გზა შინისაკენ - ამერიკელი იოგის მოგზაურობა

რადჰანათჰ სვამი
5
1

ძლივ-ძლივობით გამოვძვერი თუ არა მდინარე ბაჰმატის ყინულივით ცივი წყლიდან, რომელიც ჰიმალაების ყინულებიდან იღებს სათავეს

თავი მეთერთმეტე

 

თავი მეთერთმეტე

ძლივს შევძვერი გატენილ ავტობუსში, რომელიც ქაბულისკენ მიემართებოდა. სალონის ორივე მხარეს მთელ სიგრძეზე ორი ხის სკამი იდგა, რომელზეც მგზავრები ისხდნენ. სკამებს შორის იატაკზე შინაური ცხოველები დადიოდნენ. ქათმები ფრთებს იქნევდნენ და ხმამაღლა კაკანებდნენ. მამლები მკერდგამოშვერილნი დადიოდნენ და ამაყად ყიოდნენ. დაღლილი ცხვრები საცოდავად შემოკრებილიყვნენ თავიანთი პატრონის გარშემო. სალონში ბუზები და რომელიღაც ეგზოტიკური მწერები ბზუოდნენ. თხები რაიმეს შესანსვლის იმედად მგზავრების კალთებში იქექებოდნენ. ერთმა განსაკუთრებით კომუნიკაბელურმა თხამ პირდაპირ თვალებში შემომხედა და მაშინვე ენთუზიაზმით შეუდგა ჩემი შარვლის ღეჭვას. ჩანდა, რომ ჩემი ჯინსები მართლა გემრიელი იყო, რადგანაც მაშინვე შარვლის მეორე ტოტს მეორე თხა ეცა. მუხლებზე წიწილა შემომახტა და ფეხების კენკვა დამიწყო.
ავტობუსის მგზავრებისთვის, რომლებიც ღიმილით შემომცქეროდნენ, ეს მოძრავი შინაური ცხოველების ეზო ჩვეულებრივი ამბავი იყო. ჩანდა, რომ ისინიც კულტურულ შოკს განიცდიდნენ გრძელთმიანი და ჭუჭყიან ჯინსებიანი ამერიკელის დანახვისას. ავტობუსი გაჩერდა. მგზავრები ავტობუსიდან გადმოვიდნენ, უდაბნოში ხალიჩები გაშალეს, სახით მექასკენ შებრუნდნენ და ლოცვა დაიწყეს. თუ არ ჩავთვლით ცხოველებს, სალონში მხოლოდ მე დავრჩი.
სადღაც ამოვიკითხე, რომ ადამიანი, რომელიც სულიერად არ ვითარდება, ორფეხა ცხოველს ჰგავს. თუმცა სულიერ ძიებაში ვიყავი და სრულიად განსხვავებული რელიგიებით ვინტერესდებოდი, მე ჯერ კიდევ არ მქონდა არჩეული ჩემი გზა. აი, რატომ ვარჩიე, სანამ მუსულმანები გარეთ ლოცულობდნენ, შინაურ ცხოველებთან ერთად ჯდომა, რომელთაგანაც სამწუხაროდ ცოტათი თუ განვსხვავდებოდი.
ქაბული, რომელიც მაღალმთიან პლატოზეა განლაგებული და თოვლიანი მწვერვალებითაა გარშემორტყმული, ძალიან ლამაზი იყო. დიდი მონღოლების იმპერიის ყოფილი დედაქალაქი დღესაც ავღანეთის ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქად რჩებოდა. ქაბულში კვლავ შევხვდი ჯეფს და რემსის. ისინი თითქმის ერთი კვირაა მელოდნენ და ერთი სული ჰქონდათ, როდის განაგრძობდნენ ინდოეთისკენ მოგზაურობას ძველებური გზით, რომელიც ინგლისელებმა დააგეს. გადავწყვიტეთ პაკისტანში ჰაიბერის უღელტეხილიდან გადავსულიყავით. დილით ადრე მივედით ავტოსადგურზე და ჯეფმა ყველას აგვიღო ბილეთები. ავტობუსის კართან საიმიგრაციო სამსახურის ინსპექტორები იდგნენ და მგზავრებს დოკუმენტებს უმოწმებდნენ. ჯეფმა და რემსიმ ყველა აუცილებელი ფორმალობა გაიარეს და ავტობუსში დასხდნენ. მაგრამ როცა ჩემი რიგი დადგა, რაღაც გაუგებრობა მოხდა. ინსპექტორმა პასპორტი გამომართვა და საიმიგრაციო სამსახურის განყოფილებაში წამიყვანა. და ჩემდა სავალალოდ სწორედ ამ დროს ავტობუსი დაიძრა და წავიდა. ჩემი ბილეთი კი ჯეფს და რემსის დარჩათ, რომლებმაც ვერც კი შეამჩნიეს ჩემი არყოფნა. აღმოჩნდა, რომ საიმიგრაციო სამსახურის ჩინოვნიკებმა არასწორად წაიკითხეს ჩემი ქვეყნიდან გასვლის თარიღი. სიტუაციაში გარკვევისთანავე გამომიშვეს.
ასე დავრჩი ქაბულში მარტოდმარტო, და არ ვიცოდი რა მექნა. ჰაიბერის უღელტეხილზე, რომელსაც სახელი ჰქონდა განთქმული, როგორც ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილს დედამიწაზე, მარტო, ავტოსტოპით გადასვლაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. ბევრი თავზარდამცემი ისტორია გამიგია ავღანეთსა და პაკისტანს შორის ამ სასაზღვრო მიდამოზე, სადაც მეომრული ტომები მართავდნენ სიტუაციას, და ისინი არანაირ კანონს არ სცნობდნენ. მსგავსად ამერიკული ველური დასავლეთის მაცხოვრებლებისა, ისინი გატენილ იარაღს თვლიდნენ მთავარ არგუმენტად ნებისმიერ დავაში და თავი მკვლელობებით და ყაჩაღობებით გაჰქონდათ. მიყვებოდნენ, რომ ისინი ტურუსტულ ავტობუსებზეც ახდენდნენ თავდასხმებს და აყაჩაღებდნენ, ხანდახან კი მგზავრებსაც კლავდნენ. ავტობუსების მფლობელი კომპანიები იძულებულნი იყვნენ ხარკი ეხადათ ამ ტომების მეთაურთათვის, რათა მგზავრთა სიცოცხლის უსაფრთხოება დაეცვათ. ძნელი სათქმელი იყო, რამდენად შეესაბამებოდა ეს ყოველივე სიმართლეს, მაგრამ ამის თავად გარკვევის არანაირი სურვილი არ მქონდა. ბილეთის ფული არ მქონდა და აზრზე არ ვიყავი რა უნდა მექნა დაჩემი ცხოვრების მოულოდნელ ცვლილებებზე ჩაფიქრებული, სრულ მარტოობაში დავხეტიალობდი ქაბულის ქუჩებში.
ასე გავიდა მთელი დღე. ღამის დადგომასთან ერთად შესამჩნევად აცივდა. თბილი ტანსაცმელი და ღამისგასათევი არ მქონდა. ცაზე ამოსული სავსე მთვარე ყინულის ბურთად მეჩვენებოდა. სიცივისგან კანკალშეპყრობილი გზის პირას ჩამოვჯექი და ჰარმონიკა მოვიმარჯვე. თვალები დავხუჭე და მედიტაციურ ტრანსში შევასრულე გულიდან ამოსული სიმღერები. როცა თვალი გავახილე, ჩემს წინ ტანადი ახალგაზრდა ქალი იდგა. ქერა თმას ქარი უწეწავდა.
“ამ ღამეში როგორ არ გაიყინე თბილი ტანსაცმლის გარეშე?” – მიყურებდა და თვითონაც სიცივისგან კანკალებდა. როცა მის მბრწყინავ ცისფერ თვალებში თანაგრძნობა ამოვიკითხე, ჩემი თავგადასავლების შესახებ მოვუყევი.
“მე ჰოლანდიიდან ვარ, - მითხრა ქალმა საპასუხოდ, - მაგრამ უკვე რამდენიმე წელია ქაბულში ვცხოვრობ. არ გინდა, ღამე ჩემს სახლში გაათენო, სითბოში?”
მე მადლიერებით აღვსილი უკან გავყევი. ცივი ქუჩის მერე თბილი და კეთილმოწყობილი ბინა სამოთხედ მეჩვენა. ფანჯრებზე მწვანე და ოქროსფერი ფარდები ეკიდა, ოთახის ცენტრში ძვირფასი მაგიდა იდგა თავისი სკამებით, კედელთან კი თეთრი ფუმფულა სავარძელი იდგა. სწორედ მასზე განმათავსა ამ საუცხოო ბინის პატრონმა. მსგავსი არაფერი მენახა მას შემდეგ, რაც საკუთარი სახლი დავტოვე ჰეილენდ პარკში. მეჩვენებოდა, რომ ეს ასი წლის წინ იყო. ჰოლანდიელმა ქალმა მაგიდასთან მიმიპატიჟა და ახლადგამომცხვარი პური შემომთავაზა კარაქთან და ბოსტნეულთან ერთად, დესერტად კი შოკოლადის ტორტი მელოდებოდა: ისიც კი გავიფიქრე, რომ არაფერი დამიკარგავს იმით, რომ ავტობუსზე ვერ მოვხვდი.
სასიამოვნო საუბრის შემდეგ მასპინძელმა მოსვენება შემომთავაზა:
“ალბათ, ძალიან დაიღალე ამდენი ხანი სიცივეში ჯდომისგან”.
საძინებელში გამიყვანა, სადაც ორი საწოლი იდგა.
“აქ მოთავსდი, მე კი ჩემთან დავიძინებ”.
ამ დროს შევამჩნიე გიგანტიც, რომელიც ჩემს წინ იდგა. ეს იყო ორი მეტრის სიმაღლის მამაკაცი. მთასავით სხეულზე და ძლიერ ხელებზე მსხვილი კუნთები მოუჩანდა. ეს მამაკაცი მასპინძლის პირადი მცველი გახლდათ. იგი დიდ დაუვარცხნელ წვერს ატარებდა, ხოლო მისი გრძელი თმა ნახშირივით შავი იყო. ჩემს სწოლზე წამოვჯექი, ავღანელი კი თავისაზე. მისი შავი და მწველი თვალები ავი მზერით მბურღავდნენ. შემდეგ გაიზმორა და ხმამაღლა დაამთქნარა. მისი ოფლის მკვეთრი სუნი ცხვირში მეცა.
მასპინძელი აგრძელებდა:
“ის მიცავს მე. თავად ვნახე, მუშტის ერთი დარტყმით როგორ გაუხეთქა ერთ ადამიანს თავის ქალა. ახლა კი დაისვენე”.
მასპინძელი თავისი ოთახისკენ გაემართა და სანამ გავიდოდა შუქი ჩააქრო და თქვა: “მე ჩემთან გავალ”.
მიუხედავად ავღანელიპირადი მცველის ავბედითი გარეგნობისა, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, მის გვერდით თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი. სახლში ისეთი სითბო და სიმყუდროვე იყო, რომ საწოლში მოხერხებულად მოვეწყვე და იღბლიანად ჩავთვალე საკუთარი თავი. ვინ იცის, როგორ გადავიტანდი ყინვიან ღამეს, ამ ქალს რომ არ შევცოდებოდი. ამ ფიქრებში გადავიფარე რბილი ზეწარი და ძილს მივეცი თავი.
რამდენიმე წუთიც არ გასულა, რომ ფარდის ხმამ გამაღვიძა, რომელიც ორ საძინებელს ჰყოფდა ერთმანეთისგან. ჩემს წინ მასპინძელი იდგა მხოლოდ ნახევრადგამჭვირვალე აბრეშუმის ღამის პერანგში. საძინებელში კეთილსურნელების სუნი იდგა და ხმადაბლა უკრავდა მუსიკა. ქალი მომიახლოვდა და ყურში ნაზად ჩამჩურჩულა:
“შენ ისეთი ახალგაზრდა და ლამაზი ხარ”.
მისი თვალები ვნებისგან ბრწყინავდნენ. ღამის პერანგი გაიხადა და სრულიად შიშველი წარსდგა ჩემს წინაშე. ხელები კისერზე მომხვია და ძვირფასი სუნამოებით ნაპკურები ტანი ჩემი ტანის გვერდით დადო, მე კი, დაბნეული, სასოწარკვეთილი ვცდილობდი ჩემი მოგზაურობის მიზანზე მომეხდინა კონცენტრაცია.
“ძალიან გთხოვთ, არ გინდათ! მეძინება!” – შევღაღადე მე. მაგრამ მასპინძელი შეუვალი იყო.
“ძალიან გთხოვთ თავი დამანებეთ”, - სულ ეს იყო რაც ამოვღერღე. სანამ მეფერებოდა, მე ვიწექი, როგორც მკვდარი თევზი.
ვნებით შეპყრობილმა ყურში ჩამჩურჩულა:
“თუ ჩემს სურვილს არ დააკმაყოფილებ, ჩემი პირადი მცველი თავს გაგიპობს. აქედან ვერ გაიქცევი”.
ჩემი უარით შეურაცხყოფილმა, საშველად მცველს მოუხმო. ავღანელი საწოლიდან წამოხდა , თვალისდახამხამებაში გადმოჭრა ოთახი და ჩემს წინ დადგა.
“დანებდი! დანებდი ან მოკვდი”, - დამიღრიალა მან.
არ ვიცოდი რა მექნა. ჩემი მაცდუნებელი ძალას არ იშურებდა, რომ ვნება აღეძრა ჩემში, მე კი მის ქვეშ ვიწექი და შიშისაგან ვკანკალებდი. ავღანელი ჩემსკენ დაიხარა, თმაში ჩამავლო ხელი და დაიღმუვლა:
“დანებდი ან მოკვდი! დანებდი ან მოკვდი!”
მისი სიტყვები ყუმბარებივით ფეთქდებოდნენ ჩემს თავში. ჭკუაში კითხვები წრიალებდნენ:
“იქნებ ეს კოშმარული სიზმარია? რა ვქნა: დავნებდე თუ მოვკვდე? და მე რატომ დამემართა ეს ყველაფერი?”
რაღაც მომენტში ძალა მოვიკრიბე და ხელი ვკარი ქალს. სასწრაფოდ ხელი ვტაცე ჩემს ჩანთას და ფეხსაცმელებს და კარისკენ გავვარდი, ისე რომ საძილე ტომარა სულ გადამავიწყდა. პატრონმა გამყინავად დაიწივლა. პირადმა მცველმა ყვირილით გადამიჭრა გზა, მაგრამ მაინც მოვახერხე გასხლტომა. წიხლით გავაღე კარი და ქუჩაში გავვარდი. ავღანელი განრისხებული შეძახილებით მომდევდა. ზურგს უკან მის სუნთქვას ვგრძნობდი და უკანმოუხედავად გავრბოდი. ჩემი წარმოსახვა იმ საშინელ სურათებს ხატავდა, თუ როგორ აპობდა მისი გიგანტური მუშტი ჩემი თავის ქალას. გავრბოდი, გავრბოდი და გავრბოდი. თვითონაც არ ვიცი როგორ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს თავი დავაღწიე მდევარს.
კვლავ მარტო აღმოვჩნდი. ქუჩაში ღამე იდგა, და წასასვლელი არსად მქონდა. ქაბულის ცარიელ ქუჩებში ხეტიალისას ვიგრძენი, რომ ყინვიანი ღამე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ასე მაშინებდა, სინამდვილეში დამცველი იყო ჩემი. ცივი მთვარე, რომელმაც ძვლებამდე გამყინა, ამჯერად ჩემს დაღლილ ჭკუასათბობდა. მივდიოდი უმისამართოდ და სრულ თავისუფლებას ვგრძნობდი. ვარსკვლავებს შევცქეროდი და ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ იმონებს ადამიანს ვნება. ინტიმური სიახლოვე შეიძლება ღმერთის საჩუქარი იყოს, მაგრამ როცა მისადმი სწრაფვა აკვიატებულ იდეად იქცევა, ადამიანი გონებას კარგავს და საკუთარი ავხორცობის დაკმაყოფილებისთვის მზადაა ყველაზე მდაბალი საქციელიც კი ჩაიდინოს. დაუკმაყოფილებელ ვნებას ჭკუიდან გადაყავს ადამიანი. რა თქმა უნდა, ვფიქრობდი მე, ნებისმიერი რელიგიის ისტორიაში იყვნენ მორწმუნეები, რომლებიც ოჯახურ ცხოვრებას ეწეოდნენ და შესანიშნავ ბავშვებს ზრდიდნენ. ისინი თუ შედიოდნენ ინტიმურ ურთიერთობაში, ამას აკეთებდნენ როგორც ღმერთისადმი მსახურებას. მაგრამ რატომ იყო, რომ იმავე რელიგიებში მრავალი წმინდანი უბიწოების აღქმას დებდა? რაც უფრო მეტად ვფიქრობდი ამაზე, მით უფრო მეტად მინდოდა მეპოვა პასუხი ამ კითხვაზე. როგორც ჩანს ეს წმინდანები თვლიდნენ, რომ მოწინააღმდეგე სქესისადმი მიჯაჭვულობა ღმერთის სიყვარულში შეუშლიდათ ხელს. ან უნდოდათ, რომ ამ მძლავრი ენერგიისთვის სახე შეეცვალათ და ლოცვებში და ღმერთისადმი მსახურებისკენ წარემართათ იგი. ვინ იცის, იქნებ სწორედ ესაა რასაც ვეძებ. მაშინ ნათელი ხდება, რატომ უარვყავი იტალიაში ირენის შემოთავაზება. შეყვარება – ნიშნავს გულის მიცემას, - ვფიქრობდი მე. – ჭეშმარიტი სიყვარული თავგანწირული და უანგარო უნდა იყოს. ვუყურებდი, თუ როგორ მაღლა და მაღლა იწეოდა სავსე მთვარე ქაბულის თავზე, ანათებდა რა თავისი შუქით მთის ფერდობებს. მე უფრო მეტად განვმტკიცდი ჩემს სურვილში, სიცოცხლის ბოლომდე შემენახა უბიწოების აღქმა. ვიდექი ქარში რომელიც ძვლებამდე ატანდა და ღმერთს ვთხოვდი ძალას, რომ ამ აღთქმის დაცვაში დამხმარებოდა.

 * * *

როცა მზე მთებზე ამოიწვერა, მე მაშინვე ავტოსადგურისკენ გავეშურე, ისე რომ თვითონაც არ ვიცოდი, რა მელოდა იქ. სადგურზე ჩემდა გასახარად გავიგე, რომ ჯეფმა ავტობუსის მძღოლს სამგზავრო ბილეთი და ცოტაოდენი ფული გამოატანა. სანამ ავტობუსში ჩავჯდებოდი, მივიხედ-მოვიხედე და მზერით ქაბულს დავემშვიდობე. აქ, ამ მთიანი ავღანეთის პლატოზე, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგი გასხივოსნებისკენ მიმავალ გზაზე და ვლოცულობდი, რომ ჩემი დადებული ფიცი დამეცვა. ამასთან უზომო მადლიერებას ვგრძნობდი.
ავტობუსის ფანჯრიდან მთის მწვერვალები და უნაყოფო მიწები მოჩანდა. ღარიბი გლეხები მუხლჩაუხრელად მუშაობდნენ და ცდილობდნენ, ამ უნაყოფო მიწებზე რაღაც მოსავალი მაინც მოეწიათ. ამ ადგილების ლანდშაფტი საიმედოდ იცავდა მის მაცხოვრებლებს გარესამყაროსგან. ადგილობრივები მხარზე გადაკიდებული იარაღით დადიოდნენ და ხშირად ქამრის მაგივრობას ტყვიებიანი ლენტი უწევდათ. გზაში ხშირად გვხვდებოდა სახელოსნოები, სადაც ხელნაკეთ გადაჭრილ თოფებს ამზადებდნენ. შორს აქლემების ქარავანები გამოჩანდებოდა ხოლმე, რომლებსაც ქვიშიან მიწაზე ტვირთი გადაჰქონდათ.
ავტობუსი ძლივს ადიოდა აღმართებში.გაჭირვებისაგან ძაგძაგებდადა ღმუოდა. ფანჯარაში ვიყურებოდი და ვცდილობდი წარმომედგინა, თუ როგორ გაიარა აქ ჩვ. წ. აღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში ინდოეთისკენ მიმავალ გზაზე ალექსანდრე მაკედონელის არმიამ. მეცამეტე საუკუნეში უღელტეხილი ჩინგის ხანის მონღოლურმა ურდოებმა გადაკვეთეს, უფრო გვიან კი – დიდი მონღოლების არმიებმა, რომლებიც ინდოეთის სუბკონტინენტის დასაპყრობად და გასაძარცვად მიეშურებოდნენ. მეცხრამეტე საუკუნეში აქ უკვე ბრიტანული არმიის უამრავმა ჯარისკაცმა გაიარა. თაობები იცვლებოდა, მაგრამ სისხლისღვრა და მკვლელობები ძველებურად რჩებოდა აქ მცხოვრები ტომების ყოველდღიურ საქმიანობად.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობისათვის ბრძოლამ გამოუსწორებელი დაღი დაასვა ადგილობრივი მაცხოვრებლების სახეებს, მათში მაინც გამოსჭვიოდა რაღაც მკაცრი კეთილშობილება. როცა ვიხსენებდი, თუ რას მიყვებოდნენ ამ ადამიანების შესახებ, მიხაროდა, რომ ავტობუსის ფანჯრიდან ვუმზერდი მათ და არა პირისპირ.
საღამოს პაკისტანის ქალაქ პეშავარში ჩავედით. როცა ავტობუსიდან გადმოვედი, ჩემი ყურადღება გზის პირას უშფოთველად მჯდარმა შავ-ფარანჯიანმა დედაბერმა მიიპყრო. მის წინ გაფენილ ტომარაზე რაღაც საქონელი ეწყო. უფრო ახლოს მივედი, რომ გამერჩია, რითი ვაჭრობდა. ჩემდა გასაოცრად, ეს ბრინჯაოს კასტეტები აღმოჩნდა. დედაბერი კასტეტებით ვაჭრობდა.
კასტეტებს ბასრი და დაკბილული ხიშტები ჰქონდა, გამიზნულნი იმისთვის, რომ ხორცი გაეგლიჯათ. ეს სასტიკი იარაღი ნახევრადძვირფასი ქვებით იყო გაწყობილი. დედაბერმა დამალული ღილაკი მაჩვენა, და როდესაც ხელი დააჭირა მას, კასტეტიდან სტვენით გამოვარდა სამართებელი. მოულოდნელობისგან კინაღამ დავეცი. დედაბერი მარწმუნებდა, რომ მისი საქონელიმეყიდა, მაგრამ მე ზრდილობიანად ვუთხარი უარი და მაშინვე წამოვედი.
ინდოეთში მოსახვედრად, კიდევ ერთი, უკანასკნელი საზღვარი უნდა გადამეკვეთა. ვტკბებოდი ამ ქვეყანასთან შეხვედრის მოლოდინით და უძველეს ქალაქ ლაჰორში გავეშურე, რათა ინდოეთის ვიზა ამეღო. გზაში კეთილი და გულისხმიერი ხალხი მხვდებოდა, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ პაკისტანში ისე მეგრძნო თავი, როგორც საკუთარ სახლში: ისინი მაჭმევდნენ და სატვირთო ავტომობილებით ან ავტობუსებით გადავყავდი. დილით ადრე უკვე ლაჰორის ინდოეთის საელჩოსთან ვიდექი. მოწმენდილ ცაზე შევარდნები ლივლივებდნენ. საელჩოს კარი როგორც იქნა გაიღო. მე შევედი და მოუხეშავად გავუწოდე ჩემი პასპორტი ჩინოვნიკს. როცა პასპორტში შტამპი ჩაარტყა, გული სიხარულით ამიჩქარდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ეს იყო ვიზა ღმერთის სასუფეველში. აქედან ინდოეთამდე ხელის გასაწვდენი მანძილიღა იყო. მე მელოდებოდა იოგების, ლამების და ბრძენების მიწა.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff