გზა შინისაკენ - ამერიკელი იოგის მოგზაურობა

რადჰანათჰ სვამი
5
1

ძლივ-ძლივობით გამოვძვერი თუ არა მდინარე ბაჰმატის ყინულივით ცივი წყლიდან, რომელიც ჰიმალაების ყინულებიდან იღებს სათავეს

თავი ორმოცდამესამე

 

თავი ორმოცდამესამე

დადგა 1972 წლის აპრილი. შრილა პრაბჰუპადას ვრინდავანიდან გამგზავრებიდან თითქმის ოთხმა თვემ განვლო. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩაძირული ვიყავი სულიერ პრაქტიკაში, ტყის სიჩუმეში, და ურთიერთობა მქონდა ჩემი გულისთვის უძვირფასეს ადამიანებთან, ან ჩემს საყვარელ ტაძრებს მოვინახულებდი ხოლმე.
რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ სამუდამოდ დავრჩენილიყავი აქ, მაგრამ ჩემი ვიზის ვადა იწურებოდა. შეუწყალებლად ახლოვდებოდა ვრინდავანიდან და ინდოეთიდან ჩემი გამგზავრების თარიღი. მეჩვენებოდა, თითქოს წლები გავიდა მას შემდეგ, რაც ჰიმალაებისკენ გზაზე სასწაულებრივად აღმოვჩნდი ამ წმინდა ადგილას უფალი კრიშნას მოვლინების დღეს. ყველაფერი, რისკენაც ასე ვისწრაფვოდი, - აღმომეჩინა ჩემი სულიერი გზა და მეპოვნა გურუ – სწორედ აქ აღსრულდა.
გამგზავრების წინ ყოველ დარჩენილ დღეს თაყვანს ვცემდი ვრინდავანის ტყეს, ტაძრებს და ადამიანებს, რომლებმაც ჩემი გული დაატყვევეს. ჩემი აქ ყოფნის ყოველ დარჩენილ წამს განვიხილავდი, როგორც დაუმსახურებელ წყალობას.
ერთხელ დილით, გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე, განაშიამთან მივედი მის საკუჭნაოში, რომელიც ტაძრად იყო ქცეული. ის და ჩვენი რამდენიმე საერთო მეგობარი გამოსამშვიდობებელ სიტყვებს მეუბნებოდნენ და საჩუქრებს მჩუქნიდნენ ვრინდავანის სამახსოვროდ. ერთმა ქალმა ავსტრალიიდან სახელად რადჰა დასი – შრიპად ბაბას მოსწავლემ და ერთადერთმა დასავლეთელმა ქალმა ვრინდავანში – უბის წიგნაკში ვრინდავანის სხვადასხვა ხედები დამიხატა, რათა სახლში მეგრძნო თავი მაშინაც კი, როცა სხვა ადგილას ვიქნებოდი.
გამგზავრების მიჯნაზე მე და ასიმმა ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე უძვირფასესი ადგილი – გოვარდჰანას მთა მოვინახულეთ. აქ რადჰა და კრიშნა თავიანთ ყველაზე იდუმალ გართობებს ავლენდნენ, და ათასწლეულების შემდეგ მწირები და წმინდანები სხვადასხვა ადგილიდან ძველებურად უვლიდნენ გარშემო გოვარდჰანას, და წმინდად თვლიდნენ ამ მთის პაწაწინა ქვასაც კი. კრიშნამ, როცა იგი სულ რაღაც შვიდი წლის იყო, იოლად ასწია გოვარდჰანა და ერთი თითით ეკავა იგი შვიდი დღის განმავლობაში. და მისით, თითქოს ქოლგააო, თავის ერთგულებს იცავდა თავსხმა წვიმისგან. გოვარდჰანას გარშემო გზის ყველა ოცდასამი კილომეტრი წალკოტების, დასახლებების, წყალსაცავების, იალაღზე გასული ძროხებისა და ასეულობით მწირის გვერდით, სიხარული და სევდა ებრძოდნენ ერთმანეთს ჩემს გულში: ხვალ გამგზავრება მიწევდა.
გოვარდჰანადან დაბრუნებული, იმ ადგილებისკენ გავემართე სახეტიალოდ, რომლებიც ძვირფასი იყო ჩემთვის. ყოველი ამ ადგილიდან მოვაგროვე მტვერი, და პატარა ტომარაში ჩავყარე, რათა ყოველთვის თან მეტარებინა ვრინდავანი, სადაც არ უნდა გადავეგდე ბედს. კრიშნას ვევედრებოდი: ძალიან გთხოვ: ყველგან, სადაც კი მიმიყვანს ცხოვრება, საშუალება მომეცი, რომ ყოველთვის ჩემს გულში შეგინახო. ის ღამე ვარსკვლავიანი ცის ქვეშ მჯდარმა გავატარე იამუნას ნაპირზე და თან მანტრას ვიმეორებდი.
მომდევნო დილით, განთიადისას მე და ასიმი ვრინდავანის სადგურისკენ გავეშურეთ და მათჰურასკენ მიმავალ მატარებელში ჩავჯექით. ვაგონში სული გადავუშალეთ ერთმანეთს და ჩვენი საყვარელი კერძი – ვრაჯა-როტი გურისთან ერთად გავიყავით. როცა მახსენდებოდა, როგორ დამაკლდებოდა ეს უბრალო გლეხური საჭმელი, გული მიწუხდა: “მხოლოდ ღმერთმა იცის, როდის ვნახავ კიდევ ვრაჯა-როტის და გურის”.
ასიმმა გამიღიმა და ჩანთა გამომიწოდა: “გახსენი”. შიგნით ჩავიხედე და ოცამდე მსუქანი ვრაჯა-როტი და გურის დიდი ნაჭერი დავინახე.
მათჰურაში ჩამოვედით და ბაქანზე დავდექით იმ მატარებლის მოლოდინში, რომელსაც ინდოეთიდან ნეპალში უნდა წავეყვანე. მოვიდა დრო, რომ დავმშვიდობებოდი ჩემს ძმას და მეგობარს, რომელთან ერთადაც დაუვიწყარი დღეები გავატარე. მატარებელი ხმაურით უახლოვდებოდა ბაქანს, მე კი მთელი ძალით ვცდილობდი არ ავბღავლებულიყავი. ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემი გულისთვის ასე ძვირფასი ადგილი უნდა დამეტოვებინა, სადაც კრიშნამ ჩემს ლოცვებს უპასუხა. ცრემლები ღვარ-ღვარით წამომივიდა. ასიმმა ხელზე ხელი მომიჭირა, ცდილობდა დავემშვიდებინე. ცრემლიანად მომღიმარმა გამომშვიდობების წინ წარმოთქვა: “კრიშნადას, იქ, სადაც კრიშნა გეხსომება, იქნება ვრინდავანიც. ვილოცებ, რომ დაბრუნდე აქ”.
ლაპარაკის ძალა აღარ მქონდა განშორების სიმწარის გამო. ერთმანეთს გამოვემშვიდობეთ და შეტყუპებული ხელისგულები გულ-მკერდთან მივიდეთ. “გმადლობ ყველაფრისთვის”, - ჩუმად ვუთხარი და ვაგონში ავედი. ვემშვიდობებოდი ვრინდავანს, ჩემს სულიერ სახლს, ლოკომოტივი კვამლის ბოლქვებს უშვებდა და სულ უფრო და უფრო შორს მივყავდი.

* * *
კატმანდუსკენ გზაზე ვმარჩიელობდი, იყო თუ არა რაიმე ჩემთვის “Aმერიცან Eხპრესს”-ის ადგილობრივ განყოფილებაში. რაღაც იყო. თუმცა მამას მივწერე, რომ დამოუკიდებლად შემეძლო სახლში დაბრუნება, მან, ლოდინისგან გადაქანცულმა, ჩემს სახელზე სამასორმოცდაათი დოლარი გადმორიცხა ავიაბილეთებისთვის. კატმანდუში, ინდოეთის საელჩოში ორკვირიანი სატრანზიტო ვიზა გადმომცეს ინდოეთში, რათა შემძლებოდა დელიში ბელგიისკენ მიმავალ თვითმფრინავში ჩავმჯდარიყავი, იქიდან კი აშშ-ში გადავფრენილიყავი.
კატმანდუდან გამგზავრებამდე ნოსტალგიური გასეირნება განვახორციელე სვაიამბჰუნათჰისკენ, სადაც კვლავ ვნახე საბედისწერო ბრინჯის ყანები, სადაც ხანგრძლივი განშორების შემდეგ ჰარის შევხვდი. მენატრებოდა ჩემი ძველი მეგობარი. იმ მომენტიდან, რაც ბედმა დაგვაშორა, ჩემს ცხოვრებაში იმდენი დრამატული მოვლენა მოხდა, რომ ერთი სული მქონდა, როდის მოვუყვებოდი მას ამ ყველაფერს. წინანდებურად უსახლკარო მოგზაურივით ვცხოვრობდი. და ის? მასთან შეხვედრა მორიგი სასწაული იყო.
ბაჰმატის ნაპირს გავუყევი პაშუპატინათჰისკენ. საღამოს მთვარის შუქის ქვეშ ვიჯექი მდინარესთან და ვიხსენებდი, რამდენი ცრემლი დავღვარე აქ ერთი წლის წინ, ვცდილობდი რა ჩემი გზა მეპოვნა, და რამდენი კურთხევა მივიღე მას შემდეგ. დილით გამოვემშვიდობე ამ ადგილებს. მოგზაურობის ჩვევა არ მაძლევდა უფლებას, რომ ცდუნებისგან შემეკავებინა თავი: სატვირთოს ძარაზე შევხტი, რომელიც პოჰარის ველისკენ მიდიოდა – ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მარშრუტი ნეპალიდან ინდოეთისკენ.
ველი ყოველი მხრიდან თოვლიანი ჰიმალაებით იყო შემოსაზღვრული. ღამის გასათევ ადგილად ყველას თვალთაგან მიფარებული გამოქვაბული ავირჩიე ციცაბო მაღლობზე, მდინარისგან მაღლა. მთელი მომდევნო კვირის განმავლობაში კანოეთი მივცურავდი პჰევალის ტბის შუაგულამდე, სადაც მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე ვმედიტირებდი. მთელი ამ დღეების განმავლობაში ერთი სულიერიც კი არ შემხვედრია – მხოლოდ შემთხვევით თუ გადავაწყდებოდი გლეხს, ან მეთევზეს. მეშვიდე დღის დადგომასთან ერთად, ჩემი ნეპალის ვიზის ვადის ამოწურვამდე ორიოდე დღით ადრე, მე ჩუმად ვუთხარი მთებს, ცას და წყალს: “ნახვამდის, მშვენიერო პოკარო. ხვალ უნდა გავემგზავრო”. ნაპირს მივადექი, ნიჩაბი კანოეზე დავდე და მზის ჩასვლის წინა სხივების ქვეშ ფეხით გავუდექი გზას.
ბნელი და უკაცრიელი გზა გადავლახე ჯუნგლების გავლით და კვლავ ჩემი გამოქვაბულისკენ წავედი. გვერდზე ავტობუსმა ჩაიარა. პირველი ნაბიჯი გადავდგი ქვემოთ, მთის ციცაბო დაღმართისკენ, როცა უეცრად რაღაც უცნაური ყვირილი გავიგონე. გაკვირვებული შემოვბრუნდი. ავტობუსმა ჩემგან ოც მეტრში დაამუხრუჭა, მწუხრის სიბნელეში მოჩვენებასავით სწრაფად მიახლოვდებოდა ფიგურა. ეს თავდასხმაა? უნდა გავიქცე? მოჩვენება მიახლოვდებოდა, მე დავიძაბე, და ვცდილობდი გამერჩია სიბნელეში, თუ ვინ იყო. თანდათანობით სილუეტის ნაკვთებიც გამოჩნდა. შეუძლებელია! ღმერთო, ეს ისაა!
“ჰარი!” – მე შევხტი და მისკენ შესახვედრად გავემართე. სიხარულისგან გაგიჟებულები, რომლის სიტყვებით გადმოცემაც შეუძლებელია, ერთმანეთს ჩავეხუტეთ. გაოგნებულები ვიმეორებდით: “ეს ღმერთის ხელია! ეს ღმერთის ხელია!”
ჰარის უკან სიბნელეში კიდევ ერთი ფიგურა გამოჩნდა, რომელიც ნაცნობად მომეჩვენა. ეს ვინღაა? არა, შეუძლებელია! ჰეკეტი ბრუკლინიდან, ჩვენი საერთო მეგობარი, რომლის სახლშიც ოდესღაც ჰარის სატელეფონო ზარი მომწვდა – ზარი, რომლისგანაც დაიწყო ეს მოგზაურობა. გამახსენდა ჰეკეტის სიტყვები, რომლებიც მან წარმოთქვა, როცა გაიგო, რომ ევროპაში გამგზავრებას ვაპირებდით: “მე თქვენ მოგძებნით ბიჭებო, - სამოთხეში ან ჯოჯოხეთში, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები!” და მართლაც, მან ზღვის დონიდან ათასობით მეტრის სიმაღლეზე მოგვძებნა, ჰიმალაების სამოთხეში. და ახლა, თითქმის ორი წლის შემდეგ, სამივენი მთის ფერდობზე ვიდექით ნეპალის ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ და გაოცებულები ვუმზერდით ერთმანეთს.
ჩემს გამოქვაბულში დავპატიჟე ისინი ღამის გასათევად. ციცაბო დაღმართზე ვეშვებოდი და გამოქვაბულისკენ მიმავალ გზაზე წინ მივუძღოდი, ისინი კი უკან მომყვებოდნენ. ორივე ჩემი მეგობარი გაშეშდა ჩემი საცხოვრებლის დანახვაზე. ქვის იატაკზე ჩამოვჯექით. როგორც სტუმართმოყვარე მასპინძელმა, ბრინჯის ფანტელები, ნაკადულის წყალი და რამდენიმე ვრაჯა როტი გურით შევთავაზე მათ. სათანადო ინვენტარი არ მქონდა, ამიტომ ჩემი მეგობრები ხელით შეუდგნენ ჭამას.
ჰარიმ თავისი ხის ჯამი იატაკზე დადგა და თქვა: “ჩვენ დღეს დილით გამოვედით კატმანდუდან ავტობუსით, რათა მთებში ავსულიყავით”. მან თავი გააქნია, ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო გონს ამ მოულოდნელი შეხვედრისგან:
“მანქ, რიჩარდ ან როგორ გეძახიან ახლა?”
“ზოგიერთი კრიშნადასს მეძახის”.
“ცუდი არაა. მოკლედ, კრიშნადას. ავტობუსი მიდის, მე კი მძინავს. უცებ ვიღვიძებ და როგორც კი თვალს ვახელ, ფარების შუქი შენზე ეცემა, და ვასწრებ შევამჩნიო, რომ ფერდობზე ეშვები. მთელი ავტობუსის გასაგონად ვყვირივარ, რომ მძღოლმა სწრაფად დაამუხრუჭოს, და ავტობუსიდან ვხტები, არც კი ვიცი სად”. ჰარის გაეცინა: “ვის უნდა მოვუყვე – ვერაფრით ვერ დაიჯერებენ!”
ჰეკეტმაც ვერ გაძლო. თავისი ჯამი იატაკზე დაახეთქა და ხმამაღლა დაიძახა: “მე თავად ვნახე ეს – მაგრამ მაინც არ შემიძლია დაჯერება!” თვალები წამოენთო: “ვფიქრობ, მართლები ხართ – ეს ყველაფერი ღმერთის გარეშე ვერ მოეწყობოდა”.
ჩვენ გავჩუმდით, ჯერ კიდევ გაოგნებულები ვიყავით მოვლენათა ამ სასწაულებრივი თანხვედრის გამო. ჩვენი მცირე ტერასიდან, რომელიც მდინარის ზემოთ იყო დიდ სიმაღლეზე, მეოცნებე თვალებით ვუმზერდით ველის მოპირდაპირე მხარეს განლაგებული მთების სილუეტებს. ბოლოს დუმილი მე დავარღვიე: “არ მინდა გაგანაწყენოთ, მაგრამ ხვალ დილით, მზის ამოსვლისთანავე უნდა წავიდე”.
წინ მთელი ღამე გვქონდა, მთვარის შუქით განათებული. ჰეკეტი ქანცგაწყვეტილი იყო ავტობუსით მძიმე მგზავრობის შემდეგ, და როგორც არ ეცადა ფხიზლად ყოფილიყო, მალე ჩაეძინა. სამაგიეროდ მე და ჰარი სულს ვერ ვითქვამდით იმდენს ვლაპარაკობდით. იგი მიყვებოდა, თუ როგორ ცხოვრობდა თვითონაც სადჰუს ცხოვრებით, როგორ მოინახულა აშრამები და წმინდა ადგილები, მე კი ვრინდავანის შესახებ ვუყვებოდი. როცა ჩემი გეგმების შესახებ მოისმინა, გაეცინა: “შენ ვერაფერს გაგიგებს კაცი კრიშნადას. მამამ ფული გამოგიგზავნა, შენ კი მაინც გამოქვაბულში ცხოვრობ. საოცარია!”
ამაზე არც კი მიფიქრია, სანამ მან არ მითხრა. “დიახ, - დავეთანხმე მე, - მაგრამ იცი, ჰარი, იმდენი ხანია მოგზაურის ცხოვრებით ვცხოვრობ, რომ უკვე დამავიწყდა, როგორ დავხარჯო ფული”.
ამ წმინდა ადგლას ვიჯექით, მდინარეს ვუცქერდით ზემოდან და ერთმანეთს იმ გამოცდილებას და საგანძურს ვუზიარებდით, რომლებიც ჩვენს სულიერ გზაზე ვიპოვეთ. მთელი ღამე ვტკბებოდით განათებული ველით და მთვარით, რომელიც თავისი ვერცხლისფერი შუქით მოპირდაპირე მთებს ანათებდა, სადღაც ქვემოთ კი გაუჩერებლად მღეროდა მდინარე.
ჰარი ჩემი ცხოვრების ყველა ცვლილების მოწმე იყო. ჩვენ ბავშვობის წლებიდან ვმეგობრობდით, ერთად ვთამაშობდით, შემდეგ ერთად დავდიოდით სკოლაში, ერთად ვხვდებოდით გაუგებრობებში. როცა მოზარდები გავხდით, ერთად ავჯანყდით საზოგადოდ მიღებული სოციალური ნორმების წინააღმდეგ და ჰიპების სამყაროს შევუერთდით. ევროპაში ერთად ვსწავლობდით სხვა ქვეყნების ხელოვნებას და კულტურას. ჰარი აკვირდებოდა, როგორ მივყავდი ცხოვრებაში ჩემს სულიერ ძიებებს. ერთად ვმოგზაურობდით, და მე, მივყვებოდი რა შინაგანი ხმის ძახილს, ვლოცულობდი სინაგოგებში, მონასტრებში და ტაძრებში, მოგვიანებით კი გამოქვაბულებში და მთებში ვმედიტირებდი. შინაგანი ხმის ბრძანებით დავტოვე ჩვენი გამოქვაბული კუნძულ კრეტაზე. ერთი წლის შემდეგ ნეპალის ბრინჯის ყანებში გადავეყარეთ ერთმანეთს, და ჰარის თვალწინ წარუდგა იოგებთან და ლამებთან ცხოვრებისგან გამოწრთობილი ასკეტი. იმ დროს მე ჯერ კიდევ ვეძებდი ჩემს გზას და ჩემს გურუს. ამ ღამით მან აღმოაჩინა, რომ მისმა ძველმა მეგობარმა როგორც იქნა თავი მიუძღვნა გზას, რომელიც ერთიანმა ღმერთმა მიუთითა. უფალმა ჩემს სულიერ მამასთან – შრილა პრაბჰუპადასთან მიმიყვანა, ვისმა ღვთაებრივმა მოწყალებამაც ჩემი რწმენა და სიყვარული მიიზიდა. ახლა მთელი გულით მწყუროდა საკუთარ თავში მორჩილების, ასევე კრიშნასადმი სიყვარულის და ადამიანების მსახურების ჭეშმარიტი სულის განვითარება.
მზემ მთებიდან დაიწყო ამოსვლა, და ჰარის ყვრიმალებზე ცრემლი ჩამოუგორდა. მან მიჩურჩულა: “მე ისე მიხარია შენს გამო, ჩემო ძმაო. ღმერთმა უპასუხა შენს ლოცვებს”. ჰარის გაეღიმა: “ეს საოცარი მოგზაურობა იყო”.
თვალები დავხუჭე და ღრმად შევისუნთქე ჰაერი. კვლავ დადგა განშორების დრო. მაგრად გადავეხვიეთ და გზა დავულოცეთ ერთმანეთს. მომღიმარი, შევტრიალდი და ციცაბო ფერდობზე ავედი, რათა გზაზე გავსულიყავი.
“ჩემო ძმაო!” – მომაძახა ჰარიმ.
ჩვენი გამოქვაბულიდან ნახევარ გზაზე, კლდის გამოშვერილს მოვეჭიდე წონასწორობის შესანარჩუნებლად და ქვემოთ ჩავიხედე, სადაც ჰარი იდგა. მას დაბნეული სახე ჰქონდა, თვალებში კი ცრემლები ედგა. წვერზე ხელი დაისვა და დამიყვირა: “შევხვდებით კი ოდესმე ისევ?”
გამოქვაბულს შევხედე, რომელმაც შემიფარა, და კიდევ ერთხელ მივუგდე ყური მდინარის მომაჯადოებელ სიმღერას. აღელვებულმა და თვალცრემლიანმა დავუყვირე ჰარის: “ჩვენ აუცილებლად შევხვდებით, თუკი ჩვენს შინაგან ხმას მივუგდებთ ყურს!”
* * *
ნიუ-დელის აეროპორტში ინდოეთის ავიახაზების თვითმფრინავით გადავფრინდი ბელგიის ასტონამდე. გლახაკი მოგზაურის ტანსაცმლით, ბარგის გარეშე (თუ არ ჩავთვლით დახეულ ჩანთას და ლითონის თასს), საკმაოდ უცნაურ სანახაობას წარმოვადგენდი უცხოელ ტურისტებსა და ბიზნესმენებს შორის. ირლანდიელი, რომელიც ჩემს გვერდით იჯდა ეკონომ-კლასში, განუწყვეტლივ ეწეოდა ერთი-მეორეს მიყოლებით სიგარეტს. კვამლი თვალებს მიწვავდა და ვიხრჩობოდი, მაგრამ მწეველს ეს ოდნავაც კი არ აღელვებდა. დასავლეთში დაბრუნება დაიწყო.
ვაკვირდებოდი, როგორ ურიგებდა სტიუარდესა მგზავრებს საჭმელს, და გამახსენდა, რომ ჩემს ჩანთაში იდო განძი, რომელსაც შეძლო ეს თვითმფრინავი სულიერი სამყაროს ოაზისად ექცია – ვრაჯა-როტი და გური, ჩემი ძვირფასი ძმის – ასიმის საჩუქარი. ისინი ცოტა არ იყოს გამაგრდნენ, მაგრამ ჩემთვის არ არსებობდა ამაზე ძვირფასი საჭმელი. და აი, ათიათასი მეტრის სიმაღლეზე, მე საზეიმოდ გავხსენი ვრაჯა-როტით სავსე ტომარა და ჩემს სულიერ სახლზე მოგონებებში ჩავიძირე.

 ბელგიიდან ავტოსტოპით ჩავაღწიე ჰოლანდიამდე, რათა ჩემი მეგობრები მომენახულებინა, რომლებიც მე და ჰარიმ ევროპაში გავიცანით. ჩავედი თუ არა აბკუდში, სადაც კოსმოსი ცხოვრობდა, მისი დედისგან შევიტყვე, რომ ის ამსტერდამში გადასულიყო საცხოვრებლად. ყველნაირი გაფრთხილების გარეშე მივადექი მათი ბინის კარს. კოსმოსი, ჩუჩი და მათი მეგობრები წამოხტნენ და გადამეხვივნენ. ხმამაღლა უკრავდა როკ-ენ-როლი, ვიღაც პივას წრუპავდა, სხვები მარიხუანას ეწეოდნენ, და კვამლის ღრუბლებში ერთმანეთს ეხვეოდნენ უცნობი გოგოები და ბიჭები. 

ცუდად გავხდი. სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ ბრძენებთან ერთად ვცხოვრობდი ინდოეთის წმინდა ტყეში, ახლა კი აქ აღმოვჩნდი, წვეულებაზე, სადჰუს ტანსაცმელში, კრიალოსანით და შესაწირის თასით ხელში. დაბნეული, ვცდილობდი გავრკვეულიყავი, რა დაემართათ ჩემს ძვირფას მეგობრებს? შემდეგ გამახსენდა ჩემი შეხვედრა შონთან კონოტ-პლეისზე, და მივხვდი, რომ სინამდვილეში სხვა კითხვა უნდა დამესვა საკუთარი თავისთვის: რა დამემართა? ორი-სამი საათი ვილაპარაკე ბიჭებთან, შემდეგ კი თავაზიანად დავემშვიდობე.

გარეთ გამოვედი და ამსტერდამის ქუჩებში დავიწყე სეირნობა. განცვიფრებული ვიყავი, რამდენად უცხო იყო ჩემთვის გარშემო ყველაფერი. ხალხის ჩაცმულობა, მათი ურთიერთობა ერთმანეთთან – ყველაფერი უცნაურად მეჩვენებოდა. საღამო დადგა, და ღამის გასათევად ახალგაზრდულ საერთო საცხოვრებელში მოვთავსდი, სადაც ქვედა საწოლი გამომიყვეს საერთო ოთახში. იქნებ, - ვფიქრობდი მე, - სანამ მშვიდად დავისვენებ საწოლში, ჩემი გონება როგორმე შეეწყობა და შეეჩვევა ამ ცვლილებას.
სულ რაღაც ერთი დღის წინ მშვიდ წმინდა ადგილას ვიჯექი წმინდა მდინარის ნაპირზე. ახლა კი ამსტერდამში ვათევდი ღამეს. მგზავრობით გადაქანცულს შეუმჩნევლად ჩამეძინა ღრმა ძილით. უეცრად შუაღამისას ჩემმა საწოლმა რყევა და ჭრიალი დაიწყო. მოულოდნელობისგან წამოვხტი და თავიდან გავიფიქრე, რომ მიწისძვრა დაიწყო. მაგრამ მალე მივხვდი. ჩემი საწოლის ზედა იარუსიდან პირდაპირ ჩემს თავზე რომელიღაც წყვილის ოხვრა-კვნესა ისმოდა. ამისთვის განსაწყობად ნამდვილად არ ვიყავი მზად. სად ვარ? რატომ ვარ აქ? სად გაქრა ის ადგილი წმინდა მდინარის ნაპირზე, სადაც ჩვეულებრივ ვათენებდი ხოლმე ღამეს? საერთო საცხოვრებლიდან გამოვვარდი და გათენებამდე დავხეტიალობდი ქუჩებში. გამთენიისას სკამზე ჩამოვჯექი პატარა პარკში და დარჩენილი ვრაჯა-როტით და გურით ვისაუზმე. მოგვიანებით, ამავე დღეს წერილი მივწერე მშობლებს, სადაც ვუხსნიდი, თუ რატომ არ მივფრინავდი ჯერ სახლში. აუცილებლად მესაჭიროებოდა დრო, რათა ადაპტაცია მომეხდინა დასავლურ სამყაროსთან.

ამსტერდამში იოგურტთან შერეული მიწის თხილით ვიკვებებოდი. არ ვიცოდი, როგორ შეიძლებოდა ვყოფილიყავი ვეგეტარიანელი დასავლეთში, მაგრამ ეს უბრალო დიეტა ძალიან მომეწონა.

ერთ-ერთ საღამოს ღამის კლუბ “კოსმოსში” შევედი. სწორედ აქ შევხვდი პირველად იმ ადამიანს უჩვეულო გარეგნობით – გადაპარსული თავით და “ცხენის კუდით”, - რომელმაც გულუხვად დამისხა პირდაპირ გაშლილ ხელისგულებზე ხილის სალათა იოგურტით. ამ ადამიანს, რომელსაც როგორც მოგვიანებით გაირკვა, შიამასუნდარა ერქვა, კვლავ და კვლავ ვხვდებოდი ხოლმე – ჯერ ბომბეიში, შემდეგ კი ვრინდავანში. საბოლოოდ იგი ჩემი ახლო მეგობარი გახდა. თვალწინ ჩემი მოგზაურობის ყველა პერიპეტიამ ჩამიარა, და ვიგრძენი, თანდათანობით როგორ იკვრებოდა ამ მოვლენების წრე.

შაბათ საღამოს, თერთმეტი საათისთვის სასეირნოდ გავედი და გაუფრთხილებლობის გამო ამსტერდამის ავბედით რაიონში მოვხვდი. ასობით ამერიკელი მეზღვაური ხეტიალობდა ქუჩებში, რომლებიც ნეონის შუქის რეკლამებით იყო განათებული. ორივე მხრიდან მოისმოდა ხმაური გადავსებული დისკოტეკებიდან, ბარებიდან, ღამის კლუბბებიდან და ბორდელებიდან. ცოცხალი მუსიკა ყველა მხრიდან ჟღერდა, ჰაერში კი ალკოჰოლის და შემწვარი ხორცის სუნი იდგა. მე ჯერ კიდევ სადჰუს ტანსაცმელში ვიყავი გამოწყობილი. მეძავმა, სუნამოს მძაფრი სუნით, მკვეთრი წითელი ტუჩებით და ტუშის სქელი ფენით ყვრიმალებზე ხელი ჩამავლო ხელში და თავისკენ მიმათრევდა, მაგრამ როგორღაც თავი დავიძვრინე. გარს მთვრალი მეზღვაურების ბრბო შემომეხვა. ისინი ერთმანეთს ასწრებდნენ ყვირილში: “შენ საიდან გამოჩნდი ასეთი?”, - და წინ და უკან მიბიძგებდნენ ერთი-მეორესკენ. ერთმა მათგანმა მაგრად შემანჯღრია, მეორემ კი გადაიხარხარა და სიტყვებით: “მოდი აბა დალიე მეგობარო”, - ცივი ლუდის მთელი ქილა დამასხა თავზე. რომელ პლანეტაზე ვიყავი? როგორც იქნა გამიშვეს.

უმიზნოდ დავხეტიალობდი ჯუნგლებში, რომლებშიც ჰიმალაების ლეოპარდებზე, სპილოებზე და გველებზე უფრო ველური ცხოველები დაძრწოდნენ. სასოწარკვეთილი დავდიოდი დიდ ქალაქში და “წითელი ფანარების” რაიონის ვიწრო ქუჩაზე აღმოვჩნდი. საროსკიპოები ქუჩის ორივე მხარეზე იყო ჩამწკრივებული, და მიწაზე ვირთხები დაძვრებოდნენ. შუშის ვიტრინებში ნახევრადშიშველი მეძავები სხვადასხვა მაცდურ პოზებს იჭერდნენ და ამით კლიენტების მიზიდვას ცდილობდნენ. ერთ-ერთ ვიტრინაზე დიდი ასოებით ანათებდა რეკლამა: “სექს-შოპი”. ამ დაწესებულებიდან მარცხნივ რაღაც ავტოფარეხის კარი ჭიშკარი მოჩანდა, რომელშიც ჩადგმული იყო ზომით უფრო პატარა კარი. მასზე იყო წარწერა: “რადჰა-კრიშნას ტაძარი”.

ნუთუ ჰალუცინაციები დამეწყო? დავაკაკუნე. კარი ერთგულმა გამიღო და ღიმილით მითხრა: “გთხოვ, შემოდი. თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ თავში!” შხაპი მივიღე და დავჯექი, რომ ცოტა აზრზე მოვსულიყავი. სასიამოვნო სულიერი მელოდია წყნარად უკრავდა. შენობის კედლები რადჰას და კრიშნას ვრინდავანის გართობათა გამოსახულებებით იყო მოხატული. გარშემო მუსკუსის კეთილსურნელების არომატიც ტრიალებდა. “გინდა ცხელი რძე?” – მკითხა ერთგულმა. მე თავი დავუქნიე. რძე ბანანით და კარდამონით აღმოჩნდა შეზავებული. გულზე მომეშვა და გარშემო მიმოვიხედე. შეგრძნება ისეთი იყო, თითქოს უსაშველოდ გამომხმარ უსასრულო უდაბნოში მოგზაურობის შემდეგ ოაზისში აღმოვჩნდი. და აქ კედელზე დავინახე სურათი შრილა პრაბჰუპადას გამოსახულებით, რომელიც ალერსიანი ღიმილით მიმზერდა და, თითქოს, კიდევ ერთხელ მეგებებოდა თავის სახლში. მე უხმოდ აღვუვლინე მადლიერების გამომხატველი ლოცვები იმისთვის, რომ მრავალი წლის წინ მან სატვირთო გემით გადმოცურა ინდოეთიდან დასავლეთისკენ. მისი ძალისხმევის წყალობით ასობით მსგავსი ოაზისი გაჩნდება მსოფლიოში.

* * *
ამსტერდამიდან ლონდონში გავემგზავრე, სადაც რაღაც პერიოდი დავყავი აშრამში ბრიტანულ მუზეუმთან ახლოს. შემდეგ ნიუ-იორკისკენ მიმავალ თვითმფრინავში ჩავჯექი. საიმიგრაციო კონტროლის ამერიკულ სამსახურში მოხელე ქალმა დაწვრილებით შეისწავლა ჩემი პასპორტის ყოველი გვერდი, შემდეგ სადღაც დარეკა ტელეფონით და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამირტყა შტამპი. როგორც კი ნაბიჯი გადავდგი, გზა ორმა სამოქალაქოდ ჩაცმულმა გოლიათმა გადამიჭრა. ცხვირწინ მოწმობა წარმომიდგინეს, და მაშინვე მივხვდი, რომ მათთან ხუმრობა არ შეიძლებოდა.

პირველ რიგში პასპორტი ჩამომართვეს. “ჩვენ – ფედერალური აგენტები ვართ. გამოგვყევით”. რაღაც კაბინეტში შემიყვანეს და გულდასმით მაკვირდებოდნენ, ისე რომ უხერხულობისგან თვალები გავწიე. ერთმა აგენტმა მითხრა: “თქვენ დაკავებული ხართ შტატებში ნარკოტიკების კონტრაბანდული შეტანის მცდელობის გამო. თუ ნებაყოფლობით ჩაგვაბარებთ მათ და ითანამშრომლებთ ჩვენთან, თქვენი დანაშაულის სასჯელის ვადა შემცირდება”.

“მე არანაირი ნარკოტიკი არა მაქვს”, - ძლივს გასაგონად ვუპასუხე მე.
“ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ გაქვთ. ჩაგვაბარეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითონ ვიპოვნით, - მუშტი მაგიდას დაარტყა. – გაფრთხილებთ, ჯობია არ გაგვაბრაზოთ”.
მათ საგულდაგულოდ გაჩხრიკეს მთელი ჩემი ბარგი და ძალიან გაუხარდათ, როცა ვრინდავანის მტვერით სავსე პატარა ტომსიკა იპოვეს. აგენტმა ტომსიკა სახესთან მომიტანა და საზეიმოდ მკითხა: “და ეს რა არის?”
“ეს მტვერია წმინდა ადგილებიდან”.
აგენტმა გულდასმით გამოიკვლია ტომსიკის შიგთავსი, თითებს შორის მოსრისა მტვერი და დაყნოსა, შემდეგ იმედგაცრუებულმა შეკრა და გვერდზე გადადო.
მეორე აგენტი მჩხრეკდა. უეცრად თვალები გაუნათდა, და აგზნებულმა ხელისგულები ერთმანეთს შემოჰკრა: “ვიპოვე! ვიპოვე! ნარკოტიკი აქ აქვს!” მათ მაგარი კვანძი შეამჩნიეს ჩემს ზურგს ქვემოთ. “რა არის ეს?!” – დაიყვირა მან.
“ეს თეძოებზე შემოსახვევია”. ცხადი იყო, რომ ცხოვრებაში არასოდეს უნახავთ სადჰუს თეძოებზე შემოსახვევი.
“გაიხადეთ”, - მომთხოვეს მათ. ყველაფერი გავიხადე, შემოსახვევის გარდა. “რა არის ეს?!” – კვლავ დაიყვირა აგენტმა. მისმა უფროსმა დამცინავად თქვა: “ყოველ შემთხვევაში Fრუიტ ოფ ტჰე Lოომ-ის საფირმო ტრუსები ნამდვილად არაა”. მათ გამოიკვლიეს ჩემი თეძოებზე შემოსახვევი, რომელშიც მრავალრიცხოვან მდინარეებში და ტბებში ვბანაობდი. “ჩაიცვით”, - როგორც იქნა მითხრეს მათ. შემდეგ ერთ-ერთმა აგენტმა ამიხსნა, რომ ავღანეთის, პაკისტანის და ნეპალის ვიზები ჩემს პასპორტში ერთგვარ სიგნალებს წარმოადგენდნენ ნარკოტიკების შესაძლო შემოტანაზე. მან ბოდიში მომიხადა: “ვწუხვართ, რომ უსიამოვნება მოგაყენეთ, მაგრამ გთხოვთ გაგვიგოთ, რომ ჩვენი მოვალეობაა – დავიცვათ ამერიკა”. პასპორტი დამიბრუნეს და საბაჟო ზონის გასასვლელამდე გამაცილეს.

* * *
ჩემი მშობლიური სახლი მოზარდ-მოსწავლემ დავტოვე და საზაფხულო არდადაგებზე ევროპაში წავედი. ორი წლის შემდეგ სამშობლოს ასკეტ-განდეგილად დავუბრუნდი, უძველესი სულიერი გზის მიმდევრად. იმ დროისთვის მშობლებს უკვე გაეყიდათ ჩვენი სახლი ჰეილენდ პარკში და მაიამი-ბიჩზე, ფლორიდაში იყიდეს ბინა. ჯონ კენედის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში შიგა ავიახაზების თვითმფრინავში ჩავჯექი და მაიამიში ჩავფრინდი. მამა, მიუხედავად მოტეხილი ფეხისა, ყავარჯნებით მოვიდა აეროპორტში ჩემს დასახვედრად. მასთან ერთად იყო ჩემი უმცროსი ძმა ლარი. მათ იატაკზე მჯდომი, თვალდახუჭული და მედიტაციაში მყოფი დამინახეს; ნივთებიდან მხოლოდ გახუნებული ჩანთა და ლითონის თასი მქონდა. მამამ მღელვარებისგან წყვეტილი ხმით წამოიძახა: “მადლობა ღმერთს, შვილო, როგორც იქნა სახლში დაბრუნდი!”

მე მაშინვე წამოვხტი და გადავეხვიე. მან მაგრად მომიჭირა ხელები და ტირილი დაიწყო. და ამოიოხრა, თითქოს ის ტკივილი გაუშვა, რომელიც მთელი ამ თვეების განმავლობაში უჭერდა გულზე. აღელვებულმა უმცროსმა ძმამ ლარიმ, რომელსაც ჩვიდმეტი წელი შესრულებოდა, გაიღიმა, როცა ძმურად და მაგრად გადავეხვიე. თვალმოუწყვეტელი მიყურებდა, როგორც გმირს, რომელიც სახლში გამარჯვებული დაბრუნდა.
როგორც კი შევედით ჩვენს ახალ ბინაში, შემოსასვლელში დედა გამოვარდა და დაიყვირა: “რიჩარდ, როგორ მომენატრე!” ცრემლებს ღვრიდა, მეხვეოდა და შუბლზე მკოცნიდა. არასოდეს დამავიწყდება მისი ცრემლები. “როგორ გამხდარხარ! – თქვა მან. – იცი, მე სპეციალურად შენთვის შევისწავლე ვეგეტარიანული სამზარეულო!” სამზარეულოს მაგიდაზე ვეგეტარიანული კულინარიული წიგნების მთელი ბიბლიოთეკა ეწყო. დედამ მაშინვე სუპი, შემწვარი ბოსტნეული და ბრინჯი მოიტანა მაგიდასთან, დესერტად კი ვაშლის შტრუდელი.
დარეკა ტელეფონმა: ჩემს უფროს ძმას მარტის, რომელიც არიზონაში სწავლობდა კოლეჯში, უნდოდა დაბრუნება მოელოცა ჩემთვის. მე გამაოცა ჩემი მშობლების სიყვარულმა და მათმა მზადყოფნამ, რომ ყველაფერი ისე მოეწყოთ, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ძნელი იყო ჩემს სულიერ არჩევანთან შეგუება, ისინი ცდილობდნენ გაგებით მოკიდებოდნენ ჩემი ცხოვრების წესს. მთელი ძალით ვცდილობდი, გამომეხატა ჩემი სიყვარული მათდამი, და ამავდროულად დამეცვა საკუთარი სულიერი პრინციპები. თუმცა ჩვენს შორის უფსკრული გაჩნდა, სიყვარული და ერთმანეთის პატივისცემა ჩვენს ურთიერთობაში მთავარად რჩებოდა. ჩემი სულიერი პრაქტიკის, ღმერთის ერთგულების მეშვეობით მივედი იმ გაგებამდე, რომ სიყვარულისა და ურთიერთობების შენარჩუნებისთვის საჭიროა ისეთი თვისებები, როგორებიცაა პატიების და მოსმენის უნარი, მოთმინება, მადლიერება და მორჩილება. იმისთვის, რომ მორჩილება გავაღვივოთ საკუთარ თავში, პირველ რიგში უნდა ვისწავლოთ ისეთებად მივიღოთ სხვები, როგორებიც არიან და ყურადღება არ მივაქციოთ განსხვავებებს. ჩემს მშობლიურ სახლში ყოფნამ დამაფიქრა იმაზე, რომ სხვების განკითხვის ჩვევა ხშირად საკუთარ თავში დაურწმუნებლობაზე, ეგოიზმზე ან მოუმწიფებლობვაზე მიუთითებს, და ვცდილობდი აღმომეფხვრა ჩემში ეს თვისებები. ყოველი ჩვენგანი ღმერთის შვილია. ღმერთს თავისი ყოველი შვილი უყვარს. თუკი მინდა, რომ ღმერთი შევიყვარო, უნდა ვისწავლო მათი სიყვარული, ვინც მას უყვარს.
* * *
ყველას ესმოდა, რომ დიდხანს არ გავჩერდებოდი სახლში. მიუხედავად იმისა, რომ დედამ არაჩვეულებრივი ოთახი მომიმზადა, მე ტერასის ცემენტის იატაკზე ძილს ვამჯობინებდი. იქიდან, წყნარ განთიადისწინა საათებში, მეხუთე სართულის სიმაღლიდან ვუმზერდი ყურეს, რომლის ნაპირებზეც პალმები და ევკალიპტები იზრდებოდნენ. ხეები ქარის ქვეშ ნელა ირწეოდნენ, მე ზღვის ჩურჩულს ვუგდებდი ყურს და ვგრძნობდი, როგორ იქცეოდა ტერასა ჩემს საყვარელ ქვად განგას შუაგულში. ჩუმად ვიმეორებდი ღვთაებრივ მანტრას, რომელიც ოდესღაც გამიხსნა მდინარემ და წარმოვიდგინე, როგორი სწრაფვით მოედინებოდა განგა სწორედ იმ ზღვისკენ, რომელიც ჩემს წინ გადაშლილიყო. შევიგრძენი, რომ ვრინდავანი ჩემს გურუსთან და ჩემს უფალთან ერთად უჩინარად იმყოფებიან აქ, ჩემს გვერდით – დროისა და სივრცეს მიღმა. მთელი გულმკერდით შევისუნთქე მარილიანი ჰაერი და მადლიერება ჩაიღვარა ჩემს გულში. გავიღიმე, ხელისგულები შევატყუპე და წავიჩურჩულე: “ეს საოცარი მოგზაურობა იყო, და შენ უპასუხე ჩემს ლოცვებს. ყველგან, სადაც მახსოვხარ, სახლში ვგრძნობ თავს”.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff