ტკბილი ჭიანჭველები
მზე ისე კაშკაშებდა, რომ ქუთუთოებს ძლივს ვახელდი. ოფლის წვრილი ღელეები, რომელსაც სხეულის ყველა უჯრედი გამოყოფდა, მკერდის ღარში ერთიანდებოდნენ და ბარძაყებს მისველებდნენ, რომლებიც ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ერთმანეთს ეხახუნებოდნენ. ჩემი ტერფები ზედა მხრიდანაც კი ოფლიანდებოდა. ადრე ასე არ ყოფილა; ეს იმის ნიშანი იყო, რომ ტემპერატურამ იმ ზღვარს გადააჭარბა, რომელსაც ჯანმრთელი ადამიანი ჯერ კიდევ უძლებს, ორმოცდასამ გრადუსს. აუტანელი სიცხე იყო. ტერფებზე უცნაური მოხატულობა გამიჩნდა: კოჟრები მთელ ტერფზე თითებიდან ქუსლისკენ და გვერდებზე გადამეხეხა, ამასთან ამ ბუშტუკების ქვეშ ახალი კოჟრები წარმოიქმნა. ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი.
მსვლელობისას ერთ-ერთი ქალი რამდენიმე წუთით უდაბნოში გაუჩინარდა და იქიდან დაახლოებით ნახევარმეტრიანი სიგანის უზარმაზარი მწვანე ფოთლით დაბრუნდა. ვერ გამეგო, რომელი მცენარიდან შეიძლებოდა ამ მწვანე და ცოცხალი ფოთლის მოწყვეტა. ირგვლივ ყველა მცენარე რუხი და ხმელი იყო. არავინ იკითხა, სად იპოვა მან ეს ფოთოლი. მას ბედნიერების მეძღვნეს უწოდებდნენ. მას თამაშის წარმართვის უნარი ჰქონდა. მან თქვა, რომ საღამოს შესაქმის თამაშს ვითამაშებდით.
უზარმაზარი ჭიანჭველების ბუდეს წავაწყდით, მასში უცნაური, გაბერილმუცლიანი, ორნახევარი სანტიმეტრის დიდი ჭიანჭველები ფუთფუთებდნენ. მითხრეს, რომ მათი გემო მომეწონება! ეს არსებები ჩვენი ვახშმის საპატიო ნაწილი უნდა გამხდარიყვნენ. ეს თაფლა-ჭიანჭველების რომელიღაც სახეობა იყო, რომელთა დიდი მუცლები გემოთი თაფლის მსგავს ტკბილ სითხეს შეიცავდა. უხვმცენარიან ადგილას მობინადრე ჭიანჭველებისგან განსხვავებით ესენი უფრო მომცროები და ნაკლებად ტკბილი გემოსი არიან. თაფლიც არ აქვთ სქელი და წელვადი - თითქოს ისინი მას ადგილობრივი გარემოს გახუნებული ფერებისგან, სიცხისგან და ქარებისგან ქმნიან. ეს ჭიანჭველები, როგორც ჩანს, ერთადერთი ნუგბარია, რომელსაც ტომის ხალხი მთელი სიცოცხლის განმავლობაში აგემოვნებს. ისინი ჭიანჭველების ბუდეში ჰყოფდნენ ხელს, ჭიანჭველები ხელზე აცოცდებოდნენ, შემდეგ ხელს პირში იდებდნენ და ჭიანჭველებს პირით ისრუტავდნენ. სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, მათ შესანიშნავი გემო ჰქონდათ. მივხვდი, რომ ადრე თუ გვიან მეც შემომთავაზებდნენ გასინჯვას, ასე რომ გავბედე და მხოლოდ ერთი ჭიანჭველა ჩავიდე პირში. ის მაშინვე კი არ უნდა ჩამეყლაპა, არამედ კბილებით გამეხეთქა, ენით სასაზე მიმეჭირა და თაფლის გემოთი დავმტკბარიყავი. ვერც ერთი შევძელი და ვერც მეორე: როგორც კი ვიგრძენი, როგორ ტრიალებდა ჭიანჭველა ენაზე, მაშინვე ზიზღით გადმოვაფურთხე. მალე კოცონი გააჩაღეს, ჭიანჭველები ფოთლებში გაახვიეს, ნაკვერჩხლების ქვეშ შეალაგეს, და როდესაც ნუგბარი უკვე მზად იყო, მას ფოთლიდან ისე ვლოკავდი, როგორც გამდნარ შოკოლადს მისი შესაფუთი ქაღალდიდან. მისთვის, ვისაც არასდროს გაუსინჯავს ფორთოხლის ყვავილების თაფლი, ალბათ ეს დელიკატესია. მაგრამ ქალაქში საეჭვოა მასზე დიდი მოთხოვნა ყოფილიყო!
საღამოს თამაშის ქალმა მწვანე ფოთოლი დაანაწევრა. ის არ ითვლიდა ტრადიციული გაგებით, მან თავისებურად გადაგვთვალა და ყველას ფოთლის თითო ნაწილი შეახვედრა. სანამ ის ემზადებოდა, მუსიკა და სიმღერები ისმოდა. შემდეგ თამაში დაიწყო.
მუსიკის თანხლებით ფოთლის პირველი ნაჭერი ქვიშაზე დადეს. შემდეგ კიდევ ერთი ნაჭერი დადეს და კიდევ ერთი. სიმღერა შეუმჩნევლად შეწყდა. ყველანი თავსატეხს დავყურებდით. მიწაზე ერთმანეთის მიყოლებით ფოთლის ნაჭრებს ალაგებდნენ, და მე მივხვდი, როგორია თამაშის წესები: ფოთლის ნაჭერს ადგილს უცვლი, თუ ხედავ, რომელ ადგილს მოერგება ის. არ არის საჭირო რიგის დალოდება. თამაშმა ყველა გაიტაცა, მაგრამ ამასთან არავინ არავის არ ეჯიბრებოდა. როდესაც ფოთლის ზედა ნაწილი მთლიანად ააწყვეს, ყველა გამოცოცხლდა: ერთმანეთს ხელს ართმევდნენ, ეხვეოდნენ და ტრიალებდნენ. საყოველთაო მონაწილეობით ჩვენ სანახევროდ გავუმკლავდით ამოცანას. ჩვენ კვლავ მოვიკრიბეთ ყურადღება და ჩავფიქრდით. ფოთოლთან მივედი და ჩემი ნაჭერი დავდე. შემდეგ კვლავ მივედი, მაგრამ ვეღარ მივხვდი, სად იყო ჩემი ნაჭერი, და ისევ ადგილზე დავჯექი. ოოტამ თითქოს ჩემი აზრები წაიკითხა და ჩემს უთქმელ კითხვაზე პასუხი გამცა: - არაუშავს. მხოლოდ გეჩვენება, რომ ფოთლის ნაწილები ცალ-ცალკე არსებობენ. ასევე არიან ადამიანებიც - მხოლოდ გვეჩვენება, რომ ისინი ცალ-ცალკე არსებობენ. სინამდვილეში ჩვენ ყველანი - ერთი მთლიანობა ვართ. ამიტომ ჰქვია ამ თამაშს შესაქმის თამაში.
მან მითარგმნა ის, რის თქმაც დანარჩენებს სურდათ. - თუ ყველაფერი ერთიანია, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ. ყოველი არსება უნიკალურია. ორს ერთი და იგივე ადგილი არ განესაზღვრება. ფოთლის ყოველი ნაჭერი საჭიროა, რომ ის მთლიანად შეივსოს; ზუსტად ასევე ყოველ სულს თავისი გასაკუთრებული ადგილი აქვს. ადამიანებმა შეიძლება სხვადასხვა გზა მოსინჯონ, მაგრამ საბოლოოდ ყველა თავის ადგილს უბრუნდება. ზოგიერთი ჩვენგანი სწორ გზას ეძებს, ზოგი კი დამღლელ წრეზე სიარულს ამჯობინებს.
ვიგრძენი, რომ ყველა მე მიყურებს, და გავიფიქრე, რომ უნდა ავდგე და ფოთოლთან მივიდე. იქ მხოლოდ ერთი თავისუფალი ადგილი იყო დარჩენილი, და შესაფერისი ფოთლის ნაწილიც იქვე იდო. მე ის ადგილზე დავდე, და სივრცე ჩვენს ირგვლივ სიხარულის ყიჟინამ აავსო.
შორს დინგო ძაღლებმა წაწვეტებული დინგები ცისკენ აიშვირეს და მოციმციმე ზეციური ბრილიანტებით მოკირწყლულ შავ ხავერდოვან ზეცას მიშტერებულები აყმუვლდნენ.
„შენ თამაში დაასრულე, რაც ადასტურებს შენს უფლებას, იყო ჩვენს შორის. ჩვენ ერთიანობის პირდაპირ გზას მივუყვებით. დამახინჯებულებს ბევრი სარწმუნოება აქვთ. ისინი ამბობენ: შენი გზა ისეთი არაა, როგორც ჩემი, შენი მხსნელი - ჩემი მხსნელი არაა, შენი მარადისობა - ჩემი მარადისობა არაა. მაგრამ ჭეშმარიტება ისაა, რომ მთელი ცხოვრება ერთიანია. მხოლოდ ერთი თამაში მიმდინარეობს. ერთი რასა და მრავალი სხვადასხვა ელფერი არსებობს. დამახინჯებულები კამათობენ: რა ჰქვია უზენაესს? როგორ ავაშენოთ მისი სახლი? რომელი დღეა წმინდა? რომელი რიტუალია სწორი? მოვიდა კი ის დედამიწაზე? რას ნიშნავს მისი იგავები? ჭეშმარიტება არის ჭეშმარიტება. თუ ვინმეს ტკივილს აყენებ, საკუთარ თავს აზიანებ. თუ სხვას ეხმარები, საკუთარ თავს ეხმარები. სისხლი და ძვლები ყველა ადამიანს აქვს. მაგრამ გული და სურვილები ყველას სხვადასხვა აქვს. დამახინჯებულები მხოლოდ საკუთარი საუკუნის ამბებზე და საკუთარ თავზე ფიქრობენ, თითქოს ყველა დანარჩენისგან განცალკევებით არსებობდნენ. ჭეშმარიტი ადამიანები მარადისობაზე ფიქრობენ. ეს ყველაფერი ერთია, ჩვენი წინაპრები, დაუბადებელი შვილიშვილები, მთელი ცოცხალი ყველგან“.
თამაშის დამთავრების შემდეგ, ერთ-ერთი მათგანი დაინტერესდა: მართლა არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში საბოლოოდ ვერ იგებენ, რა ნიჭით დააჯილდოვა ღმერთმა? ჩემი პაციენტები გამახსენდა: ზოგი მათგანი ძალზე დათრგუნული იყო, ბევრს ეჩვენებოდა, რომ ცხოვრებამ გვერდი აუარა - სხვებისგან განსხვავებით, მათგან, ვინც რაღაც ღირებულის შექმნა შეძლო. მომიწია მეღიარებინა: ბევრი დამახინჯებულისთვის დაუჯერებელია, რომ საერთოდ რაიმე ნიჭს ფლობს, და არც ცხოვრების აზრზე ფიქრობენ, ვიდრე სიკვდილის ჟამი არ დადგება. ჩემს თანამოსაუბრეს თვალზე ცრემლი მოადგა, მან თავი გადააქნია: მისთვის ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ ასეთი რამ შესაძლებელია.
„რატომ ვერ ხედავენ დამახინჯებულები, რომ თუკი ჩემი სიმღერა ვინმეს აბედნიერებს, ეს კარგია? როდესაც ერთ ადამიანს ეხმარები, უკვე კარგია. ყველას ხომ მაინც ვერ დაეხმარები“.
მე ვკითხე მათ, გაუგიათ თუ არა იესოს სახელი. „რა თქმა უნდა, - მიპასუხეს. - მისიონერებმა გაგვაგებინეს, რომ იესო ღმერთის ძეა. ის ჩვენი უფროსი ძმაა. ღვთაებრივი ერთიანობა ადამიანის სახით. მისი თაყვანისცემა ყველაზე მეტად გვმართებს. ღვთაებრივი ერთიანობა დედამიწაზე მრავალი წლის წინ მოვიდა, რათა დამახინჯებულებისთვის ესწავლებინა, როგორ უნდა იცხოვრონ, რათა გაეხსენებინა მათთვის ის, რაც დაავიწყდათ. იესო ჭეშმარიტ ადამიანებთან არ მოსულა. მას შეეძლო მოსულიყო, ჩვენ ყოველთვის აქ ვიყავით, მაგრამ მისი გზავნილი ჩვენ არ გვეხება. რადგან ჩვენ სინამდვილეში არც არაფერი დაგვვიწყებია. ჩვენ ისედაც მისი ჭეშმარიტების შესაბამისად ვცხოვრობდით. ჩვენთვის ერთიანობა - რაღაც არ არის. დამახინჯებულები, როგორც ჩანს, ძალზე მიჯაჭვულები არიან ფორმასთან. მათ არ შეუძლიათ იმის მიღება, რაც უხილავია და ფორმა არ გააჩნია. ღმერთი, იესო, ერთიანობა ჩვენთვის უბრალოდ არსება კი არაა, რომელიც ყველა მატერიალურ ფორმას მოიცავს ან მათში მყოფობს. ის ზოგადად ყველაფერია!“
ტომში სწამთ, რომ ცხოვრება გამუდმებულ ცვლილებას, წინსვლას, განვითარებას ნიშნავს. ისინი ამბობენ, რომ არსებობს ცოცხალი და არაცოცხალი დრო. ადამიანები „არ-ცხოვრობენ“, როდესაც ბრაზობენ, დარდობენ, საკუთარი თავი ებრალებათ, როდესაც ეშინიათ. თუ სუნთქავ, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ცხოვრობ. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ჯერ ადრეა შენი სხეულის დამარხვა. მათგან, ვინც სუნთქავს, ყველა არ იმყოფება „ცოცხალ დროში“. თუ ადამიანს სურს თავად გაერკვეს, რას ნიშნავს ნეგატიური ემოციების განცდა, ეს ბუნებრივია, მაგრამ ამაზე გაჩერება არ ღირს. როდესაც სული ადამიანის სხეულში ცხოვრობს, შეგვიძლია ვითამაშოთ: თამაშით ვსწავლობთ, რას ნიშნავს იყო ბედნიერი, ნაღვლიანი, ეჭვიანი, მადლობელი და ა.შ. მაგრამ ამ გამოცდილების საფუძველზე ბოლოს და ბოლოს უნდა ვისწავლოთ, რას მოაქვს ტკივილი და რას განკურნება.
შემდეგ თამაშებზე და სპორტზე ვისაუბრეთ. მე მათ მოვუყევი, რომ შეერთებულ შტატებში სპორტული ღონისძიებები ძალზე გვაინტერესებს, რომ სინამდვილეში ფეხბურთელებს გაცილებით მეტს ვუხდით, ვიდრე სკოლის მასწავლებლებს. ვთქვი, რომ შემიძლია ვასწავლო მათ ერთი თამაში და შევთავაზე ერთ ხაზზე მოწყობილიყვნენ და რაც შეიძლება სწრაფად გაქცეულიყვნენ; ვინც პირველი გაირბენს დისტანციას, გამარჯვებულიც ის იქნება. ყველამ დაკვირვებით შემომხედა დიდი, მეტყველი ყავისფერი თვალებით, შემდეგ ერთმანეთს გადახედეს. ბოლოს, ერთ-ერთმა თქვა: „თუ ერთი გაიმარჯვებს, გამოდის, სხვები დამარცხდებინ? ეს განა გართობაა? თამაში გართობა უნდა იყოს. ასეთი გამოცდა რატომ უნდა მოუწყო ადამიანს, შემდეგ კი დაარწმუნო, რომ ის სინამდვილეში გამარჯვებულია? ეს რთული გასაგებია. შედეგიანია ეს შენი ხალხისთვის?“ მე მხოლოდ გავიღიმე და თავი გავაქნიე: „არა“.
იქვე გამხმარი ხე დავინახე. მათ დახმარება ვთხოვე და აიწონა-დაიწონა საქანელა გავმართეთ - გრძელი ღერო მაღალ ქვაზე შემოვდეთ. ეს ძალზე სახალისო იყო, ტომის უხუცესებიც კი რიგრიგობით ჯდებოდნენ აიწონა-დაიწონაზე. მათ შეამჩნიეს, რომ არის რაღაც, რასაც მარტო ვერ გააკეთებ, მაგალითად ასეთ საქანელაზე მარტო ვერ იქანავებ. სამოცდაათი, ოთხმოცი, ოთხმოცდაათი წლის ადამიანები პატარა ბავშვებივით იქცეოდნენ და მხიარულად მონაწილეობდნენ ისეთ თამაშებში, რომლებიც გამარჯვებაზე და დამარცხებაზე არ იყო გათვლილი და საყოველთაო მხიარულებას იწვევდა.
მე მათ ასევე სახტუნელათი ხტუნვა ვასწავლე, ამისთვის ცხოველების მოქნილი, გრძელი ნაწლავებისგან დამზადებული თოკი გამოვიყენე. შემდეგ შევეცადეთ კლასობანას სათამაშოდ ქვიშაზე უჯრედები დაგვეხაზა, მაგრამ უკვე საკმაოდ ბნელოდა, თან ყველა დაიღალა, ჩვენს სხეულებს დასვენება სჭირდებოდა. ეს გასართობი სხვა დროისთვის გადავდეთ.
იმ ღამეს ზურგზე დავწექი და წარმოუდგენლად მოკიაფე ცას მივაჩერდი. საიუველირო ვიტრინის შავ ხავერდზე მოთავსებული ბრილიანტებიც კი არაა ასეთი შთამბეჭდავი. ჩემი მზერა ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავმა მიიპყრო. თითქოს თვალი ამეხილა და მივხვდი, ამ ტომის ადამიანები ჩვენსავით არ ბერდებიან. რა თქმა უნდა, სხეულები ბოლოს და ბოლოს იცვითება, მაგრამ ისინი სანთელს გვანან, რომელიც ნელა და თანაბარზომიერად იწვება. ისე არ ხდება, რომ ერთი ორგანო ოცი წლისას დაუზიანდეს, მეორე - ორმოცი წლისას. იმას, რასაც ჩვენ შტატებში სტრესს ვუწოდებთ, ახლა მომიზეზებას წააგავდა.
ჩემი სხეული ბოლოს და ბოლოს გაგრილდა. ბევრი ოფლი დავღვარე სწავლის პროცესში, მაგრამ მართლაც უძლიერესი ცოდნა მივიღე. როგორ გავუზიარო ჩვენს საზოგადოებას ის, რისი მოწმეც გავხდი? ხალხი არ დამიჯერებს, ამისთვის მზად უნდა ვიყო. ადამიანებს მსგავსი ცხოვრების წესის მიღება გაუჭირდებათ. მაგრამ, მეორე მხრივ, ვიცოდი, რომ ადამიანის ფიზიკური ჯანმრთელობის განკურნება მისი ავადმყოფი, დასახიჩრებული, სისხლმდინარე მარადიული არსების გაჯანსაღებასთან ერთად უნდა მოხდეს.
ცას შევყურებდა და საკუთარ თავს ვეკითხებოდი: როგორ?