გზა შინისაკენ - ამერიკელი იოგის მოგზაურობა

რადჰანათჰ სვამი
5
1

ძლივ-ძლივობით გამოვძვერი თუ არა მდინარე ბაჰმატის ყინულივით ცივი წყლიდან, რომელიც ჰიმალაების ყინულებიდან იღებს სათავეს

თავი ორმოცდამეერთე

 

თავი ორმოცდამეერთე

დეკემბერში დღეები სულ უფრო და უფრო მოკლდებოდა, და მზის ჩასვლის შემდეგ ნამდვილი სიცივე იყო. ერთ საღამოს, თავზე ქსოვილის ნაჭერი მქონდა დაფარებული და იამუნასკენ გავემართე, მწირების მიერ გაკვალული ბილიკით. გარშემო სიცოცხლე ჩქეფდა: ფარშევანგები და სხვა ფრინველები თავის დაისისწინა სიმღერებს მღეროდნენ, გლეხები ყანებიდან სახლში ბრუნდებოდნენ, ხოლო ვრაჯაბასი ქალები ფორთოხლისფერ, მწვანე და ყვითელ სარებში გამოწყობილნი ნარნარად მიაბიჯებდნენ ბილიკზე, თავზე კი წყლით სავსე უზარმაზარი ქოთნები ჰქონდათ შემოდგმული. მოულოდნელად ჩემს წინ ნაცნობი ფიგურა აღიმართა. ეს შიამასუნდარა იყო – სწორედ ის ერთგული, რომელმაც პრასადით დამაპურა ამსტერდამში, შემდეგ კი ბომბეიში ზრუნავდა ჩემზე. ზურგიდანაც კი ვიცანი ეს მაღალი ამერიკელი, შრილა პრაბჰუპადას პირადი მდივანი. მისი მარჯვენა ხელი კრიალოსანიან ტომარაში იყო ჩაყოფილი – იგი მდინარისკენ მიდიოდა და თან მანტრას იმეორებდა. ნაბიჯს ავუჩქარე, რომ დავწეოდი და სახელით მივმართე.
შიამასუნდარა შემობრუნდა და როცა მიცნო ღიმილად დადნა:
“აჰ, ეს შენ ხარ, რიჩარდ! ან რა გქვია ახლა?”
“ზოგიერთი კრიშნადასს მეძახის”.
იგი გადამეხვია: “კრიშნადას, გავიგე, რომ რამდენიმე თვეა ვრინდავანში ცხოვრობ. ძალიან მოხარული ვარ, ისევ რომ გხედავ”.
სანამ ბილიკზე ვიდექით და ვსაუბრობდით, გამიჩნდა წინათგრძნობა, რომ რაღაც დროის შემდეგ ეს ადამიანი განსაკუთრებულ ადგილს დაიკავდებდა ჩემს გულში. მეჩვენებოდა, რომ დიდი ხანია ვიცნობდით ერთმანეთს. “შენ ძალიან მოეწონე შრილა პრაბჰყუპადას, - შემატყობინა შიამასუნდარამ. – ის ხშირად გკითხულობს ხოლმე”.
“როგორ გაგიმართლა, რომ მასთან ერთად მოგზაურობ! – ვუთხარი აღტაცებით. – ყოველი დღე მასთან ერთად – ამის წარმოდგენაც კი მიჭირს…”
“დიახ, - ცოტა შეცბუნებულმა გაიცინა მან. – ხანდახან ვჩქმეტ ხოლმე საკუთარ თავს, რათა დავრწმუნდე, ხომ არ მესიზმრება ეს ყველაფერი. მასთან ერთად ვიმყოფები თითქმის ოთხი წელია უკვე, მაგრამ ყოველდღე ის თითქოს უფრო ახალგაზრდა და ლამაზი ხდება. ყოველთვის საღად და ფხიზლადაა, მაგრამ არასოდეს მინახავს, რომ ეძინოს!”
“როგორ შეხვდით ერთმანეთს?” – დავინტერესდი მე. ძალიან მინდოდა, რაც შეიძლება მეტი შემეტყო პრაბჰუპადას შესახებ, რათა გამეგო, თუ რატომ გადაწყვიტა მრავალმა ადამიანმა კარდინალურად შეეცვალა თავისი ცხოვრება გაჰყოლოდა მას.
ჩვენ მდინარის პირას ჩამოვჯექით. შიამასუნდარამ ფეხები გადააჯვარედინა და ტანის ნელი რწევით დაიწყო მოყოლა: “ეს მოხდა სან-ფრანცისკოში, ჰეიტ-ეშბერზე, 1967 წლის იანვარში. მეგობრებთან ერთად გრანდიოზული საღამო მოვაწყვეთ ავალონის საცეკვაო მოედანზე. ამ წარმოდგენას “მანტრა-როკ-დანსი” დავარქვით. ხალხი შეიკრიბა, რათა სვამის შეხვედროდა დასავლეთ სანაპიროზე მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით. ავალონზე იმ საღამოს ფაქტიურად ყველა უკრავდა: Gრატეფულ Dეად, ჯენის ჯოპლინი, ჟეფფერსონ Aირპლანე, ჩანნედ Hეატ, Qუიცკსილვერ, Mობყ Gრაპე. ალენ გინზბერგი, ტიმოტი ლირი და კენ კიზიც კი ჩამოვიდნენ. მოკლედ ჰიპების ყველა გმირი შეიკრიბა”. მღელვარებისგან შიამასუნდარა კიდევ უფრო ძლიერად ირწეოდა: “წარმოიდგინე: გარშემო ყველაფერი სინათლის პულსირებადი ნაკადებით ნათდება, გრიალებს როკ-ენ-როლი, დარბაზში ტევა აღარაა, გარშემო ველური გრძელთმიანი ბიჭები არიან, უმეტესობა – კაიფის ქვეშ. და აი, შუაღამისკენ ბნელ სცენაზე მშვიდად ადის შრილა პრაბჰუპადა. ის სპეციალურ დასაჯდომზე ჯდება და ფეხებს გადაჯვარედინებულად ალაგებს. მთელი ხალხი ჩუმდება. ხოლო შრილა პრაბჰუპადა მორჩილად იწყებს ჰარე კრიშნა მანტრას გალობას. პროჟექტორი პოულობს მას, ანათებს და ნელ-ნელა მთელი ბრბო ყვება გალობაში. შემდეგ, ერთი-მეორეს მიყოლებით სცენაზე ადიან ეს როკ-ჯგუფები და უერთდებიან მას. ორი საათის განმავლობაში შრილა პრაბჰუპადას მიჰყავდა ყველაზე საოცარი კირტანი, რომლის წარმოდგენაც კი შეიძლება. ხოლო როცა იგი წამოდგა და ხელებაპყრობილმა ცეკვა დაიწყო, ათასობით ადამიანის გული დაპყრობილი იქნა. როგორც თვითონ გამოხატა მოგვიანებით: “მე ჰიპებისგან შევქმენი ჰეპები” [სიტყვების თამაში: ინგლ. ჰაპპყ ნიშნავს “ბედნიერს”]
შევეცადე წარმომედგინა შრილა პრაბჰუპადა ჰეიტ-ეშბერზე – ჰიპების მსოფლიო მოძრაობის დედაქალაქში. 1968 წელს მე და ჰარიმ რაღაც პპერიოდი დავყავით იქ. ეს იყო განსაკუთრებული სამყარო, დასახლებული პაციფისტი-ჰიპებით, ანთებულ თვალებიანი მეოცნებეებით, ნარკო-მოვაჭრეებით, ნარკომანებით, ტურისტებით, ანტერპრენერებით და ბაიკერებით – “ჯოჯოხეთის ანგელოზებით”, რომლებიც ბღუილით დადიოდნენ მთელ ჰეიტ-სტრიტზე თავიანთ ქრომირებულ “ჰარლეებზე”. როგორც არ ვეცადე, ვერაფრით შევძელი წარმომედგინა პატივცემული სადჰუ ვრინდავანიდან, მცხოვრები ამ აურზაურში. “და რამდენ ხანს გაჩერდა იქ?” – ვკითხე მე.
“ოთხი თვე. ის ჩვენთან ერთად ცხოვრობდა, ახალგაზრდა ამერიკელებთან. თითქმის არ გვესმოდა, რაზე გველაპარაკებოდა სვამი. ერთადერთი, რაც ნათელი იყო ჩვენთვის – ის იყო რომ ჩვენ აღფრთოვანებულნი ვიყავით ამ შესანიშნავი ადამიანისგან, რომელიც იჯდა თავისთვის ციცქნა ბინაში თვითმომსახურების სამრეცხაოს ქვეშ და სიხარულით ხვდებოდა ყველას, ვინც მასთან შედიოდა. განსაკუთრებით იმან მომხიბლა მასში, რომ გამუდმებით ხუმრობდა. ხანდახან ისე იცინოდა, რომ თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა”.
მდინარის ნაპირზე ბნელდებოდა. აცივდა. სოფლიდან სახლის კერებიდან წამოსულმა კვამლმა მოაღწია, რომლის ცეცხლზეც ადგილობრივი მაცხოვრებლები ვახშამს ამზადებდნენ. შიამასუნდარას შევთავაზე, რომ მდინარის ნაპირს გავყოლოდით კეში გჰატას მიმართულებით.
აღმართს ავუყევით. შიამასუნდარამ მტვერი შეიბერტყა. სანამ მივდიოდით, მიყვებოდა, როგორ დაიპყრო პრაბჰუპადამ “ბიტლების” გულები, განსაკუთრებით ჯორჯ ჰარისონის. ერთგულები ისე დაუახლოვდნენ საზოგადოების ამ კუმირებს, რომ თვეობით ცხოვრობდნენ ჯონ ლენონის სახლში. “ნუთუ მაღალი ძალების ჩარევის გარეშე ასეთი რამ შესაძლებელი იქნებოდა?” – მკითხა შიამასუნდარამ.
პასუხად უბრალოდ გავუღიმე.
“მთავარი ისაა, რომ პრაბჰუპადას არაფერი არ სჭირდებოდა ამ ბიჭებისგან. მას უბრალოდ უნდოდა, რომ ცხოვრების საიდუმლო გაეხსნა მათთვის. ჯონთან და ჯორჯთან პირველივე შეხვედრაზე პრაბჰუპადამ პირდაპირ მათ გულში ჩაიხედა. შეუძლებელი იყო გული არ გალღობოდა კაცს, როცა იგი ძალიან უბრალოდ ყვებოდა, რომ კრიშნა – ეს უზენაესი პიროვნებაა, აღწერდა, როგორ გამოიყურებოდა, რას ამბობდა და რას აკეთებდა, როგორ უყვარდა კრიშნას მუსიკა, სიმღერები და ცეკვები. შემდეგ კი შრილა პრაბჰუპადა შეპირდა მათ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისინიც შეხვდებოდნენ კრიშნას პირისპირ”.
მიჭირდა დაჯერება, რომ აქ, ვრინდავანში, იამუნას ნაპირზე ვსეირნობდი და ვისმენდი ამბებს “ბიტლებზე”. მხოლოდ ისღა დამრჩენოდა, რომ გამცინებოდა.
შიამასუნდარა, აღელვებული, გაჩერდა, რომ კიდევ ერთი ისტორია მოეთხრო. ცრემლი ჩამოუგორდა ყვრიმალზე და განაგრძო: “მახსოვს, პრაბჰუპადას ოთახის შესასვლელთან, მასთან პირველი შეხვედრის წინ, ჯორჯმა მიჩურჩულა, რომ უფრო მეტად ღელავდა, ვიდრე ედ სალივანის შოუზე გამოსვლისას, ან ელვისთან შეხვედრისას. მაგრამ აი, ის აღებს კარს და თაყვანს სცემს მას. და პრაბჰუპადაც მხიარუულად ეგებება. გარედან ისე ჩანდა, თითქოს ორი ძველი მეგობარი შეხვდა ერთმანეთს და თავიანთი ძველი საუბარი განაგრძო. შეხვედრის შემდეგ ჯორჯს ვაცილებდი. იგი მომიბრუნდა და მითხრა: “დიახ, პრაბჰუპადა – მაგარი ვინმეა!””
უკანასკნელად როკ-ენ-როლს წელიწადზე მეტი ხნის წინ მოვუსმინე. სახლიდან ათასობით კილომეტრიც მოშორებით, შორეულ ინდურ სოფელში, თითქმის დამავიწყდა, თუ რა არის ეს. მაგრამ ძალიან მომეწონა, რომ ჯორჯ ჰარისონი ასეთი სერიოზულობით მოეკიდა სულიერ ცხოვრებას. მაშინვე სიმპათიით განვეწყვე მის მიმართ, როგორც ძმისადმი, რომელთანაც საერთო იდეალებს ვიზიარებდი. რა ვიწროა ეს სამყარო და რა მშვენიერი! – გავიფიქრე მე.
კეში-გჰატას საფეხურებზე ვიჯექი ჩემს ახალ მეგობართან ერთად და დავინახე, როგორ ჩაიქროლა ცაში, ჩრდილოეთ მხარეს, მეტეორმა. შიამასუნდარამ ზეცისკენ აღაპყრო თვალები და მომიყვა შრილა პრაბჰუპადას რუსეთში გამგზავრების შესახებ. იმ წლებში არავის შეეძლო რკინის რადრის გადაკვეთა, მაგრამ კრიშნა კვლავ გამოეხმაურა თავისი ერთგულების სურვილს და გზა გაუკვალა.
“ჩვენ არ ვიცოდით, როგორ განვითარდებოდა ყველაფერი. ნორმალური საჭმელიც კი არ გვქონდა. ვიწრო, ცუდად განათებულ სასტუმროს ნომრებში ვჩერდებოდით, და ყველაფერი გარშემო შიშით იყო გაჟღენთილი. ხალხი დათრგუნული და მოღუშული დადიოდა. მე ვფიქრობდი: “რა უნდა ვაკეთოთ აქ მთელი ხუთი დღე?””
შიამასუნდარა იხსენებდა, როგორ დახეტიალობდა წითელ მოედანზე და პირდაპირ ქუჩაში გაიცნო ინდოეთის ელჩის ვაჟი და რუსი ყმაწვილი ანატოლი, რომელიც დათანხმდა, რომ სასტუმროში წამოსულიყო გურუსთან შესახვედრად.
“ანატოლიმ სამი დღე გაატარა პრაბჰუპადასთან, დილიდან საღამომდე ღრუბელივით იწოვდა ყველაფერს, რასაც შრილა პრაბჰუპადა ასწავლიდა. პრაბჰუპადამ მისთვის დამახასიათებელი მომხიბვლელობით და რბილი იუმორით მოუყვა ანატოლის კრიშნას ცნობიერების პრაქტიკის შესახებ. ამასთან ერთი წვრილმანი დეტალიც კი არ გამოუტოვებია. შემდეგ მე და პრაბჰუპადა მოსკოვიდან წამოვედით. მაგრამ მის მიერ დათესილმა თესლმა ნაყოფების მოცემა დაიწყო, და ახლა, კრიშნას სწავლება, როგორც ტყის ხანძარი, ისე ვრცელდება იატაკქვეშეთში რკინის ფარდის მიღმა”.
ჰორიზონტს გავცქეროდი და ვიხსენებდი, როგორ გვასწავლიდნენ ამერიკაში ბავშვობიდან, რომ რუსების გვშინებოდა. ჩვენს სკოლებში სასწავლო განგაშს აწყობდნენ ხოლმე, რომლის დროსაც მერხების ქვეშ ვიმალებოდით, იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი ამერიკას დაესხმებოდა თავს. ზოგიერთმა ჩვენმა მეზობელმა, ვინც უფრო მდიდარი იყო, ეზოებში ნამდვილი ბომბსაცავი მოიწყვეს პროდუქტების მარაგით. ადამიანები ამერიკაში ყოველ წამს ელოდნენ საბჭოთა კავშირისგან თავდასხმას. და აი, ცივი ომის პიკზე, შიამასუნდარა და შრილა პრაბჰუპადა მოსკოვში მიდიან, სადაც, ვითომც აქ არაფერიო, რუს ყმაწვილს ბჰაკტი-იოგას გზაზე უყვებიან.
“და რატომ ჩამოგიყვანათ პრაბჰუპადამ თქვენ, დასავლეთელი მოსწავლეები, ინდოეთში?” – ვკთხე მე.
სანამ მიპასუხებდა, შიამასუნდარამ ჩაფიქრებულმა შორს გაიხედა: “პრაბჰუპადა ხშირად გვეუბნებოდა, რომ ჭეშმარიტი რელიგია ამ ქვეყანაში გაქრობის პირასაა; ადამიანები აღარ ისწრაფვიან ღმერთისკენ, მათ ტელევიზორები და ავტომობილები სჭირდებათ. (მე მაშIნვე გამახსენდა ის ცრუ-გურუ ჯანაკპურიდან, რომელიც ოცნებობდა, რომ მდიდარი ამერიკელი გამხდარიყო.) ამიტომ, ვფიქრობ, რომ პრაბჰუპადა აქ თავის რამდენიმე მოსწავლესთან ერთად დაბრუნდა, რათა ეთქვა ინდოეთის მაცხოვრებლებისთვის: “შეხედეთ, ამ დასავლეთელ ვაჟებს და ქალიშვილებს ყველაფერი აქვთ – ტელევიზორებიც, ავტოობილებიც, და ისეთი რაოდენობით, თქვენ რომ არც დაგსიზმრებიათ. მაგრამ ისინი არ იყვნენ ბედნიერნი, სანამ კრიშნა არ იპოვეს. თქვენ ხომ გყავთ კრიშნა, და ეს ისაა, რაც მათ სჭირდებათ. ამიტომ აჩუქეთ კრიშნა მთელს მსოფლიოს”. პრაბჰუპადა ხშირად ამბობს, რომ ინდური ფილოსოფია ამერიკულ სიმდიდრესთან შეთანხმებული, მთელს მსოფლიოს მოუტონს სიკეთეს. იგი ჩვენ, თავის დასავლეთელ მოსწავლეებს, “მოცეკვავე თეთრ სპილოებს” გვეძახის!
მე გამეცინა და დავფიქრდი ამ საოცარ იდეაზე: შევაერთოთ აღოსავლური ფილოსოფია დასავლურ კაპიტალთან და ტექნოლოგიებთან. მივხვდი, რომ ამ მომენტამდე ღმერთის ჩემმა საკუთარმა ძიებამ იმდენად დამაკავა, რომ თავშიც არ მომდიოდა, გამეზიარებია სულიერი საგანძურები სხვა ადამიანებისათვის.
“და როგორ აღგიქვამენ ინდოელები?”
“აქ, ინდოეთში, სადაც არ უნდა ჩავიდეთ, ყველგან ხელებგაშლლნი გვხვდებიან. მაგრამ ყველას არ ესმის შრილა პრაბჰუპადასი. ვიღაც განიკითხავს მას, ან მოკვლითაც კი ემუქრება იმის გამო, რომ იგი სულიერ ნათლობას აძლევს დასავლეთელ ხალხს ისე, რომ იგნორირებას უკეთებს კასტურ სისტემას, ან იმის გამო, რომ შრილა პრაბჰუპადა საშუალებას აძლევს ქალებს საკურთხეველზე იმსახურონ ტაძრებში”.
ამ სიტყვებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ინდოეთში ჩემი მოგზაურობის დროს სამწუხაროდ ვხედავდი, რომ დაბალი კასტის წარმომადგენლები და ქალები ხშირად იყვნენ დამცირებების ქვეშ. ამიტომ შრილა პრაბჰუპადას ბრძოლამ წარსულის ამ გადმონაშთებთან აღტაცებაში მომიყვანა.
შიამასუნდარამ დასკვნა გააკეთა: “შრილა პრაბჰუპადა – ნამდვილი რევოლუციონერია”. მდინარიდან პეშვით წყალი ამოიღო, სახე გაიგრილა , წამოდგა და გაიზმორა: “კრიშნა დას, ძალიან მიხარია, რომ შევხვდით. მითხარი, კიდევ რა შემიძლია გავაკეთო შენთვის?”
“მე არაფერი არ მინდა, - ვუპასუხე და მეც წამოვდექი, - ძალიან მადლობელი ვარ შენი”. ხელი მხარზე დავადე: “მაგრამ ამდენი დრო წაგართვი. ხვალ შევხვდეთ ლექციაზე”.
შიამასუნდარამ გაიღიმა: “გმადლობ, შენ მართალი ხარ. დროა დავბრუნდე. შრილა პრაბჰუპადას გაუხარდება, როცა ჩვენი შეხვედრის შესახებ გაიგებს”.
მზერით ვაცილებდი და გულის სიღრმეში უზარმაზარ მადლიერებას ვგრძნობდი, და ამასთან ერთად უფრო და უფრო მეტად მზარდ ცნობისმოყვარეობას.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff