გზა შინისაკენ - ამერიკელი იოგის მოგზაურობა

რადჰანათჰ სვამი
5
1

ძლივ-ძლივობით გამოვძვერი თუ არა მდინარე ბაჰმატის ყინულივით ცივი წყლიდან, რომელიც ჰიმალაების ყინულებიდან იღებს სათავეს

თავი ოცდამეშვიდე

თავი ოცდამეშვიდე

ერთ ადრიან დილას, ჯანაკპურიში, როცა მარტო ვიჯექი ტბის პირას, გვერდით უჩვეულო გარეგნობის სადჰუ მომიჯდა. მოსალმების ნაცვლად მან წარმოთქვა სიტტყვები, რომლებმაც ჩიხში შემიყვანეს: “ფრთხილად იყავი! ხანდახან პეპლის ნიღბის ქვეშ მორიელი იმალება”. მე ვკითხე, თუ რატომ მეუბნებოდა ამას. სადჰუმ გამჭოლი მზერით შემომხედა და მიპასუხა: “არ გაუხსნა შენი გული დემონებს, რომლებიც წმინდანის ნიღბის ქვეშ იმალებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში შენი ცხოვრება მალე ნანგრევებად იქცევა. მაგრამ როცა ამას მიხვდები, უკვე დაგვიანებული იქნება”.
“რაზე ლაპარაკობთ?” – ვკითხე შეშფოთებულმა.
“ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ”, - მიპასუხა მან. სწრაფად შეცვალა თემა და წარმომიდგა, როგორც ვასუდევა, რის შემდეგაც შემომთავაზა, რომ მასთან ერთად ერთი წმინდა ადგილი მომენახულებინა.
მე დავთანხმდი. ვასუდევა ოცდაათ წელზე მეტის იყო. არისტოკრატული მანერები ჰქონდა და უნაკლოდ სწორი ლიტერატურული ინგლისურით საუბრობდა. ვასუდევას თეთრი ტანსაცმელი ყოველთვის იდეალურად სუფთა იყო, გრძელი და გუდრონივით შავი თმა კი აკურატულად ჰქონდა დავარცხნილი. ჩემი მოგზაურობის მანძილზე ჯერ არ შემხვედრია ასეთი მოწესრიგებული განდეგილი. ვასუდევას კარგი განათლება ჰქონდა მიღებუყლი – როგორც საერო, ასევე სულიერი, და, ისევე როგორც ამ ადგილის მრავალი მკვიდრი, რამას ეთაყვანებოდა. როცა ჩემმა ახალმა მეგობარმა ნაკლებადცნობილ წმინდა ადგილას სამდღიანი მოგზაურობა შემომთავაზა, მე მაშინვე დავთანხმდი. ჩვენი გზა ადგილობრივ დასახლებაზე გადიოდა და ჩემდა სასიხარულოდ მთელი გზა ბრინჯით და დალით ვიკვებებოდით, რომლებსაც გულუხვად გვიწყალობებდნენ ხოლმე იმ სოფლების მცხოვრებნი. ყველა, ვისაც გზაში ვხვდებოდით, მოხიბლული იყო ვასუდევას მანერებით და ქცევით.
ვასუდევამ დაჟინებით მოითხოვა, რომ თვითონ დაამზადებდა საჭმელს. პირდაპირ მინდორში, ან ტყეში პოულობდა ორ ქვას და მათგან სადგამს აკეთებდა ქვაბისთვის, მე კი ამასობაში შეშას ვაგროვებდი კოცონისთვის. იგი შედევრის შემქმნელი მოქანდაკის დახვეწილობით ამზადებდა ბრინჯს და დალს. ჩვენი მოგზაურობის რამდენიმე დღის განმავლობაში მრავალი სხვადასხვა თემა განვიხილეთ. მეჩვენებოდა, რომ ვასუდევამ ყველაფერზე ყველაფერი იცოდა.
მაგრამ მასში იყო გამოცანა, რომელიც ვერაფრით ვერ გამომეცნო. იგრძნობოდა,, რომ სიცოცხლით სიხარულის ნიღბის ქვეშ შიგნიდან მღრღნელ ტკივილს მალავდა. და რაც უფრო მეტად ცდილობდა ვასუდევა ტანჯვის დაფარვას და ცრემლების შეკავებას, მით უფრო თანაგრძნობით ვიმსჭვალებოდი მის მიმართ და მით უფრო ძლიერდებოდა ჩემი ცნობიესმოყვარეობა. ერთხელ, ღამით, როცა წვიმას რაღაც გადაფარებულში შევეფარეთ, კოშმარული სიზმარი ვნახე. მესიზმრა, თითქოს ბოროტი სულები მესხმოდნენ თავს. მაშინ გამიკვირდა, და ვერ ვხვდებოდი, რატომ დამემართა ეს.
სამ დღეში ჩვენი მოგზაურობის დანიშნუების ადგილს მივაღწიეთ: უძველეს ვალუნს მიტოვებულ ველზე. საღამოსკენ ძლიერი ქარი ამოვარდა. ჩვენ ნესტის სუნს და გემოს ვგრძნობდით, რითაც ჰაერი იყო გაჟღენთილი, და მივხვდით, რომ თავსხმა წვიმას ვერ ავცდებოდით. მაშინვე დავიწყეთ ახლომახლო თავშესაფრის ძებნა და მცირე, დიდი ხნის მიტოვებული ქვის შენობა აღმოვაჩინეთ. შიგნით შესვლისას ჭერზე დაკიდებული რამდენიმე ღამურა დავაფრთხეთ; ფრთების ტკაცუნით ისინი მაშIნვე გარეთ გაფრინდნენ. სახლი სულ ერთი ოთახისგან შედგებოდა, ზომით სამი მეტრი სამ მეტრზე, ორი ცარიელი ადგილით, სადაც ოდესღაც კარი და ფანჯარა იყო. კედლები ნელ-ნელა ინგრეოდა. შიგნით არაფერი იყო გარდა ობობის ქსელებისა. ჩვენ იატაკზე დავჯექით და მივაყურადეთ იმას, თუ რა ხდებოდა გარეთ. უკვე რამდენიმე წამში ჭექა-ქუხილისგან მიწა იძრა, ქარბუქი ხეებს აზანზარებდა, ცამ კი მიწაზე წვიმის მძლავრი ნაკადი დაუშვა. ვასუდევამ დაჟინებით შემომხედა თვალებში, ცრემლით სავსე თვალებით. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მკითხა, შეეძლო თუ არა გადმოეშალა ჩემთვის ქარიშხალი, რომელიც მის საკუთარ გულში მძვინვარებდა. მისი ნდობით გაკვირვებულმა თანხმობა განვუცხადე.
ვასუდევამ თავისი ამბის თხრობა დაიწყო. იგი დაიბადა კალკუტის მდიდარ ოჯახში. სრულიად ახალგაზრდამ დოქტორის ხარისხი აიღო და ცნობილი პროფესორი გახდა. დაახლოებით იმავე დროს უფალ რამას თაყვანისმცემლები გაიცნო და თვითონაც დაიწყო მისი თაყვანისცემა. “ერთხელ, ჩემთან ოფისში ორი მაღალი სტუმარი მოვიდა. მათ თავიანთი გურუს მიერ გამოტანებული ნუგბარი და საჩუქრები მოიტანეს. შემდეგ კიდევ რამდენჯერმე მომინახულეს, და როცა თავიანთ გურუსთან შეხვედრაზე დამპატიჟეს, მე დავთანხმდი”.
აღმოჩნდა, რომ გურუმ ვასუდევას ცხოვრების შესახებ დაწვრილებით იცოდა ყველაფერი. არანაირი ეჭვი აღარ რჩებოდა, რომ მას ფიქრების წაკითხვაც შეეძლო. გაოცებულმა ვასუდევამ მიიღო ამ ადამიანის წინადადება, რომ რეგულარულად ევლო მასთან. მე ხარბად ვისმენდი მის მონათხრობს, გახარებული მომდევნო შესაძლებლობით გამეგო, თუ როგორ ირჩევს ადამიანი გურუს.
“ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე, - განაგრძო ვასუდევამ, - გურუმ თავისი გეგმები გამიმხილა. “მე ყურადღებით გადევნებდი თვალყურს, - თქვა მან. – შენ ახალგაზრდა, ჭკვიანი და სახელგანთქმული ხარ. შენი დახმარება მჭირდება. მინდა, რომ ინიციაცია მოგცე ჩვენს რიტუალებში”.” ამის გახსენებაზე ვასუდევა ძლივს იკავებდა მოწოლილ გრძნობებს. “მე ვუპასუხე, რომ ვიფიქრებდი მის წინადადებაზე”. იგი გაჩუმდა და თავზე ხელები შემოიჭირა, თითქოს ცდილობდა თავი დაეცვა რაღაც საშინელი მოვლენებისგან წარსულში. სასოწარკვეთილი თვალებით, ვასუდევამ შემომხედა: “რიჩარდ, - ჩაისუნთქა მან, - მე არ მინდა წაგბილწო ჩემი საშინელი ისტორიით, მაგრამ ჭკუიდან ვიშლები. ვინმეს უნდა გავანდო ეს ყველაფერი. შეიძლება განვაგრძო?”
“რა თქმა უნდა”.
ვასუდევა ყოფილი ფანჯრის ადგილისკენ შებრუნდა და ელვამ გაანათა მისი სახე, რომელზეც ტკივილის გრიმასა აღბეჭდილიყო. როგორც იქნა გაუმკლავდა ემოციებს და განაგრძო: “გადავწყვიტე ცნობები შემეგროვებინა ამ ადამიანზე და აღმოვაჩინე, რომ იგი – მეთაური იყო ძლევამოსილი სექტისა, რომელიც შავი ტანტრას პრაქტიკას ეწეოდა”. ვასუდევამ კვლავ შემომხედა თვალებში: “რაიმე გაგიგია შავ ტანტრიკებზე, რიჩარდ?”
“არა”, - ვაღიარე მე.
ვასუდევას ხმა აუკანკალდა. მან ამიხსნა, რომ ტანტრას მისტიკური პრაქტიკა ძალიან ძლევამოსილია და შესაძლოა გამოყენებულ იქნას როგორც სასიკეთოდ, ასევე ბოროტი მიზნებისთვის. “არსებობენ თეთრი ტანტრიკები, რომლებიც თავიანთ მისტიურ ძალებს ხალხის მსახურებისთვის იყენებენ. და არსებობენ შავი ტანტრიკები, რომლებიც თავიანთ შესაძლებლობებს იყენებენ, რათა ექსპლუატაცია გაუწიონ სხვებს ეშმაკური მიზნებისთვის. საზარელი მსხვერპლშეწირვების, ტანტრული სექსუალური რიტუალებისა და იოგას პრაქტიკის შედეგად ისინი საშინელ ძალაუფლებას მოიპოვვებენ ხოლმე ადამიანებზე. ამგვარად, ეს გურუ განსაკუთრებულად ძლიერი შავი ტანტრიკი აღმოჩნდა, რომელსაც შეეძლო სხვა ადამიანთა ჭკუები დაემორჩილებინა და მათი ცხოვრების მანიპულირება მოეხდინა. როცა ინფორმაცია მოვაგროვე ამ ადამიანზე, ჩემდა სამწუხაროდ გავიგე, რომ ინიციაციის რიტუალის დროს ის მოიპოვებდა ხოლმე ძალაუფლებას მოსწავლის სულზე რამდენიმე მომდევნო ცხოვრების განმავლობაში. ამის მერე აღარასოდეს მივსულვარ მასთან”.
“მაგრამ, ვასუდევა, თუკი თავი დააღწიე ამ გურუსთან ურთიერთობას, მაშინ რატომ კანკალებ ახლაც კი მისი ხსენებისას?”
“ეს მხოლოდ დასაწყისია, - განაგრძო მან თავისი ამბავი. – გურუს მოსწავლეები ყოველდღე მაკითხავდნენ სამსახურში, სახლში და ნებისმიერ ღონისძიებაზე, სადაც არ უნდა წავსულიყავი და თავს მაბეზრებდნენ. არსად არ შემეძლო მათგან დამალვა. ერთხელ ხუთნი შემოიჭრნენ ჩემს კაბინეტში და გარს შემომეხვივნენ მაგიდასთან მჯდომს. თავი ტყვედ ვიგრძენი. მაშინვე კაბინეტში თავად გურუ შემოვიდა. ის გამომეცხადა, რათა ჩემი სული მოეთხოვა. ხმით, რომელიც უარს ვერ აიტანდა, მან გამაფრთხილა: “უკვე ძალიან გვიანია. ახლა უკვე მე მეკუთვნი. დამემორჩილე, და შენ დიდება და წარმატება გელოდება, რომელზეც ახლა ვერც კი იოცნებებ. მაგრამ, თუ უარს იტყვი, ვფიცავ, სიკვდილამდე მიგიყვან ისე გაგტანჯავ!” მე აღშფოთებულმა და შეშინებულმა უარი ვუთხარი, და გურუმ ისე, რომ განრისხებული თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა, ოთახი დატოვა”.
ვასუდევამ ჩაისუნთქა და განაგრძო: “ერთ საღამოს, როცა სახლში მივედი ჩემს დაქვრივებულ დედასთან, დავინახე, რომ ის მათ მიერ დაგებულ მახეში აღმოჩენილიყო. განრისხებულმა ლანძღვა დამიწყო: “რატომ მიაყენე შეურაცხყოფა ამ წმინდა ადამიანს? შენ მისი მოსწავლე უნდა გახდე!” მე გაოგნებული ვიყავი. ვეცადე ამეხსნა, თუ როგორ ცინიკურად მანიპულირებდა ეს გურუ ადამიანებით, მაგრამ დედაჩემს არაფრის გაგონება არ სურდა. გურუმ და მისმა ხელქვეითებმა სრული ძალაუფლება მოიპოვეს მასზე. რამდენიმე დღეში დედამ საკუთარი სახლიდან გამომაგდო და მითხრა, რომ არ სურდა ჩემი შეურაცხყოფების თანამონაწილე გამხდარიყო. ჩემს გარშემო სამყარომ ნგრევა დაიწყო. შემდეგ, სექტის წევრების ზეგავლენით ჩემი კოლეჯის რექტორმა სამუშაოდან დამითხოვა”.
გარეთ მეხი ხეს დაეცა და უზარმაზარი ტოტი მოატეხა და ბრახუნით დაეცა სახლის სახურავს. ჩვენ ჩუმად ვიჯექით. ელვის დამაბრმავებლად კაშკაშა განათების შემდეგ ქუხილის ხმა გაისმა, რომელმაც თითქოს მთელი სამყარო შეძრა. ვასუდევა გაფითრდა. წყვეტილი ხმით მან განაგრძო: “მე უსახლკარო და უმუშევარი დავრჩი, მაგრამ გურუ-ტანტრიკის მოსწავლეები ყველგან დამყვებოდნენ. პოლიციაზეც კი მოახდინეს გავლენა, და მათ უარი თქვეს ჩემს დაცვაზე. რაღა დამრჩენოდა კალკუტადან წამოსვლის გარდა? მაგრამ სადაც არ უნდა წავსულიყავი, შავი ტანტრიკი თავისი ზებუნებრივი ძალების წყალობით ყოველთვის მპოულობდა ხოლმე და თავის ხალხს მიგზავნიდა”.
რა სამუშაოზეც არ უნდა მოწყობილიყო ვასუდევა, გურუს წარმოგზავნილები არწმუნებდნენ სამუშაოს მიმცემებს, რომ გაეგდოთ იგი. რა საცხოვრებელიც არ უნდა აეღო არენდით, არწმუნებდნენ მეპატრონეს, რომ გაესახლებინა. ვასუდევამ გაზეთსაც მიმართა, რათა მსოფლიოსთვის შეეტყობინებინა თავისი ისტორია, მაგრამ ჟურნალისტებმა არ დაუჯერეს. “ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი უკუღმა დატრიალდა”, - თქვა მან.
და ამ დროს ჩვენთან ოთახში დიდი გომბეშო შემოხტა. თვალებით მე მომაშტერდა. გავიფიქრე: “ვინ იცის, იქნებ შავმა ტანტრიკმა გამოგზავნა?” ამ აზრმა შემძრა. ვასუდევა თითქოს მიხვდა, რაზეც ვფიქრობდი. “ნამდვილად გინდა, რომ განვაგრძო ჩემი ამბავი?” – მკითხა მან
ცა ჭექა-ქუხილმა გააპო. “უკვე მე თვითონაც არ ვიცი ვასუდევა”, - ვაღიარე მე. მიუხედავად იმისა, რომ შეშინებული ვიყავი, მაინც ვხვდებოდი, რომ უნდა მომესმინა ეს ისტორია. “და შემდეგ რა მოხდა?”
“ეს ბოროტმოქმედი-იოგი გააცოფა ჩემმა უდრეკობამ და გადაწყვიტა მოვეკალი. მაგიური რიტუალებისა და მანტრების მეშვეობით მან შექმნა უხილავი იარაღი, რომელიც ერთმანეთისგან ანცალკევებს სულსა და სხეულს, ანუ კლავს მსხვერპლს. თუმცაღა სხეულის განადგურება – არაა მთავარი. სანამ მსხვერპლი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის იმყოფება, შავი ტანტრიკი ძალაუფლებას მოიპოვებს ხოლმე ნატიფ სხეულზე, რომლითაც სულია შემოსილი. როცა ეს საზარელი იარაღი მოქმედებაში მოიყვანა, მთელი ჩემი ჭკუა და სხეული საშინელი ტკივილისგან იქნა პარალიზებული. ვიგრძენი, თუ როგორ დამესხნენ თავს მოჩვენებები ეთერულ სხეულებში. შველას ვითხოვდი და უფლის სახელების გამეორება დავიწყე. სანამ ჩემს ცნობიერებაში წმინდა სახელი ჟრერდა, უჩინარი იარაღი უძლური იყო და არ შეეძლო ჩემი განადგურება. მთელი დღისა და ღამის განმავლობაში ვგრძნობდი საკუთარ თავზე ამ იარაღის მოქმედებას. მტკიცედ ვიცოდი, რომ ერთი წამითაც რომ დამევიწყებინა უფლის წმინდა სახელი, სიკვდილზე გაცილებით უფრო საშინელი ხვედრი მელოდა. და მე შეუჩერებლად ვიმეორებდი მას. იარაღს არ შეეძლო ჩემი მოკვლა, სანამ ღმერთის სახელი ჟღერდა. ხოლო თუ დემონური იარაღი თავის მსხვერპლს ვერ კლავს, მაშინ ის ბუმერანგივით უბრუნდება გამომგზავნს და კლავს მას. შავი ტანტრიკი თავისივე იარაღით იქნა განადგურებული. ასე გადამარჩინა ღმერთის სახელმა”.
ამ საშინელი ამბის მოსმენის შედეგად ვიგრძენი, რომ მთელი სხეული ამიკანკალდა. ახლოს მივჩოჩდი ვასუდევასთან და მოსმენა განვაგრძე.
“მაგრამ ეს ბოროტი მისტიკოსი დღემდე აგრძელებს არსებობას; უბრალოდ ახლა მას ფიზიკური სხეული არა აქვს. ახლა ის ასტრალური პლანიდან ხელმძღვანელობს თავის მოსწავლეებს, და ჩემთან აგზავნის შურის საძიებლად. ისინი განუწყვეტლივ ნადირობენ ჩემზე. დიდხანს ვერსად ვერ ვჩერდები, რადგანაც დათვლილ კვირეებში ისინი მპოულობენ და ტერორს მიწყობენ”.
გარეთ ქარბუქმა ჩაცხრომა დაიწყო. ვასუდევამ ღრმად ჩაისუნთქა: “ასე, ჩემი სურვილისა და ბუნების საწინააღმდეგოდ, ღატაკი მწირი გავხდი. მე ვიცოდი, რომ თუ გულწრფელად მივენდობოდი ღმერთს, იგი დამიცავდა, მაგრამ, სანამ ეს დღე არ დამდგარა, იძულებული ვარ გაქცევით ვუშველო ხოლმე თავს და წმინდა ადამიანის ტანსაცმლით შევინიღბო”.
ჭრიჭინებმა თავიანთი სიმღერა დაიწყეს. ვასუდევამ ყურადღებით შემომხედა თვალებში: “მაპატიე, რომ ეს ყველაფერი მოგიყევი. ამ საიდუმლოს მრავალი წელია ვინახავ, და ძალიან მჭირდებოდა, რომ ვინმესთან მელაპარაკა ამაზე. იცი, რიჩარდ, მე არავის ვადანაშაულებ. საბოლოო ჯამში, მე თვითონ ვარ ყველაფერში დამნაშავე”.
ვერ ვხვდებოდი, რაში იყო მისი დანაშაული, და ვთხოვე, რომ აეხსნა ჩემთვის.
მაშინ ვასუდევამ არაყალბი მორჩილებით მითხრა, რომ ყველა მისი უბედურება – ცუდი კარმის შედეგია, რომელიც წინა ცხოვრებიდან მოდიოდა. “არ ვიცი, რით დავიმსახურე ასეთი საშინელი ხვედრი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ეს სამართლიანია. და კიდევ ვიცი, რომ თუ ღირსებით გავივლი ამ გამოცდას და ღმერთს მივენდობი, ის მიშველის”.
მოკანკალე ხელით ვასუდევამ ხელი ჩამკიდა და უკანასკნელი თხოვნით მომმართა: “შენ – ჩემი მეგობარი ხარ, და უნდა მოგიფრთხილდე. უნდა დამტოვო, სანამ თავად არ გახვეულხარ უსიამოვნებებში. თუკი ხვალ დილით აქ არ იქნები, ყველაფერს გაგიგებ. ჩემო ძმაო, ძალიან გთხოვ, ძალიან ფრთხილად იყავი შენი გზის ძიებაში. შენ ძლევამოსილი ადამიანების წყალობას აფარებ თავს, მაგრამ მათგან ნამდვილად არაა ყველა წმინდანი. და კიდევ, ძალიან გთხოვ, ილოცე ჩემთვის”.
ჩვენ სიჩუმეში ვიჯექით. მე ერთი სიტყვის თქმაც კი არ შემეძლო. იმ ყველაფრისგან, რაც ინდოეთში ვნახე, ვიცოდი, რომ მრავალი გურუ ფლობდა უზარმაზარ შესაძლებლობას, რომლითაც შეეძლოთ ეიძულებინათ მოსწავლეებისთვის ნებისმიერი თავისი ბრძანების შესრულება. ჩემი თანამგზავრის გულახდილმა საუბარმა იმაზე მეტად შემაშინა, ვიდრე ცოფიანი ძაღლების შემოტევამ. ისინი, სხვა თუ არაფერი ჩანდნენ მაინც, და მათგან თავის დაცვა შეიძლებოდა. მაგრამ როგორ უნდა დამეცვა თავი უჩინარი ბოროტი ძალებისგან, რომლებიც მზად არიან თავს დაესხან თავისთვის, სულიერ გზაზე მშვიდად მიმავალ ადამიანს?
ვასუდევა მიწაზე დაწვა დასაძინებლად, და ბალიშის ნაცვლად ხელი ამოიდო თავქვეშ. მე კი ძილის თავი არ მქონდა. ფანჯრის ადგილიდან ცას შევცქეროდი. ღრუბლებს მიღმა ალაგ-ალაგ ვარსკვლავები მოჩანდნენ, მაგრამ მთვარე არ ჩანდა. ვასუდევა მოუსვენრად წრიალებდა ძილში. მზად ვიყავი გამეზიარებინა მასთან ერთად მისი ცხოვრების მთელი სიმძიმეები? მხოლოდ ამ აზრისგანაც კი კანკალი მიპყრობდა. შემიძლია მხოლოდ ლოცვით დავეხმარო. და ეს ყველაფერია, რასაც თვითონ მთხოვდა. სანამ ვასუდევა ძილში შფოთავდა, წრიალებდა და კვნესოდა, მე ღამეს შევერიე და ვლოცულობდი იმაზე, რომ ჩემს მიერ არჩეული გზა უსაფრთხო ყოფილიყო და რომ ვასუდევას ოდესმე მოეპოვებინა სულის სიმშვიდე.

* * *
ჩემი გზა კვლავ აგრძელებდა ჩემთვის სიურპრიზების შემოთავაზებას, სასიამოვნოსი, და არც ისე, მაგრამ თვითოეული ასეთი გამოცდილება საშუალებას მაძლევდა, რომ თითქოს სხვა სამყაროებში ჩამეხედა, რომლებიც სრულიად შესაძლოა ჩემი ბედი აღმოჩენილიყვნენ, ამ გზით რომ წავსულიყავი.
სადჰუების უმეტესობა, რომლებმაც სულგრძელად მიმიღეს ჯანაკპურიში დაბრუნებისას, ასაკით ბაბუებად მერგებოდნენ. ამიტომ გამიკვირდა, როდესაც ჯანაკის ტაძარში ლოცვისას ჩემთან მოვიდა ახალგაზრდა სტუდენტი ნეპალიდან, და ვიშნუ პრასადად წარმომიდგინა თავი. კარგად ჩაცმული, მრგვალსახიანი, ძალიან თავაზიანი, იგი ისეთი მოხარული იყო დასავლეთელი ყმაწვილის დანახვით, რომელიც სადჰუს ცხოვრებას ეწევა, რომ მაშინვე მიმიწვია თავისთან სოფელ ბრაჰმაპურიში. მისი სახლი ბრწყინვალე აშრამს ჰგავდა, ხოლო ოჯახის შეძლებულობაზე მეტყველებდა კარგი გარემო, ძროხები, სახლის გარშემო გაშენებული ყვავილების ბაღი და ა.შ. როგორც კი ზღურბლს გადავაბიჯე, ვიშნუ პრასადის დედა და მამა გულითადად მომესალმნენ და დამსვეს მაგიდასთან, რომელზეც გაწყობილი იყო ბოსტნეულის კერძები ყველანაირი სანელებლით და ერბოთი შეზავებული ბრინჯით. ამ სტუმართმოყვარე სახლში რამდენიმე დღე დავყავი.
ბიძები, დეიდები, მამიდები, ბიძაშვილები, მამიდაშვილები – ყველანი მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ერთ ჭერქვეშ, და ერთხელაც არ გამიგია, რომ ვინმეს გაღიზიანებულს ხმა აემაღლებინა მეორეზე. მათთან ყოფნის მანძIლზე არაფერი მინახავს, გარდა ერთმანეთისადმი გულწრფელი პატივისცემის და სიყვარულის გამოხატვისა. დილაობით ბავშვები მოწიწებით ეთაყვანებოდნენ მშობლების ტერფებს, მშობლები კი საპასუხოდ კურთხევას აძლევდნენ მათ. მიუხედავად ასაკისა, ყველა ბავშვი, მოზარდებიც კი, უსიტყვოდ უჯერებდნენ უფროსებს, ხოლო უმცროსი ბავშვები უფროსებს ისე ეპყრობოდნენ, როგორც მშობლების წარმომადგენლებს. ამის შემხედვარე, მე, 60-იანი წლების ამერიკაში გაზრდილი, რაღაც კულტურული შოკისმაგვარს ვგრძნობდი, თუმცა ძალიან სასიამოვნოს. ყველაფერი მათ სახლში უნაკლო სისუფთავით ბრწყინავდა – თუ ჩემს თავს არ ჩავთვლიდი. თავს უსუფთაო მაწანწალად ვგრძნობდი, რომელიც გამოსულ საზოგადოებაში მოხვდა. ჩემი სხეული დაუძლურდა, და მასპინძლებმა როგორც კი ეს შეამჩნიეს, მაშინვე მომამარაგეს რაღაც სამკურნალო ბალზამებით ჩემი დამსკდარი და გაუხეშებული ფეხების მოსავლელად. თუმცა ცალკე ოთახი შემომთავაზეს კომფორტული საწოლით, ვამჯობინე ბაღში გამეთენებინა, აშოკას ხის ქვეშ. ყოველდღე, დილაობით და საღამოობით, ოჯახის ყველა წევრი ერთად იკრიბებოდა სალოცავად უფალი რამას პატარა ტაძარში, სახლის ცენტრში. მთელი დღის განმავლობაში ამ ტაძარში ქალები სხვადასხვა მსახურებას ასრულებდნენ.
ამ სახლში არაფერი იყო გარდა ბედნიერებისა. საღამოობით მე და ვიშნუ პრასადი მყუდრო და ლამაზ ბაღში ვსაუბრობდით. მისი მამა, ტარა პრასადი, ზოგჯერ ჩვენთან ერთად დაჯდებოდა ხოლმე. ეს შეძლებული ადამიანი, რომელსაც ცოლი და შვილები ჰყავდა, თავისი შინაგანი სისუფთავით მრავალ განდეგილს აღემატებოდა მათგან, რომლებსაც ჩემი მოგზაურობის მანძილზე შევხვედრივარ. სულიერება – ეს გულის თვისებაა, - ვფიქრობდი მე. რაც უფრო მეტად მიყვარდებოდა ვიშნუ პრასადის ოჯახი, მით უფრო ახლო მეგობარი ხდებოდა იგი ჩემთვის. ამ სათნო ადამიანებზე დაკვირვების შემდეგ უკეთ ჩავწვდი აღმოსავლური ოჯახური წყობის ტრადიციებს. მაგრამ ჩემთვის მთავარი სხვა იყო: აქ კიდევ ერთი დადასტურება მივიღე იმისა, რომ ჭეშმარიტი სულიერება მრავალფეროვანია.
როგორ ბედნიერადაც არ უნდა მეგრძნო თავი, დიდხანს მაინც ვერ დავრჩებოდი ამ სახლში, რადგანაც მოხეტიალე განდეგილის ცხოვრების წესი ავირჩიე. როცა გამომშვიდობების დრო დადგა, მთელი ოჯახი გარეთ გამოვიდა, რათა ჭიშკრამდე გავეცილებინე. გადამეხვივნენ და ტიროდნენ, და მეც ვტიროდი, ისე რომ ჩემი ცრემლების არ მრცხვენოდა.
ახლა, როგორც არასოდეს აქამდე, ჩემს მიერ არჩეული გზა უჩინარი საფრთხეებით სავსედ მომეჩვენა. თუმცა ეს ხელს ვერ შემიშლიდა. ჭეშმარიტებისადმი ჩემი ვნებიანი სწრაფვის გამო, რომელიც თვითონ ჩემთვისაც აუხსნელი იყო, ოჯახურ ცხოვრების ყველა კომფორტი მივატოვე, და ვიღაცის მიერ ბიძგებული, უარს ვამბობდი მასზე მთელი ჩემი მოგზაურობის მანძილზე. და გამოუცნობის წინაშე შიშიც კი ვერ შემაჩერებდა.

* * *
ჯანაკპურიდან უკან, კატმანდუს ველისკენ გავემართე. გავჩერდი სწორედ იმ მთის ქვეშ, რომელზეც ბოდჰნათჰი დგას, ქალაქისგან თერთმეტ კილომეტრში აღმოსავლეთით, მოყვავილე ხეებს წალკოტში, და აქ ვმედიტირებდი. როცა თვალები გავახილე, დავინახე მშვენიერი ცისარტყელა, რომელიც მთელი ჰიმალაების თავზე გადაჭიმულიყო. იგი მკვეთრად ანათებდა მუქი-ლურჯი მუსონური ღრუბლების ფონზე. ღრმად ჩავისუნთქე გრილი ჰაერი, რომელიც ნესტიანი მიწის სურნელით იყო გაჟღენთილი. მალე ვიღაცის ნაბიჯების ხმამ მეოცნებე მდგომარეობიდან რეალობაშI დამაბრუნა. ეს იყო ევროპული გარეგნობის ტურისტი, რომელიც მხნედ მიაბიჯებდა პროდუქტებით სავსე უაზრმაზარი ჩანთით. ეს იყო ორ მეტრამდე სიმაღლის ქერა მამაკაცი, დაბერილი კუნთებით. უეცრად ტყიდან მაიმუნების ჯგუდფი გამოვარდა და გარს შემოერტყა მას. თუმცა მაიმუნები მასზე რამდენჯერმე დაბლები იყვნენ, ეტყობა იცოდნენ თავიანთი მეტოქის სუსტი წერტილი და მზად იყვნენ თავდასხმისთვის. მაიმუნებმა დაუღრინეს კულტურისტს, თან კბილებს აღრჭიალებდნენ და დამაშინებლად ჟესტიკულირებდნენ. ტურისტს ერთ ხელში ჩანთა ეჭირა, მეორეთი კი დიდი ქვა აიღო და ბრძოლის ყიჟინა აღმოხდა, და ამით პატარა ბანდიტებს დაემუქრა. მაგრამ ამას არანაირი შთაბეჭდილება არ მოუხდენია მაიმუნებზე – მათ უფრო ხმამაღლა დაიჭყავლეს. პატარ-პატარა ნახტომებით უახლოვდებოდნენ თავიანთ მეტოქეს და ფსიქიკურ შეტევას ანხორციელებდნენ. შიშისგან გაშეშებული ადამიანი გიგანტი შეშინებული ბავშვივით აკანკალდა. მაშინ ერთ-ერთი მაიმუნი მივარდა და ხელიდან პროდუქტებით სავსე ჩანთა გამოსტაცა. მას წინააღმდეგობაც კი არ გაუწევია. მაიმუნებმა მაშინვე დაკარგეს მისდამი ინტერესი, გარს შემოეხვივნენ ჩანთას და ნადავლი ამოაძრეს. კულტურისტი კი ვერხვის ფოთოლივით მოკანკალე, მაშინვე მიიმალა.
რამდენიმე წამის შემდეგ სცენაზე გამოჩნდა რვა წლამდე ასაკის ნეპალელი ბიჭუნა. მის დანახვაზე მაიმუნების ბანდა, რომელსაც ეს-ესაა ღრეობა უნდა დაეწყო, ცუდი წინათგრძნობისგან აღელდა. ბიჭი მათთან მიიჭრა, მუჭაში მოქცეული ქვით ხელში. ბანდიტების ჯოგი შეკრთა და ყველას შიში ჩაუდგა თვალებში. უეცრად მიატოვეს ნადავლი და გაიფანტნენ. ბიჭუნამ კი მიმოფანტული პროდუქტები მოაგროვა და სადილობას შეუდგა. ამასობაში მაიმუნები შეშფოთებულნი ადევნებდნენ თვალყურს უსაფრთხო მანძილიდან. მე გაოგნებული ვიყავი. როგორ შეიძლებოდა ამ ყველაფრის ახსნა? პატარა ბიჭი ევროპელი ჰერკულესის ერთი ბიცეპსის წონა თუ იქნებოდა. მაიმუნებმა ყურადღება არ მიაქციეს მის მუქარებს, რადგანაც კარგად გრძნობდნენ მის შიშს, მაგრამ შეეშინდათ ბავშვის, რომელსაც მათი არ ეშინოდა. რას ნიშნავდა ყველაფერი ეს ჩემთვის, რომლის გზაც ღმერთისაკენ უფრო და უფრო ვიწრო ხდებოდა? მე გამახსენდა გაცოფებული ძაღლების ხროვა და საშინელი ისტორია შავ ტანტრიკზე, რომელიც ვასუდევამ მომიყვა. მეშინოდა, რომ თუ მასწავლებლის არჩევაში ავჩქარდებოდი, არაკეთილსინდისიერი გურუს გავლენის ქვეშ მოვექცეოდი. მაგრამ ახლა მივხვდი, რომ თავისთავად ეს შიში ასევე ხელისშემშლელი იყო ჩემი წინსვლისთვის.
შიში უმწეოს გვხდის. უცხოელი არ იცნობდა მაიმუნების ჩვევებს, ნეპალელმა ბიჭმა კი მთელი ცხოვრება მათთან ერთად გაატარა. ჩვენ ყოველთვის გვეშინია იმის, რასაც არ ვიცნობთ. საკუთარი სულიერი ბუნების შეცნობით და ღმერთის გულწრფელი რწმენით, ჩვენ ნებისმიერი შიშის გადალახვას შევძლებთ. უფალო, გთხოვ, მომანიჭე უშიშარობა და დამეხმარე შენსკენ მომავალი გზის პოვნაში.
სანამ ამ ყველაფერზე ვფიქრობდი, ბიჭუნა ღიმილით მომიახლოვდა და პროდუქტებიანი ჩანთიდან ბანანები გამომიწოდა. მაიმუნები ახმაურდნენ, დაინახეს რა თავიანთი მორიგი მსხვერპლი. ისინი ნათლად მაგრძნობინებდნენ, რომ მე გაცილებით მეტი საერთო მქონდა ევროპელთან, ვიდრე მინდოდა მეფიქრა. ვგრძნობდი რა, რომ ამ ბიჭის უბრალო და უშიშარი რწმენისგან კიდევ დიდი გზა მაშორებდა, თავაზიანად ვუთხარი უარი ბანანებზე.

* * *
ნეპალის ტყეებში ხეტიალისას, ერთი არაჩვეულებრივი სული გავიცანი. ეს იყო სიტა-რამა ბაბა. ჩემს მეხსიერებაში იგი ყოველთვის დარჩება, როგორც “მდგომარე იოგი”. სამოცდაორი წლის წვეროსანი დიდი ყავისფერი თვალებით და ნაოჭებისგან გაუხეშებული სახით, სიტა-რამა ბაბა ჯვალოს პერანგი ეცვა, რომელიც ფეხის ტერფებამდე სწვდებოდა. როცა ვკითხე მას, რატომ ატარებდა მხოლოდ ჯვალოს პერანგს, მან მიპასუხა, რომ ეს უხეში და კანის გამაღიზიანებელი ქსოვილი გამუდმებით უსიამოვნებას ანიჭებს. ეს კი, მისი სიტყვებით, ეხმარება, რომ სიმშვიდე რამას გახსენებაში ჰქოვოს. კიდევ უფრო მაკვირვებდა ხის სატერფეები, რომლებიც თოკებით იყო მიმაგრებული მის ტეფრებზე. მაგრამ მიუხედავად თავისი უჩვეულო გარეგნობისა, თავიდანვე ისე მომეპყრო, როგორც მოსიყვარულე მამა შვილს.
მსგავსად სხვა იოგებისა, რომლებსაც ჰიმალაებში შევხვდი, სიტა-რამა ბაბაც მკაცრ ასკეზას იცავდა, რომელიც მხოლოდ ცელიბატით არ შემოიფარგლებოდა. მან დადო აღთქმა, რომ ყოველთვის ფეხზე იდგებოდა და არასოდეს დაჯდებოდა ან დაწვებოდა. სწორედ ამ მიზეზით ატარებდა ხის სატერფეებს – ისინი საყრდენის მაგივრობას უწევდნენ. იგი ამ ასკეზას უკვე თითქმის ორმოცდაათი წელია იცავდა. მოწყალების თასისა და კრიალოსანის გარდა, თან ატარებდა ხის დაფას, მასზე მიბმული თოკით. როცა ძილის დრო მოდიოდა, დაფას ხის ტოტზე გადააგდებდა ხოლმე, და ამ იმპროვიზირებულ საქანელაზე დაყრდნობილი ფეხზე მდგარი იძინებდა.
მან ასევე დადო აღთქმა, რომ არასოდეს დაიძინებდა შენობაში, და გარდა იმისა, რომ ვეგეტარიანელი იყო, ამასთან არასოდეს ჭამდა მარცვლეულსა და პარკოსნებს. თავად ვიყავი მოწმე იმისა, თუ როგორი მკაცრი იყო იგი კვებაში. მოხეტიალე განდეგილები ჩვეულებრივ იაფფასიანი პროდუქტებით იკვებებიან, რომლებსაც სიხარულით სწირავენ სხვები, - ბრინჯით, დალით ან როტით (დაპრესილი კვერებით ხორბლის ფქვილისგან), მაგრამ აღთქმა არ აძლებდა ამ ყველაფრით კვების საშუალებას. მე და სიტა-რამა ბაბა ერთად ვმოგზაურობდით, და ის ყოველდღე დიდი სიამოვნებით თხოულობდა მოწყალებად ბრინჯსა და დალს, აგროვებდა შეშას და ქვებისგან გაკეთებული იმპროვიზირებულ ღუმელში კოცონს ანთებდა. ხოლო როცა საჭმელი მზად იყო, სიყვარულით სთავაზობდა მას უფალი რამას გამოსახულებას, თან ლოცულობდა და მანტრებს კითხულობდა, შემდეგ კი მე მაჭმევდა. მაგრამ ძალიან მაინტერესებდა, თვითონ რას ჭამდა? იმ ხნის განმავლობაში, რაც მასთან ერთად ვიყავი, ერთხელაც არ მინახავს, რომ მოწყალებად მიღებულ რამდენიმე მიწის თხილზე მეტი ეჭამოს. სულ ეს იყო, რისი შეჭმაც შეეძლო ისე, რომ აღთქმა არ დაერღვია. ამასთან სიამოვნებით იღებდა თავის თავზე ყველანაირ ზრუნვას იმისთვის, რომ მე კარგად დავენაყრებინე. ბაბა ამბობდა, რომ ჩვენი სიყვარული ღმერთისადმი ვლინდება იმაში, თუ როგორ ვემსახურებით მის შვილებს.
ერთხელ, როცა სიტა-რამა ბაბა მოწყალებას ითხოვდა კარიდან კარზე, ვიღაცამ ცოტაოდენი ბოსტნეული უწყალობა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. როგორც იქნა შეჭამს რამეს, მოუხალავი თხილის გარდა! მაგრამ როცა ჩემს წინ თავის მიერ მომზადებული საჭმელი დადო, გული შემეკუმშა – დავინახე, რომ მთელი შემოწირული ბოსტნეული ბრინჯში და დალში შეაზავა, თვითონ კი არაფერი დაიტოვა. თვითონ კი ბაბა სრულიად კმაყოფილი ჩანდა. გაოგნებული, ყურადღებით ვაკვირდებოდი, მაგრამ ფალშის ნატამალიც კი ვერ შევამჩნიე მასში. ის აბსოლუტურად გულწრფელი იყო თავის მსახურებაში.
ერთხელ ბაბას ვკითხე: “რატომ დადეთ ასეთი მკაცრი აღთქმები?”
მან მოკრძალებულად მიპასუხა:”ეს სულიერ პრაქტიკაზე კონცენტრაციაში მეხმარება. და მე ბედნიერი ვარ”. ყველაზე საოცარი ისაა, რომ ყველაფერი მართლაც ასე იყო.
ერთხელ, ადრიან დილას, მზის ამოსვლამდე, ტყეში ვიჯექი ხის ქვეშ და ამ საოცარ ადამიანზე ვფიქრობდი. ვერაფრით გამეგო, რისთვის ასრულებდა თავის ასკეზას. ყველა მისი აღთქმა გადაჭარბებულად და არასაჭიროდაც კი მეჩვენებოდა. და მაინც, იგი უდიდეს სიმპათიას და ნდობას იწვევდა ჩემში. ამბობენ, რომ ძალდატანებითი და არაბუნებრივი ასკეტიზმი სასტიკს ხდის ადამიანს. მაგრამ ბაბას ნაზი გული სავსე იყო მორჩილებით, თანაგრძნობით და ერთგულებით. როგორც იესო ამბობდა: “ყოველი ხე ნაყოფით იცნობა”. და თუმცა ბაბა ცოტა უცნაურ ხეს ჰგავდა, მისი მწიფე ნაყოფები ტკბილი გახლდათ.
მასთან ურთიერთობისას ჩემს გონებაში ერთი კითხვა მომწიფდა. იოგების უმეტესობა, რომლებსაც აქამდე შევხვედრილვარ, მედიტირებდნენ ღმერთზე, როგორც უპიროვნო ენერგიაზე. მაგრამ თავად სიტა-რამა ბაბა და და ზოგიერთი სხვა უფლის ყოვლისმოყვარული პიროვნების ფორმაზე მედიტირებდნენ. რამა სევაკა სვამი უფალ რამაში პიროვნებას ხედავდა და როგორც პიროვნებას ისე ემსახურებოდა მას. შრილა პრაბჰუპადაც საუბრობდა უფალი კრიშნას, როგორც ყოვლისმიმზიდველი პიროვნების სიყვარულზე. მაგრამ ნუთუ არ უარყოფს ეს რწმენა იმ იოგებს, რომლებიც ცდილობენ უმაღლეს უპიროვნო სულს შეერწყან? ხომ არ ეწინააღმდეგება ეს ბუდისტების პრაქტიკას, რომლებიც სრულყოფას უპიროვნო ნირვანაში ეძებენ? როცა ბავშვი ვიყავი, მე თვითონაც როგორც პიროვნებას, ისე მივმართავდი ღმერთს, მაგრამ როდესაც ფილოსოფიის შესწავლა დავიწყე, შევამჩნიე, რომ უფრო და უფრო მეტად ვიხრებოდი იმ წარმოდგენისკენ, რომ ღმერთი ყოვლისმომცველი არსია. ერთხელ, როცა მე და სიტა-რამა ბაბა ტყის ბილიკს მივუყვებოდით, ჩემთვის მტანჯველი კითხვა დავუსვი: “მაშ ღმერთი, საბოლოოდ, უპიროვნოა, თუ იგი – პიროვნებაა?”
სიტა-რამა ბაბა მკვეთრად შეჩერდა. მისი ბუჩქივით წარბები მოიქუფრნენ, ხოლო ღრმა ნაოჭებით დაფარულ სახეზე, ტანჯვის გრიმასა გამოესახა: “როგორ შეიძლება ჩვენს უფალს ნაკლები ინდივიდუალობა ჰქონდეს, ვიდრე ჩვენ? მას ყველაფერ აქვს, შეუზღუდავად”. ბაბამ მწუხარედ გააქნია თავი: “მსგავსი ცდომილებები ძალიან მტკენს გულს”.
მისმა რეაქციამ გამაოგნა. მე უფრო და უფრო მეტს ვგებულობდი ამ ფუნდამენტალურ სხვაობაზე უზენაესი უფლის პირვანდელ ბუნებასთან მიმართებაში. ვინაა იგი – უფორმო, უსხეულო ძალა თუ უზენაესი პიროვნება? რაღაც მხრივ ეს იგივე კითხვა იყო, რასაც ჯერ კიდევ ბავშვობაში ვუსვამდი საკუთარ თავს: ვინ არის ღმერთი? ის კეთილი და მზრუნველია, როგორც ჩემი მშობლები, თუ უფორმოა, როგორც ქარი? მთელი ძალით ვცდილობდი გამომეცნო ეს ფილოსოფიური გამოცანა, და ვხვდებოდი, რომ ამ კითხვაზე პასუხი ჩემი გზის არჩევაში დამეხმარებოდა. ამავე დროს ვგრძნობდი, რომ რაღაც დეტალი არ მყოფნიდა ამ თავსატეხის ამოსახსნელად. მე შევხვედრილვარ შესანიშნავ ადამიანებს როგორც ერთი, ასევე მეორე ფილოსოფიის მომხრეებიდან.
მრავალი დღის შემდეგ, როცა მე და სიტა-რამა ბაბა დავშორდით, დავფიქრდი იმაზე, რომ ღმერთისადმი სიყვარულის ძალას სრულებითაც ვერ განვსაზღვრავთ ადამიანის გარეგნობით. ერთი მხრივ, მინახავს წმინდა ადამიანები, რომლებიც სამუშაოზე დადიოდნენ და თავის ოჯახებზე ზრუნავდნენ, მეორე მხრივ კი შემხვდა ეს ექსცენტრიული, ასკეტური განდეგილი, რომელიც ტყეში ცხოვრობდა. მაგრამ რაღაც საერთო მაინც აერთიანებდა ყველა მათგანს: მორჩილება, ღრმა კონცენტრაცია სულიერ პრაქტიკაზე და მსახურების დაუცხრომელი წყურვილი.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff