ამატებდნენ: “სტამბულის გეტოები ბანდიტებითაა სავსე, რომლებიც ყოყმანის გარეშე გამოგჭრიან ყელს ერთი ლირის გულისთვისაც კი”.
მაგრამ რადგანაც მტკიცედ გადავწყვიტე წასვლა, ვცდილობდი ყური არავისთვის დამეგდო.
როცა საერთო საცხოვრებელში ვიკითხე ინდოეთისკენ მიმავალი სახმელეთო მარშრუტის შესახებ, აქაც ეცადნენ რომ გადაეთქმევინებინათ ჩემი განზრახვა. ევროპელი ტურისტების ჯგუფი გარს შემომერტყა: “გაგიჟდი? შენ რა, გაზეთებს არ კითხულობ?”
ვიღაცამ ცხვირწინ ინგლისური გაზეთიამიფრიალა. “თურქეთი ქოლერის ეპიდემიამ შეიპყრო”, - ნათქვამი იყო სათაურში.
“ინდოეთში მხოლოდ თურქეთის გავლით შეიძლება მოხვედრა”.
თურქეთში მართლაც ქოლერა ბობოქრობდა. ამაზე საუბრობდა ევროპის ყველა საინფორმაციო საშუალება. ასეთ სიტუაციაში ავტოსტოპით მთელი ქვეყნის გავლით მოგზაურობა მართლაც სიგიჟე იყო.
მოგზაურებს შორის, რომლებსაც გზას ვეკითხებოდი, აღმოჩნდა ორი, რომლებიც ჩემსავით ინდოეთში აპირებდნენ წამოსვლას. ერთს ჯეფი ერქვა. ეს იყო ამერიკელი სან-დიეგოდან, ოცი წლის, მაღალი და ათლეტური აღნაგობის, კვადრატული ყბებით და მასიური ცხვირით. საგულდაგულოდ უკან გადავარცხნილი ქერა თმა თითქმის მხრებამდე სწვდებოდა. შავჩარჩოიანი სათვალეების მიღმა ცისფერი თვალები იმზირებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჯეფი უხეშად გამოიყურებოდა, სინამდვილეში იგი უჩვეულო მშვიდობისმოყვარეობით გამოირჩეოდა. ჩემსავით ისიც ცხოვრების აზრის საძებნელად მოდიოდა ინდოეთში. მოკრძალებული და მხიარული, ჯეფი ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ადამიანი იყო მათ შორის, ვინც აქამდე შემხვედროდა.
ჩემი მეორე თანამგზავრი, რემსი, ოცდათხუთმეტი წლის წითურთმიანი ავსტრალიელი, თავის ცხოვრებაში უკვე მრავლისმნახველი მოგზაური იყო. მან უკვე მოასწრო ავტოსტოპით მთელი ევროპის და აზიის გადაკვეთა. მიუხედავად მკაცრი გამომეტყველებისა, რემსი სიკეთით და კეთილშობილებით გამოირჩეოდა. იგი იმ სიმწიფეს და სიბრძნეს ფლობდა, რომლებიც ასე გვაკლდა მე და ჯეფს. მიუხედავად იმისა, რომ რიჩარდად წარვადგინე თავი, მოგზაურთა წრეში უკვე მიცნობდნენ როგორც მანქს, ამიტომ ჯეფი და რემსიც ასე მეძახდნენ.
ჩვენ სამთაგან ფული მხოლოდ ჯეფს ჰქონდა. ზურგჩანთიდან პური, კუნჟუტის ზეთი, შპინატი, პომიდორი და ყველი ამოიღო და ფართე ღიმილით გვითხრა:
“მე არც ისე ბევრი მარაგი მაქვს, მაგრამ სიამოვნებით გავიყოფ მას თქვენთან ერთად”.
ბავშვივით უხაროდა, სწრაფად მოამზადა გემრიელი საუზმე და სამ პორციად გაანაწილა. ბუტერბროდს მსუყე ლუკმა მოაკბიჩა და ასეთი სიტყვებით მოგვმართა:
“ამის შემდეგ კი ქამრის მჭიდროდ მოჭერა მოგვიწევს. მზად ხართ, ბიჭებო?”
მე და რემსიმ ბუტერბროდების ღეჭვით თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიეთ.
ეს ხდებოდა საერთო საცხოვრებლის ვესტიბიულში, სადაც ჩვენ სამნი ინდოეთში გამგზავრების დაწყებას ავღნიშნავდით. შემდეგ თურქეთის საელჩოს მივაკითხეთ, რათა გაგვეგო, დაკეტილი ხომ არ იყო საზღვარი. საელჩოში დაგვარწმუნეს, რომ საზღვარი ღიაა და ვიზები მეორე დღესვე ავიღეთ.
თურქეთში მოსახვედრად, თავიდან ავტოსტოპით ჩავაღწიეთ ბიბლიურ ქალაქ სალონიკამდე, საბრძნეთის ჩრდილოეთ ნაპირას, იქიდან კი გავემგზავრეთ კიპიში, ქვეყნის ყველაზე უკიდურეს ჩრდილო-აღმნოსავლეთ ნაწილში. დღეები გადიოდა, ჩვენ კი ვერაფრით ვახერხებდით გზად მიმავალი ავტომობილის დაჭერას. ამიტომ თურქეთის საზღვრამდე, რომელიც ევროპას და აზიას ჰყოფდა და მარიხუანისა და ჰეროინის მიწოდების მთავარი არხი იყო ახლო აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან, ფეხით მოგვიხდა ჩაღწევა. გამშვები პუნქტი დასახლებული ადგილებისგან მოშორებით იდგა. მისკენ მიმავალი გზა სასაზღვრო ღობით წყდებოდა, რომელიც თავისი შესახედაობითვე უკვე კარგს არაფერს გვიქადდა. ეკლიანი მავთულების რგოლებით დახუნძლული, იგი ჰორიზონტიდან ჰორიზონტამდე გადაჭიმულიყო. საზღვარს ავტომატებით შეიარაღებული ბერძენი ჯარისკაცები იცავდნენ. ყველაზე ახლო მყოფს რემსი მიუახლოვდა და ჰკითხა, თუ სად იყო საიმიგრაციო კონტროლის სამსახური. პასუხად ჯარისკაცმა ღობესთან ახლოს მდგარ მომცრო შენობაზე მიუთითა. აღმოჩნდა, რომ შენობაში არავინ იყო, არადა საღამო ახლოვდებოდა. რა უნდა გვექნა?
გადავწყვიტეთ, რომ ასე უბრალოდ არ დავიხევდით უკან, მაგრამ ერთადერთი პასუხი ჩვენი მცდელობებისა, რომ საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენელი გვეპოვა, იყო ჯარისკაცების მხრიდან გულგრილობა, გაღიზიანება და გაუგებრობა. უცებ ერთი ახალგაზრდა ჯარისკაცი, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში გვადევნებდა თვალყურს, სადღაც გაქრა. ხოლო წუთის შემდეგ ჩაიხანადან, რომელიც თავიდან ვერ შევამჩნიეთ, გამოვიდა საბერძნეთის საიმიგრაციო სამსახურის მოხელე. ეს იყო მოქუფრული მამაკაცი ხშირი ულვაშით. საფორმო ტანსაცმელი აშკარად მოკლე ჰქონდა. პირის კუთხე ხელსახოცი ქაღალდით მოიწმინდა, ეს უკანასკნელი ახალგაზრდა ჯარისკაცს გადასცა და მზერა ჩვენსკენ მომართა.
“რა გინდათ?” – გვკითხა მან.
რემსიმ აუღელვებლად უპასუხა:
“ჩვენ თურქეთის საზღვრის გადაკვეთა გვინდა”.
სასაზღვრო მოხელემ უნდობლად გადმოგვხედა:
“ეს შეუძლებელია. საზღვარი დაკეტილია. თურქეთში ქოლერა მძვინვარებს. არც ერთი ჭკუათმყოფელი არ გადავა ახლა თურქეთში”.
“საელჩოში გვითხრეს, რომ საზღვარი ღიაა, - მიახალა ჯეფმა, - ჩვენ გვინდა...”
“თქვენ წარმოდგენა გაქვთ, რა არის ქოლერის ეპიდემია? – განრისხებულმა გვიყვირა მოხელემ. – თუ გაგიშვებთ, უკან ვეღარ დაბრუნდებით. საბერძნეთის საზღვარი შემომსვლელთათვის დაკეტილია”.
მან აღმოსავლეთისკენ მიგვითითა, მობინდებული ცის მხარეს:
“იქ - არავის მიწაა, - თვალები მოწკურა და დაამატა: - თქვენ იცით რა არის ეს? ესაა უდაბნო, სადაც შხამიანი გველები და დამშეული მგლები გელოდებიან და სადაც არც საჭმელია და არც სასმელი”.
ჯეფმა კიდევ ერთხელ შეაწყვეტინა:
“მაშინ რატომ გვითხრეს ათენში, თურქეთის საელჩოში, რომ საზღვარი ღიაა? ჩვენ უკვე გადავიხადეთ ფული და ვალდებული ხართ გაგვიშვათ”.
ბრაზისგან მოხელეს ყელზე ვენები დაებერა. საზღვრის ჭიშკრისკენ თითით მიგვითითა და გვიყვირა:
“თურქეთის საზღვარი დაკეტილია. თუ თქვენ ამ, კარში გახვალთ, უკან აღარ შემოგიშვებენ. გესმით ჩემი? გირჩევთ იქ დაბრუნდეთ, საიდანაც მოხვედით. მე რამდენიმე წუთში მივდივარ. ამიტომ სწრაფად გადაწყვიტეთ”.
მზე ჰორიზონტს უახლოვდებოდა. ჩვენ იმდენი ხანი მოვანდომეთ თურქეთის საზღვრამდე ჩამოღწევას, რომ უკან დახევა აღარ შეგვეძლო.
“ჩვენ თურქეთში მივდივართ”, - ვუპასუხეთ ნაჩქარევად.
აღშფოთებულმა საიმიგრაციო მოხელემ ჯარისკაცებს ჭიშკრის გაღება უბრძანა. როცა კარი გავიარეთ, ზურგში მოგვაყვირა:
“ბრიყვებო, თქვენ ვეღარასოდეს დაბრუნდებით უკან!”
და მძიმე ჭიშკარი ჭრიალით დაიხურა ჩვენს უკან.
ჩვენ ნელა გავემართეთ წინ. “არავის მიწა” – ბუფერული ზონა ორ მტრულად განწყობილ ქვეყანას შორის – მართლაც ყველაზე უდაბური და უბადრუკი ადგილი აღმოჩნდა მათ შორის, რაც აქამდე მინახავს. მზე უკვე ჩადიოდა. შორს გველი შევამჩნიე, რომელიც გამომწვარ მიწაზე მიცოცავდა. ფოთლებგაცვენილი ხეები უსიტყვოდ იდგნენ, როგორც მცველები. ბნელდებოდა. ჩვეულ დროს გზის ეს მონაკვეთი საფრთხეს არ წარმოადგენდა, მაგრამ ახლა, ქოლერის ეპიდემიის და საბერძნეთის დახურული საზღვრის გამო აქ კაციშვილის ჭაჭანება არ იყო.
ამასთან ფეხით მივდიოდით, თანაც ღამით, და ეს განსაკუთრებულად დაუცველებს გვხდიდა. უკან, დაახლოებით ათ მეტრში ვიღაცის ჩონჩხი შევამჩნიე, მაგრამ ვერ გავბედე თანამგზავრებისთვისაც გამემხილა ეს ამბავი.
ჩემი გული მღელვარებით იყო აღვსილი. რა იქნებოდა, თურქეთის საზღვარი რომ მართლა დაკეტილი დაგვხვედროდა? საელჩოში საწინააღმდეგოს ამბობდნენ, მაგრამ ეს ერთი კვირის წინ იყო. ხომ არ აღმოვჩნდებოდით სასიკვდილო ხაფანგში ამ “არავის მიწაზე”? სიბნელე და სიცივე ძალას იკრებდა. აქა-იქ მგლის ყმუილი გაისმებოდა ხოლმე, მაგრამ ჩვენ მაინც არ ვჩერდებოდით. ერთი ათენელი ვაჭრის სიტყვები გამახსენდა, რომელიც მაფრთხილებდა, რომ საბერძნეთის სამოქალაქო ომის დროიდან ბუფერულ ზონაში ბევრი ასაფეთქებელი მინა დარჩა.
“თუ ასეთ მინას დააბიჯებ, ფეხის გარეშე დარჩები.” – ამბობდა ის.
ამის გახსენებამ კიდევ უფრო შემაძრწუნა. ფრთხილად მივიწევდი წინ და განუწყვეტლად ვლოცულობდი. ხმამაღლა რაიმეს თქმას ვერც ერთი ჩვენგანი ვერ ბედავდა.
ოთხკილომეტრიანი გადასვლა ნეიტრალურ ზონაზე სიკვდილის ველზე სიარულს გვაგონებდა. კანკალმა შემიპყრო, თავს უმწეოდ და დათრგუნულად ვგრძნობდი. როცა უკვე გვეჩვენებოდა, რომ ეს ღამე არასოდეს დასრულდებოდა, ძალიან შორს მკრთალი სინათლე გამოჩნდა და სწორედ იქით გავეშურეთ. როგორც იქნა მივუახლოვდით ეკლიანი მავთულებით შემკულ სასაზღვრო ღობეს. დავინახეთ ჭიშკარიც, რომელზეც თურქეთის ლითონის დროშა იყო მიკრული. ნაბიჯი ავაჩქარეთ. ღობის იქით შეიარაღებული ჯარისკაცი იდგა, კბილებში პაპიროსით. რემსიმ თავისი ჩვეული აუღელვებელი ტონით გვიჩურჩულა:
“მე დაველაპარაკები”.
მან თავის პასპორტი ამოიღო და ჯარისკაცის ყურადღების მისაპყრობად ჩაახველა. როცა მან ჩვენს მხარეს გამოიხედა, რემსიმ, რომელსაც ერთ ხელში პასპორტი ეკავა, მეორეთი ჩვენზე მიუთითა, შემდეგ კი ჩვენს უკან ტერიტორიაზე.
ჯარისკაცმა გულგრილად ამოღერღა მხოლოდ ორი სიტყვა:
“საზღვარი დაკეტილია”.
“მაგრამ სერ, თქვენ უნდა გაგვატაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დავიხოცებით აქ. ბერძნები უკან აღარ შეგვიშვებენ”.
“საზღვარი დაკეტილია”, - ჯარისკაცმა პირიდან კვამლი ამოუშვა, თითქოს ამით თავისი სიტყვების შეუვალობა დაადასტურა.
ჩვენ არსად გვქონდა წასასვლელი და ტუსაღებად ვგრძნობდით თავს, რომლებიც შეწყალებას ითხოვენ. მაგრამ ამ ჯარისკაცისგან თანაგრძნობის მოლოდინი ამაო იყო. მისი განსწავლულობა ინგლისურში მხოლოდ ორი სიტყვით შემოიფარგლებოდა: “საზღვარი დაკეტილია”. ჯარისკაცმა სიგარეტის ნამწვი დააგდო, ჩექმის ქუსლით გასრისა იგი და სიბნელეს მიეფარა.
ოცი წუთის მერე კვლავ მობრუნდა და დაინახა, რომ ჩვენ დევნილებივით ისევ ალაყაფთან ვიდექით. ჯარისკაცმა გაბრაზებული ხმით მოგვაყარა:
“საზღვარი დაკეტილია.საზღვარი დაკეტილია.საზღვარი დაკეტილია!”
შემეშინდა, რომ ცეცხლს გაგვიხსნიდა. და ამ დროს ჭიშკარს ოფიცერი მოუახლოვდა. ჩანდა, რომ ინგლისური მასაც იმავე სკოლაში ჰქონდა ნასწავლი:
“საზღვარი დაკეტილია!”
ჩვენ ჩუმად ვიდექით და ადგილიდან არ ვიძროდით. ბოლოს და ბოლოს ჩვენმა სასოწარკვეთილმა ურყევობამ იმოქმედა ოფიცერზე და იგი დანებდა. ხის მომცრო სახლში შეგვიყვანა, ყველა ნივთი წაგვართვა პასპორტების, ფულის და ტანსაცმლის ჩათვლით და წავიდა, ჩვენ კი ჩაკეტილი დაგვტოვა. მხოლოდ საცვლებში, ცივ შენობაში ვიდექით და უკვე ვეჭვობდით, სად გვერჩივნა – აქ თუ “არავის მიწაზე”. რა გველის წინ? ნუთუ აქ დასახოცად დაგვტოვებენ?
ნახევარი საათი ამ იმპროვიზებულ ციხეში სიცივისგან და შიშისგან კანკალში გავატარეთ. როგორც იქნა ჩვენი მეციხოვნე დაბრუნდა. დაჟინებით შემოგვხედა, ტანსაცმელი დაგვიბრუნა, ბეჭდები ჩაგვირტყა პასპორტებში და ფართოდ გაიკრიჭა:
“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დიდ თურქეთში!”
ჩვენ შოკირებულებმა გადავკვეთეთ თურქეთის საზღვარი და ჩვენთვის სრულიად უცხო სამყაროში აღმოვჩნდით.