ბოლოსიტყვაობა
ბოლოსიტყვაობა
თითქმის ორმოცი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთში ჩემი მოგზაურობა განვახორციელე. ამ წლების განმავლობაში ერთი მნიშვნელოვანი რამ შევიცანი: თუ ჩვენი ცხოვრება ღმერთისადმი ერთგულებით იქნება გამსჭვალული, მაშინ სადაც არ უნდა ვიცხოვროთ – წმინდა ადგილას ინდოეთში თუ ამერიკის მჭიდროდ დასახლებულ ადგილას, - ჩვენ ყველგან სახლში ვიგრძნობთ თავს.
ოჯახთან დაბრუნებიდან მალევე გადავწყვიტე ერთ ამერიკულ აშრამში გადავსულიყავი. ორჯერ შემომთავაზეს ინიციაციის მიღება ჩემს გურუსთან, მაგრამ ორჯერვე უარი განვაცხადე, რადგან ვფიქრობდი, რომ ჯერ არ დამიმსახურებია ეს. სხვა ბერები თავს იპარსავდნენ, მაგრამ მე გადავწყვიტე არ გადამეპარსა თმა მანამდე, სანამ აბსოლუტურად მზად არ ვიქნებოდი ინიციაციის მისაღებად. 1973 წლის გაზაფხულზე უფალი ჩაიტანიას – ამ ეპოქაში კრიშნას ავატარის – მოვლინების დღეს ვზეიმობდით და მთვარის ამოსვლამდე ვმარხულობდით. მე ბნელ სხვენზე განვმარტოვდი, რომელიც იმ გამოქვაბულებს მაგონებდა, სადაც ოდესღაც ვმედიტირებდი ხოლმე, და აღთქმა დავდე, რომ ასიათასჯერ გავიმეორებდი ღმერთის სახელებს ჩემს ხის კრიალოსანზე. დაახლოებით ექვსი საათის გასვლის შემდეგ რაღაც არაჩვეულებრივი შთაგონება ვიგრძენი. ლოცვა დავიწყე: “ჩემო ძვირფასო უფალო, რა შემიძლია გაჩუქო შენს დაბადების დღეზე?” გაიარა მაჰა-მანტრაზე მედიტაციის კიდევ ერთმა საათმა. სანამ ვიმეორებდი “ჰარე კრიშნა... ჰარე რამა”, მეჩვენებოდა, რომ ჩემი კითხვა განუწყვეტლივ ჟღერდა ჩემს ჭკუაში: “ძვირფასო უფალო, რა შემიძლია გაჩუქო შენს დაბადების დღეზე?” როცა მანტრის უკანასკნელი წრის გამეორებას ვამთავრებდი, გულიდან ჩემს კითხვაზე პასუხმა გაიჟღერა: “შენი თმა მაჩუქე”.
ვიცოდი ეს რას ნიშნავდა. დიდი ხნის წინათ მტკიცედ გადავწყვიტე, რომ თმას მხოლოდ მაშინ დავემშვიდობებოდი, როცა მზად ვიქნებოდი სულიერი მოძღვრისგან ინიციაციის მისაღებად. მე მჯეროდა, რომ ახლა ჩემში ღმერთის ხმა ჟღერდა, რომელიც ადასტურებდა ჩემს მზადყოფნას ინიციაციისთვის, რომლის მრავალი დიადი სულისგან მიღებაზე ვთქვი უარი ჩემს გზაზე. 1973 წლის ზაფხულზე ინიციაცია მივიღე. ცერემონიაზე, მას შემდეგ, რაც დავდე აღთქმები, რომელსაც მთელი ცხოვრება უნდა მივყვე,… შრილა პრაბჰუპადამ სულიერი სახელი მომცა – რადჰანათჰა დასი, “უფალი კრიშნას, რადჰას შეყვარებულის მსახური”.
იმისთვის, რომ ეს განსაკუთრებული დღე სამუდამოდ აღბეჭდილიყო ჩემს მეხსიერებაში, ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა ჩარჩოიანი ფოტოსურათი მაჩუქა. არც ის და არც მე არ ველოდით იმ ეფექტს, რომელიც მან მოახდინა ჩემზე. მთელი სხეულით ავკანკალდი, პირი დავაღე, და თვალებს არ ვუჯერებდი. ეს იყო ფოტო სწორედ იმ ბროშურის უკანა ყდიდან, რომელიც ნიუ-იორკის როკ-ფესტივალზე მაჩუქეს. ფესტივალის მეორე დღეს სწორედ ის სატელეფონო ზარი გაისმა ჰარისგან, რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება გადაატრიალა. თავგადაპარსულმა ბერმა ეს ბროშურა სწორედ იმის წინა დღეს მაჩუქა, როცა ბედმა ჩვეული გარემოდან ცვლილებების სამყაროში გადამაგდო. გამახსენდა, რომ რამდენიმე კვირის შემდეგ, ავტოსტოპით ინგლისში მოგზაურობისას, პირველად დავათვალიერე ყურადღებით ბროშურა და სულის სიღრმემდე აღფრთოვანებული ვიყავი მოხუცი ადამიანით მის უკანა ყდაზე: “თუ კი მსოფლიოში ვინმემ იცის, რას ნიშნავს სულიერი ნეტარება, ეს ისაა”, - გავიფიქრე მე. ბროშურა სადღაც გადაიკარგა, და მეტჯერ აღარც გამხსენებია. და აი ახლა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ყველაფერი ეს კვლავ ამომიტივტივდა გონებაში.ადამიანი ფოტოდან, ჩემი გურუ – შრილა პრაბჰუპადა აღმოჩნდა. წრე შეიკრა. ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ჩემი სულიერი ძიებების სულ დასაწყისში ღმერთმა იდუმალი პასუხი მომცა გამოუთქმელ კითხვაზე: ვინ წამიყვანდა ცხოვრებაში და რა გზით? თავსატეხი სრულიად ამოიხსნა ჩემი ინიციაციის დღეს.
* * *
ჩემი ცხოვრების მომდევნო ექვსი წელი ასკეტურ აშრამში გავატარე უკაცრიელ ადგილას, მცირე მთის მწვერვალზე. მონასტრამდე მიღწევა მხოლოდ ტყის გრუნტის გზით იყო შესაძლებელი. ზამთარი იქ თოვლიანი და ცივი გახლდათ, მონასტერი კი არ თბებოდა. განბანვის მისაღებად, დილაობით ქვით ვტეხდით ყინულს და ყინულივით ცივ წყალში ჩავეშვებოდით ხოლმე. კანალიზაცია არ იყო; ნიჩაბით ჩამოვდიოდით მთიდან და ცხოველქმედების ნარჩენებს მიწაში ვმარხავდით. ჩემი ცხოვრების წესი აშრამში წააგავდა იმ ცხოვრებას, რომელსაც ჰიმალაებში ვეწეოდი: დღისით და ღამით ღვთაებებს ვემსახურებოდი და ვცდილობდი რა გამეღრმავებინა ჩემი სულიერი პრაქტიკა, და ძროხებს ვუვლიდი.
რამდენიმე წლიანი მედიტაციის შემდეგ თანაგრძნობაზე, რომელიც ჩემი გურუს გულში ცოცხლობდა, საკუთარ თავში ღრმა სურვილი განვივითარე, რომ სხვებისთვისაც გამეზიარებინა შეძენილი საგანძური. ჩემი მსახურება მომავალი რვა წლის განმავლობაში გახდა ლექციების კითხვა კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში, ძირითადად ოჰაიოს შტატში და დასავლეთ პენსილვანიაში. კოლეჯების პედაგოგები მეპატიჟებოდნენ ლექციების წასაკითხად ფილოსოფიაზე, რელიგიაზე, სოციოლოგიაზე, კონფესიათაშორის დიალოგზე და ბჰაგავად-გიტაზე. ასევე დროდადრო კულინარიულ კურსებს ვატარებდი ვეგეტარიანელებისთვის.
ჩემი ძვირფასი გურუდევამ, შრილა პრაბჰუპადამ, ეს სამყარო 1977 წლის 14 ნოემბერს, ვრინდავანში დატოვა. არასოდეს დამავიწყდება ეს დღე. ყველაფერი გაუდაბურდა გარშემო. მთელი ჩემი მოთმინება ცრემლების ზღვაში ჩაიძირა, გულიდან კი ყვირილმა ამოხეთქა: საით უნდა წავიდე ახლა, როცა ჩემმა ყველაზე ძვირფასმა მეგობარმა და წინამძღოლმა მარტოდმარტო დამტოვა ამ წინააღმდეგობებით აღსავსე და ჩახლართულ სამყაროში? როგორღა ვიცხოვრებ მისი სიყვარულის, მისი ღიმილისა და სიბრძნის გარეშე? ახლა უკვე წინ მედო, რომ ჩემი გურუს თანყოფნა ჩემსავე გულში მეგრძნო. ჩემს გულწრფელობას გამოცდა უნდა გაევლო იმაზე, თუ როგორ მივყვებოდი მის ღვთაებრივ ნებას, რომელიც მიბრძანებდა, რომ კრიშნა შემეყვარებინა და ამ სიყვარულის ინსტრუმენტი გავმხდარიყავი. მაგრამ თუ მოსწავლე გულწრფელად მიჰყვება თავისი მასწავლებლის დარიგებებს, გურუ ყოველთვის მის გვერდით იქნება, წარმართავს და იცავს რა მას. მსახურება განშორებაში – ესაა ჩვენი მადლიერებისა და სიყვარულის გამოცდა, და როგორც თანდათანობით გავიგე, ასეთ განშორებას ყველაზე ტკბილი სიახლოვის შეგრძნება მოაქვს.
1982 წელს ჩვენი საზოგადოების ერთგულებმა დაჟინებით მთხოვეს, რომ სვამის აღთქმები მიმეღო – ბერისა, რომელიც ცელიბატს ინახავს და თავის ცხოვრებას მხოლოდ ღმერთის მსახურებას უძღვნის. მე ყველანაირად ვეწინააღმდეგებოდი ამას, რადგანაც მესმოდა, რომ პატივისცემას და თაყვანისცემას, რომელიც ტიტულ “სვამისთან” ერთად მოდის, შეეძლო უმაღლესი მიზნისგან გადაეცდინა ადამიანი. გარდა ამისა არ ვთვლიდი თავს ამ მდგომარეობის ღირსად. მაგრამ თხოვნები და დაჟინებული მოთხოვნები არ წყდებოდა. რა უნდა მექნა? ჩემს ლოცვებში შრილა პრაბჰუპადას და უფალს მივმართე. მომდევნო თვეებში უფროსმა ერთგულებმა და ჩემი გურუს ხმამ გულიდან მიკარნახეს, რომ ჩემს არჩევანში ერთადერთი მოტივით უნდა მეხელმძღვანელა: როგორ შევძლებდი ღმერთის უკეთ მსახურებას. 1982 წლის მაისში სანიასა მივიღე. ამ მომენტიდან რადჰანადჰა სვამიდ ვიწოდები.
* * *
1983 წელს კვლავ ჩავედი ინდოეთში – პირველად თერთმეტი წლის შემდეგ. ლონდონიდან დელიმდე თვითმფრინავით ჩავფრინდი. იგივე გზა, რაც ოდესღაც ავტოსტოპით ნახევარ წელიწადში გავიარე, თვითმფრინავმა ცხრა საათზე ნაკლებში დაფარა. თუმცაღა მე არაფრით გავცვლიდი ამ სწრაფ და საიმედო გადაადგილების მეთოდზე იმ გამოცდილებას, რომელიც ჩემი მოგზაურობების მანძილზე გამოვიარე და რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება გადაატრიალა. ჩემი მგზავრობის ბოლოს მწირობა განვახორციელე ჩემს საკუთარ სახლში – ვრინდავანში. დაბრუნების უსაზღვრო სიხარული დანაკარგის სიმწარით იყო დანაღვლიანებული: თითქმის არც ერთი ჩემი გულისთვის ძვირფასი ადამიანი აღარ იყო ცოცხალი. აშრამიდან აშრამამდე ვხეტიალობდი – მხოლოდ იმისთვის, რათა შემეტყო, რომ კიდევ ერთმა ჩემმა მეგობარმა დატოვა ეს სამყარო.
განსაკუთრებით ერთი ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანის ნახვა მინდოდა, და მისკენ მიმავალი ღმერთს შევთხოვდი, რომ ცოცხალი დამხვედროდა. ნახევრადდანგრეული უძველესი ტაძრის გვერდით ჩემს თვალებს წარმოუდგა სურათი, რომელმაც ცრემლებამდე შემძრა. შიშველ ქვის საფეხურებზე სრულ მარტოობაში იჯდა ადამიანი, რომლის დიდებაც დაფარული იყო ქვეყნიერებისგან, მაგრამ მარადიულად ანათებდა ჩემს გულში. ეს იყო ჩემი ძვირფასი განაშიამი. იგი ძალიან მოხუცდა მას შემდეგ, რაც ბოლოს ვნახე. ისეთი გამხდარი და თხელი გახდა, რომ ქარის ძლიერი დაქროლვა წააქცევდა. ცრემლიანი თვალები დაბლა დაეხარა და რადჰასა და კრიშნას სახელებს იმეორებდა. მე ჩუმად მივუახლოვდი და მის გვერდით ჩამოვჯექი. სიხარულის ცრემლებით მტირალმა ვუჩურჩულე: “განაშიამ ბაბა, გახსოვარ? მე ჩემი ცხოვრების ყოველ დღეს გიხსენებდი”.
თავისი ბავშვური, უცოდველი თვალები მომაპყრო სახეში და ცდილობდა გაეხსენებინა მის გვერდით მჯდარი უცნობი. რამდენიმე ხანგრძლივი წამის შემდეგ დუმილი აღფრთოვანებული ჩურჩულით დაარღვია: “კრიშნადას?” თვალებიდან ლოყებზე ჩამოუგორდა ცრემლები. მღელვარებისგან აკანკალებულმა წამოიძახა: “კრიშნადას, ნუთუ შენ ხარ?” ათრთოლებული ხელით ლოყაზე მეფერებოდა და თვალებში მიყურებდა. მოხუცებულ სახეზე ყველა ნაკვთი დაეჭიმა მოწოლილი გრძნობებისგან. “დიახ, ეს შენ ხარ, კრიშნადას! შენ ხარ!” – ტიროდა იგი. დიდი გაჭირვებით ეთაყვანა თავით მიწას, ღმერთისადმი მადლობის ნიშნად. შემდეგ ნელა წამოდგა და ხელი ჩამკიდა. სიხარულისგან ხმა უწყდებოდა: “წამოდი კრიშნადას, წამოდი! გოპიჯანა-ვალაბჰა დაიღალა შენი ლოდინით. ძალიან გთხოვ, წამოდი!” განაშიამმა ნელა წამიყვანა იმ ქუჩით, რომელიც უკვე რამდენჯერ მესიზმრა, და ბოლოს პაწაწინა ტაძარში მიმიყვანა, საკუჭნაოში. რა დიადი დღესასწაული დაუდგა ჩემს თვალებს და ჩემს სულს: კიდევ ერთხელ პირისპირ შევხვედროდი გოპიჯანა-ვალაბჰას და მათ ძვირფას მსახურს, განაშიამს! მან როგორც ყოველთვის, ვრაჯა-როტი შემომთავაზა და ყველაფერი დანარჩენი, რაც გააჩნდა. რამდენიმე საათი ვიჯექი მასთან, რომლებმაც წამებივით ჩაიარეს. ჩემს გულში მადლიერების გარდა არაფერი იყო: მე სახლში ვიყავი.
მაგრამ ჩემი მოვალეობები უკან, ამერიკაში მიხმობდნენ. მომდევნო წელს კვლავ ჩავედი ვრინდავანში, ჩემს განაშიამთან შეხვედრის მოლოდინით. მოუთმენლობისგან აკანკალებულმა გადავიარე კანალიზაციის არხი და ნაცნობ სახლში შევედი. მაგრამ რადჰა გოპიჯანა-ვალაბჰას ტაძარი ჩვეულებრივ საკუჭნაოდ ქცეულიყო. ღვთაებები წასულიყვნენ. სამოც წელზე მეტი ეს ოთახი გახლდათ სამყოფელი უფლისა, რომელიც მიწიდან მოევლინა, რათა თავისი საყვარელი განაშიამის მსახურება მიეღო. ახლა კი იქ მხოლოდ ცოცხები, ვედროები, სამზარეულოს ინვენტარი და რაღაც ტანსაცმელი ელაგა. ოჯახის დიასახლისი სამზარეულოდან გამოვიდა, რათა გაეგო ჩემი იქ ყოფნის მიზეზი.
“სად არიან რადჰა და გოპიჯანა-ვალაბჰა?” – ვკითხე მე.
“მათ სხვა სახლი იპოვეს თავისთვის”.
“განაშიამ ბაბა სადღაა?”
ქალმა ხელი ცისკენ გაიშვირა და მიპაუხა: “კრიშნასთან წავიდა”.
გაოგნებული გარეთ გამოვედი. ვრინდავანის ცას შევხედე და ავტირდი. ვჩურჩულებდი: “განაშიამ, შენ საუკუნოდ დასახლდი ჩემი გულის პატარა საკუჭნაოში. იქ მუდამ გავთბები შენი მორჩილების ზეწრით და შენი უანგარო სიყვარულის პურით”.
1985 წელს ოცი ერთგულისგან შემდგარი ჯგუფი წავიყვანე გოვარდჰანას მთის გარშემო. ისე, რომ არანაირ სიურპრიზს არ ველოდი, პირისპირ შევეჩეხე ასიმს, ჩემს ძველ მეგობარს. გახარებულნი გადავეხვიეთ ერთმანეთს. უზომო მადლიერებას ვგრძნობდით ერთმანეთისადმი. თოთხმეტი წლის წინ, ვრინდავანში ყოფნის ბოლო დღეს, ერთად შემოვუარეთ გოვარდჰანას. ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს სწორედ იმავე ადგილას შევხვდით, სადაც დავშორდით. მას ძალიან გაუხარდა, როცა გაიგო, რომ სვამი გავხდი. მშვიდი ადგილი ვიპოვეთ და სასაუბროდ ჩამოვსხედით.
ამ წლების განმავლობაში ასიმმა სადოქტორო დისერტაცია დაიცვა სანსკრიტზე კოლუმბიის უნივერსიტეტში. სამეცნიერო წრეებში იგი თავის სახელს ატარებდა – ალან შაპირო. ცნობილი პროფესორები, რომლებიც სანსკრიტის წყაროებს იკვლევდნენ, მას მიმართავდნენ დახმარებისათვის. მაგრამ ვრინდავანი წინანდებულად მის მშობლიურ სახლად რჩებოდა.
ასიმმა გამიღიმა: “ცოტა ხნით აქ მომიცადე სვამიჯი”. რამდენიმე წუთის შემდეგ ჩანთით ხელში დაბრუნდა. ღიმილი ვერ შევიკავე, რადგანაც ვიცოდი, რა იყო ჩანთაში. აღფრთოვანებულებმა ღმერთის წყალობით, რომელმაც კვლავ შეგვახვედრა ერთმანეთს, გოვარდჰანას მთის სილამაზით ვტკბებოდით და ჩვენს შეხვედრას ვრაჯა-როტისა და გურისგან შემდგარი სადღესასწაულო სუფრით აღვნიშნავდით. ჩვენი მეგობრობა 1998 წლამდე გრძელდებოდა, მანამ, სანამ უფლის ნებით ეს სამყარო არ დატოვა.
სანიასის ტიტული უფრო და უფრო მეტ მოგზაურობას მოითხოვდა ჩემგან – ხალხთა კიდევ უფრო ფართო წრეებისთის ვკითხულობდი ლექციებს.
1988 წლის ზაფხულზე ერთმა მეგობარმა მანქანით წამიყვანა ლოს-ანჯელესიდან ბიგ-სურში განსაკუთრებულ მეგობართან – მამა ბედე გრიფიტსთან შესახვედრად, რომელიც კათოლიკე ბერი გახლდათ, ავტორი რამდენიმე წიგნისა, რომლებშიც იგი პარალელებს ავლებდა ქრისტიანობასა და ინდუიზმს შორის. მამა გრიფიტსმა ბენედიქტიანელების მონასტერში მიმიწვია სემინარის წასაკითხად. ჩვენ გზას მივუყვებოდით, მანქანის ფანჯრები ჩაწეული გვქონდა და წყნარი ოკეანიდან მონაბერი გრილი ქარით ვტკბებოდით. ჩემი მეგობარი ბენზინ-გასამართ სადგურთან გაჩერდა, მე კი ამასობაში გადავწყვიტე ერთი მნიშვნელოვანი ზარი გამეკეთებინა ტელეფონ-ავტომატიდან გზის პირას. უკვე ყურმილს ვკიდებდი, როცა თაროზე სატელეფონო ცნობარი შევამჩნიე. ცნობარი გადაშლილი იყო გვერდზე ასოებით “ლის”, მინიშნების გრაფაში ზემოთ. მაშინვე გამახსენდა, რომ ჰარის, ჩემი ძველი მეგობრის გვარი, სწორედ ლისი გახლდათ. თითით ჩამოვყევი გრაფას და ჩემდა გასაკვირად აღმოვაჩინე სახელი – “ჰარი ლისი”. ეს შეუძლებელია. 1972 წლიდან არ მინახავს იგი, როცა ნეპალის გამოქვაბულთან დავშორდით ერთმანეთს. ჩვიდმეტი წელი გავიდა! ცნობარში მისამართიც იყო მითითებული: Mალიბუ-როუდი, Mალიბუ-ბიჩში. თავი ავწიე და სატელეფონო ჯიხურის თავზე წარწერა დავინახე. მასზე ეწერა: Mალიბუ-როუდი. შემდეგ გზისკენ გავიხედე და მომცრო სახლი შევამჩნიე, იმავე მისამართით, რაც ცნობარში ეწერა. თუმცა ვიფიქრე, რომ ამერიკაში ალბათ ათასამდე ადამიანი მაინც იცხოვრებს სახელით ჰარი ლისი. ამასთან ბიგ-სურში დაბნელებამდე უნდა ჩავსულიყავით. გონება მიმტკიცებდა, რომ ჩემი ძველი მეგობრის ნახვის შანსი ძალიან მცირე იყო, და მან თითქმის გაიმარჯვა ჩემს გრძნობებზე, მაგრამ მაინც ჩავიწერე მისამართი და გადავწყვიტე ოდესმე დავბრუნებულიყავი მალიბუ-ბიჩში ჰარის მოსაძებნად.
ერთი წლის შემდეგ, 1989-ში, ინდოეთიდან მომავალ გზაზე, ავტომობილი ვიქირავე და ლოს-ანჯელესიდან მალიბუ-ბიჩზე გავემგზავრე. მაგრამ სახლი, რომელიც ცნობარში იყო მითითებული, უკვე აღარ არსებობდა – მის ადგილას ცარიელი მოედანი იყო. მეზობელს ვკითხე: “ხომ არ იცით, რა დაემართა ამ სახლს?”
“ის წინა თვეში დაანგრიეს”
“და ვინ ცხოვრობდა აქ? რა ერქვა პატრონს?”
“არ ვიცი”.
შეფიქრიანებული ვიდექი და არ ვიცოდი რა მექნა. ცარიელი მოედნის უკან ჩოგბურთის კორტები მოჩანდა, ხოლო მის უკან, პირდაპირ წყნარი ოკეანის სანაპიროზე, - შესანიშნავი ქოხი. ამ მდიდრულ რაიონში, მე ჩემი გადაპარსული თავით და ზაფრანისფერი ტანსაცმლით, ალბათ უჩვეულო სანახაობას წარმოვადგენდი. უცებ ქოხიდან ორმოც წლამდე ასაკის მაღალი ადამიანი გამოვიდა, მძლავრი კისერით და კულტურისტის აღნაგობით. საეჭვოდ შემომხედა და პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა ჩოგბურთის კორტების გავლით. ალბათ აქ დოგმა არ შეიძლება, - გავიფიქრე მე. იგი მომიახლოვდა და კუნთების მთელი ამ გროვიდან რაღაც მშობლიურმა და ნაცნობმა შემომხედა. სიხარულისგან გაოგნებულმა დავიყვირე: “ჰარი, ეს მე ვარ, სადჰუ გამოქვაბულიდან! გახსოვარ?”
“ძმაო, ეს შენ ხარ! – დაიყვირა პასუხად. – თვალებს არ ვუჯერებ!”
ღმერთის უხილავმა ხელმა კვლავ შეგვახვედრა ერთმანეთს.
თვრამეტი წელი გავიდა, და ჩვენი ორივეს ცნობა ძნელი იყო. მე ისეთივე გამხდარი ვიყავი, როგორც მანამდე, მაგრამ გრძელი თმის ნაცვლად გადაპარსული თავი მქონდა და სვამის ზაფრანისფერი სამოსი მეცვა. ჰარისაც აღარ ჰქონდა არც გრძელი თმა და არც წვერი. სახე სუფთად ჰქონდა გაპარსული, მოკლე თმა კი საგულდაგულოდ უკან გადავარცხნილი. მისი გამხდარი, ძვლიანი სხეული ახლა უკვე ნავარჯიშები კუნთებით იყო დაფარული. ცხადი იყო, რომ ჩვენი გზები გაიყო. მცირე საფრთხის შეგრძნება გაჩნდა ორივეს გულებში. მაქვს კი რაიმე საერთო ამ ადამიანთან?
ჰარიმ მკითხა: “როგორ მოგმართო ამჯერად: რიჩარდი, მანქი, კრიშნადასი თუ კიდევ სხვა სახელით?”
“ხალხი რადჰანათჰა სვამის მეძახის, მაგრამ შენ შეგიძლია უბრალოდ სვამი დამიძახო”.
“მაშ ასე, სვამი, - განაგრძო მან, - ბევრი რამ შეიცვალა ამ თვრამეტი წლის განმავლობაში. ნუ ელი ჩემგან, რომ წინანდებური დავრჩი”.
“რა თქმა უნდა, ჰარი. მოდი უბრალოდ ვისაუბროთ, როგორ ვიცხოვრეთ მთელი ეს წლები”.
აღმოჩნდა, რომ მან დაანგრია თავისი ძველი სახლი და ახლის აშენებას აპირებდა. თავისთან დამპატიჟა სტუმრად – ელეგანტურ ქოხში სანაპიროზე, რომელიც მის ბიძას და დეიდას ეკუთვნოდა. დავჯექით და მოვუყევით ერთმანეთს, რაც გადაგვხდა მთელი ამ წლების განმავლობაში.
ინდოეთის შემდეგ, მომიყვა ჰარიმ, ავტოსტოპით მთელი აფრიკა, სამხრეთ ამერიკა და ცენტრალური ამერიკა მოვიარე, ბოლოს კი მექსიკის გავლით დავბრუნდი შტატებში. მოგზაურობაში თითქმის შვიდი წელი გაატარა. მაჰატმა განდის მაგალითით შთაგონებულმა, გადაწყვიტა ადვოკატი გამხდარიყო. იურიდიულზე სწავლობდა და ამავე დროს ცდილობდა მოგზაურობის მანძილზე დაკარგული ჯანმრთელობა აღედგინა. ფორმის აღსადგენად ბოდიბილდინგით დაკავება გადაწყვიტა. გასულ წლებში მან მოასწრო იურისტის დიპლომი აეღო და დაქორწინებულიყო, თუმცაღა არ შეუწყვეტია ვარჯიში და შტატის ჩემპიონი გახდა ბოდიბილდინგში. მოგვიანებით მწვრთნელის ადგილი შესთავაზეს მალიბუს პრესტიჟულ სპორტ-დარბაზში, და გადაწყვიტა, რომ სერიოზულად დაკავებულიყო მწვრთნელის კარიერით. მას შემდეგ იგი პროფესიონალი მწვრთნელი გახდა მალიბუში, ჰოლივუდში და ლოს-ანჯელესში მცხოვრები მდიდარი ადამიანებისთვის.
“ჰარი, - წამოვიძახე მე, - ცხოვრებაში ვერასოდეს დავიჯერებდი, რომ მალიბუში იცხოვრებდი და ელიტარულ ხალხს ავარჯიშებდი! გაოცებული ვარ ჩვენი ცხოვრების უჩვეულო ცვლილებებით”. ქოხში, ხედით ოკეანისკენ, ტალღების ხმაურის ქვეშ, მთელი დღე და ღამე გავატარეთ საუბარში. ფეხებგადაჯვარედინებული ხალიჩაზე ვიჯექი კედელს მიყრდნობილი, და შევნიშნე: “იცი, ჰარი, თუმცა შენი სხეული და სოციალური სტატუსი ძალიან შეიცვალა, ვხედავ, რომ შინაგანად ისეთივე დარჩი, როგორიც იყავი, - ჭეშმარიტების კეთილი და ერთგული მაძიებელი”. ყველა ჩვენი შიში იმაზე, რომ სალაპარაკო არაფერი გვექნებოდა ერთმანეთთან, იმ ღამეს გაქარწყლდა, როცა ჩვენი განცდები და იდუმალი ფიქრები გავანდეთ ერთმანეთს. გვეჩვენებოდა, რომ ის გამოქვაბული ჰიმალაების ჯუნგლებში უცებ მალიბუს ქოხად გადაიქცა. ისე ვსაუბრობდით, თითქოს არასოდეს დავშორებულვართ ერთმანეთს. თვრამეტი წლის განშორების შემდეგ ვგრძნობდით, რომ ჩვენს შორის კავშირი კიდევ უფრო განმტკიცდა.
როცა ჰარი ჩემს ისტორიას ისმენდა, თვალები ცრემლებისგან უბრწყინავდა: “სვამი, რამდენჯერ მიფიქრია შენზე! ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ რაღაც ამდაგვარით იყავი დაკავებული. ყოველთვის ვიხსენებდი იმ საბედისწერო საღამოს კრეტაზე, როცა შენ ხმა მოგესმა. ამდენი წელი გავიდა, შენ კი კვლავ მიყვები ამ ხმას. საოცარია!”
მოგონებები ტალღებად გვაწვებოდა, შემდეგ კი კვლავ ჩვენს მადლიერებით სავსე გულებს ვუბრუნდებოდით.
“სვამი, - მითხრა ჰარიმ, - ჩვენი ცხოვრებები ასეთი განსხვავებულია. რა გვაქვს ახლა საერთო? მე მწვრთნელი ვარ და ჩემი საქმეა – დავარწმუნო ადამიანები, რომ ისინი ბედნიერები იქნებიან, თუ ჯანმრთელი და ლამაზი სხეული ექნებათ. შენ კი სვამი ხარ. და არწმუნებ მათ, რომ ბედნიერები იქნებიან, თუ მარადიულ სულებად გააცნობიერებენ თავს, რომლებსაც სხეული არ სჭირდებათ”.
პასუხად გავუღიმე და ვუთხარი: “უფალი ყოველი ჩვენგანის გულში იმყოფება, და ჩვენი სხეული – ღმერთის ტაძარია. ჩვენ სრულიად შეგვიძლია, რომ ვითანამშრომლოთ. შენ უხსნი ადამიანებს, როგორ უნდა გახადონ უკეთესი თავიანთი ტაძარი, მე კი შევეცდები, რომ ვასწავლო, თუ რა აკეთონ მის შიგნით”.
ჰარის სიხარულისგან სახე გაუბრწყინდა: “ზუსტად! ჩვენი მოგზაურობა კვლავ თავიდან იწყება!”
* * *
მთელი ეს წლები გადაუხდელ ვალს ვგრძნობდი ინდოეთის და მისი ხალხის წინაშე. ხშირად ვიხსენებდი, როგორ შევპირდი სასოწარკვეთილი გლახაკი ყმაწვილი ინდოეთის საზღვარზე ხანშიშესულ მესაზღვრე-სიქჰს: “ოდესმე, ვფიცავ, გავაკეთებ რაიმე სასიკეთოს თქვენი ხალხისთვის”.
1986 წელს ინდოეთში დავსახლდი. ვგრძნობდი, რომ იქ, სადაც ხალხს დახმარება ესაჭიროება, განსაკუთრებული შესაძლებლობებია მსახურებისთვის. ამ ფიქრით დავფუძნდი ბომბეის ერთ-ერთ რაიონშI. ჩემი გურუსა და ინდოელი ხალხის მსახურების სახით რამდენიმე ტაძრის და აშრამის მშენებლობაში მივიღე მონაწილეობა, რომლებშიც ხალხი სულიერ განათლებას ღებულობს და სუფთად ცხოვრების წესს სწავლობს. ბედმა გამიღიმა და მონაწილეობა მივიღე საავადმყოფოს მშენებლობაში, რომლებშიც გამოიყენება როგორც დასავლური, ასევე ტრადიციული ინდური მედიცინის მიღწევები იმისათვის, რომ ადამიანებს დაეხმარონ სხეულის, ჭკუისა და სულის გაჯანსაღებაში. ამ საავადმყოფოს ექიმები უფასო სამედიცინო დახმარებას უწევენ ადამიანებს ინდოეთის ღარიბ რაიონებში, როგორც ჩვეულებრივ დროს, ასევე განსაკუთრებულ ვითარებებში, ეხმარებიან რა ტერორისტული აქტების, მიწისძვრების ან ცუნამების მსხვერპლებს. ჩემს ძველ მეგობარ, რამეშ ბაბასთან და მის მიმდევრებთან ერთად სპეციალურად ვაწყობთ თვალის ქირურგიის ბანაკის ორგანიზებას ვრინდავანში, სადაც კატარაქტას მოცილების ექვსასი-შვიდასი ოპერაცია ტარდება. ამ წლებში, შესაძლებლობა მომეცა რომ დამეარსებინა რამდენიმე სკოლა, სადაც ბავშვები აკადემიურ განათლებასთან ერთად მორალურ და სულიერ აღზრდას ღებულობენ, ასევე თავშესაფარი ობოლი ბავშვებისთვის და ფერმა, სადაც სასოფლო მეურნეობა ეკოლოგიის დარღვევის გარეშე მიმდინარეობს და სადაც ძროხებს სასაკლაო არ ემუქრებათ. ბომბეიში გავხსენით რამდენიმე სამზარეულო, რომლებიც ამჟამადაც ყოველდღიურად კვებავენ სრულყოფილი სადილით ასორმოცდაათიათას მშიერ ბავშვს სკოლებში, რომლებიც მივარდნილ რაიონებში არიან განლაგებულნი. ვებრძვით რა ამორალურობას და კონფესიათა შორის აუტანლობას, დაწყებით და საშუალო სკოლებში სპეციალურ კურსებს ვატარებთ ბავშვებისთვის ინდუსთა, მუსულმანთა, ქრისტიანთა, იუდეველთა, ჯაინთა, ბუდისტთა და სხვათა ოჯახებიდან, და იგავების და ისტორიების საფუძველზე ვასწავლით მათ ყველა რელიგიისთვის საერთო ეთიკურ ღირებულებებს. სტუდენტებისთვის – საზოგადოების მომავალი ლიდერებისთვის – ყოველ კვირას ვატარებთ კულტურულ პროგრამებს ბომბეისა და მისი შემოგარენის ცამეტ კოლეჯში, ვცდილობთ რა ახალგაზრდა თაობას მაღალი პრინციპები ჩამოვუყალიბოთ.
მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ყველაფერი ეს ძალიან მცირეა იმ განძთან შედარებით, რაც ინდოელი ხალხისგან შევიძინე – როგორც სადჰუებისგან, ასევე ჩვეულებრივი ადამიანებისგან. მათი წყალობით ჩემს ცხოვრებაში შემოვიდნენ კრიშნა, ჩემი საყვარელი გურუ, მათი მსახურებისა და ამ კურთხევის მთელი მსოფლიოსთვის გაზიარების უამრავი შესაძლებლობა.
1989 წელს ჩემი მშობლები პირველად ჩამოვიდნენ ჩემთან ინდოეთში. ეს მოგზაურობა გარდამტეხი მომენტი გახდა მათ ცხოვრებაში. ისინი მოხიბლულნი იყვნენ ბომბეელი ერთგულებით, ზოგიერთს კი სამუდამოდ დაუმეგობრდნენ. როცა 2004 წელს ჩიკაგოში ჩემმა ძვირფასმა დედამ ეს სამყარო დატოვა, მამამ და ძმებმა მთხოვეს, რომ გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმომეთქვა და მისი ფერფლი ინდოეთში წამეღო. მათ მითხრეს: “დედა ამაყობდა იმ ყველაფრით, რასაც იქ აკეთებ, და შეიყვარა შენი ინდოელი მეგობრები და მიმდევრები”.
განგის ნაპირზე ცერემონიის ჩატარების დროს, სადაც თითქმის ორიათასი ერთგული გულწრფელად აღავლენდა ლოცვებს და მღეროდა მანტრას, მე მისი ფერფლი დედა-განგაში ჩავუშვი. მადლიერების ცრემლებით ვიხსენებდი, როგორ ჩავთვალე ოცდათოთხმეტი წლის წინ განგა საკუთარ დედად.
როცა ნაკადმა მისი ფერფლი აიტაცა, თვალცრემლიანმა ლოცვა წარმოვთქვი: “დღეს აქ ორივე ჩემი დედა შეერთდა: დედა, რომელმაც მატერიალური სხეული მომცა, და დედა, რომელიც სულიერად დაბადებაში დამეხმარა. ახლა ისინი, ერთმანეთში შერწყმულნი, ზღვას მიაღწევენ. ძალიან გთხოვ, ძვირფასო უფალო, გააკეთე ისე, რომ დედაჩემის სული შენი მარადიული წყალობის უსაზღვრო ოკეანეს შეერწყას”.
ეს მომენტი ძალიან სიმბოლური გახლდათ ჩემთვის. იოგა ნიშნავს კავშირს ჩვენს სულიერ არსთან, რელიგია კი მოწოდებულია იმისთვის, რომ დაგვაბრუნოს ამ არსთან. ბჰაკტი-იოგა ესაა მეცნიერება იმის შესახებ, თუ როგორ გავრდაქმნათ მატერია სულად. როცა ღმერთისადმი ერთგულება წმენდს ყველა ჩვენს ურთიერთობას, ნიჭს და ყველაფერ დანარჩენს, რაც ჩვენს განკარგულებაშია, ჩვენს გულში სულიერი სიყვარული იღვიძებს. ასე ერთდება ჩვენი სული და სხეული ერთი მიზნისკენ სწრაფვაში, ხოლო სიყვარული, რომელსაც ერთმანეთისადმი ვამჟღავნებთ, განსულიერდება და მარადიული ხდება. ბჰაგავად-გიტა ხსნის ამ საიდუმლოს, უწოდებს რა მას იოგას სრულქმნას და ცხოვრების უმაღლეს მიზანს.
უკან ვიხედები და გადაუხდელ ვალს ვგრძნობ ყველასადმი, ვისაც ჩემი მოგზაურობის მანძილზე შევხვედრივარ, ყველა ადამიანისადმი, ვინც სულიერად ზრდაში დამეხმარა ამ გზაზე. ოდნავი წარმოდგენაც კი არ მქონდა იმაზე, თუ საით მივყავდი ბედის უხილავ ხელს. მრავალი განსაცდელი გამოვიარე და ერთ ჭეშმარიტებას ჩავწვდი: თუკი ურყევად და მტკიცედ მივყვებით ჩვენს წმინდა იდეალებს, და არ ვაძლევთ საშუალებას წარმატებებს ან წარუმატებლობებს, რომ გზიდან გადაგვაცდინონ, მაშინ შეგვიძლია ვიგრძნოთ უზარმაზარი ძალა, რომელიც არის რა ჩვენზე განუზომლად ძლევამოსილი, გვამოწმებს, გვიცავს და გვაჯილდოვებს უნარით, რომ რაიმე კარგი გავაკეთოთ.
ვლოცულობ იმისთვის, რომ ამ უბრალო ისტორიამ შთაგონება მისცეს ჩემს მკითხველებს და იმედი აჩუქოს მათ. ჩვენი ნამდვილი სახლი ჩვენი ცხოვრების რთული მოგზაურობის ბოლოში გველოდება. იმედი დაბრუნებისა იმ სახლში, სადაც ყოველთვის სიმშვიდე სუფევს, მარადიულად გვიზიდავს და გვეხმარება, რომ გადავლახოთ ნებისმიერი სიძნელე ჩვენს გზაზე – გზაზე, რომელსაც მივყავართ იქ, სადაც ოდესღაც დაკარგული სიყვარული გველოდება.