არქივები
მომდევნო დილას ნება დამრთეს შევსულიყავი გვირაბში, რომელსაც ისინი დროის საცავს უწოდებენ. მათ ქვები ისე განალაგეს, რომ მზის სხივებმა იქ ხვრელიდან შეაღწიონ. წელიწადში მხოლოდ ერთხელ ანათებს მზე პირდაპირ ამ გვირაბში. ასეთ დღეს მათ იციან, რომ ბოლო ჩანაწერიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა. მაშინ ორი ქალის - დროის აღმრიცხველის და მეხსიერების მცველის საპატივცემულოდ დიდ ზეიმს აწყობენ. ორი მცველი ამ ზეიმზე თავის ყოველწლიურ რიტუალს ასრულებს. ისინი კედელზე განვლილი წელიწადის დროების (აბორიგენებს ის ექვსი აქვთ) ყველა მნიშვნელოვან მოვლენას იწერენ. ყველა დაბადება და გარდაცვალება, ასევე სხვა მნიშვნელოვანი დაკვირვებები დღის, წელიწადის დროისა და მზის და მთვარის დროის მიხედვით აღინუსხება. 160-ზე მეტი მსგავსი რელიეფი და სურათი დავითვალე. ასე განვსაზღვრე, რომ ტომის ყველაზე უმცროსი წევრი ცამეტი წლისაა და რომ ჩვენს შორის ოთხმოცდაათს გადაცილებული ოთხი ადამიანი იყო.
ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ავსტრალიის მთავრობა ბირთვულ ცდებს ატარებდა მანამ, სანამ შესაბამისი ჩანაწერი არ ვნახე გამოქვაბულის კედელზე. სამხედროები ალბათ არც კი ეჭვობდნენ, რომ პოლიგონის სიახლოვეს ადამიანები იმყოფებოდნენ. ასევე არის ჩანაწერი იაპონელი სამხედროების მიერ პორტი დარვინის დაბომბვის შესახებ. ქაღალდის და ფანქრის გარეშე დროის აღმრიცხველმა იცოდა ყოველი მნიშვნელოვანი მოვლენა და მათ სწორი თანმიმდევრობით იწერდა. როდესაც დროის აღმრიცხველი ყვებოდა, როგორ ასახავს სხვადასხვა მოვლენებს ქვაზე კვეთით და სურათებში, მისი სახე აღფრთოვანებას გამოხატავდა, თვალები კი ბავშვის თვალებს მიუგავდა, რომელმაც მისთვის ძალზე ძვირფასი საჩუქარი მიიღო. ორივე ქალი ასაკიანი იყო. გასაოცარია: ჩვენს სამყაროში ძალზე ბევრი ხანში შესული ადამიანია, რომლებსაც ყველაფერი ავიწყდებათ, ისინი თანდათან ეთიშებიან ცხოვრებას, მათ ვერ დაეყრდნობი, უძლურდებიან, აქ კი, ამ სამყაროში, ასაკის მატებასთან ერთად ადამიანები უფრო ბრძენდებიან, მათ პატივისცემით ეპყრობიან და მათ რჩევებს აფასებენ. ისინი ძლიერი ბურჯები არიან და სხვებისთვის მაგალითს წარმოადგენენ.
თარიღები უკან გადავთვალე და კედელზე ვიპოვნე რელიეფი, რომელიც ჩემი დაბადების წელს ასახავდა. იმ დღეს, რომელიც ჩვენი კალენდრის 29 სექტემბერს შეესაბამებოდა, დილით ადრე ვიღაც დაიბადა. ვიკითხე, თუ ვინაა ეს ადამიანი. მიპასუხეს: მეფური შავი გედი, რომელიც ამჟამად ტომის ბელადია.
როგორღაც თავი შევიმაგრე და არ წავიქეცი გაოცებისგან. როგორია ალბათობა იმისა, შეხვდე ადამიანს, რომელიც ზუსტად იმავე დღეს, წელს და საათზე დაიბადა დედამიწის მოპირდაპირე მხარეს, და რომ ეს ყველაფერი გიწინასწარმეტყველეს? ოოოტას ვუთხარი, რომ მეფურ შავ გედთან პირისპირ ლაპარაკი მსურდა. მან ჩვენი შეხვედრა მოაწყო.
მრავალი წლის წინ შავ გედს მოუყვნენ, რომ მას სულიერი პარტნიორი ჰყავს, რომელიც ადამიანის სახით ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გადაგვარებულთა შორის ცხოვრობს. ახალგაზრდობაში მას ქალაქში წასვლა სურდა, რათა ეს ადამიანი ეპოვნა, მაგრამ მას უთხრეს, რომ შეთანხმების დარღვევა არ შეიძლება, რომლის მიხედვითაც მათ ერთმანეთს უნდა აცადონ მინიმუმ ორმოცდაათი წელი, რათა მათში გამყარდეს ის ღირებულებები, რომელთა პატივისცემაა საჭირო.
ჩვენ ჩვენი დაბადების გარემოებები შევადარეთ. შავი გედის ცხოვრება დაიწყო, როდესაც დედამისი მარტო გაემართა განსაკუთრებული ადგილისკენ, ქვიშაში ხელით ამოთხარა ორმო და იქ უიშვიათესი თეთრი კოალას ტყავი ჩააფინა. ჩემი ცხოვრება დაიწყო აიოვას თეთრ, სტერილურ საავადმყოფოში - დედაჩემმაც დიდი გზა გაიარა ჩიკაგოდან ამ სამშობიარომდე, რომელიც თავად აარჩია. მისი მამა სამოგზაუროდ იყო წასული და შორს იყო იმ ადგილიდან, სადაც მისმა ცოლმა იმშობიარა. ასევე შორს იყო მამაჩემიც. ცხოვრებაში შავმა გედმა სახელი რამდენჯერმე შეიცვალა. მეც ასევე. მან ყველა ცვლილების გარემოება მომიყვა. იშვიათი თეთრი კოალა, რომელიც დედამისის გზაზე გამოჩნდა, იყო ნიშანი, რომ ბავშვი, რომელსაც ის ატარებდა, ბელადი გახდებოდა. ის მიხვდა თავისი გამოცდილებით, რომ ავსტრალიური შავი გედები - მისი ძმები არიან და მოგვიანებით სიტყვა გედი გამამშვენიერებელ სიტყვასთან შეათანხმა, რომელიც მითარგმნეს როგორც მეფური. მე მოვუყევი იმ გარემოებათა შესახებ, რომლებშიც ჩემი სახელი იცვლებოდა.
არაა მნიშვნელოვანი, ჩვენს შორის კავშირი ფაქტი იყო თუ მითი. მაგრამ იმ მომენტში ვიგრძენით, რომ ამ ცხოვრებაში დაკავშირებული ვართ. დიდხანს გულითადად ვისაუბრეთ.
ბევრი რამ პირად საკითხებს ეხება, და აქ მათი გადმოცემა უადგილო იქნებოდა, მაგრამ ვგრძნობ, რომ ყველაზე მთავარი უნდა მოვყვე.
მეფურმა შავმა გედმა მაცნობა, რომ ჩვენს სამყაროში ყველა პიროვნებას მეწყვილე ჰყავს. ყველაფერში ორი პოლუსია. მე ადრეც ვიცოდი უკიდურესობების არსებობა: ცუდი - კარგი, თავისუფლება - მონობა, მორჩილება - წინააღმდეგობა. მაგრამ სინამდვილეში ასე არაა. სამყარო შავ-თეთრი არაა, ის მრავალი ელფერისგან შედგება. და რაც მთავარია, ორნამენტები მოძრაობს, ფერები იცვლება და პირველსაწყისს უბრუნდება. საპასუხოდ ხუმრობით აღვნიშნე, რომ მართალია პატარა ასაკის აღარ ვართ, მაგრამ ახლა კიდევ ორმოცდაათი წელი დამჭირდება, რომ ამ ყველაფერში გავერკვიო.
შემდეგ, იმავე დღეს, დროის საცავის გვირაბში გავიგე, რომ აბორიგენებმა პირველებმა გამოიგონეს საღებავის გამფრქვევი. რადგან მათ ძალზე აღელვებთ გარემოს მდგომარეობა, ისინი არ იყენებენ ტოქსიურ ქიმიურ ნივთიერებებს; მათ უარი თქვეს დროის ფეხდაფეხ სიარულზე, ამიტომ ახლაც ისე მუშაობას არჩევენ, როგორც ათასი წლის წინ მუშაობდნენ. თითებით და ცხოველების თმებისგან დამზადებული ფუნჯებით მათ კედელზე მუქი წითელი პანო გამოსახეს. რამდენიმე საათში ყველაფერი გაშრა, და მე ცარცის თიხის, წყლისა და ხვლიკის ცხიმის შერევით თეთრი საღებავის მიღება მასწავლეს. ქერქის ბრტყელი ნაჭრით ნარევი გავსრისეთ. საჭირო კონსისტენციის მიღების შემდეგ ქერქი დავამრგვალეთ და საღებავით პირი ავივსე. ის ენით ძალიან უცნაურად აღიქმებოდა, მაგრამ გემო თითქმის არ ჰქონდა. შემდეგ ხელი წითელ კედელს დავადე და საღებავი თითების გარშემო მიმოვაფრქვიე. ბოლოს და ბოლოს დასვრილი ხელი ავიღე, და წმინდა კედელზე მოსულის ანაბეჭდი დარჩა. უფრო დიდ პატივს ვერ მომაგებდნენ მაშინაც კი, ჩემი პორტრეტი სიქსტის კაპელის ჭერზე რომ დაეხატათ.
მთელი დღის განმავლობაში კედლის ნახატებს ვსწავლობდი. იქ იყო ჩანაწერები ინგლისის მმართველის შესახებ; ქაღალდის ფულის გაჩენის შესახებ; იმის შესახებ, თუ როგორ დაინახეს აპირველად ბორიგენებმა ავტომობილი, თვითმფრინავი, თავდაპირველად მსუბუქი, შემდეგ კი რეაქტიული, როგორ შენიშნეს ავსტრალიის თავზე ცაში თანამგზავრები; იყო ჩანაწერები დაბნელებების შესახებ, ასევე ამოუცნობი ობიექტის გამოჩენის შესახებ, რომელიც მფრინავ თეფშს წააგავდა, ხოლო მასში მყოფი გადაგვარებულები ჩემთან შედარებით კიდევ უფრო მეტად გადაგვარებულები იყვნენ! მომიყვნენ, რომ ამ მოვლენათაგან ზოგს წინა დროის აღმრიცხველები და მეხსიერების მცველები აკვირდებოდნენ, ხოლო ზოგი მათგანის შესახებ ამბავი ცივილიზებულ უბნებში გაგზავნილმა მსტოვრებმა მოიტანეს.
ადრე იქ ახალგაზრდებს აგზავნიდნენ, მაგრამ შემდეგ მიხვდნენ, რომ ახალგაზრდასთვის ეს ძალზე რთული ამოცანაა. ახალგაზრდები ადვილად იხიბლებიან მანქანის ყოლის, ყოველ დღე ნაყინის ჭამის, ინდუსტრიული სამყაროს ყველა საოცრებით ტკბობის პესპექტივით. შედარებით უფროსი ასაკის ადამიანები მყარად დგანან მიწაზე, ისინი ამ მაგნიტის მიზიდულობას გრძნობენ, მაგრამ არ ემორჩილებიან მას. თუმცა ტომში ძალით არავის აჩერებდნენ. დროდადრო დაკარგული ძმა ბრუნდებოდა. გადაგვარებულებმა ოოოტა თითქმის დაბადებისთანავე წაართვეს დედას, რაც ადრე არა მარტო ჩვეულებრივი ამბავი იყო, არამედ კანონიერიც. წარმართების მოსაქცევად და მათი სულების სახსნელად, ბავშვებს განსაკუთრებულ დაწესებულებებში ათავსებდნენ და მშობლიური ენის შესწავლას და წმინდა რიტუალების შესრულებას უშლიდნენ. ოოოტა 16 წლამდე ქალაქში იზრდებოდა, შემდეგ გაიქცა, რათა თავისიანები ეპოვნა.
ყველანი ვიცინოდით, როდესაც ოოოტა ყვებოდა, თუ როგორ მოაწყო საცხოვრებელი აბორიგენებისთვის ხელისუფლებამ, მათ ეზოში ეძინათ, სახლებში კი ნივთებს ინახავდნენ. ამგვარად „საჩუქრის“ თემა წამოიჭრა, თუ როგორ განსაზღვრავს მას ეს ხალხი. ტომში თვლიან, რომ საჩუქარი მხოლოდ მაშინაა საჩუქარი, როდესაც ადამიანს ჩუქნი იმას, რაც მას სურს. ხოლო თუ იმას აძლევ, რაც თავად გინდა, რომ მას ჰქონდეს, ეს საჩუქარი აღარაა. თუ შენ ჩუქნი, არავითარი „მაგრამ“ არ უნდა არსებობდეს. ყოველგვარი პირობის გარეშე უნდა ჩუქნიდე. საჩუქრის მიმღებ ადამიანს უფლება აქვს, როგორც უნდა ისე მოექცეს მას: გამოიყენოს, გაანადგუროს, გასცეს და ა.შ. ის ახლა სრულად მას ეკუთვნის, და მჩუქებელი საპასუხოდ არაფერს ელის. თუ ყველა ეს პირობა არ შესრულდა, მაშინ ეს უკვე არა საჩუქარი, არამედ რაღაც სხვაა. დათანხმება მომიწია, რომ საჩუქრებს სახელმწიფოსგან და, სამწუხაროდ, იმას, რასაც ჩემი საზოგადოება საჩუქრად მიიჩნევს, ეს ადამიანები სრულიად სხვაგვარად აფასებენ. მაგრამ რამდენიმე ადამიანიც გამახსენდა ჩემს სამშობლოში, რომლებიც, თავადაც რომ არ იცოდნენ, ისე ჩუქნიდნენ ადამიანებს ნამდვილ საჩუქრებს. მათ შეეძლოთ მხარი დაეჭირათ, გაემხნევებინათ, გაემხიარულებინათ, შეეძლოთ ყოფილიყვნენ ერთგული მეგობრები, საყრდენი სუსტებისთვის.
ამ ადამიანთა სიბრძნე უსაზღვრო განცვიფრებას იწვევდა ჩემში. ისინი რომ მსოფლიოს ლიდერები გამხდარიყვნენ, რაოდენ შეიცვლებოდა ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება!