კურნება
წვიმების სეზონი ახლოვდებოდა. იმ დღეს ცაზე გარკვეული ხნის განმავლობაში ღრუბელს ვხედავდით. იშვიათი და ღირებული სანახაობა იყო. ხანდახან მოზრდილ ჩრდილშიც გვიწევდა სიარული და თავს ჩექმის ძირის ქვეშ მოქცეული ჭიანჭველასავით ვგრძნობდით. ძალიან სასიამოვნო იყო ზრდასრულ ადამიანებს შორის ყოფნა, რომლებსაც ბავშვური უშუალობის და სილაღის მნიშვნელოვანი გრძნობა არ დაუკარგავთ. ისინი ჩრდილიდან მზეზე გამორბოდნენ და ღრუბელს დასცინოდნენ გამოჯავრებით, რომ ქარს ნელი ფეხები აქვს. შემდეგ ჩრდილში ბრუნდებოდნენ და მეუბნებოდნენ, გრილი ჰაერის სახით რა დიდებული საჩუქარი მიართვა ადამიანებს ღვთაებრივმა ერთიანობამ. ეს იყო მსუბუქი და მხიარული დღე. თუმცა ნაშუადღევს ტრაგედია დატრიალდა, ან, სულ მცირე, მოხდა ის, რაც იმ მომენტში ტრაგედიად მომეჩვენა.
ჩვენს შორის იყო ოცდაათიოდე წლის ახალგაზრდა კაცი, სახელად ქვებზე დიდი მონადირე. მისი ნიჭი ძვირფასი ქვების პოვნის უნარი იყო. „დიდი“ მას არც თუ დიდი ხნის წინ უწოდეს, რადგან წლებთან ერთად მან საოცრად დიდი ოპალების და კომერციული კომპანიებისგან მიტოვებულ საბადოებში თვითნაბადი ოქროს პოვნის უნარი განივითარა. ჭეშმარიტი ადამიანები თავიდან ძვირფას მეტალებს არასაჭიროდ მიიჩნევდნენ. მათი ჭამა არ შეეძლოთ, ხოლო ქვეყანაში, სადაც ბაზარი არაა, საკვებს ოქროთი ვერ იყიდი. მათ მხოლოდ სილამაზისა და იმ სარგებლისთვის აფასებდნენ, რომლის მოტანაც შეეძლოთ. თუმცა დროთა განმავლობაში აბორიგენებმა აღმოაჩინეს, რომ თეთრი ადამიანები მათ ძალიან აფასებენ. ეს კიდევ უფრო უცნაურად ეჩვენათ, ვიდრე თეთრების წარმოდგენა იმის შესახებ, რომ მიწის ფლობა და გაყიდვა შეიძლება. ძვირფასი ქვები აფინანსებს ტომის წარმომადგენელს, რომელიც პერიოდულად ამბების მოსატანად ქალაქში მიდის. მაგრამ ქვებზე დიდი მონადირე არასდროს გაეკარება სიახლოვესაც კი არცერთ კომერციულ დაწესებულებას მისი ერის სამწუხარო ბედის გამო, რომელიც იძულებულია საბადოებზე იმუშაოს. აბორიგენები მაღაროში ორშაბათს ჩადიან და მთელი კვირა იქ რჩებიან. ხუთიდან ოთხი იღუპება. მათ, როგორც წესი, რაიმე დანაშაულს აბრალებენ და სასჯელის სახით იქ მუშაობას აიძულებენ. გამომუშავების ნორმებია დადგენილი, რომელთა შესრულება ვალდებულებას წარმოადგენს, ამიტომ ხშირად პატიმრის ცოლს და შვილებს მასთან ერთად ამუშავებდნენ. სამს უკვე შეუძლია ერთის ნორმის შესრულება. ნებისმიერი განაჩენის ვადის გახანგრძლივებისთვის მიზეზის პოვნა სირთულეს არ წარმოადგენს. გაქცევა არ ხდებოდა. რა თქმა უნდა, ადამიანური სულის და სხეულის მთელი ეს დეგრადაცია სრულიად კანონიერ საფუძველზე ხდება.
სწორედ იმ დღეს ქვებზე დიდი მონადირე ნაპირს მიუყვებოდა, როდესაც მოულოდნელად ნიადაგი ფეხქვეშ გამოეცალა და ახალგაზრდა კლდიდან ოცი ფუტით ქვემოთ კლდოვან ზედაპირზე დაეცა. რელიეფი, რომელზეც მივდიოდით, დიდი, ბუნებრივად გაპრიალებული გრანიტის ფილებისგან, კლდოვანი ქანებისგან და ხრეშისგან შედგებოდა.
იმ დროისთვის ტერფებზე უზარმაზარი კოჟრები გამიჩნდა, რომლებიც ჩემი თანამგზავრების ჩლიქისმაგვარ წანაზარდებს წააგავდა, მაგრამ წვეტიან ქვებზე სასიარულოდ გარქოვანებული ქსოვილის ეს ფენაც კი არ იყო საკმარისი. ჩემს ფეხებზე ვფიქრობდი და ჩემს სახლში სალაშქრო და სარბენი ფეხსაცმელების ჩათვლით ნაირ-ნაირი ფეხსაცმელებით სავსე კარადას ვიხსენებდი. ამ დროს ვარდნისას ჰაერში მოტრიალე ქვებზე დიდი მონადირის ყვირილი შემომესმა. ყველანი კიდეს მივაწყდით. ის უგონოდ ეგდო სისხლის გუბეში. რამდენიმე ადამიანი ხეობაში დაეშვა და, ხელიდან ხელში გადაცემით, მყისიერად ზევით ამოიყვანეს. ვეჭვობ, უფრო სწრაფად თავადაც კი ვერ ამოფრინდებოდა. მისი სხეულის ქვეშ მათი ხელები კონვეირის მუხლუხოს მსგავსად მოძრაობდა.
როდესაც ის გაპრიალებულ გრანიტის ფილაზე დააწვინეს, ჭრილობის დათვალიერება შევძელით. ძალზე რთული მოტეხილობა აღმოჩნდა მუხლსა და ტერფს შორის. ძვალი შოკოლადისფერი კანიდან ორი დიუმით იყო ამოჩრილი და მახინჯ ეშვს წააგავდა. მათ უმალ მოხსნეს თავიდან სახვევი და მოტეხილობის ზემოთ ფეხზე შემოახვიეს. ექიმი და მკურნალი ქალი დაჭრილს აქეთ-იქიდან ედგნენ. ტომის დანარჩენი წევრები დაბანაკებას შეუდგნენ.
წინ მივიწევდი, სანამ დაჭრილის გვერდით არ აღმოვჩნდი. - შეიძლება ვნახო? - ვიკითხე.
ექიმი ხელებს მსუბუქად ამოძრავებდა მოტეხილი ფეხის ზემოთ: ჯერ ფეხის პარალელურად, შემდეგ კი ერთ ხელს ზემოდან ქვემოთ, მეორეს კი მის შემხვედრად. მკურნალმა ქალმა გაიღიმა და ოოტას რაღაც უთხრა. მან მითარგმნა: - ეს შენთვისაა. ჩვენ გვითხრეს, რომ შენ შენი ხალხის დაავადებათა განკურნების უნარი გაქვს. - მგონი ასეა, - ვუპასუხე.
არასდროს მომწონდა აზრი, რომ განკურნება ექიმების ან მათი მეთოდების დამსახურებაა, რადგან მრავალი წლის წინ მივხვდი (როდესაც თავად შევეჯახე პოლიომიელიტის გამო შექმნილ ჯანმრთელობის პრობლემებს), რომ განკურნება ერთადერთი წყაროდან მოედინება. ექიმებს შეუძლიათ ორგანიზმს უცხო სხეულების მოცილებაში დაეხმარონ, მასში ქიმიური ნივთიერებები შეიყვანონ, ძვლები ჩაასწორონ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ორგანიზმი ნორმას დაუბრუნდება. სინამდვილეში დარწმუნებული ვარ, რომ არასდროს და არსად არც ერთ ქვეყანაში ისტორიის არც ერთ პერიოდში არ ყოფილა ექიმი, რომელსაც რაიმე მაინც მოერჩინოს. მკურნალი - თავად ჩვენშია. ექიმები - უკეთეს შემთხვევაში ის ხალხია, რომლებმაც საკუთარი მოწოდება გააცნობიერეს, უნარები განავითარეს და საზოგადოების მსახურების პატივი ერგოთ, და აკეთებენ იმას, რაც უყვართ და რაც ყველაზე უკეთ გამოსდით. მაგრამ ახლა ხანგრძლივი დისკუსიის დრო არ იყო. ოოტას სიტყვებზე დათანხმება მომიწია და ამით აბორიგენების წინაშე ვაღიარე, რომ ჩემს საზოგადოებაში მკურნალად მთვლიდნენ.
მათ ამიხსნეს, რომ ხელების ზემოთ-ქვემოთ მოძრაობა დაზიანებული მონაკვეთის ზემოთ შეხების გარეშე - არის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ჯანმრთელი ფეხის ჩვეული ფორმა აღდგება. ასეთი თერაპია ყოველგვარ შეშუპებას ხსნის მკურნალობის პერიოდში. ექიმი ძვალს აიძულებს გაიხსენოს თავისი ჩვეული ჯანმრთელი მდგომარეობა. ამგვარად, ძვლის შუაზე გადატეხის დროს და ოცდაათ წელზე მეტი ხანი რომ გაატარა, იმ მდგომარეობის დაკარგვის გამო წარმოქმნილი ტკივილის შოკიც იხსნებოდა. ისინი ძვალს „ელაპარაკებოდნენ“.
შემდეგ ამ დრამის სამმა მთავარმა მონაწილემ - ექიმმა ავადმყოფის ფეხებთან, მკურნალმა ქალმა გვერდით და მიწაზე მწოლიარე პაციენტმა ლაპარაკი დაიწყეს, თითქოს ლოცულობდნენ. ექიმმა ხელები ტერფზე დაადო. ის ფეხს არ ეხებოდა და არც ექაჩებოდა. მკურნალი ქალი იგივეს აკეთებდა მუხლის ირგვლივ. ამასთან ისინი თითქოს ღიღინებდნენ, ორივე თავისებურად. რომელიღაც მომენტში მათ უნისონში აიღეს მაღალი ბგერა და რაღაც წამოიყვირეს. როგორც ჩანს, ისინი როგორღაც ქსოვილების დაჭიმვას იწვევდნენ, მაგრამ არ შემიმჩნევია, რომ ფეხი მოექაჩათ. ძვალი უბრალოდ უკან შებრუნდა ჭრილობაში, საიდანაც იყო გამოჩრილი. ექიმმა დაფლეთილი კანი გაასწორა და მკურნალ ქალს ანიშნა, რომელიც უცნაური გრძელი მილის მოხსნას შეუდგა, რომელიც მუდამ თან ჰქონდა.
რამდენიმე კვირით ადრე მკურნალ ქალს ვკითხე, როგორ იქცევიან ქალები მენსტრუაციის პერიოდში, და მან ბალახებისგან, ჩალისგან და ჩიტის წვრილი ბუმბულისგან დამზადებული საფენები მაჩვენა. შემდეგ ყურადღება მივაქციე ქალებს, რომლებიც ჯგუფისგან მოშორებით გადიოდნენ უდაბნოში. ისინი დასველებულ საფენს ისევე კატასავით ფლავდნენ, როგორც ყოველდღიურად თავიანთ ექსკრემენტებს. მაგრამ რამდენჯერმე თვალი მოვკარი, რომ უდაბნოდან დაბრუნებულმა ქალმა მკურნალ ქალს რაღაც გადასცა. ის თავის მხრივ თავის გრძელ მილს ხსნიდა თავს. შევამჩნიე, რომ ეს რაღაც იმავე ფოთლებში იყო შეხვეული, რითიც ჩემს დაწყლულებულ ფეხებს და მზით გამოწვეულ დამწვრობას მკურნალობდნენ. მკურნალი ქალი იდუმალ შეკვრას მილში ინახავდა. რამდენჯერმე, როდესაც მის სიახლოვეს ვიყავი, ძალზე ცუდი სუნი ვიგრძენი. ბოლოს და ბოლოს აღმოვაჩინე, რომ ეს იდუმალი ნივთები სხვა არაფერია, თუ არა მენსტრუალური სისხლის დიდი კოლტები.
იმ დღეს მკურნალმა ქალმა მილი არა ზემოდან, არამედ ქვემოდან გახსნა. უსიამოვნო სუნი არ დადგა. საერთოდ არანაირი სუნი არ იყო. მან მილს ხელი მოუჭირა და შავი ფისისებური მასა გამოდევნა, ძალზე სქელი და მბზინავი. მკურნალმა ქალმა ეს მასა ჭრილობის მთელ ზედაპირზე წაუსვა და ამგვარად ჭრილობის უსწორმასწორო ნაპირები ფაქტიურად ადგილზე მიაწება. ამ პროცედურას არც ბინტი დასჭირდა, არც ყავარჯენი და არც ნაკერის დადება.
ტრავმას მალე გაუმკლავდნენ, და სატრაპეზოდ მზადებას შევუდექით. საღამოს განმავლობაში ადამიანები რიგრიგობით იდებდნენ ქვებზე დიდი მონადირის თავს კალთაში, რათა მას უკეთესად დაენახა მისი მოსასვენებელი ადგილიდან. ჩემი მორიგეობის რიგიც დადგა. ერთი სული მქონდა მის შუბლს შევხებოდი, რათა გამერკვია, ჰქონდა თუ არა სიცხე. მსურდა იმ ადამიანის გვერდით ვყოფილიყავი, რომელიც, როგორც ჩანს, დათანხმდა ჩემთვის ტრავმისგან განკურნების მაგალითი გამხდარიყო. როდესაც მისი თავი მუხლებზე დავიდე, მან შემომხედა და თვალი ჩამიკრა.
მომდევნო დილას ქვებზე დიდი მონადირე ადგა და სხვებთან ერთად გააგრძელა გზა. ის საერთოდ არ კოჭლობდა. გუშინდელმა რიტუალმა ძვალზე მიყენებული სტრესი და შესიება მოხსნა. ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც იყო ჩაფიქრებული. რამდენიმე დღე მის ფეხს ვაკვირდებოდი და შევამჩნიე, რომ შავი მალამო გახმა და ჩამოფრცქვა დაიწყო. ხუთი დღის შემდეგ მხოლოდ მცირე ზომის ნაწიბურები დარჩა იმ ადგილას, საიდანაც ძვალი იყო გამოსული. ახალგაზრდა კაცი დაახლოებით ასორმოცდახუთ ფუნტს იწონიდა. როგორ იდგა დახმარების გარეშე, სრულიად გადატეხილ ძვალს დაყრდნობილი, და რატომ არ გამოდიოდა ძვალი ისევ გარეთ - უბრალოდ სასწაულია. ვიცოდი, რომ ტომი მთლიანობაში შესაშური ჯანმრთელობით გამოირჩეოდა, მაგრამ ისინი, როგორც ჩანს, ორგანიზმის კრიზისულ მდგომარეობასთან გამკლავების განსაკუთრებულ ცოდნასაც ფლობდნენ.
მკურნალობის ასეთი ნიჭის მქონე ამ ადამიანებს არასდროს შეუსწავლიათ ბიოქიმია ან პათანატომია, მაგრამ ისინი ცხოვრების ჯანსაღი წესისადმი გულმართლები, მიზანსწრაფულები და ერთგულები იყვნენ. - ხვდები, რამდენ ხანს გრძელდება მარადისობა? - მკითხა მკურნალმა ქალმა. - დიახ, - ვუპასუხე. - მესმის. - დარწმუნებული ხარ? - დიახ, მესმის, - გავიმეორე. - მაშინ შეგვიძლია კიდევ რაღაც გითხრათ. ყველა ადამიანი - ამ სამყაროში სტუმრად მოსული სულია. ყველა სული - მარადიული არსებაა. სხვა ადამიანებთან ყველა შეხვედრა - გამოცდილებაა, და ყველა გამოცდილება - სამუდამო კავშირია. ჭეშმარიტი ადამიანები ყოველი გამოცდილებისას წრეს კრავენ. ჩვენ ურთიერთობებს დაუსრულებელს არ ვტოვებთ, როგორც ამას დამახინჯებულები აკეთებენ. თუ სხვა ადამიანს გულში სხვა გრძნობებით ტოვებ, შენ არ ასრულებ წრეს, და მომავალში პრობლემა კვლავ დაგიბრუნდება. შენ დაიტანჯები კიდევ და კიდევ, სანამ არ ისწავლი. უნდა დააკვირდე, ისწავლო და დაბრძენდე, გამოცდილება შეიძინო. მადლობაც უნდა გადაიხადო, როგორც თქვენ ამბობთ, დალოცო და მშვიდობით წახვიდე.
არ ვიცი, რამდენად სწრაფად შეუხორცდა ფეხი იმ ადამიანს. რენტგენი არც მანამდე და არ შემდეგ გაუკეთებიათ, და არც ის იყო ზეადამიანი, მაგრამ ჩემთვის ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა. მამაკაცს არც ტკივილი აწუხებდა და არც გართულებები; მასთან და სხვა ადამიანებთან დაკავშირებული გამოცდილება დასრულდა, და მშვიდობით გავუდექით გზას, და, ვიმედოვნებ, ცოტათი მაინც დავბრძენდით. წრე შეიკრა. და მოცემულ პრობლემას უკვე აღარ ეთმობოდა არც ენერგია, არც დრო და არც ყურადღება.
ოოტამ თქვა, რომ ეს შემთხვევა მათ არ გამოუწვევიათ. მათ უბრალოდ იკითხეს, მოემსახურება თუ არა ყველა ცოცხალის უმაღლეს სიკეთეს, თუ ისინი ასეთ გამოცდას გაივლიან, საიდანაც მე მკურნალობის შესახებ შევიტყობ მათზე უშუალო დაკვირვებით. მათ არ იცოდნენ, საიდან ან ვისთან მოვიდოდა ამ გამოცდის გამოწვევა, მაგრამ მზად იყვნენ ჩემთვის მსგავსი გამოცდილების შეძენის შესაძლებლობა მოეცათ. როდესაც ეს ყველაფერი მოხდა, მათ კვლავ გამოხატეს მადლიერება იმისთვის, რომ დამახინჯებული უცხოელისთვის ამ ძღვენის გაზიარების ნება დართეს.
ჩემი მხრივ მეც მადლიერი ვიყავი, რომ ამ ეგრეთ წოდებულ არაცივილიზებული ინდივიდების იდუმალ ცოდნასთან დამიშვეს. მათი მკურნალობის ტექნიკის შესახებ მეტის გაგება მსურდა, მაგრამ ზედმეტი გამოცდების, რაც შეიძლება მათ შემთხვეოდათ, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება არ მინდოდა. ჩემთვის ნათელი იყო, რომ უდაბნოში ცხოვრება უკვე თავისთავად გამოცდაა.
უნდა გამეცნობიერებინა, რომ აბორიგენები ჩემს აზრებს კითხულობდნენ და იცოდნენ, კონკრეტულად რას ვთხოვდი ჯერ კიდევ მანამ, სანამ პირს გავაღებდი. იმ ღამეს დაწვრილებით განვიხილავდით ფიზიკურ სხეულსა და ჩვენი ყოფიერების მარადიულ შემადგენელს შორის კავშირს, ასევე ახალ თემას, რომელსაც ადრე არ შევხებივართ, - ჯანმრთელობის და კეთილდღეობის შენარჩუნებაში გრძნობების და ემოციების როლს.
მათ სწამთ, რომ ადამიანი ნამდვილად იმახსოვრებს თავის ემოციურ შეგრძნებებს, რომლებიც მისი სხეულის ყოველ უჯრედში, მისი პიროვნების გულისგულში, მის გონებაში, მის მარადიულ არსებაში იწერება. ზოგიერთი რელიგია მშიერთა დაპურების და მწყურვალთა დარწყულების აუცილებლობაზე გვესაუბრება, ეს ტომი კი ამტკიცებს, რომ საჭმელ-სასმელი ოდითგანვე მოცემულია და არ აქვს მნიშვნელობა, ვის ერგება. გრძნობა, რომელსაც განიცდი, როდესაც მთელი გულით და სიყვარულით გასცემ იმას, რაც გაქვს, შეიძლება გაცნობიერდეს ან არ გაცნობიერდეს. მომაკვდავი მცენარის მორწყვა ან ცხოველის დარწყულება ან მოყვასის გამხნევება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე მშიერ-მწყურვალის დაპურება, და ასევე გვეხმარება ცხოვრების და ჩვენი შემოქმედის შეცნობაში. შენ ტოვებ არსებობის ამ დონეს რაღაც, ასე ვთქვათ, უწყისით, სადაც დაფიქსირებულია ყოველ ჯერზე, როგორი დამოკიდებულება გქონდა საკუთარ ემოციებთან. უხილავი უსხეულო გრძნობები, რომლებიც ჩვენს მარადიულ „მე“-ს ავსებენ, საშუალებას გვაძლევს კარგი და ცუდი გავარჩიოთ. მოქმედება - მხოლოდ არხია, რომლის მეშვეობითაც გამოიხატება და გამოიცდება გრძნობები და განზრახვები.
ძვლის გასწორებისას, ორი პიველყოფილი ექიმი სხეულს სრულყოფილებაზე უგზავნიდა აზრს. ის, რაც მათი ხელით აღესრულა, მათ აზრებში და გულებშიც ხდებოდა. პაციენტი ღია და მზად იყო ჯანმრთელობის მისაღებად. მას სრული და დაუყოვნებელი გამოჯანმრთელების სწამდა. გამაოგნა იმ ფაქტმა, რომ მოვლენა, რომელიც სასწაულად მომეჩვენა, ცხადი იყო, რომ ტომის წევრების წარმოდგენაში ნორმას წარმოადგენდა. დავფიქრდი, რამდენი ტანჯვაა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავადმყოფობის თუ ტრავმების გამო, რაც ემოციური დაპროგრამების შედეგად ხდება, რა თქმა უნდა, არა ცნობიერ დონეზე, არამედ რაღაც სხვა, ჩვენთვის უცნობ დონეზე.
რა მოხდება შეერთებულ შტატებში, თუ ექიმები ისევე მგზნებარედ ირწმუნებენ ადამიანის ორგანიზმის განკურნების უნარს, როგორი ძალითაც წამლების სჯერავთ? სულ უფრო მეტად ვაცნობიერებდი ექიმსა და პაციენტს შორის კავშირის მნიშვნელობას. თუ ექიმს არ სჯერავს, რომ ავადმყოფი შეიძლება მომჯობინდეს, უკვე თავად ეს დაურწმუნებლობა შეუშლის ხელს გამოჯანმრთელებას. უკვე დიდი ხანია მივხვდი: როდესაც ექიმი პაციენტს მკურნალობის უშედეგობაზე ესაუბრება, ეს სინამდვილეში ნიშნავს, რომ ექიმს, მისი განათლებით და მომზადებით, არ აქვს ინფორმაცია, რომელიც შეიძლება დაავადების განკურნებისთვის გამოიყენოს. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ გამოჯანმრთელება მართლაც არ შეიძლება. თუ ვინმე სხვა გაუმკლავდა იგივე დაავადებას, მაშინ მოცემული ადამიანური სხეულიც, სრულიად ცხადია, ფლობს განკურნების უნარს. ექიმთან და მკურნალ ქალთან ხანგრძლივ საუბრებში აღმოვაჩინე ახალი, სრულიად წარმოუდგენელი შეხედულება ჯანმრთელობასა და ავადმყოფობაზე. - განკურნებას დროსთან არაფერი აქვს საერთო, - მეუბნებოდნენ ისინი. - განკურნებაც და დაავადებაც მყისიერად ხდება.
ჩემს გაგებაში ამით იგულისხმებოდა, რომ დასაბამიდან უჯრედულ დონეზე სხეული არის მთლიანი, სწორი, ჯანმრთელი, შემდეგ კი რომელიღაც უჯრედის რომელიღაც ნაწილში მყისიერად რაღაც ირღვევა ან ანომალია იჩენს თავს. დაავადების სიმპტომების გამოვლენას და დიაგნოზის დასმას შეიძლება თვეები ან წლები დასჭირდეს. გამოჯანმრთელება კი უკუპროცესია. თქვენ ავად ხართ და თქვენი ჯანმრთელობა უარესდება, შემდეგ კი იმის მიხედვით, თუ როგორ საზოგადოებაში ცხოვრობთ, თქვენს მკურნალობას იწყებენ ამა თუ იმ მეთოდით. თქვენი სხეული მყისიერად წყვეტს რღვევას და პირველ ნაბიჯს დგამს გამოჯანმრთელებისკენ. ჭეშმარიტი ადამიანების ტომს სწამს, რომ ჩვენ სულაც არ ვართ ცუდი ჯანმრთელობის შემთხვევითი მსხვერპლი, რომ ფიზიკური სხეული ერთადერთი საშუალებაა, რომლითაც ჩვენი უმაღლესი დონის მარადიული ცნობიერება ჩვენს პირად ცნობიერებას უკავშირდება. სხეულებრივი ავადმყოფობა საშუალებას გვაძლევს ირგვლივ მიმოვიხედოთ და ნამდვილად მნიშვნელოვანი ჭრილობები გავაცნობიეროთ, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს: დანგრეული ურთიერთობები, ღირებულებათა სისტემაში ჩავარდნები, უამრავი შიში, შემოქმედისადმი რწმენის დაკარგვა, ძველი წყენები და ა.შ.
ვფიქრობდი ამერიკელ ექიმებზე, რომლებიც სიმსივნით დაავადებულების მკურნალობაში პოზიტიური აზრობრივი სურათ-ხატების გამოყენებაზე ახლა მუშაობენ. ბევრი მათგანი არც თუ ისე პოპულარულია კოლეგებს შორის. ის, რასაც ისინი იკვლევენ, სიახლეა. აქ კი ცოცხალ მაგალითს წარმოადგენდა დედამიწის ერთ-ერთი უძველესი ხალხი, მკურნალობის დროში დამტკიცებული მნიშვნელობის მათეული მეთოდებით, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ჩვენ კი, ეგრეთ წოდებული ცივილიზებული ერები, არ ვიყენებთ დადებითი აზრების გადაცემას, რადგან ეს მხოლოდ უცნაურობად მიგვაჩნია, და ფრთხილად ვეთანხმებით, რომ აჯობებს ცოტა მოვიცადოთ და შევხედოთ, როგორ იმუშავებს ეს ზოგიერთ ცალკეულ შემთხვევაში. როდესაც სასიკვდილოდ დაავადებული დამახინჯებული, რომელზეც მკურნალობის ყოველგვარი მეთოდი გამოსცადეს, სიკვდილის პირას მიდის, ექიმი ჩვეულებრივ ეუბნება ახლობლებს, რომ ყველაფერი გააკეთა, რაც მის ძალებში იყო. მართლაც, რამდენჯერ მსმენია ფრაზა „ვწუხვარ, მეტს ვერაფერს ვიზამთ. ახლა ყველაფერი უფლის ხელთაა“. უცნაურია, რამდენად მოძველებულად მეჩვენება ახლა ეს ფორმულირება.
არ მჯერა, რომ ჭეშმარიტი ადამიანები დაავადებების და ტრავმების მკურნალობის ზებუნებრივ უნარებს და ცოდნას ფლობენ. გულწრფელად მწამს, რომ ყველა მათი მოქმედების მეცნიერულად ახსნა შეიძლება. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ მანქანები ზოგიერთი მეთოდიკის პრაქტიკაში დასანერგად, ჭეშმარიტი ადამიანები კი იმის დადასტურებაა, რომ ამის გაკეთება ელექტროსადენების გამოყენების გარეშეც შეიძლება.
კაცობრიობა წრეზე დადის, იბრძვის, ავსტრალიის კონტინენტზე კი ჯანმრთელობის აღდგენის ყველაზე დახვეწილი მეთოდები გამოიყენება სულ რამდენიმე ათასი მილის დაშორებით იმ ადგილებიდან, სადაც უძველესი პრაქტიკებით ადამიანების სიცოცხლეს უხსოვარი დროიდან შველოდნენ. შესაძლოა, ოდესმე ორივე სისტემა გაერთიანდეს და ცოდნის წრე შეიკრას.
ეს დღე საყოველთაო დღესასწაულად იქცევა!