თავი ოცდამეთხუთმეტე
თავი ოცდამეთხუთმეტე
რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე ვრინდავანის აყვავებულ ტყეში ცხოვრებაა! მდინარე იამუნა სტუმართმოყვარედ მთავაზობდა თავის ნაპირებს, და მე კვლავ უსახლკარო მოგზაური გავხდი, და ტვირთად არ მაწვა არაფერი, გარდა ორი ცალი ნაჭრისა, რომელსაც სამოსელად ვხმარობდი. ყოველ ჯერზე ახალი ხის ქვეშ მეძინა, და განმარტოება კვლავ ჩემი სასურველი მეგზური გახდა.
ხშირად ვათენებდი ღამეს ჩირ-გჰატასთან, კადამბას ბებერი ხის ქვეშ. ამ წმინდა ადგილას უხსოვარი დროიდან მოდიან ისინი, ვისაც ღმერთის წმინდა სიყვარულის მოპოვების სურვილი აქვს. ისინი ლოცვებს აღუვლენენ კრიშნას, რომ უმეცრების საფარისგან გაანთავისუფლოს მათი სულები, და ტრადიციულად ამ ხის ტოტებზე ქსოვილის ნაჭრებს აბამენ ხოლმე. კადამბას ხე ვრინდავანში წმინდად ითვლება. მისი ოქროსფერი ბურთის ფორმის ყვავილები ასეულობით პაწაწინა ფურცლით, ტკბილ და დამათრობელ არომატს აფრქვევენ და მხოლოდ თავისი სახითაც კი ახარებენ გულს. ეს ყვავილები კრიშნას ოქროსფერ კანიან რადჰას აგონებენ, ამიტომ კადამბას ხე ძალიან ძვირფასია მისთვის. ყოველ საღამოს მუხლს ვიყრიდი ამ ხის ქვეშ და კრიშნას ვთხოვდი, რომ მორჩილება და ერთგულება მოეცა ჩემთვის. შემდეგ, მდინარის ნაპირას გაწოლილი, მთელი სხეულით შევიგრძნობდი მიწის სიგრილეს, და ასე ვიძინებდი. ჩემი ლოგინი წმინდა მიწა იყო, ზეწარი – ვარსკვლავიანი ცა, მაღვიძარა კი – ტაძრების ზართა შორეული გადაძახილი.
ყოველ დილით განთიადამდე, ოთხ საათზე ვიღვიძებდი და მას შემდეგ, რაც მუხლს ვიყრიდი წმინდა მიწის წინაშე, წმინდა იამუნას წყლებში შევდიოდი. ნოემბერი ახლოვდებოდა, და იამუნა სულ უფრო და უფრო ცივი ხდებოდა. ხშირად, ყელამდე წყალში შესული, ვიდექი, ვკანკალებდი და ვიხსენებდი ბავშვობის საყვარელ სიმღერას: “იორდანის მდინარეში – ყინულივით წყალია, მაგრამ სულს ის ყოველთვის ათბობს”. დანაკლისების გადატანა რაღაც ამაღლებულისთვის და ფასეულისთვის – აი ჭეშმარიტი სიამოვნება, - ვფიქრობდი მე. კვლავ და კვლავ ვიძირებოდი თავით წყალში და ვმედიტირებდი სხეულის, ჭკუისა და სულის განწმენდაზე. შემდეგ ჩუმად ვიდექი ცის ქვეშ, რომელზეც ჯერ კიდევ კიაფობდნენ ვარსკვლავები, და ჩემი გულის განწმენდისთვის ვლოცულობდი. ასეთი მედიტაციით იწყებოდა ჩემი ყოველი დღე. განსაკუთრებულ სიახლოვეს ვგრძნობდი ღმერთთან. კვლავ ნაპირზე ასული, ნაჭრის შემოსახვევს ვიხსნიდი, ვწურავდი და კვლავ ვიხვევდი. იქვე, ნაპირზე, ვიმეორებდი ჰარე კრიშნა მანტრას, ტულასის ხის ბურთულებზე. ასე გადიოდა ჩემი ყოველი დილა, და უფალს ვევედრებოდი, რომ ეს გამოცდილება არასოდეს წაშლილიყო ჩემი მეხსიერებიდან.
ორმა თვემ გაირბინა. ერთხელ, მწუხრის ჟამს, წმინდა კადამბას ხის ქვეშ დავჯექი და მამას წერილი მივწერე.
ძვირფასო მამა,
ჩემმა ხანგრძლივმა ძიებამ ვრინდავანში მომიყვანა. აქ ვიპოვე ის, რასაც, როგორც ჩანს მივიღებ ჩემს გულში, როგორც უზადო ჭეშმარიტებას. აქამდე მე მხოლოდ ვეძებდი იმ ადგილს, სადაც ჩემი გული მიხმობდა. ბოლო ნახევარ თვეში უდიადესი საგანძური გამეხსნა, რომლის გაგებაც აქ, ვრინდავანშI შეიძლება. დამიჯერე, აქ სიამოვნებისთვის ან კარგი დროსტარებისთვის არ ვარ. აქ იმისთვის ვარ, რომ ჩემი პასუხისმგებლობით და გულწრფელობით აღვასრულო მისია, რომლისგანაც არ ძალმიძს განდგომა. შენ იცი, რომ არასოდეს განზრახ არ მომიყენებია შენთვის ტკივილი. გთხოვ, გამიგე, რომ ეს მოგზაურობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემს ცხოვრებაში.
სიყვარულით,
რიჩარდი
ვრინდავანი, ოქტომბერი 1971 წ.
ერთ მშვიდ საღამოს იამუნას ნაპირას მივსეირნობდი. პატარა ფეხშიშველი ბიჭუნები დახეული შორტებით და გამხდარი გოგონები კრიკეტს თამაშობდნენ, მოხერხებულად ურტყამდნენ ჯოხით ბურთს და წკრიალა ხმით იცინოდნენ. სხვა ბავშვები ჯოხებს იქნევდნენ და ძროხებს, კამეჩებს, თხებსა და ცხვრებს მწყემსავდნენ. გვერდით ქალები ჩაივლიდნენ ხოლმე ხორბლის კალათით თავზე და მორცხვად სარით იფარავდნენ პირისახეს. ჩემს მარჯვნივ კრიშნადას ბაბაჯი შევამჩნიე. იგი ხის ქვეშ იჯდა და ძლივს გასაგონად იმეორებდა ღმერთის სახელებს. როგორც კი შემამჩნია, მიწაზე დააკაკუნა ხელი, იმის ნიშნად, რომ თავისთან მიწვევდა. ჩვენ დიდხანს ვიჯექით ჩუმად და ვაკვირდებოდით, როგორ გადაჰყავდა მენავეს ხალხი ერთი ნაპირიდან მეორემდე. რაღაც დროის შემდეგ ბაბაჯიმ ნახევარი ხმით წარმოთქვა: “ამ ტამარინდის ხის ქვეშ რადჰას და კრიშნას უყვარდათ შეხვედრა”.
გადავწყვიტე ამის შესახებ დაწვრილებით გამომეკითხა. “ბაბაჯი, აქ ყველას ასე ძალიან უყვარს რადჰა… ძალიან გთხოვთ, მომიყევით მის შესახებ”.
რადჰას სახელის გაგონებისთანავე მისი თვალები ცრემლით აივსო. ქუთუთოები დაუშვა, წინ გადაიხარა და თქვა: “წმინდა წერილები და წმინდანები გვასწავლიან, რომ ღმერთი ერთია, მაგრამ ამავე დროს იგი საკუთარ თავში მამაკაცურ და ქალურ საწყისებს აერთიანებს. კრიშნა – მამაკაცური საწყისია, რადჰა კი – ქალური ენერგია. სულიერ სამყაროში ერთიან ღმერთს ყოველთვის აქვს ყველა ეს ფორმა. სიყვარული სიყვარულის ობიექტსა და შეყვარებულს – კრიშნასა და რადჰას შორის – ყველანაირი სხვა სიყვარულის ღვთაებრივი წყაროა”.
“ბაბაჯი, - ვკითხე მე, - და როგორ შეესაბამება ერთმანეთს სიყვარული ღმერთის მამაკაცურ და ქალურ საწყისებს შორის, და ის სიყვარული, რომელსაც ადამიანები მატერიალურ სამყაროში განიცდიან ერთმანეთის მიმართ?”
კრიშნადას ბაბაჯიმ მიპასუხა: “ილუზიით, მაიათი დაფარულნი, ჩვენ ვივიწყებთ ღმერთისადმი ექსტატიურ სიყვარულს, რომელიც თვით ჩვენი სულის ბუნებას წარმოადგენს. მიწიერი სიყვარული – მხოლოდ ფერმკრთალი ანარეკლია ღვთაებრივისა. ჩვენ ყველგან ვეძებთ ნამდვილ სიყვარულს, და გვავიწყდება, რომ ის ჩვენს გულში ცოცხლობს”. შეუძლებელია იმ მორჩილების აღწერა, რომლითაც ბაბაჯი ამ სიტყვებს წარმოთქვამდა. მან თავისი ჭაღარა წარბები ასწია, და ხმა აუკანკალდა: “კრიშნა ოცნებობს, რომ თავისი ერთგულის სიყვარულით იყოს დატყვევებული, და რადჰას უმიზეზო წყალობის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ ასეთი სიყვარული. რადჰა – ეს აბსოლუტის მოწყალე ბუნებაა, სულიერი სიყვარულის თავდაპირველი წყარო”.
რადჰას – ღმერთის ქალური ენერგიის იდუმალება – დიდი ხანია მიზიდავდა, და თან გამუდმებით მისხლტებოდა ხელიდან. ვერც წიგნებმა, რომლებსაც აქამდე ვკითხულობდი, ვერც სადჰუებმა, რომლებიც ჩემს გზაზე შემხვდნენ, - ვერავინ ვერ მომამზადა იოგას წმინდა საიდუმლოს გახსნისთვის: ბჰაკტის, ღვთაებრივი სიყვარულის საიდუმლოსი. და აი ახლა, მე გამეხსნა, რომ ამ საიდუმლოს შემნახველი და მატარებელი – რადჰაა. პირველად გავიგე, რომ ყველა ამ ვრინდავანელმა წმინდანმა, აბსოლუტის თავიანთ ძიებაში სულის იმ ყველაზე დაფარულ სფეროებს მიაღწიეს, რომლებიც სხვებისთვის მიუწვდომელია.
მათ მიერ გახსნილი საიდუმლო იმაში მდგომარეობდა, რომ არსებობს რაღაც უფრო მეტი, ვიდრე მიწიერი სიამოვნებანი ან ღმერთთან სულიერი შერწყმაც კი. ერთგულების გზას იქ უნდა მიეყვანა ისინი, სადაც მარადიულად გრძელდება სულის დამათრობელი ცეკვა – სიყვარულის დაუსრულებელი ზეიმი. და რადჰა – ისაა, ვინც ამ წარმოუდგენლად ტკბილ სამეფოში შესვლის საშუალებას აძლევს სულს.
ვრინდავანელ იოგებს ყოველთვის სწყურიათ, რომ რადჰას წყალობა მოიპოვონ, და მხოლოდ ამით აიხსნება მათი ღრმა, არაყალბი მორჩილება. უარს ამბობენ რა საკუთარ თავში მისტიკური შესაძლებლობების განვითარებაზე, ისინი ღვთაებრივი სიყვარულის ოკეანეში იძირებიან. ბჰაკტის – უპირობო სიყვარულის იოგას – ძალიან ღრმა თეოლოგიამ დაატყვევა ჩემი გული და მონუსხა ჩემი ჭკუა. იგი შუქს ჰფენდა ჩემს მრავალრიცხოვან კითხვებს: როგორც იმათ, რომლებიც უკვე დავსვი, ასევე იმათ, რომელთა დასმაც წინ მელოდა. თუმცა მე ჯერ კიდევ ვეჭვობდი, რომელი გზისთვის უნდა მიმეძღვნა ჩემი ცხოვრება, ჩემი გული უფრო და უფრო იხრებოდა ბჰაკტისკენ.
კრიშნადას ბაბაჯიმ კურთხევა მომცა, წამოდგა და ნაპირს გაუყვა. მე კი ვიჯექი, იამუნას წყალს ვუცქერდი და ღმერთის ქალური ასპექტის მისტერიაზე ვფიქრობდი. ქრისტიანულ ეკლესიაში მარიამის, იესოს დედისადმი თაყვანისცემა, შთაგონებას აძლევდა ხალხს ღვთაებრივი სიყვარულისთვის და განხეთქილებებამდეც კი მიჰყავდა ხალხი. მარიამ მაგდალინელის გამოცანამ საიდუმლო რელიგიური ორდენები, ფარული სიმბოლიკა და მრავალრიცხოვანი ჩახლართული ინტრიგა ჩამოაყალიბა. იუდეველები შჰინას, უფლის დიდებას, ან როგორც კიდევ უწოდებენ შაბატის პატარძალს, ღმერთის ქალურ გამოვლინებად თვლიან. იგივე აზრის არიან კაბალას მიმდევრებიც. ზოგიერთი სუფისთვის ღვთაებრივ ქალურ საწყისს ფატიმა განასახიერებს. ახლა კი მე აღმოვაჩინე, რომ უძველესი ვედური ტრადიცია ყოველთვის აღიარებდა ღმერთის მოწყალე ქალურ ჰიპოსტასს.
იამუნას ვუმზერდი და ვფიქრობდი, როგორ ხშირადაა, რომ წარმოდგენა ყოვლისშემძლე და ძლევამოსილ ღმერთზე გვიფარავს სულიერების ამ მოწყალე, თანაგრძნობით სავსე მხარეს, რომელიც სულს კვებავს. იქ, იამუნას ნაპირზე, მე პირველად გამეხსნა ღვთაებრივი ბუნების ქალური ასპექტის მნიშვნელობა.
* * *
მიახლოებით მაშინვე, როცა აშრამი დავტოვე, იქიდან ჩემი მეგობარი ასიმიც წამოვიდა. როგორც ჩანს იგი სულშეხუთული იყო აშრამის დაძაბული ატმოსფეროს გამო, სადაც მას მრავალი მოვალეობა დაეკისრა, ხოლო ჩემმა ძალიან ასკეტურმა, მაგრამ თავისუფალმა ცხოვრებამ კონტრასტის გამო ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე. ჩვენ ხშირად ვხვდებოდით და ვრინდავანის ტყეებში, კრიშნას მშობლიურ სახლში დავხეტიალობდით. ერთ-ერთ მზიან დღეს ბანიანის ხის ჩრდილქვეშ ვიჯექით და ვსაუბრობდით, როცა უეცრად ვიღაცის ძლევამოსილი საზოგადოება ვიგრძენით. როცა შევბრუნდით, დავინახეთ ადამიანი, რომელიც ჩვენს ზურგს უკან იჯდა. საიდან გაჩნდა? შეუძლებელი იყო მისი ასაკის განსაზღვრა: იგი ერთდროულად მოხუცსაც ჰგავდა და ახალგაზრდასაც. მისი ერთადერთი ტანსაცმელი სხეულზე შემოხვეული თეთრი ქსოვილის ნაჭერი იყო. თმის კულულები ზურგზე სცემდა, ხოლო მრგვალ, წვერით დაფარულ სახეზე უზარმაზარ თვალები უბრწყინავდა. იგი ფართოდ, ბავშვურად იღიმებოდა. “ნებისმიერი, ვინც ვრინდავანში მოდის, - წარმოთქვა მან, - მაშინვე კრიშნასთან შედის კავშირში. სხვები ღმერთს, როგორც უდიადეს მეფეს ეთაყვანებიან, მაგრამ აქ, ვრინდავანში… - მან გარშემო მიმოიხედა და ხელი ტყისკენ გაიშვირა, - აქ კრიშნა თავის საკუთარ სახლშია. და იგი აქ ისე გვიყვარს, როგორც ჩვენი მეგობარი, ბავშვი ან შეყვარებული”.
ჩვენ იმ მხარეს გავიხედეთ, საითაც ხელი გაიშვირა, და ხეებს მიღმა მოცისფრო შეფერილობის ცხოველი დავინახეთ, რომელიც ველურ ძროხას წააგავდა. ყველაფერი ეს უკვე ზღაპარს მაგონებდა. სუნთქვა შეგვეკრა. “თავდაპირველად, - აგრძელებდა იგი, - ჩვენ ვსწავლობთ გვიყვარდეს ღმერთი როგორც ყოვლისშემძლე შემოქმედი, დამანგრეველი და მხსნელი. მაგრამ ღმერთს შეუძლია ყველაზე ნაზი, ყველაზე სრულყოფილი შეყვარებულიც იყოს. წმინდა წერილებში ნათქვამია, რომ ცელქი და მოთამაშე კრიშნა ვრინდავანში – სილამაზის და სიტკბოების კვინტესენციაა”. შემდეგ სადჰუმ, რომელიც თითქოს ჰაერიდან გაჩნდა ჩვენთან, ფეხზე წამოდგა და თქვა: “წამოდით, ისეთ ადგილებს გიჩვენებთ, რომლებიც სამუდამოდ დარჩება თქვენს მეხსიერებაში”.
ჩვენ მაშინვე გავყევით. ტყე გადავიარეთ, შემდეგ მდინარის გასწვრივ მივდიოდით ერთი ტაძრიდან მეორემდე. ადგილობრივი მაცხოვრებლები და ტაძრის ქურუმები მოწიწებით ესალმებოდნენ ჩვენს გიდს. უცებ ასიმმა მკითხა: “სად გაქრა? მე მიმოვიხედე. სადჰუ გამქრალიყო და მარტონი მივეტოვებინეთ ძველ ტაძარში. ასიმმა ხანშიშესულ ღვთისმსახურს ჰკითხა: “გვითხარით, ვინ იყო ეს სადჰუ, რომელიც ჩვენთან ერთად იყო ახლა?”
ღვთისმსახურმა ფართოდ გააღო პირი და თვალები. სახეზე მოწიწებული გამომეტყველება გამოეხატა: “ო, თქვენ არ იცით?” მან განმარტოებულ ადგილას გაგვიყვანა და გვიჩურჩულა: “თქვენთან ერთად შრიპად ბაბა იყო. არავინ იცის რამდენი წლისაა და სად ცხოვრობს. მას არ აქვს სახლი და ყველგან დახეტიალობს ღმერთისადმი სიყვარულის ტრანსში, ხან ჩნდება და ხან ქრება”.
თითქმის ყოველდღე, როცა მე და ასიმი ვსეირნობდით, სადმე ახლოს იდუმალი გზით გაჩნდებოდა ხოლმე შრიპად ბაბა. გაუგებარი იყო, როგორ გვპოულობდა. იგი არასოდეს იტვირთავდა თავს მოსალმებით ან დამშვიდობებით. ხანდახან გვეჩვენებოდა, რომ მუდამ ჩვენს გვერდით იმყოფებოდა – ხილულად ან უხილავად.
როცა შრიპად ბაბას ვრინდავანის ტყეებში დავყავდით, იქმნებოდა შეგრძნება, რომ მან ყველაფერი იცოდა ყოველ მთაზე, ბორცვზე, ქვაზე და ქვიშის ნამცეცზეც კი ვრინდავანში და მის შემოგარენში. მრავალი დღის განმავლობაში ვხეტიალობდით მასთან ერთად, და ხდებოდა ხოლმე რომ ჩვენი ექსკურსიები ღამეებიც კი გრძელდებოდა. ზამთრის ერთ ცივ ღამეს დავინახე, როგორ შევიდა შრიპად ბაბა მხრებამდე ყინულივით ცივ წყალში. დილამდე იდგა ასე და ლოცვებს აღავლენდა.
ერთხელ დილით ვრინდავანის რომელიღაც მოხვეულში მე და ასიმს უცნობმა ხანშიშესულმა, ტრადიციულად თეთრი სარით მოსილმა ქვრივმა დაგვიძახა: “მე დავინახე, როგორ სეირნობდით ტყეში შრიპად ბაბასთან ერთად. წამოდით, რაღაცას მოგიყვებით”. ყოველი ნაბიჯის გადადგმა მძიმე იყო მისთვის. წელში მოხრილიყო და მთელი თავისი სხეულით ბამბუკის ჯოხს ეყრდნობოდა. ქალი წინ მიგვიძღოდა თავისი ქოხისკენ და გზად გვიყვებოდა შრიპად ბაბას წარსულის შესახებ, რომელიც ცოტამ თუ იცოდა. ასიმი ჰინდიდან ყველა სიტყვას მითარგმნიდა. “ოდესღაც, დიდი ხნის წინ, როცა ბაბა პატარა იყო და სკოლაში დადიოდა, მას და მის მეგობარს საჰაერო გველის გაშვება უყვარდათ”. იგი მკვეთრად შეჩერდა, ისედაც ნაოჭიანი სახე კიდევ უფრო შეჭმუხნა, ჯოხს დაეყრდნო, წარბები მოქუფრა და ხმამაღლა დაიწყო ლაპარაკი: “ამის გამო მასწავლებელმა სილა გააწნა მათ და უკანასკნელი სიტყვებით ლანძღა”. მისი ხმა და მთელი სხეული აღშფოთებისგან კანკალებდა: “საწყალ ბავშვს ვერ გაეგო, რა გააკეთა არასწორად. იგი ფიქრობდა: “რისთვის ვისწავლო სკოლაში, თუკი მასწავლებელმა, რომელმაც სკოლის ყველა საგანი იცის, სიყვარული მაინც ვერ ისწავლა?” მან სკოლა მიატოვა, სახლიდან წავიდა და გადაწყვიტა ამიერიდან მხოლოდ ღმერთის ძიებაში ყოფილიყო”. საკეტში გასაღები გადაატრიალა, თავისი აგურის სახლის კარი შეაღო და დამშვიდობების ნიშნად მხარს უკან მზერა გვესროლა: “დროთა განმავლობაში, იგი ერთ-ერთი ადგილობრივი წმინდანის მოსწავლე გახდა”.
* * *
ერთხელ, გვიან საღამოს, მე, ასიმი და კიდევ ოთხი ადამიანი ერთად გავემგზავრეთ შრიპად ბაბასთან ერთად შორეულ ტყეში. დაახლოებით ათის ნახევარი იქნებოდა, და მიწაზე სიბნელე ჩამოწვა. შორიახლოს იამუნას ნაპირზე ვიღაც სადჰუ იჯდა; ზურგს უკან მას სიტარა მოუჩანდა. შრიპად ბაბამ წარმოგვიდგინა იგი, როგორც სიტარაზე დაკვრის ოსტატი და იმავე მასწავლებლის მოსწავლე, რომელთანაც ლეგენდარული რავი შანკარი მეცადინეობდა. “თუმცა რავისგან განსხვავებით ეს ადამიანი სადჰუ გახდა”.
სიტარისტმა მოსალმების ნიშნად გრაციოზულად დაგვიკრა თავი, შემდეგ კი თვალები დახუჭა. მელანივით შავ ცაზე ვერცხლისფერი მთვარე ანათებდა, ვარსკვლავები განსაკუთრებულად ციმციმებდნენ, და ყველა ეს ფერი იამუნას ტალღებზე თამაშობდა. სადღაც ახლოს, კადამბას ტოტებს მოფარებულნი, ღამის ფრინველები გალობდნენ, შორიდან ფარშევანგების კივილი მოისმოდა, და მსუბუქი ქარი, რომელიც ღამის ჟასმინის არომატით იყო სავსე, ჩვენს სხეულებს ელამუნებოდა. და ამ იდილიაში ნაზად გაიჟღერა სიტარამ. უძველესი რაგის გრძელი ბგერები ვრინდავანის სიმფონიას შეერია, და ყოველ ნოტაში მესმოდა სევდა, რომლითაც მუსიკოსი ღმერთს მიმართავდა.
უჩვეულო გრძნობებმა შემიპყრო. კრიშნასგან მოწყვეტილად ვიგრძენი თავი. სიყვარულის ნასახიც კი არ იყო ჩემს გულში. მე ღატაკი, ამ სიყვარულს ვეძებდი, მოვთქვამდი და ვევედრებოდი, რომ მოსულიყო. უეცრად მთელი სამყარო ცარიელად მომეჩვენა ამ სიყვარულის გარეშე. ღამის სიჩუმეში სიტარა ოხრავდა, ტიროდა, და ჩემი გულის დაფარულ საიდუმლოებებს ამხელდა.