ჩემი აღთქმა
ტომში კვირის დღეებს არ ითვლიდნენ, ასე რომ ვერ დავადგენდი, რომელი თვე იყო. როგორც ჩანს, მათთვის დრო მნიშვნელოვანი არ იყო. მაგრამ ერთხელ უცნაური გრძნობა დამეუფლა, დარწმუნებული ვიყავი, რომ შობა დადგა. რატომ - არ ვიცი. ირგვლივ არაფერი წააგავდა მორთულ ნაძვის ხეს ან პუნშით სავსე ბროლის გრაფინს. მაგრამ, სავარაუდოდ, სწორედ 25 დეკემბერი იდგა. გამახსენდა შემთხვევა, რომელიც ჩემს ოფისში რამდენიმე წლის წინ მოხდა.
მისაღებში ეკლესიის ორი მსახური იჯდა. ისინი რელიგიურ საკითხებს განიხილავდნენ. საუბარი თანდათან ცხარე კამათში გადაიზარდა, ვერ შეთანხმდნენ, ბიბლიაში შაბათი თავად შაბათი დღეა თუ მაინც კვირაა? აქ, ქვეყნიერების დასალიერში მყოფს მეცინებოდა ამის გახსენებაზე. როდესაც ახალ ზელანდიაში უკვე შობის მომდევნო დღეა, იმ დროს ამერიკის შეერთებულ შტატებში შობის წინა ღამეა. უცებ მსოფლიოს რუკაზე ლურჯ ოკეანეზე გავლებული მრუდე წითელი ხაზი წარმოვიდგინე. იქ, როგორც ამტკიცებენ, იწყება და მთავრდება დრო. მუდმივად მოძრავი ზღვის ამ უხილავ საზღვარზე კვირის ყოველი ახალი დღე იბადება.
შემდეგ გამახსენდა, ჯერ კიდევ წმინდა აგნესას სკოლაში სწავლისას, როგორ ვიჯექი ალენს-დრაივზე მაგიდასთან. ჩვენს წინ უზარმაზარი ბურგერები იდო და ველოდით, როდის დაკრავდა საათი თორმეტს. პარასკევს შეჭმული ერთი ნაჭერი ხორცი სასიკვდილო ცოდვას და მარადიული წყევლას მოასწავებდა. მრავალი წლის შემდეგ ეს წესი გააუქმეს, მაგრამ პასუხი არავის გაუცია კითხვაზე: რა ბედი ეწიათ იმ საცოდავ განწირულ სულებს, რომლებიც უკვე დაიწყევლენ? ახლა ეს ყველაფერი სრულ უაზრობად მეჩვენებოდა.
ვფიქრობ, შობის დაფასების უკეთესი გზა არ არსებობს, ვიდრე ის, თუ როგორ ცხოვრობს ჭეშმარიტი ხალხის ტომი. ისინი დღესასწაულებს არ აღნიშნავენ ყოველ წელს ჩვენსავით. ისინი ხანდახან დღესასწაულობენ ტომის რომელიმე წევრის საპატივცემულოდ, მაგრამ არა დაბადების დღის აღსანიშნავად, არამედ ამ ადამიანის ნიჭის, ტომში მისი მნიშვნელობის, მისი სულიერი ზრდის აღიარებისთვის. ისინი არ ზეიმობენ ადამიანის წლების მატებას. ისინი ზეიმობენ, რომ ის უკეთესი გახდა.
ერთმა ქალმა მითხრა, რომ მისი სახელი დროის აღმრიცხველს ნიშნავს და ესაა მისი ნიჭი. ისინი თვლიან, რომ ყოველ ჩვენგანს ბევრი ნიჭი აქვს, და თუ ჩვენ მათ ვახორციელებთ, უფრო მეტი გვეძლევა, და ამგვარად უფრო ძლიერები ვხდებით. ამჟამად ის დროის აღმრიცხველია და სხვა ადამიანთან ერთად მუშაობს, რომელსაც ყველაფრის უზუსტესად დამახსოვრების უნარი აქვს. როდესაც ვთხოვე, მოეთხრო, თუ როგორ ხდება ეს, მან მითხრა, რომ ტომის წევრები რჩევას სთხოვენ უმაღლეს ძალებს და შემდეგ მეტყვიან, საჭიროა თუ არა ამ ცოდნას ვფლობდე.
სამი ღამის განმავლობაში ტომის წევრების საუბარს არ მითარგმნიდნენ. უკითხავადაც ვიცოდი, რომ მსჯელობდნენ საკითხზე, ღირდა თუ არა ჩემთვის გარკვეული ინფორმაციის გამხელა. ვიცოდი ასევე, რომ ითვალისწინებდნენ არა მხოლოდ ჩემს ფაქტორს, არამედ იმ ფაქტსაც, რომ მე მთელი მსოფლიოს გადაგვარებულებს წარმოვადგენდი. ნათელი გახდა, რომ ბელადი იმ სამი დღის განმავლობაში ყოველნაირად მხარს მიჭერდა და ჩემს კანდიდატურას ლობირებდა. მომეჩვენა, ყველაზე მეტად ოოოტა იყო წინააღმდეგი. მივხვდი, რომ ნებისმიერი უცხო ადამიანისთვის მიუწვდომელი უნიკალური გამოცდილებისთვის ამირჩიეს. როგორც ჩანს, დროის აღრიცხვის ცოდნა დიდ ძალისხმევას მოითხოვდა.
კვლავ უდაბნოში მივაბიჯებდით. ირგვლივ ქვიანი ნიადაგი, ქვიშა და მწირი მცენარეულობა მოჩანდა, სწორი ზედაპირი ბორცვებმა შეცვალა. მიწა თითქოს ჩაიზნიქა იქ, სადაც საუკუნეების განმავლობაში ამ მუქკანიანი რასის მრავალი თაობა დააბიჯებდა. მოულოდნელად ტომი შეჩერდა, ორი ადამიანი წინ წავიდა, მათ ორ ხეს შორის ტოტები გადასწიეს და ქვა გვერდზე გადააგორეს. იქ გორაკში შესასვლელი აღმოჩნდა. ქვიშა, რომელსაც კარი ამოექოლა, გადაყარეს. ოოოტა მომიბრუნდა და მითხრა: შენ ნება დაგრთეს იცოდე დროის აღრიცხვის შესახებ. როდესაც ყველაფერს იხილავ, მიხვდები, რაოდენ რთული დილემის წინაშე იდგა ჩემი ხალხი. შენ ამ წმინდა ადგილას ვერ შეხვალ, სანამ არ დაიფიცებ, რომ ამ გამოქვაბულის ადგილმდებარეობას არასდროს გაამჟღავნებ.
შესასვლელში მარტო დამტოვეს, თავად კი გამოქვაბულში შევიდნენ. კვამლის სუნი ვიგრძნი დაბორცვის კლდოვანი წვერიდან ამომავალი კვამლის წვრილი ზოლი დავინახე. ადამიანები ერთიმეორეს მიყოლებით მოდიოდნენ ჩემთან. თავდაპირველად ყველაზე უმცროსი მომიახლოვდა, ხელები ჩამკიდა, თვალებში შემომხედა და თავის მშობლიურ ენაზე ალაპარაკდა, რომელიც არ მესმოდა. მე ვგრძნობდი მის შიშს, თუ როგორ გამოვიყენებდი მიღებულ ცოდნას. მან მღელვარე ხმით, ნაწყვეტ-ნაწყვეტ თქვა, რომ მისი ხალხის კეთილდღეობა პირველად გაენდობა გადაგვარებულს.
შემდეგ მომიახლოვდა ქალი, რომელსაც მთხრობელის სახელით ვიცნობდი. მანაც ხელები ჩამკიდა და დამელაპარაკა. მზის კაშკაშა სინათლეზე მისი სახე კიდევ უფრო მუქი ჩანდა, წვრილი წარბები მელანივით შავი, ფარშევანგის ფრთის ფერის, თვალის სკლერები კი ცარცივით თეთრი ჰქონდა. მან ოოოტას ანიშნა, რათა მოსულიყო და ეთარგმნა. და ვიდრე ჩემი ხელები ეჭირა და თვალებში მიყურებდა, მან მისი სიტყვები გადმომცა: ამ კონტინენტზე ბედისწერამ მოგიყვანა. ჯერ კიდევ დაბადებამდე შენ შეხვედრაზე შეუთანხმდი ერთ ადამიანს, რათა ერთად გემოქმედათ თქვენი საერთო სიკეთისთვის. თქვენ შეთანხმდით, რომ ერთმანეთს სულ მცირე ორმოცდაათი წლის განმავლობაში არ მოძებნიდით. ახლა დრო მოვიდა. შენ მაშინვე იცნობ ამ ადამიანს, რადგან იმავე დღეს, იმავე საათსა და წუთზე დაიბადე, და სულების დონეზე იცნობთ ერთმანეთს. შეთანხმება თქვენი მარადიული არსის უმაღლეს დონეზე შედგა.
ამ ამბავმა შემძრა. იგივე მაუწყა უცნაურმა ყმაწვილმა ჩაის ოთახში, როდესაც ახალი ჩამოსული ვიყავი ავსტრალიაში, ახლა კი ეს ინფორმაცია ქალმა-აბორიგენმა გაიმეორა.
შემდეგ მთხრობელმა პეშვით ქვიშა აიღო და ხელში ჩამიდო. მან მეორეჯერ აიღო ქვიშა და ხელი გაშალა, და ქვიშა თითებსშორის გაიფანტა - მან მანიშნა იგივე გამეკეთებინა. ასე გავიმეორეთ ოთხჯერ ოთხი სტიქიის - წყლის, ცეცხლის, ჰაერის და მიწის საპატივცემულოდ. ჩემს თითებზე მტვერი დარჩა.
ტომის წევრები ერთიმეორის მიყოლებით გამოდიოდნენ გამოქვაბულიდან, და ყოველი მათგანი ხელჩაკიდებული მელაპარაკებოდა. მაგრამ ოოოტა აღარ მითარგმნიდა მათ სიტყვებს. ჩემთან მოდიოდა ერთი ადამიანი, შემდეგ ბრუნდებოდა სამალავში და იქიდან ახლა სხვა გამოდიოდა. ერთ-ერთი ბოლო გამოვიდა დროის აღმრიცხველი, და მასთან ერთად მეხსიერების მცველი. მათ ხელები ჩაჰკიდეს ერთმანეთს, და ამგვარად, სამნი გავხდით. ჩვენ, ხელჩაკიდებულებმა ტრიალი დავიწყეთ. შემდეგ ისე, რომ ხელები არ გაგვიშვია ერთმანეთისთვის, მიწას შევეხეთ, გავიმართეთ და ხელები ცისკენ ავიშვირეთ. ასე გავიმეორეთ შვიდჯერ შვიდი მიმართულების - ჩრდილოეთის, სამხრეთის, აღმოსავლეთის, დასავლეთის, ზევით, ქვევით და შიგნით - საპატივცემულოდ.
შემდეგ მკურნალი გამოვიდა. ბოლოს გამოჩნდა ბელადი ოოოტას თანხლებით. მათ მითხრეს, რომ აბორიგენთა წმინდა ადგილები, ჭეშმარიტი ტომის შეკრების წმინდა ადგილის ჩათვლით, მეტად აღარ ეკუთვნით მათ. ოდესღაც ტომების ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრის ადგილს ულურუ, ქვეყნის ცენტრში მდებარე გიგანტური წითელი მთა წარმოადგენდა, რომელსაც ახლა აიერს-როკი ჰქვია. ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი, ზღვის დონიდან 1260 ფუტის სიმაღლის მონოლითია, და ის ხელმისაწვდომია ტურისტებისთვის, რომლებიც ჭიანჭველებივით დაცოცავენ მასზე, შემდეგ ავტობუსებით უახლოეს სასტუმროებში ბრუნდებიან და დარჩენილ დღეს ქლორირებულ, ანტისეპტიკებით გაძეძგილ საცურაო აუზებში ატარებენ. მთავრობა, რა თქმა უნდა, აცხადებს, რომ მთა არა მარტო ბრიტანეთის ქვეშევრდომებს, არამედ ადგილობრივ მცხოვრებლებსაც ეკუთვნით, მაგრამ ამჟამად ცხადი გახდა, რომ ეს ადგილი წმინდა აღარ არის, და იქ რელიგიური რიტუალების ჩატარება არ შეიძლება. დაახლოებით 175 წლის წინ ჩამოსულებმა ავსტრალიის უკიდეგანო ველებზე სატელეგრაფო ხაზების გაყვანა დაიწყეს. აბორიგენებმა სხვა ადგილი მოძებნეს ტომების შეხვედრებისთვის. იმ დროიდან მოყოლებული ხელოვნების ყველა საგანი, სკულპტურები, რელიქვიები, ყველაფერი დაიტაცეს. ზოგი მათგანი ავსტრალიის მუზეუმებში მოხვდა, მაგრამ უმეტესობა საზღვარგარეთ გაიტანეს. საფლავები გაძარცვეს, საკურთხევლები გააპარტახეს. მოსულები ვარაუდობდნენ, რომ აბორიგენები შეწყვეტდნენ თავისი ღმერთების თაყვანისცემას, თუ მათ წმინდა ადგილებს გაანადგურებდნენ. მათ აზრადაც არ მოსვლიათ, რომ აბორიგენები სხვა ადგილს იპოვიდნენ. და მაინც ტომთა ერთობამ მძიმე დარტყმა მიიღო, ერთობლივი შეხვედრები შეწყდა, და დროთა განმავლობაში აბორიგენი ხალხების სრული გათიშულობით დასრულდა. ზოგიერთებმა იბრძოლეს, დამარცხდნენ და დაიღუპნენ. უმეტესობა თეთრი ადამიანების სამყაროს შეერია იმ იმედით, რომ მათ სიკეთეებს მიიღებდნენ, მათ შორის საკვებს შეუზღუდავად; ისინი სიღარიბეში დაიხოცნენ - მონობის ამ ლეგალურ ფორმაში.
ავსტრალიის პირველი თეთრკანიანი მაცხოვრებლები პატიმრები იყვნენ, რომლებსაც ბორკილდადებულებს აგზავნიდნენ გემებით დიდი ბრიტანეთიდან, რადგან ბრიტანული ციხეები გადავსებული იყო. სამეფო კარისთვის ფასი არც იმ ჯარისკაცებს გააჩნდათ, რომლებიც კანონდამრღვევთა სადარაჯოზე იდგნენ. გასაკვირი არაა, რომ როდესაც პატიმარი სასჯელს მოიხდიდა და თავისუფლდებოდა, ჯიბეცარიელი და რეაბილიტაციის გარეშე, სასტიკი მმართველი ხდებოდა. ადამიანები, რომლებზეც იბატონებდა, მასზე დაბლა უნდა მდგარიყვნენ, და ეს როლი ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მოირგეს.
ოოოტამ გამიმხილა, რომ მისი ტომი აქ თორმეტი თაობის წინ მიიყვანეს: ეს წმინდა ადგილი ჩვენს ხალხს გადარჩენაში ეხმარებოდა იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც დედამიწაზე ყველგან იზრდებოდა ხეები, და მაშინაც, როდესაც დიდი წარღვნა მოხდა და მთელი დედამიწა დატბორა. ჩვენი ხალხი აქ გადარჩა. ეს ადგილი ვერც თვითმფრინავებმა აღმოაჩინეს და თეთრ ადამიანებს არ შეუძლიათ უდაბნოში გადარჩენა იმდენ ხანს, რომ ამ ადგილს მოაღწიონ. მხოლოდ ადამიანთა ვიწრო წრემ იცის ამ ადგილის შესახებ. თქვენმა ხალხმა ძველი რელიქვიები წაგვართვა. ის, რასაც მიწის ქვეშ ნახავ, უკანასკნელია, რაც დაგვრჩა. სხვა ავსტრალიურ ტომებს აღარ შემორჩათ მათ ისტორიასთან დაკავშირებული მატერიალური საგნები. ისინი გადაგვარებულებმა დაიტაცეს. სულ ესაა, რაც მთელი ერისგან, ჭეშმარიტი ადამიანების მთელი რასისგან, ღვთის პირველი ადამიანებისგან დარჩა - ისინი სხვაგან აღარსად არიან მთელ პლანეტაზე.
მკურნალი ქალი ხელმეორედ მომიახლოვდა. მან წითელი საღებავით სავსე ჭურჭელი მოიტანა. ფერები, რასაც ისინი იყენებენ, მათ შორის სხეულის ოთხ ელემენტს გამოსახავს: ძვლებს, ნერვებს, სისხლს და რბილ ქსოვილებს. მისი ჟესტი და აზრობრივი ბრძანება ნიშნავდა, რომ სახე წითელი საღებავით უნდა შემეღება. ასეც მოვიქეცი. შემდეგ ყველანი გამოვიდნენ და ყოველ მათგანს კიდევ ერთხელ ჩავხედე თვალებში და კვლავ დავპირდი, რომ არასოდეს არავის გავუმხელდი, სად მდებარეობს ეს მწინდა ადგილი.
ამის შემდეგ გამოქვაბულში შემიძღვნენ.