გზავნილი ქვეყნიერების დასალიერიდან

მარლო მორგანი
5
1

მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე

თავი მეცხრე - საუდაბნოო ქუდი

ბუზები ავსტრალიის უდაბნოში საშინელი რამაა. ბუზების სიმრავლე მზის პირველ სხივებთან ერთად ჩნდება. ფაქტობრივად ცა მილიონობით ბუზის შავი მოძრავი ღრუბლებით იბურება. სანახაობა შესახედაობით და ხმით კანზასურ ქარიშხალს წააგავს.

ბუზების გამო ვერ ვსუნთქავდი და ვერ ვჭამდი. ისინი ყველგან აღწევდნენ: ყურებში, ცხვირში, თვალებში მიცოცავდნენ, კბილებს შორისაც კი მიძვრებოდნენ და საყლაპავში გადადიოდნენ. მათ საზიზღარი მოტკბო გემო ჰქონდათ, გული მერეოდა და ვიხრჩობოდი. ბუზებმა დაფარეს ჩემი სხეული, და თითქოს შავი ცოცხალი ჯავშნით შევიმოსე. ისინი არ იკბინებოდნენ, მაგრამ ამის ვერც კი ვამჩნევდი, იმდენად ვიტანჯებოდი. დიდები, სწრაფები და იმდენად ბევრი იყვნენ, რომ ყოფა სრულიად აუტანელი გახდა. ყველაზე მეტად ჩემი თვალები დაზარალდა.

ტომის წევრები გრძნობენ, სად და როდის გამოჩნდებიან ბუზები. როდესაც ხედავენ ან ესმით, რომ მწერები ახლოვდებიან, ისინი მაშინვე ჩერდებიან, თვალებს ხუჭავენ და ხელებჩამოშვებულები გაუნძრევლად დგანან.

მე მათგან პრაქტიკულად ყველა სიტუაციაში, რაც თავს გადაგვხვდა, დადებითი მხარის პოვნა ვისწავლე, მაგრამ ბუზებთან ვერაფერს გავაწყობდი, რომ არ დამხმარებოდნენ. ეს მართლაც ყველაზე მძიმე გამოცდა იყო იქიდან, რაც გამოვიარე. კარგად მესმის, როგორ შეიძლება ჭკუიდან შეიშალო, როდესაც შენზე მილიონობით მწერი დაცოცავს. გამიმართლა, რომ ასე არ დამემართა.

ერთ დილას სამი ქალი მომიახლოვდა. მათ მთხოვეს, მათთვის დასაწნავად ჩემი თმის კულულები მიმეცა. თმას 30 წლის განმავლობაში ვიღიავებდი, ამიტომ უდაბნოში მოგზაურობის დასაწყისში ღია ქერა და საკმაოდ გრძელი თმა მქონდა. მაგრამ თმა ყოველთვის კეფაზე მქონდა შეკრული. მოგზაურობის რამდენიმე კვირის შემდეგ, დაუბანელს და დაუვარცხნელს, ვერც კი წარმომედგინა, როგორ გამოიყურებოდა ჩემი თმა. არ შეგვხვედრია საკმარისად სუფთა ან უძრავი წყალი, რაშიც ჩემს ანარეკლს შევათვალიერებდი. შემეძლო მხოლოდ მევარაუდა, რომ თმა გახუნებული, აბურდული და ჭუჭყიანი იყო. თმა რომ თვალებში არ მომხვედროდა, ქალი-სულის მოცემულ სახვევს ვატარებდი.

ქალებმა ჩემი თმის მუქი ძირები რომ აღმოაჩინეს, საქმე მიატოვეს და თავკაცთან გაიქცნენ, რათა თავიანთი აღმოჩენის შესახებ მოეთხროთ. ეს იყო შუახნის მამაკაცი, მშვიდი და ძლიერი, თითქმის ათლეტური აღნაგობის. ჩვენი მოგზაურობის ხანმოკლე პერიოდში მალევე შევამჩნიე, რაოდენ გულწრფელად ესაუბრებოდა ის ტომის წევრებს, როგორ უხდიდა დაუყოვნებლივ მადლობას ყოველ მათგანს ტომის სხვა წევრებისთვის გაწეული დახმარებისთვის. ჩემთვის ნათელი იყო, რატომ იყო ის ლიდერი.

მან ერთი ადამიანი მომაგონა. რამდენიმე წლის წინ სენტ-ლუისში Southwestern Bell კომპანიის მისაღებში ვიდექი. დილის შვიდი საათი იქნებოდა. დამლაგებელმა, რომელიც გულმოდგინედ აპრიალებდა მარმარილოს იატაკს, შიგნით შემიშვა, წვიმაში რომ არ დავსველებულიყავი. მალე შესასვლელთან გრძელი შავი ლიმუზინი გაჩერდა, საიდანაც კომპანიის დირექტორი გადმოვიდა. მან თავი დამიკრა, დამლაგებელს კი მიესალმა, დილა მშვიდობისა უსურვა. შემდეგ დაამატა, რომ მის გულმოდგინებას აფასებს, რადგან ამის გამო ის, როგორც პრეზიდენტი, დარწმუნებულია: იატაკი ყოველთვის იბრწყინებს. და ვინც არ უნდა შემოვიდეს შენობაში, მთავრობის უმაღლესი პირებიც კი, კომპანია ყოველთვის ღირსეულად შეხვდება მათ ასეთი თანამშრომლების წყალობით. ვიცოდი, რომ ის მხოლოდ უბრალოდ ლამაზ სიტყვებს არ ამბობდა, არამედ სრულიად გულწრფელი იყო. მე უცხო ვიყავი იქ, მაგრამ აშკარად ვიგრძენი, სიამაყემ როგორ გაუცისკროვნა სახე დამლაგებლს. მივხვდი, რომ ნამდვილ ლიდერს აქვს რაღაც ისეთი, რაც ადამიანებს შორის ბარიერების დაძლევაში ეხმარება. ოდესღაც მამაჩემმა მითხრა: „ადამიანები კომპანიის გამო კი არა, სხვა ადამიანებისთვის მუშაობენ“. აბორიგენთა ტომის ბელადის მოქმედებებში ლიდერობის ცხად უნარებს ვხედავდი.

ის მომიახლოვდა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ქერათმიან დაზიანებულს ნამდვილად ახალი მუქი თმა ეზრდებოდა, შემდეგ კი ნება დართო სხვებს, ეს საოცრება ეხილათ. მათ თვალები გაუნათდათ და კმაყოფილებისგან გაეღიმათ. ოოტამ ამიხსნა, რომ მათ იგრძნეს, როგორ ვხდები თანდათან აბორიგენი.

როდესაც გართობა დასრულდა, ქალები ჩემს კულულებს დაუბრუნდნენ და მათში მარცვლეულის, წვრილი ძვლების, ფესვების, ბალახების და კენგურუს მყესების ჩაწნას შეუდგნენ. საქმე მალე დაასრულეს ყველაზე ჩახლართული ვარცხნილობით, რაც კი ოდესმე მინახავს. მთელ თავზე გრძელი ნაწნავები მეკიდა მათში ჩაწნული საგნებით. ამიხსნეს, რომ ავსტრალიური მეთევზეების ქუდები მთელ პერიმეტრზე ჩამოკიდული კორპის ტივტივებით, რომელსაც ხშირად იყენებენ სპორტსმენები, ბუზებისგან დაცვის ამ უძველესი მეთოდის მიხედვითაა შექმნილი. იმავე დღეს მართლაც გადავაწყდით ბუზების გუნდს, და ჩემმა მარცვლეულიანმა ვარცხნილობამ ნამდვილად გადამარჩინა.

შემდეგ ჯერზე, როდესაც სხვა მფრინავი და მკბენარი მწერების გუნდი შემოგვხვდა, გველის ცხიმი და კოცონიდან მორჩენილი ნაცარი წამისვეს, შემდეგ კი ქვიშაში გაგორება მიბრძანეს. ამ ხერხმა ნაწილობრივ გაამართლა. მასხარასავით სიარული ნამდვილად ღირდა, მაგრამ შეგრძნება, როგორ ძვრებიან ბუზები ყურებში ან თმებში ფუთფუთებენ, მაინც ჯოჯოხეთური განსაცდელი იყო ჩემთვის.

ბევრს შევეკითხე, როგორ იტანენ ისინი მათზე მუდამ მცოცავ მწერებს. ისინი პასუხად მხოლოდ იღიმებოდნენ. შემდეგ მითხრეს, რომ ჩემთან საუბარი ბელადს მეფურ შავ გედს სურდა.

- გესმის კი, რამდენ ხანს გრძელდება „მუდამ“? - მკითხა მან, - ეს ძალიან ძალიან დიდი დროა. მარადისობაა. ჩვენ ვიცით, რომ თქვენს სამყაროში დროს ხელზე ატარებენ და ყველაფერს დაგეგმილად აკეთებენ, ამიტომ გეკითხები, ხვდები კი, რამდენ ხანს გრძელდება „მუდამ“? - დიახ, - ვუთხარი, - მესმის. - კარგი, - მიპასუხა მან. - მაშინ კიდევ რაღაცას გეტყვით. ერთიან მთლიანობაში ყველაფერს თავისი მიზანი აქვს. არ არსებობს ანომალიები, შეუსაბამობები და შემთხვევითობები. არის მხოლოდ ის, რომ ადამიანი ჯერ ვერ აცნობიერებს. შენ დარწმუნებული ხარ, რომ ბუზები ცუდი, ჯოჯოხეთური ქმნილებები არიან, და შენთვის ისინი ასეთები არიან, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ შენ შესაბამისი ცოდნა და სიბრძნე არ გაგაჩნია. სინამდვილეში ისინი აუცილებელი არიან და სარგებელი მოაქვთ. ისინი ყურებში დაძვრებიან და ჭუჭყისგან და ქვიშისგან ასუფთავებენ მათ, რაც ყოველ ღამეს გროვდება, სანამ გვძინავს. შენ ხედავ, რომ შესანიშნავი სმენა გვაქვს. დიახ, ისინი ცხვირში ძვრებიან და ასუფთავებენ მას. მან ჩემს ცხვირზე მიმითითა: - ნესტოები ძალზე პატარები გაქვს, ჩვენსავით კი არა, კოალასას რომ ჰგავს. წინ უფრო ცხელი დღეები გველის, და დაიტანჯები, თუ ცხვირი სუფთა არ გექნება. აუტანელ სიცხეში პირის გაღება საერთოდ არ შეიძლება. სუფთა ცხვირი პირველ რიგში შენ გჭირდება. ბუზები მოფრინავენ და ტანზე გვეკვრიან, რათა ყველაფრისგან გაათავისუფლონ, რასაც ჩვენი სხეული იცილებს.

მან ხელი გაიწვდინა: - შეხედე, როგორი გლუვი და რბილი კანი გვაქვს, და საკუთარს შეადარე. ჩვენ არ შეგვხვედრია ადამიანები, რომლებიც უბრალო სიარულისგან იცვლიდნენ ფერს. შენ ჩვენთან თეთრი მოხვედი, შემდეგ გაწითლდი, ახლა კი ხმები და ჭკნები. დღიდან დღემდე სულ უფრო პატარავდები. ჩვენ არასდროს არავინ გვინახავს, ქვიშაზე კანი დაეტოვებინოს, როგორც ამას გველები აკეთებენ. შენ გჭირდება ბუზები, რათა შენი კანი გაიწმინდოს. და ოდესმე მივაღწევთ ადგილს, სადაც ბუზებმა კვერცხები დადეს, და ჩვენ საკვები გვექნება. მან ღრმად ჩაისუნთქა, დაკვირვებით შემომხედა და თქვა: - ადამიანები ვერ იარსებებენ, თუ იმის მაგივრად, რომ მიიღონ ბუნება იმისა, რაც მათ უსიამოვნოდ ეჩვენებათ, ისინი მის განადგურებას შეეცდებიან. როდესაც ბუზები მოფრინავენ, ჩვენ ვნებდებით მათ. შესაძლოა, შენ უკვე მზად ხარ ჩვენსავით მოიქცე.

შემდეგ ჯერზე, როდესაც შორიდან ბუზების ბზუილი შემომესმა, წელზე ჩამოკიდებული თავსახვევი მოვიხსენი, დავხედე და საბოლოოდ გადავწყვიტე ისე მოვქცეულიყავი, როგორც თანამგზავრები მირჩევდნენ. ბუზები მოფრინდნენ და მე გავითიშე. გონებით ნიუ-იორკში გადავედი და მასაჟის ძვირფას სალონში წავედი. თვალდახუჭული ვგრძნობდი, როგორ მიწმინდავენ ყურებს და ნესტოებს. წარმოვიდგინე დიპლომირებული სპეციალისტის სერტიფიკატი, რომელიც სალონის კედელზე ჩემს წინ ეკიდა. ვგრძნობდი, ასეულობით ბამბის ბურთულა როგორ წმენდდა ჩემი სხეულის მთელ ზედაპირს. ბოლოს და ბოლოს მწერები გაფრინდნენ, და მე ავსტრალიას დავუბრუნდი. და მართლაც, გარკვეულ გარემოებებში საუკეთესო, რაც შეიძლება გაკეთდეს, დანებებაა.

დავინტერესდი, კიდევ რას აღვიქვამდი სიცოცხლეში როგორც არასწორს ან რთულს, იმის მაგივრად, რომ მათი ჭეშმარიტი დანიშნულების გაგება მეცადა.

სარკის არ ქონა მთელი ამ თვეების განმავლობაში, როგორც ჩანს, ჩემს ცნობიერებაზე აისახა. მე თითქოს სათვალთვალო ნახვრეტებიან ნაჭუჭში მოქცეული დავდიოდი. თითქოს ყოველთვის იქიდან ვიყურებოდი, სხვებს ვუცქერდი, ვაკვირდებოდი, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ადამიანებს ჩემს სიტყვებზე და საქციელზე. პირველად მთელი ამ წლების განმავლობაში ვიგრძენი, რომ აბსოლუტურად პატიოსნად ვცხოვრობ. არ ვატარებ საქმიან სამყაროში მიღებულ ტანსაცმელს. არ ვიყენებ კოსმეტიკას. ცხვირი უკვე მრავალჯერ გადამექერცლა. არ მაწუხებდა ამბიციები, არ ვიბრძოდი საკუთარი პერსონისკენ ყურადღების მისაპყრობად. ჩვენს კოლექტივში არ ჭორაობდნენ და არც ერთმანეთის მოტყუებას ცდილობდნენ.

სარკის გარეშე (რაც შემაშინებდა და რეალობასთან დამაბრუნებდა) გამოვცადე, რას ნიშნავს მზეთუნახავად იგრძნო თავი. სინამდვილეში, არც ვიყავი, მაგრამ თავს ასე ვგრძნობდი! ადამიანებმა ისეთი მიმიღეს, როგორიც ვიყავი. მათ ჩემში თანაგრძნობის, საკუთარი უნიკალურობის, სილამაზის გრძნობები გააღვიძეს. ვსწავლობდი ამ ახალ შეგრძნებას, როგორია, როდესაც უპირობოდ გღებულობენ.

როდესაც ჩემს ქვიშის ლეიბზე დასაძინებლად დავწექი, თავში ფიფქიას ზღაპრიდან ბავშვობაში დამახსოვრებული სიტყვები მიტრიალებდა:

სარკევ, სარკევ! მითხარი, ვინ არის ჩემზე ლამაზი?

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff