გზავნილი ქვეყნიერების დასალიერიდან

მარლო მორგანი
5
1

მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე

თავი პირველი - საპატიო სტუმარი

მინიშნებების მიუხედავად, გული მაინც არაფერს მიგრძნობდა. მოვლენები უკვე ელვისებურად ვითარდებოდა. მტაცებელთა ხროვა რამდენიმე მილის იქით ჩასაფრებულიყო და საკბილოს გამოჩენას ელოდა. ჩემს მიერ ერთი საათის წინ გახსნილ ბარგს ხვალ იარლიყით „უპატრონო“ შემნახველ საცავში გაგზავნიან და იქ მრავალ თვეს დაჰყოფს. მე კი კიდევ ერთი ამერიკელი ქალი ვიქნები, რომელიც უცხო ქვეყანაში დაიკარგა.

ოქტომბრის ჩახუთული დილა იდგა. მე ავსტრალიურ ხუთვარსკვლავიან სასტუმროსთან ჩემთვის უცნობი კურიერის მოლოდინში მოძრაობას გავყურებდი. უსიამოვნებების წინათგრძნობის ნაცვლად ჩემი გული აღტაცებით ძგერდა. მშვენიერ განწყობაზე ვიყავი, აღელვებული, წარმატებული და მომზადებული. შინაგანად ვგრძნობდი: „დღეს ჩემი დღეა“.

ღია ჯიპმა წრიულ შემოსასვლელში შემოუხვია. მახსოვს მუხრუჭების ღრჭიალი ოხშივარიან ასფალტზე. წყლის წვრილი ნაკადი მბრწყინავი მოწითალო კალისტემონის ფოთლებს ზემოდან ევლებოდა და დაჟანგულ ლითონამდე აღწევდა. ჯიპი გაჩერდა და მძღოლმა, ოცდაათი წლის აბორიგენმა, ჩემკენ გამოიხედა. „წავედით!“ - მუქი ხელის დაქნევით მანიშნა. ის ქერა ამერიკელი ქალის წასაყვანად იყო მოსული. მე კი აბორიგენთა ტომში მოსახვედრად გამცილებელს ველოდი. მაშინ, როდესაც ავსტრალიელი კარისკაცი ცისფერი თვალებით დაჟინებით გვიმზერდა და მთელი არსებით უკმაყოფილებას გამოხატავდა, ჩვენ უსიტყვოდ გავუგეთ ერთმანეთს.

სანამ ყველგანმავალზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით მოუხერხებლად ავძვერი, მანამდე მივხვდი, რომ ზედმეტად თბილად მეცვა. ახალგაზრდა მძღოლს ჩემგან მარჯვნივ მხოლოდ შორტები, გაცვეთილი თეთრი მაისური და ჩოგბურთის ფეხსაცმელი ეცვა წინდების გარეშე. როდესაც შეხვედრაზე შევთანხმდით, ჩავთვალე, რომ სტუმრისთვის ნორმალურ მანქანას, მაგალითად ავსტარალიური ავტომობილების მწარმოებლების სიამაყეს ჰოლდენს გამოგზავნიდნენ. ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ჩემს წასაყვანად ღია მანქანა მოვიდოდა. თუმცა, ასეთ შეხვედრაზე, ჩემთვის გამართულ ბანკეტზე ჯობს მეტი მეცვას, ვიდრე ნახევრად შიშველი ვიყო.

თავი გავაცანი. მან მხოლოდ თავი დამიქნია, თითქოს მშვენივრად იცოდა, ვინ ვიყავი. კარისკაცმა წარბები შეიკრა, როდესაც მანქანამ ჩაუარა. ზღვისპირა ქალაქის ქუჩებში, ვერანდიანი სახლების, გზისპირა კაფეების და ბალახის საფარის არმქონე მოცემენტებული პარკების გასწვრივ მივქროდით. კარის სახელურს ჩავეჭიდე, როდესაც მანქანამ ექვს სხვადასხვა მხარეს მიმავალი გზის წრიულ გზაგამყოფზე შეუხვია. მიმართულება შეიცვალა, და მზე ზუსტად ჩემს ზურგს უკან აღმოჩნდა. ცოტა ხნის წინ შეძენილი ატმისფერი საქმიანი კოსტიუმი და შესაფერისი ტონალობის აბრეშუმის ბლუზა უსიამოვნოდ შეთბა. ვფიქრობდი, შენობა, სადაც მივდიოდით, ქალაქში იყო, თუმცა ვცდებოდი. ჩვენ ზღვის ნაპირის გასწვრივ მიმავალ გზაზე გადავუხვიეთ. როგორც ჩანს, შეხვედრა სასტუმროდან უფრო შორს, ვიდრე ვიფიქრებდი, ქალაქგარეთ გაიმართება. პიჯაკი გავიხადე, თან იმაზე ვფიქრობდი, რამდენად სისულელე იყო ჩემი მხრივ, რომ ყველაფერი წინასწარ არ გავარკვიე. ბოლოს და ბოლოს, ჩანთაში ჯაგრისი მედო, ხოლო ჩემი გაღიავებული მხრებამდე თმა მოდურად იყო შეკრული.

ცნობისმოყვარეობა პირველი სატელეფონო ზარის მომენტიდან არ გამნელებია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს დიდი სიურპრიზი იყო ჩემთვის. ბოლოს და ბოლოს, ადრეც მიმიღია საზოგადო აღიარება, ხოლო ამ პროექტს ყველაზე დიდი წარმატება ხვდა წილად. ქალაქში მაცხოვრებელ, ნაწილობრივ კონკრეტულ კასტაში ჩაკეტილ ზრდასრულ აბორიგენებთან მუშაობა, რომლებიც ღიად ამჟღავნებდნენ სუიციდურ მიდრეკილებებს, ცხოვრებისეული მიზნების დასახვის და ფინანსური კეთილდღეობის მიღწევის მათთვის შემუშავებული პროგრამა - ამ ყველაფერს ადრე თუ გვიან აუცილებლად შეამჩნევდნენ. ჩემდა გასაკვირად, ტომი, რომელმაც გამომიძახა, კონტინენტის საპირისპირო ნაპირზე, ორი ათასი მილის დაშორებით ცხოვრობდა, თუმცა ადგილობრივი ხალხების შესახებ ძალზე ცოტა რამ თუ ვიცოდი, ჩემამდე ხანდახან მხოლოდ უსარგებლო ჭორები აღწევდა. და მე არ ვიცოდი, ოჯახური კავშირებით მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულები თუ, ადგილობრივი ამერიკელების მსგავსად, ძალზე განსხვავდებოდნენ კულტურითა და ენებით.

მე მართლა მაინტერესებდა, რას მივიღებდი: კიდევ ერთ ხისგან გამოკვეთილ გულსაბნევს, რომლის სამახსოვროდ წაღება მომიწევდა კანზას-სიტიში, თუ უბრალოდ ყვავილების თაიგულს? არა, ოღონდ ყვავილები არა! ორმოცგრადუსიან სიცხეში! მათი წაღება უკანა გზაზე ძალზე დამამძიმებდა. მძღოლი ზუსტად შეთანხმებულ დროს, შუადღეს გავიდა. ამრიგად, მე ვიცოდი, რომ მივდივარ ლანჩზე. საინტერესოა, რით გამიმასპინძლდება აბორიგენთა საბჭო? ვიმედოვნებდი, ტრადიციულ ავსტრალიურ საძაგლობას არ დამახვედრებდნენ, რაც ჩვეულებრივ შეკვეთით მოაქვთ ხოლმე. შესაძლოა, იქ შვედური მაგიდა იყოს და პირველად შევძლებ ნამდვილი ადგილობრივი კერძების გასინჯვას. მადისაღმძვრელი სანოვაგით სავსე მაგიდის დანახვაზე ვოცნებობდი.

მეჩვენებოდა, რომ ეს მოგზაურობა შესანიშნავი და არაჩვეულებრივი თავგადასავალი იქნებოდა, და მოახლოებულ თარიღს მოუთმენლად ველოდი. ჩემი ჩანთა სპეციალურად ამ დღისთვის ვიყიდე, მასში ფოტოაპარატი და პატარა დიქტოფონი მედო. ჩემთვის არ უთქვამთ, იქნებოდა თუ არა მიკროფონები და განათება და მომიწევდა თუ არა სიტყვით გამოსვლა, თუმცა ყოველი შემთხვევისთვის მოვემზადე. წინდახედულობა ჩემს ერთ-ერთ უეჭველ ღირსებას წარმოადგენდა. ბოლოს და ბოლოს, უკვე ორმოცდაათი წლის ვარ, და საკმარისი იმედგაცრუება და დარტყმები მაქვს გადატანილი, რათა სხვადასხვა ვარიანტების გათვლა მესწავლა. მეგობრები ხშირად აღნიშნავდნენ ჩემს დამოუკიდებლობას. „მას ყოველთვის აქვს სათადარიგო ვარიანტი“, - ამბობდნენ ისინი.

შემხვედრი მიმართულებით მომავალმა საგზაო მატარებელმა (ავსტრალიელები ასე უწოდებენ ერთმანეთზე ჩაბმულ სატვირთო მანქანების ჯაჭვს)  ჩაგვიქროლა. ის გახურებული მტვრის ღრუბელში პირდაპირ შუა გზაზე გამოვარდა. ჩემი ფიქრებიდან გამოვერკვიე, როდესაც მძღოლმა მკვეთრად მოატრიალა საჭე. ჩვენ გზატკეცილიდან დამტვრეულ ჭუჭყიან გზაზე გადავუხვიეთ, და წითელი მტვრის ღრუბელი კიდევ რამდენიმე მილის მანძილზე უკან მოგვყვებოდა. რომელიღაც მომენტში გაკვალული ორი ხაზიც გაქრა და მივხვდი, რომ წინ გზა საერთოდ არ იყო. ბუჩქებს შორის მიხვევ-მოხვევით და ქვიშიანი უდაბნოს გორაკებზე ხტუნვა-ხტუნვით მივდიოდით. ერთი-ორჯერ საუბრის გაბმა ვცადე, მაგრამ ძრავის ხმაური, მანქანის ღრჭიალი და სავარძელში გამუდმებული შეხტომები საუბარს შეუძლებელს ხდიდა. კბილს კბილზე ვაჭერდი, ენა რომ არ მომეკვნიტა. საუბრისადმი დიდ ინტერესს არც მძღოლი გამოხატავდა.

თავი ნაჭრის თოჯინასავით მიყანყალებდა. სიცხე თანდათან მატულობდა. ფეხზე წინდები თითქოს შემომადნა, მაგრამ ფეხსაცმელს არ ვიხდიდი, რადგან ვშიშობდი, რომ მანქანიდან გადამიცვივდებოდა და ირგვლივ გადაჭიმულ თვალუწვდენელ სპილენძისფერ უდაბნოში ჩაიკარგებოდა. არ მჯეროდა, რომ სიტყვაძუნწი მძღოლი მანქანას გააჩერებდა. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩემი მუქი სათვალე მტვრით იფარებოდა, მას სახელოს ბოლოთი ვწმენდდი. ხელის მოძრაობა ოფლის ნიაღვარს გზას აძლევდა. ვგრძნობდი, როგორ დნებოდა საცხი ჩემს სახეზე და ოდნავ შეფაკლული ლოყებიდან წითელ ღელეებად კისერში იღვრებოდა. მათ ოცი წუთი მაინც უნდა დამითმონ, რათა გამოსვლის წინ თავი წესრიგში მოვიყვანო. ამას მოვითხოვ!

საათს დავხედე. ორი საათი გავიდა, რაც უდაბნოში გადავუხვიეთ. ისე მცხელოდა და არაკომფორტულად ვგრძნობდი თავს, როგორც არასდროს მრავალი წლის განმავლობაში. მძღოლი დუმდა, თუ არ ჩავთვლით შემთხვევით ჩაბურდღუნებას. მოულოდნელად გონება გამინათდა: ის ხომ არც კი გამეცნო. იქნებ არასწორ ავტომობილში ჩავჯექი! სისულელეა. ვერ შევცდებოდი, და ისიც სავსებით დარწმუნებული გამოიყურებოდა ჩემთან, როგორც მგზავრთან, დაკავშირებით.

ოთხი საათის შემდეგ ის გოფრირებული თუნუქის კონსტრუქციასთან მივიდა. გარეთ პატარა კოცონი ღვიოდა, როდესაც მივუახლოვდით, ორი შუახნის, დაბალი და ხალვათად ჩაცმული ადგილობრივი ქალი კეთილგანწყობილი ღიმილით წამოდგა. ერთ-ერთს თავზე სახვევი ეკეთა, რის ქვეშაც მისი შავი, სქელი, ხვეული თმა უცნაურად გაჩეჩილიყო. ორივე ტანადი და ათლეტური აღნაგობისა იყო, მრგვალი, სავსე პირისახითა და ნათელი ყავისფერი თვალებით. როდესაც ჯიპიდან გადმოვედი, ჩემმა მძღოლმა მოულოდნელად გამოაცხადა: სხვათა შორის, აქ ერთადერთი ვარ, ვინც ინგლისურად ლაპარაკობს. მე ვიქნები თქვენი თარჯიმანი, თქვენი მეგობარი.

„დიდებულია! - გავიფიქრე. - შვიდასი დოლარი დავხარჯე გადმოფრენაში, სასტუმროში და ახალ ჩაცმულობაზე ადგილობრივი ავსტრალიელების გასაცნობად, და აი, აღმოჩნდა, რომ მათ ინგლისური არც კი იციან, და წარმოდგენა არ აქვთ თანამედროვე მოდაზე“.

მაშ ასე, რაკი აქ ვარ, დამხვდურებში უნდა გავერიო, თუმცა გულის სიღრმეში ვგრძნობდი, რომ ვერ შევძლებდი.

ქალები მკვეთრი უცნობი ბგერებით ლაპარაკობდნენ, რაც არა დასრულებული წინადადებების, არამედ ცალკეული სიტყვების შთაბეჭდილებას ტოვებდა. თარჯიმანი მომიბრუნდა და ამიხსნა, რომ შეკრებაზე წარდგომამდე აუცილებლად უნდა განვიწმინდო. ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა. რა თქმა უნდა, მტვრიანი და ოფლიანი ვიყავი მგზავრობის შემდეგ, მაგრამ, მგონი, მას ეს არ ჰქონდა მხედველობაში. მან მატერიის ნაჭერი გამომიწოდა, რომელიც გახსნისას ძონძები აღმოჩნდა. მითხრეს, რომ ჩემი ტანსაცმელი გამეხადა და ეს ჩამეცვა. „რაო?“ ვიკითხე, ყურებს ვერ ვუჯერებდი. „სერიოზულად მეუბნებით?“ მან პირქუშად გაიმეორა მითითება. გამოსაცვლელი ადგილის მოსაძებნად ირგვლივ მიმოვიხედე, მაგრამ ვერაფერი ვნახე. რა ვქნა? ძალზე შორს შევტოპე და ბევრი გადავიტანე იმისთვის, რომ ახლა უკან დავიხიო. ახალგაზრდა კაცი წავიდა. „ჯანდაბას! ბოლოს და ბოლოს, უფრო გრილად ვიქნები“,  - გავიფიქრე. ამრიგად, რაც შემეძლო ფრთხილად გავიხადე ჩემი გაოფლიანებული ახალი სამოსი, აკურატულად დავკეცე და ნაციონალური კაბით შევიმოსე, ჩემი კი ქვაზე დავდე, რომელზეც რამდენიმე წუთის წინ ჩვენი მომლოდინე ქალები ისხდნენ. ძალზე სულელურად ვგრძნობდი თავს უფერულ ძონძებში და მენანებოდა ფული, რომელიც „კარგი შთაბეჭდილებისთვის“ შეძენილ ტანსაცმელში გადავიხადე. ახალგაზრდა კაცი დაბრუნდა. მასაც გამოეცვალა და ჩემს წინაშე თითქმის შიშველი, თეძოებზე საცურაო ტრუსის მაგვარი სახვევით და კოცონთან მყოფი ქალებივით ფეხშიშველი წარსდგა. მისი შემდეგი მითითება ყველაფრის - ფეხსაცმელების, წინდების, ქვედა საცვლის და ყველა სამკაულის, მათ შორის თმის სამაგრების მოცილება იყო. ჩემი ცნობიემოყვარეობა თანდათან ქრებოდა და შიში მეუფლებოდა, თუმცა ბრძანებას დავემორჩილე.

მახსოვს, როგორ შევაცურე სამკაულები ღრმად ფეხსაცმლის ცხვირში. შემდეგ ის გავაკეთე, რაც ყველა ქალს ბუნებრივად ახასიათებს, თუმცა კი, დარწმუნებული ვარ, ამას არავინ გვასწავლის: ქვედა საცვალი ნივთების გროვაში შევმალე.

მინავლული ნაკვერჩხლებიდან სქელი რუხი კვამლი წამოიმართა, როდესაც კოცონს მწვანე ნედლი ტოტები დაამატეს. თავწაკრულმა ქალმა აიღო საგანი, რომელიც მოზრდილი შავი ქორის ფრთა აღმოჩნდა, ის მარაოსავით გაშალა და თავიდან ფეხებამდე დამინიავა. კვამლში გავეხვიე და თითქმის გავიგუდე. შემდეგ მან საჩვენებელი თითი დაატრიალა და მე მივხვდი, რომ უნდა შემოვბრუნებულიყავი. კვამლის რიტუალი ახლა ჩემს ზურგს უკან განმეორდა. შემდეგ კვამლში ცეცხლზე გადაბიჯება მიბრძანეს.

ბოლოს და ბოლოს მითხრეს, რომ განწმენდა დასრულებულია, და თუნუქის ფარდულში შესვლის ნება დამრთეს. როდესაც ბრინჯაოსფერ მამაკაცთა ესკორტი შესასვლელისკენ მიმაცილებდა, დავინახე, როგორ აიღო იმავე ქალმა მთელი ჩემი ავლა-დიდება. მან ის კოცონის თავზე დაიჭირა, შემომხედა და გაიღიმა. როდესაც ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა, მან ჩემს ავლა-დიდებას ხელი გაუშვა. ყველაფერი, რაც მებადა, ცეცხლში ჩაინთქა!

წუთით სუნთქვა შემეკრა. არ ვიცი, რატომ არ ავკივლდი და ნივთების გადასარჩენად არ გავქანდი. ქალს სახეზე ეწერა, რომ ცუდს არაფერს სჩადის, უბრალოდ სტუმართმოყვარეობის უჩვეულო რიტუალის თანახმად იქცევა. „ის უბრალოდ გაუნათლებელია, გამიელვა გონებაში. - საკრედიტო ბარათების და მნიშვნელოვანი საბუთების არაფერი გაეგება“. კიდევ კარგი, თვითმფრინავის ბილეთი სასტუმროში დავტოვე. ვიცოდი, რომ ნომერში სხვა ტანსაცმელიც მქონდა, და სასტუმროს ვესტიბიულშიც როგორმე გავივლიდი ამ ძონძებით, როცა ამის დრო მოვიდოდა. მახსოვს, როგორ ვიმხნევებდი თავს: „მიდი, მარლო, შენ ხომ მოქნილი ქალი ხარ. არ ღირს ამის გამო დარდი“. თუმცა მაინც გადავწყვიტე შემდეგ ნაცრიდან ერთი ბეჭდის ამოქექვა, იმ იმედით, რომ ცეცხლი ჩაქრებოდა და ნახშირის გროვა გაგრილდებოდა, ვიდრე ჩვენ ჯიპით კვლავ ქალაქისკენ გავემართებოდით.

მაგრამ ამ სურვილს ასრულება არ ეწერა.

ყველა ძვირფასი, და როგორც მეჩვენებოდა, აუცილებელი სამკაულის მოხსნის სიმბოლური აზრი მხოლოდ ახლა, წარსულის გადახედვის შემდეგ გავაცნობიერე. მაშინ კი ჯერ კიდევ უნდა გამეგო, რომ დროს, რომელშიც ეს ადამიანები ცხოვრობდნენ, არაფერი ჰქონდა საერთო ჩემს ბრილიანტებით მოოჭვილ ოქროს საათზე გამოსახულ დროსთან, რომელიც ახლა სამუდამოდ მიწას მიებარა.

ბევრად გვიან მივხვდი, რომ საგნებზე და გარკვეულ შეხედულებებზე მიჯაჭვულობისგან გათავისუფლება წარუშლელად ამოტვიფრულიყო როგორც ყოფიერების გზაზე ჩემი ადამიანური სრულყოფისთვის ძალზე აუცილებელი ნაბიჯი.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff