თავი მეჩვიდმეტე
თავი მეჩვიდმეტე
მას შემდეგ, რაც მაჰავირდას ტატ ვალა ბაბას გამოქვაბულები დავტოვე, კვლავ მოხეტიალე განდეგილის ცხოვრებას მივუბრუნდი. ზამთარი დასასრულს უახლოვდებოდა. დღე იზრდებოდა, მზე ძალას იკრებდა და ხეებსა და ბუჩქებზე გაზაფხულის კვირტები გამოჩნდა. ერთხელ, როდესაც ჯუნგლების გავლით ჩრდილოეთისკენ მიმავალ ბილიკს მივუყვებოდი, ლაკშმან ჯულანს მივადექი – გრძელ ბეწვის ხიდს, რომელიც მაღლა, განგის თავზე იყო დაკიდებული. მოქანავე ხიდის შუაში ვიდექი და ჰიმალაებიდან მომავალ მჩქეფარე განგას ვუმზერდი. მის ორივე ნაპირზე ლამაზი ტაძრები და მყუდრო აშრამები განლაგებულიყო, იოგები კი იჯდნენ და თავიანთ რიტუალებს ასრულებდნენ. მეორე ნაპირზე გადავედი და ტყის ბილიკით გავუყევი ჯუნგლების სიღრმეს. უეცრად ტყე დასრულდა და თვალწინ გადამეშალა საშინელი სანახაობა, რომლისგანაც ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
მე დავინახე მრავალი ადამიანი დამახინჯებული, უფორმო სახეებით და ჩავარდნილი ცხვირებით. ერთნი სრულიად შიშველნი იყვნენ, ზოგს კი პერანგი ეცვა, და ყველანი მტანჯველი ტკივილისგან კვნესოდნენ და ხელების და ფეხების ლპობად თითებს იქნევდნენ. შიმშილისგან გამოფიტულნი, ეს უბედურები ორმოებში ცხოვრობდნენ და ღამე მიწას იყრიდნენ, რომ არ გაყინულიყვნენ. ისინი სასოწარკვეთილებით და წყალობის მომლოდინე თვალებით მიყურებდნენ, და მე თავზარი დამეცა: მივხვდი, რომ კეთროვანების კოლონიას გადავაწყდი.
ათეულობით კეთროვანმა მყისიერად შემომარტყა ალყა, ყვირილით: “ბაკშიშ! ბაკშიშ! ბაკშიშ!” სისხლმდენი წყლულებით დაფარულ ხელებს ცხვირწინ მიქნევდნენ და მოწყალებას მოითხოვდნენ. მე არაფერი მქონდა მისაცემი, და ცოცხლად ლპობადი სხეულების კედლით გარშემორტყმული ვიდექი, ისე რომ განძრევის ძალაც კი არ მქონდა. კეთროვნები უკან არ იხევდნენ: “ბაკშიშ! ბაკშიშ! ბაკშიშ!” ისე მაწვებოდნენ ყველა მხრიდან, რომ კინაღამ გავიგუდე. არსად შემეძლო დამალვა მათი მყრალი სუნთქვისგან და ხრწნადი სხეულების სუნისგან. “ბაკშიშ!” – ყვირილს აგრძელებდნენ ისინი. არ ვიცოდი რა მეღონა. ერთი მხრივ აღშფოთებული ვიყავი მათი უცერემონიობით. მეორე მხრივ კი ცრემლებამდე მეცოდებოდა ეს ადამიანები, და მესმოდა, რომ მათი ტანჯვა ამართლებდა მათ საქციელს.
ასე გრძელდებოდა ოცი წუთის განმავლობაში, რომლებიც მარადისობასავით გაიწელა ჩემთვის. სასოწარკვეთილი ვცდილობდი მივმხვდარიყავი, როგორ უნდა მემოქმედა. ჩემს ტვინში წყვეტილად მოდიოდნენ აზრები: კეთრი გადამდებია. ნიშნავს ეს იმას, რომ მეც დავსნეულდები და მათსავით დავიტანჯები, შემდეგ კი მოვკვდები? რას მიზამს ეს გააფრთებული ბრბო?
ისე, რომ არ შუწყვეტიათ ყვირილი: “ბაკშიშ!” – კეთროვნები ხელს კრავდნენ ერთმანეთს და ჩემსკენ მოიწევდნენ. მათი ტანჯვით სავსე მზერა მწვავდა. სასოწარკვეთილებმა ჩემი გაჩხრეკა დაიწყეს, რათა წაერთმიათ ის, რისი ჩემი ნებით მიცემაც არ მინდოდა. როდესაც დარწმუნდნენ, რომ არაფერი მქონდა, ჩემდამი ინტერესი დაკარგეს და დაიშალნენ.
სუნთქვაშეკრულმა რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და კვლავ გავშეშდი. ჩემს წინ მიწაზე უმწეოდ გაწოლილიყო მოხუცი ქალი ძონძებში. ცხვირი ჩავარდნილი ჰქონდა და ლპობად სახეს გათანაბრებოდა. ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა. მოხუცი ქალის თვალები, ცრემლით სავსენი, ისეთი ნაზი და მზრუნველი დედობრივი სიყვარულით იყვნენ სავსე, რომელსაც იშვიათად თუ შეხვდები ამ სამყაროში. ის არაფერს მოითხოვდა ჩემგან. მხოლოდ უნდოდა, რომ გული გამეხსნა იმ სიყვარულისთვის, რომლის ჩუქებაც მთელი გულით სწყუროდა. ეს სიყვარული უმშვენიერესად აქცევდა. მოწიწებით შეატყუპა ხელისგულები, შემდეგ კი ხელით გააკეთა ჟესტი, რითაც მიჩვენებდა, რომ ჩემი დალოცვა ეწადა. მისმა სიყვარულმა დაამარცხა ჩემი შიში საშინელი დაავადებისადმი. მოხუცის წინ დავიჩოქე და თავი მის ხელისგულს შევუშვირე. “ღმერთმა დაგლოცოს შვილო ჩემო, - დამლოცა მან. – ღმერთმა დაგლოცოს”. მზერა ავწიე და დავინახე, რომ მისი სახე არამიწიერი ბედნიერებით განათებულიყო. ავტირდი, და მესმოდა, რომ დღევანდელი გამოცდა მხოლოდ უბადრუკი საფასური იყო ამ დაუვიწყარი დალოცვისთვის.
გზა განვაგრძე და მყუდრო ადგილი ვიპოვე მდინარის თავზე, ჩამოვჯექი და მჩქეფარე დინებას დავაკვირდი. ვცდილობდი მზერით წყლის სქელი ფენის მიღმა შემეღწია, მაგრამ რაც არ ვეცადე, მაინც ვერაფერი გავარჩიე მდინარის იდუმალ სიღრმეში. მიუხედავად იმისა, რომ მოხუცი ქალი საშინელმა ავადმყოფობამ შეიპყრო, მის დამაფრთხობელ სხეულის საფარს მიღმა ულამაზესი სული იმალებოდა, რომელსაც სწყუროდა, რომ ჰყვარებოდა და სხვისთვისაც საყვარელი ყოფილიყო.
დღეს მდინარემ დამანახა, რომ ჩვეულებრივ გარშემომყოფების შესახებ მხოლოდ გარეგნული ნიშნებით ვმსჯელობთ და მიდრეკილება გვაქვს, რომ მხოლოდ ნაკლი დავინახოთ მათში. მაგრამ თუ ყურადღებით დავაკვირდებით, მაშინ დავინახავთ, რომ ადამიანის ბუნება ხალიჩას ჰგავს, რომელიც მილიონობით ძაფისგან არის მოქსოვილი. ხალხის ნაკლები და სიმახინჯეები ვითარებათა თანხვედრით არის გამოწვეული – ფსიქოლოგიური რეაქციებით ემოციურ ჭრილობებზე, ძალადობაზე, საზოგადოებისგან გარიყვაზე, იმედგაცრუებაზე, დაუცველობაზე, ტანჯვაზე, დამცირებასა და ავადმყოფობებზე.
გამახსენდა ის ბანდიტები, რომლებმაც კინაღამ სიცოცხლეს გამომასალმეს სტამბულში, რასისტები, რომლებიც ვერ იტანდნენ შავკანიანებს და საზოგადოებრივი უფლებებისთვის მოძრაობას,ასევე ისინიც, ვინც შეურაცხყოფას მაყენებდა და დამცინოდა ჩემი გრძელი თმის გამო. გავიხსენე, თუ რა ადვილად განვიკითხავდი ამერიკელების უფროს თაობას, რომლებიც მხოლოდ ფულისა და თავიანთი მომავლის მადევრებად მესახებოდნენ. მათ წინააღმდეგ ჩემი ამბოხის დროს, მავიწყდებოდა, რომ დიდი დეპრესიის პერიოდში ამ თაობას ისეთი გაჭირვება და სიღარიბეხვდაწილად, რომლებსაც ვერც კი წარმოვიდგენდი.
თუკი გავიგებთ, რითაა გამოწვეული ადამიანის ის თვისებები, რომლებიც არ მოგვწონს, მაშინ სიძულვილის ნაცვლად თანაგრძნობით განვიმსჭვალებით მის მიმართ. ნათქვამია, რომ ყოველი სული თავდაპირველად უცოდველია. წმინდანს სძულს ავადმყოფობა, მაგრამ უყვარს ავადმყოფი.
* * *
რიშიკეში დავტოვე და მოგზაურობა ჰიმალაებში,ჩრდილოეთისკენ განვაგრძე. დევ-პრაიაგში შევხვდი ადამიანს, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა ჩემს მეხსიერებაში. ადრიან ცივ დილას, როცა განთიადისწინა ცაზე ვარსკვლავები ქრებოდნენ, მთიდან მდინარეების – ბჰაგირათჰასა და ალაკანანდას შეერთების ადგილას დავეშვი. შერწყმის შედეგად, ეს ორი მდინარე განგას აძლევს სათავეს. აქ, ამ ორი მჩქეფარე მდინარის შეერთების ადგილას, განგას სიმღერა დამაყრუებელი იყო. მე წყალში შევედი განსაბანად და ანგარიში ვერ გავუწიე იმას, თუ როგორი ჩქარი და ძლიერი იყო დინება.
ნაბიჯის გადადგმაც კი ვერ მოვასწარი, მძლავრმა დინებამ მაშინვე მოსწყვიტა ჩემი ფეხები მდინარის ფსკერს და უკვე ქვებისკენ მივყავდი. სწორედ ამ მომენტში მძლავრი აღნაგობის მამაკაცმა, რომელიც ჩემდა საბედნიეროდ გვერდზე ახლოს ბანაობდა, ხელზე ხელი მტაცა და ნაპირზე გამითრია. ჩემმა გადამრჩენელმა მარჯვენა ხელი დამადო თავზე და და დიდი გრძნობით რამდენიმე დამცავი მანტრა იგალობა. ასე მოხდა ჩემი პირველი შეხვედრა კაილაშ-ბაბასთან.
მიუხედავად იმისა, რომ ამ წმინდა ადამიანმა დიდი ხანია გადააბიჯა მეშვიდე ათწლეულს, იგი უზარმაზარ ძალას ფლობდა. ფართე, ყვრიმალებიანი სახე და დიდი ყავისფერი თვალები ჰქონდა. უკვე რამდენიმე ათწლეულია თმას და წვერს არ იჭრიდა, და თავისი ჭაღარა თმა, რომლებიც გაშლილ მდგომარეობაში მიწამდე სწვდებოდა, თავის გარშემო, გვირგვინივით ჰქონდა შემოხვეული. ყველა კბილი ადგილზე ჰქონდა, რაც დიდ იშვიათობად ითვლებოდა მოხუც სადჰუებში. ბეწვის მოსასხამი, ბაბას ერთადერთი სამოსი, მხრებიდან ტერფებამდე სწვდებოდა. ხელში რკინის სამკაპი ეჭირა, რომელზეც ზემოდან მიბმული იყო უზარმაზარი დამარუ — ხის ბარაბანი ოცდაათსანტიმეტრიანი მემბრანებით, რომელიც კორპუსის ორივე მხარეს იყო გაჭიმული. კორპუსის შიგნით თოკზე ბურთი ეკიდა, და როცა ბაბა ბარაბანს აქანავებდა, ბურთი მემბრანას ხვდებოდა და დიდ ხმას გამოსცემდა. ამ მუსიკალური ინსტრუმენტის, მეტალის ჭიქის და ძველი პლედის გარდა, ბაბას არაფერი გააჩნდა.
კაილაშ ბაბა ჩემი მასწავლებელი გახდა რთულ პირობებში გადარჩენის ხელოვნებაში. ცივ ღამეებში ხშირად მთის მდინარისკენ მიმართულ ფერდობებზე გვეძინა. ერთხელ, ბაბამ თავისი ზეწარი შემომთავაზა გადასაფარებლად, და თუმცა თავიდან ვიუარე, მაინც არ მომეშვა. მას შემდეგ ხშირად გვეძინა ერთი გადასაფარებლის ქვეშ. მან მასწავლა, როგორ უნდა მეპოვა ტყეში საჭმელად ვარგისი და სამკურნალო ფესვები, ნაყოფები და ფოთლები.
სოფლებში, სადაც ბაბასთან ერთად დავდიოდი, იგი მასწავლიდა მოწყალების თხოვნას ისე, რომ საკუთარი ღირსება არ დამეკარგა. ინდოეთის სოფლებში დასავლური ქვეყნებისგან განსხვავებით, ადამიანები, რომლებიც მოწყალების ხარჯზე ცხოვრობენ, დიდი პატივისცემით სარგებლობენ, რადგანაც ისინი, ვინც მოწყალებას აძლევს მათ, ეხმარებიან რა მოხეტიალე განდეგილებს, საპასუხოდ ბევრს იღებენ მათგან. და რადგანაც კაილაშ-ბაბა ღირსებით აღსავსე წმინდა ადამიანი იყო, მეც განვიმსჭვალე იმის შეგნებით, რომ მოწყალების ხარჯზე ცხოვრება – ცხოვრების ძალიან ამაღლებული სახეა. ბაბამ მასწავლა, როგორ გამეტანა თავი მხოლოდ ბრინჯის ფანტელებით. ბრინჯის ფანტელები ძალიან იაფია, ამიტომ ნებისმიერი მებაყლე სიამოვნებით სწირავდა მათ. ამასთან ისინი არ ფუჭდებიან. ჯუნგებში შეიძლება რამდენიმე კვირა გაატარო ისე, რომ მხოლოდ ბრინჯის ფანტელებით იკვებო. საჭირო იყო მხოლოდ ნაკადულის წყალი დაგესხა მასზე. ბაბამ ასევე მასწავლა, როგორ შემენარჩუნებინა სხეული სათანადო სისუფთავეში: როგორ გამეწმინდა კბილები ნიმის ხის ტოტით, საპნის ნაცვლად კი მდინარის თიხა გამომეყენებინა. კვებასთან და ჰიგიენასთან დაკავშირებულ დარიგებებთან ერთად, მნიშვნელოვანი გაკვეთილები ჩამიტარა იმის შესახებ, თუ როგორ მოვპყრობოდი პატივისცემით არა მხოლოდ წმინდა მდინარეებს, ტაძრებს, ხეებს, მზეს, მთვარეს და წმინდა ცეცხლს, არამედ ასევე გველებს, მორიელებს და ველურ მხეცებსაც. ბაბა არ ლაპარაკობდა ინგლისურად, მაგრამ იდუმალი ხერხებით გამოსდიოდა ჩემთვის თავისი იდეების გადმოცემა, განსაკუთრებით მაშინ, როცა უნდოდა ხაზი გაესვა, რომ ღმერთი ყველა ცოცხალი არსების გულში ცხოვრობს. ასე მასწავლა, როგორ დამენახა სული შხამიანი გველების გულში, პატივი მეცა მათთვის და არ დამერღვია მათი სასიცოცხლო სივრცე. ხოლო როცა სხვა სადჰუებს ვხვდებოდით, მაგალითს მიჩვენებდა, თუ როგორ უნდა მოვპყრობოდი მიუხედავად მათი რელიგიისა და რწმენისა და როგორ გამეზიარებინა მათთან ერთად ტრაპეზი.
რაც უფრო მეტს ვმოგზაურობდით ერთად, მით უფრო მეტად ვუყურებდი ბაბას, როგორც საკუთარ მამას. და ისიც დიდი სიყვარულითა და ზრუნვით მეპყრობოდა, როგორც საკუთარ შვილს. თუმცა ვერ ველაპარაკებოდით ერთმანეთს, ენობრივი ბარიერი ხელს ვერ უშლიდა ჩვენი გულების ურთიერთობას. ჟესტებით, ღიმილით, ხანდახან მკაცრი მზერით, იგი მასწავლიდა ყველაფერ აუცილებელს. შორიდან საკმაოდ საშიშად გამოიყურებოდა: მკაცრი ასკეტი, მთებში მცხოვრები, გრძელი თმით და განუყრელი რკინის სამკაპით ხელში. მაგრამ მე იგი გამეხსნა, როგორც უკეთილესი და უდელიკატურესი ადამიანი – უფრო კეთილი ადამიანი მანამდე არც კი შემხვედრია. მას შემდეგ, რაც მივიღებდით რა მოწყალებას სოფლებში, ჩვენს უბრალო ტრაპეზს შევუდგებოდით ხოლმე, ბაბა თავიდან ყოველთვის ჩემს დანაყრებას ელოდა და თვითონ მხოლოდ ამის შემდეგ მიირთმევდა. ხოლო როცა უარს ვამბობდი, რომ პირველი მეჭამა, ისეთ უბრალო და უმანკო მზერას მესროდა ხოლმე, რომ უნებლიედ ვემორჩილებოდი. ყოველ ჯერზე, როცა ბაბა მიყურებდა, თვალები სიყვარულის ცრემლებით ევსებოდა. თითონაც სიყვარულით და ზრუნვით იყო სავსე, და ჩემშიც იგივე გრძნობებს იწვევდა, თითქოს მთელი ცხოვრება ვიცნობდი.
ბაბასგან და სხვა ადამიანებისგან, რომლებიც მოგზაურობისას შემხვდნენ, შევიტყვე ღმერთის სხვადასხვა გამოვლინებების შესახებ, რომლებიც ინდუისტურ პანთეონში შედიან. ჯერ ვერ გავრკვეულიყავი ჩემს დამოკიდებულებაში ამ მრავალრიცხოვანი ღვთაებების მიმართ – ყველაფერი ეს საკმაოდ უჩვეულო იყო ჩემთვის, - მაგრამ მე ვხედავდი, თუ როგორ სიყვარულს და ერთგულებას იწვევდნენ ისინი სხვა ადამიანებში. არანაირი წინასწარგანწყობა არ მქონდა ამ საკითხის მიმართ, და თავადაც ვერ ვითმენდი, ერთი სული მქონდა, როდის გავერკვეოდი ამ ყველაფერში.
კაილაშ-ბაბა შივას ეთაყვანებოდა – ღმერთის გამოვლინებას, რომელიც მატერიალურ სამყაროს მართავს და საჭირო დროს ანადგურებს მას. ბაბა განუწყვეტლივ იმეორებდა მანტრას “ომ ნამაჰ შივაია!” ერთად დავდიოდით ტყის ბილიკებზე და იგი ხშირად მიმართავდა შივასა და მის მეუღლეს: “ჯაია შანკარ!”, “ჰე ვიშვანათჰ!”, “ჰე კადარნათჰაჯი!”, “ჯაია შრი პარვატი!” და “ჰე უმა მატა!” ყოველთვის, როცა სხვა შივაიტები გვხვდებოდნენ, ამ მანტრების ერთობლივ გალობას ვაწყობდით. როცა სიმღერა აპოგეას აღწევდა, კაილაშ ბაბა ტრანსში ვარდებოდა და გაუჩერებლად უკრავდა თავის ბარაბან დამარუზე. ბარაბანი დამაყრუებელ ხმებს გამოსცემდა, რითაც სხვა სადჰუებსაც ექსტაზში აგდებდა. ისინი ქანაობდნენ და მათი გრძელი თმის კულულები რიტმულად ირხეოდნენ. ზოგიერთი ტაშს უკრავდა, ზოგი კი წამოხტებოდა ხოლმე და მისტიკურ ცეკვით იწყებდა ტრიალს.
კაილაშ-ბაბა უზადო ავტორიტეტით სარგებლობდა მოხეტიალე სადჰუებს შორის. როგორც ერთმა ხანშიშესულმა გაანდეგილმა საიდუმლოდ გამანდო, კაილაშ-ბაბა სრულებით შესაძლოა რამდენიმე ასეული წლისა ყოფილიყო. ზუსტად არავინ იცოდა მისი ასაკი. იგი ზეადამიანურ იოგურ ძალებს ფლობდა, შეეძლო ავადმყოფების განკურნება და სხვა სასწაულების მოხდენა. “ოცდაათი წლის წინ მე თავად ვიყავი მისი საოცარი შესაძლებლობებისმოწმე, - მითხრა ამ განდეგილმა. – მასთან უამრავი ხალხი მიდიოდა და ისე სცემდა თაყვანს, როგორც ღმერთს. მაგრამ კაილაშ-ბაბამ გააცნობიერა, რომ ძალაუფლება და დიდება – დაბრკოლებაა სულიერ ცხოვრებაში. აღქმა დადო, რომ არავის მოუყვებოდა თავისი საოცარი შესაძლებლობების შესახებ და აღარასოდეს მოახდენდა მათ დემონსტრირებას. არ ჰყავდა მოსწავლეები, არ ჰქონდა საკუთარი აშრამი, უბრალოდ მარტო დახეტიალობდა ჰიმალაების ტყეებში”. მე ოდნავაც არ გამკვირვებია, როცა გავიგე, რომ კაილაშ-ბაბა მისტიკურ ძალებს ფლობდა. გაცილებით უფრო მეტი შთაბეჭდილება მისი ნატურის სიმრთელემ და ძალამ, ასევე არჩეული გზისადმი ერთგულებამ მოახდინა.
დრო გადიოდა და თანდათან ვხვდებოდი, რომ კაილაშ-ბაბა კვლავ მარტო დარჩენაზე ოცნებობდა. არ მინდოდა ჩემი საზოგადოება მომეხვია მისთვის თავს, და თვითონაც ვხვდებოდი, რომ ჩემთვისაც დრო იყო, გამეგრძელებინა ჩემი გზა. ბაბას ფეხებში ვემთხვიე და კურთხევა ვთხოვე. მან გულწრფელად გაიცინა და თვალცრემლიანმა მომიმწყვდია თავის მძლავრ, დათვურ მკლავებში. შემდეგ დამლოცა და სიტუაციის შესაფერისი მანტრა წაიკითხა. მე ძალიან ამაღელვა მისმა არაყალბმა განდეგილობამ, და ერთი შეხედვით მასთან შეუთავსებელმა გულისმიერმა სიკეთემ. ჩვენ შევიყვარეთ ერთმანეთი, როგორც მამა-შვილმა, მაგრამ ვიყავით რა მოხეტიალე სადჰუები, გვესმოდა, რომ სავარაუდოდ ვეღარ შევხვდებოდით ერთმანეთს.
ახალი ურთიერთობების სიტკბო და იმ ადამიანთან გარდაუვალი განშორების სიმწარე, რომელიც ძვირფასი გახდა ჩემთვის, ჩემს მიერ არჩეული ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. მსგავსი განცდების გადატანა ადვილი არ იყო, მაგრამ განშორების ტკივილის გამო, ამ ურთიერთობებისგან გამოწვეული სიხარული კვლავაც ცოცხლობს ჩემს გულში. კაილაშ-ბაბასთან დამშვიდობებისას ვლოცულობდი, რომ მუდამ მხსომებოდა იგი. მაშ გამოდის, რომ ჩემი ლოცვები წარმატებული აღმოჩნდა.
* * *
დაახლოებით იმავე პერიოდში ოჯახს მივწერე წერილი, რომელშიც მიღებულ გამოცდილებას ვუზიარებდი.
ჩემო ძვირფასებო!
სჯობს, სიღარიბეში იცხოვრო, ვიდრე ცარიელი ოქროს სასახლისთვის გაყიდო სული, სჯობს, უსახელოდ იცხოვრო, ვიდრე ცარიელი დიდებისთვის, იაფფასიანი თაყვანისცემისთვის და არაფრისმომცემი პატივისთვის გაყიდო სული. იქ, სადაც შინაგანი თავისუფლება არაა, იქ არც სიცოცხლეა. ამიტომ სჯობს მოკვდე, ვიდრე საკუთარი იდეალის ძიების შესაძლებლობა დაკარგო.
ახლა იმით ვარ დაკავებული, რომ წმინდა ადგილას და წმინდა ადამიანების ხელმძღვანელობით ვსწავლობ აღმოსავლეთის შეუფასებელ სიბრძნეს. გთხოვთ, გამიგეთ, რომ ამ ყველაფერს დრო დასჭირდება. მე ჯერ კიდევ დამწყები ვარ. საკუთარ თავზე შეყვარებული ეგოისტი ვარ, სულიერად ბრმა და უმეცრებაში ჩაფლული. ძნელად თუ მოიძებნება ვინმე, ვინც უფრო შორსაა ღმერთის გაგებისგან, ვიდრე მე. ამიტომ ჩემნაირ ბრიყვს დიდი დრო დაჭირდება ჭეშმარიტების იმ სინათლის შეცნობა, რომელიც თქვენშიც ანათებს და ჩემშიც.
სიყვარულით,
რიჩარდი
ფლორენციის ტაძარში ლოცვისას სულიერი წყურვილის ნაპერწკალი ცეცხლად იქცა. ჩემს გულში. კუნძულ კრეტაზე მედიტაციამ კოცონი გააჩაღა მისგან, ხოლო ხიფათებით სავსე მოგზაურობამ ახლო აღმოსავლეთში, შეშა შეუნთო ამ კოცონს, რითაც უფრო მწველი და ძლიერი გახადა იგი. მაგრამ აქ, ჰიმალაებში, წმინდა ადამიანებთან ურთიერთობაში, ეს ცეცხლი მთელი ძალით აგიზგიზდა ჩემში. სულიერი სრულყოფა ჩემს ერთადერთ მიზნად დავისახე და ღმერთს შევთხოვდი დახმარებას.
ოცი წლის ვიყავი. ასკეტური ცხოვრების შედეგად ძალიან გავხდი და სულ რაღაც ორმოცდაათ კილოგრამს ვიწონიდი. ჩემი ტანსაცმლის ერთადერთი კომპლექტი რუხი გახდა მდინარეებში, ნაკადულებსა და გუბურებში ყოველდღიური რეცხვისგან. კანი გამიმკვრივდა და გამიუხეშდა, ტუჩები დამეხეთქა, თმები ჩამომეძენძა. იაფფასიანი რეზინის სანდალების ტარების გამო ტერფები მათში ჩამჯდარი ჭუჭყისგან გამიშავდა, ქუსლებს კი ნაპრალები დაეტყო. ჩემს მიერ არჩეული ცხოვრების წესი ჯანმთელობაზეც აისახა, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევდი – ჩემი სწრაფვა გასხივოსნებისკენ ისეთი ძლიერი იყო, როგორც არასოდეს.
მე მომწონდა მოხეტიალე სადჰუს ცხოვრების წესი, და სიხარულით ველოდი ახალ თავგადასავლებს და შეხვედრებს დიად სულებთან, რომლებმაც სულიერების მწვერვალებს მიაღწიეს. ტყეში ხეტიალისას ხშირად ვეკითხებოდი საკუთარ თავს: ვიპოვი ოდესმე იმ ერთადერთ გზას და იმ მასწავლებელს, რომელსაც მთლიანად მივუძღვნი საკუთარ თავს?
ერთხელ დევ-პრაიაგში რამდენიმე სადჰუმ სადილზე დამპატიჟა შორიახლოს მდებარე აშრამში. ზუსტად ამ დროს აშრამში ჯუნგლებიდან რომელიღაც იოგი მოვიდა. იქ მყოფთაგან არავინ იცნობდა მას. სტუმარმა ითხოვა, რომ საღამოს ყველა ექიმი მოეწვიათ, ვინც კი ქალაქშიიყო. როცა ექიმები მოვიდნენ, იოგმა ხმამაღლა გამოიწვია ისინი: “მატერიალიზმით დაავადების გამო, თქვენ უფრო მეტად ენდობით თანამედროვე მეცნიერებას, ვიდრე საკუთარ მემკვიდრეობას. ღმერთმა ჯუნგლებიდან აქ მომიყვანა, რათა თქვენი ბრიყვული სიამაყე მოვცელო. იოგური შესაძლებლობების წყალობით ჩემი სხეულის ყველა სისტემას გავთიშავ და მოვკვდები. და თქვენ ამას თქვენი სამედიცინო მოწყობილობებით დაადასტურებთ. და ზუსტად ნახევარ საათში მკვდრეთით აღვდგები”.
იოგი გამართული ხერხემლით დაჯდა ლოტოსის პოზაში და ნელა და ღრმად სუნთქვა დაიწყო. დაახლოებით ოცი ჩასუნთქვის შემდეგ სუნთქვა შეიკავა და გაშეშდა. ექიმებმა რიგ-რიგობით გასინჯეს სტეტოსკოპებით და სხვა ინსტრუმენტებით, მაგრამ ვერ აღმოაჩინეს ვერც გულისცემა, ვერც სუნთქვა და ვერც პულსი. ექიმები გაოგნებულები იყვნენ. “ის კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იმყოფება”, - თქვა ერთ-ერთმა მათგანმა. არც ისე ძალიან მჯეროდა მათი, ამიტომ თავად მივედი და ექიმს სტეტოსკოპი ვთხოვე. მაგრამ პულსის აღმოჩენის ყველა ჩემი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.
ჩემი პირველი ნაცნობობა იმასთან, თუ როგორ შესაძლებლობებს ხსნის იოგა კაცობრიობის წინაშე, სვამი რამას წყალობით მოხდა ჯერ კიდევ ნიუ-დელიში. მთელი ის დრო, რაც ჰიმალაებში დავყავი, ვვარჯიშობდი პრანაიამაში, სუნთქვით ვარჯიშებში, და ასანებში, იოგურ პოზებში. მდუმარე მედიტაცია დამეხმარა, რომ უფლის ღვთაებრივ ენერგიასთან უნისონში მომეყვანა ჭკუა და სხეული. კარგად ვიცოდი იმ საოცარი შედეგების შესახებ, რომლის მიღწევის საშუალებასაც იოგა იძლევა, მის უზარმაზარ სარგებლობაზე ჯანმრთელობისთვის და იოგების უნარზე – საკუთარი სურვილით შეიცვალონ ფიზიკური მდგომარეობა. თუმცაღა ის, რაც ახლა დავინახე, ჩემს წარმოსახვაში არ ჯდებოდა.
ზუსტად ოცდაათი წუთის შემდეგ, წამი წამში, იოგმა ამოისუნთქა, თვალები გაახილა, ადგა და ხმაამოუღებლად წავიდა უკან, ჯუნგლებში.
მას არავისგან არაფერი არ სჭირდებოდა. უბრალოდ უნდოდა სკეპტიკოსებისთვის ეჩვენებინა იოგას შესაძლებლობები. და ჩვენ გაოცებულნი დიდხანს ვუყურებდით ტყეში მიმავალ იოგს.
* * *
სადაც არ უნდა წავეყვანე ჩემს მოგზაურობას, ყველგან მესმოდა საპატივცემულო სიტყვები წმინდა ქალის შესახებ სახელად ანანდამაი მა. თავადაც წამიკითხავს მის უჩვეულო შესაძლებლობებზე პარამაჰამსა იოგანანდას სახელგანთქმულ წიგნში “იოგის ავტობიოგრაფია”, სადაც ცალკე თავი დაუთმო მას სახელწოდებით “დედა, განმსჭვალული ნეტარებით”. ერთმა სადჰუმ განგის ნაპირას დევ-პრაიაგში მომიყვა, რომ ანანდამაი მა ცხოვრობს ჰიმალაებში, ქალაქ დეჰრა-დუნში. “დღეს იქ წასვლას ვაპირებ ავტობუსით, მინდა ეს წმინდა ქალი ვნახო, - მითხრა სადჰუმ. – თუ გინდა ერთად წავიდეთ”.
ანანდამაი მას სახლის ეზოში, მიმდევრების მთელი ბრბო მოუთმენლად ელოდა მის გამოჩენას. ჩემი თანამგზავრი სადღაც გაქრა, და მალე ჩემს გარშემო ხალხთა მცირე ჯგუფი შემოიკრიბა, რომლებმაც თავისი სულიერი მოძღვრის შესახებ მოყოლა დამიწყეს.
ანანდამაი მა ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ინდირა განდის გურუ გახლდათ. იგი დაიბადა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს აღმოსავლეთ ბენგალიის პატარა სოფელში. ბავშვობიდან დაწყებული, გულგრილი იყო მიწიერი სიამოვნებების მიმართ და ხანდახან ტრანსში ვარდებოდა, რითაც ძალიან აშფოთებდა თავის ოჯახს. რაც უფრო ხშირად მესმოდა მისი მიმდევრებისგან ანანდამაი მას ექსტაზის გამოვლინებების, თანაგრძნობის და სასწაულების შესახებ, მით უფრო მეტ აღტაცებას იწვევდა იგი ჩემში. რაღაც მომენტში ყველა მომლოდინე ფეხზე წამოხტა და მიესალმა გამხდარ ხანშიშესულ ქალს უბრალო თეთრ სარიში. ეს ანანდამაი მა იყო. ისიც თავის მხრივ ყველასმოგვესალმა, ხელისგულები შეატყუპა და სკამზე დაჯდა. თვალები სიხარულისგან უბრწყინავდა. მიუხედავად გარეგნული სუსტი აღნაგობისა, იგი რაღაც არაამქვეყნიურ ძალას ასხივებდა. მისი სახე, მიუხედავად იმისა, რომ ნაოჭებით იყო დაფარული, მოთამაშე ბავშვის სახეს ჰგავდა. ანანდამაი მა პატარა გოგონასავით უშუალო იყო, და ამავე დროს ბრძენი და სერიოზული, როგორც სამყაროს დედა. იყო ნაზი, როგორც ყვავილი, რომელიც ხელში ეჭირა, მაგრამ ამასთან იგრძნობოდა, რომ უზარმაზარ ძალას და ურყევ ნებას ფლობდა.
მან ღმერთის სახელების გალობა დაიწყო. თან გვიღიმოდა და ტაშს უკრავდა. შემდეგ, მცირე პაუზის მერე, ანანდამაი მამ დაიწყო ლაპარაკი სიყვარულის, სიბრძნისა და თავგანწირულობის შესახებ. “სიყვარული – ეს უსაზღვრო ყოვლადმიმტევებლობაა, - დაიწყო მან. – ხოლო ჭეშმარიტი სიბრძნე იმაში მდგომარეობს, რომ ყველაფერი უზენაეს მთელთან კავშირში დავინახოთ. როცა თქვენ გაიგებთ, რომ ყველაფერი მას ეკუთვნის, ყველა შფოოთვისგან განთავისუფლდებით”. გრაციოზულად დაიდო გულზე ხელი და დახუჭული თვალებით წარმოთქვა: “ყველა ჩვენი ტანჯვის მიზეზია – კონცეფცია “მე” და “ჩემი””. ყველა ტანჯვა გამოწვეულია ჩვენი ღმერთისგან მოწყვეტილობით. მაგრამ როცა ღმერთთან ერთდ ვართ, წუხილი წყდება. ღმერთი ტანჯვებით ტანჯვებს ანადგურებს, უბედურებებით კი უბედურებებს. როცა ეს მოხდება, იგი შეწყვეტს ჩვენთვის ტანჯვების და უბედურებების გამოგზავნას. ყოველთვის გახსოვდეთ ეს”.
თვისი შვილებისადმი მიმართულმა მოსიყვარულე დედის ამ სიტყვებმა ცრემლები მომგვარა. მსუბუქმა ქარმა დაუქროლა ეზოში მდგარ ხის ფოთლებს. ანანდამაი მა წამით გაჩუმდა და ხის ტოტებზე მოჭიკჭიკე ბეღურას დააკვირდა. იქ შეკრებილებმა ერთმანეთს ღიმილით გადახედეს და მისი ჩუმი სიხარულით დატკბნენ. “ეს სამყარო სიამოვნებასა და ტანჯვას შორის მერყეობს, - განაგრძო მან. – რა საიმედოობაზე, ხვალინდელი დღის რა რწმენაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? ყველაფერი ეს შეგვიძლია მხოლოდ ღმერთში მოვიპოვოთ. ტანჯვა იმისთვის გვეგზავნება, რომ ღმერთი გავიხსენოთ და მასში ვეძიოთ შვება. ყოველთვის, როცა ამის შესაძლებლობა გექნებათ, გაიმეორეთ ღმერთის წმინდა სახელი. წმინდა სახელის წარმომთქმელი ღმერთის საზოგადოებაში იმყოფება. ღმერთი – თქვენი საუკეთესო მეგობარია, და თუკი ყოველთვის მასთან იქნებით ურთიერთობაში, მაშინ თვითონ გაგიხსნით საკუთარ თავს”.
მისი კეთილი მზერა რწმენას და იმედს აღვიძებდა, ხოლო მისი უშფოთველობა და უბრალოება სიმშვიდით მივსებდა გულს. თუმცა თავად ბავშვად თვლიდა თავს, ყველანი დედად აღიქვამდნენ. იმ მცირე ხნის განმავლობაში, რომელიც ანანდამაი მასთან გავატარე, არაერთხელ ვნახე, როგორ იჯდნენ მის ტერფებთან, კურთხევის მოლოდინში, ის განდეგილი სადჰუები, იოგები და სვამები, რომლებიც როგორც წესი ქალებისგან შორს იჭერენ თავს.
ერთხელ, როდესაც შიდა ეზოში სრულ მარტოობაში ვიჯექი, მოულოდნელად ანანდამაი მა შემოვიდა. მინდოდა რა პატივისცემა გამომეხატა, ქედი მოვიხარე მის წინაშე და ტერფებზე შევეხე. იგი ძალიან შეცბა და გაწითლდა. დანაშაულის მწვავე გრძობამ შემიპყრო. ანანდამაი მას დანახვისას უნებლიეთ მომინდა მისდამი მოწიწების გამოხატვა, მაგრამ უხეშად და უტაქტოდ გამომივიდა. ეს რა ჩავიდინე! მივხვდი, რომ მიუხედავად თავისი ამაღლებული მდგომარეობისა, ის ძალიან მოკრძალებული იყო, ამიტომ ერჩივნა, რომ მისი მიმდევრები არ შეხებოდნენ მის ტერფებს.
დაინახა რა, რომ სირცხვილით დავიწვი, შევეცოდე და ჩემს გვერდით სკამზე ჩამოჯდა. ბავშვივით იღიმებოდა. თვალები გადაუტრიალდა, ქუთუთოები აუთრთოლდა და დაეხურა. ტრანსში ჩაიძირა და მისგან მომავალი დედობრივი სიყვარულის აურაშევიგრძენი. მისი სახე, ახალშობილივით უმანკო, ანგელოზურმა ნათელმა გაასხივოსნა. მასთან ერთად მეც იდუმალ სიჩუმეში ჩავიძირე. რაღაც დროის შემდეგ ანანდამაი მა ტრანსიდან გამოვიდა, გამიღიმა და ჟესტით მიმიხმო თავისთან. მისი თვალები სიყვარულს და სინაზეს ასხივებდნენ, და როდესაც მათ უძირო სიღრმეშიჩავიხედე, მატერიალური სურვილებისგან სრული თავისუფლება დავინახე. ჩუმად მიიდო რა ყვავილი ცხვირთან და ტუჩებთან, ანანდამაი მამ მე გადმომცა იგი, შემდეგ კი ადგა და წავიდა.
სათუთად შევინახე მეხსიერებაში ამ შეხვედრის შესახებ მოგონება და მოგზაურობა განვაგრძე. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ სადჰუს ცხოვრება – ეს არაა უბრალო გამოცდა. მე მიწევდა ზამთრის სიცივის ატანა თბილი ტანსაცმლის გარეშე. სასთუმლის მაგივრობას ცივი მიწა მიწევდა მდინარის ნაპირას, სახურავის მაგივრობას კი ხეები და გამოქვაბულები. დღისითაც და ღამითაც დაუცველი ვიყავი მწერებისა და მხეცების წინაშე, ავადმყოფობის შემთხვევაში კი ვერავის იმედი ვერ მექნებოდა. თუმცა ყველაზე რთული გამოცდა სრული მარტოობა აღმოჩნდა. მაგრამ ეს ვერ შემაჩერებდა. დეჰრა-დუნიდან ჩრდილო დასავლეთითგავემართე, უფრო მაღალ ჰიმალაებში, უტარ-კაშიში – ადგილას, რომელსაც წმინდანთა ველს უწოდებენ. უხსოვარი დროიდან მოდიოდნენ აქ იოგები, რათა განმარტოებულიყვნენ და ემედიტირათ. უტარ-კაშის შემოგარენში ხეტიალისას, მაღლა მთაში გამოქვაბული ვიპოვე, საიდანაც ქვემოთ გადაშლილი ტყეების ჭვრეტა შეიძლებოდა.
გამოქვაბულში რამდენიმე დღე დავყავი და ერთხელაც ლეოპარდის ნადირობას შევესწარი: იგი ჩაუსაფრთა ფურ-ირემს, ეცა და ძლიერ ყბებში მოიქცია მსხვერპლი. ტყეში რუხი-მოთეთრო მაიმუნების ჯოგი ცხოვრობდა. ისინი გამუდმებით ეჩხუბებოდნენ ერთმანეთს და ხიდან ხეზე დახტოდნენ სხვადასხვა ნაყოფისა და კენკრას ძებნაში. კოპლებიანი ირემი მწვანე ფოთოლსა და ბალახს ღეჭავდა და ბუჩქებში იქექებოდა, და თან აქეთ-იქით მფრთხალად იმზირებოდა. ეგზოტიკური შეფერილობის ჩიტები ტოტიდან ტოტზე გადაფრინდებოდნენ ხოლმე და მწერებითა და კენკროვნებით იკვებებოდნენ. სამეფო კობრა ნადავლის ძიებაში უხმაუროდ მისრიალებდა ხეებს შორის და ვერ ამჩნევდა მანგუსტს, რომელიც უკნიდან უახლოვდებოდა და მზად იყო გაეგლიჯა იგი. ყველანი ჩემი მეზობლები იყვნენ, მე კი მხოლოდ სტუმარი ვიყავი მათ სახლში. ვიხსენებდი, ტყის ბინადრებთან როგორ მოპყრობასმასწავლიდა კაილაშ-ბაბა და ვლოცულობდი, რომ უშიშარობა შემენარჩუნებინა. ყოველ ცოცხალ არსებას, მიუხედავად მათი ცხოვრების ტიპისა, უწევს არსებობისათვის ბრძოლა, რომელშიც სუსტი ძლიერის მსხვერპლი ხდება. “მაგრამ ადამიანურ ცხოვრებას, - ვფიქრობდი მე, - სხვა, გაცილებით უფრო მაღალი დანიშნულებააქვს”.
ჩემს ტყის საცხოვრებელში ჯდომისას, ხშირად ამოვიღებდი ხოლმე ჩანთიდან იმ ფოტოს ლურჯკანიანი ყმაწვილის გამოსახულებით, რომელიც ნიუ-დელიში მოვიდა ჩემთან, და ვმედიტირებდი მასზე. ვგრძნობდი, რომ თანდათან უფრო და უფრო მიზიდავდა ეს მშვენიერი ფლეიტისტი და კვლავ და კვლავ ვსვამდი კითხვას – ვინ შეიძლებოდა ეს ყოფილიყო? მაგრამ სხვებისთვის ამის კითხვა არ მინდოდა, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ საჭირო დროს ღმერთის ნებით ეს საიდუმლო თავისთავად გამეხსნებოდა.
ერთხელ, გაზაფხულზე, სრულ მარტოობაში ვიჯექი ჰიმალაების ტაძრებიდან ერთ-ერთის შიგა ეზოში და დილის სიჩუმეს ვიყავი მიყურადებული. შორიახლოს ფუტკარი ბზუოდა და ნექტარის ძებნაში ერთი ყვავილიდან მეორეზე გადაფრინდებოდა ხოლმე. ვაკვირდებოდი რა ფუტკარს, მივხვდი, რომ სწორედ იგივეს ვაკეთებდი – ვმოგზაურობდი ყველფგან სულიერი სიბრძნისა და შთაგონების ნექტარისთვის, მაგრამ ჯერ ვერ გავრკვეულიყავი ჩემს სურვილებში, რათა ამერჩია ჩემთვის რომელიღაც ერთი ადგილი, ერთი გზა და ერთი მასწავლებელი.
უცებ შორიდან ჩვილი ბავშვის ტირილი მოისმა, რომელიც დედას უხმობდა. ამ წამში მეც სულიერ ჩვილად აღვიქვი თავი, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ არ შემეძლო ასე გულწრფელად ტირილი. ნეტავ მალე დადგეს ის დღე, - გავიფიქრე მე, - როცა ვისწავლი ჩემი საყვარელი უფლისადმი გრძნობის ისევე გულწრფელად გამოხატვას, როგორც ეს ბავშვი.
ეზოში მთიდან მომავალმა ქარმა დაიქროლა და ხეებზე ახალგზარდა ფოთლები შეარხია. მე დავფიქრდი იმაზე, თუ რა გვეხმარება ცხოვრების აზრის წვდომაში, და გადავწყვიტე ჩემი ფიქრები მშობლებისთვის გამეზიარებინა.
როგორაა საქმე დედამიწის მეორე მხარეს? მე ვფიქრობ, რომ რაც უფრო კეთილები ვხდებით, მით უფრო მეტად კეთილგანწყობილნი ხდებიან ჩვენდამი გარშემომყოფები, და რაც უფრო მეტი კარგია ჩვენში, მით უფრო გვიადვილდება ჩვენს გარშემო კარგის დანახვა.
რიჩარდი
უეცრად გონგის ხმა გაისმა, და ტაძრის ეზოში სოფლის მცხოვრებლებმა დაიწყეს შეკრება. ტაძარი მცირე ქვის ნაგებობას წარმოადგენდა, რომელიც ველური მხეცებით დასახლებული ტყის მცირე მოშიშვლებულ მონაკვეთზე აეშენებინათ. ტაძრის გარშემო კედელივით იყო შემორტყმული ბანიანის, ნიმის და ტამარინდის ხეები. ადგილობრივი მაცხოვრებლები ტაძარში ქვისგან შექმნილ ღვთაებას ეთაყვანებოდნენ. კითხულობდნენ ლოცვებს, სთავაზობდნენ სანთლებს და ყვავილებს. რამდენადაც იუდაიზმის ტრადიციით ვიყავი აღზრდილი და მის გარდა მხოლოდ ქრისტიანობას და ისლამს ვიცნობდი, გარკვეულ დისკომფორტს ვგრძნობდი ამ ცერემონიისგან, და არ მივიღე მასში მონაწილეობა. იქნებ, ეს კერპთაყვანისცემაა? ზუსტად არ ვიცოდი, ამიტომ ვცდილობდი თავიდან ამეცილებინა წინასწარგანწყობილი განსჯა, და ვიმედოვნებდი, რომ მომავალში უკეთ გავერკვეოდი ამ ყველაფერში.
იმ დღეს გავიცანი ძალიან საინტერესო ადამიანი – მოხეტიალე სადჰუ სახელად ბალაშივა იოგი. გარეგნულად ორმოცი წლისას ჰგავდა, და ხშირად ახამხამებდა ან ჭუტავდა თვალდებს. იგი იყო საშუალო სიმაღლის და სრული, ტალღოვანი შავი თმით და მხიარულად მბრწყინავი თვალებით, და დაუდგრომელი მოზარდივით იქცეოდა. სულ რაღაცას ლაპარაკობდა და ერთი წუთი ვერ ჩერდებოდა ადგილზე. ითხოვდა რა მოწყალებას, იგი განსაკუთრებით ტკბილეულს მოითხოვდა. პირველად ვნახე ჰიმალაელი განდეგილი, რომელიც ასე იქცეოდა. მაგრამ როცა საქმე იოგას ეხებოდა, ბალაშივა გარდაიქმნებოდა ხოლმე და კონცენტრაციის განსახიერება ხდებოდა. მისი ეს მრავალწახნაგოვანი ბუნება ძალიან საინტერესოს ხდიდა მასთან ურთიერთობას. რამდენიმე დღე გავატარეთ ერთად და დავმეგობრდით. მაგრამ რაღაც მომენტში დაჟინებული მოთხოვნილება ვიგრძენი, რომ გამეგრძელებინა ჰიმალაების მწვერვალებისკენ აღმასვლა.
როცა გამოსამშვიდობებლად მივედი ბალაშივასთან, მან ხელზე ხელი მტაცა: “არ წახვიდე, - დაჟინებით მთხოვდა იგი. – მინდა რომ დღეს საღამოს ჩემი ლექცია მოისმინო. ძალიან გთხოვ!” რაც უფრო მეტად ვუარობდი, მით უფრო მეტად მთხოვდა. ბოლოს როგორც იქნა დავნებდი. ლექციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი მოვიდა. სცენაზე ბალაშივა იოგი იდგა. მე სცენის მარცხნივ სკამზე ჩამოვჯექი. ბალაშივა იოგიმ პროგრამა იმით დაიწყო, რომ ყველას ანახა ცარიელი ხელისგული. შემდეგ მუშტად შეკრა იგი და მედიტაციაში ჩაიძირა. როცა კვლავ გაშალა ხელისგული, ხალხის გასაკვირად, მასზე შავი მოგრძო ქვა იდო. ეს იყო შივა-ლინგამი – უფალი შივას სიმბოლო. ბალაშივას ხელისგულზე ქვა არსაიდან გაჩნდა, თითქოს მისგან ამოიზარდა. ყველა გაოგნებული იყო დანახულით. რამდენადაც შემეძლო განმესაჯა, ეს იყო ნამდვილი სასწაული, და არა ხელის სისხარტე. ბალაშივა იოგიმ სცენაზე დადო შივა-ლინგამი, შემდეგ კი რომელიღაც მანტრები წარმოსთქვა და ხელისგულზე ფერფლის მატერიალიზება მოახდინა. ეს მისტიკური ფერფლი უწყვეტი ნაკადით იფრქვეოდა მისი ხელისგულიდან პირდაპირ შივა-ლინგამზე. წუთიც არ გასულა, რომ იგი ფერფლის მთის ქვეშ აღმოჩნდა. შეკრებილები, ჩემი ჩათვლით, ამ სასწაულს მონუსხულები შევცქეროდით.
რომელიღაც მოხუცი კაცი წამოდგა და ბალაშივა იოგის ქება-დიდება დაიწყო, ხოლო მოხუცი ქალი მოწიწებით უმზერდა, თითქოს ღმერთი ყოფილიყო. როცა ბალაშივას გამოსვლა დასრულდა, ყველამ გზა დაუთმო, და პატივისცემა გამოხატა მისდამი. მე კი გვერდზე გავდექი, და ვერ გამეაზრებინა, როგორ შეძლო ასეთმა უბრალო და მოუსვენარმა ადამიანმა ასეთი საოცარი შესაძლებლობების განვითარება. უცებ ბალაშივა იოგიმ ხელები ზემოთ აღაპყრო და ომახიანი ხმით მიმართა იქ შეკრებილებს: “ის, რაც ახლა დაინახეთ – იოგური შესაძლებლობაა, სახელად პრაპტი-სიდჰი. იგი ზებუნებრივად ეჩვენებათ მხოლოდ მათ, ვინც იოგას მეცნიერებას არ იცნობს. იოგას ვარჯიშის შედეგად შესაძლებელია ფიზიკური ელემენტებით მანიპულირება. ამისთვის თავდაპირველად უნდა გავიგოთ, როგორ ვმართოთ ნატიფი ელემენტები ჭკუის მეშვეობით.”. შემდეგ მოიღუშა და განაგრძო: “არავის აქვს უფლება, რომ მოგატყუოთ. ის, რაც ახლა გაჩვენეთ, არავითარ კავშირში არაა სულიერებასთან. ეს – მატერიალური შესაძლებლობაა, ასკეზით და მედიტაციით მოპოვებული. მე არ ვარ ღმერთი. იგივე შეიძლება ითქვას სხვებზეც, რომლებიც მსგავს სასწაულებს ახდენენ. მე უბრალო და ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელიც ზოგიერთ იოგურ სიდჰას ფლობს”. მან ორივე ხელით ჰაერში აისროლა ფერფლის გროვა. “მე შემიძლია შევქმნა ფერფლის გროვა, მაგრამ ღმერთი სამყაროებს ქმნის”. იგი გაჩუმდა, ყველას გადახედა, შემდეგ კი თქვა ყველაზე მთავარი, რისი თქმაც უნდოდა: “სულიერი პრაქტიკა იმის მისახვედრადაა საჭირო, რომ ჩვენ არც სხეული ვართ, არც ჭკუა და არც ეგო, არამედ მარადიული სული. სულიერი ცხოვრება – ესაა ღმერთისა და საკუთარ თავში ღვთაებრივი საწყისის ძიება. მხოლოდ ასე შეიძლება სიმშვიდის მოპოვება”.
მსმენლები რიგში მოეწყვნენ, რომ კურთხევა მიეღოთ ბალაშივა იოგისგან, ის კი ამასობაში ჩემთან მოვიდა და დაინტერესდა: “ხომ არ ნანობ, რომ დარჩი?”
“არანაირად”, - ვუპახუე მე. უდავოა, რომ მისმა შესაძლებლობებმა ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, მაგრამ კიდევ უფრო მეტად მისი პირდაპირობა დავაფასე, რომლითაც ცხოვრების ჭეშმარიტ ღირებულებებზე საუბრობდა. მესმოდა, რომ თუ ნებისმიერ ამ იოგთან ვისწავლიდი, მეც შევძლებდი მსგავსი შესაძლებლობების გამომუშავებას. მაგრამ ასევე მესმოდა, რომ ისინი არაა სულიერი პრაქტიკის მიზანი. “გთხოვ, მომეცი კურთხევა, რომ ოდესმე ჩავწვდე ყველაფერ იმას, რაც დღეს ილაპარაკე”.
ბალაშივა იოგიმ ხმამაღლა გაიცინა და გადამეხვია, როგორც ძველ მეგობარს. გაშლილი ხელისგული მომაპყრო და ამ ჟესტით დამლოცა, შემდეგ კი ხელისგული მუშტად შეკრა. როცა ისევ გაშალა, ხელზე ედო წმინდა ნაყოფი რუდრაკშა – წითელი ბურთულა, ფერფლით დაფარული. ხელში ჩამიდო იგი, როგორც თავისი კურხევის ნიშანი, ვიბჰუტი.
ჯუნგლებში ვბრუნდებოდი და თან ნანახზე ვფიქრობდი. რა თქმა უნდა, ბალაშივა იოგას შესაძლებლობები შთამბეჭდავი იყო, მაგრამ ჰიმალაებში გატარებული რამდენიმე თვის მანძილზე უფრო დიდი საოცრებებიც მინახავს. გაცილებით მეტ სასწაულად მეჩვენებოდა ის, რომ ხალხი უკვე მზად იყო თაყვანი ეცა ბალაშივა ოგისთვის, როგორც ღმერთისთვის, მაგრამ მან გააჩერა ისინი. ამერიკელები ეთაყვანებიან სპორტსმენებს მათი სისხარტისა და ძალის გამო, არტისტებს – სილამაზისა და ნიჭის გამო, მეცნიერებს – ახალი თეორიებისა და გამოგონებების გამო, პოლიტიკოსებს – ხალხზე ზეგავლენის მოხდენის უნარისა და ორატორული ნიჭის გამო, ფილოსოფოსებს – ინტელექტის გამო, ხოლო ბიზნესმენებს – მათი სიმდიდრის გამო. ინდოეთში კი იოგებს სცემენ პატივს მათი საკვირველი შესაძლებლობების გამო – მართონ ნატიფი ენერგიები. ბალაშივა იოგის გულწრფელობამ აღტაცებაში მომიყვანა.
ჭეშმარიტი სულიერება ღმერთის შეცნობასა და ღვთაებრივი თვისებების შეძენაში მდგომარეობს, და არა შესაძლებლობების სანახაოზე გამოტანაში. რამდენადაც ხალხს არ შეუძლია სათანადოდ შეაფასონ ღმერთის ყოვლისშემძლეობა, მათ მისტიკური ძალების დემონსტრირება იზიდავთ. ბანიანის ქვეშ დავჯექი და დავფიქრდი, რატომ სწყურიათ ადამიანებს ასე ძალიან სასწაულები. ხელთუქმნელი სასწაულები, ღმერთის მიერ შექმნილნი, ყოველი მხრიდან გარს გვარტყია, მაგრამ ყოველდღიურად ვხედათ მათ, ვეჩვევით და ამიტომ ყურადღებას აღარ ვაქცევთ. მიწიდან ბანიანის მარცვალი ავიღე და ყურადღებით დავაკვირდი მას. ღმერთმა ამ პაწაწინა მარცვალში უზარმაზარი ხე მოათავსა, და ყოველი ასეთი ხე კიდევ ათასობით მარცვალს მოგვცემს. ნუთუ არაა ეს სასწაული? არსებობს სხვა მაგალითებიც. ერთ ღრუბელში, რომელიც მშვიდად დაცურავს ცაზე, ღმერთი იმდენ წყალს ინახავს, რომ მისით მთელი ქალაქის წალეკვა შეიძლება. როცა ქალი და მამაკაცი ერთმანეთს უერთდებიან ბავშვის ჩასახვის მიზნით, ისინი არც კი ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ მოხდება ჩანასახის განვითარება დედის წიაღში. ეს თავისთავად ხდება. ნუთუ ეს სასწაული არაა? სხვადასხვა სიცოცხლის ფორმას სხვადასხვა შესაძლებლობები აქვს. ცოცხალი არსებები დაფრინავენ, დაცურავენ, დარბიან, ხეებზე ცოცავენ, ხეებზე დაძვრებიან და ცივილიზაციებსაც კი ქმნიან. ნუთუ შეიძლება, რომ ეს ყოველივე შემთხვევითობა იყოს? მთელი სამყარო – საოცრებების დაუსრულებელი ჯაჭვია. რა თქმა უნდა, ადამიანის უნარი მატერიალური ენერგიის მართვისა პატივისცემას იმსახურებს. მაგრამ როგორ სამართლიანად მიმართა აუდიტორიას ბალაშივა იოგმა: “მე შემიძლია შევქმნა ფერფლის გროვა, მაგრამ ღმერთი სამყაროებს ქმნის”.