ნაწილი მესამე - თავი ოცდამეერთე
ნაწილი მესამე
მოგზაურობა ჰიმალაებში
თავი ოცდამეერთე
ჰიმალაები თავისკენ მიხმობდნენ, და ერთი სული მქონდა როდის ვიხილავდი მათ კვლავ. ამიტომ უკვე მეორე დღესვე რკინიგზის ბაქანის ჭუჭყიან ბეტონზე ვიჯექი და ჩრდილოეთისკენ მიმავალ მატარებელს ველოდებოდი. წინ მელოდა მორიგი მოგზაურობა მესამე კლასის ვაგონით. მოხერხებულად მოვეწყვედა შრილა პრაბჰუპადას მიერ მოცემული წიგნი გადავშალე. ჩემდა გასაკვირად მისი შესავალი თავად ჯორჯ ჰარისონს დაეწერა, “ბიტლების” ერთ ერთ წევრს:
ყველა კრიშნას ეძებს.
ზოგიერთებს ეს არ ესმით, მაგრამ ისინიც მის ძებნაში არიან.
კრიშნა ღმერთია, წყარო ყოველი არსებულისა, მიზეზი ყოველივესი, რაც არსებობს, არსებობდა და ოდესმე იარსებებს.
ღმერთი უსასრულოა, ამიტომ მას მრავალი სახელი აქვს.
ალაჰი-ბუდა-იეჰოვა-რამა: ყველა კრიშნაა, ყველას არსი ერთია.
იმდენად, რამდენადაც მსოფლიოს რელიგიებ მაინტერესებდა და მწყუროდა, მათ შესახებ რაც შეიძლება მეტის გაგება, მე სასიამოვნოდ გამაკვირვა ჯორჯ ჰარისონის ამ სიტყვების ეკუმენისტურმა სულმა. წიგნი კვლავ ჩანთაში ჩავდე, და გადავწყვიტე, რომ მოგვიანებით აუცილებლად მივუბრუნდებოდი მას.
სადგურზე გავიცანი სარკინიგზო ინსპექტორი სახელად მადჰავა. იგი დაახლოებით ორმოცი წლის იყო, თეთრ შარვალს, აბრეშუმის პერანგს და თეთრ პილოტკას ატარებდა ნერუს სტილში, შავგვრემან სახეზე კი ბავშვობაში გადატანილი ოსპის ნიშნები ემჩნეოდა. მადჰავა თავის გურუსთან მიდიოდა და დამარწმუნა, რომ კომპანია გამეწია მისთვის. ბომბეისგან აღმოსავლეთით მიმავალ ავტობუსში ჩავჯექით და რამდენიმე საათში უკვე ვიყავით წმინდა ადგილას, სახელწოდებით განეშ პური. ჩასვლისთანავე მადჰავამ მითხრა: “სანამ გურუჯის წინაშე წარვდგებით, აქვე ახლოს გოგირდის ცხელ წყლებში უნდა განვიბანოთ”. ჩვენ მივედით სამ საბანაო ადგილთან, სადაც მღვრიე წყალი ბუყბუყებდა.ათეულობით ადგილობრივი მაცხოვრებელი იღებდა განბანვას – ერთნი წყალში იჯდნენ, მეორენი გარშემო დადიოდნენ. მე ნელ-ნელა ჩავიძირე ზეთივით ბლანტ რუხ სითეში, რომელსაც ორთქლი ასდიოდა, და თანდათანობით შევეჩვიე მაღალ ტემპერატურას და უსიამოვნო სუნს. როცა ყელამდე დამფარა წყალმა, ვიგრძენი, როგორ გამოაცოცხლა მან ჩემი სხეული და ჭკუა. ამ დროს მადჰავამ დამიძახა, რომ ახლა უკვე მზად ვიყავი მის გურუსთან შესახვედრად.
იგი დამელოდა, სანამ ჩავიცვამდი, შემდეგ კი პატარა აგურის ტაძართან მიმიყვანა. როცა შიგნით შევედით, მე აღმოვჩნდი დიდი შავთეთრი ფოტოს პირისპირ. მასზე გამოსახული იყო სრული აღნაგობის მამაკაცი გადაპარსული თმით, ტანზე მხოლოდ ბარძაყებზე შემოსახვევით. მას ჰქონდა მრგვალი სახე დიდი ყვრიმალებით, გამჭოლი თვალები და მოკლე ჭაღარა წვერი. მადჰავამ მითხრა, რომ სწორედ ეს იყო მისი გურუ – ნიტიანანდა ბაბა, რომელმაც ათი წლის წინ დატოვა თავისი სხეული, და აქ, მის სამარხთან ახლოს, მისი აქ ყოფნა უფრო ნათლად იგრძნობოდა, ვიდრე სიცოცხლეში.
ყვითელი და ფორთოხლისფერი ყვავილებით მორთული სამარხის გარშემო, რომელიც ზეთის ლამპადებით იყო განათებული, და რომლის ირგვლივაც ყვავილოვანი კეთილსურნელებების არომატი იფრქვეოდა, ნიტიანანდა ბაბას მიმდევრები იჯდნენ და ქოროთი მღეროდნენ ღმერთის სახელებს. ჩემდა გასაკვირად, ეს იყო ჰარე კრიშნა მანტრა – სწორედ ის მანტრა, რომელიც განგამ გამიხსნა ჰიმალაებში და რომელსაც შრილა პრაბჰუპადა მღეროდა ბომბეიში. კანზე კვლავ ჟრუანტელმა დამიარა.
მაჰარაშტრაში და კარნატაკაში ნიტიანანდა ბაბას მილიონობით მიმდევარი ჰყავდა. მადჰავამ მომიყვა ბაბას ცხოვრებაზე, მის სწავლებაზე და ამქვეყნად სასწაულებრივ მოვლინებაზე. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ერთმა ღარიბმა ქალმა, რომელიც ფიჩხს აგროვებდა ტყეში, ყურადღება მიაქცია ყვავების უჩვეულოდ ხმამაღალ ჩხავილს ტყის შუაგულში. იქ იპოვა ახალშობილი, რომელიც სრულიად მარტო იწვა ჩამოცვენილ ფოთლებზე. ქალმა აიყვანა ეს ჩვილი ბავშვი და უშვილო მსახურს მისცა, რომელიც ერთი მდიდარი ბრაჰმანის სახლში ცხოვრობდა. ბავშვობიდანვე ბიჭმა ამ ქვეყნისადმი გულგრილობა გამოავლინა, ათი წლის ასაკში კი წავიდა სახლიდან და განდეგილი გახდა. ყველგან ხეტიალობდა, გაჭირვებულებს ეხმარებოდა და ქადაგებით უფანტავდა ხალხს გულში არსებულ სულიერი უმეცრების წყვდიადს. ცხოვრების უკანასკნელი წლები აქ, განეშ პურიში გაატარა. ნიტიანანდა ბაბას სამარხში ვმედიტირებდი მანტრის ბგერების ქვეშ, რომელსაც მისი მოსწავლეები გარეთ მღეროდნენ, ნათლად შევიგრძენი მისი აქ ყოფნა და ეს მის კურთხევად აღვიქვი.
რამდენიმე დღეში გამაცნეს ნიტიანანდა ბაბას მოსწავლე, რომელიც შორიახლოს აშრამს აშენებდა. ღვთისმსახურებისთვის განკუთვნილი მცირე, მაგრამ სწრაფად მზარდი შენობა პირდაპირ გზის პირზე იდგა.როცა კარი გაიღო, ჩემამდე მოაღწია მომაჯადოებელმა ხმებმა მანტრისა, რომელსაც ნელა იმეორებდნენ: “ომ ნამაჰ შივაია!” შიგნით ბაბას რამდენიმე ათეული მოსწავლე – როგორც ინდოეთიდან, ასევე დასავლეთიდან, - უნისონში კითხულობდნენ მანტრას ტამპურას – კვახისგან გაკეთებული სიმებიანი ინსტრუმენტის აკომპანიმენტით.როცა გალობა დასრულდა და სიჩუმე ჩამოწვა, შენობიდან ყველა შიგა ეზოში გამოვიდა. მე გვერდიდან ვაკვირდებოდი ამ ყველაფერს. უცებ მოსწავლეები მიწაზე განერთხნენ, მიესალმნენ რა თავიანთ გურუს. იგი სამოცი წლის იყო, შავგვრემანი კანი, ღრმად ჩამჯდარი ყავისფერი თვალები, მოკლე თმა და წვერიჰქონდა. ტანზე ზაფრანისფერი სამოსი ეცვა. მისი გამოჩენისთანავე მოსწავლეებს სახეები სიხარულით გაუბრწყინდათ. მე მისი ვინაობა ვიკითხე და მიპასუხეს: “სვამი მუკტანანდა”.
სვამიმსათვალეებიდან გამომხედა, ყურადღებით შემისწავლა და თარჯიმანის მეშვეობით მომმართა: “როცა თხუთმეტი წლის ვიყავი, - დაიწყო მან, - ჩემი მდიდრული სახლი მივატოვე, რათა სადჰუს ცხოვრებით მეცხოვრა. ერთი წმინდა ადგილიდან მეორესთან დავდიოდი, სანამ ჩემს გურუდევას – ნიტიანანდა ბაბას არ ვიპოვიდი”. მარჯვენა ხელის მუშტით მარცხენას ხელისგულს დაარტყა და წამოიძახა: “ბაბამ დაანგრია ჩემი სიამაყე, რაც სხვას არავის შეეძლო”. და აქ იგი შეეხო თემას, რომელიც მე თვითონაც ძალიან მაღელვებდა: როგორ მეპოვნა ჩემი გზა და ჩემი გურუ, და რით მეხელმძღვანელა არჩევანის დროს. მეც და გარშემომყოფებიც სუნთქვაშეკრულნი ვცდილობდით მისი ყოველი სიტყვა დაგვეჭირა. ”შაქტი-პატი, ანუ იოგური კურთხევა, აღვიძებს კოსმიურ ენერგიას, კუნდალინის, რომელიც ხერხემლის ფუძესთანაა კონცენტრირებული.კუნდალინი მიემართება ზემოთ, ხერხემლის არხით, შვიდი ენერგეტიკული ცენტრის, ანუ ჩაკრების გავლით, სანამ არ მიაღწევს თხემს, სადაც აბსოლუტს უერთდება. კუნდალინის გამოღვიძების ყველაზე ქმედითი მეთოდია, როცა სიდდჰა-გურუ, სრულყოფილებას მიღწეული მასწავლებელი, მანტრას აძლევს მოსწავლეს და თავის შაქტის, სულიერ ძალას ანიჭებს მას”. გამომშვიდობების წინ მან თქვა: “მიეჯაჭვეთ თქვენს მანტრას უფრო მეტად, ვიდრე ლოთია მიჯაჭვული ღვინოს! არასოდეს დაგავიწყდეთ იგი”.
ერთი შემთხვევა იმ დროიდან ღრმად ჩამრჩა მეხსიერებაში. სვამი მუკტანანდასთან ერთად გზის პირას ვიდექი, და უეცრად საიდანღაც ძაღლი გვეცა. ის ცოფიანივით ყეფდა, და მუქარის ნიშნად კბილებს აკვესებდა. გარშემო ყველა დაიფანტა შიშIსგან, მაგრამ სვამიმ უშფოთველად შეხედა ძაღლს. მისი მხოლოდ ერთი მზერა საკმარისი იყო იმისთვის, რომ ძაღლი დამშვიდებულიყო. მან კუდი ამოიძუა და მორჩილად დახარა თავი მის წინაშე. სვამი მუკტანანდამ ცხოველი აკურთხა, შემომიბრუნდა და თარჯიმნის მეშვეობით მითხრა: “მე ვხედავ, რომ შენ გულწრფელი სადჰუ ხარ. თუ გინდა მოგცემ შაქტი-პატის კურთხევას”.
მე მაშინვე გამახსენდა ტატ ვალა ბაბა, ნაგების გურუ და სხვა მასწავლებლები, რომლებიც მოწყალედ მთავაზობდნენ მათ მოსწავლეობას. “მადლობას მოგახსენებთ სვამიჯი, - ვუპასუხე მე, ამ წინადადებით გაკვირვებულმა და ამავე დროს ნასიამოვნებმა, - მაგრამ გადავწყვიტე, რომ არ მივიღებ გურუსგან ფორმალურ ინიციაციას მანამდე, სანამ დარწმუნებული არ ვიქნები, რომ არასოდეს მივატოვებ მას”. ეს ვთქვი და ნერვიულად მოვეფერე ძაღლს. სადღაც, გულის სიღრმეში ძალიან ვნანობდი, რომ არ შემეძლო ყოყმანის გარეშე მიმეღო მისი სულგრძელი წინადადება. “მე არა ვარ თქვენი წყალობის ღირსი. მაპატიეთ, მაგრამ ჯერ არ გამიკეთებია ჩემი არჩევანი”.
“მე ვაფასებ შენს გულწრფელობას, - მიპასუხა სვამიმ. ისე რომ პირდაპირ თვალებში მიყურებდა. – დაე ღმერთმა გატაროს შენი ძიების გზაზე”. თითქოს დაადასტურა მისი კურთხევაო, ძაღლმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ჩვენი დაგლეჯა უნდოდა, ხელი ამილოკა.
* * *
მადჰავა დაჟინებით მთხოვდა, რომ გოაში წავსულიყავი, სადაც, მისი თქმით, ჩემი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო კლიმატი იყო. მან გემის ბილეთიც კი ამიღო. მისი წინადადება მივიღე და ამაში განგების ხელი დავინახე. პორტში წავედით. იქ ხალხით გადავსებულ გემბანზე ავედი და ოთხასი კილომეტრი გავცურე სამხრეთისკენ, არავიის ზღვის სანაპიროს გასწვრივ. მოგზაურობამ თავგადასავლების გარეშე ჩაიარა, და მალე დანიშნულების ადგლამდე ჩავედი – ეს იყო ტროპიკული სამოთხე უსასრულო სანაპიროებით, რბილი ქვიშით და ზღვის მარილით გაჟღენთილი გამაჯანსაღებელი ჰაერით. მეთექვსმეტე საუკუნეში გოა პორტუგალიის ფორპოსტი გახდა აზიაში, და იეზუიტმა მისიონერმა წმინდა ფანცისკო ქსავერმა ქრისტიანობაზე მოაქცია ათიათასობით ადგილობრივი მცხოვრები. 1961 წელს ინდოეთის არმიამ გამარჯვება მოიპოვა პორტუგალიის არმიაზე და გაანთავისუფლა გოა.
ზღვის ნაპირი თავისი თეთრი პლიაჟებით, გამჭვირვალე ზღვის წყლით და ქოქოსის პალმებით დამხვდა. დრო რომ მომეგო, კალანგუტის პლიაჟისკენ გავემართე, სადაც იაფფასიან ბუნგალოებში დასავლეთელი ტურისტები იყვნენ განთავსებულნი.სანაპიროზე მივსეირნობდი და გვერდზე ჩავუვლიდი ხოლმე წყვილებს, რომლებიც ეხვეოდნენ და ჰკოცნიდნენ ერთმანეთს, მესმოდა როკ-ენ-როლის ხმა და ვხედავდი, თუ როგორ იღებდნენ დამსვენებლები ყველას თვალწინ ნარკოტიკებს. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად იგივეს რამდენიმე ხნის წინ ევროპაში ვხედავდი, ახლა ეს ყველაფერი უცხო გახდა ჩემთვის, თითქოს წინა ცხოვრების მოგონებები ყოფილიყო. გულგრილად ვაკვირდებოდი ამ სცენებს ჰიპების ცხოვრებიდან და ქვიშაზე მივაბიჯებდი. უცებ საკუთარი თავი დავიჭირე იმაზე, რომ ვაკრიტიკებდი ამ ადამიანებს და ზემოდან ვუყურებდი მათ. არ მინდოდა მსგავსი ფიქრები, რომლებიც ჩემს სიამაყეს ამჟღავნებდა. ამიტომ ლოცვა დავიწყე და ღმერთს შევთხოვე, გავენთავისუფლებინე სხვებში ნაკლოვანებების ძიების დამაბინძურებელი მიდრეკილებისგან. მაგრამ როგორი რთული აღმოჩნდა ეს! ჩემთვის გაცილებით უფრო ადვილი იყო ჯუნგლებში, ველურ ცხოველებთან ცხოვრება – მათ გარემოში ჩემი საკუთარი ნაკლოვანებები ასეთი თვალნათლივი არ იყო.
კიდევ ერთი კილომეტრი გავიარე და ნარკომანების ჯგუფს შევხვდი დასავლეთიდან. ისინი სანაპიროზე დამსხდარიყვნენ და ნარკოტიკებს იჩხირავდნენ. წარმოიდგინეთ: ასეთი გრძელი გზა გამოიარეს, რათა დედამიწის ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას ჩამოსულიყვნენ, და ეს ყველაფერი იმისთვის,რომ ნარკომანის მძიმე ტვირთი ატარონ აქ! ნაბიჯის ტემპს მოვუმატე და გამყოფ ღობემდე მივედი პლიაჟის ბოლოში. აქ ღობეზე ავძვერი, ძლივ-ძლივობით გადავღოღდი მეორე მხარეს და იქ ჩემს თვალწინ ნამდვილი ტროპიკული სამოთხე გადაიშალა: ჰორიზონტის ბოლომდე გაჭიმული ბრწყინვალე პლიაჟები თეთრი ქვიშით, ქოქოსის პალმები, რომლებიც ქარისგან ირწეოდნენ, და გარშემო კაციშვილი არ იყო! ეს ადგილი ჩემი სახლი გახდა მთელი მომდევნო კვირის განმავლობაში.
შვიდი დღე ქოქოსის პალმის ქვეშ გავატარე და ჩანთქმული ვიყავი კითხვაში, მედიტაციასა და ლოცვებში. თუ არ ჩავთვლითY რამდენიმე ღარიბ მეთევზეს, რომლებიც ყოველ დილით ნავებით გადიოდნენ ზღვაში, ამ ადგილზე სხვა არავინ მოდიოდა. ჩემს ყოველდღიურ რაციონს ქოქოსის კაკლები შეადგენდნენ.მიწამდე დაშვებულ პალმაზე ავძვრებოდი ხოლმე, ვანჯღრევდი და დაცვენილ კაკლებს ქვით ვტეხავდი. ვბანაობდი ზღვაში, ღამე კი პირდაპირ ვარსკვლავიანი ცის ქვეშ მეძინა ქვიშაზე გაწოლილს.
ერთხელ გადავწყვიტე მატერიკის სიღრმეში მომეწყო ლაშქრობა. იქ, პალმების ჩრდილქვეშ, მეთევზეების რამდენიმე თიხის ქოხი დავინახე, რომლებსაც სახურავად დაწნული პალმის ფოთლები ეფარათ. ქოხებში იატაკი არ იყო: ისინი პირდაპირ ქვიშაზე იდგნენ. მეთევზეები, რომლებსაც მეტწილად ქრისტიანობა ჰქონდათ მიღებული, ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობდნენ: ისევე როგორც მათ წინაპრებს, მათაც არ გააჩნდათ არავითარი ქონება გარდა ნავისა, ორი ნიჩბისა და ბადისა. მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე მამაკაცები ზღვაში მცხუნვარე მზის სხივების ქვეშშრომობდნენ, რის გამოც მრავალ მათგანს სახის კანი წყლულებით ჰქონდა დაფარული. მაგრამ მათი შრომა იმდენად დამქანცველი იყო, რომ დრო არ რჩებოდათ საკუთარ გარეგნობაზე საზრუნავად. გამახსენდა, რომ იესოს პირველი მოსწავლეები ასევე მებადურები იყვნენ, რომლებსაც შემდეგ მან “ადამიანების მებადურობა”დაავალა.
მეორე დღეს, როცა სანაპიროზე ვსეირნობდი, პატარა თევზი ვიპონე, რომელიც განწირული ფართხალებდა ქვიშაზე. იგი ტალღამ გამორიყა ნაპირზე. ამ თევზის შიშმა და სასოწარკვეთამ თანაგრძნობა გამოიწვია ჩემში. ბოლოს და ბოლოს მე არც ისე ძალიან განვსხვავდებოდი მისგან, ამიტომ მომინდა, რომ სახლში, ზღვაში დამებრუნებინა თევზი. მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ხელში ამყავდა, ხელიდან მისხლტებოდა ხოლმე, და უარს ამბობდა, რომ მეგობარი დაენახა ჩემში. ბოლოს როგორც იქნა დავიჭირე, ხელისგულებში მოვიმწყვდიე და ზღვაში ვისროლე. მაგრამ ჩემი კმაყოფილება ხანმოკლე აღმოჩნდა. პირველივე ტალღამ, რომელიც ნაპირს მოაწყდა, ისევ ნაპირზე გამორიყა თევზი. მე კვლავ წყალში ვისროლე იგი, და ტალღამ ისევ ნაპირზე გამორიყა, რათა ქვიშაზე მომკვდარიყო. მაშინ ტალღის წინააღმდეგობა გადავლახე,ზღვაში ყელამდე შევედი და ვეცადე რაც შეიძლება შორს გადამეგდო თევზი. ნაპირზე გამოსვლის შემდეგ დიდხანს ვაკვირდებოდი ტალღებს, სანამ არ დავრწმუნდი, რომ თევზი უსაფრთხოდ იყო.
კიდევ ცოტა გავისეირნე სანაპიროზე და მებადურებს გადავეყარე, რომლებსაც ბადე ნავიდან ნაპირზე გადმოჰქონდათ. ბადეში ასეულობით ასეთი თევზი ფართხალებდა, რომლებიც სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძოდნენ, მაგრამ განწირულნი იყვნენ, რომ ტაფაზე დაასრულებდნენ მას. რის გაკეთება შემეძლო?
ცოტა ხნით გავჩერდი და სევდიანად ვაკვირდებოდი ზღვას, შემდეგ კი გზა განვაგრძე და ფიქრებში ჩავიძირე.
ჩვენ – როგორც თევზები, გამორიყულნი ვართ ღვთაებრივი ცნობიერების ზღვის ნაპირზე.ბედნიერების მოპოვების მცდელობა ყველაფერში, გარდა ღმერთთან ჩვენი პირვანდელი ურთიერთობისა, - იგივეა, რაც თევზის მცდელობა, რომ დატკბეს ცხოვრებით წყლის გარეშე, მშრალ ქვიშაზე. წმინდანები მზად არიან საკუთარი თავი გასწირონ, რათა ერთ ადამიანს მაინც დაეხმარონ თავისი პირვენდელი სულიერი ცნობიერების მოპოვებაში – ჭეშმარიტი სიხარულის ზღვაში დაბრუნებაში. მაგრამ მაია, ილუზია, თავისი ბადით გვიჭერს და გვაშორებს იმისგან, რასაც ჭეშმარიტი წყალობის მოტანა შეუძლია.
* * *
როცა ეს-ესაა დავიწყე ჩემი სულიერი ძიებანი, მეჩვენებოდა, რომ რაც შეიძლება ბევრი უნდა ამეღო სხვადასხვა ტრადიციებიდან და სხვადასხვა მასწავლებლებიდან, შემდეგ კი ცხოვრებაში გამომეყენებინა ის, რაც ყველაზე მეტად შემეფერებოდა. ეს კონცეფცია 60-იან წლებში ძალიან პოპულარული იყო, მაგრამ ინდოეთში მივხვდი, თუ როგორი ზედაპირულია იგი. სულიერების არაერთი მაძიებელი მინახავს, რომელმაც ეს გზა აირჩია, მაგრამ მათი სულიერი ცოდნის სიღრმე არ ახდენდა ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას. და პირიქით, ყველა ის ადამიანი, რომელმაც თავისი სულიერებით მომხიბლა, რომელიმე ერთი სულიერი გზის მტკიცე მიმდევარი იყო. და მაშინ მივხვდი, რომ ჩემი ხეტიალი ერთიდან მეორე ადგილას, ერთი მასწავლებლიდან მეორემდე, უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა. და კიდევ იმასაც მივხვდი, რომ ჩემი უმზაობა, მიმეღო რომელიმე ერთი რელიგია, ნაწილობრივ გამოწვეული იყო იმის შიშით, რომ ეს სხვა რელიგიებს დამაშორებდა. მიუხედავად ამისა, ვიცოდი: იმისთვის, რომ რაიმესთვის მიმეღწია, ადრე თუ გვიან არჩევანის გაკეთება მომიწევდა. ამ მომენტის გაწელვის მცდელობები თანდათან უფრო და უფრო მტანჯველი ხდებოდა ჩემთვის. მაგრამ ამ გზებიდან და ამ მასწავლებლებიდან რომელია – ჩემი? როგორ მივხვდე ამას უეჭველად?
მე მრავალ დიად მასწავლებელთან მომიხდა შეხვედრა. მათ განმანათლეს, მომცეს ცოდნა სხვადასხვა სწავლების შესახებ და სულიერი გამოცდილების მიღების საშუალება, რასაც უეჭველია, რომ არ ვიმსახურებდი. ყველა ამ სწავლებაში სულიერ სილამაზეს ვხედავ, მაგრამ სად, რომელ მხარეს უნდა წავიდე ამ გზაჯვარედინიდან? სად უნდა მიმიყვანოს ჩემმა გზამ?
იმ ღამით ვლოცულობდი, რომ ღმერთს თავად წარემართა ჩემი გზა. ვერც კი შევამჩნიე ისე ჩამეძინა. შუაღამისას, როცა გამეღვიძა, სავსე მთვარე დავინახე, რომელიც მაღლა ცაში ანათებდა.მის გვერდით ერთადერთი ვარსკვლავი ბრწყინავდა. ეს ისლამის სიმბოლო იყო, ღმერთისადმი მორჩილების ნიშანი. როგორ გამეგო, ამით რისი თქმა უნდოდა ღმერთს ჩემთვის? პასუხი თავისთავად მოვიდა, და გულზე მაშინვე მომეშვა. მივხვდი, რომ საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც ვცდილობდი, მალე თავისით გამეხსნებოდა.