თავი ოცდამეცხრე
თავი ოცდამეცხრე
თითქმის დილის ხუთი საათი იყო. ნელ-ნელა თენდებოდა. არ ვიცოდით საით წავსულიყავით და რა გვექნა და ბაქანზე ვიდექით მათთან ერთად, ვინც ეს-ესაა ჩამოვიდა მატარებლიდან, და ვინც შემდეგს ელოდებოდა. მთელ ამ არეულობაში ჩემზე რაღაც საოცარი სიმშვიდე დაეშვა. ეს იყო გრძნობა, რომელიც მაშინ გამოვცადე, როცა კაში-ვიშვანათჰას ტაძარში ვლოცულობდი – შეგრძნება, რომ სულ მალე ჩემს ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მომხდარიყო. ბრბოში ცოცხალი მხიარულება სუფევდა. მე და ჰარიმ ერთმანეთს გადავხედეთ და გაგვახსენდა ის ყვავილი, რომელმაც ოდესღაც ევროპაში ჩვენი მარშრუტი განსაზღვრა, და გადავწყვიტეთ, ჯერ ყველაფერი ისე დაგვეტოვებინა, როგორც იყო. რამდენიმე ხნის შემდეგ ბაქანი დაცარიელდა და სიწყნარემ დაისადგურა.
მე რამდენიმე სადჰუ დავინახე, რომლებიც წრიულად ისხდნენ ბაქანზე ჩვენგან ცოტა მოშორებით. ჰარის ვანიშნე, რომ დამლოდებოდა და მათთან მივედი.
“მაპატიეთ, სად ვიმყოფებით ახლა?”
ისე, რომ არაფერი უპასუხია, ერთ-ერთი სადჰუ პირდაპირ თვალებში მიყურებდა, თითქოს დიდხანს მელოდა. ფეხზე წამოდგა და როგორც იქნა წარმოთქვა: “ეს მათჰურაა, ადგილი, სადაც უფალი კრიშნა დაიბადა. დღეს კი ჯანმაშტამია – კრიშნას დაბადების დღე”.
მათი მიწვევის შემდეგ მე და ჰარი მათთან ერთად წავედით ქალაქში – იქ, სადაც ჯანმაშტამს ზეიმობდნენ. როცა მთავარ ჭიშკარს მივუახლოვდით, ხანშიშესული სადჰუ ჩემსკენ შემობრუნდა: “იცით რამე უფალ კრიშნაზე?”
“არც ისე ბევრი”, - ვუთხარი მე. მის შესახებ მხოლოდ ის ვიცოდი, რომ იგი მუქი ლურჯი ყმაწვილი იყო ჩემი სურათიდან და რომ მისი სახელი მაჰა-მანტრაში ჟღერდა, რომელიც განგამ მიმღერა. ასევე ვიცოდი ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ დაამტვრია პატარა კრიშნამ კარაქით სავსე თიხის ქოთანი და როგორ აჭამა ეს კარაქი მაიმუნებს.
“გთხოვთ, მომიყევით მის შესახებ”, - ვთხოვე მე.
სადჰუს სახე სიხარულისგან გაებადრა და მოყოლა დაიწყო: “კრიშნა – ეს სახელია, რომელსაც ერთიან ღმერთს მივმართავთ – სამყაროს განმგებელს. მას არა აქვს დასაწყისი და დასასრული, ის უშობელი და უკვდავია. უფალი თავის უზენაეს სასუფეველში სუფევს, მაგრამ თავისი წყალობის გამო ჩვენთან, ამ სამყაროში იბადება. კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე იგი განსხვავებული სახით მოდიოდა ხოლმე, რათა ხალხისთვის ეჩვენებინა გზა, რომლის მეშვეობითაც მიწიერი ტანჯვისგან იხსნიდა მათ და სულიერ ბედნიერებამდე მიიყვანდა.” ამ სიტყვებით სადჰუმ უზარმაზარი შიგა ეზოს კარი შეაღო, რომელიც მწირების ჯგუფებით იყო სავსე: “აქ, ხუთიათასი წლის წინ უფალი კრიშნა დედამიწას მოევლინა. წამობრძანდით, შემოუერთდით ჩვენს დღესასწაულს”.
იმან, რაც შიგნით დავინახე, კიდევ უფრო გააძლიერა ჩემი ცნობისმოყვარეობა. კრიშნას მიწისქვეშა ტაძრის თავზე უზარმაზარი მეჩეთი აღმართულიყო. “და რატომ დგას კრიშნას დაბადების ადგილზე მეჩეთი?” – ვკითხე სადჰუს.
“ოდესღაც ამ ადგილზე ადი-კეშავას ტაძარი იდგა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტაძარი დედამიწაზე. მაგრამ მეჩვიდმეტე საუკუნეში მუსულმანმა მმართველმა აურანგზებმა დაანგრია ტაძარი და მის ნაცვლად მეჩეთი აღმართა”.
“რატომ?” – გაუკვირდა ჰარის.
პასუხად სადჰუმ მხოლოდ უმწეოდ აიჩეჩა მხრები: “ვფიქრობ, ამით ცდილობდა თავისი რელიგიის უპირატესობა ეჩვენებინა და დამონებული ინდოელებისთვის თავისი ძალის დემონსტრირება მოეხდინა”. მაგრამ წამის შემდეგ მისი სახე მეოცნებე ღიმილმა გაანათა: აქ იგეგმება უდიადესი ტაძრის აღმართვა უფალი კრიშნას სადიდებლად – პირდაპირ ამ მეჩეთის გვერდზე. ის მალე გამოვლინდება. ყოველ შემთხვევაში ეს ადგილი წმინდაა – მიუხედავად ადამიანების ქმედებებისა. ახლა კი ტაძარში შევიდეთ და ზეიმს შევუერთდეთ”.
შიგა ეზოში მართლაც ზეიმის ატმოსფერო სუფევდა. ათასობით მორწმუნე უკვე რიგში იდგა, რათა უფალი კრიშნას პატარა მიწისქვეშა ტაძარში შესულიყო, და მათ კიდევ და კიდევ ემატებოდა ხალხი. ზეიმი სრული სვლით მიმდინარეობდა. ასობით ადამიანი ცეკვავდა, სიმღერებს და ჰიმნებს მღეროდა ბარაბნების, ფლეიტისა და ლითონის თეფშების აკომპანიმენტის ქვეშ; წმინდა წერილების მცოდნენი თავისუფალ ადგილს ეძებდნენ, საიდანაც შეეძლოთ თავისი მიმდევრებისთვის ექადაგათ, იმპროვიზირებულ სცენაზე კი, რომელიც მკაფიო ფერადი ქსოვილით, გირლიანდებითა და მოხატული დეკორაციებით იყო მორთული, თატრის მსახიობები უჩვეულო კოსტუმებში წარმოადგენდნენ კრიშნას დედამიწაზე მოვლინების ისტორიას. ამასობაში ქურუმები ერბოს ასხამდნენ წმინდა ცეცხლში და თან სანსკრიტულ მანტრებს იმეორებდნენ წმინდა ვედებიდან. სიხარულიანი ღიმილითა და სიმღერით დღესასწაულზე შეკრებილი ადამიანები ერთმანეთს ნაირფერ ფხვნილს აყრიდნენ. ისიც კი დავინახეთ, თუ როგორ ცეკვავდნენ ერთად და მხიარულად იცინოდნენ საზეიმო განწყობაში ჩაძირული ინდუსები შუბლზე ტილაკებით და წვერებიანი მუსულმანები. განდეგილებიც ზეიმობდნენ, და ცოტა მოშორებით მჯდარნი, წყნარად კრიალოსანზე იმეორებდნენ მანტრებს. ქადაგებების დროს, სიმღერებში და უბრალოდ საუბრებში ხშირად მოისმოდა სიტყვა “ვრინდავანი”. იგრძნობოდა, რომ ვრინდავანი ძვირფასი იყო მათთვის, ვინც ამ სიტყვას წარმოთქვამდა.
მთელი დღე შთანთქმული ვიყავით საოცარი სანახაობით და ზეიმის სუნსა და ბგერებს ვისრუტავდით. შუაღამის მოახლოვებისას ხალხის ბრბოები იამუნასკენ გაემართნენ და მის ნაპირას მდებარე დვარკადიშას ტაძარი გაავსეს. წმინდა გადმოცემის მიხედვით, კრიშნა შუაღამისას დაიბადა ქალაქ მათჰურაში. და ახლა ყველა იდგა და ამ მომენტის დადგომას ელოდა. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი უკვე გადავსებული იყო, კარებში ხალხის კიდევ ახალი და ახალი ჯგუფები შემოდიოდნენ, და პოლიციელებსაც კი, გრძელი ბამბუკის ჯოხებით, არ შეეძლოთ დაერეგულირებინათ მწირების და მოგზაურების გადაადგილება.
არც ჰარის და არც მე არასოდეს გვინახავს ხალხის ასეთი თავშეყრა. მომხდარზე უკეთ დასანახად ორ სვეტზე ავძვერით ტაძრის დარბაზში და ზემოდან ვუყურებდით ამ საოცარ სანახაობას. უზარმაზარი ბრბო მოლოდინში ზუზუნებდა. და აი, საათმა შუაღამე აჩვენა: სიწმინდის კარები გაიღო და შეკრებილებს თვალწინ კრიშნას საკურთხეველი წარმოუდგა. მწირები ამას სიხარულით სავსე ყიჟინით შეხვდნენ, რომელმაც ხალხს ტალღასავით გადაუარა. სასიხარულო მგზნებარების გამო უკვე აღარავინ აქცევდა ყურადღებას ჭყლეტვასა და ზეწოლას. მოხუცები და ბავშვები, მამაკაცები და ქალები, მდიდრები და ღარიბები – ყველანი ერთ ლოცვად გაერთიანდნენ და საკურთხეველს მიაპყრეს სიყვარულით სავსე მზერა. სოფლის მაცხოვრებელნი მცირე ჯგუფებად მოეწყვნენ და უფალი კრიშნას მოვლინებისადმი მიძღვნილი სიმღერების გალობა დაიწყეს. დანარჩენები კი ამ დროს სიხარულით იცინოდნენ, ცეკვავდნენ და შთაგნებით ყვიროდნენ კრიშნას წმინდა სახელებს. მე და ჰარი, ჩვენს სვეტებს ჩაჭიდებულნი, გაოცებულნი ვიყავით ამ ადამიანების გულწრფელი ენთუზიაზმით.
დილის სამი საათისთვის ადგილი მოვძებნეთ იამუნას ნაპირზე, დასაძინებლად. ჩვენ გვითხრეს, რომ ამ ადგილას – ვიშრამ-გჰატაზე – ოდესღაც თავად კრიშნა ისვენებდა. მეორე დღეს, როცა მათჰურას ქუჩებში ვსეირნობდით, ჩაიხანადან კეთილგანწყობილი შეძახილებით გამოცვივდა ოთხი კარგად ჩაცმული ახალგაზრდა: “ძალიან გვიხარია ჩვენს ქალაქში უცხოელების დანახვა, - თქვა მათში ყველაზე უფროსმა. – ხომ არ ისურვებდით ჩვენს პატივცემულ გურუსთან შეხვედრას?”
“რა თქმა უნდა, - უპასუხა ჰარიმ. – ძალიან კარგი იქნებოდა”.
მაშინ წამომყევით მეგობრებო, - თქვა ამ ადამიანმა და უკან, ჩაიხანაში მიგვიწვია. – ჩვენმა გურუმ დიდი ხანია უარი თქვა მიწიერ სიამოვნებებზე, რათა აბსოლუტური ჭეშმარიტება შეეცნო. გურუჯი – წმინდა წერილების კარგი მცოდნეა; მას შეუძლია ნებისმიერ კითხვაზე გიპასუხოთ. ჩვენ კი – ერთ-ერთნი ვართ მისი ასეულობით მოსწავლიდან ამ ქალაქში. მაპატიეთ, ცოტა ხნით გავალ და დავუძახებ მას”.
რამდენიმე წუთში თავად გურუ გამოჩნდა. ეს იყო ორმოც წლამდე ასაკის მამაკაცი, გადაპარსული თავით. მისი მოძრაობები გამოზომილი და ნატიფი იყო. ლიტერატურული ინგლისურით, სასიამოვნო აქცენტით, მან მოგვიყვა ქალაქ მათჰურას სულიერ მნიშველობაზე. ჩვენდა სასიხარულოდ ღამის გასათევად თავის ტაძარში დაგვპატიჟა. ჩვენ გავყევით მას პატარა ტაძარში, რომელიც უფალი შივას საპატივცემულოდ აღემართათ. ტაძარში დაბრძანებული იყო შივა-ლინგამი, მის უკან კი ფერფლით სავსე ორმოში რკინის სამკაპი იყო ჩარჭობილი. სვამიმ იზრუნა, რომ ჩვენ კარგად მოვწყობილიყავით, ვეგეტარიანული ვახშმით გაგვიმასპინძლდა და ყველა ჩვენს კითხვას უპასუხა.
როცა დაღამდა, სვამიმ ჰარი იატაკზე გაშლილ თივის საწოლამდე მიაცილა, მე კი შემომთავაზა, რომ მასთან ერთად გამეზიარებინა ხის საწოლი. ასეთ პატივცემულ გურუსთან ერთად ერთ დონეზე ძილი ის პატივი იყო, რომელსაც ნამდვილად არ ვიმსახურებდი. ვიფიქრე, რომ მრავალი მისი მოსწავლე ბევრს გადაიხდიდა იმაში, რომ ჩემს ადგილზე აღმოჩენილიყო. სვამი ჩემს გვერდით დაწვა. რაღაც დროის შემდეგ, ღამის სიჩუმეში, ვიგრძენი, როგორ მიზელდა ზურგს.
“რატომ აკეთებთ ამას?” – ვკითხე მე.
“ეს ჩვენი ჩვეულებაა. ასე ვცემთ პატივს ძვირფას სტუმრებს”, - მიპასუხა მან.
მეშინოდა, რომ უმადური გამოვჩნდებოდი, ამიტომ გავჩუმდი. ამასობაში მისი ხელები ჩემს ინტიმურ ადგილებს უახლოვდებოდნენ. მე მძაფრმა ეჭვმა შემიპყრო. აღშფოთებულმა გავწიე მისი ხელები, მაგრამ რამდენიმე წამში კვლავ ვიგრძენი, როგორ მიიწევდნენ მისი ხელები ქვემოთ. მე კვლავ მოვიშორე ისინი.
“ძალიან გთხოვთ, ნუ მზილავთ. მე ეს არ მსიამოვნებს”.
მან ყურში ჩამჩურჩულა: “ჩემი გავლით შენზე უფლის წყალობა გადმოდის. ეს მე არ გეფერები. მე – უბრალოდ ინსტრუმენტი ვარ ღმერთის ხელში. არ უნდა შეეწინააღმდეგო”.
ოთახში ბნელოდა და ცხელოდა. მე ვიწექი და ვიტანჯებოდი. რა მოხდება, იმედები რომ გავუცრუო? შეიძლება როგორღაც დამსაჯოს. გამახსენდა ვასუდევა და მისი სამწუხარო გამოცდილება მის გურუსთან. იქნებ ესეც ფლობს იოგურ შესაძლებლობებს? ყოველ ჯერზე, როცა ეს ადამიანი ცდილობდა მომფერებოდა, მის ხელებს ვიშორებდი. ნუთუ მართლა სტუმართმოყვარეობის ასეთი წესი აქვთ? ყოველ უშედეგო ცდაზე, მისი დაჟინება იზრდებოდა.
ახლა ის უკვე ვნებისგან ქშინავდა და უფრო და უფრო აგრესიული ხდებოდა. ცხადი იყო, რომ უარი არ ესიამოვნებოდა. უკიდურეს ზომამდე მისული, მზად ვიყავი მუშტი მეტაკებინა მისთვის, მაგრამ თავი შევიკავე. როგორ შეიძლება სვამი ვცემო? სადჰუმ არ უნდა იჩხუბოს. და რას მიზამენ მისი მოსწავლეები, თუკი დავარტყამ? წვიმების ტროპიკული სეზონის სიცხისგან ოფლში ვცურავდი, ვიწექი და ვლოცულობდი რომ ღმერთს ამ საშინელი სიტუაციისგან გადავერჩინე. როგორც იქნა გადაწყვეტილება მივიღე. ძალით მოვიშორე იგი და ფეხზე წამოვხტი. გაცოფებულმა მაგრად ჩამავლო ხელები, მაგრამ მაინც მოვიშორე, ხელი ვკარი და გარეთ გამოვვარდი. ჰარის მშვიდად ეძინა მთელი იმ დროის განმავლობაში, სანამ ეს განსაცდელი გრძელდებოდა.
ღამის სიბნელეში რომელიღაც ცარიელი ქუჩის კუთხეს შევაფარე თავი და მხოლოდ აქ ვიგრძენი თავი თავისუფლად. იმაში დასარწმუნებლად, რომ სვამი თავის “სტუმართმოყვარეობას” ჰარისაც არ შესთავაზებდა, მის ოთახს უსაფრთხო მანძილიდან, ღიად დარჩენილი კარიდან ვადევნებდი თვალყურს. გუშაგად ვიდექი, როგორც ჯაჭვით დაბმული ძაღლი, და მზად ვიყავი, თუ საჭირო გახდებოდა, ნებისმიერ მომენტში მივვარდნილიყავი ჰარის დასახმარებლად. სიბნელეში უჩინარი და თავსხმაში გალუმპული, დილამდე თვალმოუხუჭავად ვიდექი ასე.
ნებისმიერ სულიერ გზაზე მოიძებნებიან ისინი, რომლებიც მართლა გულწრფელნი არიან, და ისინიც ვინც უბრალოდ თვალთმაქცობს. ადამიანის სიწმინდე ტიტულით, ტანსაცმლით, ვარცხნილობით ან საცხოვრებელი ადგილით არ განისაზღვრება. ამ ადამიანს სვამის ტიტული ჰქონდა, თავი გადაეპარსა იმის ნიშნად, რომ მიწიერ სიამოვნებებზე უარს ამბობდა, და სადჰუს სამოსი ეცვა; იგი იყო წმინდა წერილების მცოდნე, ტაძრის მთავარი ქურუმი და გურუ თავისი მრავალრიცხოვანი მოსწავლეებისთვის, რომლებიც აღმერთებდნენ მას. და მაინც, მან სცადა, რომ თავისი ხორციელი ვნებების დასაკმაყოფილებლად გამოვეყენებინე. ნამდვილი სიწმინდე არ განისაზღვრება არა რეგალიებით, არამედ ქცევებით. საკუთარი სულიერი ძალაუფლების გამოყენება გულუბრყვილო ადამიანებს ექსპლუატაციისთვის, – მძიმე ცოდვაა. ღმერთს ვევედრებოდი, რომ ამ შემთხვევას არ მოეცა ჩემთვის ეჭვის საბაბი ყველაში, ვინც მართლა ეძებს ღმერთს. ამასობაში ჰარის მშვიდად ეძინა. ორივე ქარიშხალმა – იმანაც, რომელიც შივას ტაძარში დატრიალდა ღამით, და იმანაც, რომელიც გარეთ ბობოქრობდა, - გვერდზე ჩაუარეს.
დილით ჰარიმ ჩემი მონაყოლი მოისმინა იმ ღამეს მომხდარის შესახებ და ძალიან განრისხდა. გურუ, შეპყრობილი ავხორცობით? ჩვენი იდეალიზმი კვლავ შეეჯახა ამ სამყაროს სევდიან რეალობას.
მიუხედავად იმისა, რომ მათჰურაში შევყოვნდით, უწინდებურად გვინდოდა გაგვეგრძელებინა ამარანათჰისკენ მოგზაურობა. მაგრამ იმ დილით, როცა იამუნაში ვიღებდი განბანვას, დაჟინებული სურვილი ვიგრძენი, რომ იქვე ახლოს მდებარე ვრინდავანი მომენახულებინა, რომელზეც ამდენს ლაპარაკობდა გარშემო ყველა. რაღაც აუხსნელი მიზეზების გამო, მარტოს მინდოდა ვრინდავანში წასვლა. მე და ჰარი შევთანხმდით, რომ მომდევნო დღეს კვლავ შევხვდებოდით და ამარანათჰში მოგზაურობას განვაახლებდით.