თავი ოცდამეორე
თავი ოცდამეორე
გოადან ზღვით დავბრუნდი ბომბეიში და დავიწყე ჩემი მოგზაურობა უკან, ჰიმალაებში. თავიდან დელიმდე ჩავედი მატარებლით.იქიდან ჩემი გზა ჩრდილო-დასავლეთისკენ წავედი, ქალაქ პათჰანკოტში, რომელიც კაშმირთან საზღვარზეა. პათჰანკოტიდან სატვირთო ავტომობილის ძარაზე ჩავაღწიე დჰარამსალამდე, სოფლამდე, რომელიც ჰიმალაებთან ახლოს, ჰიმაჩალ-პრადეშის შტატში მდებარეობს. ყველაფერში იგრძნობოდა ზაფხულის მოახლოება: ტყე სავსე იყო ფორთოხლისფერი, ყვითელი, იისფერი და თეთრი ყვავილებით, რომლებიც აყვავებას იწყებდნენ. უზარმაზარი ბებერი ხეები ახალი ფოთლებით შემოსილიყვნენ, და ველური ბუნების ხმები გამამხნევებელ ატმოსფეროს ქმნიდნენ. დჰარამსალას მაღლა, მთაზე ტიბეტელი დევნილების ბანაკი მაკლეოდ განჯა იყო განლაგებული. აქ ცხოვრობდა ტიბეტის დალაი-ლამა.
როცა ამ მთის მონასტერში წასასვლელად ვემზადებოდი, წავიკითხე მისი წიგნი – “ჩემი მიწა და ჩემი ხალხი”. ლჰამო დჰონდრუბი დაიბადა 1935 წელს ღარიბი ტიბეტელი გლეხების ოჯახში, რომლებიც ქვისა და თიხის უბრალო სახლში ცხოვრობდნენ. ტიბეტელმა რეგენტმა, რომელიც დროებით ლამას მოვალეობას ასრულებდა, საპატივცემულო ბერებისგან შემდგარი მაძიებელი ჯგუფი გაგზავნა, რადგანაც მას ჰქონდა გამოცხადება, რომ სწორედ ამ სახლში დაიბადა ახალი დალაი-ლამა. როცა ბავშვს ორი წელი შეუსრულდა, ბერები ღატაკი მწირების სამოსში მივიდნენ მის მშობლებთან და თავშესაფარი სთხოვეს მათ. ერთ-ერთ ბერს კისერზე წინა დალაი-ლამას კრიალოსანი ეკიდა. ბავშვმა იცნო კრიალოსანი, მაშინვე ხელი სტაცა და თავისკენ მოქაჩა. კიდევ რამდენიმე სტუმრობის და გამოცდის შემდეგ ბერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მათ წინ – ჩენრეზიგის, თანაგრძნობის ბოდჰისატვას მეთოთხმეტე განსხეულება იყო. ითვლება, რომ იგი კვლავ და კვლავ იბადება ამ სამყაროში როგორც დალაი-ლამა, რათა ტიბეტის ხალხს სულიერად და პოლიტიკურად უხელმძღვანელოს.
ბავშვი ლჰასას მონასტერში განამწესეს, სადაც ასწავლიდნენ და ამზადებდნენ იმისთვის, რომ სახელმწიფოს მეთაური და სულიერი ლიდერი გამხდარიყო. მისი ბავშვობის ასაკში ტიბეტი ჰყვაოდა. მაგრამ 1950 წელს იქ ჩინეთის არმია შეიჭრა, და უკვე 1959 წლისთვის ძალადობამ და უწესრიგობამ ნაფლეთებად აქცია ეს სახელწიფო. თავისი ხელქვეითების დაჟინებული თხოვნის შემდეგ დალაი-ლამა იძულებული გახდა თავისი საყვარელი სამშობლოდან გაქცეულიყო.ამის გაკეთებამდე მან ლოცვები აღავლინა უფალი ბუდას ტაძარში და თეთრი აბრეშუმის შალი მიუძღვნა მას. ეს იყო განშორების ნიშანი და კვლავ დაბრუნების პირობა. გულისტკივილით მოიხსნა ბერის სამოსი და სამხედრო ფორმაში გადაცმული ღამით სასახლიდან გაიქცა.
თანმხლებთა მცირე ჯგუფთან ერთად, მან დევნის ქვეშ მყოფი გაქცეული დამნაშავესავით, რთულადგადასალახავი ტიბეტის მთები გადაიარა.თოვლის მეწყერები, ყინვები და წვიმები ხელს ვერ შეუძლიდნენ მას.მთელი ამ ხნის განმავლობაშI გულით თავის ხალხთან იყო, და მის სავალალო ბედზე ფიქრობდა. ავადმყოფი, დაქანცული და შეპყრობილი მისსივე სიტყვებით “დარდით, რომლის სიტყვებით აღწერაც შეუძლებელია”, მან როგორც იქნა გადალახა ინდოეთის საზღვარი.
დევნის, ბრძოლისა და წინააღმდეგობათა გადალახვის ამ საოცარმა ისტორიამ ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ გადაულახავი აუცილებლობა ვიგრძენი, მომენახულებინა ის ადგილი, რომელიც ტიბეტური ბუდიზმის სულიერი ლიდერის სახლად იქცა. იმ დროს, 1971 წელს, მაკლეოდ განჯი, რომელიც მაღალ, ხეებით დაფარულ მთებში და ხეობებში იყო ჩამალული, მინიატურულ ტიბეტს მოგაგონებდათ. დევნილები ტრადიციულ ტანსაცმელს ატარებდნენ და სოფლებსა და აგურის სახლებში ცხოვრობდნენ, რომლებიც ტიბეტურ სტილში იყვნენ ნაშენები – დრაკონებით და სხვა მითოლოგიური არსებებით, რომლებიც ხისგან იყვნენ გამოთლილნი ან კაშკაშა საღებავებით ძელებსა და არკებზე იყვნენ გამოსახულნი. მთის ფერდობებზე იაკები ძოვდნენ ბალახს, შორიახლოს კი განმარტოებულნი მედიტირებდა რამდენიმე მწირი დასავლეთიდან. ისევე როგორც ტიბეტში, მამაკაცების უმეტესობა აქ ბუდისტი ბერი იყო. ბანაკის ცენტრში განლაგებული იყო დიდი სწორკუთხოვანი მოედანი, რომელიც სალოცავი ბორბლებით იყო გარშემორტყმული.
მორწმუნეები მოედანს უვლიდნენ გარს, ბორბლებს ატრიალებდნენ და იმეორებდნენ მანტრას: “ომ მანი პადმე ჰუმ”. მე უკვე ვიცოდი წიგნიდან, რომ ამ მანტრით ტიბეტელი ბუდისტები ჩენრეზიგის – განსხეულებული თანაგრძნობის წყალობას იხმობდნენ, და რომ ამ მანტრაში ჩადებული იყო ბუდას სწავლება მთელი მისი სისრულით.
მაკლეოდ განჯის მცხოვრებლები უჩვეულოდ მეგობრულები იყვნენ. სადაც არ უნდა წავსულიყავი, ყველგან ღიმილით მესალმებოდნენ. მიუხედავად გადატანილი განსაცდელებისა და დევნილების სტატუსისა, ისინი სრულიად მშვიდად გამოიყურებოდნენ. მათ შორის ერთი გლახაკი, ან თაღლითიც კი არ შემხვედრია. ყველა სრულებით კმაყოფილი იყო ცხოვრებით. ერთმა ოჯახმა თავის პატარა სახლში დამპატიჟა და ტჰუპკით (ტრადიციული კვერიანი სუფით) და ტიბეტური ჩაით, მარილითა და იაკის კარაქით გამიმასპინძლდა. ეს ჩაი კარგად ახურებდა ორგანიზმს ყინვიან ჰიმალაების ღამეებში. ადგილობრივებმა იმდენად მომხიბლეს, რომ მზად ვიყავი საათობით მეცქირა, როგორ ფუსფუსებდნენ საშინაო მეურნეობაში, ისინი კი საპასუხოდ ფართოდ მიღიმოდნენ.
დალაი-ლამას სახლის მახლობლად იდგა ბუდას ტაძარი, დიდებული ღვთაებით, რომელიც ლოტოსის პოზაში იჯდა. ამ ოქროს ღვთაებას ეთაყვანებოდნენ როგორც ბერები, ასევე ერისკაცები: სთავაზობდნენ კეთილსურნელებებს, ზარებს, ლამპადებს და სხვა საჩუქრებს.პუჯამ, თაყვანისცემის ცერემონიალმა ძალიან მომხიბლა. ბერები ორ რიგად ჩამწკრივდნენ ერთმანეთისკენ პირისახით ისე, რომ ბუდას ღვთაება მათ შორის აღმოჩნდა. შემდეგ მათ დაიწყეს წმინდა წერილების კითხვა, რომლებიც პერგამენტის ფურცლებზე იყო ჩაწერილი. ბერები ერთი დასტიდან იღებდნენ ფურცელს, ერთობლივად კითხულობდნენ ლოცვებს და მეორე დასტაზე დებდნენ. ხანგამოშვებით რამდენიმე ბერი გრძელ საყვირში ჩაჰბერავდა ხოლმე, ზოგი რიტუალურ ზარებზე ან დიდ გონგზე რეკავდა, ზოგი კი ჯოხებით უზარმაზარ ბარაბანზე ურტყამდა.როცა ცერემონია კულმინაციას აღწევდა, მთავარი მღვდელმსახური საზეიმოდ იღებდა ლატუნის ორნამენტებიან სკიპტრას. ეს სკიპტრა, ანუ დორჯე, სულიერი ენერგიის მიმღების ფუნქციას ასრულებდა. ტაძრის კედლები ტანტრებით იყო მოხატული – ფერადი ნახატებით, რომლებიც ბუდიზმის ისტორიას და სიმბოლიკას გამოხატავდნენ. ტანტრები უნდა დახმარებოდნენ მორწმუნეებს გასხივოსნების მოპოვებაში. მე ბერებთან ვიჯექი, რომლებიც მედიტირებდნენ, ან მანტრებს იმეორებდნენ, და ლამპადებისა და კეთილსურნელოვანი ჩხირების არომატს უკიდეგანო სივრცეებში გადაჰყავდა ჩემი ჭკუა.
განსაკუთრებით გამაოცა იმან, თუ როგორი სიყვარულით და მოწიწებით ეპყრობოდნენ ტიბეტელები დალაი-ლამას. მათთვის იგი ურყევი სულიერი ავტორიტეტი გახლდათ, როგორც რომის პაპი კათოლიკეებისთვის, და ამავე დროს იგი უფლებამოსილი იყო საერო ხელისუფლების მთელი ძალაუფლებით. დალაი-ლამას ფოტო ყოველ სახლში და ყოველ მაღაზიაში გამოსაჩენ ადგილზე ეკიდა.
ერთხელ, ადრიან დილას, როცა ტაძარში ვმედიტირებდი, ჩემს გვერდით დაჯდა ხანშიშესული მაღალი ლამა, ბორდოსფერ სამოსში. თავი გადაპარსული ჰქონდა, ყელს კი ხის კრიალოსანი უმშვენებდა.ლამამ მითხრა, რომ უკვე რამდენიმე დღეა მაკვირდებოდა, და დაინტერესდა, მქონდა თუ არა კითხვები. მას შემდეგ ჩვენ ყოველდღიურად რამდენიმე საათი ვსაუბრობდით. და ერთხელაც განსაკუთრებული დღე დადგა: ჩემმა ახალმა ნაცნობმა თავად დალაი-ლამასთან აუდიენციაზე წაყვანაშემომთავაზა. დალაი-ლამას სახლი ტყიან მთაზე იდგა და შეიარაღებული ინდოელი ჯარისკაცების მიერ იყო დაცული – მისი სიცოცხლე გამუდმებით საფრთხის ქვეშ იყო. როცა საკონტროლო პუნქტი გავიარე, შემიყვანეს ოთახში, რომელიც ბუდასა და დიადი ბოდჰისატვების ფერად-ფერადი გამოსახულებებით იყო მოხატული. საკურთხეველზე იდგა ბუდას შესანიშნავი ლითონის ღვთაება, რომელიც ყვავილებით იყო მორთული. გარშემოენთო ლამპადები, იდო ზარები და თაყვანისცემის სხვა ატრიბუტები. ოთახში კეთილსურნელების არომატი იდგა.
რამდენიმე წუთის შემდეგ კარი გაიღო და ჩემი მზერა დალაი-ლამას შეხვდა. სათვალეებს მიღმა მისი სიხარულით გაბრწყინებული თვალები მოჩანდა. მსხვილი თავი სუფთად გადაეპარსა, სახეზე გამომხატველი ნაკვთები ეტყობოდა, ხოლო ცხვირი დიდი და მომრგვალებული ჰქონდა. ლამას ბორდოსფერი სამოსა ეცვა, რომელზეც მკაფიო ყვითელი მოსაცმელი ჰქონდა მოხვეული. გადამდები ღიმილით გაეღიმა და ჩემსკენ გამოემართა. ხმამაღალი სიცილით ორივე ხელზე მომკიდა ხელები და მძლავრად ჩამომართვა. თან გულითადად მომესალმა: “თქვენ შორიდან ჩამოხვედით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენთან!”
ჩვენ ერთმანეთის პირისპირ, სკამებზე დავჯექით. ბავშვური ცნობისმოყვარეობით გამომკითხა ჩემი ცხოვრების შესახებ ამერიკაში და იმის შესახებ, თუ რატომ გავხდი სადჰუ. გულწრფელი ინტერესით ისმენდა ჩემს მონაყოლს და არც ერთი სიტყვა არ ეპარებოდა. ყოველთვის, როდესაც ჩემს თხრობაში იუმორის თუნდაც ჩრდილი გაიელვებდა, ლამა ძალიან ცოცხლად რეაგირებდა, ხელისგულებს ერთმანეთზე ურტყამდა და სიცილისგან მთელი სხეული უთრთოდა. ასე გავიდა დაახლოებით ნახევარი საათი და მე ვკითხე ლამას მის ქვეშევრდომებზე ტიბეტში. მოწოლილი მოგონებები მოქუფრული ჩრდილივით დააწვა მის სახეს, თვალებში კი ცრემლებმა გაიბრწყინა. მცირე ხნის სიჩუმის შემდეგ თქვა: “როცა ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, ჩემი სამშობლო თავისუფალი იყო. ჩვენ ბედნიერად ვცხოვრობდით, ერთიანი ქვეყანა ვიყავით, და ჩვენი რელიგიაც ყვაოდა.” დალაი-ლამა გაჩუმდა და ჩაიდნიდან ტიბეტური ჩაი დაასხა ჩემს ჭიქაში. შემდეგ ჩაიდანი დადგა და ღრმად ჩაფიქრებულმა დახარა თავი. ჩანდა, თითქოს აზრობრივი ხედვით ხედავდა, თუ როგორ იბრძვის მისი ხალხი ჰიმალაების მეორე მხარეს, ტიბეტში, და თანაუგრძნობდა მათ. შემდეგ კი ხმადაბლა წარმოთქვა: “ჩვენ უზარმაზარ ვალში ვართ ინდოეთთან, რომელმაც ათასობით ჩვენი დევნილი შეიფარა.”
“თანაგრძნობა სხვა ცოცხალი არსებების მიმართ, - დაიწყო მან ახსნა, - ყველა რელიგიის განუყოფელი თვისებაა. მზადყოფნა საკუთარი თავის სხვათა კეთილდღეობისათვის გასაწირად – ესაა ჭეშმარიტი დჰარმა.” ეს სიტყვები, დამტკიცებული მისივე მსხვერპლით, რაც თავისი ხალხისათვის გაიღო, ჩემს მეხსიერებაში ღრმა კვალს ტოვებდნენ. “მედიტაცია, წმინდა წერილების შესწავლა და თაყვანისცემის რიტუალები, - თქვა მან, - შინაგანად მაძლიერებენ და საშუალებას მაძლევენ, რომ სიკეთესა და ცოდნაში ვიცხოვრო.” მისმა ნათქვამმა დამაფიქრა. მისი პიროვნება მოკრძალებას და პატივისცემას აღძრავდა, მაგრამ მისმა გულწრფელმა სიკეთემ და ზრუნვამ მაიძულა, რომ დამევიწყებინა მოკრძალება და მოვპყრობოდი, როგორც ახლო მეგობარს. დალაი-ლამამ ღიმილით მომახვია კისერზე თეთრი აბრეშუმის მოსახვევი, მასზე ამოქარგული ტიბეტური მანტრებით. “ჩვენთან ასეა მიღებული – ვაჩუქოთ ეს საჩუქარი ჩვენს ძვირფას სტუმრებს”. მომეჩვენა, რომ არ ვიმსახურებდი მის მიერ ჩემთვის გაღებულ დროს და სიკეთეს, და მადლიერების ნიშნად ქედი მოვიხარე მის წინაშე.
დალაი-ლამასთან ურთიერთობის წყალობით უკეთ შევძელი გამეგო უანგარო მსახურების მნიშვნელობა. ლამა ამ სიკეთის ცოცხალი განსახიერება იყო: ის არა მხოლოდ ურყევად მისდევდა სულიერ პრინციპებს, ასევე ატარებდა თავისი ხალხისადმი მსახურების მძიმე ტვირთსაც, იმ ხალხისადმი, რომელიც ნაწილობრივ განდევნაში იყო, ნაწილობრივ კი სხვა ხალხის მიერ იჩაგრებოდა. დალაი-ლამა მამაცურად გადალახავდა ხოლმე წარმოუდგენელ სიძნელეებს და დაბრკოლებებს თავის ერთი შეხედვით უიმედო ბრძოლაში, მოთმინებით იტანდა განდევნას და მუდამ სიკვდილის საფრთხის ქვეშ ყოფნას, და მიუხედავად ყველაფრისა აგრძელებდა თავისი ხალხის მსახურებას. მის მიერ ნაჩუქარი მოსახვევის მიღებასთან ერთად, მე მივიღე გაკვეთილი მისი თავდადებულობისა და მსახურებისა – ჭეშმარიტად ძვირფასი საჩუქარი.
* * *
მე გამოქვაბულში დავსახლდი, მთის ტყიან ფერდობზე, რომელიც ველის თავზე იყო აღმართული და ტერასებად ეშვებოდა დაბლა. ტიბეტელმა ბერებმა მასწავლეს მხოლოდ ცამპათი – ოდნავ მოხალული ქერის ფქვილით კვება. ცამპას შენახვა დიდხანს შეიძლება, და თუ წყალში შევურევთ მას, ფაფა გამოვა. ჩემი სხეულის მოთხოვნილებები მინიმუმამდე დამყავდა, და ყოველდღე ჩავდიოდი მაკლეოდ განჯაში მათი მაცხოვრებლებისგან ბუდიზმის შესასწავლად. ღამით ისევ გამოქვაბულს ვუბრუნდებოდი ხოლმე.ერთ ღამეს, როცა ქვის იატაკზე ვიწექი, გიგანტური ობობა დავინახე, რომელიც ჩემი სახიდან სულ რაღაც რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით დაბობღავდა. ობობას ნელა გადაჰქონდა თავისი ბეწვიანი შავი ტანი, და ერთ ჯერზე მხოლოდ ერთ ფეხს სწევდა ხოლმე მაღლა, და ასე დადიოდა, სანამ ჩემს თავს უკან არ გაუჩინარდა. ბავშვობაში ძალიან მეშინოდა ობობის; მისი დანახვისთანავე ყვირილით გავრბოდი და დედას ვეძახდი საშველად, რათა გაეგდო იგი. ესობობა ყველაზე საზარელი იყო მათ შორის, რაც ოდესმე მინახავს. ღმერთმა განსაცდელის სახით მომივლინა იგი.შიში უნდა გადავლახო, – გავიფიქრე მე.იმ ღამის შემდეგ გამოქვაბულს ობობასთან ერთად ვიზიარებდი, და ვცდილობდი, რომ პატივისცემით მოვპყრობოდ მას. იმ ადგილიდან, სადაც ვმედიტირებდი, ხანდახან შეიძლებოდა კობრების დანახვა, რომლებიც ტყეში მიცოცავდნენ. დროდადრო გამოქვაბულში კიდევ სხვა ვინმეც შემოსახლდებოდა ხოლმე. ერთხელ ღამით გამოქვაბულის ჭერიდან უაზარმაზარი მორიელი ჩამოვარდა. დაეცა რა ჩემგან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით, მან თავისი სასიკვდილოდ შხამიანი კუდის აქეთ-იქით ცეცება დაიწყო. და მაინცდამაინც ამ დროს ჩაიწვა და ჩაქრა ჩემი ერთადერთი სანთელი. გამოქვაბული მაშინვე უკუნმა სიბნელემ მოიცვა. მე არაგონივრულად ჩავთვალე ბრმად რაიმე მოძრაობის გაკეთება და დიდხანს უძრავად ვიჯექი. ამ სიტუაციაში ძალიან გამომადგა კაილაშ ბაბას მამობრივი დარიგებები, რომელმაც გველებთან და მორიელებთან სწორად მოპყრობა მასწავლა. ოდნავ ვსუნთქავდი და ღმერთს ვევედრებოდი, რომ დამხმარებოდა სიძულვილის, შიშისა და სხვების განკითხვის გადალახვაში.
ერთ დილას, როცა გამოქვაბულში ვიჯექი, ფიქრებით ოკეანეები და კონტინენტები გადავლახე და მამაჩემთან – ჩიკაგოს გარეუბანში, ჰეილენდ პარკში აღმოვჩნდი. ჯერ თავადაც არ ვიცოდი, როგორ აეწყობოდა ჩემი მომავალი ცხოვრება, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მამისადმი ჩემი სიყვარულის ყველაზე დიდი გამოვლინება ისეთი წერილი იქნებოდა, რომელიც ღმერთთან მიახლოვების სურვილს აღუძრავდა მისთვის ყველაზე უფრო ბუნებრივი მეთოდით. ჯერ-ჯერობით მე თვითონაც არ მქონდა არჩეული ჩემი გზა, მაგრამ ყმაწვილური თავდაჯერებულობით მივწერე მამას:
საყვარელო მამა!
მინდა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გთხოვო. შენი თანაგრძნობის უნარი მეტწილად ჩემი საყვარელი ბაბუასგან – ბილისგან მიიღე, ხოლო მისი თანაგრძნობის ფესვები, როგორც მე ვხვდები, მისი იუდაიზმის საფუძვლებისადმი ურყევი რწმენიდან მოდის.იუდაიზმისადმი სიყვარულის ეს მარცვალი ბაბუამ შენ გადმოგცა. ძალიან გთხოვ, გააღვივე ეს მარცვალი მთელი გულწრფელობით, და მაშინ მოიპოვებ შთაგონებას და ღმერთისადმი სიყვარულს.მედიტაციის ღვთაებრივი საჩუქარი საშუალებას მოგცემს უფრო ღრმად შეხვიდე იუდაიზმის არსში. იუდეურ რწმენას, ისევე როგორც სხვა დიდ რელიგიებს, ყოველი ჩვენგანის ღმერთთან მიახლოება შეუძლია.
გთხოვ, განაგრძე საკუთარი წინაპრების რელიგიიდან შთაგონების მიღება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სწორედ ისაა, რასაც სინამდვილეში ეძებ.
მაკლეოდ განჯი, დჰარმასალა, ჰიმაჩალ-პრადეში, ინდოეთი,
მაისი 1971 წ.
ინდოეთში ჩემი მოგზაურობის უმეტესი დროის მანძილზე არ მყოლია თანამგზავრი, რომელსაც გულს გავუხსნიდი. ისინი, ვისთანაც ურთიერთობა მქონდა, ან ინგლისურად არ ლაპარაკობდნენ, ან დიადი და ძლევამოსილი ბრძენები იყვნენ და ბევრად აღმემატებოდნენ ასაკით. ხანდახან მარტოსულად ვგრძნობდი თავს, მაგრამ ვისწავლე მარტოობისადმი, როგორც ღმერთთან ურთიერთობის განვითარების საშუალებისადმი მოპყრობა. ჩუმი მედიტაცია გახდა ის საშუალება, რომლის მეშვეობითაც გამოვთქვამდი ჩემს ფიქრებსა და გრძნობებს. მშვიდი მედიტაცია გახდა ჩემთვის თავშესაფარი მოუსვენარი ჭკუისა და გარესამყაროსგან თავდასაცავად. როცა ჩემს ახლობლებს ვაწყნარებდი წერილებით, რომ ყველაფერი რიგზე მაქვს, ნაწილობრივ ამ დროს გულის გადაშლის სურვილიმიბიძგებდა ხოლმე, თუმცა მესმოდა, რომ მათ გაუჭირდებოდათ ჩემი გაგება. ხანდახან ჩემს ფიქრებს პატარა ჩანაწერთა წიგნაკის ფურცლებს ვანდობდი. ერთ მშვენიერ მზიან დღეს, ვიჯექი რა განმარტოებით ჩემს გამოქვაბულში, წიგნაკში შემდეგი ჩანაწერი გავაკეთე, რომლითაც კონკრეტულად არავის არ მივმართავდი:
განდეგილის ცხოვრებაში ჩნდება რთული მომენტები, როცა ის დაიღალა, არ იცის საით წავიდეს, და ვერ აცნობიერებს, თუ რა მოიტოვა უკან. მას ვერ გადაუწყვეტია, შეინახოს თუ არა ის მცირეოდენი, რაც დარჩა, თუ ყველაფერზე უარი თქვას. საით წავიდეს ის, ვინც თავისი სახლი და მეგობრები მიატოვა? და რა აკეთოს იმ ადამიანმა, რომელიც თავისი განმარტოებულობის უდაბნოში დახეტიალობს? უნდა დაანგრიოს თავის გარშემო აღმართული კედლები, თუ პირიქით, უნდა გაამაგროს ისინი და უფრო მიუვალი გახადოს? ამიტომ იგი ლოცულობს: “ო, უფალო, როდის შევხვდები მას, ვინც შენსკენ გზას მომასწავლის? და სად იპოვის თავშესაფარს უსახლკარო, რომელიც ამ წარმავალ სამყაროს თავის სახლად არ მიიჩნევს?”
ჩემი გამოქვაბულიდან შორიახლოს ცხოვრობდა მისტიკოსი ეგვიპტედან, რომელთანაც ხანდახან სულიერ თემებზე ვსაუბრობდი ხოლმე.მას შავგვრემანი, სწორნაკვთებიანი სახე, მსხვილი ცხვირი, ნატიფი ტუჩები და გრძელი წვერიჰქონდა. მისი ჩაფიქრებული თვალების მზერა იმდენად ღრმა იყო, რომ მეგონა, სხვა სამყაროში იმზირებოდა. მიუხედავად სრული გარეგნული სიმშვიდისა, მისი ჭკუა გამუდმებულ მუშაობაში იყო, ეძებდა რა სიბრძნის ნაკლულ ნაწილაკებს ცხოვრების მოზაიკაში. მან იცოდა ძველ ეგვიპტური მკითხაობის ტექნიკა0 – მეტუ ნეტერი, რომელიც ტაროს ჰგავდა, და ერთხელ ჩემი ბედის წაკითხვა შემომთავაზა. მე დავთანხმდი. ბანქოს დასტა კარგად აჭრა, აკურატულად დაალაგა კარტები თანაბარ რიგებად და ძველეგვიპტური ოკულტური რიტუალები ჩაატარა. შემდეგ დამეხმარა, რომ გამევლო საკმაოდ რთული მედიტაცია, რომელიც ჩემს მიერ კარტის ამოღებით დასრულდა.ფერადი კარტები, დაახლოებით თხუთმეტი შვიდზე სანტიმეტრის ზომით დაფარულნი იყვნენ მისტიკური სიმბოლოებით და მითოლოგიური ფიგურებით. სანამ მდუმარებას დაარღვევდა, ნახევარი საათი კარტების განლაგებას აკვირდებოდა. ბოლოს ნელა წამოიწია სკამიდან, ხელებით მაგიდას დაეყრდნო და თავისი წინასწარმეტყველება გააჟღერა:
“ვერც ჭკუით და ვერც გონებით ვერ განსაზღვრავ იმ სულიერ გზას, რომელსაც ეძებ. მაგრამ ძალიან მალე ბედი თავისით წაგიყვანს. როგორც ფოთოლი, ქარის მიერ ატაცებული, შენ გაყვანილ იქნები შენთვის განკუთვნილ გზაზე”. მეჩვენებოდა, რომ კარტებმა ყველაფერი იცოდნენ ჩემზე. ერთ-ერთ კარტს შეეხო და უეცრად გაჩუმდა, შემდეგ კი თვალდახუჭულმა წაიჩურჩულა: “მოთმინებით განაგრძე შენი ძიებანი. მაღალი ძალები დაგეხმარებიან იმის ამოცნობაში, ვისაც ეძებ. დამიჯერე, ეს ბედია. შენი მასწავლებელი აუცილებლად მოვა შენთან”.