გზა შინისაკენ - ამერიკელი იოგის მოგზაურობა

რადჰანათჰ სვამი
5
1

ძლივ-ძლივობით გამოვძვერი თუ არა მდინარე ბაჰმატის ყინულივით ცივი წყლიდან, რომელიც ჰიმალაების ყინულებიდან იღებს სათავეს

თავი ოცდამეოთხე

 

თავი ოცდამეოთხე

აიოდჰია – ქალაქი, სადაც უფალი რამა დაიბადა, - უხსოვარი დროიდან იზიდავს მილიონობით მწირს, და მეც მომინდა ამ ადგილის მონახულება. უძველეს დროში საოცრად მშვენიერი უფალი ადამიანის სახით მოევლინა აქ, რათა ხალხისთვის თავისი მაგალითით ესწავლებინა. როგორც შვილმა, მან სიხარულით შეასრულა მამის ნება: ტყეში წავიდა და უარი თქვა სამეფო ტახტზე, და ეს მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ მამის ღირსება დაეცვა. როგორც ქმარს, მას უყვარდა თავისი ცოლი, სიტა, და უფრთხილდებოდა მას, ხოლო როცა იგი ტყვედ ჩავარდა, მისი გადარჩენისთვის იბრძოდა. როგორც მოსწავლე, იგი მთელი გულმოდგინებით სწავლობდა თავისი მასწავლებლების ხელმძღვანელობით და ემსახურებოდა მათ, ისე რომ შავ სამუშაოსაც არ თაკილობდა. როგორც მეგობარი, ყოველთვის მზად იყო დახმარებოდა ვისაც კი დასჭირდებოდა. როგორც ძმამ მან ღირსეულად აიტანა განსაცდელები და გაუძლო ცდუნებებს, რითაც თავისი სიყვარული და ერთგულება დაამტკიცა. ხოლო მოგვიანებით, როცა მეფის როლს თამაშობდა, უფალი რამა ზრუნავდა თავის ქვეშევრდომებზე, როგორც საკუთარ შვილებზე, და სამართლიანად ეპყრობოდა მათ, ისე რომ არავისადმი არ გრძნობდა განსაკუთრებულ მიკერძოებას. იგი ამას იმისთვის აკეთებდა, რომ საკუთარი მოვალეობის უნაკლო შესრულების მაგალითი მიეცა და ჩვენს გულში ღმერთისადმი სიყვარული გაეღვიძებინა.
როცა ფართო ქუჩაზე დიად ტაძრებსა და სასახლეებს შორის მივაბიჯებდი და გარშემო მოგზაურების უზარმაზარ ბრბოს ვხედავდი, მეჩვენებოდა, რომ ზღაპრულ სამეფოში მოვხვდი.
ღამე მიწაზე გავათენე, მდინარე სარაიუს ნაპირას. ერთხელ დილით, განბანვის შემდეგ, როცა სასიხარულო მოლოდინით აღსავსე გავემართე უფალი რამას დაბადების ადგილის სანახავად. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში მოვხვდებოდი.
ვიდექი და საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი. უფალი რამას დაბადების წმინდა ადგილას, რომელსაც ასეულობით მილიონი ინდუსი ეთაყვანებოდა, მიტოვებული მეჩეთი იდგა, რომელიც ეკლიანი ღობის მრავალი ფენით იყო შემოღობილი. მეჩეთის ტერიტორიას ყუმბარებით და დაშნიანი შაშხანებით შეიარაღებული ჯარისკაცები პატრულირებდნენ. შემოღობილს გარეთ ხის ფიცარნაგზე ათამდე სადჰუ უფალი რამას წმინდა სახელს გალობდა. დაბნეულმა ვეცადე სადჰუებთან გამერკვია, თუ რა ხდებოდა აქ, მაგრამ არც ერთი მათგანი ინგლისურად არ ლაპარაკობდა. ბოლოს და ბოლოს ინგლისურენოვანი ბროშურა მომცეს, რომელშიც ეწერა, რომ ოდესღაც ჯანმა-ბჰუმიში, უფალი რამას დაბადების წმინდა ადგილას, მისადმი მიძღვნილი დიადი ტაძარი იდგა. მოგვიანებით დამპყრობლებმა დიდი მოგოლების დინასტიიდან ტაძრის ადგილას მეჩეთი ააგეს, და მას შემდეგ ინდუსები და მუსულმანები ამ ადგილისთვის იბრძვიან. საბოლოოდ, იმისათვის, რომ მათ შორის სისხლიანი კონფლიქტი ჩაეხშო, სიტუაციაში ხელისუფლება ჩაერია. “ახლა კონფლიქტის ზონას შეიარაღებული ძალები იცავენ, და ტერიტორიაზე შესვლა სასტიკად აკრძალულია, - ამბობდა ბროშურა. – ამიტომ სადჰუებმა აღქმა დადეს, რომ იგალობებდნენ უფალი რამას წმინდა სახელებს მანამ, სანამ ინდუსებს არ მიუშვებდნენ სიწმინდესთან.
გამახსენდა, რომ მსგავსი კონფლიქტი იერუსალიმში, მთიან ტაძარზე მწიფდებოდა, სადაც კლდის მეჩეთია განლაგებული. მივუახლოვდი ჭიშკარს, რომელიც უზარმაზარი ფოლადის ბოქლომით იყო ჩაკეტილი, და ჩავიძირე იმაზე ფიქრში, თუ როგორ მივყავართ პოლიტიკურ ინტრიგებს სისხლისღვრებამდე მთელს მსოფლიოში. ჩემი მოგზაურობების და ღმერთის სიყვარულის ძიების მანძილზე ვისწავლე მსოფლიოს ყველა რელიგიის განუმეორებელი სილამაზის დაფასება. მაგრამ სიძულვილი და ძალადობა, რომელიც “ღმერთის სახელით” ხდება, ასევე ერთ-ერთი სამწუხარო რეალობაა ამ სამყაროში. სხვა რწმენის ხალხის სიძულვილის გზაზე ისინი დგანან, ვინც გარეგნულ ფორმაზეა მიჯაჭვული და რელიგიის ღრმა არსი არ ესმის. ყველა რელიგიის არსი – ღმერთისადმი უანგარო სყვარულია. აი რატომ ახასიათებს ნებისმიერ ჭეშმარიტად რელიგიურ ადამიანს, რომელ ტრადიციასაც არ უნდა განეკუთვნებოდეს იგი, ისეთი სიკეთეები, როგორიცაა ღმერთისადმი მტკიცე რწმენა, საკუთარი თავის ფლობა, მოყვასის სიყვარული და თანაგრძნობა.
ეკლიანი ღობის მიღმა მიტოვებული მეჩეთის შესასვლელთან დაფა დავინახე უფალი რამას გამოსახულებით. მასთან ჯარისკაცმა ჩაიარა, კბილებამდე შეიარაღებულმა და მტვერი დააყენა ტყავის ჩექმებით. ზურგზე შაშხანა ჰქონდა გადაკიდებული, მკერდზე კი ჯვარედინედ ეკეთა ტყვიების ქამრები. მან მუხლი მოიყარა გამოსახულების წინაშე და ლოცვა აღავლინა, შემდეგ კი აკურატულად ჩამოჰკიდა მასზე ყვავილების გირლიანდა. ამ რთულ პირობებში იგი ტაძრის ღვთისმსახურის მოვალეობებს ასრულებდა. მე ვიდექი და გაკვირვებული ვუცქერდი მომხდარს.
სწორედ აქ, აიოდჰიაში, ხელში ჩამივარდა “რამაიანას” ინგლისური თარგმანი, და მე ყოველდღე ვკითხულობდი მას, სარაიუს ნაპირას მჯდომი. ამ უძველეს წმინდა წერილში მოთხრობილია უფალი რამას ცხოვრებისა და მოძღვრების შესახებ. თუმცა იმ პერიოდში კიდევ დარჩენილი მქონდა ყოვლისმომცველ უპიროვნო აბსოლუტზე მედიტაციისადმი მიდრეკილება, თანდათანობით ჩემს გულში უფლის პიროვნული თვისებებისადმი გადაულახავი მიჯაჭვულობა იბადებოდა. როცა ვკითხულობდი რამასა და მისი ერთგული მსახურების სიყვარულით სავსე ურთიერთობების შესახებ, თანდათან უფრო და უფრო მიზიდავდა ღმერთის მსახურების გზა. უფალი რამა – ეს ბრწყინვალე მისაბაძი მაგალითია. იგი გვასწავლის, როგორ ვიცხოვროთ სულიერი ცხოვრებით ამ სამყაროში და ამავდროულად ვემსახუროთ ოჯახს და საზოგადოებას. როცა ამ ადგილების დატოვების დრო დადგა, მადლობა გადავუხადე წმინდა ქალაქ აიოდჰიას და ვილოცე, რომ არასოდეს დამვიწყებოდა აქ მოპოვებული უძვირფასესი საჩუქრები.

* * *
შემდგომ ჩემი გზა სამხრეთ აღმოსავლეთისკენ გრძელდებოდა, პრაიაგში. ამ ადგილას, რომელიც წმინდა ადგილთა შორის საუკეთესოდ ითვლება თორმეტ წელიწადში ერთხელ ტარდება კუმბჰა-მელა – უდიდესი რელიგიური დღესასწაული, რომელზეც ოც მილიონამდე მწირი იკრიბება. ისინი სპეციალურად იმისთვის ჩამოდიან, რომ ნახონ წმინდა ადამიანები და აღასრულონ განბანვის რიტუალები სამი მდინარის: განგას, იამუნას და სარასვატის შეერთების ედგილას. აქამდე ნახევარი წლით ადრე მე რამდენჯერმე ვთქვი უარი აქ მოწვევაზე, რადგანაც დაგეგმილი მქონდა განგაზე, ჰიმალაებში გამეტარებინა დრო, თუმცა სულის სიღრმეში დიდი ხანია მინდოდა პრაიაგის მონახულება. ზაფხულის ჩახუთულ დილას მოვედი აქ და ადგილობრივ მაცხოვრებელს ვკითხე, თუ როგორ მივსულიყავი მდინარეების შერწყმის ადგილამდე. მან ჟესტით მიჩვენა გზა.
განგამდე მივედი, ქვიშიან ნაპირზე ჩამოვჯექი და ინდოეთში გატარებული პირველი დღეების შესახებ მოგონებებს მივეცი თავი. ვიხსენებდი, თუ როგორ ვიჯექი ქვაზე რიშიკეშში და როგორ მაძლევდა განგა გაკვეთილებს, რომლებმაც მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალეს. ასევე გამახსენდა, როგორ მომესმა მისი ტალღების განუწყვეტელი სიმღერიდან ჰარე კრიშნა მანტრას ბგერები, რომლებიც სამუდამოდ აღიბეჭდა ჩემს გულში. ახლა, პრაიაგში, განგას ქვიშიან ნაპირზე მჯდარი ვხვდებოდი, რომ თუ უბრალოდ გავყვებოდი მის დინებას, მისი იამუნასთან და სარასვატისთან შეერთების ადგილამდე მივიდოდი. სწორედ სამი მდინარის შეერთების ადგილი მოიხსენება ვედებში ინდოეთის ყველაზე წმინდა მწირობის ადგილად. წამოვდექი და ამ მიმართულებით განვაგრძე გზა. შუადღე იყო და დამაბრმავებლად მოკაშკაშე წვრილი თეთრი ქვიშა შიშველ ტერფებს მიწვავდა. მას შემდეგ, რაც უნებლიედ შეურაცხყოფა მივაყენე წმინდა კოცონს სანდალებით, საერთოდ უარი ვთქვი ფეხსაცმლის ტარებაზე და ფეხშიშველი დავდიოდი. მაგრამ იმ დღეს ქვიშა ისე გახურდა, რომ მასზე სიარული შეუძლებელი იყო. მეჩვენებოდა, რომ ვერასოდეს მივაღწევდი მიზნამდე. როგორც იქნა ერთი საათის შემდეგ ჩემს თვალებს საოცარი სურათი წარმოუდგა: მდინარე იამუნა, რომელიც ჰიმალაების მაღლობებიდან მორბოდა და ჩრდილოეთ ინდოეთის ველებს გადმოივლიდა, თითქოს დიდი ხნის განშორების შემდეგ განგას ერწყმოდა. და ასე მიედინებოდნენ ერთ ნაკადში: მუქი ლურჯი იამუნა, მოთეთრო განგა, და სადღაც მათ ქვეშ, თვალისათვის უხილავი სარასვატი.
ქვიშის ნაპირზე ვიჯექი და უღრუბლო ცისფერ ცას შევცქეროდი. ცაში შევარდენი ლივლივებდა, ფართოდ გაშლილ მოწითალო-მოყავისფრო ფრთები მზეზე ბრწყინავდნენ. შევარდენი წრიულად ეშვებოდა დაბლა და დაბლა, სანამ ჩემგან რამდენიმე მეტრის მოშორებით არ აღმოჩნდა. ყვითელ თვალებს აკვესებდა და ყურადღებით აკვირდებოდა მდინარეს. უეცრად ქვემოთ დაეშვა და თავით ჩაეფლო განგაში. წყლის ქვეშ შეტაკება გაიმართა, და აი შევარდენმა ზედაპირზე მის კლანჭებში მოფართხალე ოცდაათ სანტიმეტრამდე თევზთან ერთად ამოყვინთა, თავზე გადამიფრინა და უახლოეს ტყეში გაუჩინარდა. ამ ყველაფერს ვაკვირდებოდი და ვმსჯელობდი:
თევზი, რომელიც არაფერზე ეჭვობდა და თავისი მდინარის გარდა არაფერი უნახავს, ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა, სანამ უეცრად სიკვდილის სასტიკი ხელის მიერ ჩვეული გარემოსგან მოწყვეტილი არ აღმოჩნდა. მსგავსად ამ თევზისა, ჩვენც ჩვეულებრივ ცხოვრებას ვეწევით, და არც კი ვეჭვობთ, რომ ბედის ყვითელთვალება შევარდენს, რომელიც კრიზისის, ტრაგედიის ან სიკვდილის სახით მოდის ჩვენთან, შეუძლია მოულოდნელად წარგვიტაცოს ჩვეული გარემოდან. ჩვენ გამუდმებით ვისმენთ მსგავსი მაგალითების შესახებ ახალ ამბებში და თავადაც ვამჩნევთ მათ, მაგრამ იშვიათად თუ ჩავუფიქრდებით, რომ მსგავსი რამ შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეგვემთხვეს. რა გაკვეთილი უნდა გამოვიტანო აქედან? არასოდეს არ უნდა მივცე თვითდამშვიდებულობის შეგრძნებას ნება, რომ ჩემს გულში დაისადგუროს, და არ უნდა დავუშვა, რომ ყოველდღიურმა ამაოებამ სულიერი მიზნისგან დამაშოროს. თევზს რომ უფრო ღრმად ეცურა, მიუწვდომელი იქნებოდა შევარდენისთვის. ამის მსგავსად, თუკი ჩვენ გავაღრმავებთ ჩვენს ურთიერთობას ღმერთთან, მაშინ შევძლებთ შინაგანი რეალობის დანახვას, რომელიც ისეთი ღრმა და სიხარულის მომტანია, რომ მასთან შეხების წყალობით ცხოვრების ნებისმიერ განსაცდელს მშვიდი და განჯაჭვული ჭკუით შევხვდებით.
ზაფხულის მზე აცხუნებდა და სამი მდინარის შეერთების ადგილას სულიერი არ ჭაჭანებდა. ჩემი მწირი სარჩო ნაპირზე დავტოვე და წყალში შევედი. ბანაობის შემდეგ შემიპყრო ძლიერმა სურვილმა, რომ ამ ჯადოსნურ ადგილას უფრო ხანგრძლივად დავრჩენილიყავი, მე ხომ არ ვიცოდი, კიდევ მომეცემოდა თუ არა აქ მოხვედრის შანსი. გადავწყვიტე მეორე ნაპირზე გადამეცურა, დაახლოებით ასი მეტრის მანძილზე. განგას დინება მძლავრი იყო, იამუნას დინება კი – მშვიდი და აუჩქარებელი. როცა გავცურე, განგამ ნაპირის უდაბურ ნაწილას გამრიყა, სადაც არაფერი არ იზრდებოდა. წყლიდან ამოვედი, ქვიშიან ნაპირზე დავადგი ფეხი და მოულოდნელად მიწაში ჩაფლობა დავიწყე ისე, თითქოს უჩინარი ძალა მისრუტავდა ქვემოთ.
მცოცავი ქვიშები! ერთი შეხედვით ისინი არაფრით განსხვავდებოდნენ სანაპიროს რბილი ქვიშებისგან, რომლებიც ხშირად სასთუმლის მაგივრობას მიწევდნენ. მაგრამ გარეგნული მსგავსება მაცდური აღმოჩნდა. მე სასოწარკვეთილი ვიბრძოდი სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ მიუხედავად ჩემი ყველა მცდელობისა, უფრო და უფრო ღრმად ვეფლობოდი ქვიშაში. უკვე მუხლებამდე ჩაფლობილი კიდევ უფრო ღრმად ჩავდიოდი. ყველა ჩემი მცდელობა ამაო იყო. დედა-მიწა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მყლაპავდა.
შველის ძიებაში აქეთ-იქით მიმოვიხედე, მაგრამ სანამდეც თვალი წვდებოდა, ქვიშის მეტი არაფერი ჩანდა. უცებ ჩემმა მზერამ უფოთლებო ბუჩქი დააფიქსირა, რომელიც ჩემგან მარცხნივ ამოზრდილიყო. განწირული ნახტომით ვცადე მოვჭიდებოდი მას, ისე როგორც წყალწაღებული ეჭიდება ხავსს. ეს ეკლიანი ბუჩქი აღმოჩნდა. მის ტოტს მივწვდი, მთელი ძალით მოვეჭიდე და ქვიშის ტყვეობიდან ფეხების განთავისუფლება ვცადე, და თან გასისხლიანებული ხელებით ტოტს ვეჭიდებოდი. მცხუნვარე მზის ქვეშ, სასოწარკვეთლი ვიბრძოდი სიცოცხლის გადასარჩენად. სამართებელივით ბასრი ეკლები ხელიგულებში მესობოდნენ. ჭრილობებიდან სისხლი თქრიალით მომდიოდა. მაგრამ სხვა რა დამრჩენოდა? არჩევანი დიდი არ იყო: ან მტანჯველი ტკივილისთვის უნდა გამეძლო, ან მცოცავი ქვიშების ნებას უნდა დავმორჩილებოდი, და ამით სამარცხვინო და სასტიკი სიკვდილი მიმეღო. დაქანცულობისგან სულშეხუთულმა, როგორღაც მოვახერხე ერთი ფეხის განთავისუფლება, მაგრამ იგი მაშინვე კვლავ შეიწოვა ქვიშამ. ჩემი მეორე ძალისმევის შედეგად ბუჩქი თავისი ფესვებიანად ამოიძირკვა ქვიშიდან. სასოწარკვეთილმა ვიყვირე. უსარგებლო ტოტს ხელი ვუშვი, უშედეგო ბრძოლისგან გადაღლილმა ღრმად ჩავისუნთქე და მოვეშვი. ჩემდა გასაკვირად, აღმოვაჩინე, რომ თუ მშვიდად მოვიქცეოდი, მცოცავი ქვიშებიც უფრო ნაკლებად აგრესიულნი ხდებოდნენ. მთელი სხეულით გავწექი ქვიშაზე და აღმოვაჩინე, რომ ის მიჭერდა, თითქმის ისე როგორც წყალი. ეს თავისთავად არ წყვეტდა ჩემს პრობლემებს, მაგრამ რაღაც დროის მოგების საშუალებას მაძლევდა. სანტიმეტრობით, ძალიან ნელა ვმოძრაობდი და ფრთხილად ვინთავისუფლებდი ფეხებს. ასე, ლოკოკინასავით ნელი მოძრაობებით მივცოცდი მდინარემდე.
როგორც იქნა განვთავისუფლდი, ან ყოველ შემთხვევაში ვფიქრობდი ასე. ახლა მხოლოდ ისღა დამრჩენოდა, რომ იამუნას წყნარი დინება გადამელახა, მაგრამ ამისათვის განგას მძლავრ ტალღებს უნდა გავმკლავებოდი. ცურვას შევუდექი, მაგრამ რამდენიც არ ვეცადე, დედა განგა უკან, მცოცავ ქვიშებთან მაბრუნებდა. ჩემი ძალები უკვე იწურებოდა, და მივხვდი, რომ ვეღარ გავაგრძელებდი დინების საწინააღმდეგოდ ცურვას. გამწარებული ვიქნევდი ხელებს და ფეხებს, მაგრამ დინებას მაინც უკან მივყავდი. დაძაბულობისგან ხელები დამეჭიმა, მეჩვენებოდა, რომ კიდევ ცოტაც და პარაკლიზებული ვიქნებოდი. მაგრამ ვაგრძელებდი სიცოცხლისთვის ბრძოლას, თუმცა აშკარად ვაგებდი ამ შეტაკებაში. მეორე ნაპირი ისე შორს იყო, რომ ძლივს ვარჩევდი. სასოწარკვეთილმა ლოცვა დავიწყე.
უეცრად იმედი გამიჩნდა. ორმოცდაათიოდე მეტრში მეთევზის ნავი დავინახე, რომელშიც იდგა თეთრწვერა ნაოჭებიანი მოხუცი წითელ ტირბანში. დინების წინააღმდეგ ცურვას ვაგრძელებდი და კვლავ შველას ვითხოვდი. გაიგებს ჩემს ხმას? ლოცვას ვაგრძელებდი, მაგრამ ჩემი ძალები იწურებოდა. როგორც იქნა მეთევზემ შემამჩნია. მან ღიმილით დამიქნია ხელი და სადღაც წინისკენ მიმითითა, და ისე რომ ნაზი ღიმილი არ მოშორებია სახიდან, ნავით გვერდზე ჩამიარა, და აშკარა სიკვდილის პირისპირ დამტოვა.
ვფართხალებდი და წყალს ვყლაპავდი, და ვხვდებოდი, რომ უკანასკნელი იმედიც დავკარგე. მაგრამ იმედგადაწურულიც კი ვფიქრობდი: ისევ ჯობია წმინდა მდინარეში მოვკვდე, ვიდრე მცოცავ ქვიშებში. ეს ხომ სწორედ ის განგა იყო. რომელმაც რიშიკეშში ამდენი ძვირფასი გაკვეთილი მაჩუქა და დედასავით გამომკვება. სწორედ მის წყალში გადავაგდე ჰარმონიკა, რომელიც ჩემი საკუთარი თავისადმი სიყვარულის განსახიერება იყო, და სწორედ მან გამოაღვიძა თავისი სიმღერით ჩემი სული. ახლა უკვე ვემზადებოდი რომ განგასთვის მიმეცა უკანასკნელი, რაც მქონდა – ჩემი სიცოცხლე. არა, ჯერ კიდევ მრჩებოდა რაღაც – ჩემი ლოცვა.
ამ დროს მოხდა რაღაც საოცარი. ჩემი სხეული უკვე წყალს მიეფარა, და უკვე სიკვდილთან შესახვედრად ვემზადებოდი, როცა ჩემი გულის სიღრმეში მშვენიერმა გალობამ გაიჟღერა:


ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე
ჰარე რამა ჰარე რამა რამა რამა ჰარე ჰარე.


რამდენიმე თვის წინ განგამ უკვე გამიხსნა ეს მანტრა, და უდიდესი საჭიროების ჟამს იგი კვლავ აკეთებდა ამას. უსიტყვოდ ვიმეორებდი მანტრას და წმინდა ადგილას სიკვდილისთვის ვემზადებოდი. მანტრამ სრული სიმშვიდის და შიშისგან თავისუფლების მდგომარეობამდე მიმიყვანა. მაშინ, ამომავალი მზესავით, თავში თავისთავად მომივიდა აზრი: რატომ დამიქნია მეთევზემ ხელი წინისაკენ? რას ნიშნავდა ეს? და მაშინ თავში გამინათდა. ის მაჩვენებდა: “ნუ შეეწინააღმდეგები დედა განგას. გადაკვეთე იგი იამუნასთან შეერთების ადგილამდე”. სიცოცხლისთვის ბრძოლაში ჩაფლულს არც კი მომაფიქრდა ეს. მეთევზის ჟესტმა სიცოცხლე გადამირჩინა.
მაგრამ როცა დინებამ ამიტაცა და ადვილად გადამიყვანა განგაზე, მე კვლავ შევწუხდი. პასპორტი და მთელი ჩემი მწირი ქონება მეორე ნაპირზე დავტოვე. ახლა კი საპირისპირო მიმართულებით მივცურავდი. ვიპოვი ჩემს ნივთებს იმავე ადგილას, როცა დავბრუნდები? მაგრამ იმავე წამს გავიფიქრე: რა აზრი აქვს ამ წვრილმანებზე ნერვიულობას? წამების წინ სასიკვდილო საფრთხე მემუქრებოდა, და მხოლოდ სულიერმა პასპორტმა – ღმერთის სახელმა – მომცა საშუალება, რომ მდინარე გადამელახა და გადავრჩენილიყავი. როცა რამდენიმე საათის შემდეგ მეორე ნაპირზე დავბრუნდი, დღე უკვე მწუხრს უახლოვდებოდა, და განგას ქვიშიან ნაპირზე ასობით ადამიანი ასრულებდა განბანვას. ჩემი ნივთები გამოსაჩენ ადგილზე იდო, ხელუხლებლად.
ხმაურიანი ბრბოთი გარშემორტყმული დავჯექი და ჩავფიქრდი.

დილით ეს ქვიშა ცეცხლივით მწვავდა, შემდეგ კი მზად იყო გადავეყლაპე. მაგრამ ახლა იგივე ქვიშა, გრილი და რბილი, ჩემი ნავსაყუდელი გახდა. ქვიშის მსგავსად, ადამიანი გარემოებების გავლენის მიხედვით შეიძლება ბრაზს და შურს გრძნობდეს, ან კიდევ პირიქით, მოსიყვარულე და კეთილი იყოს. გარემოცვა და ურთიერთობა აყალიბებს ჩვენს ცნობიერებას. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ურთიერთობით გავაღვივოთ ადამიანებში საუკეთესო, და არა ცუდი თვისებები! ყოველი ქვიშის მარცვალი ამ ნაპირზე მზადაა, რომ ძალიან ღრმა სიბრძნე გამიზიაროს. საჭიროა მხოლოდ ყურები, რათა გავიგო ის, რისი თქმაც მათ უნდათ!
რბილი ქვიშა ჩემს თითებს შორის იბნეოდა, მე კი ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ ვიბრძოდი სიცოცხლის გადასარჩენად დედა განგას დინებაში. მოსიყვარულე დედა ხანდახან მკაცრია თავისი შვილისადმი, რათა დიდხანს დასამახსოვრებელი გაკვეთლი ჩაუტაროს მას. რა უნდა მესწავლა დღევანდელი განსაცდელისგან? იქნებ ის, რომ ყოველთვის არ უნდა შევეწინააღმდეგოთ დაუძლეველ საპირისპირო ძალას? გავიხსენე მრავალრიცხოვანი განსაცდელები, რომლებსაც ჩემს გზაზე შევხვდი. თუ ასეთ სიტუაციებში გარღვევაზე წავალთ წინ, მაშინ ყველა ჩვენი ძალისხმევა უშედეგოდ დასრულდება. ეს იგივეა, რაც განგას დინების საწინააღმდეგოდ ცურვა. ხანდახან სასურველი მიზნის მისაღწევად უმჯობესია უმცირესი წინააღმდეგობის გზა ავირჩიოთ. ზაფხულის მზე ჰორიზონტზე ჩადიოდა, და გამახსენდა, თუ როგორ აიტაცა შევარდენმა არხეინად მყოფი თევზი. ცოტა მოგვიანებით, ყველანაირი გაფრთხილების გარეშე, თავად აღმოვჩნდი ბედის კლანჭებში და მთელი ძალებით ვეჭიდებოდი სიცოცხლეს სწირედ იმავე მდინარეში. ასე ვფიქრობდი: დღეს ღმერთმა თვალსაჩინოდ დამანახა, თუ რამდენად შორსა ვარ ჩემი მიზნისგან. ამ გაკვეთილს ადვილად არ ჩაუვლია ჩემთვის, და ვიმედოვნებ რომ არასოდეს დამავიწყდება იგი. ღრმად ჩავისუნთქე და მაღლა აღვაპყარი მზერა, მწუხრის ცაზე, სადაც სხვა ფრინველებისთვის მიუწვდომელ სიმაღლეზე მეფური თავდაჯერებულობით ლივლივებდა შევარდენი.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff