გზა შინისაკენ - ამერიკელი იოგის მოგზაურობა

რადჰანათჰ სვამი
5
1

ძლივ-ძლივობით გამოვძვერი თუ არა მდინარე ბაჰმატის ყინულივით ცივი წყლიდან, რომელიც ჰიმალაების ყინულებიდან იღებს სათავეს

თავი მეთვრამეტე

 

თავი მეთვრამეტე

ერთხელ უკაცრიელ მთის ბილიკთან ვიჯექი და უცებ დავინახე, რომ ფრიად შემზარავი გარეგნობის ოციოდე მამაკაცი მიახლოვდებოდა. ხელში ყოველ მათგანს ადამიანის თავის ქალით დამშვენებული რკინის სამკაპი ეჭირა. გრძელი თმა გვირგვინივით შემოეხვიათ თავის გარშემო, ხოლო დაწნული წვერი აქეთ-იქით უქანავებდათ ნაბიჯის რიტმში. თავიდან ფეხებამდე ფერფლის სქელი ფენით იყვნენ დაფარულნი, ყელზე რამდენიმე რიგად ეკიდათ რუდრაკშის მძივები, ხოლო შუბლი სამი ჰორიზონტალური ხაზით ჰქონდათ დამშვენებული, რაც შივას სიმბოლოს წარმოადგენდა. მიუხედავად სიცივისა, მხოლოდ მკვეთრი წითელი ფერის ბარძაყებზე მოსახვევი და რკინის რგოლებიანი ქამარი ემოსათ, ზოგიერთი კი სრულიად შიშველი იყო.
ესენი იყვნენ ნაგა-ბაბები, ანუ ნაგები. გაგონილი მქონდა, რომ ისინი სამუდამო უქორწინობის აღქმას დებენ, რათა საკუთარ თავში სქესობრივი სურვილიდაამარცხონ, მოახდინონ სექსუალური ენერგიის სუბლიმაცია და აქციონ იგი მისტიკურ ძალებად, და ამას ხშირად ტანტრული პრაქტიკების მეშვეობით აღწევენ. ისინი უგულვებელყოფენ საზოგადოებაში არსებულ პირობითობებს, და მრავალი მათგანი სრულიად შიშველიც დადის. ეს მათი სულიერი პრაქტიკის ნაწილია. ნაგები არ იჭრიან თმას, რათა სხეულზე არ მოახდინონ კონცენტრაცია – ეს ხორცის დაკნინების ერთგვარი ფორმაა. ნაგების ისტორია თავისი ფესვებით საუკუნეების სიღრმეში მიდის. სხვადასხვა დროს ნაგების ორდენებიდან ზოგიერთი, დიდი მოგოლების არმიას, ინგლისელ დამპყრობლებს, ბუდისტებს და ინდუიზმის სხვა სკოლის წარმომადგენლებსაც კი ებრძოდა ხოლმე.
ძალიან მინდოდა გამეგო, რატომ ირჩევენ ადამიანები ასეთ სასტიკ გზას. ძალა მოვიკრიბე, გავბედე და ნაგებს ვთხოვე, რომ მათთან ერთად მოგზაურბის ნება მოეცათ. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც ინგლისურად ლაპარაკობდა, ჩემი თხოვნა სხვებს უთარგმნა, და მათ თავიანთი თანხმობა სამკაპების თავსზემოთ ქნევით და “ჯაია შანკარას” შეძახილებით განმიცხადეს.
თავიანთ რიგებში ისე მიმიღეს, როგორც საკუთარი ძმა. გრძელი გზა გავიარეთ და როგორც იქნა მდინარის ნაპირას დავბანაკდით. ნაგების ქურუმმა, სახელად დჰუნი ბაბამ, ფიჩხი მოაგროვა და წმინდა ცეცხლი დაანთო. სხვა ნაგები კოცონის გარშემო შემოიკრიბნენ, და მეც მათ შევუერთდი, რათა ცეცხლთან ახლოს ვყოფილიყავი.
უეცრად ჩემს ზურგს უკან სულისგამყინავი ყვირილი გაისმა. შევბრუნდი და დჰუნი ბაბა დავინახე. მრისხანებით შეპყრობილი, იგი ჩემსკენ მორბოდა და თავს ზემოთ სამკაპს იქნევდა. თვალებში წითელი ცეცხლი უელავდა, ტუჩები ბრაზისგან უთრთოდა, ხელები კი კრუნჩხვიანივით უჭერდნენ ხელს თავს ზემოთ შემართულ იარაღს. დანარჩენმა ნაგებმაც აღშფოთებული შეძახილები მესროლეს, მზერით კი თითქოს მწყევლიდნენ და ფერფლად მაქცევდნენ. მე სრულიად დავიბენი. რა ჩავიდინე ასეთი? ნუთუ სიცოცხლე ნაგის სამკაპზე უნდა დავასრულო? ლოცვა დავიწყე. ამ მომენტში ერთ-ერთმა ნაგმა, ზიზღიანი სახით, ჩემს რეზინის სანდალებზე მიმითითა. მაშინვე გავიძრე ისინი და შორს ჯუნგლებში მოვისროლე. ნაგები ჩუმად მიცქერდნენ. სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა, და მე, სუნთქვაშეკრული ველოდი, რა მოხდებოდა.
მოულოდნელად ნაგებს მეგობრული სიცილი აუტყდათ და მათ გვერდით დაჯდომა შემომთავაზეს. როგორც კი ვიგრძენი, რომ დაძაბულობამ იკლო, ამოვისუნთქე და ხარბად შევისუნთქე მთის გამყინავი ჰაერი. ცივ მიწაზე მოვეწყვე და ჯერ კიდევ ვერ მოვსულიყავი აზრზე. ნაგა-ბაბამ, რომელმაც ცოტა ინგლისური იცოდა, ამიხსნა: “წმინდა ცეცხლი – ეს ჩვენი ტაძარია. მის გვერდით ფეხსაცმლით ჯდომაარ შეიძლება. სინამდვილეში ჩვენ არ განვრისხებულვართ. უბრალოდ გადავწყვიტეთ გაკვეთილი ჩაგვეტარებინა შენთვის, რათა ეს სამუდამოდ დაგემახსოვრებინა. დღეს პატივი გხვდა დჰუნი-ბაბას განსაკუთრებულ წყალობა მიგეღო”.
მე საზეიმო ფიცი დავდე, რომ ცხოვრებაში არ დამავიწყდებოდა ეს გაკვეთილი, რაზეც დჰუნი-ბაბას მოწყალედ გაეცინა.
სამსხვერპლო კოცონში სამკაპი ჩაერჭოთ, რომელიც შივას განასახიერებდა. ნაგები მანტრებს გალობდნენ და თან ცეცხლშიერბოს ასხამდნენ. ცერემონიის რაღაც მომენტში იმპროვიზირებულ საკურთხეველთან ჩილიმი – თიხის მოსაწევი მილი დადგეს. მათ საზეიმოდ გატენეს მილი განჯათი (მარიხუანათი) და ყველაზე მხცოვანს მიაწოდეს. მან მოწიწებით მიიდო მილი შუბლზე და რაღაც ლოცვა წარმოთქვა. როგორც კი მილიდან მოსწია, ბაბამ მომდევნოს გადააწოდა, და ყოველი ნაგი, სანამ მილიდან მოქაჩავდა, ლოცვას კითხულობდა. როცა ჩემი რიგი მოვიდა, მე ყოყმანი დავიწყე, და გამახსენდა აღთქმა, რომელიც კანდაგარში მივეცი ღმერთს. ყველანაირი პატივისცემით და დელიკატურობით, როგორც კი შემეძლო, უარი ვთქვი მოწევაზე. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. ნაგებმა უკმაყოფილო მზერით გადმომხედეს, შემდეგ კი ყვირილი ატეხეს: “მაჰა-პრასად! მაჰა-პრასად! შანკარ მაჰა-პრასად!” ინგლისურად მოლაპარაკე ნაგამ მითხრა: “ეს – შივას წყალობაა. ჩვენთან ერთად უნდა მიაგო პატივი მის მაჰა-პრასადს. მაშინ შენ შეძლებ უსასრულობაზე იმედიტირო. თუ უარს იტყვი, ამით შეურაცხყოფას მიაყენებ შივას და სასტიკად დაისჯები ამის გამო”. ნაგების ავისმომასწავებელი მზერა მოწმობდა იმაზე, რომ მათი სიტყვები – ცარიელი მუქარა არ იყო.
“მე დავიფიცე არ მივიღო გამაბრუებელი საშუალებები, ეს ჩემი აღთქმაა”, - ვთქვი მე ძლივს გასაგონად.
ბაბამ დანარჩენებს უთარგმნა ჩემი სიტყვები, და ისინი რაღაც უცნაურად მიჩუმდნენ. ერთ-ერთი წამოდგა და წმინდა ცეცხლზე ფიჩხის ბღუჯა დაყარა. მცირე დუმილის შემდეგ თვალი თვალში გამიყარა და უკმაყოფილოდ გააქნია თავი. თავში აზრმა გამიელვა: ალბათ ეს ცეცხლი ჩემი განსასვენებელი კოცონი გახდება.
მოულოდნელად ყველა ნაგს გაეღიმა. დჰუნი ბაბამ სიყვარულით გადამისვა თავზე ხელი და გაეცინა. ისინი პატივისცემით განეწყვნენ ჩემი აღთქმის მიმართ.
ამის შემდეგ კოცონზე ქვაბი შემოდგეს და ვახშამის მომზადება დაიწყეს. როცა ბრინჯი და დალი მოიხარშა, დჰუნი ბაბამ მანტრები წარმოთქვა, ცოტაოდენი მზა საჭმელი აიღო და ცეცხლს შესთავაზა იგი. დანარჩენი საჭმელი ამით განწმენდილად იქცა, პრასადად, და ყველა იქ მყოფს დაურიგდა. ღამე კოცონთან გავატარეთ. დილით ყინულივით ცივ მდინარის წყალში ვბანაობდი და ვაკვირდებოდი, თუ როგორ ისვამდნენ ნაგები წმინდა კოცონის ფერფლს. ისინი ამას ყოველთვის აკეთებდნენ, როცა კრემატორიუმის ფერფლი არ ჰქონდათ ხელთ. ნაგების უმეტესობა კოცონის გარშემო ირეოდა. შესაძლოა ეს სიცივით იყო გამოწვეული – ზუსტად არ ვიცი.ერთნი განჯას ეწეოდნენ, სხვები კი მედიტირებდნენ, ან მანტრებს იმეორებდნენ რუდრაკშის მძივებზე.
რაღაც მომენტში უხუცესი ნაგი, რომელიც აქამდე უძრავად იჯდა ლოტოსის პოზაში, პირდაპირ ჩემს თვალწინ მიწიდან დაახლოებით ნახევარი მეტრითაიწია. იგივე გაიმეორა კოცონთან მჯდარმა მეორე ბაბამაც. კანზე ვიჩქმიტე, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ ეს ყველაფერი არ მესიზმრებოდა. მაგრამ არა, მე არ მეძინა, და ყველაფერი ეს ცხადში ხდებოდა. უბრალოდ სულ სხვა სამყაროში ვიყავი – ასკეტების სამყაროში, რომლებიც გულგრილნი არიან ყველაფრისადმი, გარდა იმ რეალობისა, რომელშიც თვითონ ცხოვრობენ.
ყველგან არიან ადამიანები, რომლებიც კანონებს არღვევენ. ასევე აქაც, ველურ ტყეში ყველასგან თავშეფარებულნი, ეს ნაგები იოლად არღვევდნენ მიზიდულობის კანონს. მათ ისეთ ჰარმონიას მიაღწიეს ბუნებასთან, რომ შეუძლიათ ითამაშონ მის კანონებთან ისე, როგორც მოეპრიანებათ.
სანამ ორი ნაგი ჰაერში დაფრინავდა, გარშემო მიმოვიხედე, რომ გარშემომყოფთა რეაქცია დამენახა. მაგრამ დანარჩენი ნაგები მომხდარს არანაირ ყურადღებას არ აქცევდნენ – ლევიტაცია მათთვის სრულიად ჩვეულებრივი ამბავი იყო.
მეორე დილით შევიტყვე, რომ ნაგები თავიანთ გურუსთან შესახვედრად მიდიოდნენ. ტყეში გავემგზავრეთ, სადაც მათი გურუ მკაცრ ასკეზებს ატარებდა. მომიყვნენ, რომ იგი დღე-ღამეების განმავლობში გაუნძრევლად მედიტირებს ლოტოსის პოზაში, ისე რომ საჭმელს და წყალს არ იღებს. სანამ ბუჩქებში ვიკვალავდით გზას, ნაგამ, რომელმაც ინგლისური იცოდა და ჩემი თარჯიმნის როლს ასრულებდა, მათი სულიერი მოძღვრის შესახებ მომიყვა. “თორმეტი წლის ასაკში იგი სახლიდან წავიდა და ნაგა-ბაბა გახდა. იგი მკაცრად მიჰყვება იოგას მცნებებს და ჩვენი უმრავლესობისგან განსხვავებით არ ეწევა განჯას და არ იყენებს სხვა გამაბრუებელ საშუალებებს. მის ცხოვრებაში ადგილი არა აქვს გრძნობით სიამოვნებებს. მედიტაციაში გამუდმებული ვარჯიშების წყალობით მან ზებუნებრივი შესაძლებლობები მოიპოვა, რომლებსაც აღტაცებაში მოჰყავს ყველა. ჩვეულებრივ იგი დუმს, მაგრამ თუ დაილაპარაკებს, ყველა მხოლოდ მას უსმენს ხოლმე”.
ჩვენ ექვსი საათი დაგვჭირდა ტყის იმ ველამდე მისაღწევად, სადაც ნაგების გურუ მედიტირებდა. თვალწინ წარმომიდგა ხანშიშესული იოგი გიგანტური სიმაღლით და მძლავრი აღნაგობით. იგი ლოტოსის პოზაში იჯდა, და მისი სხეული სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ვიბრირებდა მისგან გამომავალი ენერგიისგან. გარეგნულად სამოცდაათი წლისას ჰგავდა. დაწნული ჭაღარა თმა ზურგზე გადაჰფენოდა და კიდევ ორ მეტრზე მიწაზე გაშლილიყო. შიშველი და ფერფლის სქელი ფენით დაფარული, იგი თვალდახუჭული მედიტირებდა. ჩვენი ნაგებიდან ერთ-ერთმა ჩვენი მისვლის ნიშნად ხის ტოტით პრიმიტიულ გონგს შემოჰკრა, მეორემ კი კამეჩის რქაში ჩაჰბერა. გურუმ ნელა გაახილა თვალები და უძრავი მზერა პირდაპირ მე მომაპყრო.
მე შიშისაგან ავკანკალდი, ნაგები კი გარშემო იდგნენ და ყურადღებით გვაკვირდებოდნენ. სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. უცებ გურუმ თავისი დაბალი ხმით დაიქუხა: “აზრი არა აქვს ცხოვრების ამაოდ ფლანგვას! გახდი ნაგი!” მუშტი შიშველ გულ-მკერდზე დაირტყა და განაგრძო: “ნაგი გადალახავს ილუზიას. ნაგი – ეს მ ა მ ა კ ა ც ი ა!” თითი პირდაპირ სახეში მომაბჯინა, ნელა გააქნია თავი და ძლიერად წარმოთქვა: “გახდი ნაგა-ბაბა. ახლავე. არა ხვალ, არამედ ახლა! დაუყოვნებლივ!”
გურუს დაჟინებულმა მზერამ თავიდან ბოლომდე გამჭოლა. თავს პატარა თაგვად ვგრძნობდი, რომელიც პირდაღებული ლომის ხახის წინ იდგა, და ვფიქრობდი, რომ მას შეეძლო ფერფლად ვექცია უბრალოდ ერთი შემოხედვით. გურუ ჩემს პასუხს ელოდა, ისევე როგორც ყველანი გარშემო. რა უნდა მეთქვა? და რა მოხდებოდა ამის შემდეგ? მე ვერ ვუღალატებდი საკუთარ გულს. ჩუმად ვიჯექი და წამები იწელებოდა, როგორც მარადისობა. ნაგების გურუ, როგორც ჩანდა ჩემს აზრებს კითხულობდა. ჩამოწოლილ სიჩუმეში უეცრად თავდაჯერებულობა ვიგრძენი, რომ გურუ გამიგებდა. დიახ, ის გამიგებდა, მიუხედავად იმისა, რომ მის გზას ვაფასებდი, ეს გზა ჩემი არ იყო.
გამგები მზერით გურუმ ძლიერი ხელი ასწია და მედიტაციაში თვალდახუჭულმა კურთხევა მომცა: “კარგი. დაე ღმერთი იყოს შენთან”. ნაგებს გაეხარდათ ჩემი წარმატება და თავიანთ საქმეებს მიუბრუნდნენ.
იოგას პრაქტიკის წყალობით, ნაგების გურუ რაღაც არამიწიერ ენერგიას ასხივებდა, რომელიც მოწიწებული შიშის გრძნობას იწვევდა. ნება მისი ურყევი ჩანდა, როგორც ჰიმალაები. ვგრძნობდი, რომ ძალიან გამიმართლა მისი ნახვით, მაგრამ მესმოდა, რომ დრო იყო – გზა გამეგრძელებინა.
მეორე დღეს გურუსთან მივედი, თაყვანი ვეცი და კურთხევა ვთხოვე, რომ ჩემი მოგზაურობა განმეგრძო. პასუხად ნაგებმა სამკაპები აღმართეს და ერთხმად დაიძახეს: “ჯაია შანკარ!” უკან გამოვტრიალდი და მარტომ, ფეხშიშველმა განვაგრძე გზა ტყის ბილიკზე. რამდენიმე დღე ნაგების თემში ყოფნისას ამხანაგობის ისეთი სული შევიგრძენი იქ, რომელსაც იშვიათად თუ შეხვდები სადმე. მათი ერთგულება თემისადმი და ერთმანეთისადმი არ იყო ყალბი და სიცოცხლეზე მეტად ფასდებოდა. ყველგან მოხეტიალე ნაგები შიშს იწვევდნენ ხალხში. არაეთიკურად გამოიყურებოდნენ, უხეშები და უკიდურესად ასკეტურები იყვნენ, მაგრამ ასეთი იყო ღმერთის შეცნობის მათეული გზა.
* * *
მე გადავწყვიტე ბადრინათჰში გავმგზავრებულიყავი, რომელიც მაღლა იყო ჰიმალაებში. ინდოეთში არსებობს ტრადიცია: მამაკაცი, რომელიც ხანდაზმულობის ასაკს აღწევს, ბადრინათჰში მიდის და სიკვდილის მოსვლამდე იქ რჩება. მაგრამ ჩემს იქ გამგზავრებას არ ეწერა ასრულება: თოვლმა და მეწყერმა გზა გადაკეტა. ამიტომ რიშიკეშში მომიწია დაბრუნებამ. რიშიკეშში ამ ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ აშრამს – სვარგაშრამს მივადექი. ამ დროს აქ სადჰუებს უმასპინძლდებოდნენ, და ჩემდა სასიხარულოდ, მეც დაპატიჟებულთა რიცხვში აღმოვჩნდი. სადჰუები რიგებად დასხდნენ მიწაზე, ერთმანეთისკენ პირისახით, რათა პატივი მიეგოთ სულიერი საკვებისთვის – პრასადისთვის, რომელიც სპეციალურად მათთვის მომზადდა. განცვიფრებული იმით, თუ რამდენის ჭამა შეუძლიათ ამ სადჰუებს დღესასწაულზე, მეც მცირე ყოყმანის შემდეგ მივბაძე მათ მაგალითს. ჭამის დამთავრების შემდეგ ყველამ ხელები დაიბანა და ბევრი მათგანი მარცხენა მხარზე წამოწვა – ეს ტრადიციული საშუალებაა საჭმლის მონელების ხელშეწყობისთვის.
მცირე დასვენების შემდეგ გადავწყვიტე აშრამის მიმდებარე ტერიტორიები დამეთვალიერებინა. ბილიკზე სეირნობის დროს შეძლებული მოგზაურები გავიცანი, რომლებიც განცვიფრებულნი დარჩნენ იმით, რომ ახალგაზრდა დასავლეთელი ყმაწვილი საადჰუებს შორის ცხოვრობს. დღის დარჩენილი ნაწილი ამ ადამიანებთან საუბარში გავატარე იმ სახლის ვერანდაზე, სადაც ისინი გაჩერდნენ. საღამოს აქ რომელიღაც იოგი მოვიდა, ოცდაათ წლამდე ასაკის. მან მოწყალება სთხოვა მდიდარ მოგზაურებს, მაგრამ მათ იგნორირება გაუკეთეს იოგს. გაბრაზებულმა იოგმა გადაწყვიტა გაკვეთილი ეჩვენებინა მათთვის. იგი სკამზე აძვრა, პატრონადან ნათურა მოხსნა და ხელით დაფშვნა. შემდეგ ხელი გაშალა და ყველას აჩვენა, რომ ნათურის შუშის ნამსხვრევები ფხვნილად ქცეულიყო. საკვირველია, მაგრამ ხელზე ერთი ნაკაწრიც კი არ ჰქონდა. და ეს მისი წარმოდგენის მხოლოდ დასაწყისი იყო. ამის შემდეგ იოგმა ეს შუშის ფხვნილი გადაყლაპა და წყალიც დააყოლა. მაყურებლები გაოგნებულნი იყვნენ. საფულეები დააძრეს, უხვად დააჯილდოვეს იოგი და სთხოვეს სხვა შესაძლებლობებიც ეჩვენებინა.
წარმოდგენა იქვე მდებარე სამშენებლო მოედანზე გაგრძელდა. იოგმა ფოლადის გრძელი შტირი მოითხოვა. ერთი თვალი ქსოვილის თხელი ნაჭრით დაიფარა და შტირის ერთი ბოლო თვალის კაკალს მიაბჯინა, ხოლო მეორე – სახლის კედელს. შემდეგ კედელთან მიახლოება დაიწყო და ყოველ მის ნაბიჯთან ერთად ლითონის შტირი უფრო და უფრო იღუნებოდა. ბოლოს და ბოლოს იოგი კედელთან მივიდა, და მის ხელში შუაზე გაღუნული ლითონი აღმოჩნდა. შტირი გვერდზე მოისროლა, ქსოვილის ნაჭერი თვალიდან მოიცილა და ყველას დაანახა სისხლით ავსებული თვალი – გასიებული, მაგრამ მთელი და უვნებელი.
მე ისე ხშირად მინახავს იოგების ზებუნებრივი შესაძლებლობები, რომ ისინი უკვე აღარ მაკვირვებდნენ. მაგრამ ამას ვერ ვიტყოდი მოგზაურებზე. აღტაცებულებმა იოგს ფულები მიაყარეს და სთხოვეს, რომ გაენდო, თუ როგორ ისწავლა ეს ყველაფერი. იოგმა ხელისგულით მოისრისა თვალი და მოყოლა დაიწყო: “ოცი წლის განმავლობაში ჩემს გურუსთან ერთად ვცოვრობდი ჰიმალაების გამოქვაბულებში. მაგრამ როცა გურუჯი მიხვდა, რომ მისი დახმარებით შეძენილ იოგურ შესაძლებლობებს ფულისთვის და სახელისთვის ვიყენებდი, უარი თქვა ჩემზე, აშრამიდან გამომაგდო და დამწყევლა, მიბრძანა რა მიწიერ ცხოვრებას დავბრუნებოდი”. შეწირულობას ჩანთაში ყრიდა და თან აგრძელებდა: “მე ქორწილისთვის ვაგროვებ ფულს. ხოლო რადგანაც სხვა არაფრის კეთება არ ვიცი, ფულს იოგური შესაძლებლობების დემონსტრაციით ვშოულობ”.
ყველა იოგი, რომელსაც ვიცნობდი, - დაწყებული სვამი რამათი, რომელსაც საკუთარი გულის გაჩერება და აზრის ძალით ნივთების გადაადგილება შეეძლო, და დამთავრებული ჩემი ენერგიული მეგობრით, რომელმაც ხელისგულზე რუდრაკშას მატერიალიზება მოახდინა, - ასწავლიდნენ, რომ მსგავსი სასწაულები არ უნდა შეფასდეს ღმერთისადმი უბრალო ერთგულებაზე მაღლა. მაგრამ მხოლოდ ახლა მივხვდი სინამდვილეში, რომ მისტიკური შესაძლებლობები შეიძლება სრულიად არ იყოს დაკავშირებული სულიერებასთან. რა თქმა უნდა, ჩემთვის შთამბეჭდავი იყო იოგების უნარი დაერღვიათ ბუნების ერთი შეხედვით დაუძლეველი კანონები. და მრავალი, იმისგან რისი ნახვაც მომიწია, ნამდვილ სასწაულს ჰგავდა. მაგრამ ახლა ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ყველა მსგავსი მიღწევა უაზრო და არაფრისმომცემია, თუკი ღმერთის ძიებასთან არაა დაკავშირებული. მე რაღაც უფრო დიადს ვეძებდი.
* * *
ჰიმალაებმა ძალიან ბევრი მასწავლეს. მაგრამ ჩემთვის ძველებურად გაურკვეველი იყო, ღმერთის შეცნობის რომელი გზა უნდა ამერჩია. ამიტომ ვცდილობდი რაც შეიძლება მეტი გამეგო ინდოეთის სხვადასხვა სულიერი ტრადიციების შესახებ. ძალიან მიზიდავდა ვარანასში – სულიერების განთქმულ ცენტრში და წმინდა ქალაქში მოხვედრის პერსპექტივა. ასევე მინდოდა ახლოს გავცნობოდი ბუდიზმს და მის წარმომადგენლებს ბოდჰ-გაიაში. საბოლოოდ გადავწყვვიტე მთებიდან დაბლა ჩამოვსულიყავი და გეზი სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ ავიღე.
დაბლობისკენ გავეშურე, მაგრამ ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდი ჰიმალაებში. მთებში გატარებულმა ოთხმა თვემ უფრო მეტი მომცა, ვიდრე მთელმა ჩემმა განვლილმა ცხოვრებამ, და მრავალი რამ ჯერ კიდევ გასააზრებელი მქონდა.
ჩემს საყვარელ ქვასთან დავბრუნდი განგაში და კვლავ ვისმენდი მდინარის სიმღერას. ჩემი გონების თვალის წინ განვლილმა თვეებმა ჩაიარეს. გავიხსენე, თუ როგორ გადამაყრევინა სადჰუმ დასავლური ტანსაცმელი და როგორ მაჩუქა მოხეტიალე განდეგილის სამოსი; მდინარეზე დაკვირვებით როგორ ვიძენდი სიბრძნის შეუფასებელ საგანძურს და როგორ მივიღე განგას ტკბილი სიმღერა ჩემი ჰარმონიკის სანაცვლოდ; გამახსენდა სვამი ჩიდანანდას სიბრძნე; კურთხევა, რომელიც ძილში მაჰარიშისგან მივიღე; ტატ ვალა ბაბას მედიტაცია და კეთროვანი მოხუცი ქალის სიკეთე; კაილაშ ბაბას მამობრივი მზრუნველობა და ანანდამაი მას დედობრივი სიყვარული; ბალაშივა იოგის იოგური შესაძლებლობები, ყველაფრისგან განსხვავებული აღზრდის მეთოდები, რომლებიც ნაგებში იყო მიღებული, და ასევე მრავალი სხვა გაკვეთილი, რომლებიც მდინარეებმა, მთებმა, ხეებმა, ცამ და ველურმა მხეცებმა მომცეს. როცა ჰიმალაებს და მის ბინადრებს ვემშვიდობებოდი,ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ამ მიდამოებში ჩემი ცხოვრების საუკეთესო დრო გავატარე.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff