თავი მეთექვსმეტე
თავი მეთექვსმეტე
გავიდა თვე, და მე მოუთმენლად ველოდი იმ მომენტს, როცა მარხვას შევწყვეტდი. გამახსენდა, რომ რესტორან “ჩჰოტი ვალას” გვერდით მაღაზიაში სვარგაშრამში მიწის თხილს ყიდდნენ და სწორედ იქ გავემართე ერთი რუპიათი, რომელიც რომელიღაც მწირმა მიწყალობა. იმ დროს ერთი რუპია დაახლოებით თორმეტ ამერიკულ ცენტს უდრიდა, და ამ ფულით ცოტაოდენი თხილის ყიდვას ვიმედოვნებდი. მაგრამ როდესაც მაღაზიის მფლობელმა რუპია დაინახა, თვალები გაუბრწყინდა. მან მოხერხებულად გააკეთა ძველი გაზეთებისგან ტომსიკა და ბოლომდე გაავსო მიწის თხილით. “დღეს ნადიმი მექნება!” – გამიხარდა მე და ჯუნგლებში ბილიკის გავლით ჩემი გამოქვაბულისკენ გავემართე.
როცა ღრმად შევედი ტყეში, უზარმაზარ ყავისფერ მაიმუნისპირისპირ აღმოვჩნდი, რომელმაც მრისხანედ გადამიჭრა გზა, თითქოს გადასახადების ამკრეფი ყოფილიყოს. ღრენით და კბილთა ღრჭენით, მაიმუნი თავისი გამჭოლი მწვანე თვალებით შემაფასებლად მათვალიერებდა, თავის მსხვერპლს. მის ხშირ ყავისფერ ბეწვს მიღმა მძლავრი კუნთები მოძრაობდნენ. ვარდისფერი პირისახე ჰქონდა, ბრძოლებისგან სულ შრამებში, ასევე ვარდისფერი თითები და დუნდულები. უეცრად მომახტა, ერთი მოძრაობით წამართვა თხილიანი ტომსიკა, გულზე მტკივნეულად დამარტყა მუშტი და სადღაც გავარდა. დარტყმისგან სუნთქვა შემეკრა. როცა აზრზე მოვედი, გამეღიმა: ცხოველი ჩემს სასურველ თხილთან ერთად ჯუნგლებს მიეფარა, და მარხვის შეწყვეტისჩემი იმედიც თანწაიღო. დავინახე, რომ მიწაზე რამდენიმე თხილი ეგდო, შეტაკების დროს გადმოცვენილი. არა უშავს, - გავიფიქრე მე, - ეს სწორედაც რომ საკმარისია მარხვის შესაწყვეტად. მაგრამ როგორც კი დავიხარე მათ ასაღებად, მაშინვე კიდევ ერთი მაიმუნი ჩამოხტა ხიდან, სწრაფად აკრიფა ყველა თხილი და გაუჩინარდა. მე ერთიც კი არ შემხვდა.
გამოქვაბულისკენ მივდიოდი, და მუცელი ხმამაღლა მიბუყბუყებდა. სულიერი გამოცდილების შეუფასებელ საგანძურთან შედარებით ნებისმიერი მატერიალური შენაძენი ისეთივე არარაობაა, როგორიც ეს მიწის თხილი, - ვფიქრობდი გზაში.
რამდენიმე საცოდავი თხილის გულისათვის ადამიანები ატყუებენ ერთმანეთს, ტირიან და კვდებიან. მზად არიან იჩხუბონ და იომონ ერთმანეთთან ერთი მუჭა თხილის გულისათვის. მაგრამ ვიღაცის სიხარბემ ან უმოწყალო დრომ შეიძლება, ამ მაიმუნივით, ნებისმიერ მომენტში წაგვართვას სასურველი თხილები.
* * *
მომდევნოდილით ფეხით გავუყევი განგის ნაპირს რიშიკეშის მეორე ბოლომდე. მთაზე ავედი და შანკარაჩარია ნაგარიმდე – მაჰარიში მაჰეშ იოგის აშრამამდე მივაღწიე. ბილიკებს, რომლებიც საუკუნოვან ხეებს, სურნელოვან ბუჩქებსა და აყვავებულ ლიანებს შორის მიიკლაკნებოდნენ, უბრალო სამედიტაციო ქოხებამდე მივყავდი. გზა განვაგრძე და მაღალ ციცაბოს მივადექი, საიდანაც განგის მხარეს უმშვენიერესი ხედი იშლებოდა. პირდაპირ ხრამის თავზე თავად მაჰარიშის უბრალო სახლი იდგა. შიგნით შევედი და აღმოვჩნდი ოთახშიყვავილებით მორთული საკურთხეველით, რომელზეცმაჰარიშის სულიერი მოძღვრის, ვეფხვის ტყავზე მჯდარი ბრაჰმანანდა სარასვატის ფოტო იდო. მას მაღალი შუბლი, თეთრი წვერი და უკან გადავარცხნილი გრძელი ჭაღარა თმა ჰქონდა. იგი ცნობილი იოგი იყო და პატივი ხვდა, რომ მანამდე საუკუნენახევრის განმავლობაში შანკარაჩარია აჯოტირმათჰის ცარიელი თანამდებობა დაეკავებინა. თანამედროვე რეალიებს თუ მივუსადაგებთ, ეს მდგომარეობა შეიძლება რომის პაპის მდგომარეობას შევადაროთ.
ყოველ დილას და საღამოს აშრამის მცხოვრებლები მაჰარიშის სახლში იკრიბებოდნენ, რათა მანტრები ეგალობათ და პუჯა ჩაეტარებინათ მისთვის, ბოლოს კი შეხვედრები ერთობლივი მედიტაციებით სრულდებოდა. მე მითხრეს, რომ თავად მაჰარიშის, სახლის სარდაფში ერჩივნა მედიტირება. მაჰარიშის რამდენიმე მოსწავლემ პატარა ბნელ კელიაში ჩამიყვანა მიწის ქვეშ. ეს გრილი და წყნარი კელია ჩემი საყვარელი მედიტაციის ადგილი გახდა. მასში არსებული სიმშვიდის ატმოსფერო სწრაფად მიპყრობდა და საშუალებას მაძლევდა ცხადად შემეგრძნო მაჰარიშის არსებობა.
მაჰარიში 1917 წელს ცენტრალურ ინდოეთში დაიბადა.მან ალაჰაბადის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი დაამთავრა. ცამეტი წლის განმავლობაში თავის გურუს,ბრაჰმანანდა სარასვატის, ემსახურებოდა, როგორც მდივანი. სანამ ამ სამყაროს დატოვებდა, გურუმ უთხრა მაჰარიშის: “მე შენ სულიერი სრულყოფის ის მეთოდი გასწავლე, რომელიც მეოჯახე ადამიანებისთვისაა განკუთვნილი.განვლილ საუკუნეებში ეს ცოდნა დაამახინჯეს და სრულიად დაივიწყეს. არ იღელვო იმაზე, თუ სად იშოვო სამოგზაურო ფული. არაფერზე იღელვო და ნუ შეგეშინდება მარტოობის. საქმეს შეუდექი და ყველაფერი თავისით გამოგივა”. ემზადებოდა რა თავისი მისიისთვის, მაჰარიში ორი წელი მარტოობაში მედიტირებდა უტარ-კაშის გამოქვაბულებში, 1955 წელს კი ტრანსცენდენტული მედიტაციის ტექნიკის სწავლება დაიწყო და რიშიკეშის მთებზე აშრამი დააარსა. 1957 წლიდან მაჰარიშიმ მთელ მსოფლიოში დაიწყო მოგზაურობა.
მაჰარიში მაჰეშ იოგი ასწავლიდა, რომ ტრანსცენდენტული მედიტაციის ვარჯიშები ჩვენს ცნობიერებას აფართოებს. ამ ტექნიკის მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ჩავიძიროთ უფრო ნატიფ მდგომარეობაში, ვიდრე ღვიძილი, ძილი ან ღრმა ძილია. მაჰარიშის სწავლების თანახმად, მედიტირება – ნიშნავს ჭკუისა და ეგოს ნატიფი გავლენისაგან გამოსვლას. წმინდა ყოფიერების ამ განთავისუფლებულ მდგომარეობაში შეგვიძლია ჩვენი მარადიული სული შევიგრძნოთ. განსაკუთრებით კარგად მაჰარიშის იოგასა და თანამედროვე მეცნიერებას შორის შეხების წერტილების გამონახვა გამოსდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ თავად მაჰარიში აშრამში არ იყო, აშრამის ატმოსფერომ შთაგონება გამიძლიერა და წავიკითხე მისი ორი წიგნი: “ყოფიერების მეცნიერება” და “ცხოვრების ხელოვნება”, ასევე “ბჰაგავად-გიტას” ექვსი თავის მისეული თარგმანი.
სანამ შანკარაჩარია ნაგარიში ვიმყოფებოდი, ყოველდღე მქონდა ურთიერთობა ავსტრალიელ სადჰუსთან სახელად ბევინი, რომელიც აშრამის წინამძღვარი და მაჰარიშის ერთ-ერთი უახლოესი მოსწავლე გახლდათ. ქოხში მივდიოდი ხოლმე მასთან, ერთად ვისმენდით მაგნიტოფონში მაჰარიშის ლექციების ჩანაწერებს და ერთად განვიხილავდით მათ. განსაკუთრებით ერთი ფრაგმენტი დამამახსოვრდა მისი ერთ-ერთი ლექციიდან, სადაც იგი დამახასიათებელი მაღალი ხმით და ცოტა სიცილითაც ამბობდა: “ჩვენ არ ვიძლევით ცარიელ დაპირებებს სიკვდილის შემდგომ სამოთხეზე. ჩვენ ვასწავლით იმას, თუ როგორ შევიგრძნოთ სამოთხიეული ნეტარება აქ, ამ ცხოვრებაში. ყველანი მოდით, ვისაც ამის გამოცდა გინდათ”.
თავად ტექნიკა მიგიზიდავდათ თავისი უბრალოებით და ადვილად მისაწვდომობით: მოთხოვნა იყო, რომ სულ რაღაც თხუთმეტი-ოცი წუთი დაგეხარჯათ იოლ მედიტაციაში დილით და საღამოს, ამასთან არ იყო აუცილებელი ცხოვრების სტილის ან რელიგიურ-ფილოსოფიური რწმენის შეცვლა. მაჰარიში ასწავლიდა, რომ ცხოვრების არსი ნეტარებაშია და რომ ჩვენ ნეტარნი ვართ ჩვენი თავდაპირველი ბუნებით. ტრანსცენდენტულ მედიტაციას შეუძლია ყოფიერების ამ ნეტარ მდგომარეობამდე მიგვიყვანოს, და იოლად გადართოს ჩვენი ბუნებრივი მიდრეკილება ღვთაებრივის ძიებისა,გარეგნული ობიექტებში ბედნიერების ძიებიდან, ბედნიერების წყაროს ჩვენსავე თავში ძიებამდე. მაჰარიში ამის შესახებ ამბობდა: “გინდა ხის ნაყოფებით დატკბე – მისი ფესვები მორწყე”.
ზამთარი იდგა, და აშრამში ცოტა ხალხი იყო. აქ თითქმის ერთადერთი უცხოელი ვიყავი, თუ ბევინს არ ჩავთვლიდით. მან მომიყვა, რომ რამდენიმე წლის წინ აქ “ბიტლები” ჩამოვიდნენ, ასევე დონოვანი და მია ფეროუ, თავის დასთან, პრუდენსთან ერთად. ისინი რაღაც დროის განმავლობაში აშრამში ცხოვრობდნენ და მაჰარიშისთან ჰქონდათ ურთიერთობა. ამის შემდეგ იოგასა და მედიტაციისადმი ინტერესის ტალღამ მთელს მსოფლიოს გადაუარა.
ამ წმინდა ტყეში მედიტაცია და მთის მწვერვალზე ძილი ჭეშმარიტად შეუფასებელი საჩუქარი იყო ჩემთვის. მაჰარიში მაჰეშ იოგი ძილში სამჯერ მოვიდა ჩემთან. იგი ფეხებგადაჯვარედინებული იჯდა და ხელში ყვავილი ეკავა. მისი გრძელი ჭაღარა თმა მისსავე თეთრ სამოსს ერწყმოდა. მრგვალი სახე რბილად განათებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მაჰარიში მაღალი არ იყო, ჩემს სიზმარში იგი გიგანტს ჰგავდა. რბილი და ამავდროულად გამჭოლი მზერით მარადიული სასუფეველის სამეფოში მიხმობდა. მაჰარიში არაფერს ამბობდა –უბრალოდ მიღიმოდა, შემდეგ კი თვალებს ხუჭავდა და ქრებოდა.
რაღაც დროის შემდეგ ტყის გამოქვაბულს დავუბრუნდი. იქ კითხვა დავუსვი საკუთარ თავს, რატომ წამოვედი აშრამიდან, ჩემი იქ ყოფნა ხომ შთაგონებით სავსე იყო.მაჰარიშის ძალას და მის სიყვარულს ვგრძონობდი, თანაც აშრამშიც ყველა კეთილად მეპყრობოდა, რატომ არ ვარ იქ? მომდევნო თვეებშიც ხშირად ვსვამდი ამ კითხვას და ყოველთვის იმ დასკვნამდემივდიოდი, რომ სხვადასხვა წყაროდან მინდოდა ცოდნის მიღება და სხვადასხვა მასწავლებელთან სწავლა, სანამ საბოლოო არჩევანს გავაკეთებდი. სანამ არ გამიჩნდებოდა ურყევი რწმენა იმისა, რომ შემიძლია ჩემი ცხოვრება მხოლოდ ერთ გზას და ერთ მასწავლებელს მივუძღვნა, ჭეშმარიტების მოხეტიალე მაძიებლად დავრჩებოდი.
* * *
ერთხელ დილით, როცა ჯნგლებში ბილიკზე ვსეირნობდი, იდუმლად მომღიმარმა სადჰუმ გადამიჭრა გზა. იგი ცნობიისმოყვარეობით მათვალიერებდა და გავლის საშუალებას არ მაძლევდა. მისი ნუშისმაგვარი თვალები პირდაპირ თვალებში მიმზერდნენ. სადჰუს ფართოყვრიმალებიანი სახე და პატარა ცხვირი ჰქონდა, მოკლე თმასა და კანზე კი სპილენძისფერი დაჰკრავდა. ვინ არის და რა უნდა ჩემგან?
“შენს წასაყვანად გამომგზავნეს, - მითხრა მან, - თუმცა, საერთოდ არ მიცნობ”.
გაკვირვებული ჩუმად ვიდექი და გაგრძელებას ველოდი. სადჰუმ ხელზე ხელი მომკიდა:
“შორიახლოს გამოქვაბულში უდიდესი წმინდანი ცხოვრობს. მასთან უნდა მიგიყვანო”.
“როგორ გაიგე ჩემზე?” – დავინტერესდი მე.
“ამის ცოდნა არაფერში გჭირდება. წავედით”.
დაინტერესებული, ჯუნგლების სიღრმეში გავყევი მას. სანამ ბალახით დაფარულ ბილიკს მივუყვებოდით ნაკადულის გასწვრივ, სადჰუმ მითხრა, რომ წარმოშობიდან ნეპალიდან იყო. მაღალი ბალახისა და ტოტების ტკაცუნით გადალახვისას ველური ტახი დავაფრთხეთ. მან ჩვენს მარცხნივ გაიელვა და ბუჩქებს მიეფარა. როცა ბოლოს და ბოლოს მდელოზე გავედით, ჩემმა გამცილებელმა უახლოესი კლდის მწვერვალზე მიმითითა. იქ სამი გამოქვაბული მოჩანდა ამოქოლილი შესასვლელებით. სადჰუმ ზემოთ ამიყვანა კლდეზე გამოკვეთილი ათმეტრიანი ქვის კიბის ვიწრო საფეხურებით. მწვერვალზე აღმოვჩნდით თუ არა, ერთ-ერთ გამოქვაბულში შევედით, სადაც ისეთი სქელი კვამლი იდგა, თვალები ამეწვა.
გამოქვაბულში, ლოტოსის პოზაში, წელგამართული იჯდა საოცარი ადამიანი. ხშირი და აბურდული თმა მიწამდე სწვდებოდა. იგი ძალიან მაღალი და მძლავრი აღნაგობისა იყო. სამოსის მაგივრობას მხოლოდ წელზე შემოხვეული თოკი და ბარძაყისსახვევი უწევდა. იოგი უძრავად იჯდა, თვალდახუჭული მედიტირებდა და თითქოს დროსა და სივრცეს მიღმა, სადღაც სხვა სამყაროში იმყოფებოდა. მის გარშემო აბსოლუტური სიჩუმის და სიმშვიდის აურა ვრცელდებოდა. ეს იყო მაჰავირდას ტატ ვალა ბაბა.
ჩვენ გვერდით დავჯექით და ლოდინი დავიწყეთ. სამსხვერპლო კოცონზე აგიზგიზებული შეშის სუნი ძველი გამოქვაბულის მიწის სუნს უერთდებოდა. ქვის იატაკზე სანსკრიტული წმინდა წერილები ელაგა. იოგს უკან თავისი უბრალო ბარგი-ბარხანა ელაგა, ძველ ტომარაში გახვეული. ნეპალელმა სადჰუმ გამაფრთხილა, რომ არც თუ იშვიათად იოგი მთელი ღამეების განმავლობაში მედიტირებდა. “მოთმინებით უნდა აღვიჭურვოთ, - თქვა სადჰუმ, - და დაველოდოთ, სანამ თვითონ არ გამოვა სულიერი ტრანსიდან”. ბოლოს, როგორც იქნა იოგმა თვალები გაახილა და მე შემომხედა. მის მბრწყინავ, შავი თვალთა მზერის ქვეშ მომეჩვენა, რომ ორი მძლავრი ლაზერული სხივი მხვრეტდა. ბაბამ ღრმა და თავდაჯერებული ხმით დაილაპარაკა, ჩემმა გამცილებელმა კი მითარგმნა:
“ღმერთი ერთია, ყველაფერი მხოლოდ მისგან გამოდის, და სხვა არავისგან, - ბაბამ ხელი ასწია და ცერა და საჩვენებელი თითები შეაერთა. – ყველა ჩვენი ტანჯვის მიზეზი იმაშია, რომ ჩვენი ღმერთთან მსგავსება დავივიწყეთ. ამას ჰქვია მაია, ანუ ილუზია. ღმერთის ძიება საჭირო არაა. იგი ყველგანაა. თუ გულწრფელად მივმართავთ, იგი საკუთარ თავს თვითონ გამოგვივლენს. ღმერთი სადღაც შორიდან კი არა, შენივე საკუთარი გულიდან გიმზერს. მას ვერაფერს დაუმალავ და თვალთმაქცობას აზრი არა აქვს. შეიძლება მთელი ცხოვრება ჯუნგლებში გაატარო, მაგრამ ღმერთი ჯუნგლებში კი არა, შენსავე გულშია. და თუ ისწავლი მის იქ დანახვას, მაშინ შეძლებ, რომ ყველგან დაინახო იგი”.
გაოგნებული ვიყავი: ბაბამ თითქოს ჩემს დაუსმელ კითხვებზე მიპასუხა. სწორედ მე ვიყავი ის მოგზაური, ვინც საკუთარ გულში ეძებდა ღმერთს.
ბაბა იჯდა და ხელები მუხლებზე ეწყო. მისი მუქი თვალები არაჩვეულებრივ ძალას ასხივებდნენ. მეჩვენებოდა, რომ ჩემს აზრებს კითხულობდა. “ხალხი წარმავალს მიელტვის. ნუთუ, ვერ ხედავ, რომ სიკვდილისკენ მიმავალი გზით მიდიან? – მისი სიტყვები მახვილივით ჭრიდნენ ჩემს მატერიალურ მიჯაჭვულობებს. – შენ უარი თქვი მიწიერ ცხოვრებაზე. ეს კარგია. უკან აღარ დაბრუნდე. მედიტაცია უმაღლეს სიმშვიდეს მოგიტანს”. მთელი საათი ვუსმენდი მას, შემდეგ კი დავემშვიდობე, და მეორე დღეს მისვლა აღვუთქვი.
როცა ქვის კიბით დაბლა დავეშვით, ჩვენ მოგვესალმა ასკეტური გარეგნობის ქალი, შავი ნაწნავით, რომელიც უბრალო თეთრ სარიში იყო გამოწყობილი. ქალს მირაბაი ერქვა. ქმართან ერთად იგი ჯუნგლებში ცხოვრობდა და ტატ ვალა ბაბას მოსწავლეებისთვის საჭმელს ამზადებდა. მირაბაიმ თავისთან სახლში მიგვიპატიჟა. “გინდათ, ბაბას შესახებ მოგიყვეთ?’ – გვკითხა მან გზაში.
“რა თქმა უნდა”, - ვუპასუხე მე, ნეპალელმა სადჰუმ კი უბრალოდ თავი დაუქნია.
და მირაბაიმ თხრობა დაიწყო: “ბაბა წარმოშობით პენჯაბის შტატიდანაა. ბავშვობიდან ეძებდა პასუხებს თავის კითხვებზე. ხედავდა, როგორ ჩაგრავდნენ ინგლისელები ინდოელებს და ვერ გაეგო, რატომ არ შეუძლია ქვეყანას, რომელსაც ამდენი წმინდა წერილი და წმინდანი ჰყავდა, კოლონიზატორების გავლენისგან თავის დაღწევა? ვნებიანად სურდა რა გასხივოსნების მოპოვება, ჯერ კიდევ ბავშვმა დატოვა მშობლიური სახლი, გურუს ძიებაში. თავიდან აიოდჰიაში ჩავიდა, სადაც ოდესღაც უფალი რამა მოევლინა, იქიდან კი ჰიმალაის ჯუნგლებში გაემართა, სადაც შეხვდა კიდეც თავის გურუს. სულიერი მოძღვრის ტერფებთან ბაბამ შეიცნო გზა, რომელსაც გასხივოსნებისკენ მიჰყავდა”. საუბრის დროს ვერ შევნიშნეთ, როგორ მიუახლოვდით მცირე ქოხს. მირაბაიმ ხის კარი გამოაღო და შიგნით შეგვიპატიჟა. წყლით სავსე თიხის ჯამები მოგვაწოდა და გვკითხა: “გაგრძელებასაც მოისმენთ?”
“რა თქმა უნდა” – გამოვეხმაურე მე, და დიდი სიამოვნებით ნეტარებით ცივი წყაროს წყალი.
“დაახლოებით თექვსმეტი წლიდან ბაბა აქ, ამ გამოქვაბულში ცხოვრობს. იგი მხოლოდ ველური ნაყოფებით და ბალახებით იკვებება, ტანსაცმლიდან კი მხოლოდ ბარძაყებზე მოსახვევს ატარებს ჯუტის ძველი ტომრისგან. ჯუტის ტომარას ეწოდება ტატ. ამ სიტყვისგან წარმოიშვა მისი სახელი: ტატ ვალა ბაბა, ანუ ბაბა (წმინდა ადამიანი) ტომრის ტანსაცმელში”. მირაბაიმ მოგვიყვა ასევე, რომ ბაბამ სრულ მარტოობაში, აშტანგა-იოგას სრულყოფაში გაატარა თხუთმეტი წელი. დროთა განმავლობაში ხალხმა გასხივოსნებული მასწავლებელი დაინახა მასში და მასთან სიარული დაიწყო. ბაბა არასოდეს არავის არ აძლევს საშუალებას, რომ შეეხოს, ან საჭმელი მოუმზადოს. მირაბაიმ ღრმად ჩაისუნთქა და სახის მოწიწებული გამომეტყველებით წარმოთქვა: “მე ვიყავი მოწმე იმისა, თუ როგორ კითხულობდა სხვის აზრებს, წინასწარმეტყველებდა მომავალს და კურნავდა ავადმყოფებს. როცა ერთ იოგს თავის ტკივილის აუტანელი შეტევები დაეწყო, ბაბა სიზმარში გამოეცხადა, მანტრების მეშვეობით რაღაც თეთრი სითხე მოაშორა თავიდან და ამით ერთხელ და სამუდამოდ განკურნა”.
გავიფიქრე, რომ ძალიან გამიმართლა. მასპინძელმა პატარა საკურთხეველი გვაჩვენა, რომელზეც ბაბას ფოტოსურათი იდო. ხელიგულები შეატყუპა და გვკითხა: “კიდევ მოგიყვეთ?” ჩვენ ენთუზიაზმით დავუქნიეთ თავები. “ბაბა ზედიზედ მრავალი საათის განმავლობაში მედიტირებს, ხანდახან კი რამდენმე დღე არ გამოდის მედიტაციიდან. მის წინ ყოველთვის ანთია წმინდა ცეცხლი, და ყოველდღე სწავლობს წმინდა წერილებს”. შემდეგ მირაბაიმ მე მომმართა: “შენ გრძელი გზა გამოიარე ამერიკიდან, რათა სადჰუ გამხდარიყავი. მე ქედს ვიხრი შენი სიმამაცის წინაშე და ვილოცებ, რომ შენს მიზანს მიაღწიო”.
გამომშვიდობებისას უჩვეულო საჭმელი მოგვცა – მწვანე კვახისგან დამზადებული გამჭვირვალე ცუკატი, რომელიც მაშინვე პირში გამილღვა და ძალიან სასიამოვნო შეგრძნება დამიტოვა. ასეთი რამ არასოდეს გამისინჯავს აქამდე. დაინახა რა ჩემი რეაქცია, მირაბაიმ ამიხსნა: “მოგეწონა? ამ ნუგბარს პედა ეწოდება”.
“პედა – პირველი ნუგბარია, რომელიც ინდოეთში გავსინჯე, - ვუპასუხე მე. –არაჩვეულებრივი გემო აქვს. მაგრამ ნუთუ იოგები და ასკეტები ტკბილს მიირთმევენ?”
მან გამიღიმა, როგორც დედა იღიმება თავისი ბავშვის მიამიტურ შეკითხვაზე: “შენ საკუთარ თვალებს არ დაუჯერებ, როცა დაინახავ, რისი შეჭმა შეუძლიათ იოგებს”.
მეორე დღეს კვლავ წავედი ბაბასთან გამოქვაბულში. იგი უწინდებურად მედიტირებდა. რაღაც დროის შემდეგ ჩემმა ნეპალელმა მეგობარმა ბაბასთან მარტო დამტოვა. ღამე გავიდა, და ბაბა არც კი შერხეულა. მის სიმშვიდესვისრუტავდი, ვიჯექი და მეც ვმედიტირებდი. მზე ამოვიდა, ოქროსფერი სინათლე გადაჰფინა ჰიმალაის ჯუნგლებს და შორეული მთის მწვრვალები გაანათა, რომლებსაც ბევრი ეთაყვანებოდა, როგორც ღმერთის სამყოფელს. გამოქვაბულიდან განგამოჩანდა, რომელსაც მთის მაღლობებიდან დაბლობისკენ მიჰქონდა წყალი. ტყეებისა და ველების გავლით მიედინებოდა, და მის ნაპირებზე ბრძენები და წმინდანები რიტუალებს ასრულებდნენ. ვიჯექი და სულგანაბული ვუმზერდი ქვემოთ ხშირ მცენარეულობას. რაღაც დროის შემდეგ დიდინაირფეროვანი გველებიგავარჩიე, რომლებიც მსხვერპლის ძიებაში ჯუნგლებში დაცოცავდნენ. ხეებს შორის ველური სპილოები დავინახე და ლაქებიან ლეოპარდსაც კი მოვკარი თვალი, რომელიც ბუჩქებში მიძვრებოდა.
უცებ, ჩემი ძველი ცხოვრება გამახსენდა ჰაილენდ-პარკში: თანაბარი და მოვლილი ბალახის საფარი, სკოლის ავტობუსში მსხდომი ბავშვები, და მშობლები, რომლებიც მანქანებით მიეშურებოდნენ სამსახურში. ეს ისე ძალიან არ ჰგავდა ყველაფერ იმას, რასაც ახლა ვხედავდი. ძნელად მეჯერებოდა, რომ ინდოეთში ვიმყოფებოდი, ჰიმალაებს შორის. ბაბას გამოქვაბულის გვერდით კიდევ რამდენიმე გამოქვაბული იყო. იქ მისი ასკეტი მოსწავლეები ცხოვრობდნენ, და იქვე რაღაც დროის განმავლობაში მეც გავჩერდი.
გამოქვაბულში ვიჯექი ბაბას წინ, წმინდა ცეცხლის კვამლს ვსუნთქავდი და ვგრძნობდი, როგორ ვიწმინდებოდი. ბაბა, იდეალური გამართული ზურგით იჯდა, და დღეში სამიდან ხუთ საათამდე ხმამაღლა კითხულობდა წმინდა წერილებს, დარჩენილ დროს კი მედიტაციაში ატარებდა. იყო ხოლმე, რომ ღამით ეძინა, მაგრამ გათენებამდე რამდენიმე საათით ადრე ყოველთვის დგებოდა და მედიტაციას იწყებდა, შემდეგ კი ისევ წმინდა წერილებს კითხულობდა, ან ასანებს აკეთებდა. მზის ამოსვლიდან რამდენიმე საათში ბაბა თავის გრძელ თმას თავის გარშემო იხვევდა და ერთად მივდიოდით ნაკადულთან განსაბანად და ქოთნით წყლის მოსატანად. უკანა გზაზე ის საკვებად ვარგის ბალახებს და ნაყოფებს აგროვებდა, და ასევე შეშას ცეცხლისთვის. ერთხელ დავინახე, როგორ მსუბუქად ასწია უზარმაზარი მორი და გამოქვაბულში წაიღო.
ერთ საღამოს, როცა ტყეში ჯერ კიდევ ისმოდა ჩიტების ჭიკჭიკი, ბაბამ ნეპალელი თარჯიმნის მეშვეობით მოულოდნელი წინადადება შემომთავაზა: “მე გეპატიჟები ჩვენს გამოქვაბულებში, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება აქ გაატარო”. ეს თქვა, თვალები დახუჭა და ტრანსში ჩაიძირა.
მისი სიტყვები კვლავ და კვლავ ჟღერდნენ ჩემს თავში, სანამ იმ გადაწყვეტილებაზე ვფიქრობდი, რომელიც უნდა მიმეღო. და ერთ დილას, როცა მედიტაციიდან გამოვედი, მე დავფიქრდი:
აქ, ამ წმინდა ტყეში, ასეთი წმინდა ადამიანის ხელმძღვანელობით ცხოვრება, შეიძლება ნამდვილ წყალობად ჩაითვალოს. მაგრამ იმისათვის, რომ რომელიმე ერთი გურუს მიმდევარი გავხდე, დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ არასოდეს შევარცხვენ მას იმით, რომ ჩემს არჩევანს ვინანებ. აი, რატომ მინდა ვიპოვო ის სულიერი მოძღვარი და სულიერი გზა, რომელსაც მთელ ცხოვრებას მივუძღვნი.
მე საკუთარ თავს შევეკითხე, ვარ თუ არა დარწმუნებული იმაში, რომ ესაა ჩემი მასწავლებელი და ჩემი გზა? რამდენიმე წუთის შემდეგ პასუხი მოვიდა. ტატ ვალა ბაბასთან ერთად მედიტირებისას ღრმა სიხარულს და შინაგან გასხივოსნებას განვიცდიდი. მიუხედავად ამისა არანაირი დარწმუნებულობის შეგრძნება არ მქონდა. ჩემ გულს სხვა ინდოელ წმინდანებთან შეხვედრა სწყუროდა. მინდოდა სხვადასხვა წმინდა ადგილებიც მომენახულებინა და სულიერი გზების მრავალფეროვნება შემეგრძნო. მაშინ, და მხოლოდ მაშინ შევძლებდი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას.
მივხვდი რა, რომ ეს გულწრფელი საქციელი იქნებოდა, მე დავწყნარდი. მაგრამ ეს ყველაფერი ტატ ვალა ბაბასთვის უნდა ამეხსნა, მე ხომ უბრალო ადამიანთან კი არა, ზეადამიანური შესაძლებლობების მქონე იოგთან მქონდა საქმე. გავიდა რამდენიმე დღე. ბაბასთან ერთობლივი მედიტაცია ენითაღუწერელ გამოცდილებას მაძლევდა. როცა ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტე მასთან საუბარი, მან უკვე ყველაფერი იცოდა. პირის გაღებაც კი ვერ მოვასწარი, რომ ბაბამ სწორედ ის სიტყვები წარმოთქვა, რომლის თქმასაც ვაპირებდი. სერიოზულად შემომხედა თვალებში და ხელით გააკეთა ჟესტი, რომლითაც მლოცავდა. “მშვიდობით. დაე ღმერთი იყოს შენთან. ომ ტატ სატ”.