გზა შინისაკენ - ამერიკელი იოგის მოგზაურობა

რადჰანათჰ სვამი
5
1

ძლივ-ძლივობით გამოვძვერი თუ არა მდინარე ბაჰმატის ყინულივით ცივი წყლიდან, რომელიც ჰიმალაების ყინულებიდან იღებს სათავეს

თავი მეათე

 

თავი მეათე

ავღანეთის საზღვრამდე სატვირთო ავტომობილის მეშვეობით მივაღწიე, რომელსაც ხორბლით სავსე ტომრები გადაჰქონდა. ავღანეთის საიმიგრაციო კონტროლის პუნქტის სიღატაკე ამ ქვეყნის სიღარიბეზე მიუთითებდა, თუმცაღა თავად საიმიგრაციო მოხელეები ძალიან კეთილგანწყობილნი იყვნენ, განსხვავებით მათი კოლეგებისგან სხვა ქვეყნებში. პირველი ქალაქი, სადაც გავჩერდი, იყო ჰერათი. მისი მაცხოვრებლები ძალიან სასიამოვნო და მეგობრული ხალხი აღმოჩნდა. უდაბნოს მკაცრმა ცხოვრებამ თავისი დაღი დაასვა მათ: ჰერათელები ძველ, მტვრით ფენით დაფარულ ტანსაცმელს ატარებდნენ და საცოდავ ქოხებში ცხოვრობდნენ. ჩემი მოგზაურობის მანძილზე, ჯერ არ შევხვედრივარ ასეთ სიღატაკეს, მაგრამ მაინც, გამვლელები მიღიმოდნენ და არავინ არაფერს მთხოვდა. პირიქით, ადგილობრივი მაცხოვრებლები თავად ცდილობდნენ გაეზიარებინათ ჩემთვის ის მცირედი, რაც გააჩნდათ. ყოველდღე, სანამ იქ ვცხოვრობდი, ვინმე აუცილებლად მპატიჟებდა ხოლმე თავის სახლში სადილზე.
ჩვეულებრივ, ერთ ქოხში, რომელიც ერთი ოთახისგან შედგებოდა, მთელი ოჯახი ცხოვრობდა. მასპინძლები სიხარულით მიზიარებდნენ თავიანთ უბრალო ტრაპეზს. ჰერათელები გაუნათლებლები იყვნენ, მაგრამ ხშირად მოვხიბლულვარ მათი მორჩილებით და სიბრძნით. მაოცებდა, თუ როგორ ღირსეულად ხვდებოდნენ ცხოვრებისეულ სიძნელეებს. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთმა არ იცოდა ინგლისური, უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის, და მათი გულის სითბო მათბობდა.
1970 წლის ზამთარში ჰერათის მომცრო ჩაიხანაში ვიჯექი და ოჯახს შემდეგი წერილს ვწერდი:
ძვირფასო ოჯახის წევრებო და ახლობლებო!
როგორ მიდის თქვენი საქმეები? მე ახლა ქალაქ ჰერათში ვიმყოფები, ავღანეთში. ეს საოცარი ქვეყანაა, სადაც ძალიან მეგობრული და სათნო ადამიანები ცხოვრობენ. მიუხედავად სიღარიბისა, ისინი მშვიდები და ბედნიერები არიან. ვიცი, რომ მოლოცვა დავაგვიანე, მაგრამ მაინც მინდა მივულოცო მამას და ლარის დაბადების დღე.
ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ.
სიყვარულით,
რიჩარდი
ერთხელ ქალაქში სასეირნოდ გავედი და შემთხვევით გადავაწყდი კვარტალებს, რომლებიც საერთოდ არ ჰგავდნენ იმას, რაც მანამდე მენახა. გვიანი დილა იყო. გზის მტვრიან ნაპირზე გავჩერდი, და თავიდან უბრალოდ პეიზაჟით ვტკბებოდი. უცებ, ჩემთვის მოულოდნელად, თითქოს ისეთი უბრალოების სამეფოში გადავეშვი, რომელიც დროს არ ექვემდებარებოდა. გული გამალებით მიცემდა. ჩემს გვერდზე ერთი-მეორეს მიყოლებით ჩაიარეს აქლემებმა. ავტომობილების ხმა შეწყდა და არაფერი ისმოდა აქლემების ფლოქვების ხმის გარდა. გარშემო ერთსართულიანი თიხით ნაშენები მაზანკები იდგნენ, სადაც სივიწროვეში მთელი ოჯახები ცხოვრობდნენ. პირი ქვიშის მტვრით მქონდა გამოტენილი, ცხვირში კი კვამლის და აქლემის ნაკელის მძაფრი სუნი მედგა. ავღანელები ხის ყუთებზე ისხდნენ და რაღაცაზე საუბრობდნენ ერთმანეთში. მათი თავისუფალი ტანსაცმელი, გახუნებული და გაქექილი, თავისებურად ლამაზი იყო. მამაკაცები თავზე ტიურბანებს ატარებდნენ ქსოვილის გრძელი ნაჭრისგან. ბევრს სახე ოსპით ჰქონდა გაფუჭებული. მათი მშრალი კანი მზისგან და ქარისგან გაუხეშებულიყო, ღიმილი კი დამპალ, ან ხშირად არარსებულ კბილებს აშიშვლებდა. მუხლებამდე თავისუფალ პერანგებში ჩაცმული მამაკაცები აუჩქარებლად აკეთებდნენ თავიანთ საქმეს. ქალები სახეს ცხენის ძუისგან შეკერილი მცირე ბადით იფარავდნენ. ლურჯი ან შავი ჩადრა მთლიანად ფარავდა მათ სხეულს, თხემიდან ფეხის ტერფებამდე. გზასთან ბრმა იჯდა. მაღალი ხმით იგი ღმერთისადმი მიძღვნილ სიმღერებს მღეროდა და თან დოლზე უკრავდა.
ციოდა, და ჰაერში კერებიდან მომავალი კვამლის სუნი იდგა, სადაც საჭმელს ამზადებდნენ. უცებ, სრულიად მოულოდნელად, შოკმა შემიპყრო ჩემთვის უცნობ კულტურასთან შეხვედრის გამო – იმდენად ძლიერმა შოკმა, რომ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ფეხები მომეკვეთა. კვამლი თვალებს მიწვავდა. თავბრუ მეხვეოდა და ღებინების შეტევა დამეწყო. ცხოველურმა შიშმა შეიპყრო მთელი ჩემი ცნობიერება. დაბნეულობისგან და შიშისგან ერთ წამში დავკარგე იმის უნარი, რომ თავი გამეიგივებინა იმ ყველაფერთან, რასაც ჩემი გრძნობები აღიქვამდნენ. ყველაფერი მიმდინარესგან გაუცხოებამ საოცარი ტკივილი გამოიწვია, რომელმაც შიგნიდან გაგლიჯა ჩემი ეგო. მტვრით დაფარული, მუხლებზე ვიდექი და მთელი ძალით ვცდილობდი რაიმე ხელჩასაჭიდი მეპოვა, თუნდაც რაიმე კავშირი ჩემთვის ნაცნობ სამყაროსთან. მაგრამ არაფერი გამომდიოდა. ვერაფრით ვგებულობდი, როგორაა ჩემთან დაკავშირებული ის ყველაფერი, რასაც ვხედავდი და როგორ შემეთავსებინა ეს რეალობა იმ სამყაროსთან, რომელშიც მანამდე ვცხოვრობდი. მიუხედავად უკიდურესი სიღატაკისა, ჰერათელები მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ და უზრუნველ ადამიანებად გამოიყურებოდნენ. სიღარიბის და ბედნიერების ამ სიურეალისტურმა შეთავსებამ მოკლე შეერთება მოახდინა ჩემს ჭკუაში.
შორიახლოს, გზის ნაპირას მოხუცები იჯდნენ და კალიანს ეწეოდნენ. ჰაშიშის მკვეთრ სუნს უდაბნოს მტვრის მძაფრი სუნი ერეოდა. ყველა ეს სურათი, სუნი და ბგერა სრულიად უცხო იყო ჩემთვის. საკუთართავს მარტოსულად და დაკარგულად ვთვლიდი ამ ჩემთვის უცნაურ სამყაროში, რომელთანაც საერთოდ არაფერი მაკავშირებდა.
უძრავად ვიჯექი, სხვა სამყაროდან მოვლენილად ვგრძნობდი თავს და ვლოცულობდი, რომ როგორმე გამოვსულიყავი ამ მდგომარეობიდან. რა დამემართა? რამ შემძრა ასე? და ასე ძლიერ რატომ იმოქმედა ჩემზე ამ ყველაფერმა? სასოწარკვეთილი ვცდილობდი საკუთარი თავის პოვნას. ბავშვობიდან დაწყებული, გარემოსთან ვაიგივებდი თავს, და აქამდე ვერც კი წარმოვიდგენდი, რამდენად ღრმად იჯდა ჩემში ეს გაიგივება. თუ სამყაროს მწვანე შუშით შევხედავთ, მაშინ ყველაფერი მწვანედ გვეჩვენება. მსგავსად ამისა,ყოველ ჩვენგანს რეალობის ჩვენეული აღქმა გვაქვს, რომელიც დამოკიდებულია ჩვენს საკუთარ გამოცდილებაზე და გარემოზე. ჩემი ჭკუის მიერ შეთვისებულმა წარმოდგენებმა და ჩემი სხეულის შეგრძნებებმა შეუმჩნევლად ჩაანაცვლეს ჩემი ჭეშმარიტი “მე”. და ახლა, როცა ჩემთვის ჩვეული წარმოდგენებისგან აღარაფერი დარჩა, სრულ სიცარიელეში აღმოვჩნდი. უფალო, გთხოვ, დამეხმარე. ვინ ვარ მე? ვინ ვარ მე? ვინ ვარ მე სინამდვილეში?
გარშემო მყოფმა სამყარომ უკან დაიხია და დაბნელდა. ლოცვამ ტრანსის მდგომარეობამდე მიმიყვანა, რომელშიც შინაგანმა სიჩუმემ გარესამყაროს ყველა ხმა გადაფარა. ამ ტრანსში შევიცანი შეუფასებელი ჭეშმარიტება, რომელმაც თავისუფლების და დაცულობის შეგრძნება მაჩუქა. მე – სული ვარ, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს გარესამყაროსთან, - მე ღმერთის შვილი ვარ! კულტურული შოკის აფეთქებამ ისე იმოქმედა ჩემზე, როგორც მზის სხივებმა, რომლებიც ილუზიის სქელ ბურუსს ფანტავენ. ახლა უკვე სრულიად თავისუფლად ვგრძნობდი თავს. ჩემი გული ღმერთისადმი მადლიერების გრძნობით აღივსო, და მას შემდეგ ჰერათი მუდამ წმინდა ადგილად დარჩება ჩემი გულის რუქაზე.
როდესაც ფიქრებში იმ დღეს ვუბრუნდები, მიკვირს, რამდენად მოულოდნელი ხერხით გვპასუხობს ღმერთი ლოცვებზე. ხანდახან ჩვენი სულიერი ზრდისთვის ძლიერი რყევაა საჭირო. სანამ ჰერათში გზის პირას ვიჯექი, რაღაც მოკვდა ჩემში და სიცოცხლე მისცა ახალ გაგებას, რომლის გარეშეც გზის გაგრძელებას ვერ შევძლებდი. აქლემმა ფეხი რომ გადადგას, ჯერ ქვიშიდან უნდა ამოიღოს იგი. ხოლო მდინარის ტალღებმა ზღვას რომ მიაღწიონ, სრულიად უნდა მიენდონ დინებას. ასევე ადამიანი, წინ რომ წავიდეს, უკან უნდა მოიტოვოს თავისი წარსული.
ჩემს ოთახში ვბრუნდებოდი და გზაში მოხუცი კაცი შემხვდა, რომელიც მიწაზე წამოწოლილიყო დასასვენებლად. სახე ღრმა ნაოჭებით ჰქონდა დაფარული. უკბილო ღიმილი მაჩუქა და ჟესტით შემომთავაზა მასთან ერთად მომეწია ჰაშიში კალიანიდან. საპასუხოდ გავუღიმე და ზრდილობიანად ვუთხარი უარი. ახლახანს განცდილი შეგრძნება ყველანაირ ნარკოტიკზე ძლიერი იყო, და ვლოცულოდბი, რომ იგი ყოველთვის დარჩენილიყო ჩემს მეხსიერებაში.

* * *
აქლემზე ამხედრებული ავტობუსის გაჩერებამდე მივედი, რომელიც ქვეყნის ცენტრში – ქალაქ კანდაგარში მიდიოდა. ძველი ავტობუსი ღარიბი გლეხებით იყო გადავსებული, და, ჩანდა, თითქოს არავის აღელვებდა, გადაიხადეს მათ მგზავრობის ფული თუ არა. გასასვლელში ხორბლით სავსე ტომრები ელაგა. იქვე იყო წიწილებით სავსე ყუთი, ორი ცხვარი და თხა. ძრავის ხმამაღალი ღრიალი, კაცების და ქალების სიცილი და ჩვილი ბავშვების ტირილი განუმეორებელ ბგერით თანხლებას მიქმნიდნენ ამ ჩემთვის უჩვეულო სცენაში. მოულოდნელად ავტობუსი უდაბნოს შუაგულში გაჩერდა. მგზავრები სწრაფად გაცვივდნენ გარეთ. მე გავიფიქრე: “ალბათ რაღაც მოხდა”. აღმოჩნდა, რომ არა. მგზავრებმა აკურატულად დაფინეს სალოცავი ხალიჩები, წმინდა ქალაქ მექასკენ პირისახით შებრუნდნენ და ნამაზი შეასრულეს: ალლაჰს და მოციქულ მუჰამედს ლოცვები აღუვლინეს და თაყვანი სცეს. ეს რიტუალი დღეში რამდენჯერმე მეორდებოდა, სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ ავღანელები. რელიგია მათთვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. ისინი სრულიად ჩვეულებრივი მეოჯახეები იყვნენ – არც მოლები და არც ღვთისმსახურები, არც იოგები და არც ბერები. მაგრამ მათთვის არაფერი იყო ალლაჰის ერთგულებაზე უფრო მნიშვნელოვანი, და ეს ძალიან შთამბეჭდავი იყო.
კანდაგარი ძალიან მეგობრულად დამხვდა. განსაკუთრებული ინტერესი ჩემდამი გამოავლინა ბატონმა, სახელად ჰარიზი. ეს იყო მაღალი, ძალიან განათლებული ადამიანი, რომელმაც თავისი მდგომარეობა საზოგადოებაში ვაჭრობით მოიპოვა. ის ხშირად მოგზაურობდა საზღვარგარეთ კომერციულ საქმეებზე ან უბრალოდ დასასვენებლად. კანდაგარის ღირსშესანიშნაობები დამათვალიერებინა და შემდეგ თავის მდიდრულ სახლში დამპატიჟა. წყნარ საღამოს მის ვერანდაზე ვისხედით, რომელიც მისი სახლის სახურავზე იყო განთავსებული, და ფილოსოფიურ თემებზე ვსაუბრობდით. უცებ ჰარიზმა აუღელვებლად მითხრა:
“მისტერ რიჩარდ, ცოტა ხნით უნდა დაგტოვოთ, ერთი მნიშვნელოვანი საქმე მაქვს გასაკეთებელი”.
ამ სიტყვებით მკვეთრად წამოხტა სკამიდან, თავი უკან მოიღერა და ყმუილი დაიწყო, როგორც მგელმა:
“აააუუუ, აააუუუ, აააუუუ!”
ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. ჭკუიდან ხომ არ შეიშალა ეს ღირსეული ბატონი? ამ დროს ჰარიზმა დიდი ბაწარი აიღო ბოლოში ყულფით, სახურავის კიდესთან მიირბინა და თოკის ბოლო ქვემოთ გადააგდო. “ღმერთო ჩემო, რას აკეთებს?” – გავოცდი მე. ჰარიზი კი ამ დროს ძალიან ფრთხილად თავისკენ ქაჩავდა ბაწარს. წარმოიდგინეთ, როგორი იყო ჩემი გაკვირვება, როცა ყულფში მღრღნელი გამოჩნდა, რომელიც ქრცვინს წააგავდა და იკლაკნებოდა. ეს მანგუსტი იყო. მე გაკვირვებული ვუცქერდი მომხდარს. აღმოჩნდა, რომ დღისით ეს მანგუსტი ქალაქში დარბოდა, საღამოს კი ჰარიზის დაძახილზე სპეციალურ ყულფში ძვრებოდა, რის შემდეგაც ჰარიზი სახურავზე სწევდა, და აქ ღამეს ათევდა ხოლმე. ჩვენ შეწყვეტილი საუბარი განვაგრძეთ, და უეცრად ვიგრძენი, როგორ მოძვრებოდა მანგუსტი ჩემს ზურგზე ისე, რომ მაისურს ბასრი ბრჭყალებით ეჭიდებოდა. ნელ-ნელა ჩემი თმების გავლით თავისკენ ამოვიდა. იქ, ჩემს ხშირ თმებში მყუდროდ მოკალათდა და დაიძინა. ვგრძნობდი რა საკუთარ თავზე მანგუსტის თბილ სხეულს და მის თანაბარ სუნთქვას, კვლავ განვიცადე რაღაც კულტურული შოკისმაგვარი.
უმწეოდ შევხედე ჰარიზს: “რა ვქნა ახლა?”
ჩემმა ახალმა ნაცნობმა გაიცინა:
“მისტერ რიჩარდ, როგორც ჩანს ის კარგად მოეწყო თქვენს თმებში”.
მეჩვენებოდა, რომ მანგუსტის სიმძიმის გამო კისერი ცოტაც და გატყდებოდა.
“ძალიან გთხოვთ, მომხსენით”.
ჰარიზი უცებ სერიოზული გახდა. ღამემ ვარსკვლავიანი ცა გადმოჰფინა ჩვენს თავზე. ფიალიდან ჩაი მოსვა და ოდნავ თვალებმოჭუტულმა თქვა: “არსებობს ძველი გამონათქვამი: არ გააღვიძო მძინარე მანგუსტი!”
ჰარიზმა ფიალა მაგიდაზე დადგა და დაიწყო მოყოლა იმის შესახებ, რომ ეგვიპტელებისთვის მანგუსტი წმინდა ცხოველად ითვლებოდა.
“გააფთრებული მანგუსტი ძალიან საშიშია. მას შეუძლია ორთაბრძოლაში კობრაც კი დაამარცხოს, გველებს შორის ყველაზე შხამიანი, სიკვდილის სიმბოლო”.
ჰარიზმა კიდევ ერთი ყლუპი მოსვა და უკან გადაიხარა.
“თუკი შემთხვევით გააღვიძებთ, შეიძლება ნაწილებად დაფლითოს თქვენი თავი. მისტერ რიჩარდ, ჯობია არ გაინძრეთ, სანამ თვითონ არ წავა”.
საათები გადიოდა, მე კი გაუნძრევლად ვიჯექი სიცოცხლის დაკარგვის შიშით. დროგამოშვებით მანგუსტი ძილში შეირხეოდა ხოლმე და ბრჭყალებს უფრო ღრმად მარჭობდა თავში. ჰარიზს უკვე აღარ შეეძლო ძილთან ბრძოლა და მრავალი ბოდიშის შემდეგ დასასვენებლად წავიდა. მარტო დავრჩი. მეჩვენებოდა, რომ ეს უძილო ღამე არასოდეს დასრულდებოდა. კისერი დამიბუჟდა და ძალიან მტკიოდა, მაგრამ განძრევის მეშინოდა. მანგუსტი ჩემს თავზე ბომბს ჰგავდა საათის მექანიზმით, რომელსაც შეეძლო ნებისმიერ მომენტში აფეთქებულიყო. ჩემი მიჯაჭვულობა გრძელი თმებისადმი თვალსა და ხელს შუა დნებოდა. ო, ნეტავ ინგლისელ საიმიგრაციო მოხელეებს შეესრულებინათ თავიანთი მუქარა და ბოლომდე გადაეპარსათ ჩემი თავი, მაშინ ჩემი სიცოცხლე ასეთ საფრთხეში აღარ აღმოჩნდებოდა.
საკუთარ თავს ვამშვიდებდი: “სხვა თუ არაფერი ვიღაცამ მაინც დააფასა ჩემი თმა!” მაგრამ მანგუსტი არ იყო ჩემი უსიამოვნებების ერთადერთი მიზეზი. რომელიღაც სისხლისმსმელმა მწერებმა დამიწყეს თავზე კბენა. მათი ნაკბენებისგან ყველა ჩემი ამაღლებული ფიქრი სადღაც ქრებოდა. რისთვის მიგზავნის ღმერთი ამ გამოცდას? სრული უსუსურობით ვიტანჯებოდი და ძლივს ვიკავებდი თავს, რომ არ ავტირებულიყავი. ვცდილობდი მომხდარში გავრკვეულიყავი, და უცებ მივხვდი, რომ წყევლა შეიძლება წყალობად იქცეს, წყალობა კი – წყევლად, და ეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. დიახ, ეს სულელურად ჟღერს, მაგრამ სრულიად შესაძლოა, რომ მანგუსტი ზემოდან იყო ჩემთან გამოგზავნილი, რათა უდიდესი სათნოება – მოთმინება ესწავლებინა. გაჭირვებების მტკიცედ გადატანის და ღმერთისთვის დახმარების თხოვნის უნარი – ეს ჭეშმარიტად შეუფასებელი წყალობაა. ხოლო ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში ახალი შესაძლებლობების დანახვა – ჭეშმარიტი სიბრძნე.
დარჩენილი ღამე ჩემთვის უჩვეულო მადლიერების შეგრძნებით გავატარე. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მანგუსტის მიერ მორთმეული გაკვეთილი ძალიან დამჭირდებოდა მომავალში. ექვს საათში დაუპატიჟებელმა სტუმარმა როგორც ჩანს კარგად გამოიძინაჩემს თავზე. მზე როგორც იქნა ამოვიდა. მან გაიღვიძა, ჩემი ზურგის გავლით დაბლა დაეშვა და იატაკზე გადახტა. მისმა შემდგომმა საქციელმა, კინაღამ ამაცრემლა: მანგუსტი მომიახლოვდა და ალერსიანი და სრულიად უცოდველი მზერა მესროლა, თითქოს მადლობას მიხდიდა სტუმართმოყვარეობისათვის. შემდეგ, შებრუნდა და თოკის ყულფში შეძვრა, და ეს ესაა გაღვიძებულმა ჰარიზმა ქუჩაში ჩაუშვა იგი. ახალი დღე იწყებოდა.
ჰარიზმა გამიღიმა:
“მისტერ რიჩარდ, გთხოვთ მაპატიოთ მოყენებული უსიამოვნებისთვის. არასოდეს აქამდე ჩემს სახლში მსგავსი არაფერი მომხდარა. მაგრამ, ვფიქრობ სასიამოვნო მოსასმენი იქნება თქვენთვის, რომ ჩვენს კულტურაში დაუპატიჟებელი სტუმრის მომსახურება ძალიან საპატიო საქციელად ითვლება. თქვენ ძალიან ღირსეული დახვედრა მოუწყვეთ ჩვენს ერთ-ერთ მანგუსტს, და როგორც ჩანს მთელი გული ჩადეთ ამაში. დღეს დილით მანგუსტი ძალიან კმაყოფილი და კარგად დასვენებული ჩანდა”.
დაძაბულობისგან კისერი გაშეშებული მქონდა, მთელი სხეული მტეხავდა უძილო ღამის შემდეგ, მაგრამ მის სიტყვებს ამაოდ არ ჩაუვლიათ ჩემს ყურებთან. არ მომესმა, როცა “მანგუსტები” მრავლობით რიცხვშითქვა? მაშინ მე ნამდვილად არ მინდა ჰარიზის გვერდით აღმოვჩნდე, როცა მომდევნო ჯერზე გადაიგდებს უკან თავს და ყმუილს დაიწყებს, როგორც მგელი ყმუის მთვარისკენ თავაწეული. დაკბენილი სახისქავილით წასვლის წინ ვუთხარი:
“დიდი მადლობა, ჰარიზ. თქვენ იმდენი გააკეთეთ ჩემთვის. მაგრამ, ვფიქრობ, ჩემი წასვლის დროა”.

* * *
ერთ საღამოს მარტო ვსეირნობდი კანდაგარის წყნარ ქუჩებში, და უცებ ვიღაც ცალთვალა და ცალხელა კაცმა ხელი მტაცა და სადღაც წამიყოლა. რაღაც სარდაფის კიბეებამდე მიმიყვანა და ქვემოთ მიბიძგა. კიბეებზე სრული სიბნელე სუფევდა. სანამ დაბლა ვეშვებოდით, ვცდილობდი გამომეცნო, რა საიდუმლო მელოდა წინ. როცა ჩავედით, ცივ და ბნელ მიწისქვეშეთში აღმოვჩნდი. ჩემი თვალები ნელ-ნელა შეეჩვივნენ სიბნელეს. შორიახლოს ჟანგიანი და ოდნავ მბჟუტავი კერასინის ლამპა დავინახე. მისი ალის სუსტი ნათება სარდაფის ჭერს და კედლებს ანათებდა, რომელშიც ობობას ქსელების გარდა მხოლოდ საშიშრად ჩამოკიდებული რკინის ჯაჭვები ჩანდა. მიწისქვეშეთში არც ფანჯრები იყო და არც ავეჯი. მიწის იატაკზე ქაღალდის კარდონებზე ათამდე ფეხშიშველი მოხუცი იჯდა ჭუჭყიან დახეულ ტანსაცმელში და ჩალმებში. ისინი რაღაც ბნელი გროვის გარშემო ფუსფუსებდნენ. რა შეიძლებოდა ეს ყოფილიყო? როცა ჩემმა თვალებმა საბოლოოდ მოახდინეს ადაპტაცია, მე გავარჩიე, რომ ეს იყო ორასამდე კილოგრამი ავღანური ჰაშიშის გროვა. ჯერ კიდევ ევროპაში მქონდა გაგებული, რომ ეს ყველაზე ძვირფასი და ძლიერმოქმედი ჰაშიში იყო მსოფლიოში. მოხუცები ამ გროვიდან მცირე ნაჭრებს აცლიდნენ და კონტრაბანდისტებისთვის უფრო მოხერხებული რომ ყოფილიყო მტკაველის სიგრძის კვერებს აკეთებდნენ. ჩემმა გამცილებელმა კუთხეში დამსვა, თვითონ კი სხვებთან ერთად დაიწყო ჰაშიშის ძერწვა.
რა უცნაურია – გავიფიქრე მე. – რას ვაკეთებ აქ? სრულიად შესაძლოა, რომც ვეცადო აქედან ვეღარც კი დავაღწიო თავი. უცებ ერთ-ერთი მოხუცი წამოდგა და ჩირაღდანი აანთო. მთავარი მოგვივით, რომელიც პროცესიას მიუძღვის საკურთხევლისკენ, იგი ჩირაღდნით ხელში საზეიმოდ გაემართა მიწისქვეშეთის შორეულ კუთხეში, სადაც მათთვის წმინდათა წმინდა – უზარმაზარი კალიანი იდგა. მოხუცმა კალიანის უზარმაზარ შახტაში კილოგრამობით ჰაშიშის ჩაყრა დაიწყო, შემდეგ კი საზეიმოდ შეუნთო ცეცხლი ჩირაღდნით. მის შემდეგ მეორე მოხუციც წამოდგა, კალიანის გრძელ და მოღუნულ მუნდშტუკს მიუახლოვდა და ღრმა ნაფაზი იქამდე დაარტყა, სანამ ფილტვები კვამლით არ გაევსო. შემდეგ მუნდშტუკს მოცილდა, ამოისუნთქა და კიდევ ერთი ღრმა ნაფაზი დაარტყა. ერთ ნაფაზს მეორეზე ურტყამდა. საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი. მალე მუნდშტუკიდან კვამლის სქელი ნაკადი გამოვიდა, მაგრამ მოხუცი არ ჩერდებოდა და მოწევას აგრძელებდა. ეს აშკარად ცდებოდა ადამიანური შესაძლებლობების ფარგლებს. როცა მან იმ შედეგს მიაღწია, რომელიც ზეადამიანისთვისაც კი მიუღწეველია, მისი ფილტვები აჯანყდნენ. იგი მიწაზე დაეცა და ხველების ისეთი შეტევა აუტყდა, მეჩვენებოდა, თითქოს ცოტაც და შიგნეულობას პირიდან ამოახველებდა.
ამასობაში სხვები აუღელვებლად ძერწავდნენ ჰაშიშის კვერებს. შემდეგ გიგანტურ კალიანს მორიგი მწეველი მიუახლოვდა და იგივე რიტუალი გაიმეორა. მან ალბათ ოცამდე ნაფაზი დაარტყა, სანამ მუნდშტუკიდან ისევ სქელი კვამლი არ გამოვიდა. მიაღწია რა აპოგეას, მეორე მოხუციც პირველის მსგავსად იატაკზე დაეცა და ხველებისგან კლაკვნა და გორაობა დაიწყო მიწაზე. ამ მოქმედებას რიგრიგობით ყველა იქ მყოფი ასრულებდა. როცა ხველებას მოერეოდნენ, მწეველები ვითომც აქ არაფერიო, თავის მეგობრებს უბრუნდებოდნენ ხოლმე და ჰაშიშის კვერების ძერწვას აგრძელებდნენ. ყოველმა მათგანმა რამდენიმე მისვლა გააკეთა ამ ჯოჯოხეთურ მოწყობილობასთან, რომელიც კილოგრამობით ჰაშიშს შთანთქავდა. ეს ავღანელები – კაიფის ნამდვილი სპეციალისტები არიან, - გავიფიქრე მე. – მათთან შედარებით ამაყი დასავლეთელი ჰიპები – უბრალოდ პატარა ბავშვები არიან.
მიწისქვეშეთის ჩახუთულ სიბნელეში კვამლის სქელი ღრუბელი იდგა, რის გამოც თვალები საშინლად მეწვოდა. მხოლოდ იმის შედეგად, რომ ამ ჰაერს ვსუნთქავდი, ისეთი კაიფი დავიჭირე, რომელიც ცხოვრებაში არასოდეს განმეცადა. ბოლოს ჩემი რიგიც დადგა, და მე წმინდა კალიანისკენ მიბიძგეს. ნუთუ მათი შეუბრალებელი ღმერთის მორიგი მსხვერპლი უნდა გავმხდარიყავი? ფართე მუნდშტუკიდან სქელი კვამლი გამოდიოდა. არ ვიცოდი როგორ მივდგომოდი მას. წინ გადავიხარე და მუნდშტუკის შეხებაც კი ვერ მოვასწარი, ვიგრძენი, როგორ შევარდა ჩემს ფილტვებში კვამლის ნაკადი – მიზანმიმართულად, როგორც გველი, რომელიც თაგვის სოროში მიძვრება. დავეცი და გაშმაგებულმა იატაკზე დავიწყე კოტრიალი. ძლიერი ხველების შემოტევისგან, რომლებიც ჩემს ფილტვებს და ყელს გლეჯდნენ, თვალებიდან ცრემლები წამომწვივდა. ამის შემყურე მოხუცებმა მუხლებზე ხელებს ირტყამდნენ, და მთელი სხეულით ხითხითებდნენ. დამცინოდნენ მე, ახალგაზრდა ამერიკელს, რომელმაც მუნდშტუკის შეხებაც კი ვერ მოახერხა, არადა მათზე ორმოცდაათამდე წლით უმცროსი იყო.
მოხუცებისთვის ეს ჩვეულებრივი საქმიანობა იყო, რასაც ჩემზე ვერ ვიტყოდი. მე უკან დავიხიე კუთხეში და კედელს მივეყუდე. ენერგიის მძლავრმა ნაკადმა ჩემი პარალიზება მოახდინა, და კვამლის ღრუბელში უცნაური ჩვენებების მოლანდებები დამეწყო. თავში რაღაც უცნაური მუსიკის ჰანგები გაისმა, და ჩემი ჭკუა დატრიალდა, გაწყვიტა რა კავშირი დროსა და სივრცესთან. განძრევა არ შემეძლო და გასაქცევიც არსად მქონდა. ცრემლები თვალებს მიწვავდა. ჩემს ჰალუცინაციებში, კალიანიდან აღმართული კვამლის ბოლქვები მოჩვენებით დემონებად იქცეოდნენ, რომლებიც მზად იყვნენ შევესანსლე.
გამახსენდა, თუ როგორ ვეძებდი ადრე ნარკოტიკულ კაიფში ტანჯვისგან განთავისუფლებას, ბედნიერებას და ცხოვრების აზრსაც კი. მივიღე ის რასაც ვეძებდი? მეხსიერებაში იმ ალკოჰოლიკების და ნარკომანების სახეები ამოტივტივდა, რომლებსაც ამერიკის ჯურღმულებში ვხვდებოდი. გამახსენდა ასევე კოლეჯელი ნაცნობები, რომლებმაც ვერ გაუძლეს ნარკოტიკების ცდუნებას და ამ დამღუპველი ჩვევის უსუსური მონები გახდნენ. მათ შორის განსაკუთრებით დამამახსოვრდა ერთი სასიამოვნო გოგო კარგი ოჯახიდან, რომელიც ჭკუიდან გადავიდა ლსდ-ს ზედმეტი მოხმარებისაგან. ყველასთვის მოულოდნელად მან ჩიტივით ჭიკჭიკი დაიწყო. გარშემომყოფებს ეს ძალიან ახალისებდა, სანამ მესამე სართულის ფანჯრიდან გაფრენას არ შეეცადა. ერთი წლის შემდეგ იგი კვლავინდებურად ჩიტად თვლიდა თავს, მაგრამ ამჯერად ფსიქიატრიულ კლინიკაში ჭიკჭიკებდა. ახალგაზრდებში გავრცელებული იყო შეხედულება, რომ ქიმიურ ან მცენარეულ აღმგზნებ საშუალებებს ადამიანის შესაძლებლობების გაფართოება და სულიერი გამოცდილების მიღებაში დახმარება შეეძლოთ. მეც მომიხდა მათი გასინჯვა. მეც, ისევე როგორც ყველა, გასხივოსნებას ვეძებდი ნარკოტიკების მეშვეობით, მაგრამ სწრაფად გავაცნობიერე, თუ რამდენად შეზღუდულია მათი შესაძლებლობა. ნარკოტიკული გაბრუების შედეგად მიღებული ხელოვნური მდგომარეობა მხოლოდ მაშორებდა იმ მიზანს, რომლისკენაც მთელი გულით ვილტვოდი. გზა უნდა განმეგრძო.
ჰალუცინაციებისგან დატანჯულმა, კანდაგარელი ნარკომანების საზოგადოებაში, მე დავიფიცე: ო, ჩემო უფალო, აღარასოდეს ცხოვრებაში აღარ გამოვიყენებ დამათრობელ საშუალებებს.
ძლივ-ძლივობით გამოვძვერი მიწისქვეშეთიდანდა ბორძიკით წავლასლასდიქუჩაში.

* * *
ჩემი უკანასკნელი საღამო კანდაგარში მომცრო, სუსტად განათებულ ჩაიხანაში გავატარე ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად. მოულოდნელად ჩაიხანაში ბრმა ყმაწვილი შემოვიდა და ყველამ მას მიაპყრო მზერა. ხელში ხის უბრალო მუსიკალური ინსტრუმენტი ეკავა. ბიჭი თექვსმეტი წლისას ჰგავდა, და ისევე, როგორც გარშემომყოფებს, ჭუჭყიანი ტანსაცმელი თავისუფლად სთრევდა გამხდარ ტანზე. გული შემეძრა – მისი ბრმა, დამახინჯებული თვალები არაფრით არ იყო დაფარული. მიუხედავად თვალნათლივი სიღატაკისა, იგი ნეტარებით იღიმოდა, როცა მისი ყელიდან ყოვლისშემძლე ალლაჰის მადიდებელი სიმღერები წამოვიდა. მღეროდა და თან თავისივე ერთსტრუნიან ინსტრუმენტზე უკრავდა. ყმაწვილის სასიამოვნო მელოდიურმა ხმამ და მისმა გულწრფელობამ გარშემო ყველას გულები დაიპყრო. ასე გავიდა ერთი საათი. ბრმა ბიჭი სტრუნაზე ურტყამდა და ღმერთს უგალობდა, რითაც ჩაიხანას სპონტანური სიხარულით ანათებდა, ჩვენს გულებს კი ენითგამოუთქმელი აღტაცებით ავსებდა.
დანახულმა სულის სიღრმემდე შემძრა. უსახლ-კრო ყმაწვილი ღატაკი და გაუნათლებელი იყო. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის თავის გულში ღმერთისადმი სიყვარულის საგანძურს ინახავდა და უსაზღვრო სულიერ ნეტარებას იღებდა ამისგან.
კანდაგარი უჩვეულო ქალაქი აღმოჩნდა ჩემთვის. აქ მანგუსტმა მოთმინების გაკვეთილი მასწავლა, მიწისქვეშეთის მოხუცებმა საბოლოოდ უარი მათქმევინეს ნარკოტიკებზე, ხოლო ბრმა მუსიკოსმა დამანახა, თუ რა არის სულიერი სიხარული. ყველა ამ გაკვეთილისთვის მადლობელი, დავემშვიდობე ამ ქალაქს და გზა განვაგრძე.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff