გზავნილი ქვეყნიერების დასალიერიდან

მარლო მორგანი
5
1

მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე

თავი მეორე - წილი ნაყარია

ჩვენ სამი მხრიდან შემოსაზღვრულ, გადახურულ ფარდულში შევედით, რომელსაც არც კარი ჰქონდა და არც ფანჯრები. კონსტრუქცია მზისგან დასაცავად იყო განკუთვნილი; შესაძლოა, ცხვრების სადგომადაც იყენებდნენ. სიცხეს კიდევ უფრო ამძიმებდა კოცონი, რომელიც ქვებით შემორაგულ ორმოში დაენთოთ. ფარდული ადამიანის საცხოვრისად ნამდვილად არ გამოდგებოდა: არც სკამები იყო, არც იატაკი, არც ვენტილატორი. არც ელექტროენერგია იყო. მთელი კონსტრუქცია ძველი და სანახევროდ დამპალი ხის ფიცრებით არასაიმედოდ შეკოწიწებული გოფრირებული თუნუქისგან შედგებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ოთხი საათი ელვარე მზეზე გავატარე, ჩემი თვალები უცებ მიეჩვია ამ გაბოლილი ფარდულის ბინდბუნდს. რამდენიმე ზრდასრული აბორიგენი ქვიშაზე იჯდა ან იდგა. მამაკაცებს თავზე ფერადი, მორთული სახვევები ეკეთათ და ხელებზე და ტერფებს ზემოთ წვივებზე ბუმბულები მიემაგრებინათ. მათ ისეთივე სახვევი ჰქონდათ, როგორიც მძღოლს. მის გარდა სხვებს სახე და ხელ-ფეხი მოხატული ჰქონდათ. წერტილები, ხაზები და რთული ფიგურები თეთრი ფერით იყო გამოყვანილი, ხელები ხვლიკების, ფეხები და ზურგი კი გველების, კენგურუების და ჩიტების გამოსახულებებით შეემკოთ.

ქალები ასე ხატოვნად არ იყვნენ მოხატულები. ყველა დაახლოებით ჩემი სიმაღლის აღმოჩნდა - ხუთი ფუტი და ექვსი დუიმი. ხანდაზმულები ჭარბობდნენ, მაგრამ მათი რძიანი შოკოლადის ფერის კანი რბილი და ჯანსაღი ჩანდა. გრძელთმიანი ვერავინ შევნიშნე; ხუჭუჭა თმა მათ მოკლედ, ძირებამდე ჰქონდათ შეკრეჭილი. შედარებით გრძელთმიანებს კი ის წვრილი ლენტით თავზე მჭიდროდ დაემაგრებინათ. შემოსასვლელში ძალზე მოხუცი, თეთრთმიანი ქალი შევნიშნე, რომელსაც ყელზე და ტერფებზე აშკარად მხატვრის მიერ მოხატული ყვავილების გირლანდა ამშვენებდა, დეტალურად შესრულებული ფოთლებითა და ბუტკოთი ყოველი ყვავილის ცენტრში. ყველას ან ორი ნაჭერი, ან ისეთივე მოსასხამი ემოსა, როგორიც მე მომცეს. ჩვილები ან პატარა ბავშვები არ შემინიშნავს, მხოლოდ ერთი მოზარდი ბიჭი დავინახე.

ჩემი მზერა ყველაზე ელეგანტურად ჩაცმულმა ადამიანმა - ჭაღარაშერეულთმიანმა მამაკაცმა მიიპყრო. მოკლე წვერი ხაზს უსვამდა მისი სახის სიმტკიცესა და ღირსებას. მისი შესანიშნავი თავსაბურავი თუთიყუშის ფერადი ბუმბულით იყო მორთული. მისი ხელები და ტერფებიც ბუმბულით იყო მორთული. მის ქამარზე რამდენიმე ნივთი კონწიალობდა, ხოლო გულზე მრგვალი, ქვებითა და მარცვლეულით ოსტატურად მოვარაყებული ფირფიტა ეკიდა. რამდენიმე ქალს მსგავსი, მაგრამ მომცრო სამშვენისი ყელსაბამზე ეკეთა.

მან გაიღიმა და ორივე ხელი გამომიწოდა. როდესაც მას ხავერდოვან შავ თვალებში ჩავხედე, წამით სრული სიმშვიდის და უსაფრთხოების განცდა დამეუფლა. ვფიქრობ, მას ყველაზე კეთილშობილი სახე ჰქონდა, რაც კი ოდესმე მინახავს.

თუმცა, ურთიერთსაპირისპირო გრძნობები მიპყრობდა. მოხატული სახეები, ჩემს უკან მდგომი მამაკაცები ალესილი შუბებით, ჩემში აღძრულ შიშს ამძაფრებდა. თუმცა მათი სახის სასიამოვნო გამომეტყველება და თავად ატმოსფერო კომფორტისა და კეთილგანწყობილების სურნელს გაეჟღინთა. საკუთარ გრძნობებში გარკვევას ვცდილობდი და თავს სისულელისთვის ვსაყვედურობდი. მიღება არაფრით შეესაბამებოდა ჩემს მოლოდინს. სიზმარშიც კი ვერ ვნახავდი ასეთ საფრთხის შემცველ გარემოს ეგზომ სასიამოვნო შესახედაობის ადამიანების მონაწილეობით. ჩემი კამერა რომ ცეცხლში არ ჩაეგდოთ ამ ქოხში შემოსვლამდე, რამდენ შესანიშნავ ფოტოს ჩავდებდი ალბომში ან მეგობრებისა და ნათესავების აუდიტორიას სლაიდშოუთი მოვხიბლავდი. ფიქრებით კოცონს დავუბრუნდი. კიდევ რა იწვის იქ? გავიფიქრე და ამაკანკალა: მძღოლის საერთაშორისო მოწმობა, ნარინჯისფერი ავსტრალიური ბანკნოტები; ასდოლარიანი კუპიურა, რომელსაც წლებია საფულის ფარულ ჯიბეში ახალგაზრდობიდან, სატელეფონო კომპანიაში მუშაობის დროიდან ვინახავ; საყვარელი ტუჩსაცხი, რომელსაც ამ ქვეყანაში ვერ ვიშოვნი; ბრილიანტებიანი საათი; ჩემს მეთვრამეტე დაბადების დღეზე დეიდა ნოლას ნაჩუქარი ბეჭედი, ყველაფერი ცეცხლს შეუკეთეს.

ჩემი მღელვარება შეწყდა, როდესაც თარჯიმანმა ტომთან წარმადგინა. თარჯიმანს ოოოტა ერქვა. ის თავის სახელს გამოთქვამდა როგორც გრძელი „ო-ო-ო-ო“, რომელსაც უეცრად მოკლე „ტა“ აბოლოვებდა. 

საოცარი თვალების მქონე კეთილგანწყობილ მამაკაცს აბორიგენები ტომის უხუცესად მოიხსენიებდნენ. ის არ იყო ასაკით ყველაზე უფროსი, მაგრამ სწორედ რომ ბელადის ჩვენეული განმარტების შესაბამისად გამოიყურებოდა.

ერთ-ერთმა ქალმა ჯოხი ჯოხს შემოჰკრა, მალე მას სხვებიც აჰყვნენ. შუბოსნებმა შუბების გრძელი ტარები ქვიშას დასცხეს, სხვებმა კი ხელებით ტაში შემოჰკრეს. შეკრებილები შიგადაშიგ რეჩიტატივით ამღერდნენ. ხელით მანიშნეს ქვიშაზე დავმჯდარიყავი. ტომმა კორობორი (Corroboree - ავსტრალიელი აბორიგენების რიტუალური ცეკვა - მთარგმნელის შენიშვნა), ერთგვარი საზეიმო რიტუალი, შეასრულა. ერთ სიმღერას მეორე მოსდევდა. ადრე შევამჩნიე, რომ ზოგიერთს ტერფებზე დიდი მსხვილი ტოტებისგან მოწნული სამაჯურები ეკეთა, ახლა ისინი ჩემი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ, რადგან გამხმარი თესლი პარკებში საჩხაკუნოებად ქცეულიყო. ხან ერთი ქალი ცეკვავდა, ხან რამდენიმე. მამაკაცები ხან მარტო ცეკვავდნენ, ხან ქალებთან ერთად. ისინი თითქოს თავიანთ ისტორიას მიყვებოდნენ.

ბოლოს და ბოლოს მუსიკის ტემპი შენელდა, მოძრაობები უფრო თავშეკავებული გახდა, შემდეგ კი საერთოდ შეწყდა. დარჩა მხოლოდ ერთი თანაბარი რიტმი, რომელიც ჩემს გულისცემასთან უნისონში ჟღერდა. აბორიგენები მდუმარედ და გაუნძრევლად ისხდნენ, და ბელადს მისჩერებოდნენ. ის ადგა და მომიახლოვდა. ის მომღიმარე ჩემს წინ იდგა. ენით აღუწერელმა თანაზიარების განცდამ შემიპყრო. ინტუიციურად ვგრძნობდი, რომ ჩვენ ძველი მეგობრები ვიყავით, თუმცა ეს ასე არ იყო. მივხვდი, რომ სწორედ მისმა იქ ყოფნამ მაგრძნობინა თავი კომფორტულად და მიღებულად.

ბელადმა ქამარში ჩამალული იხვნისკარტას ტყავისგან დამზადებული გრძელი მილი მოიხსნა, და თავზემოთ აიქნია. მან ერთი ბოლო გახსნა და შიგთავსი მიწაზე გადმოყარა. ჩემს ირგვლივ ქვები, ძვლები, კბილები, ბუმბულები და მრგვალი ტყავის ფირფიტები მიმოიფანტა. ტომის ზოგიერთი წევრი იატაკზე ყველა იმ ადგილის მონიშვნას შეუდგა, სადაც ნივთები დაეცა. ისინი მიწის იატაკზე აღნიშვნების გასაკეთებლად ფეხის ცერა თითს ხელის თითივით ოსტატურად იყენებდნენ. შემდეგ ნივთები ისევ შალითაში ჩააბრუნეს. ბელადმა რაღაც თქვა და მილი გამომიწოდა. ლას ვეგასი გამახსენდა, ამიტომ მილი მაღლა ავწიე და გავაქნიე. შემდეგ მისი თამაში გავიმეორე, გავხსენი ერთი კიდე და შიგთავსი გადმოვყარე, ამასთან ვგრძნობდი, რომ სრულებით ვერ ვაკონტროლებდი, თუ სად დაცვივდებოდა ნივთები. იატაკზე დაოთხილი ორი მამაკაცი მესამეს ფეხით მოსანიშნ იმ ადგილებს კარნახობდა, რომელშიც ნივთები ბელადის ნასროლთან მიმართებით აღმოჩნდნენ. ზოგიერთებმა ერთმანეთს აზრი გაუზიარეს, მაგრამ ოოოტას არ განუმარტავს, მაინც რა თქვეს მათ.

იმ შუადღეს რამდენიმე გამოცდა ჩამიტარეს. ერთ-ერთი შთამბეჭდავი გამოცდა მსხლის ფორმის ბანანივით სქელკანიან რომელიღაც ხილთან იყო დაკავშირებული. ღია მწვანე ნაყოფი მომაწოდეს და მისი ხელში დაჭერა და დალოცვა მიბრძანეს. რას უნდა ნიშნავდეს ეს? წარმოდგენა არ მქონდა, ამიტომ უბრალოდ გავიფიქრე: „მოწყალეო ღმერთო, გევედრები, დალოცე ეს საჭმელი“ - და ის ბელადს უკან გავუწოდე. მან ნაყოფს დანით წვერი მოაჭრა და ქერქის გაფრცქვნას შეუდგა. ნაცვლად იმისა, რომ ბანანის ქერქივით ძირს ჩამოვარდნილიყო, ეს ნათალი ირკალებოდა. ყველამ მე შემომხედა. მათი მუქი თვალების მზერისგან არაკომფორტულად ვგრძნობდი თავს. ყველამ ერთად, უნისონში, თითქოს დიდხანს ევარჯიშათ, თქვეს „აჰ!“. ასე ხდებოდა ყოველ ჯერზე, როდესაც ბელადი ქერქის ნაჭერს მიწაზე აგდებდა. არ ვიცი ეს „აჰ!“ კარგი იყო თუ ცუდი, მაგრამ მეჩვენებოდა, რომ გათლისას ქერქი როგორღაც არანორმალურად იხვეოდა, და რასაც არ უნდა მიანიშნებდეს ეს გამოცდები, გამსვლელ ქულას ვაგროვებდი.

ქვებით სავსე სინით ხელში, ახალგაზრდა ქალი მომიახლოვდა. თუმცა ეს სინი კი არა, მუყაოს ნაჭერი აღმოჩნდა, მაგრამ ქვების სიმრავლის გამო ვერ ვხედავდი, კონკრეტულად რაზე ელაგა ისინი. ოოოტამ ძალზე სერიოზულად შემომხედა და მითხრა: „ამოირჩიე ქვა. გონივრულად აარჩიე. მას შენი სიცოცხლის გადარჩენა  ძალუძს“.

უმალ კანი დამეხორკლა, თუმცა კიდურები მიხურდა და ოფლად ვიღვრებოდი. ჩემი შიგნეული საკუთარ ენაზე ალაპარაკდა. დაჭიმულმა მუცლის კუნთებმა მანიშნა: „ეს რას ნიშნავს? ძალა ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად!“

ქვებს დავხედე. ყველა ერთნაირად გამოიყურებოდა. ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებოდნენ. ეს დაახლოებით ოცდახუთცენტიანის ზომის  უბრალო ნაცრისფერი კენჭები იყო. ვიმედოვნებდი, რომ რომელიმე მათგანი მანათობელი ან როგორღაც გამორჩეული იქნებოდა. მაგრამ არ გამიმართლა. ამიტომ თავი მოვიკატუნე, თითქოს ყურადღებით ვათვალიერებდი ამ ქვებს. შემდეგ გროვიდან ერთ-ერთი ამოვარჩიე და გამარჯვებული სახით ავიღე. ირგვლივ მყოფებმა მოწონებით გამიღიმეს, და სიხარულით გავიფიქრე, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.

მაგრამ რა უნდა ვუყო ამ ქვას? მისი გადაგდება და მათი გრძნობების შეურაცხყოფა არ შემეძლო. ბოლოს და ბოლოს, ჩემთვის უმნიშვნელო ეს ქვა მათთვის მნიშვნელოვანია. ჯიბეები არ მქონდა, ამიტომ ის ჩემი ამჟამინდელი ჩასაცმელის ქვეშ ძუძუებს შორის ღარში ჩავდე, რომელიც ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ჩემი აზრით მისი შენახვა შემეძლო. ამ ბუნებრივ ჯიბეში საიმედოდ დამალული შიგთავსი მალე გადამავიწყდა.

შემდეგ მათ ცეცხლი ჩააქრეს, ინსტრუმენტები დაშალეს,  თავიანთი მცირე ქონება მოაგროვეს და უდაბნოსკენ დაიძვრნენ. მათი ყავისფერი, თითქმის შიშველი სხეულები მზეზე ბრწყინავდნენ, როდესაც ისინი წასასვლელად ემზადებოდნენ. როგორც ჩანს, შეხვედრა დასრულდა - არც სადილი, არც დაჯილდოვების ცერემონია! მსვლელობას ოოოტა აბოლოვებდა, მაგრამ ისიც გზას დაადგა. რამდენიმე იარდის შემდეგ ის შემობრუნდა და მითხრა: „წამოდი, მივდივართ“. „სად მივდივართ?“ - დავინტერესდი. „სალაშქროდ“. „მაინც საით?“ „ავსტრალიის გასწვრივ“. „შესანიშნავია! და რამდენ ხანს გაგრძელდება ეს?“ „დაახლოებით სამი მთვარის განმავლობაში“. „სამ თვეს გულისხმობ?“ „დიახ, დაახლოებით სამი თვე“.

ღრმად ამოვისუნთქე. შემდეგ მოშორებით მდგარ ოოოტას გამოვუცხადე: ძალზე მომხიბლავად ჟღერს, მაგრამ როგორც ხედავ, არ შემიძლია. დღეს ამისთვის საუკეთესო დრო არაა. მე მაქვს პასუხისმგებლობები, ვალდებულებები, ქირა, კომუნალური გადასახადები. მომზადებული არ ვარ. დრო მჭირდება, ლაშქრობისთვის რომ მოვემზადო. თქვენ ალბათ არ გესმით: ავსტრალიის მოქალაქე არ ვარ, ამერიკელი ვარ. ჩვენ არ შეგვიძლია ასე უბრალოდ ავდგეთ და უცხო ქვეყანაში გავემგზავროთ და დავიკარგოთ. თქვენი საიმიგრაციო ჩინოვნიკები აღშფოთდებიან, ჩემი მთავრობა კი შვეულმფრენებს გამოგზავნის ჩემს მოსაძებნად. შესაძლოა სხვა დროს, როცა წინასწარ მეცოდინება და მოვემზადები, შევძლებ, რომ შემოგიერთდეთ. მაგრამ დღეს არა. დღეს უბრალოდ არ შემიძლია თქვენთან ერთად წამოსვლა. არა, დღეს ნამდვილად არ არის შესაფერისი დღე.

ოოოტას გაეღიმა და თქვა: ყველაფერი რიგზეა. ყველა შეიტყობს, ვინც საჭიროა. ჩემმა ხალხმა დახმარების შენი თხოვნა გაიგონა. ტომიდან ერთს მაინც რომ შენს საწინააღმდეგოდ მიეცა ხმა, ეს მოგზაურობა არ შედგებოდა. შენ გამოგცადეს და მიგიღეს. ეს უდიდესი პატივია, რომლის ახსნის ძალა არ შემწევს. შენ უნდა გაიარო ეს გამოცდა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც ამ ცხოვრებაში მოგელის. სწორედ ამისთვის დაიბადე. ღვთაებრივი ერთობა უკვე ჩაერია; ეს გზავნილი შენთვისაა. მეტს ვერაფერს გეტყვი. წავიდეთ. უკან გამომყევი.

ის შებრუნდა და გზას გაუდგა.

ვიდექი და ავსტრალიურ უდაბნოს მივჩერებოდი. ის უზარმაზარი, უკაცრიელი, და მაინც მშვენიერი იყო. ის ჩემს თვალწინ უკიდეგანოდ გადაშლილიყო. ჯიპი ადგილზე იდგა, გასაღები ანთების ჩამრთველში დაეტოვებინათ. მაგრამ რა გზით მოვედით? რამდენიმე საათი გზის მაგივრად გორაკებს შორის გაუთავებელი მიხვეულ-მოხვეულით მოვდიოდით. არც ფეხსაცმელი მაქვს, არც წყალი და არც საჭმელი. წლის ამ დროს უდაბნოში ტემპერატურა 100 და 130 ფარენჰეიტს (პლუს ოცდათვრამეტსა და ორმოცდათხუთმეტ გრადუსს, მთარგმნელის შენიშვნა) შორის მერყეობს. რა თქმა უნდა სასიამოვნოა, რომ მათ ჩემს სასარგებლოდ მისცეს ხმა, მაგრამ ჩემი ხმა რომ არ გაითვალისწინეს? თუმცა, ჩანდა, რომ გადაწყვეტილება ჩემზე არ იყო დამოკიდებული.

წასვლა არ მინდოდა. ისინი მთხოვდნენ, მათთვის ჩემი სიცოცხლე მიმენდო. ისინი იყვნენ ადამიანები, რომელთაც სულ ახლახანს შევხვდი, რომლებთან დალაპარაკებაც კი არ შემეძლო. სამსახური რომ დავკარგო? ეს უკვე თავისთავად ცუდია: საპენსიო დაზღვევაც კი არ მაქვს! სიგიჟეა! რა თქმა უნდა, არსად წასვლა არ შემიძლია!

შემდეგ ასეთი აზრი მეწვია: „დარწმუნებული ვარ, სპექტაკლია ორი მოქმედებით. პირველი ამ ქოხში გაითამაშეს, მეორეს უდაბნოში ჩაატარებენ. შორს ვერ წავლენ, რადგან საჭმელი არ აქვთ. ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მელოდეს - იქ ღამის გატარება მომიწევს. მაგრამ არა, - ვფიქრობდი, - განა ერთი შეხედვით ვერ უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ მოგზაური არ ვარ, თბილ, ქაფიან აბაზანას შეჩვეული მოქალაქე ვარ. მაგრამ, - ფიქრი გავაგრძელე, - გავუმკლავდები, თუ საჭიროა. უბრალოდ სიმტკიცე უნდა გამოვიჩინო, რაკი სასტუმროში ერთი ღამის საფასური მაქვს გადახდილი. ვეტყვი, რომ ხვალ სასტუმროს დატოვების დრომდე დამაბრუნონ. სულაც არ ვაპირებ ამ სულელი გაუნათლებელი ხალხის ახირების გამო კიდევ ერთი დღის ფასი გადავიხადო“.

ვხედავდი, როგორ მცილდებოდა და პატარავდებოდა ადამიანთა ჯგუფი უდაბნოში. დადებითი და უარყოფითი მხარეების აწონ-დაწონის დრო აღარ მქონდა. რაც მეტს ვფიქრობდი, თუ რა გამეკეთებინა, მით მეტად მშორდებოდნენ ისინი უდაბნოში. ფრაზა, რომელიც წარმოვთქვი, ჩემს ტვინში ისე მკაფიოდ აღიბეჭდა, თითქოს გაპრიალებულ დაფაზე ამოეტვიფროთ: „კარგი, ღმერთო! ვიცი, რომ იუმორის თავისებური გრძნობა გაქვს, მაგრამ ჩემთვის ის სრულიად გაუგებარია“.

შიშის, გაოცების, უნდობლობის და სრული გაოგნების არეული გრძნობებით აბორიგენთა ტომს გავყევი, რომლებიც საკუთარ თავს ჭეშმარიტ ადამიანებს უწოდებდნენ.

თუმცა არც გამკოჭეს და არც პირი დაუხშიათ, მაინც ტყვედ ვგრძნობდი თავს. მეჩვენებოდა, რომ გაურკვევლობაში ამ იძულებითი ლაშქრობის მსხვერპლი ვიყავი.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff