ნაწილი მეორე - თავი მეცამეტე
ნაწილი მეორე
დედა ინდოეთი
თავი მეცამეტე
რაც უფრო შორს შევდიოდი ინდოეთის მიწაზე, მით უფრო მკაფიოდ ვგრძნობდი, რომ როგორც იქნა სახლში დავბრუნდი. საღამო დადგა. ჩემს გულში ვეალერსებოდი ყოველ ფოთოლს ხეზე, ყოველ ვარსკვლავს ცაზე და ყოველ ბალახს მინდორში. გარშემო ყველაფერი ამაღელვებლად ახლებური იყო და ამავე დროს ძალიან ნაცნობი. მწუხრის ჟამს აუღელვებელი სიმშვიდე გაწვა მთელ ჰორიზონტზე გადაშლილ მწვანე მდელოებზე. სიჩუმეს მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი, ბაყაყების ყიყინი და ჭრიჭინების ჭრიჭინი არღვევდა. მივდიოდი და ვფიქრობდი, რომ ჩემი საკუთარი ძალები აშკარად არ მეყოფოდა ასეთი მოგზაურობის ასატანად. სახლში მხოლოდ ღმერთის წყალობით დავბრუნდი.
რაღაც პერიოდი ფეხით დავდიოდი, შემდეგ კი გზად მიმავალი მანქანა გავაჩერე. მეგობრულად განწყობილმა მძღოლმა ფიროზპურიმდე წაყვანა შემომთავაზა, ქალაქამდე, რომელიც პენჯაბის შტატშია ჩრდილოეთ ინდოეთში. სასიამოვნო საუბარში გავატარეთ დრო და რკინიგზის სადგურს მივაღწიეთ. იქ ჩემმა ახალმა ნაცნობმა მასთან ერთად მატარებლით ძველ დელიში გამგზავრება შემომთავაზა. მთელი მოგზაურობის მანძილზე ერთხელაც არ ვმჯდარვარ მატარებელში. ძირითადად სატვირთოებით და იაფი ავტობუსებით ვმგზავრობდი. რამდენჯერმე ბორანით მგზავრობამაც მომიწია, ერთხელ კი აქლემზეც ვიჯექი. ამიტომ როგორ შემეძლო ამ მაცდურ წინადადებაზე უარის თქმა? მშვიდი და კომფორტული მგზავრობის მოლოდინში რკინიგზის პლატფორმაზე დავსეირნობდი.
გარშემო ვაჭრები ურიკებით დადიოდნენ და სხვადასხვა წვრილმანს: ხილს, ტკბილეულს, ორცხობილებს, სუვენირებს, ჟურალებს, წამლებს, ასევე ჩაის და ტანსაცმელს დაატარებდნენ. აქამდე არასოდეს მენახა, რომ საჭმელი პირდაპირ ურიკაზე მოემზადებინოთ. ერთი ბოსტნეულს სქელ ყვითელ ცომში ახვევდა და ფრიტიურზე ბრაწავდა. მეორე ცომს კვერებად აბრტყელებდა და აბოლებულ კარაქში აგდებდა, სადაც ისინი მაშინვე ბუშტებივით იბერებოდნენ. შორიახლოს ცეცხლზე ქვიშამოყრილ რკინის ტაფაზე მიწის თხილს ხალავდნენ. ჰაერში მოტრიალე სანელებლების სუნი კეთილსურნელოვანი ჩხირების არომატს და დიზელის ძრავების გამონაბოლქვს უერთდებოდა.
ხალხი ბაქანზე იდგა მატარებლის მოლოდინში და ხმამაღლა საუბრობდა ერთმანეთში. აქვე, სარკინიგზო ხაზების გასწვრივ, თითქოს პიკნიკზე ყოფილიყვნენ, საჭმელი გამოეფინათ და მთელი ოჯახები სადილობდნენ. ბრბოში გზას მიიკვლევდნენ მტვირთავები თავზე მძიმე ჩემოდნებით, და დასაცავად თავზე წითელი ქსოვილისგან დამზადებული მცირე საფენი ეფარათ. ღატაკებს მოწყალების მოლოდინში ხელები გამოეწვდინათ. აქ იყვნენ ბრმებიც და კოჭლებიც, უხელოებიც და უფეხოებიც. ერთს სახე ჰქონდა დამწვარი, მეორეს - კიდურები დამახინჯებული. კეთროვნები ხალხს თავიანთ დასნეულებულ თითებს სჩრიდნენ სახეში და ამ გზით ითხოვდნენ მოწყალებს. ზოგიერთ ქალს ჩვილი ბავშვი ეკავა ხელში, დაჩირქებული თვალებით. და ბავშვებს თავზე ბუზები დასტრიალებდნენ. ყველა ეს მათხოვარი პლატფორმაზე ერთი ადამიანიდან მეორესთან მიდიოდა დახმარების მოლოდინში. რუპორიდან განუწყვეტლივ მოისმოდა ახალ-ახალი განცხადებები. და ამ ყველაფრის ფონზე ათეულობით ადამიანს მშვიდად ეძინა მტრავალჯერ ნაფურთხებ პლატფორმაზე.
როცა ჩვენი მატარებლის შემოსვლა გამოაცხადეს, ყველა ფეხზე წამოხტა. მოისმა საყვირის ხმა, მალე მატარებელიც გამოჩნდა და ორთქლის ჭავლი და შავი კვამლის ნაკადი გამოუშვა. როგორც კი ბაქანს გაუსწორდა, ასეულობით ადამიანი ჯერ კიდევ მიმავალი მატარებლის გასწვრივ გაიქცა. ჩემმა ნაცნობმა დამიყვირა: “ჩქარა, მომყევი!”, - და ისიც მთელი ძალით გაეკიდა ვაგონს. როგორც კი მატარებელმა სიჩქარეს უკლო, ყველამ ღია ფანჯრებში დაიწყო შეხტომა. ჩემმა ნაცნობმა ჯერ სირბილის დროს შეაგდო ფანჯარაში ჩანთა, შემდეგ კი თვითონაც შეძვრა. ვცდილობდი არ ჩამოვრჩენოდი და მეც მის გვერდით მივრბოდი. ვაგონის ფანჯრიდან მიყვირა: “ჩქარა შემოხტი, თორემ ვერ მოასწრებ!” მოძრავ ვაგონში შეხტომა ნამდვილად არ იყო უსაფრთხო, მაგრამ ყველა ასე აკეთებდა. რამდენიმე ვაგონი გავატარე და როგორც იქნა გადავწყვიტე შევმხტარიყავი, მაგრამ მხოლოდ ფანჯრის კიდეზე მოვახერხე მოჭიდება. ასე დაკიდებული ყოფნა ძნელი იყო, და თითებმა თავისთავად დაიწყეს ხელის გაშვება. ძირს დავიხედე და შევკრთი. ზუსტად ჩემს ქვემოთ, რელსებზე თანაბარზომიერად მოძრაობდნენ ფოლადის ბორბლები. უნებურად წარმოვიდგინე, როგორ ჭრიდნენ ჩემს სხეულს. წარმოუდგენელი ძალისხმევის ფასად მაინც მოვახერხე ფანჯარაზე აძრომა და შიგნით შეხტომა. ჩემს შემდეგ მაშინვე ამ ფანჯარაში კიდევ ორი შემოეკვეხა.
აღმოვჩნდი რა ვაგონში, გარშემო მიმოვიხედე და დავინახე, რომ ყოველ ფანჯარაში ვიღაც ისევ ხტებოდა ან ძვრებოდა. როცა მატარებელი გაჩერდა, ვაგონი იმდენად გადავსებული იყო, რომ მასში შემოტენვაც კი შეუძლებელი იყო. თავისუფალი დასაჯდომი ადგილი რა თქმა უნდა აღარ იყო. კედელზე აბრა იყო წარწერით: “მგზავრთა რაოდენობა არაუმეტეს 60”. ყველაზე მოკრძალებული გამოთვლებით, ჩემს გარშემო ორასამდე ადამიანი იყო. ბილეთების შემოწმებაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ჩემი ნაცნობი სხვა ვაგონში შეხტა და მას მერე აღარ მინახავს.
ყველა მგზავრი უბილეთოდ მგზავრობდა. მოგვიანებით გავიგე, რომ ინდოეთის სარკინიგზო ხაზებში მესამე კლასის ვაგონებისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ. რა თქმა უნდა ასეთ მგზავრობაზეც გიწევს ფასის გადახდა, მაგრამ ეს ფასი რუპიებით არ განისაზღვრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ვაგონში ხალხი ყვიროდა და ერთმანეთს აწყდებოდა, ჩემდა გასაკვირად ყველა აუღელვებლად და მშვიდობისმოყვარედ გამოიყურებოდა. როგორც ჩანს დიდი ხანია შეეგუვნენ მგზავრობის ასეთ ფორმას. როცა მატარებელი დაიძრა, ზოგიერთი ვაგონს გარეთ ნახევრად გადმოკიდებულიდარჩა, მაგრამ მათ სახეზეც ვერანაირი უსიამოვნება ვერ ამოვიკითხე. თავი ავწიე და ზემოთ ტვირთის დასადებად მოწყობილირკინის თაროები შევნიშნე. ტვირთის ნაცვლად იქაც ათეულობით ადამიანი შეყუჟულიყო. დაახლოებით ერთი მეტრის სიგრძის თავისუფალი ადგილი შევიგულე, მეც ზემოთ ავძვერი და წარმოუდგენლად მოკუნტული ორ მგზავრს შორის შევეკვეხე. ზემოდან ხალხის ბრბოს ვუყურებდი, და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს პირველი კლასით ვმგზავრობდი.მე სრულიად აღტაცებული ვიყავი ინდოეთით.
ძველი მატარებელი მთელი ღამე გაუჩერებლად შიშინებდა და გუგუნებდა, და გამთენიისას უკვე ძველი დელის სადგურზე ვიყავით. მე მატარებლიდან ჩამოვედი. არ ვიცოდი რა მექნა და უბრალოდ ბაქანზე გავისეირნე.
უცებ ვიღაცამ დამიძახა:
“მანქ, მანქ! ნუთუ ეს შენ ხარ!”
მე შემოვბრუნდი და დავინახე ორი ფრანგი, რომლებიც ჯერ კიდევ შვეიცარიაში გავიცანი. იქ, ჟენევის ტბის ნაპირას, ერთად განვიხილავდით ტიბეტურ “მკვდრების წიგნს”. სასიხარულო შეხვედრის შემდეგ ბიჭებმა თავისთან მიმიპატიჟეს შხაპის მისაღებად და დასასვენებლად. რიკშა დავიჭირეთ და იაფფასიან სასტუმროში – “ახალ გვირგვინში” წავედით. იქ გზის მტვერი ჩამოვიბანე და პირდაპირ აივნის იატაკზე დავწექი დასაძინებლად. იმან გამაღვიძა, რომ სახეში ვიღაცის გრძელი და ფუმფულა კუდი მიღიტინებდა. თვალი გავახილე და მაიმუნი დავინახე, ვარდისფერი პირი-სახით.ის მწვანე თვალებით შემომცქეროდა, მე კი გაკვირვებული მას ვუყურებდი. აზრადაც კი არ მომივიდოდა, რომ ველური მაიმუნები თავისუფლად დასეირნობდნენ ასეთ დიდ ქალაქებში. ამ დროს რამდენიმე ათეული მაიმუნისგან შემდგარი ჯოგი სახურავებზე დახტოდა და საჭმლის ძიებაში. ქვემოთ უკვე მაღაზიებს ხსნიდნენ, და მათი მეპატრონეები ჯოხებით იგერიებდნენ მაიმუნებს.
ჩემს ფრანგ მეგობრებთან მცირე ხანს გავჩერდი, რადგანაც ისინი ნეპალში მიემგზავრებოდნენ. დავემშვიდობე მათ და ქუჩაში გავედი.
სასიხარულო მღელვარებით ვიყავი აღვსილი. როგორ გაგრძელდება ჩემი სულიერი ძიებანი? ეს-ესაა ოცი წელი შემისრულდა და დედა-ინდოეთი, რომელთან შეხვედრასაც ამდენი ხანია ვოცნებობდი, ხელგაშლილი დამხვდა. სასტუმროდან გამოვედი და ჩანდი-ჩოუკზე, ხალხმრავალ ქუჩაზე აღმოვჩნდი, რომლის გასწვრივაც ურიცხვი სავაჭრო დახლები ჩაემწკრივებინათ. გარშემო ხმამაღლა უკრავდა მუსიკა, იფრქვეოდა კეთილსურნელება და გამუდმებით ონავრობდნენ მაიმუნები. კაშკაშა ფერის სარები, ტიურბანები და ურიცხვი მორთულობა თვალს ახარებდა. ბავშვები კრიკეტს თამაშობდნენ, გვერდით კი დიდებული ნაბიჯით მიაბიჯებდნენ ძროხები. ჩემთვის, რომელმაც უახლოესი რამდენიმე თვე მკაცრ ახლო-აღმოსავლეთში გავატარე, ეს ყველაფერი ცხოვრების ნამდვილი დღესასწაული გახლდათ. ბრბოში დავდიოდი და ღრუბელივით ვიწოვდი ყველაფერ დანახულს.
მოულოდნელად ვიღაც მამაკაცმა გზა გადამიჭრა და კითხვები მომაყარა:
“რა გქვია? საიდან ხარ? რა განათლება გაქვს? რისთვის ჩამოხვედი ინდოეთში? მოგწონს ჩემი ქვეყანა?”
საუბარი გავაბით და ერთად განვაგრძეთ გზა. უცებ მან მკითხა:
“გინდა რამე დალიო, წყურვილის მოსაკლავად?”
“უარს არ ვიტყოდი”, - სიხარულით დავთანხმდი მე.
მან ხმაურიანი ქუჩიდან ცარიელ მაღაზიაში წამიყვანა და რაღაც შეუკვეთა დახლს უკან მდგომ წელსზემოთ შიშველ ადამიანს, რომელსაც მხოლოდ ნაჭერი ჰქონდა მუხლებამდე შემოხვეული. ამ უკანასკნელმა მსუბუქი მოძრაობით გვერდზე მოისროლა ადუღებული ქვაბი, რაღაც გუდრონისმაგვარი მასის ნაჭერი აიღო და ქვაზე დაუწყო ხახუნი, სანამ გუდრონი ბაცი მწვანე ფერის პასტად არ იქცა. საჩვენებელი თითით რკინის ქოთანში ჩაასხა პასტა, წყალი დაასხა და ენერგიულად შეაჯანჯღარა. შემდეგ ქოთნიდან მთელი ჭიქა შეავსო, რაღაც სანელებლები მოაყარა, კოვზით მოურია და ხმაურით დამიდგა წინ. მე ამ ადამიანს შევხედე. ის მრავლისმეტყველად მიღიმოდა.
“დალიე, - მითხრა მან. – ეს ნატურალური სასმელია, უალკოჰოლო და ძალიან სასარგებლო”.
დილიდან მშიერი ვიყავი, ამიტომ ერთი მოყუდებით დავცალე ჭიქა.
როცა მეორე შემომთავაზეს, მადლიერებით დავლიე ისიც, შემდეგ კი – მესამე და მეოთხე. სასმელს მშუშხავი გემო ჰქონდა, და ვერაფრით მივმხვდარიყავი, რას მაგონებდა.
“რას ეძახით ამ სასმელს?” – ვკითხე მე.
იდუმლად მომღიმარმა ჩემმა ახალმა ნაცნობმა მიპასუხა:
“მას ბჰანგი ჰქვია”.
პირველად მესმოდა ეს სახელწოდება.
ჩვენ ერთმანეთს დავემშვიდობეთ და ხმაურიან ქუჩას გავუყევი. უცებ, სრულიად მოულოდნელად, თრობა დავიწყე. ჩემს გარშემო უცნაურმა ბგერებმა, ფერებმა და სახეებმა დაიწყეს ტრიალი. კანკალმა ამიტანა, და ორიენტაციის დაკარგვის გამო გამვლელებს ვეტაკებოდი. გარშემო მიმოვიხედე და მეჩვენებოდა, რომ ყველა მე მიყურებდა. საიდან უნდა მცოდნოდა მაშინ, რომ ბჰანგი გამაბრუებლად მოქმედებდა და მას კანაფისგან ამზადებდნენ? მე კი ჩვეულებრივ გამაგრილებელ სასმელად მივიჩნიე და ოთხი ჭიქა ზედიზედ დავცალე. უნებლიეთ ჩემი ფიცი დავარღვიე, რომ არასოდეს მივიღებდი გამაბრუებელ საშუალებებს, და ამის გამო საშინელი შეგრძნება დამეუფლა. ამ უცნაურ, ჩემთვის უსიამოვნო მდგომარეობაში ვიყავი და ვცდილობდი რაც შეიძლება მალე მიმეღწია ქუჩის ბოლომდე, რათა ბრბოს მზერისაგან დამეღწია თავი. მაგრამ ქუჩა არაფრით არ მთავრდებოდა, და მე უმწეოდ ვეტაკებოდი ადამიანებს, ძროხებს, ღორებს და რიკშებს.
ბოლოს და ბოლოს ქუჩა წითელი ფორტის მასიური ქვის კედლებით დასრულდა. ნარკოტიკული ბურუსის მიღმა ვხედავდი ამ ციკლოპურ ნაგებობას – ციხესიმაგრის კედლებს, რომლებიც გიგანტურ სასახლეს ერტყა გარს. ამ სასახლეში მეჩვიდმეტე საუკუნეში მოგოლების იმპერატორის ჯაჰან შაჰის რეზიდენცია იდგა. საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი. მოედანზე, სასახლის წინ ხალხის გროვა შევნიშნე. ჯერ კიდევ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფმა, გადავწყვიტე ახლოს მივსულიყავი და გამეგო, რა ხდებოდა. მიწაზე მოხუცი კაცი იჯდა თეთრ ტიურბანში და რომელიღაც ეგზოტიკურ სასულე ინსტრუმენტზე უკრავდა. ეს იყო გამომხმარი ნახევარი კვახი, რომელშიც ორი ნახევარმეტრიანი ხის მილი იყო ჩადგმული. მოხუცი – რომელიც გველების მომთვინიერებელი გახლდათ – მომაჯადოებელ მელოდიას აფრქვევდა თავისი ინსტრუმენტიდან და თან მონოტონურად ირწეოდა. გარშემო უამრავი დაწნული ქოთანი იდგა თავსახურებით. დიდი და წვერებიანი კაცი შავი ტანსაცმლით და წითელი ტიურბანით ქოთნებთან მივიდა და თავი მოხდა დაუწყო მათ. ბრბომ იხუვლა. ჰიპნოტური მელოდიის ქვეშ, კალათებიდან წამოიმართნენ კაპიუშონებდაბერილი კობრები – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში შხამიანი გველები. გაორებული ენების სისინით მუსიკის ტაქტზე ირწეოდნენ. წვეროსანი ერთი-მეორეს მიყოლებით ხდიდა თავს ქოთნებს და პუბლიკას სხვადასხვა სახის გველებს უჩვენებდა. როცა ჯერი უკანასკნელ ქოთანზე მიდგა, იქიდან უზარმაზარი უდავა ამოიღო მინიმუმ ოთხი მეტრის სიგრძით და რვა სანტიმეტრის სიგანით. ბრბომ შიშისგან უკან დაიხია.
თვალის დახამხამებაც კი ვერ მოვასწარი, რომ წვეროსანი მომვარდა და საზარელი გველი ბარძაყების გარშემო შემომახვია. გველი ნელ-ნელა ზემოთ ამოცოცდა, თავისი ძლიერი და ცივი რგოლებით თეძოებზე და მკერდზე დამეხვია და ხელები ტანზე მიმაკრა. გველის თავი სულ რაღაც რამდენიმე სანტიმეტრით იყო დაშორებული ჩემი სახისგან, და უკვე ვგრძნობდი მის სუნთქვას. მისი ვიწრო თვალები პირდაპირ თვალებში შემომცქეროდნენ, გაორებული ენა კი დაფჩენილი ხახიდან ისე გამოვარდებოდა ხოლმე, რომ თითქმის ჩემს ლოყებსეხებოდა. გველი უფრო და უფრო მიჭერდა, და ამის გამო გული გააფთრებით მიცემდა, ხელები და ფეხები კი მიკანკალებდა. რამდენადაც, მე ჯერ კიდევ ბჰანგის ზემოქმედბის ქვეშ ვიმყოფებოდი, კოშმარული ჰალუცინაციები კვლავ გრძელდებოდა, თავბრუ მეხვეოდა, და წებოვანმა შიშმა თავით ფეხებამდე შემიპყრო. ბრბო ჩემს გარშემო იზრდებოდა, ისე რომ გველისგან უსაფრთხო მანძილს დაეჭირათ.
უცებ ბრბოს ვიღაც კაცი გამოეყო და ინგლისურად მომმართა:
“რა გქვიათ, სერ? საიდან ხართ? რომელი ქვეყნიდან? და როგორ აღმოჩნდა თქვენს გარშემო ეს საშიში გველი?”
“ძალიან გთხოვთ, მიშველეთ”, - თან ვიხრჩობოდი ისე ვუპასუხე მე. მაგრამ როგორც კი პირი გავაღე, გველმა უფრო მეტად მომიჭირა მარწუხები, თითქოს ეჭვიანობდა და მხოლოდ საკუთარი თავისადმი მოითხოვდა ყურადღებას.
მაღალი წვეროსანი წითელ ტიურბანში მომახლოვდა და დაჟინებულად შემომხედა თვალებში. სახის ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს მის წინ უცხოელი დამპყრობელი იდგა. ხელებს იქნევდა და ყვიროდა: “ორმოცდაათი რუპია! ორმოცდაათი რუპია!” როგორც იქნა, ერთ-ერთმა მაყურებელმა ინგლისურად ამიხსნა: “ის თანახმაა გველი მოგხსნას, თუ ორმოცდაათ რუპიას გადაუხდი”.
ძალა მოვიკრიბე და ამოვღერღე: “მე არ მაქვს ფული”.
“მაშინ მოგიწევს გველის მარწუხებში ყოფნა”, - გულგრილად კონსტატაცია მოახდინა ჩემმა თარჯიმანმა.
გონება დამებინდა, და შიშისა და დამცირების ახალმა ტალღა დამაწვა. ბრბო მე მომშტერებოდა, ველურ უცხოელს, რომელზეც გველი იყო შემოხვეული. შესაძლოა ყველამ ჩათვალა, რომ ეს ყველაფერი სანახაობის ნაწილი იყო. გველი ირწეოდა და დროდადრო თვალებში ჩამხედავდა ხოლმე. მოხუცი მომთვინიერებელი კი თავის ჰიპნოტურ მელოდიას უკრავდა, რომლის ქვეშაც მშვიდად ირწეოდნენ შავი კობრები. ამ წამებაში გავიდა, ალბათ, ნახევარი საათი.
ჩემი ჭკუა უარს ამბობდა ამ ყველაფრის გაგებაზე. ეს ჩემი ინდოეთში ყოფნის მხოლოდ პირველი დღე იყო. კბილებზე ვუყურებდი გველს და ვფიქრობდი: და ამისთვის ვრისკავდი სიცოცხლით? რას მეტყვიან მშობლები, თავისი შვილი სახლიდან შორს, ასეთ სიტუაციაში რომ დამინახონ? რადგანაც სხვისი ვერავის იმედი ვერ მექნებოდა, თვალები დავხუჭე და ლოცვა დავიწყე: ღმერთო, თუ გსურს, რომ რაიმე კიდევ გავაკეთო ამ სამყაროში, გთხოვ, მიშველე! როცა ეს უბრალო ლოცვა აღვავლინე, ცოტათი გულზე მომეშვა.
როგორც იქნა ბრბოს ხანშიშესული მამაკაცი გამოეყო კრიალოსანით ნაოჭიან ხელში. შევებრალე და წვეროსანს ათი რუპია გადაუხადა ჩემს განთავისუფლებაში. წვეროსანმა რაღაც მანტრებისსიმღერით გველი უკან, თავის ხელებში მიიხმო. ბრბოს კმაყოფილ შეძახილებთან ერთად გველი ნელ-ნელა მშორდებოდა. მადლობა გადავუხადე ჩემს მხსნელს და სასწრაფოდ ქუჩის მეორე მხარეს გადავედი.
იქ მამაკაცთა კომპანია შევნიშნე, რომლებიც ხის სკამებზე იჯდნენ და რაღაცას წუწნიდნენ, რაც თავდაპირველად წითელ შაქარყინულებად მივიჩნიე. მამაკაცები გამიმასპინძლდნენ. რადგანაც ჯერ ისევ მაინტერესებდა ინდური ჩვეულებები და საჭმელი, ერთი “შაქარყინული” ავიღე და მოვკბიჩე. პირი თითქოს ცეცხლის ალიშემინთეს. ოფლმა დამასხა და თვალებიდან ცრემლები წამსკდა. ზალპით დავლიე ჭიქით წყალი, მაგრამ ამან უფრო გააძლიერა წვა – ეს იგივე იყო, რომ ხანძარი ნავთით ჩაგექროთ.
“შაქარყინული” წითელი წიწაკა – ჩილი აღმოჩნდა. ასე შედგა ჩემი ნაცნობობა ამ სანელებელთან. და ჩემს გარშემო ისევ ცნობისმოყვარეთა ბრბო შემოიკრიბა. ზრდილობიანად გადავუხადე მადლობა ჩემი გამასპინძლებისთვის და გზა განვაგრძე. თავში მომივიდა გამოთქმა, რომ ერთი ადამიანის საკვები, მეორესთვის შეიძლება შხამი აღმოჩნდეს. ეს სიბრძნე იმ წამს ძალიან აქტუალურად მეჩვენა – ამის დასტური იყო ძლიერი წვა პირის ღრუში. გავხსენე რა ყველაფერი, რაც იუდაიზმის, ქრისტიანობის და ისლამის შესახებ ვიცოდი, რა დასკვნაც ბუდიზმთან დაკავშირებით ჩემი ექსპერიმენტებიდან გამოვიტანე და რა ზედაპირული ცოდნაც ინდური ფილოსოფიის შესახებ მქონდა, მე გავაცნობიერე შემდეგი ჭეშმარიტების უტყუარობა: ის, რაც სიამოვნებას ანიჭებს ერთს, ტანჯვას აყენებსმეორეს. ამ სამყაროს აღქმა ძალიან ფარდობითია და დამოკიდებულია ჩვენს სუბიექტურ გამოცდილებაზე. ამიტომ ღმერთი, რომელიც უმაღლეს აბსოლუტს წარმოადგენს, სხვადასხვა ხალხს, სხვადასხვაგვარად წარმოუვლენს თავს. ჯერ კიდევ ვიტანჯებოდი რა პირის ღრუს წვით, გავაცნობიერე, რომ მხოლოდ მიკერძოებული და არაშორსმჭვრეტელი ადამიანი დაიწყებს მტკიცებას, თითქოს, ღმერთამდე მისასვლელად მხოლოდ ერთი გზა არსებობს.
საღამო ახლოვდებოდა. ბჰანგისა და ჩილის მოქმედება ნელ-ნელა შესუსტდა. ჩანდი-ჩოუკზე დავბრუნდი და უმიზნოდ ვხეტიალობდი ხმაურიან ბაზარში. წასასვლელი არსად მქონდა. უცებ ბრბოდან ერთი კაცი გამოვიდა და გულითადი ღიმილით ჩემსკენ გამოემართა. როდესაც გაიგო, რომ შორიდან ჩამოვედი მისი ქვეყნის ადათ-ჩვეულებების გასაცნობად, ძალიან გაუხარდა და იქვე კაფეში ერთად სადილობა შემომთავაზა. ჩვენი მაგიდა ქუჩაში იდგა, გზიდან სულ რაღაც რამდენიმე სანტიმეტრში. სანამ ჩემი თანამოსაუბრის მონაყოლს ვისმენდი მისი ოჯახის წეს-ჩვეულებების შესახებ, ქუჩაში თეთრი ძროხა გამოჩნდა. ის მოდიოდა და სახით თავის ხბოს ეფერებოდა. მათი ურთიერთობა ძალიან ფაქიზი იყო, მოძრაობა კი – დიდებული. დიდ და ლამაზ თვალებში ისეთი უმანკოება მოუჩანდათ, რომ გული გამილღვა. სანამ ხბო ძუძუს წოვდა, ძროხა ნაზად ლოკავდა მას. შემდეგ მიწაზე წამოწვა, პირდაპირ ჩვენი მაგიდის წინ, და ხბოს მოფერება განაგრძო. აქამდე ასე ახლოდან არასოდეს მენახა ძროხა. მხოლოდ შორიდან ვხედავდი, როცა გზაზე ნახირს ჩავუვლიდი ხოლმე. და ახლა აღტაცებული ვიყავი იმით, თუ როგორ ჰგავს ამ ცხოველების ურთიერთობა დედა-შვილის ურთიერთობას.
ჩვენთან ოფიციანტმა მოირბინა და მაგიდაზე საჭმლიანი თეფშები დადგა. ძალიან მშიოდა, მე ხომ მთელი დღის განმავლობაში არაფერი მქონდა ნაჭამი ბჰანგის და ჩილის გარდა. განსაკუთრებით გველთან ჭიდილმა გამომფიტა. ამიტომ, ხარბად ვეტაკე საჭმლიან თეფშს. გახურებულ სადილობაში ჩემმა ახალმა ნაცნობმა მოკრძალებით შემომთავაზა: “მისტერ რიჩარდ, ნებას მომცემთ, ამ კერძების შესახებ მოგიყვეთ?”
“დიახ, რა თქმა უნდა”.
მიუთითებდა რა თვითოეულ მათგანზე, მან ახსნა დაიწყო: “ეს – ჩავალია, ბრინჯი. ამ კვერებს როტი ჰქვია. ბოსტნეულის კერძს საბჯის ვეძახით. იმ სუფს ბარდასგან ამზადებენ და მას დალი ეწოდება. ეს სოუსია, ანუ ჩატნი”. შემდეგ კი რაღაც პატარა ნაჭრებზე მიმითითა ბრინჯიან კერძში: “ეს კი – ხორცია”.
უკანასკნელი სამი სიტყვა ბომბივით აფეთქდა ჩემს თავში. ხორცს შევხედე, შემდეგ კი მზერა ხბოიან ძროხაზე გადავიტანე. ზუსტად ამ დროს ძროხა ჩემსკენ მოიწია და ფეხი ამილოკა. გულში სისხლი ჩამეღვარა. როგორ შეიძლება უბრალოდ ხორცის გულისთვის მოვკლათ ასეთი მშვენიერი არსება? ძროხას ძალიან უყვარს ხბო, ამ უმანკო ხბოს კი – ძროხა. გამოდის, რომ მე თვითონ, ისე რომ თავადაც არ მქონდა ეჭვი ამაზე, მკვლელობის თანამონაწილე გამოვდივარ. რატომ არიან ასე ბრმები და ყრუები იმ საშინელებებისადმი, რაც სასაკლაოებზე ხდება? რატომ გახდა კაცობრიობა ასეთი სასტიკი ჩვენი უმცროსი ძმებისადმი? ისინიც ხომ ღმერთის შვილები არიან? თუმცა ხორცი ჩემს თეფშზე ძროხისა არ იყო, მე პირველად დავინახე კავშირი იმას შორის თუ რას ვჭამ და სხვა ცოცხალი არსებების ტანჯვას შორის. მხოლოდ იმ აზრისგან, რომ ამერიკაში ყოველდღე ათასობით ძროხას კლავენ, კონტროლი დავკარგე და ავტირდი.
საწყალი ჩემი ნაცნობი! არ იცოდა რა ეფიქრა: “სერ, მოხდა რამე? რამ დაგამწუხრათ ასე?”
მაგრამ მე ძლივს ამოვღერღე: “მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, სერ”. ავდექი და სკამი მაგიდასთან მივადგი: “მაპატიეთ, ცუდად ვგრძნობ თავს”. წასვლისას ძროხას და ხბოს მოვეფერე, და ძროხამ საპასუხოთ ხელზე ამლოკა.
კვლავ ქუჩაში აღმოვჩნდი და არ ვიცოდი სად წავსულიყავი. უცებ მრავალათასიან ბრბოში ჩემდა გასაოცრად რემსი და ჯეფი დავინახე. თვითონაც ვერ ამჩნევდნენ, ისე მოდიოდნენ პირდაპირ ჩემსკენ. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მე ხომ ისინი ქაბულის შემდეგ აღარ მინახავს.
“მანქ! თვალებს არ ვუჯერებ, ნუთუ ეს შენ ხარ! – იყვირა ჯეფმა. – რომ იცოდე, როგორ მიხარია შენი დანახვა!”
“მეგობარო, - გაუხარდა რემსისაც, - ძალიან ვნერვიულობდით იმ დღის მერე, რაც დაგკარგეთ”.
ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს და გადავეხვიეთ. ახლა ისევ ერთად ვიყავით.
მეგობრებმა იაფფასიანი სასტუმროს სახურავზე ამიყვანეს, სადაც იმჟამად გაჩერებულიყვნენ. როცა ზამთრის ვარსკვლავიანი ცის ქვეშ ვიწექი, ძილში სწორედ ის ძროხა და ხბო მესიზმრა. ცრემლებიანი თვალებით უმწეოდ შემომცქეროდნენ, იმ დროს, როცა ყასაბი ჩემს თვალწინ უმოწყალოდ ფატრავდა მათ. ამის დანახვაზე გულის სიღრმიდან თავისთავად ამოტივტივდა ბიბლიური მცნება: “არა კლა!” მაშინვე გამეღვიძა და ვგრძნობდი რა ღებინების დაუოკებელ შეგრძნებას, მაშინვე ტუალეტისკენ გავვარდი.
ტუალეტს წარმოადგენდა უბრალოდ ჩაღრმავება სახურავზე, რომელსაც გარს ერტყა აგურის კედლები, ზემოდან კი ალუმინის ფირფიტა ეფარა. ტუალეტის შიგნით უკუნი სიბნელე იყო. რადგან აქ კანალიზაცია არ იყო, დროდადრო ტუალეტს ქუჩის ასენიზატორი ალაგებდა. მას ნიჩბით გადაჰქონდა ორმოს შიგთავსი ვედროში, თავზე შემოიდგამდა ხოლმე და ქუჩაში გაჰქონდა. მაგრამ ამ ტუალეტში ასენიზატორი როგორც ჩანს ძალიან დიდი ხანია არ გამოჩენილა. ექსკრემენტები შარდის გუბედან სტალაგმიტებივით ამოშვერილიყვნენ. აღმოვჩნდი თუ არა ტუალეტში, უკვე აღარ შემეძლო ღებინების შეკავება. გარშემო ბუზები ბზუოდნენ, კოღოები თავს მესხმოდნენ და რაღაც ჩემს ფეხზე დაძვრებოდა. ცივმა ოფლმა დამასხა და გამწარებული ვარწყევდი. მთელი ეს დრო თვალწინ მედგნენ ძროხა და ხბო, რომლებიც უმანკო კეთილი თვალებით მიცქერდნენ. ძველ დელიში, სასტუმროს სახურავზე, ბნელ ტუალეტში ღმერთს კიდევ ერთი აღქთმა მივეცი: ამის შემდეგ აღარასოდეს შევჭამ ხორცს.
ასე დამთავრდა ჩემი პირველი დღე ინდოეთში.
მომდევნო დილით ჯეფმა და რემსიმ შემომთავაზეს:
“ადრე რა კარგად ვმოგზაურობდით სამივე ერთად. მოდი კვლავ ერთად ვიყოთ”.
“დიახ, ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ, - ვუპასუხე მე. - და ძმებზე უფრო ახლობლები გავხდით ერთმანეთისთვის. ვერასოდეს გადაგიხდით ვალს თქვენი მეგობრობისთვის და ზრუნვისთვის. მაგრამ ახლა მინდა, რომმარტო წავიდე ჰიმალაებში და განდეგილივით ვიცხოვრო. გთხოვთ, მომეცით თქვენი კურთხევა”.
პირველმა ჯეფმა დაილაპარაკა. მან ხმადაბლა თქვა:
“ჩვენ ყველაფერი გვესმის. სიმართლე გითხრა, ველოდით შენგან ასეთ პასუხს”.
მან ხელისგული დამადო მხარზე: “გისურვებ იპოვო ის, რასაც ეძებ. ძალიან დაგვაკლდები”.
რემსის სახეზე მღელვარებამ გადაიარა – მე ხომ უმცროსი ძმასავით ვიყავი მისთვის. დაწითლებულმა თვალებმა გასცეს: “რამდენ ხანს შეძლებ ასე ცხოვრებას?” მაგრამ დაინახა რა ჩემი ურყეობა, თავს აიძულა, რომ გაღიმებულიყო და ავსტრალიური აქცენტით წარმოთქვა: “მშვენიერი დრო გავატარეთ ერთად მეგობარო. წარმატებები!”
განშორებისას ჯეფმა დაკეცილი ქაღალდი გამომიწოდა. როცა გავშალე, წავიკითხე: “ცოტა საწყენია, რომ საკუთარი თავის ძიების ჩვენი გზები გაიყო. მაგრამ როგორც ჩანს ასეთია ჩვენი ბედი. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ იპოვი შენს თავს”.