თავი მესამე
თავი მესამე
ფლორენციის ცენტრში, ისე როგორც ძვირფასი ქვა შესანიშნავ ჩარჩოში, სანტა-მარია-დელ-ფიორეს კათედრალური ტაძარი აღმართულიყო. 1436 წელს დასრულებული, ის მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ უკლებლივ ყველა ტურისტს იზიდავდა. იმ დროს, როცა ხმაურიანი ჯგუფები ტაძრის საფეხურებზე ფოტოაპარატების წინ პოზიორობდნენ, მე ტაძრის შიგნით ვიჯექი, სკამზე. ევროპაში მოგზაურობის დროს მრავალ ტაძარში ვიყავი და ყველგან ისე ვგრძნობდი თავს, როგორც სახლში. ახლა, პირდაპირ საკურთხევლის წინ მჯდომარე, ვლოცულობდი და ღმერთს ვევედრებოდი, რომ გზა ეჩვენებინა. მორწმუნეები, მდიდრები და ღარიბები, არისტოკრატები და გლეხები, ერთად იყრიდნენ მუხლს ღმერთის წინაშე და ლოცვებს აღუვლენდნენ მას. დავფიქრდი, თუ რისთვის ლოცულობდნენ ისინი. წარმატებისთვის ბიზნესში ან ტანჯვისგან განთავისუფლებისთვის? სიმდიდრისთვის, დიდებისთვის ან თავის მტრებზეგამარჯვებისთვის? იქნებ ისინი წმინდა და უანგარო სიყვარულისთვის ლოცულობენ? მე თვითონ ტაძარში იმისთვის მოვედი, რომ ჩემს ლოცვებში გავრკვეულიყავი. რატომ არ შემეძლო სახლში დარჩენა და სამუშაოზე მოწყობა? რა არის ეს – უპასუხისმგებლობა თუ შინაგანი სისუსტე?
ამ კითხვებზე პასუხებისთვის საკუთარ გულში ჩავიხედე. ევროპაში წამოსვლით, ჩემი ვიწრო ბუნაგიდან გამოძრომის, გარემოს მიერ შთაგონებული აკრძალვებისგან განთავისუფლების და ამქვეყნიური სიხარულის მიღების იმედი მქონდა. მეგონა, რომ ასე შევძლებდი ღმერთთან მიახლოებას. მაგრამ ახლა ვხედავდი, რომ ეს მხოლოდ მაცდენდა ჩემი წამოსვლის ჭეშმარიტი მიზნისგან. ჩემს გულს სულიერება სწყუროდა. ტაძრის უზარმაზარ გუმბათს ავხედე, ხელისგულები ერთმანეთს მივადე და ლოცვა დავიწყე: “არ ვიცი ვინ ხარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გესმის ჩემი ლოცვა. ძალიან მინდა შენთან ყოფნა.”
თავს პაწაწინა მტვრის ნამცეცად შევიგრძნობდი და ტაძრის უზარმაზარ სვეტებსა და კედლებს ვათვალიერებდი. ვიტრაჟებიდან მზის შუქი აღწევდა, რვაწახნაგიან გუმბათს ანათებდა და წმინდანების მარმარილოს ქანდაკებებს ჰფენდა ნათელს.მრავალი სანთლით და მზის შუქით განათებული საკურთხეველი ღვთაებრივად ბრწყინავდა. ხის ჯვარცმას თითქმის ადამიანის ზომის იესოს ფიგურა ამშვენებდა. იგი გვახსენებდა იმას, რომ ნამდვილი სიყვარული და მოწყალება უცილობლადაა დაკავშირებული ტანჯვის მოთმენასთან მათი გულისთვის, ვინც გვიყვარს. უზარმაზარი ფრესკები გუმბათზე გამოსახავდნენ ჯოჯოხეთის ტანჯვას და სამოთხის მშვენიერებას. ხოლო უფრო მაღლა გამოსახული იყო აღმდგარი უფალი ანგელოზთა დასთან ერთად. როცა ჯვარცმას შევხედე, გულში იესოს სიტყვებმა გაიჟღერა, რომლებიც ბავშვობიდან მახსოვდა: “ეძიებდითპირველად სასუფეველსაღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოთ თქუენ (მათე: 6.33)... სადაცაა საუნჯე თქვუენნი, მუნცა იყოს გულნი თქუენნი (ლუკა: 12.34)”.
ზურგში სიცივემ დამიარა. ხელები და ფეხები აღარ მემორჩილებოდნენ, სახეზე ტანჯვის გრიმასა მეწერა, ხოლო თავი მსუბუქი და ცარიელი გახდა. ერთდროულად სირცხვილით და სასოწარკვეთილებით შეპყრობილმა მარტოსულად და დაკარგულად, როგორც ობოლი ვიგრძენი თავი. მეჩვენებოდა, რომ მოგზაური მწირები ჩემს გარშემო გაშეშდნენ, როგორც ქანდაკებები, ხოლო მარმარილოს გამოსახულებები პირიქით, გაცოცხლდნენ.
შემდეგ სახარების კიდევ ერთი მონაკვეთი ამომიტივტივდა გონებაში: “ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი. ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანაი.” ამ სიტყვებში უსაზღვრო ყოვლის მიმტევებლობა ვიგრძენი, რომელიც სიცოცხლისკენ მაბრუნებდა. უეცრად ტაძრის სიჩუმე ორღანის ჰანგებმა დაარღვია, და მათთან ერთად ჩემი გული ცაში აიჭრა. მარტოსულად და შიშვლად ვგრძნობდი თავს უფლის წინაშე. ტირილი დავიწყე. სრულ თავისუფლებას ვგრძნობდი. შინაგან ბრძოლას, რომელიც შუაზე მხლეჩდა ლონდონში, ბოლო მოეღო, წრიალი შეწყდა. ერთხელ და სამუდამოდ ავირჩიე გზა, რომელსაც სულიერი მიზნისკენ მივყავდი, და ვიცოდი რომ აღარასოდეს გადავუხვევდი ამ გზიდან.
***
იმავე საღამოს, ტყეში ხეტიალის შემდეგ, ძველი ღობის ქვის ნანგრევებზე ჩამოვჯექი და ჰარმონიკაზე დაკვრა დავიწყე. ამ ინსტრუმენტს ჩემი ყველაზე დაფარული გრძნობები გავანდე. ჰარმონიკა საუკეთესო მეგობარი, მსმენელი და თანამოსაუბრეიყო ჩემთვის. ის საკუთარ თავში ჩაღრმავებაში მეხმარებოდა, რათა სიბრძნე და სიმშვიდე მეპოვა იქ. ბლუზის ჰანგებში გამოვხატავდი ყველა ჩემს სიხარულს, ნაღველს და გულის წადილს დასიყვარულზე ვტიროდი - ღმერთისადმი დაკარგულ სიყვარულზე.
დრო გადიოდა, მე კი ვუკრავდი და ვუკრავდი. უცებ მთვარის ვერცხლისფერ შუქში გოგონა შევამჩნიე, რომელიც უხერხულად მოაბიჯებდა ჩემსკენ.
“მე ირენი მქვია, - მითხრა მან. – უკვე რამდენიმე საათია აქ ვარ და შენმა მუსიკამ სულის სიღრმემდე შემძრა. შეიძლება შენთან ერთად დავჯდე?”
“როგორც გინდა, - შეცბუნებულმა ვუპასუხე და დაკვრა გავაგრძელე, მაგრამ მუსიკა ისე აღარ ჟღერდა. შეპარვით შევხედე ჩემს ახალ ნაცნობს. ირენი შეუდარებელი იყო. მისი ყოველი ჟესტი ერთდროულად უმანკოებით და დახვეწილობით სავსეიყო.
მღელვარებისგან აკანკალებული ხელით ღია წაბლისფერი გრძელი თმა სახიდან გადაიწია და დაბალი ხმით წარმოთქვა:
“მე აქ არდადაგებზე ჩამოვედი შვეიცარიული სოფლიდან, რათა სულის მეგობრები ვიპოვო”, - და მისი ყავისფერი თვალები ცრემლით დაინამა.
ჩემი თანამოსაუბრე ჩიოდა, როგორ იმედგაცრუებას განაცდევინებდნენ ხოლმე ის ადამიანები, რომლებიც მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობენ. მან გამოთქვა თავისი დაუცხრომელი სურვილი, რომ უფრო ახლოს ყოფილიყო ღმერთთან.
“იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, როგორ უკრავ, შენც ღმერთს ეძებ. მომიყევი შენი ძიებების შესახებ”.
რამდენიმე საათი ერთმანეთს ვუყვებოდით ჩვენს ცხოვრებაზე და მისწრაფებებზე. მე ძალიან ამაღელვა იმან, თუ რამდენი რამ გვქონია საერთო. უცებ ირენს ნაზი ყვრიმალები ცრემლებისგან გაუბრწყინდა. ღრმად ჩაისუნთქა, რამაც ხაზი გაუსვა მის დახვეწილობას და მისი ნატურის სინატიფეს.
“მე ღმერთს ვევედრებოდი, რომ თანამგზავრი გამოეგზავნა ჩემთვის. გთხოვ, წამიყვანე შენთან ერთად”. მოწიწებით ვისმენდი მის გულწრფელ წინადადებას, რომ გვყვარებოდა ერთმანეთი და ერთად გვეძებნა ცხოვრების აზრი. ნაზად შემომხედა და ჩუმად წარმოთქვა:
“ძალიან გთხოვ, იფიქრე ჩემს წინადადებაზე”.
მთელი მომდევნო დღე ერთად გავატარეთ – დავდიოდით მუზეუმებში, ვსეირნობდით პარკებში და ვსაუბრობდით. ირენი არ ჰგავდა იმ გოგონებს, რომლებსაც ადრე შევხვედრილვარ. მონუსხული ვიყავი მისით. საღამოს, როცა მე და ჰარი შემაღლებული ბორცვის მდელოზე ვვახშმობდით, ვიღაც უცნობი გოგონა მოგვიახლოვდა და წერილი გადმომცა. ბორცვიდან დაბლა დავეშვი და წერილთან ერთად განვმარტოვდი. ირენის წერილი იყო. მწერდა, რომ თუ მის წინადადებას არ მივიღებდი, მისთვის აუტანელი იქნებოდა ჩემი კიდევ ერთხელ ნახვა.
“თუ არ მიპასუხებ, - ასე ასრულებდა თავის წერილს, - მე ყველაფერს გაგიგებ”.
მთელი ღამე მარტო დავხეტიალობდი ტყეში. ვფიქრობდი, რა იყო ეს: ცდუნება, რომელიც სულიერების გზიდან გადახვევით მემუქრებოდა, თუ უიშვიათესი შემთხვევა იმისა, რომ ჩემი ბედი მშვენიერ ანგელოზთან დამეკავშირებინა – შესაძლებლობა, რომელიც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის? რა უცნაურია... ტაძარში, საკურთხევლის წინ, ირენთან შეხვედრამდე სულ რაღაც რამდენიმე საათით ადრე, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ღრმა სულიერი გრძნობა განვიცადე და უფალს შევავედრე თავი. რამდენიმე დღით ადრე რომ გამოჩენილიყო გავუძლებდი მის ცდუნებას? ამ გოგონაში იყო ყველაფერი, რაზე ოცნებაც შეიძლებოდა, და მის მიმართ ყველაზე ნაზ გრძნობებს განვიცდიდი. ის იდეალური ცხოვრების თანამგზავრი იქნებოდა ჩემთვის. რა თქმა უნდა, ჯერ საკმარისად არ ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ ერთში დარწმუნებული ვიყავი: მისთვის უარის თქმა ირენის გულის გატეხვასაც ნიშნავდა და ჩემისაც.
მე კვლავ გზაგასაყარზე აღმოვჩნდი. ჩემს წინ ორი გზა იყო გასხივოსნებისკენ. ერთზე შემეძლო მშვენიერ თანამგზავრთან ერთად მევლო, მეორეს გავლა კი მარტოკას მიწევდა, ისე რომ მთლიანად უნდა მიმეძღვნა თავი უზენაესისთვის. მთელი ღამე დავხეტიალობდი ტყეში, ჩაძირული ფიქრსა და ლოცვაში. შემიძლია უარი ვთქვა მიწიერ სიყვარულზე? ვარსკვლავებს ვუცქერდი და ვფიქრობდი კათოლიკე წმინდანებზე, ტიბეტელ ლამებზე და ინდოელ იოგებზე. გასხივოსნების გულისათვის ყველანი უარს ამბობდნენ მიწიერ ბედნიერებაზე. მათ უარი თქვეს ცხოვრების ყველანაირ სიხარულზე ღმერთისადმი უსაზღვრო ერთგულების გამო. მწვავედ მსურდა მათ მაგალითს მივყოლოდი, თუმცა ისიც მესმოდა, რომ ეს ძალიან რთული იქნებოდა. და მაინც, ღმერთის წყალობას მინდობილმა, გადავწყვიტე მეცადა, თუნდაც რაღაც დროით.
ცრემლები წვეთავდა ჩემს ჩანაწერების წიგნაკზე, როცა მისგან ირენის სახელს ვშლიდი. ჰარის არ მოვუყევი მის შესახებ, თვითონ კი ალბათ ვერ მიხვდებოდა. ერთადერთი, რასაც შეიძლებოდა ვემხილებინე – ეს იყო ჩემი ჰარმონიკას სიმღერა.
***
ზაფხული მთავრდებოდა, ახალი სასწავლო წელი ახლოვდებოდა და უკვე მშობლებთან და მეგობრებთან დაბრუნების დრო იყო. მაგრამ მე და ჰარი მივხვდით, რომ ჯერ არ შეგვეძლო დაბრუნება – ჩვენი სულიერი ძიებები მხოლოდ იწყებოდა.
რამდენიმე დღეში უკვე რომში აღმოვჩნდით. ღამე ტყეში ღია ცის ქვეშ გავათენეთ.
დღის უმეტეს ნაწილს ცალ-ცალკე ვატარებდით – მინდოდა მარტო ვყოფილიყავი ჩემს ფიქრებთან. ერთხელ ძველ მონასტერს გადავეყარე. შევედი, მუხლებზე დავიჩოქე და ლოცვისთვის მოვემზადე, მაგრამ ვიღაც მხარზე შემეხო.
“რით შემიძლია დაგეხმარო?” – გაისმა ხმა ჩემს ზურგს უკან. შევბრუნდი და ჭაღარათმიანი ბერი დავინახე. მის თავს ტონზურა ამშვენებდა. მაღალი იყო და ყავისფერი, საკმაოდ ძველი, მაგრამ სუფთა სუტანა ტერფებამდე სწვდებოდა. ქამრის მაგივრობას ბაწარი უწევდა, ხოლო ფეხზე გაცვეთილი ტყავის სანდალები ეცვა.
მისმა იერმა მოწიწება გამოიწვია ჩემში. ყოველი სიტყვა ავწონ-დავწონე და თხოვნით მივმართე:
“თქვენო მოწყალებავ, თუ შესაძლებლად ჩათვლით, გთხოვთ, მომიყევით თქვენს მიერ გავლილი სულიერი გზის შესახებ”.
ბერი ახლოს სკამზე ჩამოჯდა და უშფოთველად გაიღიმა.
“მე არისტოკრატულ ოჯახში დავიბადე, - ხმადაბლა დაიწყო თავისი ამბის თხრობა. – ახალგაზრდობაში ფული არ მაკლდა, მაგრამ თანტოლების ცუდმა გავლენამ გამაფუჭა. მათი აღიარების მოსაპოვებლად მრავალი ცოდვა ჩავიდინე: ვსვამდი ღვინოს, დავდევდი ქალებს და ვიცვამდი ლამაზად”. მის ხმაში მწარე სინანული გამოკრთა, და ცოტა ხნით გაჩუმდა.
“უნივერსიტეტში ვსწავლობდი, როდესაც მთელი ჩემი ოჯახი ტრაგიკულად დაიღუპა. ჩემი ახლობლები იახტაზე ისვენებდნენ, და იახტა ყველა მგზავრთან ერთად ჩაიძირა. დავკარგე რა ყველა ახლობელი, გავაცნობიერე ჩემი წინანდელი ცხოვრების უაზრობა, რომელიც სიამოვნებების დევნაში გავატარე. ამან სულიერების ძიებისკენ მიბიძგა, რამაც ერთ ფრანციკანელ ბერთან მიმიყვანა. მისი ხელმძღვანელობით დავიწყე წმინდა წერილების შესწავლა, - ბერმა საკურთხევლისკენ გაიწვდინა ხელები და თვალზე ცრემლი მოადგა. – იესო ქრისტეს ცხოვრებაში და ქადაგებებში მარადიული სიცოცხლის წყარო და ცოდვების გამოსყიდვა ვიპოვე. წმინდა ფანცისკოს მაგალითით შთაგონებულმა ბერის აღთქმები დავდე. მას შემდეგ ორმოცდაათ წელზე მეტი გავიდა”.
ბერს თავი დავუხარე და მადლობა გადავუხადე, შემდეგ კი ნებართვა ვთხოვე დამესვა შეკითხვა, რომელიც მოსვენებას არ მაძლევდა. მსახურების დრო ახლოვდებოდა და სამლოცველო თანდათან ხალხით ივსებოდა. ბერმა გამჭოლად შემომხედა თვალებში. მისი კეთილი ცისფერი თვალები, თითქოს ჩემს გულში იხედებოდნენ. ღრმა ნაოჭები მის სახეზე მოწმობდნენ მისი განდეგილური ცხოვრების სიმძიმეზე, მაგრამ მისი უკბილო ღიმილი იდუმალ შინაგან სიხარულს ასხივებდა.
“მალე აქ მსახურება დაიწყება. წამომყევი”.
ჩვენ ვიწრო კორიდორი გავიარეთ სიბნელეში და ქვის კიბეებით დაბლა დავეშვით. ბერმა სანთელი აანთო, და ნელა გავუყევით მიწისქვეშა, დაახლოებით ერთი მეტრის სიგანის გვირაბს. გვირაბის ქვის კედლები და დაბალი ჭერი ობობის ქსელებით იყო სავსე და ნესტის სუნი იგრძნობოდა. უცებ სახესთან ძალიან ახლოს გამყინავად დაიწივლა ღამურამ. ნახევრად სიბნელეში ბერის დაბალი ხმა გაისმა:
“კელიაში მიმყავხარ, სადაც ვლოცულობ ხოლმე”, - მისი ხმის ექო ჩვენი ნაბიჯების ხმაში ჩაიძირა. ჩვენ მოკრძალებულ და ძალიან ვიწრო კელიაში შევედით. იქ არაფერი იყო კედელზე ხის ჯვარცმისა და ხის სკამის გარდა. ბერმა ღიმილით მკითხა:
“ხომ საკმაო სიწყნარეა აქ?”
ვაღიარე, რომ ძალიან მომწონდა ეს ადგილი. სკამზე დავჯექით და ბერმა ჩვენს შორის დადგა სასანთლე. მე მოვუყევი იმის შესახებ, რაც მაწუხებდა ევროპაში წამოსვლის პირველი დღიდანვე:
“მე ებრაული ოჯახიდან ვარ და პატივს ვცემ ჩემი წინაპრების ტრადიციებს. ბაბუაჩემი ძალიან რელიგიური იყო, და ამან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. ჩემი მოგზაურობების დროს თორადან და კაბალადან ვიღებდი შთაგონებას და სიბრძნეს. ამასთან სულის სიღრმემდე შემძრა იესოს სწავლებამ, მისმა სიბრძნემ, თანაგრძნობამ და ღმერთისადმი სიყვარულმა”.
მე შესამჩნევად ვნერვიულობდი, რადგანაც პირველად ვსაუბრობდი ღიად ამ თემებზე, მაგრამ ბერმა მზერით გამამხნევა, და მე განვაგრძე:
“ჩვენ ვიცით ისტორიიდან, თუ როგორ დევნიდნენ ქრისტიანები ებრაელებს. ზოგიერთი ქრისტიანი ვერ იტანს ებრაელებს და ბრალს სდებს იმაში, რომ მათ მოკლეს იესო. მე თვითონაც მომიხდა მსგავსი ბრალდებების მოსმენა. ზოგიერთ ებრაელს კი, თავის მხრივ, სძულს ქრისტიანები და არ აღიარებენ იესოს”.
მოწოლილმა მოგონებებმა მაიძულა ცოტა ხნით გავჩუმებულიყავი. შემდეგ ვკითხე:
“ებრაელებსაც და ქრისტიანებსაც ერთი და იგივე ღმერთი უყვართ. რატომ აქვთ ამხელა სიძულვილი ერთმანეთის მიმართ? და ხომ არ ვღალატობ იუდეურ რწმენას, როცა გულწრფელად ვაღიარებ იესოს?”
ბერმა ხელზე ხელი დამადო. მზერა ცისკენ აღაპყრო, თითქოს საჭირო სიტყვებს ეძებდა, შემდეგ კი თვალები დახუჭა. მომიბრუნდა და წარმოთქვა:
“შვილო ჩემო, არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი. ყველა რელიგია ასწავლის, როგორ გვიყვარდეს იგი და როგორ დავემორჩილოთ მას. მხოლოდ მცირედ მორწმუნეობა, ეგოიზმი ან ძალაუფლებისთვის და გავლენისთვის ბრძოლა აიძლულებს ადამიანებს ერთმანეთთან ბრძოლას ზედაპირული თეოლოგიური განსხვავებების გამო. იმ ორმოცდაათი წლის მანძილზე, რომელიც ლოცვას, ფიქრს და გაჭირვებულებზე ზრუნვას მოვახმარე, გავაცნობიერე, რომ სხვადასხვა ადამიანს ღმერთისადმი სიყვარული სხვადასხვა გზით ეხსნება. ყოველ რელიგიაში არიან წმინდანები, რომლებიც სიცოცხლეს არ იშურებდნენ ღმერთის სიყვარულის მოპოვებისათვის და მსხვერპლად სწირავდნენ საკუთარ თავს სხვების კეთილდღეობისთვის”.
ბერი დაფიქრდა. ნიკაპზე ხელი მოისვა და და აკანკალებული მღელვარე ხმით წარმოთქვა:
“მე მჯერა იესო ქრისტესი – ღვთის ძისა, ჩემი მხსნელისა. ალბათ ასეთია ღმერთის განზრახვა – შთააგონოს ღვთისნიერი იუდეველები ჩემი რელიგიისგან განსხვავებული რელიგიით”.
იგი საუბრობდა იმაზე, რომ მოსეც და წინასწარმეტყველებიც გვასწავლიდნენ, რომ გვყვარებოდა ღმერთი მთელი გულით, სულით და გონებით. ამასვე ასწავლიდა იესოც. იგი ამ მცნების აღსასრულებლდა მოვიდა და არა შესაცვლელად.
“მაშინ რა აქვთ მორწმუნეებს ერთმანეთში გასაყოფი? – განაგრძო ბერმა. – შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ გზა ბევრია, მაგრამ მიზანი ყველა შემთხვევაში ერთია – ღმერთის სასუფეველი. მხოლოდ უტვინო ადამიანები მოძებნიან ამაში წინააღმდეგობებს”. მან თავზე გადამისვა ხელი და მითხრა: “ნუ ღელავ შვილო ჩემო. მთავარია, რომ გულწრფელი ხარ. ღმერთი თავად დაგაყენებს ჭეშმარიტ გზაზე”.
ამ სიტყვებმა ჩემი გულიშეძრა.
***
მეორე დღეს მე და ჰარიმ მოვინახულეთ მონასტერი, რომლის სარდაფშიც ბერები თავიანთი წინამორბედების ნეშტებთან ერთადმედიტირებდნენ. მიწისქვეშეთის ზოგიერთ ოთახში თავის ქალების და ჩონჩხების მთები აღმართულიყო, ზოგიერთში კი ადამიანთა ჩონჩხისგან გაკეთებული ავეჯი და სასანთლეებიაღმოვაჩინეთ, ასევე ნარჩენებისგან საგულდაგულოდ გამოფენილი ყვავილოვანი ორნამენტები. ჩვენ ვთხოვეთ ერთ-ერთ ბერს, რომ აეხსნა ჩვენს მიერ დანახული.
“ჩვენ აქ სხეულის წარმავალობაზე და მიჯაჭვულობათა ამაოებაზე ვმედიტირებთ. ეს გვეხმარება ხორცის ცდუნებების გადალახვაში და ღმერთის სასუფეველის მფარველობის მოპოვებაში”. – გვიპასუხა ბერმა.
ყურადღებით ვუსმენდით. კიდევ უფრო ღრმად ჩავედით და ბერის სუტანებში გამოწყობილი ჩონჩხების მთელი გროვა დავინახეთ. ისინი მიუთითებდნენ წარწერაზე: “ოდესღაც ისეთები ვიყავით, როგორც თქვენ. მოვა ჟამი, და თქვენც ისეთები გახდებით, როგორც ჩვენ”.
***
მიუხედავად მიღებული სულიერი გამოცდილებისა, მატერიალური სამყარო ძველებურად მიზიდავდა. ერთხელ, რომში მე და ჰარი წიგნების მაღაზიაში შევედით. ხშირად დავდიოდით წიგნების მაღაზიებში რაიმე საინტერესოს პოვნის იმედით. ამჯერად ჩემი ყურადღება მიიპყრო წიგნმა “როგორ დავუკრათ ბლუზი ჰარმონიკაზე”. გადავფურცლე და აღმოვაჩინე გაკვეთილები, ამ ჟანრის უდიდესი მასტერების სტილში. ასევე სიმღერები ჩემი უსაყვარლესი შემსრულებლების რეპერტუარიდან: “სონი ბოი” უილიამსონი, ლითლ უოლტერი, ჰაულინ ვულფი, ჯიმი რიდი, სლიმ ჰაპრო, სონი ტერი, ჯუნიორ უელსი, ჯონ მეილი, პოლ ბატერფილდი და სხვები. ეს თვითმასწავლებელი ძალიან გამომადგებოდა მოგზაურობის დროს, მაგრამ მის ღირებულებასვერ შევწვდებოდი. მეორე მხრივ კი როდისღა ვიპოვიდი ასეთ წიგნს?
და აქ ჩემმა მიწიერმა ბუნებამ იმარჯვა. გავიხედ-გამოვიხედე, წიგნი ჟილეტის ქვეშ შევჩურთე და მაღაზიიდან გამოვედი. როცა ბანაკში დავბრუნდით, ჩემი მონაპოვარი ჰარის ვაჩვენე. მან ჩემი საქციელის გამართლების ნიშნად გამიღიმა.
რამდენიმე დღის შემდეგ წმინდა პეტრეს ბაზილიკა მოვინახულეთ და მოვხვდით ქადაგებაზე, რომელსაც თავად პაპი კითხულობდა. მთელი დღე რომში ვსეირნობდით, სანამ ლამაზ ეკლესიას არ მივადექით. მომრგვალებული კუთხეები და სანთლის რბილი განათება გამოქვაბულს ამსგავსებდა მას. ძველებურ სკამებზე მოვთავსდით და ერთი საათი ლოცვებსა და მედიტაციაში გავატარეთ. მოგვიანებით, როცა გზად მიმავალი მანქანით რომელიღაც გზაჯვარედინს მივაღწიეთ, ჰარიმ ამაყად მაჩვენა ხის ჯვარცმა. მე ხელში ავიღე ჯვარცმა და გავოცდი მისი სილამაზით.
“საიდან გაქვს?” – ვკითხე მე.
“იმ ეკლესიის აღსარების კაბინიდან”, - მხიარულად მიპასუხა ჰარიმ.
“რა?! – აღშფოთებულმა დავუბრუნე ჯვარცმა. – შენ ეს ღვთის ტაძრიდან მოიპარე? როგორ შეგეძლო? მრცხვენია შენს მაგივრად!”
ჰარის თვალებიც ასევე აღშფოთებისგან აენთო:
“მანქ, შენ როგორ მეუბნები ამას! შენ არ მოიპარე ჰარმონიკაზე დაკვრის თვითმასწავლებელი? კარგია ფარისევლობა”.
ის მართალი იყო. შერცხვენილმა არ ვიცოდი რა მეთქვა. ჰარის განსჯის უფლება არ მქონდა, მაგრამ რაიმეს გამოთქმა მჭირდებოდა:
“დიახ, მე მოვიპარე თვითმასწავლებელი. მაგრამ მოვიპარე არა წმინდა ადგილიდან, არამედ მაღაზიიდან, სადაც საქონელს ჰყიდიან და ამისგან მოგებას ნახულობენ”.
ამ სიტყვებმა ჰარი კიდევ უფრო აღაშფოთა და მრისხანედ შემეწინააღმდეგა:
“შენც კარგად იცი, რომ ეკლესია – ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი საწარმოა მსოფლიოში, რომელიც მილიარდობით დოლარს გამოიმუშავებს! ხოლო წიგნების მაღაზია ალბათ ვინმე მორწმუნე ადამიანს ეკუთვნის, რომელიც ძლივს საზრდოობს ამ საქმით”.
სანამ ვკამათობით, ჩენს გარშემო უსქმურების ბრბო შეიკრიბა და ავტომობილებიც კი გაჩერდნენ. ხმას ვძაბავდი და ვცდილობდი გზად მიმავალი ავტობუსების ხმა გადამეფარა:
“იქნებ მართალი ხარ. მაგრამ ამ ეკლესიაში ღმერთისადმი ვლოცულობდით, და არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ჯვარცმა მოიპარე იქიდან. ძალიან გთხოვ, დააბრუნე თავის ადგილას, თუნდაც ჩემი გულისთვის”.
ჰარი აღარ ბრაზობდა და შერიგების ნიშნად გამიღიმა. გადამეხვია, პატიება მთხოვა და ჯვარცმის დაბრუნებაზე დამთანხმდა.
“შენც მაპატიე, ჰარი. ვიცი, რომ არ ვიყავი მართალი, მაგრამ ძალიან მადლობელი ვარ შენი”.
მე და ჰარი ეკლესიაში დავბრუნდითYდა თავის ადგილას დავაბრუნეთ მოპარული ჯვარცმა. როცა ჩვენი ტყის ბანაკამდე მივაღწიეთ, უკვე ღამე იყო. სიცილით ვიხსნებდით ჩვენს კამათს და მივედით დასკვნამდე, რომ ამან მხოლოდ გაამყარა ჩვენი მეგობრობა და ერთგულება ერთიმეორესადმი. ზურგზე ვიწექი საძილე ტომარაში და ვარსკვლავებს ვუცქერდი, ვერ ვიძინებდი. მე ფარისეველი ვარ. იესოც ჩემნაირმა ფარისევლებმა გააკრეს ჯვარზე. რა სიმდაბლეა – იქადაგო ის, რასაც თავადვე არ მიჰყვები. სიჩუმე ჰარის ხმამ დაარღვია. თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხა:
“მანქ, ძალიან გთხოვ, არ დააბრუნო ეგ წიგნი. ყველას ძალიან მოგვწონს, როცა ახალ სიმღერებს უკრავ”.
ეს წიგნი მანმადე მქონდა, სანამ ყველა ახალი სიმღერა არ ვისწავლე. რომიდან ჩვენი გამგზავრების დღეს მოვნახე ის წიგნების მაღაზია და შეუმჩნევლად დავაბრუნე იმ თაროზე, საიდანაც ავიღე.
რომში, ისევე როგორც სხვა ქალაქებში, სანაპიროზე ამოვიჩემებდი ხოლმე საყვარელ ადგილს. ტიბროსის მეორე ნაპირს გავცქეროდი და ვფიქრობდი იმაზე, რომ ეს მდინარე იყო მოწმე რომის იმპერიის აღმავლობისა და დაცემისა. თაობები მიდიოდნენ, ცივილიზაციები ერთმანეთს ცვლიდნენ, და რომის დიადი შენობები ნანგრევებად იქცეოდნენ. ხოლო ტიბროსი უშფოთველად მიედინებოდა. მე მის სიბრძნესთან თანაზიარება მსურდა. ვაკვირდებოდი მდინარეს და ვიხსენებდი იმ სიხარულს და უსიამოვნებებს რაც იტალიაში გადამხდა. ჩემს მეხსიერებაში ამოტივტივდა ჯიმის გაქურდვა და შეუფასებელი დალოცვა, რომელიც სანტა-მარია-დელ-ფიორეში მივიღე. შემდეგ ჩემი ფიქრები მშვენიერ და ნაზ ანგელოზთან, ირენთან დაბრუნდნენ, რომელიც დაბრკოლებად ჩავთვალე ჩემს სულიერ გზაზე. ტიბროსის ტალღების ხმაში ფრანცისკანელი ბერის ბრძნული სიტყვებიჩამესმოდა. ჩემდა სასირცხვილოდ, გამახსენდა, როგორ მოვიპარე წიგნი, შემდეგ კი ფარისევლურად დავადანაშაულე ქურდობაში ჩემი საუკეთესო მეგობარი. ყველა ამ მოვლენაში ღმერთის ხელს ვგრძნობდი, რომელიც ცხოვრების ძვირფას გაკვეთილებს მაძლევდა. ტალღები ნაპირს ასკდებოდნენ, მე კი წმინდა ფრანცისკო ასიზელის ცხოვრებაზე ვფიქრობდი. ახალგაზრდობაში მას კეთროვანების ეშინოდა და ყველანაირად გაურბოდა მათ. მაგრამ ერთხელ, შეხვდა რა კეთროვანს, ცვლილება იგრძნო თავის გულში. ღმერთის წყალობით ღრმა თანაგრძნობით განიმსჭვალა ავადმყოფის მიმართ და მონანიების შეგრძნებით ხელზე აკოცა მას. ამის შემდეგ ფრანცისკომ კეთროვანებზე ზრუნვა იტვირთა და ყველანაირად ეხმარებოდა მათ. ძალიან მომინდა ასიზიში, მის სამშობლო მხარეში წასვლა.
ჰარის რამდენიმე დღით დავემშვიდობე და ასიზის მოსანახულებლად გავემგზავრე. დავდიოდი იმ ადგილებში, რომელიც წმინდა ფრანცისკოს უკავშირდებოდა და მისი ცხოვრების შესახებ ვკითხულობდი. იგი მდიდარი ვაჭარის შვილი იყო და ახალგაზრდობაში საბრძოლო ლაშქრობებში მონაწილეობდა. თუმცაღა 1205 წელს, როცა მან ლოცვები აღავლინა წმინდა დამიანეს ტაძარში, იესომ ეკლესიის ჯვარცმიდან მიმართა მას:
“ფრანცისკო, ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩემი სახლი ინგრევა? წადი, შეაკეთე იგი ჩემი გულისათვის!”
ამ გამოცხადებამ მთლიანად შეცვალა მისი ცხოვრება. ფრანცისკო სიღატაკესა და მორჩილებაში ცხოვრობდა, ღმერთის მსახურებას მიუძღვნა თავი და მრავალი ადამიანი გახდა მისი მიმდევარი. რამდენიმე დღე გავატარე წმინდა დამიანეს ტაძარში, და ვფიქრობდი იმ სასწაულებრივ ცვლილებაზე, რომელიც წმინდა ფრანცისკომ განიცადა. მოვინახულე სახლი, სადაც მან თავისი ბავშვობა გაატარა და ვნახე საცავი, სადაც მამამ დაამწყვდია იმის შიშით, რომ მისი შვილი მიწიერ ცხოვრებას განუდგებოდა, მაგრამ დედა დანებდა ფრანცისკოს მუდარას და ტყვეობიდან გაანთავისუფლა შვილი. ასევე მოვინახულე ანგელოზების დედოფლის ეკლესია, სადაც მან თავისი ქადაგება დაიწყო და სადაც უკანასკნელი სუნთქვა ამოუშვა. რომში, ჰარისთან, წმინდა ფრანცისკოს მაგალითით, მისი განდეგილობით, თანაგრძნობით და ღმერთისადმი ექსტატიური სიყვარულით შთაგონებული დავბრუნდი.
რომიდან ავტოსტოპით გავემგზავრეთ ნეაპოლში, იქიდან კი ლეგენდარულ პომპეიში. მე გამაოგნა იმან, რომ ვეზუვის ამოფრქვევამდე ეს იყო ლამაზი და აყვავებული ქალაქი. ახლა კი, ათასწლეულის შემდეგ, ძველი ცივილიზაციის ნანგრევებზე დავაბიჯებდით და გაკვირვებულნი ვუმზერდით არქეოლოგიურ ძეგლებს. ფერფლსა და გამაგრებულ ლავაში მშვენივრად შემონახულიყო ხალხის და ცხოველების სხეულთა ანაბეჭდები. ლავის ნაკადებმა დააკონსერვეს შენობები, გზები და ყოფითი ნივთები.
ამ სანახაობამ დამაფიქრა. რას გვასწავლის პომპეის ტრაგედია? იმას, რომ უბედურება შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეგვემთხვეს. თვითდამშვიდებულ მდგომარეობაში ვერ ვაცნობიერებთ მატერიალურის წარმავალობას. მე გამახსენდა შავი ჭირი, რომელმაც ევროპა დააცარიელა, ატომური ბომბი, რომელმაც ჰიროსიმა გაასწორა მიწასთან, მიწისძვრები და ხანძრები, რომლებმაც მთელი ქალაქები გაანადგურა ამერიკაში. კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ბუნების ძალები პერიოდულად ყველაფერს გვართმევენ. რატომ უნდა გადავდოთ ცხოვრების აზრის ძიება მომავლისთვის? ახლა – სწორედ რომ ამის დროა.
ვეზუვის ამოფრქვევასავით, რომელმაც ნანგრევებად აქცია მთელი ქალაქი, ჩემი გულის სიღრმიდან ამოიფრქვა მტკიცე გადაწყვეტილება სულიერი გზით სიარულისა და ყველაფერი დანარჩენი ჩემი წარსულის ფერფლით დაფარა.