გზა შინისაკენ - ამერიკელი იოგის მოგზაურობა

რადჰანათჰ სვამი
5
1

ძლივ-ძლივობით გამოვძვერი თუ არა მდინარე ბაჰმატის ყინულივით ცივი წყლიდან, რომელიც ჰიმალაების ყინულებიდან იღებს სათავეს

თავი მეშვიდე

 

თავი მეშვიდე

ვცდილობდით სასწრაფოდ დაგვეტოვებინა სტამბული და ბილეთები ავიღეთ ბორანზე, რომელიც ბოსფორის გავლით მიცურავდა. დაღლილები, მაგრამ კმაყოფილები ვიდექით ხალხით სავსე გემბანზე და მზის ამოსვლას ვუყურებდით. ჩვენს თავზე ფრინველები ლივლივებდნენ. მე მადლიერების ნიშნად ქედი მოვიხარე. შემდეგ უკან მოვბრუნდი დიდებული ქალაქისკენ, რომელიც თანდათან უჩინარდებოდა ჰორიზონტის ხაზიდან. გასულ ღამეს უთუო სიკვდილი გვემუქრებოდა, მაგრამ ჩვენ არ დავნებდით და გაქცევის სასოწარკვეთილი მცდელობის შედეგად გადავრჩით, რადგანაც იმედი არ გვტოვებდა. ღმერთის იმედი საშუალებას აძლევს ადამიანს, რომ წარმოუდგენელი დაბრკოლებები გადალახოს. ჩვენ არ დაგვიკარგავს ეს იმედი მაშინ, როცა საშინელ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, და ამით მაღალი ძალები მოვიხმეთ საშველად, რომლებმაც ჩვენი ქმედება წარმართეს და ბოლოს და ბოლოს გადაგვარჩინეს. მე ჯერ კიდევ მიკანკალებდა ხელები, სისხლში კი ადრენალინი მოძრაობდა, მაგრამ გულის სიღრმეში მადლობას ვუძღვნიდი მკვლელების ბანდას. გახდნენ რა იარაღი განგების ხელში, მათ შეუფასებელი გაკვეთილი მომცეს და მომავალი მოგზაურობისთვის შემამზადეს.
ასეთი მტრული დახვედრის შემდეგ, რომელიც სტამბულში მოგვიწყვეს, ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი იყო ის სტუმართმოყვარეობა, რომლითაც აღმოსავლეთ თურქეთის მაცხოვრებლებმა მიგვიღეს. ისინი ხშირად გვპატიჟებდნენ თავისთან და სადილით გვიმასპინძლდებოდნენ. ჩვეულებრივ ტრაპეზი უბრალო იყო და ნაციონალური თურქული პურისა და ჩაისგან შედგებოდა, მაგრამ სადილის უბრალოება დიდი სითბოთი და სტუმართმოყვარეობით ნაზღაურდებოდა. მე ასევე მომხიბლა უამრავი მეჩეთის უჩვეულო არქიტექტურამ და ყოველ შესაძლო შემთხვევაში ვცდილობდი მომენახულებინა ღმერთის ეს დიადი სამყოფელები.
მოგზაურობის ჩვენს მიერ არჩეული ფორმა ძირითადად უფულობით იყო ნაკარნახები. ჩვენ ან ავტოსტოპით ვმგზავრობდით, ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით. – ძველი ავტობუსის ვიწრო სალონში ან სატვირთო ავტომობილის ძარაზე ადგილობრივ მაცხოვრებლებთან და მათ შინაურ ცხოველებთან ერთად. ჩვენ გავიარეთ ცენტრალური თურქეთის უნაყოფო, ქარით გამომშრალი მიწები და ცოტა ხნით ანკარაში შევჩერდით, სადაც შიშველ ბორცვებზე თხების და ცხვრების ფარა ძოვდა ბალახს. ორკვირიანი მგზავრობის შემდეგ ქვეყნის აღმოსავლეთში, მაღალმთიან მხარეში ჩავედით. ღამეები გაცილებით უფრო ცივი გახდა. თითქმის ათასხუთასი კილომეტრის მოშორებით ვიყავით სტამბულიდან, როცა მომდევნო უსიამოვნება შეგვემთხვა.
მე ძალიან მწვავე ფორმის დიზენტერია დამემართა და რადგანაც მოგზაურობის გაგრძელება აღარ შემეძლო, იძულებით გავჩერდით ქალაქ ერზრუმში და ადგილობრივებს ვთხოვეთ, რაც შეიძლება იაფი საცხოვრებელი ესწავლებინათ. მათ ჩაიხანაში წაგვიყვანეს, რომელიც ქალაქის განაპირა ნაწილში იდგა და შენობის მესამე სართულზე დაგვაბინავეს. ყველაზე დიდი უსიამოვნება საპირფარეშომ მომანიჭა. ის პირველ სართულზე მდებარეობდა და მაქამდე ჩასაღწევად მაღალი ქვის კიბე უნდა ჩამევლო ოცდაათამდე საფეხურით. საპირფარეშო წარმოადგენდა ხვრელს იატაკში კიბის მარცხნივ. განმარტოებულობის შეგრძნებას გამომპალი ხის ფიცრებისგან შეკოწიწებული გამყოფი ზღვარი უზრუნველჰყოფდა. როცა ორმო ივსებოდა, მას ნიჩბით ცლიდნენ, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ამას იშვიათად აკეთებდნენ. ორმოდან ამოსული სიმყრალე გულს მირევდა, ჰაერი კი იმდენად მძაფრი იყო, რომ დახრჩობაც კი შეიძლებოდა. მიუხედავად ამისა რამდენიმე დღის განმავლობაში მე ფაქტიურად ვცხოვრობდი ამ საშინელ საპირფარეშოში. მისი მონახულების შემდეგ დიდი ძალისხმევით ავდიოდი მესამე სართულზე მხოლოდ იმისთვის, რომ მაშინვე სირბილით უკან ჩამოვბრუნებულიყავი. ძლიერი გულისრევის შეგრძნებამ, ღებინებამ და ნაწლავების გამუდმებულმა სპაზმებმა ძალიან გამომფიტა. ჩემი მეგობრები მოთმინებით ელოდნენ ჩემს გამოჯანმრთელებას და მთელი დღეები ქალაქში დახეტიალობდნენ.
ერთხელ, როცა მარტო ვიყავი, ჩვენს ოთახში უცნობი შემოვიდა და ჯეფის ზურგჩანთაში დაიწყო ქექვა. როცა მასში შვეიცარიული დასაკეცი დანა აღმოაჩინა ზერელედ წარმოთქვა: “ერთი ლირა!” შემდეგ მაგიდაზე ღირსების სრული შეგრძნებით დააგდო მონეტა და თავის მონაპოვართან ერთად გარეთ გაეშურა. “კი მაგრამ, დანა გაცილებით უფრო მეტი ღირს”, - აღშფოთებულმა გავიფიქრე და გადავწყვიტე ჩემი მეგობრის საკუთრებადამეცვა. სისუსტე გადავლახე, საწოლიდან დიდი გაჭირვებით წამოვდექი და ლასლასით უკან გავყევი დაუპატიჟებელ სტუმარს. ქვემოთ დავეწიე და ზრდილობიანად მოვთხოვე, რომ დანა დაებრუნებინა, რაც არც თუ ისე დიდი კმაყოფილებით გააკეთა.
“გთხოვთ, გვიან შემოიარეთ და ჯეფს დაელაპარაკეთ”, - ვუთხარი მე. უცნობი ჩუმად წავიდა.
ხუთი წუთიც არ გასულა და ოთახში თურქების მთელი ბრბო შემომეჭრა. გაუწყლოებისგან და მაღალი ტემპერატურისგან გათანგულს, წამოჯდომაც კი არ შემეძლო, არათუ თავის დაცვა. დაუპატიჟებელ სტუმრებს სწორედ ის მამაკაცი მოუძღვებოდა, რომელიც ცოტა ხნის წინ დანის მოპარვას ცდილობდა. თითი ჩემსკენ გამოიშვირა და დაიყვირა:
“პაკისტანელია, პაკისტანელია! ეს პაკისტანელია!”
ბრბო მრისხანებამ მოიცვა. თურქები ჩემს საწოლს გარს შემოერტყნენ. ხელკეტების და ხანჯლების ქნევით ერთხმად იყვირეს:
“სიკვდილი პაკისტანელს! სიკვდილი პაკისტანელს!”
მე მარტო ვიყავი და არ ვიცოდი რა მექნა. რა დამრჩენოდა ლოცვის გარდა?
სასწრაფოდ ამოვიღე ჩემი ამერიკული პასპორტი და ვანახე მათ:
“შეხედეთ, მე ამერიკელი ვარ!”
ბრბოს ხანშიშესული თურქი გამოეყო, რომელიც როგორც ჩანს მთავარი იყო მათშორის. პასპორტი გამომართვა და იმიგრაციული მოხელესავით ყურადღებით დაათვალიერა. შემდეგ გადმომხედა და მშვიდად მკითხა:
“ესე იგი არ ხარ პაკისტანელი?”
“არა”
“ამერიკელი ხარ?”
“დიახ”, - ვუპასუხე მე.
ხანშიშესული თურქი ჩემსკენ დაიხარა, რათა ხელი ჩამოერთვა.
“ძალიან კარგი, ჩვენ გვიყვარს ამერიკელები. თქვენ თურქეთს იარაღით ამარაგებთ”.
თურქებმა ჩემდამი პატივისცემა გამოხატეს და წავიდნენ.
აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი, რომ ისევ მომესმა კიბეებზე ფეხების ბრახა-ბრუხი. და თურქების ბრბო ისევ შემოცვივდა. მაგრამ ამჯერად მშვიდობით მოვიდნენ, და პური და ჩაი მომართვეს.
მოხუცმა წარმოთქვა:
“შენ ამერიკელი ხარ. ეს ძალიან კარგია. ჩვენ პატიებას გთხოვთ. ახლა კი ჭამე”.
მადა საერთოდ არ მქონდა. უფრო მეტიც, საჭმლის სუნზეც კი გული მერეოდა. ვხვდებოდი, რომ თუ ამ ძღვენს მივირთმევდი, დარჩენილი დღის და მთელი ღამის საზიზღარ საპირფარეშოში გატარება მომიწევდა. მაგრამ რა უნდა მექნა? უარს თურქები შეურაცხყოფად მიიღებდნენ. მათი სტუმართმოყვარეობის წესები ვერ დაუშვებდნენ ამას. მე ძალისძალათი გავიღიმე და თურქების გასახარად პურის ყველა ნაჭერი შევჭამე, რაც კი თეფშზე იდო. შედეგმა დიდხანს არ დააყოვნა.

** *
ნელ-ნელა გამოკეთება დავიწყე. ერთ საღამოს მარტო ვსეირნობდი ქვიშიან გზაზე. განცვიფრებული ვიყავი გარშემომყოფი ადგილების სიღატაკით. ადგილობრივი მაცხოვრებლები მთელი ოჯახებით ქოხებში ცხოვრობდნენ, და თითქმის არანაირი ქონება არ ჰქონდათ. ადამიანები, რომლებიც გზაზე მხვდებოდნენ, მშივრები და მოღუშულები იყვნენ. დასავლეთში ასეთი სიღატაკის წარმოდგენაც კი გაგიჭირდებოდა კაცს. ჯერ კიდევ ოქტომბერი იყო, მაგრამ უკვე დაიწყო ცივი ღამეები – ნიშანი მოახლოებული ზამთრისა, რომელიც თურქეთის ამ მხარეში ხანგრძლივი და მკაცრია.
ჩვენს ოთახში მოსახვედრად, ჯერ ჩაიხანა უნდა გაგევლო, რომელიც სახლის პირველ სართულზე იყო განთავსებული. იმ საღამოს, ჩაიხანაში, უეცრად ხელი მომკიდა და თავის გვერდზე ძალით დამსვა ოცდაათ წლამდე ღონიერი აღნაგობის მამაკაცმა, სქელი შავი თმითა და წვრილი ულვაშით. თუ სხვების მისადმი დამოკიდებულებით ვიმსჯელებდით, იგი ძალიან პატივცემული ადამიანი ჩანდა. მან ჩაის ჭიქა გამოაჩოჩა ჩემსკენ და თავისი შავი თვალებით მწველი მზერა მომაპყრო. ტუჩები და ტანი უთრთოდა. არასოდეს არ მენახა აქამდე ემოციების ასეთი ძლიერი გამოხატულება. მამაკაცი ინგლისურად არ საუბრობდა. ოქროს ბეჭედი მაჩვენა, რომელზეც არაბული წარწერა იყო ამოტვიფრული და გააფთრებული ლომივით დაიღრიალა: “ალლა-ა-ჰ!” შემდეგ მკვეთრად მომიშვირა თითი სახეში, რითაც მიჩვენა, რომ ჩემგან ღმერთის სახელის გამეორებას მოითხოვდა.
მისი მზერის ატანის ძალა არ მქონდა, ამიტომ ჩაის ჭიქას მივაშტერდი. მასში არ იყო არც რძე და არც ნაღები. მხოლოდ ერთი შაქრის ნატეხი ნელ-ნელა დნებოდა ძროზე.
თანამოსაუბრემ ნიკაპზე მომკიდა ხელიდა მაიძულა პირდაპირ თვალებში შემეხედა მისთვის. მე მომინდა ამ შაქრის ნატეხივით დავმდნარიყავი და გავმქრალიყავი. უცნობმა კვლავ თითი მატაკა სახეში და დაიღრიალა: “ალლა-ა-აჰ!”
ცხადი იყო, რომ მისი სურვილის დაკმაყოფილება ჩემსავე ინტერესებში შედიოდა, ამიტომ ღრმა პატივისცემით ჩავილუღლუღე: “ალლაჰ”.
მაგრამ ჩემი თანამოსაუბრე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით სიგიჟემ შეძრა. ისე შემომხედა, თითქოს თავისი მზერით ჩემი ფერფლად ქცევა უნდოდა. ვეღარ მოითმინა და მუშტი ძლიერად დაჰკრა მაგიდას: “არა! ალლა-ა-აჰ!” ჭიქები იატაკზე გადმოცვივდა, და ჩვენს გარშემო ხალხი შემოიკრიბა. უცნობმა კიდევ უფრო აუწია ხმას: “არა! ალლა-ა-აჰ!” ამასთან ჩაიხანის სტუმრებმა ისე შემომხედეს, თითქოს მათი სიწმინდე წამებილწოს. უცნობმა ძლიერი თითი მკერდში მატაკა, სკამიანად კედელთან მიმიმწყვდია და მრისხანედ მომთხოვა, რომ მასავით აღტკინებით წარმომეთქვა ღმერთის სახელი.
ჩემი მოგზაურობის მანძილზე უკვე მერამდენედ ვგრძნობდი, რომ სიკვდილის ანგელოზმა ჩემს თავზე ფრთებიგაშალა. რაღა დამრჩენოდა, თუ არა ყოვლისშემძლე ალლაჰისთვის შველის თხოვნა? მე ავდექი ხელები აღვაპყრე და მთელი გულით ვიყვირე: “ალლა-ა-აჰ!”
სიჩუმე ჩამოწვა. უცნობი დიდხანს მიყურებდა თვალებში, შემდეგ კი თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და ჩაიხანა დატოვა. ყველა თავის მაგიდას მიუბრუნდა, მე კი გაოგნებული სკამზე ჩამოვჯექი და ცოტა ხანი გონზე მოსასვლელად დამჭირდა. ასე ჯერ არავის უქადაგია ჩემთვის.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff