ქანცგაწყვეტილი
ჩვენს წინ მიწა ეროზიას დაეღარა. ათი ფუტის სიღრმის ხრამები გზას გვიღობავდნენ. მოულოდნელად ცა მოიღრუბლა. ჩვენს ზევით უზარმაზარი შავი ღრუბლები შეიყარა, და ჩვენ ცაში მიმდინარე მოვლენების მოწმე გავხდით. მეხი ჩვენგან სულ რამდენიმე ფუტის მოშორებით დაეცა. ელვას გამაყრუებელი გრუხუნი მოჰყვა. ცა ჭერს დაემსგავსა, რომელსაც პერიოდულად გაელვებები ანათებდა. ყველანი თავშესაფრის საძებნელად გაიქცნენ. თუმცა სხვადასხვა მიმართულებით გავიქეცით, თავშესაფარი ვერავინ იპოვა. ქვეყნის ამ ნაწილში გარემო ნაკლებად უდაბური იყო. აქ იყო ბუჩქნარი, რამდენიმე ჯუჯა ხე და მეჩხერი ბალახოვანი საფარი.
ვხედავდით მიწისკენ ირიბად წამოსულ თქეშს. შორიდან შემომესმა ხმა, რომელიც მოახლოებული მატარებლის გრუხუნს წააგავდა. ჩემს ფეხქვეშ მიწა ირყეოდა. ციდან უზარმაზარი წვეთები ცვიოდა. გაიელვა და იმდენად მძლავრად დაიგრგვინვა, რომ თმა ყალყზე დამიდგა. მაშინვე წელზე ქამარი მოვისინჯე. ქამარზე მეკიდა წყლიანი მათარა და მკურნალი ქალის მოცემული ბალახებით, ზეთებით და ფხვნილებით სავსე ვარანის ტყავისგან დამზადებული ჩანთა. მან დაწვრილებით ამიხსნა მათი წარმოშობა და დანიშნულება, და მე მივხვდი, რომ მკურნალობის მისეული მეთოდი შესასწავლად და ასათვისებლად იმდენივე დროს საჭიროებს, რამდენიც ჩვენს ამერიკულ ექვსწლიან სამედიცინო პროგრამებს სჭირდება მედიცინის დოქტორის, ქირურგის ან ოფთალმოლოგის დიპლომის მისაღებად. კვანძი მოვსინჯე, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ ის საიმედოდ იყო შეკრული.
მთელ ამ ხმაურში გავაცნობიერე, რომ მესმის კიდევ რაღაც ძალიან ძლიერი, რაღაც ახალი, აგრესიული ხმა, რომელიც ადრე არ გამეგო. ოოოტამ დამიყვირა: ხეს მოეჭიდე! მაგრად მოეჭიდე! ირგვლივ ხის ჭაჭანება არ იყო. გავიხედე და დავინახე რაღაც, რაც მიწაზე მოგორავდა. ეს რაღაც იყო მაღალი, შავი და ოცდაათი ფუტის სიგანის, და ძალზე სწრაფად მოძრაობდა! ის მანამდე დამატყდა თავს, სანამ გააზრებას მოვასწრებდი. მოთუხთუხე, მღვრიე, აქაფებული წყლის ნაკადმა თავფეხიანად დამფარა. მთელი ტანით ვტრიალებდი წყლის ნაკადში. ჰაერს ვეძებდი. ხელებით მოსაჭიდებელს ვეძებდი. ვერ გამეგო სად იყო ზევით და სად - ქვევით. მძიმე ტალახმა ყურები ამომივსო. ჩემი სხეული ტრიალებდა, სალტოებს აკეთებდა. რაღაც მაგარზე შეჯახებამ შემაჩერა. ბუჩქს დავეჯახე და შემოვეხვიე. კისერი წავიგრძელე და შევეცადე ჩამესუნთქა. ფილტვები მისკდებოდა უჰაერობისგან. ჰაერი უნდა ჩამესუნთქა. არჩევანი არ მქონდა. თავზარი დამეცა. მეჩვენებოდა, რომ უნდა დავნებებოდი ძალებს, რომელთა გაგებაც კი არ შემეძლო. დასახრჩობად განწირულმა უცებ წყლის ნაცვლად ჰაერი ჩავყლაპე. თვალების გაღება არ შემეძლო, სახე ტალახით მქონდა დაფარული. ვიგრძენი, როგორ ჩამეჭირა ბუჩქი გვერდში, როდესაც წყლის ძალამ გადამხარა. ისევე სწრაფად დამთავრდა ყველაფერი, როგორც დაიწყო. ტალღამ სწრაფად ჩაიარა, წყალი თანდათან კლებულობდა. კანზე წვიმის დიდი წვეთები ვიგრძენი. სახე წვიმას მივუშვირე, რათა თვალებიდან ტალახი ჩამომებანა. შევეცადე გავსწორებულიყავი და ვიგრძენი, რომ ქვევით დავცურდი. ბოლოს და ბოლოს თვალები გავახილე. მიმოვიხედე და დავინახე, რომ ჩემი ფეხები მიწიდან ხუთი ფუტით იყო დაშორებული. ხრამის ფერდის შუაში ვიყავი. თანდათან სხვებიც გამოჩნდნენ და მათი ხმები შემომესმა. ზემოთ ვერ ავედი, ამიტომ ქვევით ჩამოვხტი. მუხლებზე დავეცი, და ხრამის ფსკერს ბარბაცით გავუყევი. მალე მივხვდი, რომ ხმები საპირისპირო მხრიდან მესმოდა, ამიტომ შემოვბრუნდი.
მალე ისევ შევიკრიბეთ. სერიოზულად არავინ დაშავებულა. ჩვენი საძილე ტყავები დაიკარგა, ასევე ჩემი ქამარი ძვირფასი ტვირთით. წვიმის ქვეშ ვიდექით და ტანზე მიკრულ ტალახს დედამიწას ვუბრუნებდით. ერთი მეორეს მიყოლებით ადამიანები ტანსაცმელს იხდიდნენ, დედიშობილა იდგნენ და წვიმის წყლით ტალახს იცილებდნენ. მეც გავიხადე. თავსაკრავი ამ წყალქვეშა ბალეტში დამეკარგა, ამიტომ აბურდულ თმები თითებით გადავივარცხნე. როგორც ჩანს, ეს სასაცილოდ გამოიყურებოდა, რადგან დასახმარებლად მოვიდნენ. მიწაზე გაშლილ ტანსაცმელზე წვიმის წყალი დაგროვდა. მანიშნეს დავმჯდარიყავი, და როდესაც დავჯექი, წყალი თავზე დამასხეს და აბურდული თმების თითებით გასწორებას შეუდგნენ. როდესაც წვიმამ გადაიღო, ჩვენ კვლავ შევიმოსეთ.
ბოლოს გავშრით და შერჩენილი მტვერი ჩამოვიფერთხეთ. ცხელი ჰაერი თითქოს იწოვდა ტენს, და ჩემი კანი მოლბერტზე გადაჭიმულ ტილოს დაემსგავსა. ამ დროს მითხრეს, რომ ტომი ასეთ სიცხეში ტანსაცმელს არ ატარებს, მაგრამ რადგან თვლიდნენ, რომ ჩემთვის ეს ემოციურად ძალზე არაკომფორტული იქნებოდა, როგორც მასპინძლებმა, პატივისცემის ნიშნად ჩემი ჩვეულების დაცვა გადაწყვიტეს.
ამ ეპიზოდში ყველაზე გასაოცარი სტრესის ხანმოკლეობა იყო. ყველაფერი დავკარგეთ, მაგრამ ცოტა ხანში უკვე ვიცინოდით. უნდა ვაღიარო, რომ ამ მოულოდნელი შხაპის შემდეგ თავს უკეთ ვგრძნობდი და უკეთესად გამოვიყურებოდი. ამ ქარიშხალმა გამაცნობიერებინა სიცოცხლის დიდებულება და მისდამი სწრაფვა. სიკვდილთან შეხვედრამ ასევე გააცამტვერა ჩემი რწმენა, რომ სიხარულის ან მწუხარების მიზეზი შეიძლება გარეგანი საგნები თუ მოვლენები იყოს. ჩვენს სხეულებზე შერჩენილი ძონძების გარდა ფაქტობრივად ყველაფერი განადგურდა. ჩემთვის მოძღვნილი პატარ-პატარა საჩუქრები, ნივთები, რომელთა წაღებას შეერთებულ შტატებში შვილიშვილებისთვის ვაპირებდი, განადგურდა. არჩევანი ცხადი იყო - ან ბედზე ჩივილი, ან რეალობის მიღება. იყო კი სამართლიანი გაცვლა - ჩემი ერთადერთი მატერიალური საკუთრება მიჯაჭვულობის საწინააღმდეგო წამიერ გაკვეთილზე? მითხრეს, რომ სავარაუდოდ, მომცემდნენ უფლებას შემენახა სამახსოვრო ნივთები, რომლებიც დაიკარგა, მაგრამ ღვთაებრივი ერთიანობის ენერგიის თვალთახედვით მე, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ განვიცდიდი ძლიერ მიჯაჭვულობას და მათ გადამეტებულ მნიშვნელობას ვანიჭებდი. ვისწავლე კი თავად გამოცდილების დაფასება, და არა ნივთების?
იმ საღამოს მათ მიწაში პატარა ორმო ამოთხარეს. იქ კოცონი გააჩაღეს და ცეცხლში ქვები ჩააწყვეს, ისე რომ, მალე ისინი ძალიან გაცხელდნენ. როდესაც ცეცხლი ჩაქრა და მხოლოდ ქვები დარჩა, დაამატეს სველი ფიჩხი, შემდეგ მსხვილი ბოლქვები, და ბოლოს ხმელი ბალახი. ზემოდან ცოტაოდენი ქვიშა დააყარეს. მომზადებას ისე ველოდით, როგორც General Electric ღუმელში შეწვას ელოდებიან. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ საკვები ამოვთხარეთ და მადლიერებით შევჭამეთ ეს შესანიშნავი ვახშამი.
იმ ღამეს, დინგოს ტყავის ჩვეული კომფორტის გარეშე დაძინებისას, თავში სიმშვიდის შესახებ ცნობილმა ლოცვამ გამიელვა: „ღმერთო, მომეც სიმშვიდე, რათა მივიღო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია, სიმამაცე, რათა შევცვალო ის, რაც შემიძლია, და სიბრძნე, რათა ერთი მეორისგან გავარჩიო“.