თავი ოცდამეექვსე
თავი ოცდამეექვსე
მე წინ მივიჩქაროდი და ვცდილობდი არ მეფიქრა იმ საფრთხეებზე, რომლებიც შესაძლოა გზაზე მელოდნენ. არ მტოვებდა იმის შეგრძნება, რომ ნეპალში რაღაც განსაკუთრებულს ვნახავდი. პატნადან საზღვრისპირა ქალაქ რაკსოლში ჩავედი.
სატვირთოს მძღოლმა, გზის მტვერით დაფარული თმითა და ტანსაცმლით, გამიღიმა და ბეტელის გამუდმებით ღეჭვისგან გაწითლებული კბილები გამოაჩინა და ხელის მოძრაობით მანიშნა, რომ ძარაზე ავმძვრალიყავი. შიგნით შევძვერი, თავისუფალი ადგილი მოვნახე გრძელ გახუნებულ კაბიან ჭაღარა მთიელებსა და მზისგან გადახუნებულ ტანსაცმლიან გლეხებს შორის, რომლებსაც თხები და ქათმები გადაჰყავდათ. სატვირთო ავტომობილი ბღუილით ადიოდა მთებზე.
ძარა ღია იყო, მგზავრი კი იმდენი მოგროვდა, რომ ზოგიერთი თითქმის მძღოლის კაბინაზე შემომჯდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ გადაადგილების ასეთ მეთოდს ვერც მოსახერხებელს და ვერც უსაფრთხოს ვერ ვუწოდებდით, ამის კომპენსაციას ჰიმალაების მშვენიერება ახდენდა, რომლებიც ჩვენს წინ გადაჭიმულიყვნენ. რაც უფრო მაღლა ავდიოდით მთებში მიხვეულ-მოხვეულ გზებზე, ჩვენს წინ სულ ახალი და ახალი სიმწვანით დაფარული ფერდობები და ველები იშლებოდა. ჰორიზონტზე თოვლიანი მწვერვალები მოჩანდა, ხანდახან კი ისინი პირდაპირ ჩვენს თავზე აღმოჩნდებოდნენ ხოლმე. მე სიამოვნებით ვისუნთქავდი მთის სუფთა ჰაერს, და სხეული სასიამოვნოდ მითრთოდა გრილი ქარის ყოველ დაქროლვაზე. დროდადრო მუსონური წვიმების ნაკადი გვექცეოდა თავზე, მაგრამ როგორც ჩანდა არც ერთ მგზავრს არ აწუხებდა ეს ამბავი. შუაღამისას მძღოლმა კატმანდუს შემოგარენთან ჩამოგვსვა.
დაღლილმა და მშიერმა, მარტომ განვაგრძე გზა ნესტიან ღამის სიბნელეში. ცარიელი ქუჩის ორივე მხარეს უძველესი ხის სახლების სილუეტები იკვეთებოდა. მაგრამ მათ არ მიუპყრიათ ჩემი ყურადღება. სადღაც შორიდან ძაღლების გაშმაგებული ყეფა მოისმოდა. ჩემი შფოთვა იზრდებოდა და ვიხსენებდი, თუ როგორ მაფრთხილებდნენ მოხეტიალე სადჰუები ველური ძაღლების შესახებ: ღამ-ღამობით ისინი გაავებულ ჯოგებად იკრიბებიან, პოულობენ და გარშემო ერტყმიან ნადავლს, თანდათან ამცირებენ წრეს, შემდეგ კი თავს ესხმიან, ნაკუწებად გლეჯენ და რამდენიმე წუთში ჭამენ მსხვერპლს. ამის გაფიქრებაც კი ვერ მოვასწარი, რომ ჩემს წინ უპატრონო ძაღლი გამოხტა, რომელსაც ხახიდან დუჟი და ნერწყვი უწვეთავდა. როცა მარტო მყოფი დამინახა ცარიელ ქუჩაში, ყელი მოიღერა და გამყინავად დაიყმუვლა.
რამდენიმე წამში დავინახე, თუ როგორ მიახლოვდებოდა ღრენით ძაღლების ჯგუფი. რამდენი იყო – ექვსი თუ რვა? ძალიან შეშინებული ვიყავი იმისთვის, რომ დამეთვალა. მაგრამ იმას, თუ რას ნიშნავდა მოღრჭიალე ყბებიდან მდინარე ნერწყვი თეთრი ქაფით, მაშინვე მივხვდი – ცოფს. ცოფიანი ძაღლები მრისხანე გაავებული თვალებით მიახლოვდებოდნენ, გაშმაგებულნი ყეფდნენ და ჩემს დასაგლეჯად ემზადებოდნენ. მათი ჩონჩხივით სხეული თითქმის თმის გარეშე იყო. ძაღლების ჯოგის საიქიოსეულმა ყმუილმა სტუპორში ჩამაგდო. ძაღლები მიახლოვდებოდნენ. მათი დაღებული ხახებიდან შხამიანი ნერწყვი გადმოდიოდა. იმისათვის რომ უკნიდან თავდასხმისგან დამეცვა თავი, სახლის კედელს ზურგით მივეყუდე და სიბნელეში ლოცვა დავიწყე. რა უნდა მექნა?
ამ დროს გამახსენდა ხელჯოხი, რომელიც რამა სევაკა სვამიმ მაჩუქა, და მრისხანედ დავიწყე მისი ქნევა. ხროვამ უკან დაიწია და ნახევარწრე შექმნა ჩემს გარშემო მეტრის და ცოტა მეტის მანძილზე. როგორც კი რომელიმე ცოფიანი ძაღლი გამოიწევდა ჩემსკენ, მაშინვე ცხვირ-პირში სვამის ხელჯოხის დარტყმას ღებულობდა. მთელი ძალით ვიგერიებდი მათ. ავი ღრენით შემდეგი ძაღლი მიახლოვდებოდა ხოლმე, რათა მორიგი დარტყმა მიეღო. ყოველი თავდამსხმელი, ხელჯოხის დარტყმის მიღებისთანავე უკან იხევდა, მაგრამ ცოტა ხანში, თითქოს არაფერი მომხდარაო, კვლავ მიტევდა. ძაღლების ყეფამ და ღრენამ აახმაურეს ღამე. ხროვა კვლავ და კვლავ მიტევდა, მაგრამ ყოველ ჯერზე ვახერხებდი მათ მოგერიებას. მაგრამ რაც უფრო მეტად ვიბრძოდი, მით უფრო ავდებოდნენ ძაღლები. მათ იყნოსეს ჩემი ხორცის და სისხლის სუნი და ესმოდათ, რომ ჩემი ძალები იწურებოდა. ფიქრის დრო აღარ მქონდა, რადგანაც ყოველ წამს მთელი ძალებით მიხდებოდა თავის დაცვა. ერთ ძაღლს მაინც რომ მოეღწია ჩემამდე, მაშინვე მთელი ხროვა ნაკუწებად დამფლეთდა. ნუთუ ესაა ჩემი ბედი –ცოფიანი ძაღლების ნადავლი გავხდე?
ჩემი ძალები იწურებოდა, ხოლო ძაღლების ღრენა, რომლებიც გამარჯვების გემოს გრძნობდნენ, უფრო და უფრო ხმამაღალი და ავი ხდებოდა. ისინი კიდევ უფრო მომიახლოვდნენ, რათა ბოლო მოეღოთ ჩემთვის და უკვე იმდენად ახლოს იყვნენ, რომ კინაღამ გონება დავკარგე მათი მყრალი სუნთქვისგან. კანკალმა შემიპყრო და სასოწარკვეთილი ღმერთს ვევედრებოდი დახმარებას. სიკვდილის სახის წინ მიტოვებულად და ყველასთვის უსარგებლოდ ვგრძნობდი თავს. ამ მომენტში, მხარს უკან გავიხედე და სიბნელეში ჩემს ზურგთან კარი შევამჩნიე. დაკეტილია თუ არა? ამ კოშმარის ფონზე იმედის სუსტი სხივი აკიაფდა. ელვისებურად შემოვბრუნდი, სახელური ჩამოვწიე და კარს ხელი ვკარი. ის გაიღო. შიგნით შევვარდი და კარი სწრაფად მივიჯახუნე. გარეთ დარჩენილი ძაღლები აღშფოთებულნი ყეფდნენ და დაკეტილ კარს აწყდებოდნენ.
შიგნით სრული სიბნელე იდგა. უეცრად ლამპა აინთო და გაანათა ოჯახი, რომელიც იატაკზე იწვა. ჩემი ხმაურის გამო გაღვიძებოდათ. მამაკაცებმა ქურდად ჩამთვალეს, ფეხზე წამოხტნენ და იმის გარკვევა დაიწყეს, თუ ვინ ვიყავი. მაგრამ მე მათ ენაზე ვერ ვლაპარაკობდი. ერთ-ერთი მათგანი ხმლით ხელში მომვარდა. ერთადერთი რაც დამრჩენოდა ის იყო, რომ მუხლებზე დაჩოქილს შეწყალება მეთხოვა.
დაინახა რა, რომ შებრალებას ვევედრებოდი, პატრონი მოლბა და მკვეთრი ჟესტით მიმითითა კარისკენ, რითაც ითხოვდა რომ დაუყოვნებლივ წავსულიყავი. თუმცაღა როგორც კი გარედან შემომავალი ძაღლების ყეფა მოესმა, შეყოყმანდა, რადგანაც მიხვდა, რომ გარდაუვალ სიკვდილთან მიშვებდა. ხანგრძლივი გამჭოლი მზერით მიყურებდა თვალებში, თითქოს ჩემს შეფასებას ცდილობდა: ჩანდა, რომ ჯერ კიდევ ეჭვის თვალით მიყურებდა. მე უხმოდ ვყვიროდი მხოლოდ თვალებით და თავშესაფარს ვთხოვდი მას. როგორღაც ჩემი უხმო ვედრება მივიდა მის გულამდე. ხმალი დაუშვა და დაჯდომა შემომთავაზა. ამ მომენტიდან ყველაფერი შეიცვალა – მან სხვა შუქში დამინახა და როგორც სადჰუ ისე აღმიქვა, რომელიც თუმცა განსაკუთრებულ ვითარებებში აღმოვჩნდი მის ოჯახში, მაგრამ მისი სახლის საკურთხებლად მივედი. ოჯახის დანარჩენმა წევრებმაც მის მაგალითს მიბაძეს და ხილი და ცხელი დამტკბარი რძე შემომთავაზეს, რომელიც დიდი მადლიერებით მივიღე. ღამის დარჩენილი ნაწილი სტუმრის უფლებებით გავატარე და ყურს ვუგდებდი მშიერი ძაღლების ავისმომასწავებელ ყეფას, რომელიც განთიადამდე არ შეწყვეტილა.
ძალიან დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ ამერიკაში, მომიხდა ინდური იგავის მოსმენა, რომელიც ახლა ამომიტივტივდა მეხსიერებაში. ყოველ გულში ორი ძაღლი ცხოვრობს – ცუდი და კარგი, და ისინი გამუდმებით ებრძვიან ერთმანეთს. ცუდი ძაღლი ჩვენს მანკიერ თვისებებს განასახიერებს: შურს, სიბრაზეს, ავხორცობას, სიხარბეს, ამპარტავნებას და პირფერობას. კარგი ძაღლი – ეს ჩვენი ღვთაებრივი ბუნებაა: მიტევების უნარი, თანაგრძნობა, თვითკონტროლი, სულგრძელობა, მორჩილება და სიბრძნე. ყველაფერი ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული: ის ძაღლი, რომელსაც მეტ დროს ვუთმობთ და უფრო მეტად ვკვებავთ, ვაკეთებთ რა არჩევანს მის სასარგებლოდ, უფრო მეტ ძალას იღებს. ის უფრო ხმამაღლა იყეფებს და ბოლოს და ბოლოს დაამარცხებს თავის მეტოქეს. იყო სათნო – ნიშნავს მშიერი ამყოფო ცუდი ძაღლი და გამოკვებო კარგი. ცოფიანი ძაღლების ხროვა, რომელიც ჩემს შეჭმას ცდილობდა, ნათელი ილუსტრაცია იყო იმ ყველაფრისა, რასაც ომს ვუცხადებდი საკუთარი თავის შიგნით, ავირჩიე რა სულიერი გზა.
სანამ ვიწექი და ჩემი თავგადასავლებისგან ვისვენებდი, ფიქრებით მადლობა გადავუხადე რამა სევაკა სვამის. რომ არა ის ხელჯოხი, რომელიც მან მაჩუქა, მე უეჭველად მკვდარი ვიქნებოდი უკვე. გამახსენდა მისი სიტყვები, რომლებიც წინასწარმეტყველურნი აღმოჩნდნენ: “წყალობის ხელჯოხს, რომელსაც უფლის ერთგულისგან ვღებულობთ, შეუძლია უდიდესი საფრთხისგან გვიხსნას”.
* * *
მომდევნო დილას, როცა ყველაფერი მიწყნარდა და ძაღლები დაიშალნენ, რათა დღის ცხოვრებით ეცხოვრათ, მე მთელი გულით გადავუხადე მადლობა სახლის მასპინძლებს და უფალი ვიშნუს ტაძრისკენ გავემართე. აქ მოვისმინე, თუ როგორ ადიდებდა რამდენიმე სადჰუ ჯანაკპურის – წმინდა ადგილს ნეპალის ველებზე, სადაც დედამიწას მოევლინა უფალი რამას მეუღლე – სიტა. მათმა სიტყვებმა თავგადასავლების წყურვილი გააღვიძეს ჩემში და ისე, რომ დიდხანს არ მიფიქრია, სწორედ ამ ადგილისკენ გავემართე. კატმანდუში ძველ ავტობუსზე დავჯექი, რომელიც ჯანაკპურისკენ მიემართებოდა. რამდენიმე საათში ავტობუსი მთებიდან დაეშვა, ველები გადალახა და ხშირ ტროპიკულ ჯუნგლებში შევიდა, სადაც ველური მარტორქა შევამჩნიე, რომელიც მშვიდად შეექცეოდა ფოთლებს. ჯანაკპურში ჩავლისთანავე, პირველ რიგში მოვინახულე ვიჰარ-კუნდა – პატარა ტბა, რომელიც ქალაქის ხმაურისგან მოშორებით მდებარეობდა. ტბის ირგვლივ უძველესი ხეები იზრდებოდნენ და გარშემო ასევე ძველი სიწმინდეები იდგა. აქვე იყო აშრამი, სადაც მიმიყვანეს გურუსთან, სახელად შრი ვეჯი. ეს იყო ხანშიშესული სადჰუ ჭაღარა წვერით ნიკაპთან და ზღარბის სტილის ჭაღარა თმით. მან დიდი გულისხმიერება გამოიჩინა ჩემდამი და მთხოვა, რომ ცოტა ხნით მის აშრამში მეცხოვრა, სადაც მზად იყვნენ ყოველდღე უფასო ბრინჯით და დალით გამმასპინძლებოდნენ.
შრი ვეჯიმ ამიხსნა, თუ რატომ ითვლებოდა ჯანაკპური წმინდა ადგილად. უძველეს დროში ამ ადგილს მითჰილას ეძახდნენ. იგი ნადიდებია ეპოსში “რამაიანა”. მეფე ჯანაკა, ემზადებოდა რა მსხვერპლშეწირვისთვის, მიწას ხნავდა აქ, და ზუსტად მისი გუთნის ქვეშ ქალღმერთი სიტა გამოვლინდა. მას მამის სახელის შესაბამისად ჯანაკის ეძახდნენ. მითჰილა – სიტას და რამას პირველი შეხვედრის ადგილია, ქალაქი, სადაც რამამ შივას ძლევამოსილი მშვილდი გადატეხა, რათა სიტას ხელი მოეპოვებინა და მასზე დაქორწინებულიყო.
ამ დროისთვის უკვე არც ერთი ისტორია ღმერთის დედამიწაზე მოვლინების შესახებ აღარ იყო ჩემთვის უბრალოდ უძველესი თქმულება. დარწმუნებული ვიყავი მათ რეალობაში. ხედავდა რა, თუ როგორი ენთუზიაზმით ვუსმენდი მათ, ძალიან კეთილმა შრი ვეჯიმ ინდური კლასიკის ორი წიგნი გადმომცა: ვალმიკი მუნის “რამაიანა” – ინგლისური თარგმანით და ტულასიდასას “რამაჩარიტამანასი”. წიგნები ძალიან სქელი იყო, და ყოველ დილით, გაღვიძების, ტბაში განბანვის და მედიტირების შემდეგ მათ შესწავლას შევუდგებოდი ხოლმე, და ასე ვიყავი კითხვაში ჩაძირული მზის ჩასვლამდე.
“რამაიანაში” ყველაფერი იყო: თავგადასავლები და სასიყვარულო ისტორიები, ტრაგედიები და გმირული საქმენი, საშინელი სცენები, იუმორი და ორთაბრძოლების აღწერა. მაგრამ ამას არ მოვუხიბლივარ. მე უფრო მეტი ვიგრძენი. ყველა ეს თემა ერთგულების სულით იყო შეკრული, რომელსაც მკითხველის გულში ღმერთისადმი სიყვარული უნდა გაეღვიძებინა. როცა ჩემი დახმარება შევთავაზე აშრამის დალაგებაში, შრი ვეჯიმ მხოლოდ გაიღიმა: “მხოლოდ ის, რომ შენ “რამაიანას” კითხულობ და ჩვენს საჭმელს მიირთმევ, ჩემს გულს წმენდს. რა მსახურებაზეა კიდევ ლაპარაკი?”
ერთხელ, დღისით, მთავარი მაგისტრალის ნაპირთან ვიდექი. მთელი დღის მანძილზე ერთ ავტომობილს ან სატვირთოსაც კი არ გაუვლია. ეს არ იყო გასაკვირი, რადგანაც ჯანაკპურიში გადაადგილების ჩვეულ საშუალებას გიგანტური ნეპალური სპილოები წარმოადგენდნენ. მათ ზურგზე დიდძალი ტვირთი დაემაგრებინათ, გადამზიდავები კი, როგორც წესი ბიჭები, კისერზე შემომჯდარიყვნენ ზედ სპილოს თავთან და ხელში ჯოხები ეჭირათ. კისერზე ამ ცხოველებს დიდი ლატუნის ზარები ეკიდათ, რომლებიც ქანაობდნენ და სიარულის დროს ხმას გამოსცემდნენ. სპილოები თავდაჯერებული მეფური სვლით მიაბიჯებდნენ. ერთი-მეორეს მიყოლებით მიდიოდნენ კამეჩებთან ერთდ, რომლებიც ასევე პირთამდე სავსე მძიმე ურმებს მიათრევდნენ. ასევე ჩაივლიდნენ ხოლმე ქალები, რომლებსაც თავზე კალათები ან თიხის ქოთნები შემოედგათ. უმეტესწილად თავიანთ ტვირთს ხელის მიხმარების გარეშე ატარებდნენ. პატარა გოგონებსაც კი ამაყი სიარულის მანერით ზედმეტი დაძაბულობის გარეშე გადაჰქონდათ თავით დიდი სიმძიმეები. და თან ერთად მღეროდნენ სიტას და რამას სადიდებელ სიმღერებს. ვაკვირდებოდი ზომიერ და ბედნიერ ცხოვრებას, როგორც ეს ადამიანები ცხოვრობდნენ, განსაკუთრებულ სიმშვიდეს ვგრძნობდი გულში და ლოცვა დავიწყე იმისთვის, რომ ჯანაკპური მუდამ ასეთი დარჩენილიყო.
წმინდა ტბის ირგვლივ ჯანაკპურის ცენტრში მრავალი ტაძარი აღმართულიყო. ყველაზე ცნობილნი მათ შორის იყვნენ ჯანაკი-მანდირი და რამა-მანდირი. ერთხელ, რამა-მანდირის შიგა ეზოში ორმოცდაათიოდე წლის სადჰუს შევხვდი, რომელიც ტაძრისგან მოშორებით შემაღლებულზე იჯდა. გრძელი აბურდული წვერით და თმით, ბერის ტანსაცმელში გამოწყობილი, იგი სრულიად გაწონასწორებული და სამყაროსგან განჯაჭვული ჩანდა. ასობით ადამიანი რიგში იდგა მისგან კურთხევის მისაღებად. როცა მათი რიგი მოდიოდა, იგი მოწყალედ აძლევდა კურთხევას გაშლილი ხელისგულით. მეც მომინდა მისი კურთხევის მიღება და რიგში ჩავდექი. როცა მივუახლოვდი, სხვების მსგავსად თაყვანი ვეცი. როცა დამინახა, სადჰუს გაუკვირდა და ჟესტით მანიშნა, რომ მის გვერდით შემაღლებულზე დავმჯდარიყავი. ამ შემოთავაზებამ გამაკვირვა და იმავდროულად გამახარა.
ისე, რომ თავისი თაყვანისმცემლების კურთხევა არ შეუწყვეტია, სადჰუმ დაკითხვა დამიწყო:
“საიდან ხარ წარმოშობით?”
“ამერიკიდან”.
“რამ გაიძულა ასეთი მდიდარი ქვეყნიდან ღატაკ ინდოეთში ჩამოსვლა?”
“ღმერთის ძიებამ”.
მან მოხუც ქალს გაუღიმა, რომელსაც თავი დაეხარა მის წინაშე კურთხევის მოლოდინში.
“რატომ გადაწყვიტე სადჰუ გამხდარიყავი?” – მკითხა მან და ღიმილს აგრძელებდა.
“იმისთვის, რომ გასხივოსნება მოვიპოვო”.
ჩემი სიტყვების გაგონებაზე იგი დაიჯღანა. მისი ღიმილი მოქუფრული გამომეტყველებით შეიცვალა, ხმა კი არასასიამოვნოდ აუჟღერდა. მისი უეცარი ცვლილებით გაკვირვებულს არც კი ვიცოდი რა მეფიქრა.
“შენ ბრიყვი ხარ, - დაისისინა მან. – ნამდვილი ბრიყვი, გესმის? ბრიყვი. ბრიყვი! უმეცარი ბრიყვი!”
მე ვიცოდი, რომ ბრიყვი ვიყავი. შესაძლოა მას ჩემი განათლება უნდოდა, ამიტომ მორჩილად ვკითხე: “ძალიან გთხოვთ, თქვენო უწმინდესობავ, მომეცით დარიგებები, როგორ გავხდე უფრო ჭკვიანი”.
იგი აღშფოთებული შეირხა და დაიყვირა: “მე სადჰუს ცხოვრების წესით ვცხოვრობ უკვე ოცდაათი წელია. და იცი რას მივაღწიე? ა-რა-ფერს! ყვეალფერი რაც ამ წლების განმავლობაში ვღებულობდი – დამპალი ბრინჯის ბღუჯა და ცოტა დალია!” ამ დროს ქალმა ჩვილი ბავშვი გაუწოდა საკურთხებლად. “ამერიკა – სიმდიდრეებს ქვეყანაა, - ყვიროდა იგი და ამავდროულად ბავშვს აკურთხებდა, - ამერიკაში მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალები არიან. ამერიკაში დიდი და კომფორტული სახლები და მანქანებია. ამერიკაში – ლამაზი ტანსაცმელი, კარგი საჭმელი და სასმელია. ამერიკაშI – ყველაზე საუკეთესო კინოფილმები და სატელევიზიო პროგრამებია!” მან თვალები დახუჭა და ჩაისუნთქა: “აჰ, რამდენს გავიღებდი, რომ ყველა ეს ცხოვრების მშვენიერება გამომეცადა ამერიკაში”. ამ დროს თვალები დამიკვესა: “შენ კი ეს ყველაფერი მიატოვე – და რისთვის? ბრინჯისთვის და დალისთვის… აღარ შემიძლია ამ ბრინჯის და დალის ყურება. შენ ამ საწყალ, ღატაკ ადგილას ღმერთის საძიებლად ჩამოხვედი? სულელო! ღმერთი არ არსებობს. გესმის? ღმერთი არ არსებობს! უკან დაბრუნდი შენს დიდებულ ქვეყანაში და იქ დატკბი. თუ არ დამიჯერებ, მთელ ცხოვრებას სიღატაკესა და ტანჯვაში გაატარებ”.
სანამ ამ წყევლას წარმოთქვამდა, ასობით მისი თაყვანისმცემელი მისდამი თაყვანისცემის გამოხატვას აგრძელებდა. მათ ერთი სიტყვაც კი არ ესმოდათ ინგლისურად. მთელი ამ ხნის განმავლობაში, სანამ მტუქსავდა, მისი გაშლილი ხელისგული კურთხევას ურიგებდა უმანკო ღვთისმოშიშ ადამიანებს. ისინი ღმერთის წყალობას თხოვდნენ მას, ამ დროს კი თავად ღმერთის არსებობას უარყოფდა. ისინი წმინაანად აღიქვამდნენ მას, ის კი ამ დროს თავის ღატაკურ ცხოვრებას წყევლიდა. მე გაოგნებული წამოვედი. ჩემი ჭკუა მთელი ძალით ცდილობდა იმის გაგებას, რაც უფალმა დამანახა ამ ყველაფრით.
დიახ, ეს ადამიანი მართალი იყო. ამერიკა – სიმდიდრის და კომფორტის ქვეყანაა. მაგრამ მყუდრო და კომფორტული ცხოვრება აღარ მაინტერესებდა. პირიქით, ვგრძნობდი, რომ მივდიოდი გზაზე, რომელიც ხან იოლი და ლამაზი იყო, ხან კი – რთული, მაგრამ ეს ყველაფერი იმისთვის, რომ მომეპოვებინა უფრო დიდი განძი, ვიდრე მატერიალური სამყაროს ნებისმიერი განძია. თუ ამ ადამიანს მატერიალური ცხოვრებით დატკბობა უნდოდა, რატომ არ შრომოდა უბრალოდ გულწრფელად ეშრომა? ამის ნაცვლად იგი წმინდანს თამაშობდა და მიამიტ ადამიანებს ატყუებდა.
ჭეშმარიტი და ყალბი ყოველთვის გვერდიგვერდ არსებობენ. მთელი ისტორიის მანძილზე რელიგიური ფარისევლობა უბრალო ადამიანების რწმენას ანგრევდა. წმინდანს ხშირად ვერ ამოვიცნობთ გარეგნული სახით. ბჰაგავად-გიტა ასწავლის, რომ განდეგილობა არაა განკუთვნილი ზარმაცებისთვის, რომლებიც შრომას გაურბიან, არამედ მათთვისაა, ვინც ღმერთის სიყვარულით მოტივირებული შრომობს.
მე დავფიქრდი ყველა იმ ადამიანზე, რომლებსაც შევხვედრივარ, რომლებიც ცხოვრობდნენ და შრომობდნენ ღმერთის სიყვარულით და ერთგულებით მოტივირებულნი, და უფალს შევთხოვდი, რომ ოდესმე ერთ-ერთი მათგანი გავმხდარიყავი. გამახსენდა შრილა პრაბჰუპადას სიტყვები, რომლებიც ბომბეიში მოვისმინე: “სჯობს, პატიოსანი მეეზოვე იყო, ვიდრე თაღლითი, რომელიც თვალთმაქცობს და თავს აჩვენებს, რომ მედიტირებს”. ჩემი ფიქრები ამ უბედურს დაუბრუნდა, რომელიც სადჰუდ ასაღებდა თავს. მისი ცუდი ძაღლი ხმამაღლა ყეფს, ის კი ყოველდღიურად კვებავს მას ბრინჯის და დალის დიდი პორციებით.