გზა შინისაკენ - ამერიკელი იოგის მოგზაურობა

რადჰანათჰ სვამი
5
1

ძლივ-ძლივობით გამოვძვერი თუ არა მდინარე ბაჰმატის ყინულივით ცივი წყლიდან, რომელიც ჰიმალაების ყინულებიდან იღებს სათავეს

ნაწილი მეოთხე - თავი ოცდამეათე

 

ნაწილი მეოთხე

წყალობის ტყე

თავი ოცდამეათე

ვრინდავანი! სასიხარულო წინათგრძნობამ აღავსო ჩემი გული. მათჰურას ვრინდავანისგან თორმეტი კილომეტრი აშორებდა. ამ გზაზე გავლილ ყოველ ნაბიჯთან ერთად, უფრო და უფრო მემატებოდა მღელვარება. ასფალტიანი გზის გასწვრივ უზარმაზარი ტამარინდის ხეები იზრდებოდნენ, გარშემო კი სანამ თვალი მიწვდებოდა, ველები იყო გადაჭიმული. ხის ბორბლების ჭრაჭუნით ცხენებზე შებმულმა ურიკამ გადამასწრო, რომელიც პირთამდე თივით იყო სავსე. შემდეგ კი უკნიდან მომიახლოვდა და გაჩერდა ნახევრადდაშლილი ავტობუსი. კარები გაიღო, და მთელი პირით გაღიმებულმა მძღოლმა, რომელსაც კბლების ნახევარი აკლდა, შიგნით მიმიწვია, რომ ვრინდავანამდე ჩავეყვანე. როგორ შემეძლო ასეთ მიპატიჟებაზე უარის თქმა? ჩანდა, რომ მძღოლი რელიგიური ადამიანი იყო: გადაპარსული თავი, თმის ბღუჯით კეფაზე და წელზე შემოხვეული ქსოვილის ნაჭერი. როცა ვრინდავანს მივაღწიეთ, მე ვკითხე, თუ როგორ მივსულიყავი მდინარემდე, და მან გზა მიჩვენა.
რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაც კი ვერ მოვასწარი, რომ ვიღაც უცნობი ადამიანი, შესახედაობით ფერმერი, ლოცვით მდგომარეობაში შეტყუპებული ხელებით გზაზე გადამეღობა. ღიმილით შემომძახა: “კეთილი იყოს შენი მობრძანება ვრინდავანში! ვინც არ უნდა მოვიდეს აქ, უფალი კრიშნას განსაკუთრებული სტუმარია!” ხელებზე ხელები მომიჭირა და ომახიანად განაგრძო: “მე ვრაჯაბასი ვარ, ვრინდავანის მცხოვრები. ჩემი ვალია – ბედნიერი გაგხადო. მომეცი უფლება, რომ ვიზრუნო შენს კვებაზე და თავშესაფარზე”.

“უღრმესი მადლობა, მაგრამ მე ბედნიერი ვიქნები, თუ მდინარის პირას დავიძIნებ და იმით ვიკვებები, რასაც მიწყალობებენ”.
მან თავი დახარა და მოიღუშა: “ძალიან გთხოვ, მიიღე ჩემი მოკრძალებული მსახურება. წინააღმდეგ შემთხვევაში როგორ დავენახვები ჩემს კრიშნას?”
მისი მორჩილება ისეთი არაყალბი იყო, რომ ძალა არ მეყო უარის სათქმელად. მაშინვე სიყვარულით განვიმსჭვალე ამ ვრაჯაბასისადმი. იგი ზრუნავდა ჩემზე, როგორც ახლო ნათესავზე, რომელიც დიდი ხნის განშორების შემდეგ სახლში დაბრუნდა. ჩემი თანხმობით გახარებულმა, ერთი ხანშიშესული ბრმა სადჰუს აშრამში მომიჩინა ადგილი და წავიდა.

იმავე დღეს, სადილის შემდეგ, სავსე აშრამი დავტოვე და გადავწყვიტე ვრინდავანის ერთ-ერთ ტყეში გამესეირნა,.საყვარლად დაგრეხილ ღეროებიან ძველ ხეებს შორის მივაბიჯებდი და ფეხები წვრილ და რბილ ქვიშაში მეფლობოდა. წვიმების სეზონი თავის პიკს აღწევდა, და ხეები თეთრი, ფორთოხლისფერი და ყვითელი ყვავილებითა და მწვანე ფოთლებით იყო დაფარული. ძროხების ღმუილმა ჩემი ყურადღება მიიპყრო. ისინი ბუჩქებს შორის ძოვდნენ ბალახს. თეთრი ძროხები თავიანთი წყლიანი მბრწყინავი თვალებით ისე მიყურებდნენ, თითქოს დიდი ხანია მიცნობდნენ. უცნაურია, მაგრამ მეც მომეჩვენა, რომ დიდი ხანია ვიცნობდი მათ. სეირნობა გავაგრძელე და უეცრად ჩემს ზურგს უკან ვიღაცის გამყინავი ყვირილი გაისმა. შემოვბრუნდი და ფარშევანგი დავინახე: მან მარაოსავით გაშალა შესანიშნავი კუდი და დახვეწილად ამოძრავებდა ყელს, რომელშიც ცისარტყელის ყველა ფერი გადადიოდა ერთმანეთში. სადღაც წინისკენ გაისმა დაბალხმოვანი “მუ-უ”: ეს იყო დიდი თეთრი ხარი, რომელიც ბილიკის გასწვრივ მისეირნობდა და ნელა ღეჭავდა ფოთლებს ბუჩქებიდან. ხეებს ავხედე და დავინახე მწვანე თუთიყუშები მოკაუჭებული ფორთოხლისფერი ნისკარტებით და მკაფიო-წითელი თვალებით. ისინი რაღაცაზე გაცხოველებით საუბრობდნენ ერთმანეთში, შემდეგ კი მე შემამჩნიეს და ერთბაშად აფრინდნენ ცაში. მაიმუნები, სქელი ბეწვით, ვარდისფერი პირისახითა და მწვანე თვალებით იქაურობას ხმამაღალი ყვირილით აყრუებდნენ და ონავარი ბავშვებივით ტოტიდან ტოტზე დახტოდნენ. ღრუბლებით დაფარულ ცაზე ხანგამოშვებით ქუხილის ხმა ისმოდა ხოლმე. გაფურჩქნული ყვავილების არომატით გაჟღენთილმა ქარმა თან მოიტანა გრილი და ნესტიანი ბურუსი, რომელიც ჩემს კანს ელამუნებოდა.

მაგრამ ყველაზე მეტად ჩემს გულს ახარებდნენ არა ეს მიწიერი სურათები, არამედ სულიერი ჰიმნების ბგერები, რომლებიც ჩემამდე აღწევდნენ. პატარა გოგონებს თავზე თიხის ქოთნები შემოედგათ და წკრიალა ხმით მღეროდნენ: “რადჰე, რადჰე” – და თან წაიცეკვებდნენ ხოლმე ტყის ბილიკზე, წმინდა ადგილების, აშრამებისა და თივის სახლების გვერდზე მიმავალნი. მათ გავყევი და მალე გაშლილ ადგილზე გავედით. ჩემს მზერას წარმოუდგა მდინარე იამუნა, რომელიც დიდებულად მიედინებოდა ტყის გავლით.

მდინარეში მიცურავდნენ ხის ნავები, რომლებსაც გადაჰყავდათ ქალები ნაირფერ სარებში და მამაკაცები თეთრ ტიურბანებში, ასევე მოტიკტიკე ბავშვები, რომლებიც თავიანთ გამხდარ ფეხებს წყალში ატყაპუნებდნენ. მთელი ნაპირის გასწვრივ იდგა ძველი ფაცხები, რომლებშიც კრიშნას სახელის გამეორებაში ჩაძირული ხალხი იჯდა. როცა შორიდან ტაძრის ზარების ხმა მოისმა, ჩემი გული აღტაცებით და მადლიერებით აღივსო. ერთი წლის მოგზაურობის შემდეგ ვიგრძენი, რომ როგორც იქნა სახლში დავბრუნდი.

იქვე სადჰუ დავინახე, რომელიც დიდ ფუღუროიანი ხის შიგნით იჯდა მდინარის ნაპირას; მითხრეს, რომ იგი უკვე ას ათი წლის იყო. ტანზე მხოლოდ ტილოს ქსოვილის ბარძაყებზე შემოსახვევი ემოსა, დაწნული თმა კი თავის ირგვლივ გვირგვინივით ჰქონდა დახვეული. მოხუცებულ სახეზე კანი ჩამოჰკიდებოდა და იმისთვის, რომ თვალები გაეხილა, დამძიმებული ქუთუთოების აწევა თითებით უხდებოდა. მან ჟესტით თავისკენ მიმიხმო. დიდი დრო არ დამჭირვებია იმის მისახვედრად, რომ ეს მაუნა-ბაბა იყო – განდეგილი, რომელმაც დუმილის აღთქმა დადო. სამყაროსთან ურთიერთობის ერთადერთი საშუალება მისთვის გრიფელის დაფის ნატეხი და ცარცის ნაჭერი იყო. გვერდით ჩამოვუჯექი და მან თავის დაფაზე დიდი ასოებით დაწერა: “ადამიანები ფიქრობენ...”. შემდეგ თითებით წაშალა და ისევ დაწერა: “...ვრინდავანში”, - კვლავ წაშალა – “...გიჟები არიან”, - წაშალა. “ეს სიმართლეა”, - წაშალა. “ჩვენ ყველანი ჭკუიდან შეშლილები ვართ...”, - წაშალა. შემდეგ კი დიდი ასოებით დაწერა: “კრიშნასგან”. ეს წარწერაც წაშალა, შემდეგ კი ასევე ნაწილ ნაწილ შეადგინა ფრაზა:” და თუ აქ დარჩები, მაშინ შენც გიჟად იქცევი”. ამის დაწერის შემდეგ გაეღიმა, თითქოს რაღაც ისეთი იცოდა, რაც მე არ ვიცოდი.

* * *
მეორე დღეს მე და ჰარი კვლავ შევხვდით. მას რაც შეიძლება მალე უნდოდა გაქცევა მრავალრიცხოვანი სადღესასწაულო ბრბოსგან, რომელსაც მთელი ქალაქი აევსო, სადმე წყნარ ადგილას, ჰიმალაებში, მაგრამ მე ვრინდავანის მისტიური ტყე მიზიდავდა თავისკენ, და გადავწყვიტე კიდევ რამდენიმე დღით დავრჩენილიყავი. შევთანხმდით, რომ ჰარი ადრე წავიდოდა, ხოლო ხუთი დღის შემდეგ ბრაჰმა-გჰატაზე, ჰარიდვარში შევხვდებოდით, საიდანაც ამარანათჰისკენ მოგზაურობას განვაგრძობდით. სრულიად დარწმუნებულნი, რომ მალე კვლავ შევხვდებოდით, ზედმეტი სიტყვების გარეშე დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
იმ რამდენიმე დღის განმავლობაში, რაც ვრინდავანში დავყავი, ერთხელაც არ შემხვედრია უცხოელი. როგორც ჩანდა დასავლეთის ხალხს ჯერ ვერ აღმოეჩინა ვრინდავანი. ეს ამბავი მიხაროდა, რადგანაც როგორც შევამჩნიე, შეიყვარებდნენ თუ არა დასავლეთელი ტურისტები რომელიმე ადგილს ინდოეთში, მაშინვე ამ ადგილას მათთან ერთად კომერციალიზმის ეპიდემია შემოდიოდა. ვრინდავანის ატმოსფერომ ჩემს გულში გააღვიძა სურვილი, რომ უფრო მეტი გამეგო კრიშნაზე. იმ დღიდან დაწყებული, რაც დელის ერთ-ერთ გზაჯვარედინზე გამქურდეს, მე აღარ მქონდა წიგნები კრიშნაზე. როცა ერთ ადგილობრივ მაცხოვრებელს ვკითხე, თუ სად შეიძლებოდა წიგნების შოვნა ინგლისურ ენაზე, მან რამაკრიშნას მისიის საავადმყოფოსკენ გამგზავნა.

საავადმყოფოს ერთსართულიან შენობას მივაგენი, შიგნით შევედი და წიგნების შესახებ ვიკითხე. მომვლელებმა და მედ-დებმა ინტერესით შემათვალიერეს და საავადმყოფოს დირექტორთან – შაკტი მაჰარაჯთან, ცნობილი იოგის, შრი რამაკრიშნას მოსწავლესთან გამიშვეს. სწორედ ამ მომენტში საავადმყოფოში დასახიჩრებული ქალი მოიყვანეს. მას ავტობუსმა დაარტყა იქვე, ჭიშკართან ახლოს, და სისხლისგან იცლებოდა. ყველამ, ვინც მორიგეობდა, მოირბინა, რომ როგორმე დახმარებოდნენ მას. მიუხედავად იმისა, რომ შაკტი მაჰარაჯი სრულიად იყო ჩაფლული თავის მოვალეობებში, იგი მაინც მომიბრუნდა და მკითხა: “რით შემიძლია დაგეხმაროთ?”
ვხვდებოდი, რომ უდროო დროს მოვედი, და უბედურ შემთხვევას, რომელიც თითქმის ჩემს თვალწინ მოხდა, არ შეეძლო გულგრილი დავეტოვებინე, მაგრამ მაინც ვკითხე: “მაჰარაჯ, გაქვთ რაიმე წიგნები კრიშნას შესახებ ინგლისურ ენაზე?”

მან გაკვირვებულმა შემომხედა, თითქოს ყურებს არ უჯერებდა:
“ეს საავადმყოფოა, და არა ბიბლიოთეკა. მობრძანდით, თუკი ავად გახდებით”.
“მაპატიეთ. აღარ მოგაცდენთ...”
უკვე წასვლას ვაპირებდი, მაგრამ მან იდაყვზე მომკიდა ხელი: “არა, მოიცადე”. სკამისკენ მიმითითა და მითხრა რომ რამდენიმე წუთით დავლოდებოდი. როცა დაბრუნდა ფურცელზე რუქა დამიხატა და ამიხსნა: “იპოვეთ მადანა-მოჰანას ტაძარი. აქ ყველამ იცის, სადაც მდებარეობს იგი, იქვე – სვამი ბონ მაჰარაჯის აშრამია. მათ აქვთ წიგნები ინგლისურად”.
რუქით შეიარაღებული, ვრინდავანის ვიწრო ბილიკებზე მივაბიჯებდი. როგორც იქნა ჩემს მზერას გადაეშალა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სურათი, რაც კი ოდესმე მინახავს: ბალახით დაფარული გორაკის თავზე, იამუნასთან ახლოს, აღმართულიყო ოცმეტრიანი კოშკი. სულ ზემოთ იგი ვიწროვდებოდა და კვლავ ფართოვდებოდა, და ქმნიდა უზარმაზარ, ყვავილისმაგვარ, დისკოს. ეს იყო მადანა-მოჰანას ტაძარი, აშენებული ოთხასორმოცდაათ წელზე მეტი ხნის წინათ. ტაძრის იერსახემ ჩემში გამოიწვია არა მხოლოდ მოკრძალება უდიდესი რელიგიური ძეგლის მიმართ, არამედ რაღაც სიახლოვის შეგრძნებაც, რომელიც ჩემს სულს შეეხო.
ქვემოთ დავეშვი ვიწრო ბილიკით, აშრამს მივუახლოვდი, კარი შევაღე და მყუდრო შიგა ეზოში აღმოვჩნდი. ჩემგან მარჯვნივ კრიშნას ტაძარი იდგა, მარცხნივ კი უფალი შივას პატარა ტაძარი და აყვავილებული ტულასის ლამაზი ბაღი. ტულასი – ესაა მცენარე ბაზილიკისებრთა ოჯახიდან, და იგი წმინდაა ყველა ინდუსისთვის. სამზარეულოს ზღურბლზე ახალგაზრდა ბენგალელი სადჰუ გამოჩნდა. წინსაფარიდან ფქვილი დაიფერთხა და მომმართა: “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. მე გოპეშ კრიშნა მქვია”. ვის შეეძლო ეფიქრა, რომ წლების შემდეგ ეს უბრალო მზარეული გურუ გახდებოდა და მისიას წარუძღვებოდა! მან მცირე ოფისში შემიყვანა, წყალი დამალევინა და მომცა წიგნი კრიშნას შესახებ ინგლისურ ენაზე, შემდეგ კი სამზარეულოში დაბრუნდა.
რამდენიმე საათი გავატარე კითხვაში, შემდეგ კი, წიგნი თავის ადგილას დავდე წიგნების კარადაში და გადავწყვიტე იამუნასკენ გამესეირნა. მაგრამ ჭიშკართან შევეჩეხე ოციოდე წლის ცისფერთვალება ევროპელს შაფრანისფერი ტანსაცმლითა და გადაპარსული თავით. “მე მქვია ასიმ კრიშნა დასი, - გამიღიმა მან. – კეთილი იყოს შენი მობრძანება ვრინდავანში!”
დამსვა, ბოდიში მომიხადა და რამდენიმე წუთით გაუჩინარდა, ხოლო როცა კვლავ გამოჩნდა, ხელში თეფში ეკავა ბრინჯითა და ბოსტნეულის შესაზავებელით. მე ვკითხე მას, როგორ მოხდა, რომ ინდოეთში ცხოვრობდა. მან მიპასუხა, რომ პასპორტით ალან შაპირო ერქვა და წარმოშობით ნიუ-იორკიდანაა. იგი მოგზაურობდა ევროპაში, იყო ისრაელში. საბოლოოდ სულიერმა ძიებებმა ინდოეთამდე მოიყვანა. პენჯაბის შტატში მან გაიცნო სადჰუ სახელად მუკუნდა ჰარი, რომელმაც ურჩია: “გაემგზავრე ვრინდავანში, იქ ყველაფერს იპოვი”. ასიმმა გაიღიმა: “მისი სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა”. როცა წასვლა დავაპირე, ასიმმა შემომთავაზა: “ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუკი შევძლებ რაიმეთი დაგეხმარო. ძალიან გთხოვ, ნებისმიერ დროს მომმართე”.
მთელი მომდევნო დღის განმავლობაში მარტო ვხეტიალობდი ტყეში. დაისის მოახლოვებისას კვლავ მდინარის ნაპირას აღმოვჩნდი, მადანა-მოჰანას ტაძართან ახლოს. მომდევნო დილით გამგზავრებას ვაპირებდი, რადგანაც ჰარიდვარში ჰარი მელოდებოდა. როცა მობნელდა, ვრინდავანის მიწას გამოვემშვიდობე, თუმცა ეჭვები მიღრღნიდნენ ჭკუას. შიშველ მიწაზე ვიწექი მდინარის პირას და ვფიქრობდი: ვრინდავანი ისე იზიდავს ჩემს გულს, როგორც არც ერთი სხვა ადგილი დედამიწაზე. რა მემართება? ღმერთო, მომივლინე შენი ღვთაებრივი ნება! ამ ლოცვასთან ერთად ნელ-ნელა ჩამეძინა.
ჯერ კიდევ განთიადის დადგომამდე ტაძრის ზარების ხმამ გამაღვიძა, რომლებიც მაუწყებდნენ, რომ ჰარიდვარში გამგზავრების დრო იყო. მაგრამ ჩემი სხეული უძრავად იწვა, როგორც გვამი. ტკივილისგან სულშეხუთულს, განძრევაც კი არ შემეძლო. სასტიკმა ცხელებამ შეიპყრო მთელი ჩემი შიგნეულობა, კუჭი კი ამოვარდნას ლამობდა ღებინების შემოტევებისგან. მდინარის ნაპირას ვიწექი, როგორც ხელ-ფეხ შეკრული ტყვე. როცა მზე ამოვიდა, ვიგრძენი, რომ ჩემი სასიცოცხლო ძალები სწრაფად იცლებოდა. იმ დილით სიკვდილი სანატრელ შვებად მეჩვენებოდა. საათები გადიოდა. დადგა შუადღე, და ჯერ კიდევ იმ ადგილას ვიწექი. ეს ციებ-ცხელება ნამდვილად გამათავებს, - ვფიქრობდი მე.
სწორედ იმ მომენტში, როცა ვიგრძენი, რომ შეუძლებელია რაიმე უარესი ყოფილიყო, მოქუფრულ ღრუბლიან ცაზე რაღაც ისეთი დავინახე, რამაც გული შემიკუმშა. ჩემს თავზე სვავები ტრიალებდნენ და თავიანთი მახვილი მზერა პირდაპირ ჩემსკენ ჰქონდათ მომართული. გავიფიქრე, რომ სიცხე, რომელსაც შეპყრობილი ვყავდი, ჩემს ხორცს სადილად უმზადებდა მათ, და ისინი ელოდებიან, როდის მოვიხარშები სათანადოდ. ფრინველები სულ უფრო დაბლა და დაბლა დაფრინავდნენ. ერთ-ერთი მათგანი, უზარმაზარი, შავ-თეთრი ფრთებით, გრძელი გამოწეული ყელითა და კაუჭა ნისკარტით – მიწაზე დაჯდა და მომაშტერდა. როგორც ჩანს ჩემს მდგომარეობას აფასებდა. წამის შემდეგ ფერდქვეშ ჩამასო თავისი ნისკარტი. სხეული დამეკრუნჩხა, ჭკუა აგონიამ შეიპყრო, და მზერით შეწყალებას ვთხოვდი ფრინველს. სვავმა გიგანტური ფრთები გაშალა და ჩემს თავზე მოტრიალე დანარჩენ მტაცებლებს შეუერთდა. ნესტიან მიწაზე ვიწექი და თვალმოუშორებლად ვადევნებდი თვალყურს ფრინველებს, რომლებიც აუჩქარებლად არტყამდნენ ჰაერში წრეებს. უეცრად თვალებში ყველაფერი დატრიალდა, და წამით გონება დავკარგე. როცა გონს მოვედი, ვიგრძენი, რომ ცოცხლად ვიხარშებოდი შიგნიდან. ოფლმდინარე, მთელი სხეულით მოკანკალე და ღებინების მოთხოვნილების დატანჯული, ვხვდებოდი, რომ აღარაფრის იმედი არ უნდა მქონოდა.
უეცრად მომავალი ნაბიჯების ხმა მომესმა. ადგილობრივმა გლეხმა, რომელიც ძროხებს მწყემსავდა, როგორც ჩანს შემამჩნია და შევეცოდე. შუბლზე მტევნის ზურგის მხარე დამადო, ცაში მოტრიალე სვავებს ახედა, თავი გაიქნია, იმის ნიშნად რომ ესმოდა ჩემი და თავის ურიკაზე ამათრია. სანამ თიხიან, წვიმებისგან წაშლილ გზაზე მივდიოდით, სვავები მოუშორებლად მოგვყვებოდნენ.
მან საქველმოქმედო საავადმყოფომდე მიმიყვანა და მორიგეებს ჩამაბარა, რომლებმაც უქონელთა პალატაში დამაწვინეს. ყოველ კედელთან პალატაში რვა-რვა საწოი იდგა, და ყველა პაციენტებით იყო დაკავებული: ღატაკებით და სადჰუებით. რამდენიმე საათი შემოსასვლელთან ვიწექი, და ყურადღებას არავინ მაქცევდა. როგორც იქნა საღამოს ექიმი მოვიდა და როცა შემოვლა ჩაატარა, დაასკვნა, რომ მუცლის ტიფი მქონდა. გულგრილი ხმით მან კონსტატაცია მოახდინა: “სავარაუდოდ, თქვენ მოკვდებით, მაგრამ მაინც შევეცდებით, რომ გადაგარჩინოთ”.
პირიდან თერმომეტრი ამომაძრო, შკალას შეხედა და თქვა: “მთელი მომდევნო კვირის განმავლობაში – არანაირი მყარი საკვები. თქვენი დიეტაა – წყალი გლუკოზით”.
ამ სიტყვებით იგი წავიდა, მე კი სიცხიანი ვიწექი და ღებინების შემოტევებისგან ღონეგამოცლილი ვიკლაკნებოდი. საავადმყოფოს თითქმის არ ჰქონდა ფული პაციენტების სამკურნალოდ, ამიტომ ჩვენ მხოლოდ მინიმუმს ვღებულობდით. ექიმი დღე-ღამეში ერთხელ ნახულობდა ავადმყოფებს და რამდენიმე წუთს უთმობდა ყოველ მათგანს. დროდადრო მედ-დებიც გამოჩნდებოდნენ ხოლმე, მაგრამ ერთი სიტყვაც კი არ ესმოდათ ინგლისურად. ავადმყოფები მტანჯველი ტკივილებისგან კვნესოდნენ. ჩემი საავადმყოფოში ყოფნის პირველივე ღამეს ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. სიკვდილი, როგორც ჩანდა, სასურველი ხსნა იქნებოდა გამოფიტული მოხუცისთვისაც, მეზობელ საწოლზე. იგი უხმოდ იტანდა ტანჯვას და ხანდახან სამედიცინო იხვზე თუ აძვრებოდა ხოლმე, და ბორდოსფერ შარდს უშვებდა მასში. გამუდმებით სისხლს ახველებდა, და მისი ლორწოს წვეთები ხანდახან სახეზეც კი მხვდებოდა ხოლმე. ერთ-ერთ შეხუთულ ღამეს უღონო და დამტვრეული ვეგდე საწოლზე. გვერდით ახველებდნენ, კვნესოდნენ და ტკივილებისგან იკლაკნებოდნენ ადამიანები. ჰაერში ოფლის და ექსკრემენტების მძაფრი და საშინელი სუნი იდგა. რას ვაკეთებ აქ? რატომ მივატოვე სახლი, ოჯახი და მეგობრები ჰეილენდ პარკში? და რა დაემართება ახლა საცოდავ ჰარის? იგი ვერასოდეს გაიგებს, რატომ არ მივედი დათქმულ შეხვედრაზე. სიცოცხლე ღმერთს მივანდე და ლოცვა დავიწყე: უფალო, მე – შენი ვარ, გამიკეთე ის, რაც გინდა. მთელი ღამე ჩუმად ვლუღლუღებდი სიტყვებს, რომლებმაც ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტებში მომანიჭეს შვება: ჰარე კრიშნა, ჰარე კრიშნა, კრიშნა კრიშნა, ჰარე ჰარე / ჰარე რამა, ჰარე რამა, რამა რამა, ჰარე ჰარე.

მომდევნო დილით ჩემთან ასიმი მოვიდა. მის ყურამდე როგორღაც მიაღწია ცნობამ, რომ ავად ვიყავი. მარტო არ მოსულა: მას თან ახლდა ლამაზი მოხუცი მბრწყინავი თვალებით, რომლებიც სულიერ სიყვარულს ასხივებდნენ. “ეს – ერთ-ერთი ყველაზე დიადი წმინდანია ვრინდავანში, - თქვა ასიმმა. – მას ჰქვია კრიშნადას ბაბაჯი”. ბაბაჯის თეთრი ქსოვილის ორი ნაჭერი ემოსა: ერთი წელის გარშემო ჰქონდა შემოხვეული და მუხლებამდე სწვდებოდა, მეორე კი ყელის გარშემო, და გულმკერდს უფარავდა. ჭაღარა თმა ჰქონდა, რომელიც კონტრასტში მოდიოდა მის შავგვრემან კანთან. აღუწერელი თანაგრძნობით, მოხუცებული ბაბაჯი დიდხანს მიყურებდა, შემდეგ ხელი გამოიწოდა, თავზე მომეფერა და ხმამაღლა ამოისუნთქა: “ჰარე კრიშნა!” მას შემდეგ ისინი ყოველდღე მნახულობდნენ და თავიანთ კურთხევას მაძლევდნენ. და ყოველ ჯერზე ბაბაჯი ჩემს გულს გამაჯანსაღებელი სიხარულით ავსებდა, პალატას კი – სიცილით, რომელიც მისი ნეტარებით აღვსილი სულის სიღრმეებიდან მოედინებოდა.

ერთხელ, ჩემს საწოლთან ორი ახალგაზრდა ექიმი-სტაჟიორი აღმოჩნდა. რიგ-რიგობით მომაყარეს თავიანთი დაზეპირებული კითხვები. მაგრამ მეც მქონდა ერთი კითხვა მათთან: “რით ავადმყოფობს ჩემი მეზობელი?”

ერთ-ერთმა გულგრილად შეხედა მოხუცს და მიპასუხა: “ღია ფორმის ტუბერკულოზი”. შემდეგ კი დაამატა: “გთხოვთ, მოერიდეთ, სერ. თუკი შემთხვევით ხველებისას მისი ლორწოვანი ან სისხლის წვეთი ცხვირ-ხახაზე მოგხვდებათ, თქვენც დაავადდებით”.
“რა?! მაგრამ მაშინ რატომ ჰყავთ მოთავსებული ყველასთან ერთად ამ პალატაში?”
“ასეთი წესი გვაქვს. არავის ათავსებენ კარანტინში, სანამ ანალიზის პასუხები არ მოვა. ჩვენი ლაბორატორია კი სამწუხაროდ დაკეტილია, რადგანაც ლაბორანტი თავადაც ავადაა ტუბერკულოზით. ამიტომ არ გვაქვს უფლება, რომ ვინმე კარანტინში გადავიყვანოთ”. ამის შემდეგ წავიდა. კართან მისული შემობრუნდა და მითხრა: “არავითარი ეჭვი არაა, რომ თქვენს მეზობელს საშიში ინფექცია აქვს, ამიტომ ძალიან გთხოვთ, ფრთხილად იყავით. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ, სერ”. რამდენიმე დღეში საწყალი მოხუცი პირდაპირ ჩემს თვალწინ გარდაიცვალა.
საავადმყოფოს საწოლზე წამომჯდარმა ასეთი სიტყვები მივწერე ჩემს ოჯახს:

იქ, სადაც რწმენაა, შიშს ადგილი არა აქვს. ჯანმრთელები და ბედნიერები იყავით. სულიერ სიმშვიდეს და ღმერთის სიყვარულს გისურვებთ.

რიჩარდი

ვრინდავანი, სექტემბერი 1971 წ.

ათი დღის შემდეგ ექიმმა გამომიშვა და ძალიან მკაცრად დამარიგა: “ერთი თვის განმავლობაში არ უნდა იმოგზაუროთ”. საჩვენებელი თითი მომაბჯინა და გამაფრთხილა: “თუკი მოხეტიალე სადჰუს ცხოვრების წესით იცხოვრებთ, უეჭველად მოკვდებით. ერთ ადგილზე გაჩერდით და მხოლოდ ბრინჯით იკვებეთ”. მოგზაურობის აკრძალვამ ძალზე დამამწუხრა. ჩემი პირველი ფიქრი ჰარის მისწვდა. რას იფიქრებდა, როცა ჰარიდვარში მელოდა? გამოდის, რომ მის მეგობრებს მოვწყვიტე და მარტო მივატოვე ინდოეთში. შევხვდებით კი ოდესმე? მაგრამ ამასთან ერთად ჩემი რაღაც ნაწილი გახარებული იყო ვრინდავანში დარჩენის შესაძლებლობით, და წინასწარ შევიგრძნობდი იმ ახალ აღმოჩენებს, რომლებსაც ეს ადგილი მიქადდა.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff