თავი ოცდამეთოთხმეტე
თავი ოცდამეთოთხმეტე
მალე კვლავ ლოგინად ჩამაგდო დიზენტერიამ – ყველაზე გავრცელებულმა დაავადებამ ინდოეთში უცხოელებს შორის. სისუსტე, გულისრევა და მრავალჯერადი რეიდები საპირფარეშოში, ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. არ ვიცი, რით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი, რომ არა ჩემი მეგობრის, ასიმის თავგანწირული მზრუნველობა. იგი ხშირად მეუბნებოდა, თითქოს თავის მზრუნველობას ამართლებსო: “ბჰაკტი – ესაა მსახურება სიყვარულით და ერთგულებით”. იატაკზე ვიწექი ჩემს ოთახში, ასიმს კი მოხარშული ბრინჯი, იოგურტი და მრავალძარღვას თესლის ჩენჩო [გავრცელებული საშუალება ინდოეთში დიზენტერიის საწინააღმდეგოდ] მოჰქონდა ხოლმე. ყოველ მოსვლაზე დიდი სიყვარულით მიყვებოდა კრიშნაზე და ვრინდავანზე. ამგვარად, ჩემმა ავადმყოფობამ მხოლოდ გააძლიერა ჩვენი მეგობრობა.
ერთ დილას, მივხვდი რომ გამოვჯანმრთელდი, და ასიმმა სასეირნოდ დამპატიჟა სოფლებში, რომლებიც ვრინდავანის შემოგარენში იყო განლაგებული. მან მითხრა, რომ ვრინდავანის შემოგარენს ვრაჯა ეწოდება და რომ კრიშნა ვრაჯის სხვადასხვა ადგილებში აწყობდა თავის თამაშებს. ვრაჯას ტერიტორია მრავალ ათეულ კილომეტრზე იყო გადაჭიმული ვრინდავანისა და მათჰურას გარშემო. აქ, მინდვრებს, ტყეებსა და სოფლებს შორის კრიშნას ხუთიათასი ტაძარი დგას. ზოგიერთი მათგანი ყველაზე განთქმულია ინდოეთში, ზოგიერთის შესახებ კი მხოლოდ ადგილობრივებმა იციან. “გაოცდები, როცა დაინახავ, რა გულწრფელ სიყვარულს განიცდიან ვრაჯაბასები კრიშნასადმი, - მას ლურჯი თვალები აღფრთოვანებისგან გაუფართოვდა. – მაშ, წავიდეთ?”
უკვე რამდენიმე წუთის შემდეგ დანჯღრეული ავტობუსით მივჯაყჯაყებდით. გზის ორივე მხარეს, სანამ თვალი სწვდებოდა, მომწიფებული ხორბლის ყანები გადაჭიმულიყვნენ, და ასევე მდოგვის ყვითელი ველები, რომლებსაც ქარი არხევდა. დროდადრო ავტობუსი ჩერდებოდა, რათა გზის პირას მდგარი ღატაკი გლეხები აეყვანა. ტანსაცმელი გლეხებს დახეული ჰქონდათ, ზოგიერთისთვის თვალი კატარაქტას გაეთეთრებინა; შეიძლებოდა ისეთების დანახვაც, რომლებსაც კანის, ან სხვადასხვა ინფექციური დაავადებები ჰქონდათ. მაგრამ ყველანი ისინი ბედნიერები იყვნენ. ავტობუსში კრიშნას შესახებ სიმღერების მღერა დაიწყეს, თან ტაშს აყოლებდნენ და ცეკვავდნენ. მოხუცი ქალები მუქ გაუხეშებულ სახეზე ღრმა ნაოჭებით, ადგილიდან წამოხტებოდნენ ხოლმე, ხელებს მაღლა აღაპყრობდნენ და ცეკვავდნენ, და ამასთან არ ავიწყდებოდათ, რომ მორცხვად მოეხურათ თავებზე დახვრეტილი სარები. თავისი უშუალობით და აღფრთოვანებით, ისინი ბავშვებს უფრო ჰგავდნენ, ვიდრე ცხოვრებისგან გამობრძმედილ მოხუცებს.
სოფლებში ვრაჯაბასები, მიუხედავად თავიანთი სიღატაკისა, ღიმილს ასხივებდნენ და ერთმანეთს ესალმებოდნენ სიტყვებით “ჯაია რადჰე!” – მიმართავდნენ რადჰას, კრიშნას ქალურ მოწყალე მხარეს. მათთვის ღმერთი მხოლოდ უზენაესი შემოქმედი არ იყო, არამედ ახლო ნათესავიც, რომელიც მათ გვერდით, მეზობლად ცხოვრობდა. ქალები ჭიდან იღებდნენ წყალს მრგვალ თიხის ქოთნებში და თავზეშემოდგმული მიჰქონდათ. გვერდზე ჩავლისას, ღიმილით შემომხედავდნენ ხოლმე და ამბობდნენ: წამოიძახებდნენ: “რადჰე, რადჰე!” მათი თიხის ღუმელებიდან ჰაერში გამხმარი ძროხის ნაკელის კვერების სუნი იფრქვეოდა, რომლებიც საწვავის ფუნქციას ასრულებდნენ. სოფლის მამაკაცები გადაპარსული თმით (ისინი თვეში ერთხელ იპარსავდნენ თავს ღმერთისადმი თავიანთი ერთგულების ნიშნად) ძროხებს მწყემსავდნენ, ყანებს ხნავდნენ და სოფლის ქუჩების გასწვრივ მჯდარნი თავიანთ საქონელს ჰყიდიდნენ. გამხდარი ბავშვები, თვალებგაბრწყინებულნი თამაშობდნენ ბურთით, ან ჯოხებს ატრიალებდნენ. და ყველა გარშემო – მამაკაცები, ქალები და ბავშვები – მიღიმოდნენ და ყვიროდნენ: “რადჰე, რადჰე!” მე ვაკვირდებოდი, როგორ მიდიოდა ასეულობით სოფლის მაცხოვრებელი ტაძრებში, და საჩუქრები მიჰქონდათ კრიშნასთვის – რძე, კარაქი ან ტკბილეულობა. ტაძრებში ვიღაც ლოცულობდა, ვიღაც გალობდა ან მღეროდა, რათა სიამოვნება მიენიჭებინა თავისი უფლისთვის. მივაბიჯებდი რა ამ ჩემთვის ახალ სამყაროში, ვფიქრობდი: ეს ადამიანები რელიგიას მხოლოდ კვირაობით ან დღესასწაულებზე არ იხსენებენ; რელიგია, რომელიც მათი არსი გახდა, მათი ცხოვრების ყველა მხარეს განმსჭვალავს.
ერთხელ, დღისით, მე და ასიმი გორაკზე ვისვენებდით მადანა-მოჰანას ტაძრის გვერდით. ქვემოთ ჩვენს წინ იამუნა მიედინებოდა. ბალახზე ვიჯექით, ჩვენს გარშემო კი მედიტატიურად ბზუოდნენ შავი ფუტკრები. ფეხები გავშალე, წითელი ქვის კედელს მივეყრდენი და ასიმს დავუსვი კითხვა, რომელიც დიდი ხანია არ მასვენებდა: “ასიმ, შეგიძლია ამიხსნა ტაძარში ღვთაების თაყვანისცემის აზრი?” მე მოვუყევი, რომ ჩემი ინდოეთში მოგზაურობის დროს ვხედავდი, რომ პრაქტიკულად ყველა ამ ქვეყანაში ღმერთის გამოსახულებებს ეთაყვანებოდა. იოგები და შივაიტები შივა-ლინგამს და უფალი შივას ქანდაკებებს სცემდნენ თაყვანს, ბუდისტები უფალი ბუდას გამოსახულების წინ ასრულებდნენ რთულ რიტუალებს. “დასავლეთში ეს კერპთაყვანისმცემლობად ითვლება, - ვთქვი მე, - თუმცა თავად ქრისტიანები ლოცულობენ ქანდაკებებთან ან ხატებთან და წმინდა ჯვარცმას ეთაყვანებიან”. მოვუყევი, როგორ მოვინახულე იტალიაში, ასიზიში წმინდა დამიანეს ეკლესია, სადაც იესომ ხის ჯვარცმიდან მოუწოდა ფრანცისკოს: “წადი და აღადგინე ჩემი ეკლესია”. მე ვთქვი: “ებრაელები თორას ეთაყვანებიან, მუსულმანები კი, რომლებიც ასევე განსჯიან კერპთაყვანისმცემლობას, მრავალჯერ ეთაყვანებიან ქააბს წმინდა მექაში”. მე მესმოდა, რომ სხვადასხვა ტრადიციები სხვადასხვაგვარად ხსნიდნენ თაყვანისცემის ამ ფორმების აზრს, მაგრამ ასევე მესმოდა საერთო იდეა: დახმარებოდა ადამიანს ხატ-სახეზე, ან ბგერაზე კონცენტრაციაში, რომელიც მის ცნობიერებას ღმერთთან აკავშირებდა. მე ძალიან მაინტერესებდა გამეგო, რას ფიქრობდა ასიმი კრიშნასადმი თაყვანისცემის თაობაზე.
ამ დროს გვერდით კრიშნადას ბაბაჯიმ ჩაგვიარა, და ჩვეულებისამებრ ხმამაღლა მოგვესალმა: “ჰარე კრიშნა!” ჩვენ კი სიხარულით მოვიხარეთ ქედი მის წინაშე.
თუმცა კითხვა ჩემგან მოდიოდა, ასიმის დუმილმა მიმახვედრა, რომ მას უნდოდა – თავად მივსულიყავი რაიმე დასკვნამდე. “იცი, ვაგრძელებდი მე, - როცა ვხედავ, რა საოცარი ერთგულებით ეთაყვანებიან ღვთაებების გამოსახულებებს ისეთი წმინდანები, როგორიცაა კრიშნადას ბაბაჯი, არ შემიძლია რომ კერპთაყვანისმცემლობას მივაკუთვნო ეს ყველაფერი. ენა არ მიტრიალდება, რომ ასეთ სულიერად ამაღლებულ ადამიანებს კერპთაყვანისმცემლები ვუწოდო. ცხადია, რომ ქანდაკებების თაყვანისცემით ისინი ღმერთისადმი სიყვარულს განიცდიან. ნუთუ იესომ არ თქვა, რომ ხეზე მისი ნაყოფებით უნდა ვიმსჯელოთ?”
ასიმი გამამხნევებლად იღიმოდა, როგორც უფროსი ძმა, შემდეგ კი, ოდნავ წინ წამოიწია და მთხოვა განმეგრძო.
მე ვაღიარე, რომ თავიდან ღვთაებების თაყვანისცემის რიტუალებმა ცოტათი უარყოფითი რეაქცია გამოიწვიეს ჩემში. ისინი უცნაურ ცრურწმენად მომეჩვენა. “მაგრამ მას შემდეგ, რაც დიდი დრო გავატარე წმინდა ადამიანებს შორის, რომლებსაც ღვთაებებთან ურთიერთობის გზით ჰქონდათ ერთიან ღმერთთან ურთიერთობა, მე დავაფასე თაყვანისცემის ამ ფორმის სილამაზე. ახლა მინდა ამ ყველაფრის იმ ფილოსოფიურ საფუძველს ჩავწვდე, რაც წმინდა წერილებშია მოცემული. შეგიძლია დამეხმარო?”
ასიმი ახლოს გადმოჯდა, ტულასის ბუჩქებთან, ღრმად ჩაფიქრებულმა მოისვა ხელი ნიკაპზე და სანამ მიპასუხებდა, რაღაც დროის განმავლობაში ჩუმად იყო. “სინამდვილეში, მე არც ისე კომპეტენტური ვარ, რომ ასეთი რაღაცეები აგიხსნა, მაგრამ იმას გაგიმეორებ, რაც ჩემი გურუსგან მოვისმინე ან წმინდა წერილებში წავიკითხე”. გარშემო ფუტკრები ყვავილიდან ყვავილზე დაფრინავდნენ და ნექტარს აგროვებდნენ, და მეც მოვემზადე, რომ მათსავით დავმტკბარიყავი მისი სიტყვების ნექტარით. “ღმერთი უსაზღვრო და დამოუკიდებელია, - დაიწყო ასიმმა. – ვუარყოთ მისი შესაძლებლობა, რომ ღვთაების ფორმებში გამოავლინოს თავი – მისი უსაზღვროების შეზღუდვის მცდელობაა. ვედები ასევე განსჯიან კერპთაყვანისმცემლობას. ისტორიულად ისე მოხდა, რომ აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ცრურწმენის შედეგად იწყებდნენ მათ მიერ მოგონილი რაიმე ხატ-სახის თაყვანისცემას, ისე რომ ნათელი წარმოდგენა არ ჰქონდათ ერთიან ღმერთზე. ხშირად მათ ამ დროს ანგარებიანი ან არაკეთილი განზრახვები ამოძრავებდათ. სწორედ ამას ეწოდება კერპთაყვანისმცემლობა, რომელსაც ყველგან განიკითხავენ. ბიბლიის და ყურანის დროს კერპების თაყვანისცემა ფართოდ იყო გავრცელებული ათეისტებს შორის. მაგრამ მათ არაფერი ჰქონდათ საერთო იმ ღვთაებების თაყვანისცემასთან, რომლებიც ვედებშია აღწერილი. ვედების თანახმად, ღვთაებების თაყვანისცემა – ეს მეცნიერებაა. ერთგულების მიერ ჩატარებული განსაკუთრებული რიტუალების პროცესში, უფალი თანხმდება, რომ იმ გამოსახულებაში გამოავლინოს თავი, რომელიც მკაცრი წესების თანახმადაა შექმნილი. ამ ფორმით ის ღებულობს ჩვენს მსახურებას და გვეხმარება, რომ გვახსოვდეს იგი, რისი წყალობითაც იწმინდება ჩვენი სხეული, ჭკუა და მეტყველება. ასეთი თაყვანისცემის არსი ისაა, რომ სიამოვნება მივანიჭოთ უფალს ჩვენი ერთგულებითა და სიყვარულით”.
პეპელა მრავალფერი ფრთებით – მეწამულით, წითლით და ყვითლით – ფეხზე დააჯდა ასიმს. იგი გაშეშდა და მისი სილამაზით ტკბებოდა. “შეხედე, - თქვა მან ხმით, რომელიც ოდნავ უკანკალებდა მოწოლილი გრძნობებისგან, - სამყარო – ეს დიდი საგამოფენო დარბაზია ყოველ ნაბიჯზე შედევრებით. როგორ მინდა თავად მხატვრის დანახვა! ყველაფერი ღმერთისგან მომდინარეობს. მატერიალური ელემენტებიც ღმერთის ენერგიაა. თავისი ნებით ღმერთს შეუძლია თავისივე საკუთარ ენერგიაში გამოავლინოს თავი, ღვთაების ხატ-სახეში, რათა დაგვეხმაროს, რომ ჭკუის და გრძნობების მის მსახურებაზე კონცენტრაცია მოვახდინოთ. როგორც ელექტროდენი ავლენს თავს ნათურაში, რათა სინათლე გამოასხივოს, ასევე ღმერთს შეუძლია თავი გამოავლინოს ქანდაკებაში, და შევიდეს მასში. ელექტრო-დენის დანახვა თავისთავად შეუძლებელია, მაგრამ როცა ელექტრო-დენი ნათურაში შედის, ყველა ხედავს სინათლეს. ამის მსგავსად, უფალს შეუძლია თავი გამოავლინოს ღვთაების სახით, რათა დაგვეხმაროს მის დანახვაში და შეგრძნებაში და ჩვენს სიყვარულზე გვიპასუხოს”. ასიმმა გაიღიმა და მკითხა, გასაგებად მიხსნიდა თუ არა.
მე თავი დავუქნიე. ვგრძნობდი, როგორ ჩაიღვარა გულში სიმშვიდე.
* * *
იმ წელს წვიმებმა უხვად მორწყეს ვრაჯას მიწები, და ვრინდავანის ყველა ტყე და საძოვარი უხვი სიმწვანით დაიფარა. დადგა შემოდგომა, და ღამეები უფრო ცივი გახდა, თუმცა დღისით ისევ თბილოდა. რაღაც უჩვეულოს წინათგრძნობით შეპყრობილი, ვაკვირდებოდი, თუ როგორ ემზადებოდნენ ვრინდავანის მაცხოვრებლები თავიანთი ერთ-ერთი უსაყვარლესი დღესასწაულისთვის. ისინი, ვინც ბჰაკტის გზით მიდიან, ზეიმობენ ღმერთის სიყვარულს, პასუხობენ რა მას საკუთარი სიყვარულის სიხარულით სავეს გამოხატულებით მისდამი. ამიტომ ბჰაკტების ყველა დღესასწაული სპონტანურობით გამოირჩევა. სადაც არ უნდა მივსულიყავი, ხალხი სულმოუთქმელად ელოდა სავსემთვარეობას. წმინდა “შრიმად-ბჰაგავატამში” ნათქვამია, რომ ამ ღამით უფალი კრიშნა რასას ცეკვას ატარებდა. ცეკვა რასა, ერთ-ერთი ყველაზე ღრმა გამოხატულებაა სულიერი სიყვარულისა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში შთააგონებდა ინდოელ მხატვრებს, პოეტებსა და დრამატურგებს. დღესასწაულისთვის მზადების დროს მთელი ვრინდავანი გუგუნებდა, სასიხარულო აგზნებით შეპყრობილი. ხალხი ბაზრებზე ყიდულობდა მორთულობებს თავიანთი ტაძრებისთვის, ახალ სამოსს ღვთაებებისთვის და კულინარულ საშუალებებს სადღესასწაულო სუფრისთვის. სავსემთვარეობის ღამეს ყველა ხუთიათასივე ტაძარი მზად იყო ზეიმისთვის. მზის ჩასვლის წინ რამდენიმე მოსწავლე შეიკრიბა ბონ მაჰარაჯის გარშემო ტაძრის შიგა ეზოში, რათა მოესმინათ, თუ როგორ ხსნიდა იგი ცეკვა რასას არსს.
“ამ ცეკვას არაფერი აქვს საერთო მიწიერ ცეკვებთან, რომლებშიც ადამიანები საკუთარი მატერიალური გრძნობების დაკმაყოფილებას ცდილობენ, - ამბობდა ბონ მაჰარაჯი. – თუმცა გარეგნულად გოპები – უბრალო მწყემსები არიან, ისინი განასახიერებენ სულის ღმერთისადმი უდიდეს სიყვარულს, რამეთუ ღმერთის დაკმაყოფილება – მათი ერთადერთი მისწრაფებაა. ეს ცეკვა ყველაზე სრულყოფილ სიახლოვეს გამოხატავს, რომელიც კი შესაძლებელია სულსა და ღმერთს შორის, - სიახლოვეს, თავისუფალს მატერიალური და ეგოისტური სურვილების მცირე ნასახის გარეშე, და უმაღლესი ნეტარებით სავსეს. ამ ღამით, როცა კრიშნა თავისი ფლეიტის ტკბილი ბგერებით იხმობდა გოპებს, ისინი ყველა საქმეს ტოვებენ, და მიუხედავად საფრთხეებისა, რისკის ფასად, რომ განდევნილნი იქნებოდნენ საზოგადოებიდან, ტყეს აფარებენ თავს, რათა უფალი გაახარონ. როცა ისინი უზენაესი უფალის, კრიშნას წინაშე წარსდგნენ, მან აღიარა, რომ უსასრულო ჟამის აღსასრულამდეც კი ვერასოდეს შეძლებდა საზღაური გადაეხადა მათთვის ამ წმინდა ერთგულების გამო. პასუხობდა რა სიყვარულზე, იგი მრავალრიცხოვან ფორმად ავრცელებდა თავს და მთელი ამ უსასრულოდ-ნეტარი ღამის განმავლობაში ყოველ გოპისთან ცეკვავდა, რომლებიც კრიშნასთან თავიანთი მარადიული, სულიერი სხეულებით გამოცხადდნენ”. ბონ მაჰარაჯი ჩამავალი მზისკენ შებრუნდა, და მისმა თვალებმა ჩამავალი მზის ვარდისფერი სხივი დაიჭირა. “რამდენიმე წუთში ზეიმს დავიწყებთ, და ვილოცებთ, რომ ოდესმე ჩვენც შევძლოთ გოპების მაგალითის მიყოლა”.
ტულასის ბაღში ბონ მაჰარაჯის მოსწავლეები მთელი დღე რთავდნენ სავარძელს მრავალრიცხოვანი ერთმანეთში გადახლართული არომატული ყვავილებისაგან. ახლა, როცა დღესასწაულის დრო მოვიდა, მოსწავლეებმა საზეიმოდ გადააბრძანეს ღვთაება საკურთხევლიდან სავარძელზე, რომლის ქვეშაც უკვე ელაგა ჯამები ტკბილეულით და ნამცხვრებით. სავეს მწვანე მთვარე აღმოსავლეთით ამოდიოდა. ვრინდავანში რასაპურნიმას მთვარე წლის ყველაზე ლამაზ მთვარედ ითვლება. ბჰაკტები სპეციალურად ამ დღესასწაულისთვის დაწერილი სიმღერებით ხვდებოდნენ მის გამოჩენას. მთვარე სულ უფრო და უფრო მაღლა იწეოდა და ოქროსფერი სხივებით ანათებდა არე-მარეს. კრიშნადას ბაბაჯი კირტანს მღეროდა, თავის გრძნობებში ჩაძირული, დანარჩენები კი ნეტარებით ჰყვებოდნენ მას.
მე მათ შევუერთდი და რადჰასა და კრიშნას მომაჯადოებელ ფორმებზე მოვახდინე ჭკუის კონცენტრაცია. როცა მთვარე კიდევ უფრო აიწია, მისი ვერცხლისფერი სხივები ყოველ ფოთოლსა და ყვავილს მოეფინა. მარგალიტის ნაზი ნათებით გარემოცულნი, ღვთაებები, ხეები მათ გარშემო, და ჩვენ, რომლებიც ღმერთს ვეთაყვანებოდით, თავადაც თითქოს არამიწიერ შუქს ვასხივებდით. ასე ვმღეროდით თითქმის გათენებამდე, რათა სიამოვნება მიგვენიჭებინა უფლისათვის.
როგორ ღრმად შეძრა ჩემი გული ვრინდავანმა! ტკბილ წამებში, როგორიც ეს იყო, ვფიქრობდი იმაზე, რომ ღმერთის უპირობო სიყვარული – ეს უმაღლესი სულიერი გამოცდილებაა, და აღემატება ნებისმიერ მისტიკურ ძალას, რომელიც სასწაულების მოხდენის საშუალებას იძლევა. განთავისუფლებაც კი, რომელიც ყველა ტანჯვისგან და მღელვარებისგან თავისუფლებას იძლევა, ვერანაირად ვერ შეედრება ამ განცდას. ისეთ სულიერ სიყვარულში, როგორიცაა გოპების სიყვარული, ერთგული ბოლომდე უძღვნის საკუთარ თავს უფალს და ამის წყალობით ღმერთისადმი სიყვარულის მთელ სიტკბოებას გრძნობს გულში.
* * *
ერთ-ერთ ასეთ მთვარიან ღამეს, მაშინ, როცა ღამის ფრინველები გალობდნენ ტაძრის ეზოში, სვამი ბონ მაჰარაჯმა, თავის ხის სკამზე მჯდარმა, უცებ ყურადღებით შემომხედა: “მე კარგად შეგისწავლე რიჩარდ, - მან პაუზა გააკეთა, რათა მოვმზადებულიყავი იმისთვის, რასაც შემდეგ გავიგონებდი. – ამ ღამით მინდა ინიციაცია მოგცე, მოსწავლედ მიგიღო”. მან კრიალოსანი მაჩვენა, რომლის თვლებიც ტულასის ხისგან იყო გამოთლილი: “მე განვწმინდე იგი შენთვის. მზად ხარ ინიციაციის მისაღებად?”
ეზოში გრილი ქარის ნაკადი შემოიჭრა. ჩემი ჭკუა ერთბაშად მადლიერებამ და ტკივილმა შეიპყრო. მაჰარაჯი უდიდეს პატივს მომაგებდა იმით, რომ პირადად მთავაზობდა მის მოსწავლეობას! მაგრამ მისი წინადადების მიღება საკმარისი რწმენის გარეშე, რომ არასოდეს გავუცრუებდი იმედებს, არანაირად არ შემეძლო. “მე იმდენად ვარ დავალებული თქვენგან – ვუპასუხე ათრთოლებული ხმით, - იმ წყალობისთვის, რაც ასე უხვად მოიღეთ ჩემზე. მაგრამ დავიფიცე, რომ არავისგან მივიღებდი ინიციაციას, თუკი ბოლომდე არ დავრწმუნდებოდი, რომ ჩემი გურუს ერთგული დავრჩებოდი მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მე ვთვლი, რომ ჩემი მხრიდან უკიდურესი უპატივცემულობა იქნებოდა თქვენი მოწყალებისადმი, საკუთარ თავზე ასეთი მოვალეობის აღება მაშინ, როცა სათანადო გულწრფელობა არ გამაჩნია”.
ბონ მაჰარაჯის თვალები ცრემლებით აივსო. მან ალერსიანად გადამისვა თავზე ხელი და მითხრა: “მე მომწონს შენი გულწრფელობა. არ დავიწყებ შენს გადარწმუნებას. შენი გულის ხმას უნდა მიჰყვე. მაგრამ აშრამის ყველა ბინადარს უნდა, რომ სულიერი სახელით მოგმართოს, ამიტომ, თუ წინააღმდეგი არ იქნები, მე მაინც მოგცემ სახელს. ეს არ იქნება ინიცირებული მოსწავლის სახელი, არამედ უბრალოდ ალერსიანი მეტსახელი. შენ შეგიძლია ატარო იგი, სანამ ინიციაციის მიღებას არ გადაწყვეტ”. მე თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. “ამიერიდან რათჰინ-კრიშნა დასს დაგიძახებთ. რათჰინ-კრიშნა ნშნავს არჯუნას მეეტლეს”, ხოლო დასი მიუთითებს იმაზე, რომ შენ – მისი მსახური ხარ”.
მადლიერებით განმსჭვალულმა ქედი მოვიხარე მის წინაშე.
“მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა: ყველა წუხს შენი გრძელი და ჩამოძენძილი თმების გამო. იქნებ გადაგეპარსა თმა, როგორც აშრამის დანარჩენ მობინადრეებს აქვთ?”
მე შევღაღადე: “ჩემთვის თმის გადაპარსვა ნიშნავს მოძღვრისადმი მინდობას. და სანამ ასეთ გადაწყვეტილებას არ მივიღებ, არ მინდა ამის ფორმალურად გაკეთება!”
“მაშინ, მოკლედ მაინც შეიჭერი. ჩვენი აშრამის სტუმრებს არ მოსწონთ შენი ვარცხნილობა”.
“თუ ასე გნებავთ, მაჰარაჯ, დავიმოკლებ თმას”, - ჩემმა სურვილმა, რომ სიამოვნება მიმენიჭებინა მისთვის, ყველა სხვა მოსაზრება გადაწონა.
იმავე ღამით, ცნობისმოყვარეობის გამო სარკეში ჩავიხედე. ძალიან დიდხანს არ მინახავს ჩემი თავი სრკეში და არც სავარცხალი მჭერია ხელში. დიახ, ის მართალი იყო: ჩემი ზურგის შუამდე ჩამოყრილი კოსმები არცთუ ლამაზად გამოიყურებოდა. მომდევნო დილით ბონ მაჰარაჯმა ასიმს დაავალა: “წაიყვანე ჩვენი რათჰინ-კრიშნა დალაქთან”.
მთელი გზა, სანამ სადალაქოში მივდიოდით, ასიმი სიცილისგან ხტუნავდა. სადალაქო გამომპალი და დაძველებული ხის ჯიხური აღმოჩნდა, რომელშიც ძლივს დაეტეოდა ოთხი ადამიანი. მე მასიურ ხის სკამზე დავჯექი, დალაქი კი, თვალებდაჭყეტილი უყურებდა ჩემს თმას. დალაქი – ორმოცდაათამდე წლის პატარა და გამხდარი მამაკაცი – წელზე შემოხვეულ გახუნებულ ნაჭერში იყო შემოსილი. “როგორ შევჭრა ასეთი თმა?” – ჩაილუღლუღა მან. ერთი მაკრატელი აიღო, მეორე, მაგრამ ვერაფერი ვერ იღებდა ჩემი თმის ბღუჯას. ბოლოს მან სხვა დალაქებს მოუხმო სათათბიროდ. ისინიც ოხრავდნენ და თავისი კოლეგასავით იძახდნენ: “როგორ უნდა შევჭრათ ასეთი თმა?” ხანგრძლივი დებატების შემდეგ კონსილიუმმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მებაღისთვის დაეძახათ.
მოვიდა მებაღე – მსხვილი დაკუნთული ადამიანი ხშირი შავი ულვაშით. რამდენიმე წუთი ისიც ათვალიერებდა ჩემს თავს, შემდეგ კი თავის საწყობში წავიდა საჭირო ინსტრუმენტის მოსატანად. უკან გიგანტური ჟანგიანი სეკატორით დაბრუნდა, რომელსაც ტოტების მოსაჭრელად იყენებდა. ჩემი თმის შეჭრა უფრო და უფრო რთული პროექტი ხდებოდა, და მებაღემ ნებაყოფლობით აიღო საკუთარ თავზე მთავარი განმკარგულებელის ფუნქცია. აქეთ-იქით იშვერდა ხორციან თითს შავი ჭუჭყით დიდხანს მოუჭრელი ფრჩხილის ქვეშ და ბრძანებებს იძლეოდა: “დაიჭირე მისი თმა და უკან მოქაჩე, - ეუბნებოდა იგი თავის დამხმარეს. – ძლიერად, უფრო ძლიერად მოქაჩე! ასე, ახლა კი მაგრად გეჭიროს”. ვიღაც გამვლელს მოუხმო და უთხრა: “შენ კი სკამზე დააკავე ეს სადჰუ, რომ არ იმოძრაოს” შემდეგ კი დალაქს უბრძანა: “ორივე ხელი მოკიდე ხელი ქვედა სახელურს და ზემოთ აქაჩე. მე კი ზედას დავაწვები”. სრული სერიოზულობით, ამ ოთხმა თავისი სტრატეგული პოზიცია დაიკავა, და სამუშაო დაიწყო. მებაღე და დალაქი იკლაკნებოდნენ, გმინავდნენ და ოფლი სდიოდათ, და მთელი სხეულით აწვებოდნენ სეკატორს ორივე მხრიდან. უსაქმურების ბრბო მომხდარს უყურებდა. კიდევ რამდენიმე ადამიანმა მოინდომა დახმარება, ყველა მათგანი მთელი ძალით აწვებოდა სეკატორს. მე ვხვდებოდი, რომ იმის ტარება მომიწევდა საკუთარ თავზე, რაც დარჩებოდა მას შემდეგ, რაც სეკატორის სამართებლები ერთმანეთს შეეხებოდნენ. მეორე ცდა აშკარად არ იქნება.
მთელი ჯუფი წვალობდა და ოფლში ცურავდა, ცდილობდა რა ჩემი თმის ბღუჯაში შეეღწია. და აი ვიგრძენი, როგორ იჭრებოდა სეკატორის სამართებელი ჩემს კოსმებში და როგორ ეცემოდა ჩემი თმა იატაკზე. მთელი ეს დრო ჩემი მეგობარი ასიმი ხარხარებდა, მუცელი ხელით ეჭირა, თვალებიდან კი ცრემლები სდიოდა სიცილისგან.
შეუპოვარი შრომის ხანგრძლივი წუთების შემდეგ სეკატორის სამართებლები როგორც იქნა ჩაიკეტა. აღსრულდა! იატაკზე, ნაგავივით ეყარა ჩემი ძვირფასი თმა. ოდესღაც ისინი წარმოადგენდნენ ჩემი პროტესტის სიმბოლოს ომების, რასობრივი დისკრიმინაციის და საზოგადოების ფალშის წინააღმდეგ. ახლა კი დალაქები უცერემონიოდ თელავდნენ თავიანთი ფეხსაცმლით ჩემს იდეალებს და სიწმინდეებს. ის მცირეოდენი, რაც ჩემს თავზე დარჩა, ახლა უკვე ცოტათი მიფარავდა კისერს. საეჭვოა, რომ ვინმე სხვას, კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე ეტრაბახა ასეთი “მოდური” ვარცხნილობით. მაგრამ საქმე გაკეთებული იყო. მებაღემ და დალაქმა ამაყად მომაწოდეს სარკე. “ყველაფერი მზადაა. ჩაიხედეთ გეთაყვა. მოგწონთ?” ხელისგულები შევატყუპე, მადლობა გადავუხადე, მაგრამ ვამჯობინე, სარკეში არ ჩამეხდა.
* * *
დაბრუნებისას სიურპრიზი გველოდა: აშრამში ორი საინტერესო ამერიკელი იჯდა. ერთ მათგანთან, დევიდთან, მაშნვე გამოვნახე საერთო ენა. ეს გულწრფელი და ჭკვიანი ყმაწვილი ცოტა ხნის წინ ალან უოტსის პირადი მდივანი და მეგობარი იყო, ცნობილი მწერლისა, რომლის წიგნებშიც შერწყმული იყო აღმოსავლური მისტიციზმი და დასავლური ლოგიკა. დევიდი, ისევე როგორც ასიმი, გულით საუბრობდა და სხვების მოსმენა უყვარდა. ჩვენ საათობით ვსაუბრობდით ცხოვრების აზრზე.
ერთ დღეს, აშრამში, დასავლეთ ბენგალიიდან ბონ მაჰარაჯის ხუთი უფროსი მოსწავლე გვესტუმრა. ჯგუფს ხელმძღვანელობდა ვინმე ჯაგანათჰი, მაღალი, მოვლილი მამაკაცი თავდაჯერებული სიარულის მანერით. თავის ქალაქში იგი ერთდროულად იყო სკოლის დირექტორი და ქალაქის სამმართველოს ხელმძღვანელი, თუმცა, მიუხედავად მაღალი პოსტისა, ძალიან მოკრძალებული გახლდათ. თუმცა იგი ასაკით მამაჩემზე უფროსი იყო, ჩვენ მალე დავმეგობრდით. ერთხელ, დილით, ჯაგანათჰამ თავის თანამგზავრებთან ერთად დევიდის ხელში ფოტოკამერა შეამჩნიეს. “სერ, ძალიან გთხოვთ, გადაგვიღეთ ყველას ერთად”, - თხოვა ერთ-ერთმა მათგანმა, და ისინი ტაძრის ფონზე დადგნენ, სურათის გადასაღებად მომზადებულნი.
დევიდი ჩემსკენ შემობრუნდა და მიჩურჩულა: “აქ ბოლო კადრია დარჩენილი. მეტი ფირი აღარ მაქვს. ამ კადრს რაიმე განსაკუთრებულისთვის ვინახავ. რა ვქნა? ისინი უკვე პოზიორობენ”. ჩვენ გადავწყვიტეთ თავი მოგვეჩვენებინა, თითქოს ფოტოს ვიღებდით, და ობიექტივის გახსნის ტკაცუნით ფოტოს გადაღების იმიტაცია გავაკეთეთ. შემდეგ, ვითომც აქ არაფერი, ჩვენ-ჩვენ საქმეებს დავუბრუნდით.
მეორე დღეს, გაკვირვებული ვუყურებდი, როგორ იდგა ჯაგანათჰა მოშორებით და ჩუმად ტიროდა. მის მეგობართან მივედი: “რამ დაამწუხრა ასე ჩვენი ჯაგანათჰი?”
მან მწველი მზერით შემომხედა: “შენმა საქციელმა”.
“და რა ჩავიდინე ასეთი?” – ვუპასუხე მე და არც კი ვიცოდი რა მეფიქრა.
“გუშინ, როცა ვპოზირებდით, შენ თავი მოგვაჩვენე, თითქოს ფოტოს გვიღებდი. ამას ორპირობა ჰქვია. არ გრცხვენია, ასეთი შეურაცხყოფა რომ მოგვაყენე?”
მე ჯაგანათჰას მივვარდი, რომ პატიება მეთხოვა, მაგრამ მან არაფერი მიპასუხა. მეორე დღეს კვლავ ვეხვეწებოდი, რომ ეპატიებინა ჩემი სიბრიყვე. მან თვალებში შემომხედა ხანგრძლივი სევდიანი მზერით: “შენ კრიშნას ემსახურები, - თქვა მან. როგორ შეგიძლია ასე უპატივცემულოდ მოეპყრა სხვა ადამიანს? ნუთუ არ იცი, რომ უფალი ჩაიტანია ბალახის მსგავს უბრალოებას და მორჩილებას, და სხვებისადმი პატივის მიგებას გვასწავლიდა? ორპირობა – საშინელი სენია”. თვალებზე ცრემლი მოადგა, და შებრუნდა. ზემოთ აიხედა და განაგრძო: “მე გენდობოდი როგორც ერთგულს, მაგრამ მოლოდინი გამიცრუე. ამიტომაც ვტირი. შენზე ვტირი ჩემო მეგობარო, იმიტომ რომ ასე ცოტა იცი. ნამდვილი ერთგული არასოდეს მოეპყრობა სხვას ასე მდაბლად”.
იგი გადამეხვია, შემდეგ კი წავიდა.
საკუთარ თავს ვკიცხავდი, მდინარისკენ მივდიოდი და ვცდილობდი გავრკვეულიყავი, რა მოხდა.
ჩვეულებრივ ადამიანებს შორის მსგავსი წვრილმანი შეუმჩნეველი დარჩებოდა. მაგრამ ერთგულებში ყველაზე მეტად პატიოსნება და გულის სირბილე ფასდება. არც ისე ადვილია ერთგულების კულტურის ათვისება, მაგრამ მისი წყალობით ჩვენი გულის ველი ნაყოფიერი ხდება, და ნამდვილი სიყვარულის თესლი თავის აღმონაცენს იძლევა მასზე.
* * *
ორ თვეზე მეტი ასიმის, კრიშნადას ბაბაჯის და ბონ მაჰარაჯის სასიამოვნო საზოგადოებაში გავატარე. ბონ მაჰარაჯს მეტჯერ აღარ წამოუწყია საუბარი ინიციაციაზე, მაგრამ აშრამში ცხოვრობდა ერთი ბერი, რომელზეც ძალიან იმოქმედა მისი გურუსგან ინიციაციის მიღებაზე ჩემმა უარმა. ერთხელ მან თავის ოთახში მიმიხმო და ჩემდამი ზიზღის დაუფარავი განწყობით მითხრა: “მხოლოდ შეხედე საკუთარ თავს! – მლანძღავდა იგი. – შენ მატერიალური ცხოვრება მიატოვე განდეგილის ცხოვრების წესისთვის. მაგრამ მანამ, სანამ გურუსგან არ მიიღებ ინიციაციას, შენ ვერანაირი სულიერი ცხოვრება ვერ გექნება”. თვალები მოჭუტა და ხმა აუკანკალდა: “იცი, რა მოსდით მათ, ვინც ისე კვდება, რომ ვერც მატერიალური და ვერც სულიერი ცხოვრებით ვერ ცხოვრობს?” მე ჩუმად შევცქეროდი.
“იცი?!”
“არა”, - ბორძიკით ვუპასუხე.
იგი თავისი ადგილიდან წამოხტა და თითი სახეში მატაკა: “ასეთი ადამიანი მოჩვენება ხდება! მე შენ გეუბნები. შენ მოჩვენებასავით ცხოვრობ. თუკი მოულოდნელად მოკვდები, ათასობით წელი დაიტანჯები და იხეტიალებ, როგორც მოჩვენება!” იგი დაჟინებით მიყურებდა. “რატომ თვლი ჩვენი გურუს წყალობას იაფფასიანად? ან უნდა გახდე მისი მოსწავლე, ან მოშორდე აქედან!”
მე თვალები დავხარე და სევდიანად ვუთხარი: “მაპატიეთ. მე წავალ”. როცა დავბრუნდი, ჩემი ჩანთა ჩავალაგე, შესაწირის თასი ავიღე და ჭიშკრისკენ გავემართე. გამოსვლისას შიგა ეზოში მჯდარი ბონ მაჰარაჯი შევამჩნიე. მასთან მივედი, მის ტერფებს ვემთხვიე და გზის დალოცვა ვთხოვე.
მან გაკვირვებულმა შემომხედა:
“მიდიხარ ჩვენგან? რატომ?”
“მაჰარაჯ, არ მინდა, რომ შეურაცხყოფა მოგაყენოთ ჩემი აქ ყოფნით”, - და მოკლედ მოვუყევი ახლახანს მოსმენილი ქადაგება.
სახეზე აღშფოთება აღებეჭდა: “ვინ გითხრა ასეთი სისულელე?” მე სახელი ვუთხარი.
მაშინ მაჰარაჯმა მოსიყვარულე მამის სინაზით წარმოთქვა: “მე არასოდეს მიფიქრია შენზე ასე. შენ გულწრფელი ერთგული ხარ. ისე მიყვარხარ, როგორც საკუთარი შვილი. შეურაცხყოფა არ მოგიყენებია ჩემთვის. პირიქით, სიხარულს მანიჭებდი მთელი ამ ხნის განმავლობაში. დარჩი ჩვენთან, რამდენ ხანსაც გაგიხარდება. და, დარწმუნებული იყავი, რომ ამიერიდან აღარავინ ეცდება შენზე ზეგავლენის მოხდენას”.
მე მადლობელი ვიყავი მაჰარაჯისადმი მისი სიკეთის გამო. მაგრამ მაინც, ამ შემთხვევამ მიმიყვანა აზრამდე, რომ დრო მოვიდა – გზა განმეგრძო. არ მინდოდა მაჰარაჯის მოსწავლეების დამწუხრება. ბოლოს და ბოლოს, მე ჯერ კიდევ ძიებაში ვიყავი, გურუს აშრამში კი მხოლოდ მის ერთგულ მოსწავლეებს შეუძლიათ ცხოვრება. ბონ მაჰარაჯისადმი პატივისცემის და მისდამი სიყვარულისა და ბრძნული დარიგებების გამო კიდევ რამდენიმე დღით დავრჩი. შემდეგ, მივიღე რა მისი კურთხევა, ვრინდავანის ტყეებისკენ გავეშურე.